მერაბ ღაღანიძე “წერილი ფერნანდუ პესოას”
ფერნანდუ პესოა უკვე რამდენიმე ათწლეულის გარდაცვლილი იყო, როცა ჟორჟი დე სენამ ბარათი მისწერა ამქვეყნიდან კარგა ხნის წინათ წასულ თანამემამულესა და კოლეგას. სენა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პორტუგალიური ლიტერატურის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, – პოეტი და ნოველისტი, რომანისტი და ესეისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მკვლევარი, – თავისი ამ რიტორიკული უსტარით უფრო აღტაცებას გამოხატავს პესოას გენიის მიმართ და, როგორც ჩანს, თავის მადლიერებასაც ადასტურებს წინამორბედის ღვაწლის წინაშე. მაგრამ ამ არცთუ ვრცელ ტექსტში, რომელსაც “წერილი ფერნანდუ პესოას” ჰქვია და რომელიც უხვადაა გაჯერებული ბრწყინვალე განაზრებებით პესოას პიროვნებისა და პოეზიის შესახებ, – და ზოგადადაც, ცხოვრებისა თუ შემოქმედების შესახებ, – მოულოდნელ ყურადღებას იქცევს ფარული დაუნანებლობა იმის გამო, რომ უმცროსი პოეტი პირადად არასოდეს შეხვედრია უფროსს. ამგვარი განწყობა მკაფიოდ არსადაა გაცხადებული, – პირიქით, სიტყვიერად თავაზიანი გულდაწყვეტაც კი გამოითქმება ამ შეუხვედრებლობის გამო, – მაგრამ ეს განცდა მაინც მჟღავნდება, სულაც იმ შენიშვნისა და მინიშნებისას, რომ შესაძლო პირისპირ შეყრას ოდენ უბრალო ადამიანური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება თუ ძალუძდა… და იქვე, თითქოს სასხვათაშორისოდ, ისიცაა გამხელილი, რომ, თუნდაც სცნობებოდა ჟორჟი დე სენას ფერნანდუ პესოა (პესოას გარდაცვალებისას სენა თექვსმეტი წლისა იყო), იგი მაინც ვერასოდეს გაიცნობდა ვერც ალბერტო კაეიროს, ვერც ალვარო დე კამპოშუს და ვერც რიკარდო რეიშუს, და ეს იმ მარტივი მიზეზის გამო, – თუმცა საქმე მეტად უჩვეულოა, – რომ ერთის, მეორისა თუ მესამის ნაწარმოებთა ავტორი ფერნანდუ პესოაა და არც ერთს, არც მეორეს და არც მესამეს არასოდეს ჰქონია ხელშესახები არსებობა ამქვეყნად, – ისინი პოეტის წარმოსახვამ შექმნა და მათ არა მარტო განსხვავებული ლიტერატურული ტექსტები მიანიჭა, არამედ – თავ-თავიანთი ბიოგრაფიები, შინაგანი ცხოვრება, მისწრაფებანი, ხედვის თვალსაწიერი თუ სამწერლო სტილი…
პორტუგალიურ სიტყვიერებას თუ, ფართოდ, პორტუგალიურ კულტურას პესოამ არა მარტო ოთხი განსხვავებული პოეტი შესძინა, რომელთაგან კაეიროს საკუთარ მოძღვრად აღიარებდნენ კამპოშუც, რეიშუც და თავად პესოაც, არამედ კიდევ სხვა მრავალი მწერალი, პოეტი, ესეისტი, კრიტიკოსი. მკვლევართა დათვლით, მათი რაოდენობა ოთხმოცს უახლოვდება ან აჭარბებს, რომელთაც ჩვეულებრივ “ჰეტერონიმებად” მოიხსენიებენ, – ცნებაც და სიტყვაც პესოას შექმნილია. მათ ის განასხვავებს საზოგადოდ გავრცელებულ “ფსევდონიმთაგან”, რომლებიც ამა თუ იმ მწერლის შეცვლილ ან ჩანაცვლებულ პირად სახელს წარმოადგენს, რომ “ჰეტერონიმები” დამოუკიდებელი ლიტერატურული არსებანია, ლიტერატურული შემოქმედნი, რომლებიც არა მარტო დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ, – თუნდაც მხოლოდ ლიტერატურულ სივრცეში, – არამედ ერთმანეთს ეკამათებოდნენ, უპირისპირდებოდნენ, განსჯიდნენ, მხარს უჭერდნენ.
