ნატალია ქადაგიძე – ”გოდო” – მარად სიახლე ანუ – გოდოს და გივის ”გასაუბრება”
მინდა სამუელ ბეკეტის პიესაზე გესაუბროთ, ნაწარმოებზე, რომელზეც არაერთხელ დაიწერა და ითქვა. ეს ნათქვამი ყველამ თავისებურად გამოხატა, ზოგმა – ესსეს საშუალებით, ზოგმა – მოკლე რეცენზიით, ზოგმა – მისი სცენაზე გაცოცხლებით… მაგრამ მაინც, ვფიქრობ, ყველაფერი არ თქმულა, მითუმეტეს, რომ ”გოდოს” თემაზე დაუსრულებლად შეიძლება ილაპარაკო…
პირველი, რაზეც მკითხველის ყურადრებას შევაჩერებ, გახლავთ ჩემთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რატომღაც, თანმდევი ფიქრი, რომ ბეკეტის ”გოდო” და ქართული ხელოვნების წიაღში დაბადებული ბრწყინვალე პერსონაჟი “გივი”, ელდარ შენგელაიას ფილმიდან ”ცისფერი მთები”, ახლო ”ნათესავები” არიან. თითოეული მათგანი ადამიანთა ცხოვრების მუდმივი დომინანტია – ყველას, განურჩევლად სოციალური, ეთნიკური თუ სქესობრივი ნიშნისა, ჰყავს თავისი გოდო – გივი. მაგრამ მაინც, არ შეიძლება ამ ორი ”ზე – პერსონაჟის” გვერდიგვერდ დაყენება, რამეთუ, მათ შორის უფრო მეტი განსხვავება ყოფილა, ვიდრე მსგავსება…
გოდო, თავისი იდუმალი არსით, უფრო სიდიადის და მიუწვდომლის დიფუზიური მოვლენაა, ნათელი სამყაროს წიაღში არსებული შორეული ახლობელია და მოვლინების შემთხვევაში, აუცილებლად გაამართლებს მოლოდინს, გაანათებს გზას, რომელიც აქამდე ვერავის გაუგნია. აქ აღარ გავიმეორებ დაწვრილებით, რაც მრავალჯერ თქმულა – რომ “გოდო”(Godot) ინგლისურად ღმერთის აღმნიშვნელი სიტყვის(God) პირმშოა.
მწერლის ეს პერსონაჟებით ღარიბი ნაწარმოები უფრო ”ფართო” და მრავლისმეტყველია, ვიდრე ბევრი სხვა რომანი – პერსონაჟთა ქვიშისებური სიმრავლით. თხზულების გეოგრაფიაც ძალზე მწირია, თითქმის, ერთი პატარა გზის მონაკვეთია, რომ ვერ გაიგებ საიდან ”მოვიდა” და… სადაც წყდება, მართლა წყდება თუ არა… დიდი ლოდი კი, პერსონაჟთა ”ჩამოსაჯდომი”, ცხოვრებაში პატარპატარა ”ჩამოსაყრდნობების” ასოციაციას იწვევს, ოღონდ, ამ ”ჩამოსაყრდნობში”, არამცდაარამც, ადამიანი არ მოიაზრება. ადამიანი ადამიანისთვის, ამ გარემოში, მექანიკური შეჯახების ობიექტია – ისინი, შემთხვევით, ერთი და იმავე ”გოდოს” ძიებისას ხვდებიან, ერთმანეთი კი, არასოდეს უძებნიათ. იქნებ, აქ არის ”ჭიპი” დიდი გამოცანისა, რაც ასე აწვალებთ და ვერ ამოუხსნიათ?.. სარტრის შემოქმედების თეზაც ხომ იმავეს გვეუბნება, რომ – ”ჯოჯოხეთი სხვებია”, იქნებ, ამიტომ არიან დაქსაქსულნი პერსონები – ადამიანის კატეგორიით. ისევ ჩვენს მიერ ხსენებულ მწერალს და ფილოსოფოსს თუ დავესესხებით, ამ ადამიანთა შორის სიტყვა მუდმივად ”ავადაა”… მუდმივად დუმილი სჭარბობს საუბარს, მხოლოდ – შინაგანი დიალოგები ”ისმის”…
