ლიტერატურასაკითხავი

მანანა დუმბაძე – “კორიდა, რომელზეც მე და მამა არასდროს ვყოფილვართ”

ესპანეთის ალკალას სერვანტესის სახელობის უნივერსიტეტში, დილის 10 საათზე, პროფესორი მიგელ სანტოსი და ქეთი გიორგაძე დაგვხვდნენ. ქეთი ჩვენი მასპინძელი და მთარგმნელია, მიგელი საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, დაბალ წვერიანი და ხმელთაშუა ზღვისფერი ლურჯ-მწვანეთვალება ესპანელი სენიორი – საქართველოს მეგობარი და დიდი გულშემატკივარი. ქეთი მიგელს რაღაცას ეჩურჩულება და ჩემკენ ახედებს. მიგელი მიღიმის, მიახლოვდება და ხელს მართმევს.
– მიგელი მეუბნება, ამ ქალმა უნდა ამიხსნას, როგორ დაწერა მამამისმა „კორიდა“ ისე, რომ კორიდა თვალითაც არ უნახავსო? – მიღიმის ქეთი
– ვა… წაკითხული აქვს? რა საინტერესოა, რა თქმა უნდა, ვუამბობ – მიხარია მე.
ქეთიმ უთარგმნა მიგელს ჩემი ნათქვამი.

სერვანტესის უნივერსიტეტის ექსკურსია-მძღოლიც გამოჩნდა. ყველამ მის გარშემო მოვიყარეთ თავი. ყველაში საქართველოს მწერალთა კავშირის და თბილისის მერიის დელეგაციას (ჩემი ჩათვლით) და ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ სამ ახალგაზრდა მწერალს ვგულისხმობ. ჩვენი ინგლისურენოვანი გიდი უნივერსიტეტის ისტორიას ისეთი ესპანური აქცენტით გვიყვება, რომ ვერაფერს ვიგებ, ხოლო რასაც ვუყურებ, ყველაფერს აღფრთოვანებაში მოვყავარ. ის, რომ გიდის ნაამბობი ფაქტობრივად არ მესმის, მთლად მისი ბრალიც არაა, რადგან ტვინში სულ მიგელის კითხვა მიტრიალებს, როგორ დაწერა მამამისმა „კორიდა“ ისე, რომ კორიდა თვალით არ უნახავსო, და ამიტომ სხვა რამეებზე კონცენტრირება მიჭირს.

ნელ-ნელა ვიხსენებ მოთხრობის სიუჟეტს, მაგრამ ნათელი სურათი არ მოდის. რაც უფრო ვძაბავ მეხსიერებას, მით უფრო სქელ ნისლში ეხვევა ამბავი. გავწამდი, „კორიდიდან“ მხოლოდ ეს პასაჟი მახსოვს თითქმის სიტყვა-სიტყვით, მაგრამ რას უკავშირდება ვერ ვიხსენებ: „ჩემი ბავშვობის ტკბილი ზმანება, ჩემი ოცნების ესპანეთი, თავისი ბასკებით, ანდალუზიის ღამეებით, თავისი კარმენსიტებითდა დონხოზეებით, კასტანეტებითა და ალეგროებით, მცხუნვარე მზით, დონ-კიხოტითა და სანჩოპანსათი, ბანდერა როსათი, გარსია ლორკათი და ქვეყნიერების მამით, სერვანტესით“.
მაინც რა მომენტში ამოუტივტივდა მამას თავისი ბავშვობის ეს ტკბილი ზმანება? მოთხრობა ხომ ზოგადად ადამიანისა და ხარის, სიცოცხლისა და სიკვდილის, ადამიანისა და ბუნების მარადიულ ჭიდილზე უფროა, ვიდრე თავად კორიდაზე, თუმცა კორიდის ჩანახატებიც საკმაოდ ბევრია მოთხრობაში. როგორ ავუხსნა ესპანელ პროფესორს, რომ ხარებთან ბრძოლის სისხლიანი არენის ქარიშხლით მოტანილმა ვნებებმა, ქართველი მწერლის (რომელსაც „კორიდა თვალით არ უნახავს“) ტვინში დალექილ ყველზე ღრმა შეგრძნებებში ვულკანივით ამოხეთქა. ეს რომ სრულფასოვნად ავუხსნა ადამიანს, რომლის სამშობლოშიც კორიდა სულ ცოტა ეროვნული ძეგლი და საუკუნოვანი, გაუხუნარი ტრადიცია, მოთხრობის თავიდან წაკითხვა მაინცაა საჭირო.