და კიდევ, პესოა არა მარტო ამ მრავალრიცხოვან პორტუგალიელ ავტორთა ავტორია, მათი შემქნელი (სხვათა შორის, არაერთ ახსნათა შორის ამგვარი ვარაუდიც გამოთქმულა, რომ პოეტი თავისი “ჰეტერონიმებით” იმჟამად ღარიბი პორტუგალიური ლიტერატურის გამრავალფეროვნებას და მწერალთა გამრავალრიცხოვნებას ცდილობდა), არამედ ინგლისური პოეზიის ღირსშესანიშნავი წარმომადგენელიც. ამის დასტურად თუნდაც მისი ინგლისურენოვანი პოემა “ანტინოე” იკმარებს, რომლის წარმტაცი სტრიქონები განმსჭვალულია ღრმა და იდუმალი განცდით, ტრაგიკული ჩაფიქრებით, წარსულისა და მომავლის წარმოსახვითი ჭვრეტით…
პოეტის მიდრეკილება ინგლისური ენისა თუ ბრიტანული კულტურის მიმართ მისი ბიოგრაფიითაც იყო განპირობებული: როგორც ამბობენ, იგი ინგლისურად უფრო ფიქრობდა (და, შესაძლოა, გრძნობდა და განიცდიდა კიდეც), ვიდრე პორტუგალიურად, რადგან სიყმაწვილე და მოწიფება ბრიტანულ სამხრეთ აფრიკაში გაეტარებინა და სწავლა-განათლებაც ინგლისურად ჰქონდა შეძენილი (მათ შორის, – კეიპტაუნის უნივერსიტეტში). ისიც უნდა ითქვას, რომ მისი პირველი ლიტერატურული თხზულებები ინგლისურადაა დაწერილი.
მიუხედავად ამისა, პესოა მაინც ლისაბონში დაიბადა და ლისაბონში გარდაიცვალა; მეტიც, ზრდასრულობაში იგი მტკიცედ გაურბოდა ამ ქალაქის თუნდაც მცირე ხნით დატოვებას (აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში სამოგზაუროდ იგი მხოლოდ თავის “ჰეტერონიმებს” აგზავნიდა), მაგრამ მანამდე, იგი რვა წლისა იყო, როცა, მამით დაობლებული, დედასთან და მამინაცვალთან ერთად (რომელიც კონსულად დანიშნეს), სამხრეთ აფრიკის კავშირში გადასახლდა. შემდგომ, ლისაბონში დაბრუნებული, ნახევრადშეშლილ ბებიასთან და ოკულტიზმით შეპყრობილ დეიდასთან ჩასახლებული, პესოა სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებაში მსახურობს და მთელი ცხოვრების მანძილზე ამ დაწესებულებათა საქმიან მიმოწერას წარმართავს უცხოურ ენებზე. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი შეეცდება, გრაფ გიმარაინსის მუზეუმის ბიბლიოთეკარი გახდეს, მაგრამ მისი თხოვნა უგულებელყოფილი დარჩება.