პიესაში ამბის მომტანი ბავშვი მათი ფიქრია, გაურკვეველი გზავნილივით მოსული ცნობიერებაში და ეს ფიქრი, მერე, მხოლოდ ”ბოლთის” ნაკვალევად ისახება ლოდის ირგვლივ, უფრო კი – საკუთარი თავის ირგვლივ… ზოგიერთთა აზრით, ” გოდო” ბევრ ”რამეს” შეიძლება ვუწოდოთ, რასაც ველით, ჩემი აზრით კი მას ჰქვია ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა – ყველაფერში… მაგრამ, რატომ გვაწუხებს გოდოს არსებობა თუ არარსებობა ასე? ის ხომ ღმერთი არ არის, ის არის მხოლოდ “გოდო”(Godot)… რატომ და, გოდო (ჩემი აზრით – მიწიერი ჭეშმარიტება) ისევე საჭიროა ყველასთვის, როგორც – ღმერთი. არ ვაპირებ თეოლოგიური ქვეტექსტი დავუდო მთელ ამ, ზედაპირზე მოტივტივე ქვეცნობიერის ეპოპეას, – გოდო არის ის, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება აქ, დედამიწაზე, მაგრამ მის დევნაში, პირიქით, უნებურად, ვკრავთ წიხლს და ისიც, კვლავ გვშორდება… ან, შესაძლოა, უფრო ახლოს მივედით, ვიდრე გვეგონა და ვერ დავიჯერეთ, ან – ვერ ვიცანით. გზაზე, რომელზეც ვდგავართ, ჩვენი მილიონჯერადი მცდელობა სანატრელთან მიახლოებისა, მხოლოდ ამაოდ მოღაღადე ნაფეხურებად ისახება… ეს უგრძესი პროცესია, ეს მოლოდინია, რასაც, დასრულება არც უწერია. ეს არის ემპირიული მრწამსის მძვინვარება – არაფერი და არავინ გასცდეს ცდის ფარგლებს. ბეკეტის ნაწარმოები, თითქოს, ერთგვარ პარალელსაც აჩენს – ამირანის და ფინიას ამბავთან, ძაღლი ლოკავს ჯაჭვს, ის კი, გაწყვეტამდე მისული, ისევ მთელდება… აშკარაა უხილავი წრე, სადაც მხოლოდ, იწყება რაღაც და, ადამიანებიც, გაქცევის დიდი სურვილით აღსავსენი, გამალებით უვლიან გარს საკუთარ ჩაკეტილ სამყაროს და დროსაც, რომელსაც ჰაიდეგერის ტერმინით Zeitlichkeit, ანუ აწმყოობადი მყობადი შეიძლება ვუწოდოთ.
დეკორაციები ”გოდოს” ირგვლივ, სცენაზე თუ ჩვენს წარმოდგენაში, შეიძლება, ათასგვარად შეიცვალოს, მაგრამ გოდო უცვლელია, ის ყოველთვის გოდოა, ანუ, როგორც აღვნიშნე, ჭეშმარიტებაა იმ სინამდვილეში, სადაც ვიმყოფებით და გაურკვევლობისგან სუნთქვა გვიჭირს. ამგვარად, ის არ არის უბრალოდ მიწიერი ოცნება, ის სიდიადის პირმშოცაა. თუმცა, გვავიწყდება, რომ ეს სიდიადე ჩვენივე თავში, ან – ერთმანეთში შეიძლება ვიპოვოთ. მე გოდოს მოლოდინში მატერიალისტური იდეალისკენ სწრაფვას ვხედავ, რომელიც, სამწუხაროდ, მუდამ იდეალად რჩება, რადგან ადამიანს, რაც უნდა ჭკვიანი იყოს, უჭირს ამ მხრივ ზუსტი კოორდინირება.
