განხილვალიტერატურაწიგნები

ალბერტ კამიუ- შავი ჭირი (მიმოხილვა)

მეოცე საუკუნე, ხელოვნების განვითარების მხრივ, ნამდვილად უნიკალური ერა იყო, რადგან სწორედ ამ ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი ისეთ მიმდინარეობას, რომელმაც დაახლოებით იმ დონის ცვლილებები გამოიწვია აზროვნების მხრივ ხელოვნების ნებისმიერ დარგში, რა დონის ცვლილებებიც განაპირობა რენესანსმა თავის დროზე. გაჩნდა სამყაროს მოდერნისტული ხედვა, რომელიც არ ჰგავდა მის წინამორბედ მიმდინარეობებში არსებულ იდეოლოგიებს. მოდერნიზმმა დასვა კითხვები, რომელზეც პასუხები არ ჰქონდათ ადამიანებს, კითხვები, რომელსაც ადრე არ სვამდნენ ან უბრალოდ არ უნდოდათ მისი ხმამაღლა გაჟღერება. კერძოდ, რა აზრი ჰქონდა ან რა იყო თავად ცხოვრება, არსებობა, რა აზრი ჰქონდა ადამიანის ქმედებას ამ ცხოვრებაში? აქვს თუ არა აზრი ცხოვრებისეულ სიძნელეების გადალახვას თუ ამ ყველაფერს ადამიანმა ზურგი უნდა აქციოს? ამ ნიჰილისტურმა კითხვებმა მოდერნისტულად მოაზროვნეები მიიყვანა იმ დოგმის ჩამოყალიბებამდე, რამაც განაპირობა საბოლოო ჯამში ყველანაირი ფასეულობების ლპობა საზოგადოებაში, ეს იქნებოდა კულტურული, სულიერი თუ მორალურ-ეთიკური ნორმები. ადამიანმა სწორედ ამ ეპოქაში, ისე როგორც არასდროს, შეიტანა ეჭვი ღმერთის არსებობაში, სწორედ იმ ტიპის აზროვნების გამო, რაც ზემოთ ვახსენე. მოდერნიზმმა, ბუნებრივია, დასაბამი მისცა(ან უბრალოდ დაეხმარა განვითარებაში) სხვა ,,იზმებსაც“, რომლებმაც მოდერნისტულ იდეოლოგიაში სპეციფიკური ცვლილებების შეტანით საფუძველი ჩაუყარეს ახალ მიმდინარეობებსაც. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ეგზისტენციალიზმი. ეს მოძღვრება გულისხმობს სამყაროს ცენტრში ადამიანის, როგორც უმაღლესი ფიგურის, არსებობას და სხვათაშორის, ამ ტიპის აზროვნებამ საკმაოდ ბევრი მოაზროვნე მიიზიდა თავის წიაღში, რომელთა შორის იყვნენ კნუტ ჰამსუნი(თუმცა ასე გამოკვეთილად არ იგრძნობა), მიგელ დე უნამუნო და ფრანგი ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ,,მამა“ ალბერტ კამიუ. დღეს სწორედ მის ნაწარმოებზე- ,,შავ ჭირზე“ გვექნება საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ კამიუს ამ ნაშრომში ყველაზე ნაკლებად იგრძნობა ზემოთხსენებული ფილოსოფიის ნიშნები და საერთო ჯამში, კამიუს შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ნაშრომადაც შეიძლება ჩაითვალოს.