თუმცა პესოას სამოხელეო ყოფა დღიური შემოსავლის მოპოვების საშუალება იყო და არა პოეტის – თუ პოეტური – ცხოვრების შეფარვის, შენიღბვის, გასაიდუმლოების ხერხი. იგი არც მალავდა თავის შემოქმედებას, – სხვადასხვა გამოცემებში აქვეყნებდა საკუთარ ლექსებს ინგლისურადაც, პორტუგალიურადაც, და კიდევ, ესეისტურ სტატიებს ლიტერატურის, კულტურისა და პოლიტიკის შესახებ; მან რამდენჯერმე ჟურნალიცა და გამომცემლობაც დაარსა, თუმცაღა ამ საქმეში, როგორც მოსალოდნელი იყო, წარუმატებელი აღმოჩნდა; ამავე დროს, სიცოცხლის განმავლობაში მისი მხოლოდ ორი მომცრო პოეტური კრებული გამოიცა ინგლისურად, და ერთიც – პორტუგალიურად. რაც მთავარია, პოეტის უზარმაზარი, ლამის ამოუწურავი მემკვიდრეობა, ჩაწერილი ოცდახუთი ათას გვერდზე, იმ ვეებერთელა სკივრში ჩარჩა, რომელიც მეოცე საუკუნის ლიტერატურისათვის სიმბოლოდ, საიდუმლოდ, მითოსად იქცა: “პესოას კიდობანი”.
პოეტს არც ჰქონია რამე განსაკუთრებული პოეტური ცხოვრება, – მისი ყოველდღიურობა არა იმდენად იდუმალებით (ან თუნდაც რომანტიკული ნისლოვანებით) იყო შებურვილი, რამდენადაც შეუმჩნევლობისა და უღიმღამობის ზღვარზე მიედინებოდა დუნედ და მდოვრედ; მარტოხელა კაცი თავის ძველ თუ ახალ მეგობრებს, ჩვეულებრივ, კაფეებში ან ქუჩებში ხვდებოდა; თავს სულაც არ იზღუდავდა უზომო სასმელისა და უზომო თამბაქოსაგან; ცნობილია მისი ერთადერთი, ხანმოკლე გატაცების შესახებ სავაჭრო დაწესებულებაში მომუშავე ახალგაზრდა ქალით, რაგვარი გრძნობაც, სრულიად არაა გამორიცხული, მხოლოდ წარმოდგენაში არსებულიყო; რაც შეეხება პესოას პოეზიაში გამკრთალ ცხად ჰომოეროტიკულ მოტივებს, არავინ უწყის, რამდენად გამოხატავს ისინი ავტორისეულ განწყობებს, თუ ესეც მხოლოდ მისი ერთ-ერთი განსხეულების – “ჰეტერონიმის” – ფარული სწრაფვებია… რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, პოეტი გატაცებული იყო ოკულტიზმით, სპირიტიზმითა და ასტროლოგიით (ან სამივეთი ერთად) და თავის ცხოვრებას – სხვათა შორის, “ჰეტერონიმების” წარმოსახულ ცხოვრებასთან ერთად – ბუნებისმიღმიერ ძალებთან ათანხმებდა; პესოას რამდენჯერმე მოუხდა დაპირისპირებოდა ხელისუფლებასაც და საზოგადო აზრსაც: ერთხელ, როცა მხარში ამოუდგა იმხანად ახალგაზრდა პოეტ ანტონიო ბოტას, რომელსაც თავის ლექსებში “სოდომის ცოდვის” უხამსი განდიდება ბრალდებოდა; მეორედ, როცა ახალგაზრდულ კონსერვატიულ გაერთიანებას დაუპირისპირდა ლიტერატურის – და ლიტერატორის – დამოუკიდებელი არჩევანის უფლების დასაცავად; მესამედ, როცა პოლიციამ მასაც მიაკითხა “ჯადოქრისა და სატანისტის” ალისტერ კროულის