”გივიზე” მოგახსენებდით, პერსონაჟზე, რომელსაც განზოგადებული სახე აქვს. გოდოს არსებობაში თუ ხან, მაინც, ეჭვი გვეპარება (მიუხედავად – მოლოდინისა), გივი დადასტურებული რეალობაა, მაგრამ – მოუხელთებელი. მისი მოლოდინის მასშტაბები, შესაძლოა, აჭარბებდეს კიდეც, გოდოს მოლოდინის მასშტაბებს. ის არის განსაკუთრებული რეალობა, რომელიც ასე ”სჭირდება” მოკვდავთ, მაგრამ არასოდეს ჩანს. ”გივი, ჩვენ ვართ” – ეს ფრაზა მიგვანიშნებს, რომ მთქმელი ძალიან ახლობელი უნდა იყოს ამ პერსონის, თუმცა, მისთვისაც მიუწვდომელია იგი. მიუწვდომელია, რადგან ჩვენს შორის სარეველასავით გამრავლებული ტიპაჟი, ასე ჩამოაყალიბა მახინჯმა ბიუროკრატიულმა გარემომ, ასე ასწავლა ”ურთიერთობა” მოძმეებთან (ადამიანებთან). მართალია, უთქვამთ – ”არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”- ო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ”გვარი” არაფერშუაშია, მთავარი გარემოა, რომელიც, ყველაზე მეტად, საბჭოურმა ნიაღვარმა დააყენა თავდაყირა, თავდაყირა დადგა ნეტარი და დიადი აზრებიც, მაგალითად, როგორიც არის ილიასეული – ”ყველაფერი ძირიდამ დაწყებულაო”… კოლოსალურია ბოლშევიზმის ბოროტი ძალის მასშტაბები, ეს ის არის, რამაც შეძლო სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანთა და მათ შორის, ქართველთა მენტალიტეტიც ისე ”დაეწერა” და ჩამოეყალიბებინა, როგორც თვითონ სურდა. და, დაიბადა იმაზე უარესი ”გივი”, ვიდრე ადრე იყო, დაიბადა ისე უჯიშოდ ჯიშიანი, რომ ახლაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. თუმცა, დროა, მას უფრო კონკრეტული სახელი ვუწოდოთ – ბიუროკრატიის ამოუძირკვავი მეტასტაზი… ”გივის” ელიან ადამიანები კაბინეტის კართან, ტელეფონთან… ელიან თითქმის ყველგან, არსებობის ყოველდღიურობაში…. პასუხი მისგან კი, როგორც ერთხელ იუმორით, მახვილგონივრულად შენიშნეს, არ არის და არც იქნება.
გივი არ ჰქვია, მაგრამ ფაქტობრივად, ”გივია” ქართული პროზის გამორჩეული გმირი ყვარყვარეც – ”ძლიერი”, “საჭირო”, აქვე არსებული, მაგრამ არავისთვის მყოფი… ეს არის “გივობის” მდგრადი ფორმულა, რომელიც ვერ ხსნის ვერანაირ ამოცანას(გამოცანას), თუმცა, მუდამ ჩანს ან იგულისხმება მოცემულობაში.
საინტერესო იქნებოდა ”გოდოს” და ”გივის” შეხვედრა… დიალოგი კი, ალბათ, დაახლოებით, ამგვარი…
გოდო: – გიცანი…
გივი: – ვიცი.
გოდო: – არ მეგონა…
გივი: – ?
გოდო: – არ მეგონა, რომ მიცნობდი, მე არავინ მიცნობს.
გივი: – არც – მე.
გოდო: – ახლა გასაგებია.
გივი: – დიდი ხანია, გეძებენ…
გოდო: – ვიცი… შენც…
გივი: – ჰო.
გოდო: – შენ როგორ შემხვდი?
გივი: – იქ დავრჩი, სადაც ვიყავი და ასე გადაგეყარე.
გოდო: – არ მეძებდი?
გივი: – არა, მე – არა.