დავიწყოთ უშუალოდ სიუჟეტით, რომელიც შავი ჭირით დაავადებულ ალჟირში ვითარდება. დაავადება, რომელიც იმ პერიოდში განუკურნებელი იყო, ათასობით ადამიანს იმსხვერპლებს. სულ რამდენიმე დღეში ადამიანები გაიხსენებენ თუ რაოდენ უსუსურნი არიან ისინი სხვადასხვა მოვლენების მიმართ. ძალიან კარგად მიხვდებიან, რომ სიკვდილი მათი განუყოფელი, თანამდები ფენომენია და როდის და სად შეახსენებს თავს, არავინ იცის. დაავადებულ ქალაქში მიმდინარე პროცესები აღწერილია ექიმის მიერ, რომელიც თავად იყო ამ ყველაფრის მონაწილე და გადარჩენილი. მიუხედავად მისი თავდაუზოგავი შრომისა, ის გახდება მრავალი უბედურების მსხვერპლი. ეს ნაწარმოები ორჯერ წავიკითხე და ორივეჯერ გარკვეული ირონია, სარკაზმი ვიგრძენი ავტორისგან, ოღონდ გაურკვეველი ადრესატით. თითქოს ის მომენტი, რომ მწერალი თავის პერსონაჟებს დასცინის, როდესაც ექიმს თითქმის ყოველდღე პაციენტები აკვდება ხელში და იგი ვერაფერს ახერხებს სიკვდილის მანქანის შესაჩერებლად, ეს სარკაზმი მხოლოდ პერსონაჟის მიმართაა. თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაწარმოების კითხვისას მკითხველი თავადაა პერსონაჟის ადგილას, შესაბამისად მწერლის ირონიული დამოკიდებულება ირიბად მკითხველსაც ეხება. სხვათაშორის ნაწარმოებიდან აშკარად ჩანს, რომ ექიმის გადაწყვეტილება დაეწერა თხზულება, რომელიც აღწერდა შავი ჭირის საცეცებში მყოფ ადამიანთა მოქმედებას, არ იყო შემთხვევითი. ექიმის მიზანი იყო კაცთა მეხსიერებაში არ წაეშალა ის ავი გამოცდილება, სიმწარე და გასაჭირი, რაც ხალხმა ამ განსაცდელის ჟამს ისწავლა. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ,,შავ ჭირში“ ნაკლებად იგრძნობა ეგზისტენციალიზმის გავლენა, აქ მაინც ვხვდებით მის გამოვლინებებს. მაგალითად, მიუხედავად ადგილობრივების სიგიჟისა, ექიმი(მწერალი) ფიქრობს, რომ ,,ადამიანში აღტაცების მომგვრელი მეტია, ვიდრე დასაძრახი“.
,,შავი ჭირი“ ძალიან კარგად ასახავს თუ რაოდენ სუსტი ბუნების შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ძალიან მოკლე ხანში უდიდესი აღფრთოვანებიდან და აღტაცებიდან უკიდურეს გულგრილობამდე ეშვება, სადაც ის კარგავს ადამიანურ სახეს და ღირსებებს. თავდაპირველად, მოსახლეობა თითქოს დიდი მოკრძალებით ასაფლავებს თითოეულ გარდაცვლილს, თუმცა როდესაც ხალხის მასობრივი ინფიცირება და სიკვდილი დაიწყება, უკვე სრული განუკითხაობა დაისადგურებს ქალაქში. გარდაცვლილთა ნაწილს ერთად ყრიან ორმოში, ნაწილს უბრალოდ წვავენ. სხვათაშორის, აქვე ვიტყვი(ახლოს არის თემასთან), რომ კამიუ ძალიან ემხრობოდა აბსურდის თეორიასაც. მას მიაჩნდა, რომ ადამიანი თავისი მონოტონური ცხოვრების რომელიღაც მომენტში ფხიზლდება და უამრავს შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს ცხოვრებაზე, არსებობაზე, მაგრამ პასუხის ნაცვლად აბსურდის კედლებს აწყდება. ეს აბსურდი გამოწვეულია იმით, რომ ადამიანი იაზრებს მისი მიასწრაფებებისა და ობიექტური რეალობას შორის წინააღმდეგობას, არათანხვედრას. თუმცა მიუხედავად ყოფის აბსურდულობისა, ამ თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნებამ აუცილებლად