განხილვაკინემატოგრაფია

სატელევიზიო სერიალების ანა-ბანა

სერიალების (TV-Series) ისტორია იწყება 1980-იანი წლებიდან, მაგრამ ძირითადად გასართობი შოუები, სიტკომები და მისთანები აქტიურობდნენ. ასეთი სატელევიზიო ნაწარმის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო დღეს უკვე ყველასთვის კინოფილმად ცნობილი Jump Street 21, რომლის წყალობითაც ცნობილი გახდა ჯონი დეპი.
სერიოზული ძვრები უკვე 90-იანების ბოლოდან დაიწყო და აქვე იშვა ორი დიდი მონსტრი. პირველი იყო ციხე – OZ, სპეციალურად მოწყობილი საპყრობილე, სადაც გვხვდებოდა არაერთი სახის ყოფილი და მოქმედი დამნაშავე. სერიალი 6 სეზონად გამოვიდა და საკმაოდ დადებითი შეფასებებაც დაიმსახურა. ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ კარგი თამაში მცირე ეკრანზეც შეიძლება და მხოლოდ ჰოლივუდი არაა ადგილი, სადაც ამერიკაში კინოს იღებენ.
The Sopranos – სოპრანოს კლანი, რომლის გამოშვებაც 1999 წლიდან დაიწყეს და 2007 წელს დასრულდა. გამოვიდა 6 სეზონი, 86 ეპიზოდი, რომლებშიც თითქმის იდეალურადაა აღწერილი ნიუ-ჯერსიში მოღვაწე XX საუკუნის 30-იანი წლების მაფიოზების შთამომავლები. მთავარი გმირი სოპრანოების ოჯახის თავი და თავი ტონი სოპრანოა, რომელსაც უხდება რამდენიმე პრობლემასთან ერთობლივად გამკლავება. აქეთ ოჯახი, იქეთ „სლეჰკა შიზანუტაია მაწ“, კიდევ – პროსტატიტიანი და ბოღმიანი ბიძიკო, ძაღლობა კუდზე და მცირედი ნევროზიც. სეზონები ერთმანეთს იდეალურად ებმის და არ ტოვებეს ნაკლოვანების გრძნობას. სერიალის აშკარად ძლიერი მხარეა სამსახიობო შესრულება. ტონის როლის შემსრულებელი ჯეიმს განდოლფინი (ნათელში ამყოფოს ღმერთმა) არაერთი ჯილდოს ლაურეატი გახდა 7 წლის განმავლობაში. სოპრანოს კლანს მხოლოდ ერთმა სერიალმა აჯობა ჯამური ნომინაციებით და ჯილდოებით. ამ სერიალზე პოსტის ბოლოს ვისაუბრებთ. სერიალში იდეალურადაა გადმოცემული სამხრეთ ევროპული გალანტურობა და ჭეშმარიტი იტალიური სული. ამის მისაღწევად ქასტინგებისას შერჩეული იქნა ისეთი იტალო-ამერიკელი მსახიობები, რომლებსაც შენარჩუნებული ჰქონდათ კავშირი სამშობლოსთან. იტალიური ფსევდო ტემპერამენტის სავსე, მუდამ სამთითმოკუმული და მცირედით უკმაყოფილო სახეებით, ჩაუჯექით და ისიამოვნეთ.

სოპრანოს მოსდევდა ორი თანამედროვე და გამორჩეული პროექტი – Lost და Prison Break. Lost იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული და დამაინტრიგებელი სერიალი აშშ-ს TV-Series-ების ისტორიაში. ამბავი არც ისე მარტივი მოსაყოლია. Prison Break უფრო მეტად ფართო მასებზე იყო გათვლილი, ამაღელვებელი ისტორიით. ძმა მიდის ციხეში ძმის გადასარჩენად. სერიალის პირველ სეზონის წარმატება გახდა მიზეზი გაცილებით მეტის მომცემი სერიების გამოშვებისა. განსაკუთრებით გაიზარდა სერიალების ხარისხი ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, რასაც შედეგად მოჰყვა ბევრი ახალი პროექტის დაწყებაც. თუმცა ახლებზე გადასვლამდე მოკლედ მიმოვიხილავ რამდენიმე სერიალს, რომლებმაც თავიანთი კვალი გაცილებით ადრე დატოვეს.