ქეთი მარტივად მიხსნის: „აქ კორიდას ფეხბურთზე მეტ პატივს სცემენ!“. ამას წინათ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკში“ კი ასეთი რამ ამოვიკითხე:

„ერნესტ ჰემინგუეი: „ხარებთან ბრძოლა ერთადერთი ხელოვნებაა, სადაც ხელოვანი სიკვდილს თვალებში უყურებს.“ ახლა „სიკვდილის“ პირას თავად კორიდაა. 2007 წლიდან, დღემდე ესპანეთში გამართულ კორიდების რაოდენობა 57%-ით შემცირდა. ავტონომიურ რეგიონებში ნაციონალიტები მას წმინდა ესპანურ მოვლენად მიიჩნევენ და თავს არიდებენ. ცხოველთა უფლებების დამცველები სასტიკ სანახაობას ეძახიან. სინამდვილეში კი, კორიდის აკრძალვის მიზეზი ესპანეთის ეკონომიკური კრიზისია. 2013 წელს 590 ათასმა ესპანელმა ხელი მოაწერა პეტიციას და მთავრობამ ხარებთან ბრძოლას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ესპანელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად კორიდაც დაბრუნდება“.
პირველად 2010 წელს მოვხვდი ესპანეთში. ბარსელონადან მადრიდში მატარებლით მგზავრობის დროს ვირუსი შემეყარა და ისე მომცელა, ფეხზე ძლივს ვიდექი. ღამე სიცხემ ამიწია. ყველა საჭირო და არასაჭირო წამალი ერთად დავლიე და დილისთვის სიცხე დავიგდე, მაგრამ სისუსტისგან ცივ ოფლში ვცურავდი. დრო აღარ მქონდა, გამოჯანმრთელებას ვერ დაველოდებოდი, კიდევ ერთი ნიმესილი დავლიე და ბიძაშვილთან ერთად ფეხით დავადექი კორიდისკენ მიმავალ ქუჩას. გრძელი გზა აღმოჩნდა გასავლელი. ვიცოდი, რომ კორიდის ბილეთი ძვირი ღირდა და ტაქსის აყვანა ვერ გავბედე, თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ გზაზე მადრიდის ულამაზეს სახლებს და აივნებს ვათვალიერებდი. ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ იმ დღეს ცოცხალი თუ მკვდარი კორიდაზე მაინც მოვხვდებოდი. გამოვცოცხლდი, ოფლიც შემაშრა და ძალაც მომემატა, ნიმესილი ამოქმედდა თუ დასახული მიზანი – ვერ გეტყვით, მაგრამ სრულიად ჯანმრთელი რომ მივფრინავდი ჩემი ცხოვრების ოცნებისაკენ, ფაქტია. ჩემი ბიძაშვილი რუსიკო ფეხს ვერ მიწყობდა, წუწუნ-წუწუნით მომსევდა უკან და აკი ნახევარი საათის წინ სული გხდებოდაო, ბურტყუნებდა. არც ვამტყუნებ, ფეხით დაახლოებით ვაკე-ნახალოვკა მანძილი გავატარე.
ვიღაც კაცი გავაჩერე და ვკითხე: „კორიდა?“. იმან ხელი გაიშვირა და წითელი, მრგვალი ცირკის მაგვარი ნაგებობისკენ გაიშვირა ხელი. შენობის წინ ხარების ბრძოლის ამსახველი სპილენძის ორი დიდი ქანდაკება დგას. ერთი ტორეროს ტრიუმფს ასახავს, მეორე – ხარისას. ქანდაკებების გარშემო და მათ შორის ორი ყმაწვილი ველოსიპედით დასეირნობს. ერთი პატარა ტურისტული ჯგუფი ქანდაკებების ფონზე ჯგუფურ და ინდივიდუალურ სურათებს იღებს. ჩემდა გასაკვირად, ქუჩა ცარიელია, დაახლოებით ისე, აღლუმის შემდეგ რომ არის ხოლმე. სალაროებთან მივედი. მოლარეს ინგლისურად ვუთხარი ორი ბილეთი მომეცით-მეთქი. იმას კეთილი ღიმილით ამომხედა და როდისთვისო მკითხა.
– დღეს, საღამოს, – ვუპასუხე
– დღეს უკვე გვიანია სენიორა. კორიდა დილის 10საათზე იყო და დამთავრდა, – მომიგო მან, ხვალ დილისთვის დაგვრჩა რამდენიმე ბილეთი თუ გაწყობთო.
– ხვალ მადრიდიდან მივემგზავრები, ეგებ დღეს საღამოსთვის მომიხერხოთ რამე
– ვერაფრით დაგეხმარებით, დღეს კორიდა აღარ იქნება.
