იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო, ერთ სოფელში ცხოვრობდა ღარიბი ცოლ-ქმარი. ცხოვრობდაო, ვიტყვით, თორემ იმათ ყოფას რა ცხოვრება ეთქმოდა, საჭმელი იმათ არ გააჩნდათ და სასმელი, ერთი სიტყვით, სულს იქით არაფერი აბადიაო, რომ იტყვიან, სწორედ ისეთები იყვნენ.
ერთ დღეს მიკრიფ-მოკრიფეს და, როგორც იქნა, ერთი მოხარშვა ლობიო მოაგროვეს. ლობიო კი შემოდგეს ცეცხლზე, მაგრამ მარილი ერთი მწიკვიც აღარ აღმოაჩნდათ, რომ შეჭამანდისათვის ექნათ. ცოლმა უთხრა ქმარს:
წადი ქალაქში, წაიღე თუ რამე გროშები გაქვს, და იქნებ ერთი მუჭანახევარი მარილი მაინც იყიდოო.
წასვლით კი წავალ, – უთხრა ქმარმა თავის ქექვით, – მაგრამ რამდენი ვიყიდო დამავიწყდება, ამოდენა გზაზე როგორ დავიხსომოო.
გზაზე სულ მუჭანახევარი, მუჭანახევარი იძახე, აღარ დაგავიწყდებაო, – ურჩია ცოლმა.
წავიდა კაცი. მიდის ქალაქისაკენ და გაიძახის, – მუჭანახევარი, მუჭანახევარიო!
გზის პირას ერთი კაცი ყანას თესავდა და თესლის ყოველ გადაბნევაზე ერთი ასად, ერთი ასადო! – ამბობდა. გაიგონა მთესველმა ამ ღარიბი კაცის ყვირილი და ცეცხლი მოეკიდა – მე იმას ვითხოვ, რომ ერთი ასად მომივიდეს, ეს ბრიყვი კი მუჭანახევარს გაიძახისო. დადო ხორბლიანი ხურჯინი და ერთი მაგრამ მიბეგვა.
რა დაგიშავე, რაზე მცემო? – ჰკითხა კაცმა.
იმიტომ გცემ, რომ ღირსი ხარო, – უთხრა გლეხმა, – მე ღმერთს ერთი ასად ვთხოვე, შენ კი მუჭანახევარს გაიძახიო.
მაშ, როგორ უნდა მეთქვაო?
უნდა გეთქვა, ერთი ათასად, ერთი ათასად! და მადლობასაც გეტყოდიო, – უთხრა ყანის მთესველმა.
კარგი, ამის შემდეგ ასე ვიტყვიო, – უთქხრა კაცმა და წავიდა. მიდის ქალაქისაკენ და გაიძახის, – ერთი ათასად, ერთი ათასადო!
გზაზე მკვდარს მოასვენებდნენ. გაიგონეს კაცის ძახილი ჭირისუფლებმა, მისდგნენ და ერთი კარგა მიბერტყეს, – შე ოხერო და მუდრეგო, ეს ერთი მკვდარი არ გვყოფნის, რომ ახლა ათასადაც არ გაგვიხდესო?
მაშ, როგორ უნდა მეთქვაო? – ჰკითხა კაცმა.
როგორ და – ღმერთმა აცხონოს, ღმერთმა აცხონოსო! – და ჩვენც პატივით გაგისტუმრებდითო.
კარგით, აწი სულ ასე ვიტყვიო, – უთხრა კაცმა და წავიდა. მიდის ქალაქისაკენ და გაიძახის: ღმერთმა აცხონოს, ღმერთმა აცხონოსო!
გზაზე მაყრიონი შემოხვდა, მოჰყავთ პატარძალი და მოიმღერიან. გაიგონეს ამ კაცის ძახილი მთვრალმა მაყრებმა და მათრახებით სულ თავ-პირი ჩამოალეწეს, – შე მამაოხრიშვილო, პატარძალი მიგვყავს, ბედნიერებასა და სიცოცხლეზე ვმღერით და საცხონებელს აქ რასა ხედავო?
მაშ რა უნდა ვთქვაო? – ჰკითხა კაცმა, – მე როგორც მასწავლეს, ისე ვამბობო.
ვინც ეგ გასწავლა, ისიც შენნაირი მუდრეგი იქნებაო, – უთხრეს მაყრებმა, – ცხონება კი არ უნდა გეთქვა, უნდა მისულიყავი ახლოს, მოგეხადა ქუდი და ხმამაღლა გეყვირა, – გაუმარჯოს, გაუმარჯოს!
კარგით, აწი ასე ვიზამო, – თქვა კაცმა და გაუდგა გზას ქალაქისაკენ, მიდის და რაც ძალი და ღონე აქვს გაჰყვირის: გაუმარჯოს, გაუმარჯოსო!
გზაზე ერთი მონადირე ირემს ეპარებოდა. ის იყო თოფი უნდა ესროლა, რომ ირემმა გაიგონა კაცის ყვირილი და დამფრთხალი ტყეში შევარდა. მოტრიალდა გაცეცხლებული მონადირე და ურტყა და ურტყა თოფის კონდახი ბეჭებში – შე სულძაღლიშვილო, რა ჭირი გაღრიალებს, ნასთვლევი ხარირემი რატომ გამიფრთხეო.
მაშ რა უნდა მეთქვაო? – ჰკითხა კაცმა.
არაფერიც არ უნდა გეთქვა, – უთხრა მონადირემ, – დაღუნულიყავი და ჩუმად გაგევლო. ახლა ირემი მოკლული მეყოლებოდა და კაი მწვადებსაც გაჭმევდიო.
კარგი, ამის შემდეგ ხმას აღარ ამოვიღებ და სულ მოღუნული ვივლიო, – თქვა კაცმა და წავიდა. მიდის ქალაქისკენ წელში მოღუნული და თან ღობე-ყორეს ეფარება.
ერთ კაცს ფულიანი ქისა დაჰკარგვოდა და დაეძებდა. დაინახა მოღუნული კაცი, დაიჭირა და უთაქა და უთაქა: თუ ჩემი ფულიანი ქისა შენ არ იპოვე, მაშ ღობე-ყორეს რას ეფარები?
კაცმა დაიფიცა, არ მიპოვიაო და ფულის პატრონმაც დაანება თავი.
აბა, რა ვქნა, როგორ ვიარო, ან რა ვთქვაო? – ჰკითხა კაცმა. ქისის პატრონს თავისი ფულები აწუხებდა და კაცის დარდი სულაც არ ჰქონდა.
ჯანდაბამდისაც გივლია და ის გითქვამს, რაც ჯერ არავის უთქვამსო, – მიაძახა და ქისის საძებნელად წავიდა.
დარჩა ადგილზე კაცი და აღარ იცის, როგორ მოიქცეს. ამდენ ხათაბალაში ცოლის დანაბარებიც დაავიწყდა და სინ ხელცარიელი დაბრუნდა. გაბრაზდა ცოლი, რატომ მარილი არ მოიტანეო და რაც ხალხმა დააკლო, თვითონ დაუმატა.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.
დახასიათება