ზღვის საშიში და მომაკვდინებელი არსებები
ზოლიანი თევზი-ქირურგი მიმზიდველი თევზია, რომელიც წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში, რიფებში ბინადრობს. მასთან ურთიერთობა საფრთხილოა, რადგან ზურგიდან ამოზრდილი ხერხემლის ძვლები შხამიანია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შხამიან თევზთა სახეობები აღწევს 1200-მდე და ისინი ყოველწლიურად ჯამში 50 000 ადამიანს აყენებენ ზიანს. თუმცა თევზების შხამს სარგებელიც აქვს – მათი მეშვეობით მედიცინაში ახალი წამლების შექმნა ხდება.
ბარაკუდა გრძელი, მჭლე ხორცზე მონადირე მანქანაა. პრიალა და სწორი სხეული საშუალებას აძლევთ, გააპონ წყალი 40 კმ/სთ სიჩქარით საკბილოს ძებნაში. როგორც კი მსხვერპლს შენიშნავენ, ეცემიან, გლეჯენ და ხარბად სანსლავენ სამართებელივით ბასრი კბილებით. ბარაკუდა 50 მილიონი წელია, რაც არსებობს და ამ პერიოდში სრულყოფილ მტაცებლად იქცა, არაჩვეულებრივად მოერგო იმ გარემოს, რომელშიც ბინადრობს.
ზღვის ყვითელი ფრინტა ერთი შეხედვით ლამაზ ყვავილს ჰგავს და სახელიც ამიტომ ეწოდა (ფრინტა ყვავილის სახეობაა), მაგრამ თევზები, როგორც წესი, მას გვერდს უვლიან. ფრინტა, რომელიც მარჯნებსა და მედუზებს ენათესავება, შხამიანი საცეცებითაა აღჭურვილი და როგორც კი რომელიმე გზააბნეული არსება ჩაივლის, სხეულზე შემოახვევს და მის პარალიზებას ახდენს ნეიროტოქსინის მეშვეობით. ამის შედეგად ცხადია, საბრალო მსხვერპლი უმწეო ხდება და ფრინტა მის დაგემოვნებას იწყებს.
ჰავაის წყლებში მობინადრე გველთევზა მურენა აკვირდება ფერად თევზს. თუკი ის თავდასხმას გადაწყვეტს, მოამზადებს კბილების არა ერთ, არამედ ორ წყებას – მეორე წყება ყელის მიდამოშია და გამოიყენება მსხვერპლის წასავლებად და შემდეგ დასანაწევრებლად. ეს არაჩვეულებრივი უნარი საშუალებას აძლევთ გველთევზებს, მოინადირონ და გადაყლაპონ მსხვილი თევზები ისე, რომ ბოლომდე არც კი გამოვიდნენ თავიანთი საბინადროდან – რიფებში არსებული ღრმულებიდან.
უდავოა, რომ ოკეანის ბინადრებში ერთ-ერთი ყველაზე საშიში თევზია დიდი თეთრი ზვიგენი. ყველაზე მსხვილი მტაცებელი წონაში აჭარბებს 5000 ფუნტს (2270 კგ), სიგრძეში კი 6 მეტრს აღემატება. მათ აქვთ 300 კბილი, რომელსაც იყენებენ სელაპების, ზღვის ლომების, პატარა ვეშაპების, ზღვის კუსა და ლეშის ჩასავლებად. წელიწადში ზვიგენების მიერ ადამიანებზე თავდასხმის 100-მდე შემთხვევა აღირიცხება, რომელთაგან 30-50 ამ სახეობაზე მოდის. თუმცა საბედნიეროდ, თავდასხმათა უმრავლესობა არ ხდება წინასწარი განზრახვით და შესაბამისად, არ მთავრდება ფატალურად.