სალაროს ვერ ვცილდებოდი, მოლარემ ცოტა ხანს მიღიმა და მერე „სორიო“ მითხრა და სალაროს ფანჯარა ცხვირწინ მომიხურა. ყრუდ იყო ჩაკეტილი წითელი, მრგვალი შენობის ყავისფერი ხის მასიური კარიც. ღრიჭოში შევიჭყიტე. იქიდან ცარიელი ამფითეატრისა და ნაცრისფერი არენის ზოლს ვხედავდი. ორივე მზის სხივებზე ლაპლაპებდა. კარს მიღმა საოცარი სიჩუმე იდგა. იმ წუთას, როგორც არასდროს ისე მომინდა ზღაპრულ წიქარად გადავქცეულიყავი და ის მძიმე კარი ღონიერი რქებით გამენგრია. მაგრამ ყავისფერ კარს მიღმა დარჩენილი, ერთი უიღბლო ქართველი ტურისტი ვიყავი და საკუთარი დაუდევრობის შედეგს ვიმკიდი.
ასე ვიდექი კორიდის კარზე აკრული და ვიწრო ღრიჭოდან, ათასჯერ წაკითხულითა და გაგონილით, იმ ცარიელი არენის პატარა, მზიან ზოლზე ტორეროსა და ტოროს შორის დატრიალებული ორთაბრძოლის წარმოდგენას ვცდილობდი. უცბად, დიდ კარში ამოჭრილი პატარა კარიდან დაბალი, ჭაღარა კაცი გამოვიდა. თვალი გავაყოლე, ის შენობის წინ რომელიღაც მანქანისკენ გაემართა.
– სენიორ, – დავუძახე. კაცი მოტრიალდა
– სენიორ, კორიდა დღეს აღარ იქნება?
– არა დღეს აღარ… ხვალ დილას, – მოთხრა ის, რაც უკვე კარგად ვიცოდი (ნეტავ, სხვა რის გაგონებას ველოდი?).
– არ ვიცოდი დილას რომ იყო ხოლმე და ახლა მოვედი ბილეთების ასაღებად? – გავიმართლე თავი.
– ხვალის წარმოდგენაზე ბილეთი არ არის? – მკითხა მან
– ხვალ მადრიდიდან მივემგზავრები. ყოველთვის დილაობითაა ხოლმე კორიდა?
– არა საღამოობითაცაა, მაგრამ ეს დღეები, სულ დილის კორიდებია. განრიგი სალაროსთაა გამოკრული.
– ხვალ დილას სახლში ვბრუნდები
– საიდან ხართ
– საქართველოდან, ხეორხია….
– ა…. აშკარად ვერ მიხვდა საიდან ვიყავი, – „ნექსთ თაიმ!“ – სხვა დროს იყოსო დამამშვიდა და თავისი „მალალიტრაშკის“ კარი გამოაღო.
– ნექსტ თაიმ! – გავუღიმე მეც და საშუალება მივეცი მანქანაში ჩამჯდარიყო. კაცმა მანქანა დაძრა.
– ნამდვილად ტორერო იყო, – ვუთხარი რუსიკოს
– რა იცი, თვითონ გითხრა?
– არა, მაგრამ ძალიან ვარსკვლავურად ეჭირა თავი.
– გოგო, შენ სულ გარეკე ამ კორიდის თაობაზე. არა მგონია ვარსკვლავი ტორეადორები „მალალიტრაშკებით“ დადიოდნენ, თან მაგათ უკან ფანების მთელი არმია დაყვება ხოლმე. ასე გამიგია მე.
– ეჰ, რა ვიცი, ალბათ მართალი ხარ, ფაქტია, რომ კორიდა გავმაზეთ, სურათები მაინც გადავიღოთ. მე და რუსიკომ ქანდაკებებთან სურათების მთელი სერია გადავიღეთ.
– წავიდეთ ახლა, ამ კარს ჩვენ არავინ გაგვიღებს და კორიდასაც სპეციალურად არავინ გაგვიმართავს, აქ ხომ არ დავაღამებთ, წავიდეთ, ავტობუსი, პირდაპირ გრანვიაზე გაგვიყვანს, სანახავი კიდევ ბევრია, – მამშვიდებს რუსიკო.
– წავიდეთ, წავიდეთ მეტი რაღა დაგვრჩენია… – ვამბობ და უკა-უკან ვიხედები. ამასობაში კორიდასთან ჩვენსავით გზააბნეული ერთი წყვილი მოვიდა, ჩვენსავით იბოდიალეს შენობის გარშემო, იჭვრიტეს კარში და ბოლოს, იღეს და იღეს სურათები კორიდის ქანდაკებებთან.