ლისაბონში ჩამოსვლისა თუ გაუჩინარების გამო (ისიც სათქმელია, რომ პესოამ არა მხოლოდ თარგმნა პორტუგალიურად კროულის “ჰიმნი პანს”, არამედ ხელიც შეუწყო სახელგანთქმულ მაგს სიკვდილის გახმაურებულ ინსცენირებაში). მაგრამ უმეტესად იგი მაინც თავს არიდებდა გამომწვევი თუ გამორჩეული პოზიციის გამოხატვას. მთლად ნათელი და უყოყმანო დამოკიდებულება პოეტს არც პორტუგალიის ფაშისტური რევოლუციის მიმართ გამოუმჟღავნებია. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სალაზარის ხელისუფლება დამყარდა, პესოას არ გამოუთქვამს თავისი მყარი და ჩამოყალიბებული თვალსაზრისი გამარჯვებული წყობილების შესახებ (როგორც ჩანს, სალაზარი მაინც არ იწვევდა მის სიმპათიებს), თუმცა მანამდე იგი თავის ნაწერებში შეუფარავად იცავდა მტკიცე დიქტატურის თუ “ინტელექტუალური ტირანიის” აუცილებლობას ქვეყნისთვისაც, ხალხისთვისაც, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვისაც…
სიკვდილამდე ერთი წლით ადრე პესოა აქვეყნებს თავის პირველ და ერთადერთ წიგნს პორტუგალურად. ამ პოეტურ ნაკრებს, – სახელწოდებით “უწყება”, – ბრძოლის ველზე გაუჩინარებული ჭაბუკი მეფის, სებასტიანეს, მოლოდინისა და მისი მისტიკური დაბრუნების შესახებ, გაჟღენთილს პორტუგალიის ისტორიითა და ეზოტერიკული სიმბოლიკით, სალაზარის მთავრობა – ეროვნულ პოეზიაში შეტანილი წვლილისათვის – მეორე (მხოლოდ მეორე!) ხარისხის ჯილდოს მიანიჭებს. მკითხველისათვის შესამჩნევია “უწყების” გადაძახილი კამოინშის ბიოგრაფიასთანაც, რომელსაც ისტორიული სინამდვილეც და ისტორიული გადმოცემებიც მეფე სებასტიანეს უკავშირებს და კამოინშის “ლუზიადებთანაც”, სადაც, სხვათა შორის, ქვეყნის წარსული, ასევე, – მემკვიდრეობითი გერბების განსჯითა და მათი ფარული ნიშნების ამოკითხვით, – აღიწერება.
ორმოცდაშვიდი წლის პესოა 1935 წლის 30 ნოემბერს ლისაბონში გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა ჩანაწერი ინგლისურად: “მე არ ვიცი, რას მომიტანს ხვალინდელი დღე…”
დანარჩენი კი მის ლექსებშია ნათქვამი, რომლებიც, პოეტის ცხოვრებისაგან განსხვავებით, არც უღიმღამო, არც უფერული და არც უმნიშვნელო არ ყოფილა… დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ ლუიშ დი კამოინშის შემდეგ პოეზიას აღარ მიუღწევია ამგვარი სიმაღლისა თუ სიღრმისათვის პორტუგალიურ ენაზე.
მაგრამ კითხვა მაინც რჩება კითხვად: რა უწყებაა, რა გულისთქმაა, რა გულის წადილია ჩადებული სხვადასხვა ავტორებად განსხეულებული და განტოტვილი პოეტის მრავალრიცხოვან, მრავალფეროვან ტექსტებში? ან ამოიკითხება კი მათში ამგვარი ერთიანი უწყება?