უნდა გაანალიზოს აბსურდულობა და მისი შეცნობის შემდეგ იგი ხდება რაღაცით იმაზე მეტი, ვიდრე იყო. სწორედ რეალობასთან ამგვარ დამოკიდებულების მაგალითია ჩვენი პერსონაჟების სიტყვები. მაგალითად ექიმი ერთგან იძახის: ,, ის რაც მართებულია ყველა ამქვეყნიური სნეულების მიმართ, მართებულია შავი ჭირის მიმართაც. მან შეიძლება ზოგი აამაღლოს კიდეც . მაგრამ როდესაც ხედავ მწუხარებას და ტანჯვას რომელიც მას მოაქვს, გიჟი ბრმა ან ლაჩარი უნდა იყო რომ შავ ჭირს შეურიგდე.“ ამავე აზრის მატარებელია თავად კამიუც, რომელიც იძახის რომ ის ვერ შეურიგდება სიკდილსა და ბოროტებას. სწორედ ამგვარი მსგავსება მაფიქრებინებს იმას, რომ ექიმის სახით მწერალმა ავტოპორტრეტი დახატა. კამიუ თავისი ბრძოლისუნარიანობით გასცდა ეგზისტენციალიზმის ფარგლებს, სადაც უკვე იწყება თეიზმისა და ათეიზმის განუწყვეტელი ჯახი, დაახლოებით იმ დონის ჭიდილი, რასაც დოსტოევსკის ნაშრომებში ვხვდებით. საინტერესო მსგავსებაა ისიც, რომ როგორც თავად კამიუსთვის, ასევე ექიმისთვის არ არსებობს ცოდვის ან მონანიების ფენომენი. უფრო მეტიც, ნაწარმოებში პირდაპირ წერია, რომ ადამიანი კი არ არის დამნაშავე ღმერთის მიმართ, არამედ ღმერთია თავად დამნაშავე, რათა ადამიანი დატოვა სატანჯველად. ეს კიდევ უფრო აძლიერებს იმ აზრს, რომ ექიმის მხატვრულ სახეში თავად კამიუ უნდა ვიგულისხმოთ. სხვათაშორის სწორედ ამგვარი ტიპის აზროვნება უდგას ეგზისტენციალიზმს საფუძვლად.
             საინტერესოა თავად მოძღვარი პანელუს სახე, რომელიც შეიძლება ექიმის(ავტორის) ანტიპოდად განვიხილოთ, რადგან ამ ორი ადამიანის იდეოლოგია მკვეთრად განსხვავებულია. პანელუს გადმოსახედიდან ექიმი, მთელი თავისი იდეოლოგიითა და გულისწყრომით, იყო ქალაქში მიმდინარე უბედური მოვლენების მსხვერპლი. ვფიქრობ, მისი აზრით(ამას პირდაპირ არ იძახის, თუმცა თუ დავუკვირდებით აშკარად ჩანს მისი მოქმედებებიდან. მაგალითად ექიმის მიერ ღმერთის გმობაზე ჩაღიმება და საპასუხოდ თანაგრძნობით ავსებული სიტყვების მიგებება) ექიმის გონება ძალიან ახალგაზრდაა, რომ ადეკვატურად, გაწონასწორებულად აღიქვას ის მოვლენები, რომლებიც ქალაქში ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენების სახელი სიკვდილი და მასობრივი პანიკაა. ექიმი ყველაფერს ერთგვარად ,,გაბოროტებული“ აბრალებს ზენაარსს, ღმერთს, როდესაც იძახის(ჩემი თხოვნა იქნება ყურადღებით წავიკითხოთ ეს დიალოგი):
,,- ო, ეს ბალღი ხომ უცოდველი იყო, თქვენც კარგად უწყით!- ასეთი წყრომით რატომ მელაპარაკებით?- უპასუხა მოძღვარმა- ეს სანახაობა ჩემთვისაც აუტანელი იყო!- თქვენ მართალი ხართ, შემინდეთ. დაღლილობამ დამრია ხელი, მაგრამ არის წუთები, რომელიც ამ ქალაქში ჯანყისთვის განგაწყობს.- მესმის, ჯანყისთვის განგვაწყობს, რაკი ყოველგვარი წვდომის საზღვარს სცილდება. მაგრამ, იქნებ, გვმართებს იმისი სიყვარული, რასაც ჩვენი გონება ვერ მისწვდენია!“