ახლა მეორედ ვარ ესპანეთში და უახლოესი კორიდა 26 აპრილსაა დანიშნული. ბილბორდზე ოთხი გამოჩენილი ტორეროსა და რქებაპრეხილი უშველებელი შავი ხარის აფიშაა გაკრული. ეს კორიდის სეზონის დასაწყისია. საქართველოში 17 აპრილს ვბრუნდებით. ისევ გავმაზე. ამის საკომპენსაციოდ სამი დღეში სამჯერ ვიყავი ფლამენგოზე.
ორმოც წელს გადაცილებული ქალი და კაცი ცეკვავდა. კაცი შეუხედავი იყო. ქალი – ლამაზი, ხორბლისფერი, ძალიან ჯიშიანი, ამაყად თავაწეული. ისეთი ცეცხლი დაანთეს, მაყურებელი ფეხზე ამდგარი ყვიროდა „ოლეს“. ფლამენგომ ხარისა და კაცის ორთაბრძოლაზე ყოფნის სრული შთაბეჭდილება შემიქმნა. ისინი მონაცვლეობით კვდებოდნენ არენაზე, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და ვინც უფრო ძლიერ განგმირავდა გულს, ის ეცემოდა პირველი.
– მიგელ, ტორერო რომ ხარს თვალებში უყურებს და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს, რაზე ელაპარაკება სიკვდილზე? ფლამენგოს ცეკვის დროს რომ თვალებში უყურებენ ერთმანეთს, რაზე მღერიან ფლამენგოს მომღერლები სიკვდილზე? – დავაყარე კითხვები მიგელს.
– ფლამენგო კორიდაა , პასოდობლე, აი უყურე… – მიგელი ქეთის წელზე ხელს ხვევს, ორ პას აკეთებს (პა სო დობლ) მარჯვნივ და წინ, წელზე ხელს არ უშვებს, მერე მარჯვენა ხელით ბრუნს აკეთებინებს და თავისკენ იზიდავს ისე, რომ მარცხენა ხელი ისევ წელზე უდევს.
– ეს პასოდობლეა. ყველა ცნობილ ტორეროსთვის თავისი პასოდობლეა დაწერილი. ყველას თავისი ურთიერთობა აქვს თავის ხართან. მიგელი აიფონით რაღაცას ეძებს, მერე ყურთან მადებს აპარატს და მასმენინებს: მანოლეტე… მანოლეტე… ისმის აიფონიდან.
– ეს მანოლეტისადმი მიძღვნილი პასოდობლეა. მანოლეტი ისეთივე დიდია, როგორც მისი მკვლელი ხარი იზლეტე. ეს პასოდობლე იზლეტეზეცაა.
– პასოდობლე?
– პასოდობლეს, ყველაზე ღირსეულ ტორეროებს და ტოროებს უძღვნიან. უმარტივესი მოძრაობაა, ჟინიანი სვლა სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე. დღეს ერთი აცილებს მეორეს ამ ზღვარს მიღმა, ხვალ შეიძლება პირიქით მოხდეს.
– ვიცი, ვიცი, ესპანეთის სასაფლაოები სავსეა კორიდაზე მკერდშელეწილი და ბეჭებგალურსმნული ტორეროებით, – ზუსტად იმ სიტყვებით ვუპასუხე მიგელს, მამაჩემს რომ უწერია თავის „კორიდაში“. გამახსენდა, სიტყვა-სიტყვით გამახსენდა მთელი მოთხრობა, გეგონება ზეპირად დამიზუთხავსო: „იმ დღეს დომინგინი მუშაობდა – ესპანელების სალოცავი ხატი, – თქვა დათომ და წამოდგა. – არენაზე უსპეტაკესი თეთრი ხარი შემოვარდა, მარტო სიზმარში მინახავს ასეთი ხარი, რქები დანისლული ქარვისფერი ჰქონდა, ძირს დახრილი და ოდნავ გამჭვირვალე. ბრბოს კმაყოფილებისაგან ბღავილი აღმოხდა. – ტორრრროოოო!- ასეთი ხარი თურმე წელიწადში ერთხელ გამოჰყავთ, ისიც მხოლოდ დომინგინისნაირი ტორეროებისათვის. ხარი ჯერ ციბრუტივით დატრიალდა, მერე თითქოს რაღაც განსაცვიფრებელი დაენახოს, გაჩერდა და თვალი გაუშტერდა. არენის ცენტრში დომინგინი იდგა და სისხლისფერი მულეტის ოდნავ შესამჩნევი რხევითა და ჩურჩულით ხარს თავისკენ უხმობდა.- ტორო, ტორო, ტორო,- თან ხარის მოლოდინში ფეხებს სამბას რიტმში აბაკუნებდა…..“
– ჰო, სავსეა, – მპასუხობს მიგელი. – ახლა ის მითხარი მამაშენმა როგორ დაწერა მოთხრობა კორიდაზე ისე რომ კორიდაზე არ ყოფილა?