Sons of Anarchy – კალიფორნიაში მოღვაწე ბაიკერების კლუბი, თავისი პატარა უფლისწულით, ინტრიგებით, დიდყვერებიანი, მაგრამ კიბოიანი ბაბუ პოლიციელით და ყველაფერი სიკეთით. საყურებლად სასიამოვნოა, მაგრამ 3-4 სეზონები შედარებით მდორედ მიედინება, რაც გახდა მიზეზი ბევრი პლასტიკფანის დაკარგვისა.

Dexter – მაიამის პოლიციის ექსპერტი,ღამით სერიული მკვლელი, რომელიც ვირტუოზულად ასრულებს ნაკის ვალდებულებებს. საყურებლად კარგია, რასა ჰქვია მოაქვს, მაგრამ ცოტა გაწელილია.

House M.D. – ყველასთვის საყვარელი და ბევრისთვის ექიმის ეტალონი, სარკასტულობითა და ბარძაყის კუნთის ატროფიით აღსასვსე ჰაუსი. ჰაუსი იყო პირველი სერიოზული სერიალი, რომელიც ეხებოდა სამედიცინო სფეროს. შემქმნელებმა საკმაოდ კარგად იმუშავეს. ქასთი პერიოდულად იცვლებოდა, თუმცა, ნაცნობი სახეები ხშირად ჩნდებოდნენ. ჰიუ ლორის პერფომანსი ცალკე აღნიშვნის ღირსია. მოკლედ, ტიპი არის უკიდურესად ჩუვაკი, მაგრამ ამავდროულად ახერხებს იყო ფრიად ტრაგიკულიც. სერიალის მთავარი ნაკლი ერთფეროვნებაა. კი, კარგია თითოეული სერია ცალ-ცალკე, მაგრამ ზედიზედ 7 სეზონი უყურო ერთი და იმავეს – დამღლელია. მოდის პაციენტი, რომელიც იტყუება, 40 წუთი ვერ შველიან და ბოლო 3 წუთში ჰაუსი შემთხვევითი მეტაფორის ხარჯზე ხვდება ყველაფერს და პაციენტსაც შველიან, მსგავსი ხასიათისაა სერიების 80%. ჰაუსი იდეალურია, მისი მეთოდები კი ღიმილის და ჟრუანტელის მომგვრელი, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ  „everybody lies“.
შემდეგ კატეგორიაში უბრალოდ შევეხები რამდენიმე სერიალს, რომელსაც საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავს, ხარისხიც მაღალია, მაგრამ მაინც ვერ არიან TOP სერიალები.
Supernatural – ზებუნებრივ ძალებთან მებრძოლი ძმები. სერიალის მთავარი პრობლემა იყო ზედიზედ ჩავარდნილი 2-3 სეზონი, რომელთა გამოსასწორებლადაც უბრალოდ კარგი სერიების გადაღება საკმარისი არ აღმოჩნდა.  