გოდო: – ალბათ, ამიტომ. ჩემი გზა სულ სხვა მიმართულებით მიდის, ვიდრე ეს ადამიანებს ჰგონიათ. ისინი მელიან. მე – სულ, მივდივარ და მივდივარ, მათ კი ჰგონიათ, რომ ვდგავარ და ვაგვიანებ…
გივი: – მეც სულ სხვა გზით დავდივარ და ჰგონიათ, რომ არ ვჩანვარ…
გოდო: – აკი დავრჩიო?
გივი: – მე დავრჩი სხვებისთვის, რადგან, მათკენ კი არა, მათში მივიწევ მუდამ, რომ იფიქრონ და მელოდონ.
გოდო: – ჩვენნაირი, ალბათ, არავინ არის… ხომ არ გადაგვედგა ნაბიჯი იმ ადამიანებისკენ, ვინც გველოდება?..
გივი: – რას ამბობ, თვითონ უნდა მიხვდნენ…
გოდო: – რას?..
გივი: – რომ არსად მივდივართ.
გოდო: – ჰო, დამავიწყდა ეს – არსად რომ მათი გზაა. შენ… ოდესმე, ელოდი რამეს, ვინმეს?
გივი: – ვინმეს – არა, რამეს – კი. შენ კი – არასოდეს.
გოდო: – რატომ მეგონა, რომ ერთმანეთს ვგავდით?
გივი: – მეც მეგონა, მაგრამ მივხვდი – რომ არა…
გოდო: – მეც მივხვდი… ჩვენ, ორივე, უბრალოდ, უკაცრიელი გზებით დავდივართ და ვერავინ გვაგნებს.
გივი: – შენ ელოდი ვინმეს?
გოდო: – ახლაც ველი…
გივი: – ვის?!
გოდო: – მათ, ვინც მელის.
გივი: – ???
გოდო: – კი… და მინდა გავაგებინო… შენ ხომ არ დაგაბარო? – უფრო მათთან ხარ…
გივი: – ვარ… თუმცა – არა ვარ.
გოდო: – ეგ უარესია.
გივი: – ისინი სხვანი არიან, მე კი – სულ სხვა, დროა, მიხვდნენ.
გოდო: – არც მე და შენ ვგავართ ერთმანეთს!
გივი: – ხომ გითხარი, შემთხვევით გადაგეყარე!
გოდო: – ჰოდა, წავედი.
გივი: – სად?
გოდო: – აქ, ჩემთან.
გივი: – კარგი, დარჩი, მე არ მჭირდები…
– დიახ, ისინი ჰგვანან და არც ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა, ორივეს ელიან განუწყვეტლივ და დაუსრულებლად. მაგრამ ამ მოლოდინს, ერთ (გოდოს) შემთხვევაში, რაღაც იმედი ასხივოსნებს, მეორე (გივის) შემთხვევაში – გაურკვეველია, ბჟუტავს თუ არა ის საერთოდ – მოლოდინი, აქ, უკვე მექანიკური პროცესია, ასე რომ აწუხებს ყველას და მაინც, არავინ ”სწუხს”.
მოკვდავთა წარმოდგენით, გოდო იშვა იქ, სადაც ჩვენ არ ვართ, სადაც – არც ვიცით, ვიქნებით თუ არა ოდესმე. არასწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ თავისი ”გოდო” ყველას ჰყავს, უფრო სწორია ვთქვათ – სამუელ ბეკეტის გოდო ყველასია და ის ერთნაირად დიადია, მიუწვდომელია, თუმცა, წუთიწუთზე, შეიძლება გამოჩნდეს…
საზღვარგარეთულ პროზაში გაცხადებული ეგზისტენციალიზმის ”სახეზე”, ბევრმა ერმა საკუთარი მყოფადობის შტრიხები ამოიცნო… კაპიტალისტური სამყაროს ”დანაშაული” კომუნისტური საზოგადოების სენიც აღმოჩნდა. ამ მიმდინარეობის მამამთავართა აზრით, ყოველივე უარყოფითი ტენდენციის, მოვლენის, პესიმიზმისკენ უკუტრანსფორმირების მიზეზი მათემატიკური პროგრესია – ”ყოველივე უკუღმართად წარიმართა… ტექნოლოგიის გამო” – მიაჩნია ცნობილ შვედ კინორეჟისორს ინგმარ ბერგმანს და ამ თეზას ჰაიდეგერიც ადასტურებს, მან ”კაცობრიობის თანამედროვე გასაჭირს” ”ახალი დროის ტექნიკის პლანეტარული მოძრაობა” უწოდა… ეს მოსაზრებები დასტურია იმისა, რომ აქ სახელმწიფოებრივი წყობა და საზოგადოებრივი ფორმაციის რაობა არაფერშუაშია.