– მამაჩემმა ის, რაც შენ კორიდაზე მომიყევი, ზუსტად ახსნა თავის მოთხრობაში. ის, მას სხვათა შორის, არც ესპანური ფლამენგო უნახავს და არც ესპანეთში ყოფილა ოდესმე. მის მოთხრობაში როგორც ვხვდები, თავად კორიდის არსია გადმოცემული, ასე მგონია, თორემ აბა მე საიდან უნდა ვიცოდე, მეც ხომ არასდროს ვყოფილვარ კორიდაზე… სიკვდილისა და სიცოცხლის ორთაბრძოლა, როდის არის სიკვდილი სიცოცხლეზე უფრო ლამაზი, ღირსეული და სასურველი. არა, სასურველი კი არა, ალბათ უფრო მიმზიდველი… არ ვიცი.. მოთხრობის პერსონაჟი კი, რომელიც ავტორს კორიდაზე უყვება, ტორეროს სისასტიკითა და ხარის სიბრალულითაა შეძრული:
– “მაშინ ამოიღო დაშნა დომინგინიმ და ხარის წინ დადგა. ახლა მის პირისპირ, ჩემი წითელი ხარი იდგა, ჩვენი მარჩენალი, ჩვენი დამპურებელი, ჩვენი დამსახლებელი, ქედ და მუხლდალოცვილი შვინდა. შვინდა იდგა დომინგინის წინ ფერდებჩაცვენილი, მუხლებზე და ქედზე ტყავგადამძვრალი,იდგა საბრალო. და ეს ჩემი მარჩენალი, მშრომელი, შვილივით გაზრდილი და ერთგული შვინდა უნდა მოეკლა წამებით, ღალატით, მიპარვითა და უნამუსოდ. უნდა მოეკლა ესპანეთის ამ ამაყ შვილს… ყელში მუშტისოდენა ბურთი მომაწვა და სახეზე ხელები ავიფარე. მერე ის ყელში მომდგარი ბურთი ცრემლიანად გადავყლაპე და ავდექი. აღარ მახსოვს, როგორ დავტოვე კორიდა და როგორ გამოვედი გარეთ. ერთი კი მახსოვს: გაოგნებულს, ვულკანიდან ამოფრქვეულ გავარვარებულ ლავასავით უკან მომდევდა კორიდას ბღავილი და ცხელი სუნთქვა“.
– აუფ, რა ვნებებია, რა პროტესტი, რას იზამ, მართალია, ასე იტანჯება კორიდაზე მოსულ ტურისტთა უმეტესობა, მერე მიდიან და პირზე სულ „სისასტიკე“ და „ანტიჰუმანიზმი“ აკერიათ, – ხითხითებს მიგელი.
– ასეა, ასე, – ჩაერთო საუბარში ქეთი – აი, დათოც (დათო ტურაშვილზე ამბობს, მისი ახლო მეგობარია) რომ მიმყავს ხოლმე, შიგადაშიგ ვასულიერებთ, მაინც მოდის, რატომ იკლავს თავს ვერ ვხვდები. მეც მასე ვიყავი სანამ არენაზე კარგი ტორერო არ ვნახე. მანამდე მხოლოდ ხარის წამებას ვხედავდი…ას კორიდაზე მაინც ვარ ნამყოფი, ვიდრე ნამდვილ ხელოვნებას ვიხილავდი… გასაოცარ ურთიერთკავშირს ხარსა და ტორეროს შორის. მუხლდაჩოქილი ტორერო რაღაცას რომ ეჩურჩულება სიყვარულით სანამ სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს. თვალებით საუბარი ერთმანეთთან და ბოლოს ტორეროს ტანის მოძრაობა, რაღაც ბალეტსა და პასოდობლეს შორის. მე თუ მკითხავ, მხოლოდ ხარისხიან კორიდას უნდა დაესწრო, ხართან ბრძოლამ ნამდვილი განცდა რომ მოგგვაროს. ჩვეულებრივი, მეორეხარისხოვანი კორიდა ცუდ შეგრძნებებს იწვევს. კარგია, რომ ახლაც ვერ მოხვდი კორიდაზე, ნამდვილი სეზონი ერთი თვის მერე იწყება.
– მერე რა ხდება მოთხრობაში, კვანძი სადაა, – ამ მეშვება მიგელი
– კვანძი სად არის? აბა ახლა ეს მოისმინე, ესეც „კორიდიდანაა“.