Crime Scene – დანაშაულის ადგილი, იქნებოდა ეს ლას-ვეგასი, მაიამი, ლოს ანჯელესი თუ სხვა – არაფერ ახალს არ იძლეოდა. ყოველ სერიაში მსგავსმა და მდარე ისტორიებმა თავისი ქნეს და დღეს 1-2-სღა თუ ახსოვს ეს სერიალი. უბრალოდ გადასარბენი სერიალი იყო Lie to Me, რომელსაც სამწუხაროდ, ტიმ როთმაც ვერ უშველა. აქვეა Mentalist-იც, რომელიც იმავე პრობლემებით იტანჯებოდა. ნაკლები კრეატიულობა, ყველა სერია ერთმანეთს ჰგავს. 
Elementary – დიადი დეტექტივის, შერლოკის ალტერნატიული ისტორია. ახალი მდებარეობა (ნიუ-იორკი) ახალი უოტსონი (ლუსი ლუ) და ახალი ჰოლმსი (ჯონი ლი მილერი). სერიალისგან ბევრს არაფერს ელოდოთ. სიუჟეტი ნაკლებად ჩახლართულია. მაგრამ მაინც აღნიშვნის ღირსია ჯონი ლი მილერის პერფომანსი, აღარაფერს ვამბობთ ლუსის ყვითელ მოჭუტულ თვალებზე. 
ვისაც ისტორიული სერიალები მოწონს მისთვისაა შექმნილი Rome და Spartacus. რომში კარგადაა აღწერილი ანტიკური ინტრიგები, შეთქმულებები და მუხანათობანი. სერიალი დატვირთულია შიშველი, ეროტიული და მაერეგირებელი სცენებით. ასე რომ ისტორიის მოყვარული მასტურბატორებისთვის ზედგამოჭრილია. 
აქვე ვახსენოთ მაფიოზების და ბუტლეგერების კასტაც. Broadwalk Empire – აღწერილია აშშ-ს 20-30-იანი წლები, მშრალი კანონი, ატლანტიკ სითი ჩიკაგო, კლივლენდი. ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცები, მშრალი სასის მაშველები და ძლივს ნაღირსები Steve Buscemi-ს წამყვანი როლი. სწორედ Broadwalk Empire-ში გამოჩენილი განგსტერთა ნაწილის შორეული ბიძაშვილობა გვხვდება უკვე ნახსენებ სოპრანოს კლანში. 
საბოლოოდ მოვედით იმ სერიალებმადე, რომელსაც დღეს მიპყრობილი აქვს ჩვენი ყურადღება და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად გვექცნენ. 
Game of Thrones, Sherlock, Walking Dead, True Detective, Fargo, Hannibal, Vikings, Da Vinci’s Demons, House of Cards, Penny Dreadfull, Peaky Blinders და ბოლოს ყველასთვის საყვარელი, თოვლის ბაბუაზე სასურველი, ვიქტორიაზე (Victoria Secret) საიდუმლოებით მოცული და უბრალოდ დიდი დოზით ჩუვაკიზმი… 
ჩამოთვლილი სერიალებიდან ყველა გამოირჩევა განსაკუთრებულად საინტერესო სთორილაინით და მათთვის დამახასიათებელი უნიკალურობით.