განმსაზღვრელი ისაა, პესოას არასოდეს სწამდა, რომ სამყარო ნამდვილად არსებობს, მას არც ის სწამდა, რომ პიროვნება არსებობს (ნუთუ მხოლოდ პარადოქსია თუ განგების ირონიაა, რომ “დეპერსონალიზაციის” მხურვალე მოციქულის გვარი – პესოა – პორტუგალიურად “პერსონას”, “პიროვნებას” ნიშნავს?!)… როგორც ჩანს, მისი სწორედ ამგვარი თვალსაზრისიც განაპირობებს, რომ იგი საკუთარ თავსაც – თუნდაც როგორც ადამიანს, თუნდაც როგორც პოეტს – ვერ ხედავდა ერთ განუყოფელ მთლიანობად, და ამიტომაც დაანაწევრა მან თავისი მეობის სხვადასხვა წახნაგი თუ სხვადასხვა სათქმელი სხვადასხვა ავტორად, რომელთაგან ზოგი კლასიცისტი აღმოჩნდა, ზოგი – ფუტურისტი, ზოგი აგნოსტიკოსი, ზოგი – ახალი წარმართი (სხვაგვარად, “ნეოპაგანიზმის” მიმდევარი); თვალსაჩინოა, რომ “თავად ფერნანდუ პესოაც” არ ემთხვევა რეალურ ადამიანს ფერნანდო პესოას, – თავისი ვინაობისაგან ამგვარი შემოქმედებითი გამიჯვნით იგი, საზოგადოდ, შეიძლება, დიდად არც გამოირჩევა სხვა შემოქმედთაგან, – მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისევ წარმოსახულ ავტორთან, მწერალ ფერნანდუ პესოას ოდენ ერთ-ერთი “ჰეტერონიმთან”, რომელიც ლისაბონში მოსახლე მოქალაქე პესოასაგან გარეგანი და შინაგანი ცხოვრებითაც განსხვავდება.
პოეტმა ერთხელ თავისი ლიტერატურული დანაწილება თუ გახლეჩა საკუთარი ფსიქიკური მოუწესრიგებლობის გამოვლინებად მიიჩნია, მაგრამ არავინ უწყის (სხვა თუ არაფერი, შესაძლოა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყოს!), როდის ამბობდა იგი იმას, რასაც სიღმისეულად თავად განიცდიდა, და როდის ცდილობდა სხვათა გრძნობები და შეგრძნებანი წარმოედგინა: ამ სხვათათვის ჯერ მეტ-ნაკლები სისავსის – თუნდაც წარმოსახვითი – სიცოცხლე მიენიჭებინა, ხოლო შემდეგ კი მათი სათქმელი შესაბამისი სიტყვით გადმოეცა. ალბათ, გასაკვირი არაა, რომ პესოას ყოველგვარი ხელოვნებისათვის სანიმუშო სახედ დრამატული თეატრი მიაჩნდა, ან, უფრო ზუსტად, სანიმუშო, სამაგალითო ხელოვანი მისთვის იყო მსახიობი, რომელიც არა გამოთქვამს (ანუ არ გამოთქვამს იმას, რასაც თვითონ ფიქრობს ან განიცდის), არამედ განასახიერებს (ანუ სახოვანებას ანიჭებს, განასახოვნებს სხვათა ნაფიქრსა და გამოცდილებას)…
“ანტინოეშიც” (პოემა, სხვათა შორის, თავად ფერნანდუ პესოას სახელით გამოქვეყნდა) პოეტი აამეტყველებს რომის იმპერატორს, ადრიანეს, რომელიც იმჟამად, წვიმიან და მჭმუნვარე ღამით, მარტოა, – ტკივილით გაჟღენთილი, შეძრწუნებული და ათრთოლებული: მას მუხლი მოუყრია დაღუპული სატრფოს, ანტინოეს, გაცივებულ სხეულთან და ცდილობს, თავს დამტყდარი განსაცდელის საზრისს ჩაწვდეს. გულგანმგმირავი