– „ ყოველ შემთხვევაში ასე წამებით ხარის მოკვლა ბარბაროსობაა, – თქვა დათომ.
– აბა, ის არის კარგი, ერთი წლისას რომ დაგკოდავენ, ორი წლისას რომ გაგხედნიან, სამი წლისას რომ უღელში შეგაბამენ, ათი წლის მანძილზე მუხლს და ქედს არ გაგამართვინებენ, მიწას გახვნევინებენ, გათესვინებენ, გალეწვინებენ, ქვასა და ღორღს გაზიდვინებენ, სახრის რტყმევით ზურგზე ტყავს აგაძრობენ, მერე დაბერებულს, დაჩაჩანაკებულს, ვენებდაბერილს, გაძვალტყავებულს ყელში დანას გამოგისვამენ, გაგატყავებენ, დახლზე თავუკუღმა დაგკიდებენ, ასო-ასო აგქნიან და ოთუსბირად გაგყიდიან, ეს არის კარგი?! ….“
მინდა მიგელს ავუხსნა, რომ კორიდის რომანტიკა საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში შემოვიდა ჰემინგუეის მოთხრობებთან ერთად და რომ პირადად ჩემთვის, ბებერი, უკვე „ჩამოწერილი“ ტორეროს უკანასკნელი გაბრძოლება არენაზე (ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობა „დაუმარცხებელი“) ადამიანის საკუთარ თავთან ანგარიშის გასწორების და თვითგამორკვევის უმაღლესი მწვერვალია. იგი უთანასწორო ბრძოლაში ებმება სიკვდილთან და სიკვდილით ამარცხებს მას. აქ ყველაზე დიდი აბსურდი და სისასტიკე ყველაზე დიდ ჰუმანიზმში შეიძლება გადაიზარდოს.
_ჩემი სოფლის განადერიაში გამოყავთ სპეციალურად კორიდისთვის ბრავოს ჯიშის ტოროები, – მიყვება ქეთი – მთელ ესპანეთში სულ 200 განადერიაა. ერთ-ერთი ჩვენთანაა გვადალახარას სოფელ ხადრაკეში. განადერიის მეპატრონეებს ესპანეთში ტორეროზე ნაკლებ პატივს არ სცემენ. მათ ყველაზე უკეთ ესმით ტოროს ენა. კორიდისთვის მხოლოდ ბრავოს ჯიშის ხარი გამოჰყავთ, კორიდა რომ არა, ეს ჯიშიც არ იარსებებდა.
– ცოტა რამ იმაზეც მითხარით, ტორეროს მულეტზე – წითელ მოსასხამზე. ხარს რომ უტრიალებენ ცხვირწინ გამოსაწვევად.
– ეს „ტაპაა“, ფერი არაფერ შუაშია, ხარი ფერებს საერთოდ არ აღიქვამს, ის ტაპას მოძრაობაზე რეაგირებს, – თქვა მიგელმა და ამ რამდენიმე მარტივი წინადადებით იქვე დაამიწა ჩემი ეგზომ ამაღლებული წარმოდგენა მაგიურ მეწამულ მოსასხამზე, „სიკვდილის სისხლიან ფრთაზე“, რომელიც თავისი სიწითლით თვალს უბნელებს და გონებას უმღვრევს ბრაზისგან, ტკივილისგან და შეურაცხყოფისგან სასოწარკვეთილ ხარს.
– აბა ლეგენდაა? მონაგონი, ჰიპერბოლიზაცია, შავი პიარი, აგრესიის წინ წამოწევა ისედაც სახელშელახულ ტრაგედიაში? მაყურებლის გულის გასახეთქად უფრიალებენ სისხლისფერ ნაჭერს მომაკვდავ ხარს ცხვირწინ!? – აღვშფოთდი მე.
კორიდაზე უამრავი ანეგდოტი ვიცი, ერთი ცოტა უწმაწური მეჩვენება მიგელისნაირი სენიორისთვის მოსაყოლად, ამიტომ ვკადნიერდები და ნაკლებად უხამსს ვუყვები:
– კახელი მიხო ესპანეთში ძალიან გამდიდრდა. ნათესავები დაპატიჟა სტუმრად და დიდი პატივი სცა. იმათ ჰკითხეს ეგ როგორ მოახერხე მიხოო და მიხომაც უპასუხა, კორიდაზე ვმუშაობ და ერთი საცოდავი ხარის მოკვლაში ქვეყნის ფულს მიხდიან, რა იციან „ბოინში“ ხარებს მუშტის დაკვრით რომ ვხოცავდიო.