Game of Thrones – ჯორჯ მარტინის ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მიხედვით გადაღებული სერიალი, რომლის 4 სეზონი გამოსულია და პირდორბლიანები ველით მე-5-ეს. ფილმი აღსავსეა ყველაფერით. ნუ, გარდა კარგად გაფორმებული ბატალური სცენებისა, რაც სავარაუოდოდ, გამოწვეულია მცირე ბიუჯეტით. HBO-ს წყალობით თამამი სცენები მრავლადაა. სერიალში მშვენივრად ახერხებენ პოლიტიკური ინტრიგების ხლართვას, რაც განსაკუთრეულად მიმზიდველს ხდის მას. აქვე არ დაგვავიწყდეს ყოველი სეზონის მე-9 სერია: მეტი სისხლი, დაუნდობლობა, სიკვდილი, ტირილი, კივილი და ხავილი. ვინც მარტინის ასაკზე ღელავთ შეგიძლიათ დამშვიდდეთ. მოარულ ჭორებს თუ ვენდობით, სერიალის სცენარისტებს უკვე აქვთ შემდეგი სეზონების სცენარის მარტინისეული ვერსია. ასე რომ მარტინის სიკვდილი პრობემას არ წარმოადგენს.

ბრიტანელების სიამაყე ! BBC-ს Sherlock. ეს არის ჰოლმსის მრავალი ეკრანიზაციებიდან დიდი ალბათობით საუკეთესო. სერიალის მთავარი სულის ჩამდგმელი Steven Moffat-ი ის მაგიკოსია, რომელმაც ყველაფრისმნახველებიც გააკვირვა შერლოკის ახალი მისეული ვერსიით. სერიალის მთავარი ნაკლია დიდი შუალედი ახალ სეზონებს შორის. შერლოკში შეხვდებით, როგორც ძველი ყველასთვის ნაცნობი დანაშაულების ალტერნატიულ ვერსიებს, ასევე ახალ ბოროტმოქმედებსა და ახალ სიუჟეტის განვითარებას. სერიალის წარმატებულობა დიდწილად განაპირობა ქასთმა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბენედიქტ კამბერბაჩი და მარტინ ფრიმანი (ჰოლმსი და ვატსონი) „შერლოკმა“ დააკაცა და მსახიობებად დააყენა. სწორედ შერლოკის წყალობით დღეს ორივე ჰოლივუდის მეგავარსკვლავია.

Walking Dead – ზომბი აპოკალიფსი. მოქმდებები ვითარდება ატლანტასა და მის შემოგარენში. გადარჩენილი ადამიანთა ჯგუფი ცდილობს გადარჩენას. მათ მეთაურობს ყოფილი ადამიანის უფლებათა დამცავი, არა სოზარ სუბარი არა, რიკ გრაიმსი. ძირითადი სთორილაინია ამ ადამიანთა ჯგუფის მიერ გამოვლილი განსაცდელები. სერიალი საინტერესოა, განსაკუთრებით დადებით შეფასებას იმსახურებს ბოლო 2 სეზონი.

თუ გსურთ თავი შეიქციოთ თეთრი სახლის ინტრიგებით, მაღალი საშემსრულებლო კლასით, ხართ ცივსისხლიანები და მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველასა და ყველაფერს ანადგურებთ, ეს სერიალი თქვენთვისაა. House of Cards. კევინ სპეისის გადანაცვლება მცირე ეკრანზე წარმატებულზე მეტი გამოდგა და მაყურებელთან გულებიც ადვილად მოიგო.

ნიკ პიცოლატოს მიერ შექმნილი დეტექტივების წყვილი, რომელთა ცხოვრებაც ერთმა საქმემ შეცვალა. ვუდი ჰარელსონის ყვერებიანმა ოფიცერმა და მეთიუ მაკკონაჰის კაცად მონათვლის მცდელობამ ლამის იდეალური დუეტი მოგვცა. სერიალის მეორე სეზონში სულ სხვა ამბავი იქნება მოთხრობილი და სულ სხვა ქასთიც გვეყოლება. თქვენ კი, ვისაც ჯერ არ გინახავთ True Detective, მიაწყდით თქვენს კომპიუტერებს და დაეწაფეთ მშვენიერ სანახაობას.

ძმები კოენების 1994 წლის ფილმის ქროსოვერ ისტორია, სადაც ცოლის ჩმორი და დაქირავებული ქილერი ერთი ისტორიის გარშემო გაერთიანდებიან. მთავარ როლებს ბილი ბობ ტორტონი და მარტინ ფრიმანი თამაშობენ. ასევე ვხვდებით მამის ჩრდილიდან ვერ გამოსულ და ჩამოუყალიბებელ კოლინ ჰენკსს. სერიალთან ერთად საინტერესოა ცალკეული სერიების სათაურებიც, რომლებიც ბიბლიური მითების ან ცნობილი პარადოქსების სახელებით გვევლინებიან. სერიალი ვითარდება ჩრდილოეთ დაკოტაში , სადაც მუდამ ცივა და თოვლია. ეს მეტ მისტიურობას მატებს ისედაც სასიამოვნოდ  და უცნაურად გადაღებულ ფილმს.

