National Geographicსურათებიფლორა & ფაუნა

National Geographic: ღრმა წყლის ბინადრები

ადამიანები იშვიათად ხვდებიან ფურფუშებიან ზვიგენს, რომელიც ამჯობინებს ოკეანის სიღრმეში ყოფნას, ზედაპირიდან 1500 მეტრით ქვემოთ. მისი ორგანიზმის ანალიზმა აჩვენა, რომ ამ სახეობას შემორჩენილი აქვს ბევრი ფიზიკური მახასიათებელი მისი წინაპრებიდან, რომლებიც დინოზავრების დროს ბინადრობდნენ. 1.6 მეტრი სიგრძის ეგზემპლარი პირველად 2007 წელს აღმოაჩინეს იაპონიის თავთხელ წყლებში. დაჭერიდან რამდენიმე საათში მოკვდა.


გიგანტური ობობა კიბორჩხალა ფლობს დედამიწის ყველაზე დიდი ანთროპოდის ტიტულს. სიცოცხლეს უმეტესად ოკეანის ფსკერზე, 300 მეტრის სიღრმეზე ატარებს და საკვებსაც იქ ეძებს. ეს იშვიათი გრძელფეხება მონსტრი იაპონიის წყლების მკვიდრია და შეიძლება ზომაში 3.7 მეტრს მიაღწიოს. სახეობის სურათზე აღბეჭდილი 1.5 მეტრიანი წარმომადგენელი იაპონიაში, საგამის უბეში გამოიჭირეს.


ავის მომასწავებელი გარეგნობის მქონე ზღვის მგელი (იგივე ატლანტის ლოქო, ოკეანის ლოქო, ზღვის კატა) კლდოვანი სანაპიროს სიღრმეებში იბუდებს ზღვის დონიდან 500 მეტრით ქვემოთ. სიგრძეში 1.5 მეტრს აღწევს. მას კბილების ბასრი წყება აქვს, რაც სჭირდება მის საკვებ დიეტაში არსებული ცხოველების დასამუშავლებლად: მყარი ნიჟარის მქონე მოლუსკები, კიბორჩხალები, ზღვის ზღარბები. ეს შეწყვილებული დედალ-მამალი მაინის შტატის სანაპიროსთან, ღრმა წყლებში აღმოაჩინეს.


ხმალკბილა თევზი ღამის კოშმარების არსებას ჰგავს. ის ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მცხოვრები თევზია, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ. როგორც წესი, მისი საბინადრო არეალი 2000 მეტრის სიღრმეზეა, მაგრამ უპოვნიათ ყინულიან, მკვდარ არეალში 5000 მეტრის სიღრმეზეც. ხმალკბილა თევზი სიგრძეში მხოლოდ 16 სმ-ს აღწევს, მაგრამ მისი კბილები (რის მიხედვითაც სახელი ეწოდა) სხეულის პროპორციებთან შედარებით ყველა სხვა თევზზე მასიურია.


ექვსლაყუჩიანი ზვიგენები, მაგალითად ვანკუვერის სანაპიროსთან ნაპოვნი ეს ეგზემპლარი, დღის განმავლობაში ოკეანის ფსკერზე მოგზაურობენ და ხანდახან 2500 მეტრის სიღრმეზე ჩადიან. ღამით კი ზედაპირთან ამოდიან და მსხვერპლს ეძებენ გამოსაკვებად. ზომა შთამბეჭდავი აქვთ – შეიძლება 5 მეტრს მიაღწიონ. იკვებებიან სხვა ზვიგენებით, სკაროსებით, კალმარებით, კიბორჩხალებით, ხანდახან სელაპებითაც.


წნევის გამანადგურებელი დონე, ყინულოვანი ტემპერატურა, არანაირი სინათლე – ასეთია გიგანტური მილისებრი ჭიაყელების საბინადრო პირობები. ისინი მორგებულნი არიან გამრავლებას ისეთ ადგილებში, სადაც არის ჰიდროთერმული დინებები, რომლის მეშვეობითაც ოკეანეში გამოედინება მომწამლავ ქიმიკატებთან შეზავებული სუპერცხელი წყლის ნაკადი. ეს კოლონია გადაღებულია ზღვის დონიდან 2.4 კმ-ის სიღრმეზე წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, გალაპაგოსის კუნძულებთან ახლოს.


ვამპირი კალმარი შესაფერისი სახელია იმ სახეობისთვის, რომელიც ოკეანის ბნელ არეებში იმალება ხოლმე. თავს კომფორტულად გრძნობს 3000 მეტრის სიღრმეზე. ეს პატარა (სიგრძით საშუალოდ 30 სმ) თავფეხიანი სიბნელეში ნავიგაციას ახდენს თვალებით, რომლებიც სხეულის პროპორციების გათვალისწინებით ყველაზე დიდი აქვს ნებისმიერ სხვა არსებასთან შედარებით. სახელი მიიღო მუქი აპკოვანი საცეცების გამო, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ლაბადასავით შემოიხვიოს სხეულზე.


წყნარი ოკეანის თევზი-ასპიტი აღჭურვილია წვეტიანი, ნემსისმაგვარი კბილებით. მათი ზომისა და სპეციფიკური განლაგების გამო თევზს არ შეუძლია პირის დახურვა. ეს ღრმა წყლის დემონი მხოლოდ 25 სმ-მდე იზრდება და ბინადრობს 4400 მეტრის სიღრმეზე. მსხვერპლს თავისთან იტყუებს ბიოლუმინესცენციური ფოტოფორებით, რომლებიც მუცელზეა განლაგებული და სიბნელეში ლურჯად ანათებს.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button