დატირებისას, მოთქმისას, გოდებისას იგი ნელ-ნელა, თითქოს ხელისცეცებით ეძებს გარდაცვლილი ჭაბუკისათვის უკვდავების მინიჭების საშუალებას, და ამ საშუალებათა წყება იმპერატორის ცნობიერებაშიც და, შესაბამისად, პოეტის ლექსის აგებულებაშიც თანდათანობით გამოიკვეთება: თუ თავდაპირველად ამგვარ უკვდავებად წარმოისახება იმქვეყნად გარდასული ანტინოეს ამქვეყნიურ ქანდაკებათა აღმართვა (ასეთი ქანდაკებებით ადრიანემ მართლაც მოჰფინა მთელი იმპერია), შემდგომ სასოწარკვეთილი კეისარი განიზრახავს, ნილოსის ტალღებში დანთქმული ყრმა ღმერთად გამოაცხადოს და ოლიმპელ ღმრთაებათა შორის დაუმკვიდროს სამყოფელი, რითაც იგი სამუდამოდ უნდა დარჩეს როგორც იმქვეყნიერთა, ისე ამქვეყნიერთა შორის (ეს გადაწყვეტილებაც რომის უმაღლესმა ხელისუფალმა – სარწმუნოებით წარმართმა – შეუჭოჭმანებლად განახორციელა, რის შედეგადაც ანტინოე ორ საღმრთო პანთეონს მიეკუთვნა: რომაულსაც და ეგვიპტურსაც); ყოველივე ეს ისტორიული ანალებიდანაცაა ცნობილი, მაგრამ პოემის პერსონაჟი იმპერატორი – პესოას ნებით – აგრძელებს მსჯელობას და ხვდება, რომ უკვდავი არა მარმარილო და არა სპილენძია, არა იმ ღმრთაებათა შორის ყოფნა, რომელთა ნასახიც აღარ დარჩება სულ მალე (ქრისტიანობა უკვე აღმოცენებულია და მთელს იმპერიაში ვრცელდება!), არამედ მხოლოდ ის ლმობითი განცდა, რაც წარუვალია, წარუშლელია, დაუვიწყებელია, და კიდევ, იმ გაუცვეთელი სიყვარულის სურათი, რომელიც საუკუნეებს შორის გაიხიდება; მაგრამ ბოლოს და ბოლოს, უკვდავების ყველაზე სანდო სიმყარედ მხოლოდ ხსოვნა წარმოჩნდება, რომელმაც დროის წიაღ, დროის მიღმა უნდა შეინარჩუნოს მარადიული ქალაქის სევდიანი იმპერატორის გრძნობები… ისევ წვიმს, მაგრამ წყნარად დაუბერავს უშფოთველი ნიავი… დამშვიდებულ კეისარს ჩაეძინება…
პოემა მთავრდება, თუმცა მკითხველმა ხომ ზედმიწევნით კარგად უწყის, რომ უკვდავების ამგვარი სასოთი გულდაჯერება ვერ სცილდება პოეზიისა და რიტორიკის ფარგლებს, ხოლო რჩება ადამიანის დაუამებელი ტკივილიც მოუშუშებელი დანაკლისის გამო და დაუოკებელი მიდრეკილებაც, ჰყავდეს მოსიყვარულე ახლობელი, ეგულებოდეს თანამგრძნობი, იმყოფებოდეს თავისნაირთა შორის, ისევ რჩება ადამიანის სწრაფვა ბედნიერებისაკენ, და კიდევ, რაც მთავარია, ისევ ჩაუქრობლად გიზგიზებს, არ მინავლდება იმედი ნამდვილი ხსნისა და ნამდვილი უკვდავებისა…
ძნელია სათქმელია, სად ეგულებოდა პესოას მომავლის მოციაგე იმედი, ანდა რამდენად მიისწრაფვოდა იგი, გაწონასწორებული სიმშვიდით მიეღო, შეეთვისებინა გარემომცველი სამყარო თუ საკუთარი მეობა. როგორც ჩანს, მყუდროების საყრდენი მან ვერც სამყაროში და ვერც საკუთარ თავში ვერ მოიპოვა.