ცალკე უნდა გამოვყოთ მადს მიკელსენის და ჰიუ დენსის მჭიდრო კავშირი სერიალ Hannibal-ში. პროექტი დაფუძნებულია ტომას ჰარისის „წითელ დრაკონზე“ და ასახავს ექიმ ჰანიბალ ლექტერისა და FBI-ს სპეც. აგენტ უილ გრემის „თანამშრომლობას“ ბალტიმორში მომხდარი დანაშაულებისთვის ფარდის ასახდელად. აქვე ვხვდებით ყველასათვის საყვარელ მორფეუსს (The Matrix, ლოურენს ფიშბორნი). სერიალში ნაკლები ექშენია და არაა გათვლილი ჩხუბის სცენების მოყვარულებზე. სერიალი გემოვნებიანი მაყურებლებისთვისაა, რომლებიც კარგად შესრულებული მკვლელობისაგან იგივე სიამოვნებას იღებენ, როგორსაც –  ოსტატურად მომზადებული ეგზოტიკური კერძისაგან. მოკლედ ესაა სერიალი თქვენი თვალებისა და კუჭისათვის. უყურეთ, მოუსმინეთ, დატკბით! შეგვიძლია კიდევ რამდენიმე სერიალზე გავაკეთოთ აქცენტი, რომლებიც დღესდღეობით პოპულარულია და მაყურებელთან ნაკლებობას არ განიცდის. ესენია:

Vikings – ვიკინგებისა და სკანდინავიელების ფარნავაზის არაკი. ამბავი რაგნარ ლოთბროკისა, რომელიც იყო პირველი ვიკინგი, ვისაც აზრად მოუვიდა პატარა „სამთავროების“ გაერთიანება და საერთო ძალებით დასავლეთის ოდისეების მოწყობა. სერიალში კარგად ჩანს იმდროინდელ ბრიტანეთში არსებული ვითარება. გამოკვეთილია რელიგიური დაპირისპირება სკადინავიურ ღმერთებსა და ქრისტიანობას შორის. სერიალს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის მასში აღწერილი ფაქტების რეალურობა. რაგნარი, ისევე როგორც მისი შთამომავლები, რომლებმაც ხელთ იპყრეს ჩრდილოეთ ევროპა დანიიდან რუსეთის დასავლეთ ნაწილის ჩათვლით, რეალური პიროვნებები იყვნენ და სერიალში აღწერილი სთორილაინი მაქსიმალურად მიყვება ისტორიულ რეალობას.

ისტორიულ პიროვნებებზე გადაღებული სერიალებიდან აღსანიშნავი Da Vinci’s Demons: დიადი იტალიელის ალტერნატიული ამბავი, სადაც ლეოს გარდა ახლოს გავიცნობთ ლორენზო დი მედიჩის, ახალგაზრდა ნიკოლო მაკიაველს და ვატიკანის „სიამაყეს“, პაპ სიქსტ IV-ს. სერიალს განსაკუთრებით საინტერესოს  ხდის მისი მთავარი სცენარისტი და იდეის ავტორი დევიდ გოიერი. დევიდ გიოერი ის კაცია, ჯერ ნოლანთან ერთად რომ ბეთმენის ახალი ისტორია დაწერა და ახლა ზაკ სნეიდერთან ერთად კრიპტონელი არისტოკრატის ბედს რო წყვეტს.

საშიში ამბების მოყვარულთათვის სულ ახლახანს წარმოებაში ჩაეშვა და ჯერ მხოლოდ პირველი სეზონი გვაქვს მშვენიერი სერიალისა Penny Dreadfull – თარგმანის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რუსულ წყაროებში „გროში ოპერებადაა“ ნათარგმნი და იგულისხმება შუასაუკუნეებში ხალხის მიერ შეთხზული საშიში ამბები და გმირები. ისეთები როგორებიც არიან მაქციები, ვამპირები, ფრანკენშტეინი, გრძნეულნი, დორიან გრეიც მათთან ერთად და ა.შ. (თუმცა პოსტის ავტორს ამ ყველას არსებობის ღრმად წამს ! ნუ გარდა დორიან გეისა, არა არ შემშლია სწორედ რო გეი!) სერიალი სავსეა ახალი და ყოფილილი ვარსკვლავებით. აქ გვყავს დაკარგული მაგრამ არდავიწყებული იღბლიანი სლევიი – ჯოშ ჰარტნეტი, სერ ტიმოთი დალტონი, რორი კინერი და ჩვენი ველური ეროტიული ფანტაზიების უშრეტი წყარო – მადმუაზელ ევა გრინი.