მაინც, სად არის გასაღები – ამ მხრივ, რადიკალურად განსხვავებული მენტალობების ნიადაგიდან დაბადებულ ადამიანთა იდენტობისა? კითხვას შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვუპასუხოთ და დარწმუნებით ვთქვათ, რომ ის მარტივი მისაგნებია – უბრალოდ, ყველა ადამიანი, ამ ქვეყნად მოვლინების წამიდან, ელის გოდოს… უფრო მეტიც, მუცლადყოფნის დრო მოსამზადებელი პერიოდია ამისთვის, ხოლო დაბადებისთანავე წამსკდარი ტირილი – მეტაფიზიკური კოდის გამჟღავნება… და, ამ პროცესთან რაც უფრო ახლოსაა ოცდამეერთე საუკუნე, როცა (და – სადაც) ცხოვრებამ, თითქმის მთლიანად, ფიზიკოსთა და მათემატიკოსთა მიერ შექმნილ რეალურის ალტერნატიულ სამყაროში (ვირტუალურში) გადაინაცვლა, ალბათ, გოდოც უფრო საოცნებო შორეული ახლობელი გახდა ნებისმიერი ქვეყნის და ნებისმიერი წარმოშობის ყველა ადამიანისთვის.
ბოლთის ცემა, საკუთარი თავის გარშემო გრძელდება და არასოდეს სრულდება… თუმცა, გვგონია, რომ ჩვენი სისწრაფე რეაქტიულია, აზრი – პროგრესული, ცხოვრება – მრავალფეროვანი, სინამდვილეში კი, ”იქვე ვდგავართ”. სუბსტანციის ეს სურათი იდენტურია ერთი ნახატისა, ჩაკეტილი კარის წინ ნატერფალების წრეები რომ იკვრება. სამუელ ბეკეტის პერსონაჟებიც ხომ ამგვარად აღბეჭდავენ თავიანთ განწყობებს… ისინი დაღამებისას მიდიან სახლში და დილით იქვე ბრუნდებიან… და ასე, მიდიან და ბრუნდებიან, ბრუნდებიან და მიდიან… მაგრამ ეს მხოლოდ წასვლის სურვილია, წასვლის ცდაა, რომელსაც ვერასოდეს სცდებიან… ბეკეტის ნაწარმოები სარკეა მოკვდავთა ემპირიული ყოფისა.
როგორც შევნიშნეთ, ”გოდო” არის ადამიანის გაჩენისთანავე (შესაძლოა – მანამდეც) დაბადებული ნატვრა და, ვგონებ, ერთგვარი აღმნიშვნელიც ადამიანობისა. და, თუ არსებობენ განსხვავებულნი, ამ ნატვრის გარეშე მყოფნი, მაშინ მათ ნამდვილობას, თითქოს, ეჭვის საფუძველი ექმნება… რამეთუ, ”გოდო” თავად ადამიანშია, ის კი, დაუსრულებლად სცდება საკუთარ თავს და მზერას შორეთს აპყრობს… პოსტულატი, რომ ”კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ”, ამ შემთხვევაშიც, მყარია.