            ყურადღება მივაქციოთ გამუქებულ ნაწილს. მოძღვრის აზრით, ქალაქში გამეფებული ჟღლეტა მართალია საშინლად დამამწუხრებელი და დამაბრკოლებელია, მაგრამ ამ ყველაფერს გარკვეული მიზეზი, ჩვენთვის ჯერ კიდევ შეუცნობელი მეტაფიზიკური მისია აქვს, რომლის განსასაზღვრად ადამიანებს არ გააჩნიათ რწმენა, სხვათაშორის იოტისოდენა რწმენა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ გააგნონ ამ ერთგვარ განსაცდელში გზა-კვალი, გაიგონ რა და რისთვის ხდება. ცოტა გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, დავესესხები დოჩანაშვილს, რომელიც ,,სამოსელ პირველში“ გენიალურად ამბობს, როდესაც დომენიკო მიჩინიოს ეკითხება(ზუსტად გამოგვადგება ეს დიალოგი ამ შემთხვევაში):
,,-ადამიანის სიკვდილს რაღატო მაყურებინეთ?-პასუხად მშვიდად უპასუხეს: – ადამიანი რომ გყვარებოდა!“
             დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენთვის, არ გამოვრიცხავ, რომ მოძღვარი პანელუც სწორედ ამ აზრზე იყო. კერძოდ, ეს მასობრივი ადამიანთა ჟლეტა იყო აუცილებელი ფაქტორი, რათა ადრე თუ გვიან ადამიანებს გაღვიძებოდათ ურთიერთსიყვარული და პატივისცემა, რომ იმ ეპოქაში გაუფასურებული იყო ის სულიერი თუ მორალური დოგმები, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანთა შორის სიყვარულს განაპირობებდა. ეს რეალობა არ გეგონოთ მხოლოდ წიგნის სიუჟეტი. ეს აზროვნება და სულიერი გახრწნა რეალურად მოიტანა მოდერნიზმმა და შესაბამისად მოდერნისტი მწერლის ნაშრომში ამ პრობლემებზე რომაა საუბარი, მგონი გასაკვირი არ უნდა იყოს. კვლავ ვიმეორებ, რაოდენაც საშინლად არ უნდა ჟღერდეს, ,,ადამიანთა ხოცვა იყო ერთადერთი ვარიანტი, რათა საბოლოო ჯამში ადამიანთა სიყვარული აღმოცენებულიყო“. აქ ოდნავ რელიგიური კუთხით თუ მივდუგებით , (ნუ მაშინ ცალკე თემები წარმოიშვება, მაგრამ ახლა ერთს ვიტყვი და მოკლედ შემოვიფარგლები) ძალიან საინტერესო რამის აღმოჩენა შეგვიძლია, რომელიც შესაძლოა ერთგვარადაც ხსნიდეს რამდენიმე დეტალს. კერძოდ, ქრისტიანობის აზრით, უზომო და აღვირახსნილი ცოდვის საზღაური მხოლოდდამხოლოდ სიკვდილია! აქ მემგონი თქვენთითონაც ხვდებით თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს ეს მოვლენები ერთმანეთს.
             ახლა რომ შევაჯამო, ,,შავ ჭირში“ მრავალი საინტერესო ნიუანსის აღმოჩენა შეგიძლიათ მკითხველნო. იმდენად ბევრი და საინტერესო ნიუანსის, რამდენადაც მრავლისმომცველი და სერიოზული ფილოსოფიური მიმდინარეობაა თავად ეგზისტენციალიზმი. თქვენ ამ ნიუანსებს აღმოაჩენთ ყველანაირ შემთხვევაში, იზიარებთ თუ არ იზიარებთ ამ ფილოსოფიის იდეოლოგიას, რადგან ამ უკანასკნელის აზრთა კრებული, მიუხედავად გარკვეული ადამიანის ანტისიპათიისა(მეც ამ ადამიანებს ვეკუთვნი), საბოლოო ჯამში უთუოდ ქმნის თავის თავში დასრულებულ და ჩამოყალიბებულ მიმდინარეობას. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ წიგნის წაკითხვით თქვენ ნამდვილად არ დაკარგავთ დროს, რადგან იქ არსებული პრობლემები დღესაც ძალზედ აქტუალურია, ბოლოსდაბოლოს შავი ჭირი, თუ მეტაფორულ ენაზე ვიტყვით, ის განუყოფელი ბოროტებაა, რომელიც გამუდმებით სდევს ადამიანთა მოდგმას და მუდამ ცდილობს ჩვენს გულებში ჩაბუდებას. დანარჩენი კი მკითხველის განსჯის საგანია!

ავტორი: გიორგი წერეთელი

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button