ბრიტანულ პროექტებში ბევრისგან გამოირჩა ბირმინგემელი ხულიგნების ბანდა. Peaky Blinders – დაფუძნებულია რეალური ისტორიაზე. შელბების ოჯახზე, რომელიც მოღვაწეობდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომდროინდელ ინგლისში და მოახერხა იმდროინდელ საბუკმეიკერო ბიზნესში მყარად დაფუძნება. ოჯახის ლიდერის ტომი შელბის როლს კილიან მერფი ასრულებს და თან საკმაოდ კარგადაც. მეორე სეზონში ებრაელ ბეინსაც ვიხილავთ. მოკლედ, ტომ ჰარდიც აქვეა. მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება, ბევრია ფიზიკური კონტაქტის სცენაც (ჩხუბი და ჰაი-ჰუი). სერიალი საკმაოდ მაღალხარისხიანია და მერწმუნეთ, რომ მაყურებელს იმედებს არ გაუცრუებს.

და ბოლოს ყველაზე ტკბილი და საყვარელი ნამცხვრის თავზე დადებული უგემრიელესი ალუბლის მსგავსად, რომ ადევს თავზე მთელ მცირე ეკრანების კინემატოგრაფიას. ნებისმიერ ადამიანში ყველანაირ გრძნობას რომ გააღვიძებს, მუდამ გაღიმებულს რო დაგტოვებს და 1-2 ღამე რო არ დაგაძინებს იმ სიტკბოებაზეც გეტყვით პაწას. ამ სიტკბოებას Breaking Bad ჰქვია და 2008 წლიდან მარადიულ სადგომად აქცია ჩვენი გულები. ისტორია ეხება 50 წლის ქიმიის მასწავლებელს (შეთავსებით სამრეცხაოზე მუშაობს), რომელსაც ფილტვის კიბოს დიაგნოზს დაუდგენენ და ამის შემდეგ გადაწყვეტს მოხარშოს მეტამფეტამინი და „ცოტა მაყუთი“ დაუტოვოს ოჯახს (700 000). ამ მთავარ გმირს უწოდებენ მისტერ უოლდერ უაითს, ნარკობიზნესში კი უფრო ცნობილია, როგორც ჰაიზენბერგი ! მისტერ უაითის ჰენჩმენად გვევლინება ქუჩის ბიჭი და კაი ბიჭი ჯესი. ეს ორი მთავარი და ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟი ცდილობს დამკვდრდეს ნიუ-მექსიკოს ნარკობაზარზე. სწორედ მათი ეს განსხვავებულობა აძლევს განსაკუთრებულ ელფერს მთელ სერიალს. პროექტის მამა ღმერთი, ძეც და სულიწმინდაც ვინს ჯილიგანია, რომელმაც შექმნა ერთმანეთზე საინტერესო, დაძაბული და უმანკო სიყვარულით აღსავსე 5 სეზონი. არ მინდა დავასპოილერო და ამ სერიალის მომავალ მაყურებელებს პირველად განცდის ბედნიერება წავართვა, ამიტომ გეტყვით, რომ ეს არის, ჩემი აზრით, საუკეთესო სერიალი, რაც აქამდე შექმნილა. თითქმის უზადოა სამსახიობო შესრულების დონე. პერსონაჟების მრავალფეროვნება და სრულქმნილება უკვე ნახსენები ჯილიგანის მუშაობის შედეგია. როგორიც არ უნდა იყო შენ, რა კატეგორიის ფილმებიც არ უნდა მოგწონდეს, აქ შენ აუცილებლად იპოვნი შენს საყვარელ პერსონაჟს. 

ავტორი: გურა ღვინჯილია

წყარო
http://celsius-233.blogspot.com/

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button