აი, ეს განასხვავებს ”გოდოს”და ”გივის”ერთმანეთისგან. თუმცა, გივიც ზოგადი და დაუქვემდებარებელია საზოგადოებრივი განვითარბის რომელიმე ფორმას. მაგრამ ის მანკიერებაა – თაობიდან თაობაზე მემკვიდრეობით გადაცემული, ყველა ერისთვის მეტნაკლებად დამახასიათებელი, იმის მიხედვით, თუ რამდენად ”საიმედოა” მათი მენტალობის ნიადაგი ამ ვირუსის საცოცხლებლად. ადამიანში ”გივი”, შესაძლოა, დაბადებისთანავე არ ჩანდეს, მაგრამ ის, აუცილებლად თავს იჩენს და ”ღვივდება” პიროვნების კარიერული სვლის იმ ეტაპზე, როცა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა აშკარა იმპერატიულობის ბერკეტს სთავაზობს მას. პროგნოზირება თავიდან, ვინ არის პოტენციური ”გივი ” ჩვენს შორის, შეუძლებელია. მერე კი, იქცევა თუ არა ”გივიდ” ადამიანი, უჩინარი ხდება სხვებისთვის, მას არ სურს აკეთოს ის, რაც ევალება – სხვათა პრობლემებზე ყურადღების გამახვილება, რეაგირება და მათი მოგვარება. ზოგი ”გივის” კომუნიზმის პირმშოდ მიიჩნევს, მაგრამ ”გივი” მუდამ ”ცოცხალი” იყო – კომუნიზმამდე, კომუნიზმის დროს და ახლაც. მეტიც, ”გივის” ჩვენ, ”არა – გივები”, ვეფოფინებით, თუ არ არის, ველოდებით… არადა, ის არის, მუდამ არის, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ამ პერსონაჟის და ხალხის ურთიერთობა, როგორც შევნიშნეთ, კლასიკური ნიმუშია ბიუროკრატიზმის მარადიული ყვავილობისა – ისეთი ამოუძირკვავისა, რომ თუ ერთი გივი გაქრა, შესაძლოა, მის მომლოდინეთა შორის პროგრესირდეს მეორე, მსგავსი. და მან წუთითაც არ მიიხედოს უკან, წარსულისკენ. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მტანჯველი იყო ის მოლოდინი, საიდანაც თვითოთონ (”გაუმართლა” და…) ”დაიბადა”.
როგორც ვთქვით, სამუელ ბეკეტის ”გოდოს მოლოდინის” დიალექტიკა ძალზე თავისებურია და, ამავე დროს – განზოგადებული, ყველასთვის ნაცნობი და თავისად მიჩნეული. ალბათ ამიტომ, ამ გენიალური მონათხრობის პერსონჟებში საკუთარი ”ოცნება” და ცხოვრება ამოიცნო იმდენმა ადამიანმა, რამდენმაც წაიკითხა ის.
ღმერთმა ადამიანები ერთნაირები გააჩინა, ხოლო შემეცნებითი გარემოს რაგვარობამ, კლიმატმა, ისინი სხვადასხვად ჩამოაყალიბა – ”შავგრემნებად”, ”ქერებად”, ”მაღლებად”, ”დაბლებად”… – როგორც, მდინარე სათავეს იღებს, მოედინება, მაგრამ ის არ არის ყველგან ერთგვარი, ზოგგან – სწრაფია, ზოგგან – მდორე, ზოგგან – განშტოებული, ხან – ბობოქრობს, ხან – ღიღინებს, ხან – ყუჩდება, ადამიანიც, ვფიქრობ, არ უნდა იყოს შინაგანად, მთლად, კანონზომიერების პრინციპებით ”აშენებული”- ის, ხან – კეთილია, ხან – ცინიკოსი, ხან – ლმობიერი, მაგრამ არა გამიჯნულად, ცალსახად რომელიმე ამ თვისების მატარებელი. და, ამიტომაც, მისადმი მიმართებაში, უფრო, ოპტიმიზმს უნდა ვეყრდნობოდეთ, ვიდრე – პესიმიზმს – რომ, თითქოს, არასოდეს შეიცვლება, რომ თითქოს, ვერაფერი შეცვლის. ჩვენ, როდესაც ამგვარ აზრს ვეყრდნობით, შესაძლოა, მივაგნოთ სენსაციურ დასკვნასაც, ”გივის” უკან, ადამიანურ სულში დაბრუნების პერსპექტივას… ეს კი, თითქმის, ეპოქალური გადატრიალების ტოლფასია, რადგან ამ ტიპაჟის ფესვები ღრმა წარსულიდან მოდის… დაახლოებით, ამავე აზრს ავითარებდა დიდი მწერალი ლევ ტოლსტოი საუკუნის წინ და მას შემდეგ ადამიანის დ ე ნ ა დ ო ბ ა შ ი (текучесть человека) არაფერი შეცვლილა. უცვლელია მათი მოლოდინი და მოლოდინის ობიექტი – გოდო, კონკრეტულიც და შეუცნობელიც. ის, როგორც აქ ჩემს მიერ წარმოდგენილი დიალოგიდანაც დაინახეთ, თავის მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ისწრაფვის ადამიანებისკენ, თუ ”ისინიც ინებებენ”, არადა, რჩება მიუწვდომელი. რა ხდება, ადამიანები ხომ ყველაზე მეტად ელოდებიან მას? – დიახ, ელოდებიან, მაგრამ არ ილტვიან სადღაც არსებული ყველაზე ახლობლისკენ, ერთ ადგილას ტრიალებენ და აზრად არ მოსდით გზის გაგრძელება … საკუთარ თავებში.