არც ის გარემოებაა უყურადღებოდ დასატოვებელი, რომ მისთვის, როგორც პოეტისათვის, როგორც ჩანს, მტკივნეულად მძიმე აღმოჩნდა შემოქმედის პიროვნული მეობის ტვირთი, რამაც განაპირობა კიდეც მისი უნდომლობა (და, ალბათ, უნდობლობაც), რათა თვითგამოსახატავად, გასაცხადებელი სათქმელის ასამეტყველებლად, გარეთ გამოსატანად საკუთარ პიროვნებას დაყრდნობოდა. პესოასათვის უცხო აღმოჩნდა ყოველგვარი ინდივიდუალურის, პირადის, კერძოს, განსაკუთრებულის, ერთადერთის ის კულტი, რასაც დასავლური კულტურა ამკვიდრებდა, სულ მცირე, რომანტიკოსთა თაობის შემდგომ, როცა უპირობო უპირატესობა მიენიჭა ახლისა და საკუთარის გამოხატვას, უფრო ზუსტად, საკუთარი ახლის გამოხატვას. ხოლო ამგვარი ხელოვნება უგულებელყოფს იმას, რასაც ის მანამდე ემსახურებოდა: საზოგადოსა და სანიმუშოს განსახოვნებას. პესოაც, ერთი შეხედვით, რომანტიკოსთა გზას გაჰყვა, – მანაც ჩააქრო თავის შემოქმედებაში ყოველივე საყოველთაო და ერთიანი, მაგრამ სინამდვილეში იგი მაინც, – თავისებურად, სრულიად განსხვავებულად, – დაუპირისპირდა ტრადიციულ კულტურას: ინდივიდუალური და პიროვნული არა განაზოგადა, არა გაამთლიანა, არა მრავალთა ერთიან ნიმუშად აქცია, არამედ ერთეული მრავლად აქცია, კონკრეტული წახნაგებად დაშალა, განსხვავებანი ახირებად წარმოაჩინა, რითაც კიდევ უფრო გაუუცხოვდა, დაშორდა, მოსწყდა კლასიკური ხელოვნების მყარ და სანდო – უფრო იდეალურ – საფუძველს.
ჟორჟი დე სენა თავის წერილში მიმართავს გარდაცვლილ პესოას და უზიარებს მას თავის ვარაუდს, რომ მისი დეპერსონალიზაცია, – მრავალ პიროვნებად, მრავალ ავტორად დანაწევრება, – სინამდვილეში იყო პოეტის უიმედო და, როგორც ჩანს, უნაყოფო მცდელობა თავის დაცვისა, თავის გადარჩენისა იმ სიცარიელისაგან, რომელსაც იგი საკუთარ თავში გრძნობდა.
სიცარიელე კი – ყოველ შემთხვევაში, ევროპულ ცივილიზაციაში – არა მარტო შინაარსისაგან (და არსისაგან!) დაცლაა, არამედ სულის უმყოფობაც, სულის უქონლობაც.
იქნებ პესოას სწრაფვა წყვდიადისეული საწყისების მიმართ, მისი სიახლოვე დემონურ ძალებთან, სულის დათმობასაც ნიშნავდა… იქნებ ამიტომაცაა პესოა მოუხელთებელი, ამიტომაცაა უკიდურესად ძნელი (ლამის შეუძლებელი!) მასთან პირისპირ შეხვედრა, მისი ცნობა და შეცნობა, – და არამხოლოდ იმის გამო, რომ იგი რამდენიმე ათეულ მწერალშია გაფანტული. საფიქრებელია, რომ ის – თუნდაც ფარული – დაუნანებლობა, რომელსაც სენა ამჟღავნებს იმის გამო, რომ იგი არასოდეს შეხვედრია უფროს თანამოკალმეს, რომ იგი პირადად არ იცნობდა ახალი პორტუგალიის ყველაზე დიდ პოეტს, ჩანს, აღიარებაცაა ამ შეხვედრის შეუძლებლობისა. მაგრამ განა მართლა პოეტ ფერნანდუ პესოას სწერდა თავის წერილს პოეტი ჟორჟი დე სენა? ან კი რატომ მისწერდა იგი იმქვეყნად იმას, ვისაც ამქვეყნადაც არ სჯეროდა არათუ უკვდავება პიროვნული სულისა, არამედ თვით არსებობაც პიროვნებისა, რომელიც პორტუგალიურად ასე ჟღერს: პესოა.
2005
პირველად გამოქვეყნდა წიგნში: მერაბ ღაღანიძე, მწერლის ცხოვრება დროში და სიტყვაში: 99 მცირე და ვრცელი ჩანაწერი უცხოელ მწერალთა შესახებ, თბ.: მემკვიდრეობა, 2011, გვ. 380-389.