მიკრონეზიაში, კირიბატის კუნძულის წყლებში რიფებთან ახლოს თეთრლაქიანი თევზი-ქირურგები შეიკრიბნენ. მათ 75 სახეობას აქვს სკალპელის მსგავსი, მოძრავი გამონაზარდები ზურგისა და კუდის მიდამოებში, რომელსაც სხვა თევზების ან ცნობისმოყვარე ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ. გამონაზარდებთან შეხება იწვევს საშინელ ტკივილს, თუმცა ამის მიუხედავად, თევზი-ქირურგი უმეტესწილად მშვიდია და არ გამოირჩევა აგრესიით. მათი ძირითადი საკვები ოკეანის წყალმცენარეებია.
მსხვილი თავი და დიდი, შეჭმუხნული სახე თევზ-გომბეშოს უხეში კლიენტის იერს აძლევს. ეს ის შემთხვევაა, როცა გარეგნობა არ იტყუება – ფსკერზე მობინადრე კამუფლაჟის ოსტატს შეუძლია მოლუსკის ნიჟარა მძლავრი ყბებითა და კბილებით დაამსხვრიოს, შთანთქას ხამანწკები, კიბორჩხალები, კრევეტები, კალმარები, თევზები და ზღვის სხვა არსებები. მამრი თევზი-გომბეშო ყარაულობს ბუდეს და ხშირად ახლადგამოჩეკილ ნაშიერებსაც მეთვალყურეობს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ზღვის ქარიყლაპიებს, როგორც წესი, ამჩნევენ ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში ზღვის ზედაპირთან ახლოს ჯგუფურად მოცურავეებს. ზოგჯერ ჰაერშიც ხტებიან და ამ დროს საშიში ხდებიან. მართალია, იშვიათია ასეთი შემთხვევა, მაგრამ ადამიანები სერიოზულად დაშავებულან, ზოგჯერ კი გარდაცვლილან ამ თევზის ბასრი, წაგრძელებული ყბების გამო. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ღამის მეთევზეები, რადგან ქარიყლაპიებს სინათლე იზიდავთ.
უწყინარი გარეგნობის მქონე კონუსისებრი ლოკოკინა რეალურად პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი არსებაა. საკბილოს იჭერს ფუტურო კბილებით, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში სასიკვდილო შხამს უშვებს. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლია მოლუსკი, თუმცა როდესაც საკვები შემოელევა და ვერაფერს პოულობს, თავისიანების დაგემოვნებაზეც არ ამბობს უარს.
ზღვის ნიანგი ითვლება ნიანგების ყველაზე დიდ სახეობად. მათი სხეულის სიგრძე ზოგჯერ 7 მეტრს აღწევს, წონა კი – 1 ტონაზე მეტს. ამის მიუხედავად, ისინი მალულად ნადირობენ – წვანან სანაპირო ზოლების წყლებში და უცდიან კუსა და კიბორჩხალას, ან მწყურვალ ცხოველებს, რომლებიც წყლის დასალევად ან გასაგრილებლად მოდიან. ზოგჯერ ზღვის ნიანგები ადამიანებსაც კლავენ, მაგრამ ადამიანის ხელით დაღუპული მათი წარმომადგენლების რიცხვი გაცილებით მეტია.
პატარა კიბორჩხალა ლივლივებს ფერადი ზღვის ფრინტას შხამიანი საცეცების არეალში. მიუხედავად შხამისა, ზღვის ფრინტას ახასიათებს სიმბიოზური თვისებები (სიმბიოზი – ორგანიზმთა ურთიერთობის ფორმა, რომელიც სასარგებლოა ერთ-ერთისთვის ან ორივესთვის). ისინი ხელს უწყობენ მცენარეთა ზრდას, რათა სანაცვლოდ მიიღონ ფოტოსინთეზიდან გამოყოფილი ჟანგბადი და შაქარი. საცეცებში ასევე ბინადრობს თევზი-კლოუნი, ისინი ფრინტებს საკვებიდან მორჩენილი ნამცეცებით ამარაგებენ.