ძველი ანეკდოტია. თავის დროზე პოპულარული იყო, მის მოსმენაზე ბჟირდებოდა ხალხი. მიგელმა ყურადღებით მოისმინა ანეკდოტის თარგმანი, მაგრამ „ჩემდა გასაკვირად“ წარბიც არ შეხრია.
– ეგ რომ ესპანელმა ტორერომ გააკეთოს, კინწისკვრით გააგდებენ არენიდან. მასე ყველას შეუძლია: გამოვიდეს, მოკლას და წავიდეს. კორიდაზე წამებშია გაწერილი ყველა მოძრაობა. ყველა ფაზას თავისი განსაზღვრული დრო აქვს, დროში თუ ვერ ჩაამთავრა თითოეული ეტაპი, ტორეროს ნაცვლად ამას დამხმარე ტორეროები ან პიკადორები გააკეთებენ, ეს კი თავმოყვარე ტორეროსათვის თავზე ლაფის დასხმაა, ხარისთვის კი – წამება. მაყურებელი ამას არ აპატიებს, მის ნერვებზე თუ არ ითამაშა, ისეთ ობსტრუქციას მოუწყობს, ხარის ბედს მოანატრებს.
რა გინდა რომ უთხრა. აი ეს არის კულტურული მრავალფეროვნება. ამაზეა დაწერილი დუმბაძის „კორიდა“ – ახლა აღმოვაჩინე! არადა მიხოს “ტორეადორობაზე” (ტორეადორი არასწორი სიტყვა ყოფილა, შეურაცხმყოფელიც კი თურმე, სწორია – ტორერო) ახლაც გულიანად მეცინება.
– თვალებში რატომ უყურებენ ტოროს, ჰიპნოზს უკეთებენ? – ვკითხე მიგელს
– თვალებში უნდა უყურო ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, თუ გინდა რომ გესმოდეს რა ხდება თქვენს შორის. ტორო გამონაკლისი არაა. ტორომ უნდა იგრძნოს, რომ პატივს სცემ, რომ იმ წუთას ის ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის. რაც უკეთ იცნობ ხარს, მით უფრო უმსუბუქებ სიცოცხლესთან გამოსალმებას და იმსუბუქებ მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას. შენ საკუთარ სიცოცხლეს მის სიცოცხლესთან ერთად დებ სასწორზე.
– ახლა ხვდები რამ დააწერინა მამაჩემს მოთხრობა კორიდაზე? რა განცდის გაზიარებას ცდილობდა? მერე რა რომ არასდროს მჯდარა კორიდაზე, ეს სიკვდილ-სიცოცხლის მონაცვლეობის მარადიული პარადიგმაა. ვერცერთი რიტუალი ამ პროცესს ისეთი სიმძაფრით ვერ ასახავს, როგორც კორიდა.
მიგელი თავს მიქნევს.
– პეციალურად დაგპატიჟებთ ესპანეთში კორიდაზე დასასწრებად.
მიხარია სასურველი რეაქციის მოსმენა.
– კარგი იქნება, მაგრამ მე მიჩვეული ვარ დიდი მოვლენების ღრიჭოდან ყურებას (ვგულისხმობ ჩემ წიგნს „ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან“) და ახლაც მე მგონი ამ გზას დავადგები: დავწერ კორიდაზე, რომელზეც არასოდეს ვყოფილვარ.
– ჰა, ჰა, ჰა! – გადაიხარხარა მიგელმა.
მე კი ისე სავსე ვარ კორიდით, რომ ის, რაც 2010 წელს ყავისფერი მასიური კარის ღრიჭოდან ვერ დავინაზე, ახლა ცოცხლად დამიდგა თვალწინ. მანოლეტე, მანოლეტე… ისმის პასოდობლე და არენაზე გამორბის გენიალური ტორეროს მკვლელი, ბრავოს ჯიშის შავი იზლეტე. ხარი ადგილს მოსწყდა და მეტეორივით გაქანდა ტორეროსაკენ. მანოლეტი შეტოკდა, მოხდენილად გაზნიქა წელი და ტაპა თვალებზე ააფარა ხარს. გაწბილებულმა ხარმა წაიფორხილა, თავი ვეღარ შეიკავა და დრუნჩითა და რქებით კვალი გაიტანა სილაში.
– ოლეე, ოლეე! – იკივლა კორიდამ.
ხარი სწრაფად წამოდგა, თავი გაიბერტყა სილისაგან და ღირსებაშელახული ისევ გაქანდა მანოლეტისკენ. ერთი და ორი, ერთი და ორი… ხარს იერიში იერიშზე მიაქვს, მაგრამ მანოლეტი განსაცვიფრებელი ოსტატობით იგერიებს შემოტევებს, ისე ჩაუქროლებს ხოლმე ხარი, როგორც გრიგალი ტანკენარ ალვას, ის კი დგას ერთ ადგილას, ირწევა და ირხევა ქარდაქარ, მაგრამ არ კი ტყდება.