”გივი” სხვა მოვლენაა, მისი მენტალობის წიაღი ერთნაირად არის საზოგადოებრივი ფორმაციაც, ტექნიკის სწრაფი ევოლუციური პროცესიც და ჩაჭაობებული შეხედულებებისგან თავდაუხსნელობაც… ”გივი” საშიშია – ის ადამიანთა ცხოვრებაში წარმოშობილი უსიამოვნებების დიდი მიზეზია, იძულებითი ჯოჯოხეთია, რომელზეც აუცილებლად უნდა გაიარო, რათა შვება იგრძნო… კარი მას მუდამ ჩაკეტილი აქვს და მიმდინარეობს მანკიერი პროცესი მომლოდინეებშიც – რომელიმე მათგანის, ნელნელა, ”გივიდ” დაბადების – თავისიანებს შორის სხვად დაბადების, რომელიც ”გივიზმის” პრინციპების მიხედვით, მაშინვე, უჩინარი ხდება. თუ ”გოდოს მოლოდინის” შემთხვევაში, სადღაც სულის მოძრაობის ტრაექტორიასთან გვაქვს საქმე, ანუ, პროცესის მიმართულება ირაციონალურ გეომეტრიას ემყარება, ”გივის” შემთხვევაში, ნიველირებულია რეალური და აშკარა მოცემულობის ყოველგვარი ამქვეყნიური კანონები და მოძრაობის მიმართულებები.
რომაელი სენეკა სვამს კითხვას – ”მიმითითებთ კი ისეთზე, ვისაც გაეგებოდეს, რომ ყოველდღე კვდება?” … ეს ჩვენ ვართ, გვქვია მოკვდავები და არ ვიჯერებთ. არ ვიჯერებთ გათენების სასწაულს, არ ვიჯერებთ მზის ამოსვლის სასწაულს… არ ვიჯერებთ ღამის სასწაულს და ჩვენს ძილს – მიკროსიკვდილს. არ ვიჯერებთ დილას, როგორც ჩვენს თავიდან დაბადებას… ვიღვიძებთ და ვეძებთ ჩამოსაყრდნობს, ან, ვინმე მეორეს, ჩვენი ოცნების, დიდი მოლოდინის გასაზიარებლად და იშვიათად ვფიქრობთ პირიქით – ვინმეს ოცნების გაზიარებაზე. ჩვენ, მართალია, ჟამთასვლას აღვრიცხავთ, მაგრამ ვცხოვრობთ შეუცნობელ დროში, – როცა, დღეს სამშაბათია, ხვალ კი, შესაძლოა, – ხუთშაბათი ან – ორშაბათი იყოს. ჩვენ, მომლოდინენი, ვერასდროს მივდივართ იმის იქით, რაც დადგენილია – რომ ვიყუროთ სულ წინ და არასოდეს – მარჯვნივ ან მარცხნივ, უკან… ფიქრი მაცნე (მესიჯი) კი, მოდის და მოდის და ის, მუდამ, ჩამოუყალიბებლად, გაუგებრად, არასანდოდ რჩება, როგორც ბეკეტის პიესაში – ამბის მომტანი ბავშვი, არაფრის მაცნე. და ვერ ვხვდებით ამ ინფორმაციის უშინაარსობას, ჩვენი ”კატის ნაბიჯების” უშინაარსობას… არაფერს ვამბობთ, ან, თუ ვამბობთ – ერთმანეთისგან ზურგშექცევით. ეს კაცობრიობის ყველა წარმომადგენლის ყოფაა, მისი ერთგვაროვნების მანიშნებელია, ამ თუ იმ გეოგრაფიულ სიბრტყეზე. არადა, მათ, გოდოდ წოდებულ ჭეშმარიტებამდე შორი რომ ჰგონიათ, წვალებით, მაგრამ მაინც შეუძლიათ მიაგნონ ოცნებას(ოცნების საგანს) – დაბრუნდნენ საკუთარ თავებში, გარეთ უმისამართოდ მზირალნი…
”გოდოს მოლოდინი” არ არის ხასიათებით დატვირთული ნაწარმოები. მასში მწერალმა ძალიან მარტივად ჩამოაყალიბა ზოგადი ფორმულა მთავარი და უჩინარი პერსონაჟის(რომელიც ყველასთვის ერთია) მისაგნებად – თუ არ ეძებე, მოლოდინი ვერასოდეს შეგახვედრებს მას.
ხშირად, ადამიანებს სჭირდებათ, თავისთავად წამოსცდებათ – ხოლმე ფრაზა – ”ნამდვილი გოდოს მოლოდინია!” – მაშინაც კი, როცა ”გივის” ელოდებიან. დიახ, ეს, კონტექსტში მრავალწერტილივით მრავალმნიშვნელოვანი პერსონაჟები ჰგვანან ერთმანეთს მოლოდინის უსაშველობით, მაგრამ განსხვავდებიან არსით, – ”გოდო” მუდმივი ცდაა ერთი და იმავეს მოპოვებისთვის, გივი კი – ჯოჯოხეთური აუცილებლობა, ”გოდო” ზოგადია, მაგრამ მკაცრად პიროვნულიც, ის თვითპროექტირების წყურვილია, ყოფიერების ზღვაში ლაღად შეცურვის სურვილია, ის ერთგვარი ორფევსული ზევსის ტოლფასია, ანუ – ყველაფერი, მაგრამ – საწინააღმდეგო ორფევსული სასწაულის, მე – სა და სხვა – ს შორის მანძილს რომ ამცირებს… თუმცა, ინდივიდი ხომ ბოლომდე გამოუთქმელია – Individuum est ineffabile – და ეს, სამუელ ბეკეტისთვისაც კი, ასეა…
”გივი”, როგორც ვთქვით, არ არის რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოებრივი წყობის, ან რომელიმე ერის პირმშო… მიუხედავად ამისა, შეგვიძლია მტკიცედ განვაცხადოთ, რომ მასში ყველაზე მეტად, ყოველგვარი მორალის უარმყოფელი მარქსიზმის სული მძვინვარებს.
ადამიანი, განწირული თავისუფლებისთვის, სურვილების გალაქტიკაში, ხან, ვერ აკეთებს არჩევანს – გოდოს ელოდოს თუ გივის, თუმცა ”არჩევანის ვერგაკეთებაც ხომ არჩევანია”…
…და, ზოგნი ელიან ”გოდოს” – მხოლოდ წინ მომზირალნი, ზოგნი – ”გივის”, დახურულ კარზე თვალებმიბჯენილნი… პირველი ჭეშმარიტებაა, მიწაზე გასაძლებად საჭირო, მეორე – რატომღაც, აუცილებლობად ქცეული, სიცრუით გაჟღენთილი ბოროტება.
ამიტომაც, არ შეიძლება ყოველგვარი უსაშველო მოლოდინი ჰგავდეს ”გოდოს მოლოდინს”.