– ოლეე, ოლეე, ტორროო! – გაბმულად ზმუის კორიდა.
„ხარი კი ბრდღვინავდა და ბორგავდა ამ საგიჟედ ქცეულ მოჯადოებულ წრეში. რომ დაიღალა და შედგა, საქმეში პიკადორი ჩაერია, შუბი გავაზე დაჰკრა და ცხენიანად განზე გადგა. სისხლმა იფეთქა და ხარის ბალანი წითლად შეღება. გაოგნებული ხარი მიტრიალდა, რაკი მის წინ ადამიანის ნაცვლად უზარმაზარი ლეიბებით ახუნძული ცხენი დაინახა, დაურიდებლად ეძგერა გვერდში, მაგრამ ვერაფერი დააკლო და ჯიქურ მიაწვა. ცხენმა ჯერ წაიფორთხილა, მერე მხედრიანად აიპლაკა და ფლოქვები უმწეოდ გაასავსავა ჰაერში. ხარმა, თითქოს ამას ელოდაო, უკან დაიხია და ვიდრე წინა ფეხებზე წამომდგარი ცხენი უკანაზეც შედგებოდა, მუცელზე სულ პაწია გაშიშვლებული ადგილი უპოვა, დაეძგერა და თვალის დახამხამებაში ზეწარივით გახია ფაშვზე. ცხენის სისხლით რქებ და დრნუჩმოთხვრილი ჭკუაზე გადასული ხარი დამხმარე მატადორებმა არენის ცენტრში გაიტყუეს, ნაწლავებგადმოყრილი და სულთამბრძოლი ცხენი კი ლამაზად მორთულმა ვირიკებმა ზანზალაკებისა და ეჟვნების ჟღარუნით ჩოჩიალ-ჩოჩიალით გაათრიეს არენიდან. ახლა ბანდელიეროები შეესივნენ ხარს და ქედზე ჭრელ-ჭრელი ბაფთიანი ბანდერილიები დააყარეს. ხარი სულ გადაირია. სხეულზე ერთი ადგილი აღარ დარჩა. მხოლოდ ხერხემლის გასწვრივ გასდევდა სასწაულით გადარჩენილი შავი ზოლი. იგი სისხლისგან იცლებოდა, რეტიანივით იქნევდა თავს და მთვრალივით დაბორიალობდა. ბოლოს ენაგადმოგდებული შედგა. მანოლეტიმ აცალა სულის მოთქმა. ხარი კი ადგილიდან არ იძვროდა, თითქოს გაქვავდაო. მაშინ ტორერომ ზურგი შეაქცია ხარს, მაყურებლისკენ შემობრუნდა, ხელები აღმართა მაღლა და გამარჯვებულის სალამი გაუგზავნა ერთ უზარმაზარ ბღავილად შეკრულ კორიდას. ვიდრე მანოლეტი თავს აწონებდა აუდიტორიას, ხარი ისარივით მოსწყდა ადგილს… -უააა! – ამოიგმინა უცებ კორიდამ. ახლა სამარისებურ სიჩუმედ ქცეული კორიდა, როგორც ერთი, ისე წამოიჭრა ფეხზე. ხალხის იმ უეცარმა ამოგმინვამ ბეწვზე გადაარჩინა მანოლეტი. ისევ დაიწყო ტაპას ფრიალი სიკვდილის სისხლიან ფრთასავით, ისევ დაიწყო გაუთავებელი კასკადი იერიშებისა, დემონსტრირება თვალის სისწრაფისა, მუხლის სიძლიერისა, სიმამაცისა, პლასტიკისა და სილამაზისა. მანოლეტიმ ამოიღო დაშნა და ხარის წინ დადგა….გამოელია ილაჯიც, ხერხიც, ღონეც ხარს, დაიშრიტა. დადგა, თავი ჩაღუნა და მიწას დააშტერდა. ერთხანს ასე უყურა, მერე სიმწრით ჩაჰბღავლა… სულ ერთი წამი, სულ ერთი მილიმეტრი და მანოლეტის ლაჯებში წყვილად გაიარა სიკვდილით ალესილმა ორმა საშინელმა რქამ“.
…ეს მოხდა მაშინ, როცა მანოლეტი დაშნაგაყრილ იზლეტეს ყურში სიკვდილზე ეჩურჩულებოდა. მთელი ეს სცენა მამას მოვპარე „კორიდიდან“, ოდნავი ადაპტირებით…მამას, რომელიც კორიდაზე არასდროს ყოფილა!

mananadumbadze.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button