ამ სტატიაში წარმოდგენილია ინფორმაცია მეინსტრიმული კომიქსების ანტაგონისტი პერსონაჟების („ვილანები“) წარმოშობის ისტორიებზე; იმაზე – თუ რომელმა რეალურმა მოვლენებმა, საგნებმა ან პიროვნებებმა მოახდინეს გავლენა პერსონაჟების შემქმნელებზე და როგორ ეწვიათ მათ შთაგონება. დავიწყოთ:ჯოკერი – ათწლეულების განმავლობაში მიდიოდა დავა ბეტმენის დაუძინებელი მტრის – ჯოკერის შექმნის ისტორიაზე. მის შექმნაში ძირითადი წვლილის შემტანებად მიიჩნევენ ბობ კეინსა და ბილი ფინგერს, თუმცა ამ სტატუსზე პრეტენზია გამოთქვა მწერალმა ჯერი რობინსონმაც. კეინი ამბობს: „ჯოკერი შევქმენით მე და ბილი ფინგერმა. ბილი იყო მწერალი. ჯერი რობინსონი შემხვდა და ხელში ბანქოს ათამაშებდა. ჯოკერის ბანქო კონრად ვეიდტს ჰგავდა – ისაა, ჰიუგოს „კაცი, რომელიც იცინის“-ში რომ თამაშობს. ფინგერს კონრად ვეიდტის სურათიანი წიგნი ჰქონდა, რომელიც მაჩვენა და მითხრა, „აი, ჯოკერი.“ ჯერი რობინსონს ამასთან არაფერი ესაქმებოდა, ის მხოლოდ ბანქოს ათამაშობდა…“ რობინსონის პასუხი: „ამ შეხვედრაზე მას ჯოკერის მონახაზი ვაჩვენე. ბილმა თქვა, რომ ამაზე მას კონრად ვეიდტი მოაგონდა, „კაცი, რომელიც იცინის“-დან. ეს იყო ჯოკერის პირველი ხსენება… ორივეს აქვს წვლილი ჯოკერის შექმნაში, ყველამ შევიტანეთ ჩვენი წვლილი. კონცეფცია ჩემი იყო.“
ქალი-კატა – ქალი-კატა ასევე შექმნეს ბილი ფინგერმა და ბობ კეინმა, მაგრამ ავტობიოგრაფიაში Batman and Me კეინი ამბობს, რომ ეს feline femme fatale ნაწილობრივ შთაგონებული იყო მისივე ბიძაშვილის – რუთ სტილის მიერ და მან ასევე გამოიყენა 1930-იანი წლების მსახიობის ჯინ ჰარლოუს სექსუალურობა. რაც შეეხება კატას, კეინი წერს: „ვგრძნობდი, რომ ქალები კატისებური არსებები იყვნენ, კაცები კი – ძაღლები. ძაღლები ერთგულები და მეგობრულები არიან, კატები კი – გულგრილები და არასანდოები. ძაღლებთან თავს კარგად ვგრძნობ, კატების გაგება კი რთულია, ისევე – როგორც ქალების.“
წითელი თავის ქალა – ციტატა კაპიტანი ამერიკის შემქმნელის, ჯო სიმონის ავტობიოგრაფიიდან My Life in Comics: „ყოველთვის ვფიქრობდი გმირებზე და ბოროტმოქმედებებზე, თავში ყოველგვარი აზრი მომდიოდა… ერთხელ ცხელი ირისის სანდეს [ნაყინის სახეობა] შევექცეოდი, ვანილის ნაღებითა და ცხელი ირისით, რომელიც ნაკადებად მოედინებოდა ნაღებზე. დამაინტერესა. ცხელი ირისის ხაზები კიდურებს ჰგავდა – ფეხებს, ტერფებს და ხელებს – და ამ დროს ჩემთვის ვფიქრობ: ვაჰ, კარგი ბოროტმოქმედი გამოვა. და მას დავარქმევ ცხელ ირისს… დავუმატებ სახეს, საიდანაც მუდმივად ჟონავს [სისხლი]. უცებ ნაყინის თავზე წითელი ალუბალი დავინახე, თავის ქალას ჰგავდა. „ვაუ…“, ვთქვი ჩემთვის, „წითელი თავის ქალა“… კარგად ჟღერს.“
პინგვინი – ბეტმენის გმირების წარმოშობა მუდმივად სადავო იყო, ყოველ შემთხვევაში ბილი ფინგერისა და ბობ კეინის ცნობიერებაში. ამავე კატეგორიას განეკუთვნება „დანაშაულის ჯენტლმენი“ პინგვინი. ლეს დენიელსის 2004 წლის წიგნში Batman – The Complete History: The Life and Times of the Dark Knight, მოყვანილია ბილ ფინგერის ციტატა: „[პინგვინის] შთაგონება იყო საიმპერატორო პინგვინები, რომელიც მაგონებდა მოწესრიგებულ ინგლისელ ჯენტლმენებს ტუქსედოებში.“ რაც შეეხება ბობ კეინს, ის ამბობს, რომ შთაგონება მოვიდა: „პატარა პინგვინიდან, რომელიც იბეჭდებოდა Kool-ის მენთოლის სიგარეტებზე და რომლის მომთხოვნი ხმითაც ისმოდა რადიოში სლოგანი “Smoke Kooools!”
ორსახა – თუ კი ჯოკერის შექმნას თანაბრად ინაწილებენ ბობ კეინი და ბილ ფინგერი, ორსახას შექმნა მთლიანად მიეწერება კეინს. 1985 წელს ავტობიოგრაფიაში Batman and Me ის წერს, რომ ინსპირაცია ეწვია რობერტ ლუის სტივენსონის XIX საუკუნის მოთხრობის „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური შემთხვევის“ 1931 წლის ეკრანიზაციიდან. ამასთანავე, მის შექმნაზე გავლენა მოახდინა მაკულატურული ჟურნალის პერსონაჟმა Black Bat-მა, რომელსაც სახე მჟავათი დაეწვა.
დოქტორი დუმი – მრისხანე დოქტორ დუმი წარმოადგენს სტენ ლისა და ჯეკ კირბის ქმნილებას. კირბიმ აღნიშნა სიკვდილის გავლენა: „სიკვდილი იყო დუმის აბჯრისა და კაპიუშონის შთაგონება. სიკვდილი დაკავშირებულია აბჯართან და არამიწიერ ფოლადთან. სიკვდილი უმოწყალოა, ადამიანი კი მოწყალებითაა სავსე.“
მაგნეტო – სტენ ლიმ და ჯეკ კირბიმ ეს ძლევამოსილი მუტანტი და ასევე პროფესორი იქსი შექმნეს ამერიკის სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლთა აქტიურობის პიკში მარტინ ლუთერ კინგისა და მალკოლმ იქსის გავლენით. ორივე მათგანი იბრძოდა ადამიანთა უფლებებისთვის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მაგრამ თუ კინგი [პროფესორი იქსი] იყენებდა მშვიდობიან მეთოდებს და დიპლომატიას, მალკოლმ იქსი [მაგნეტო] მომხრე იყო ძალადობრივი მეთოდების. სტენ ლი მაგნეტოს შესახებ: „მაგნეტო ცუდ ბიჭად არ ჩამიფიქრებია. ის უბრალოდ პასუხს სცემდა დისკრიმინაციის განმახორციელებლებს და რასისტებს. ის ცდილობდა მუტანტების დაცვას და რადგან საზოგაოდება მათ უსამართლოდ ეპყრობოდნენ, მან გადაწყვიტა გაკვეთილის სწავლება. რა თქმა უნდა მაგნეტო საშიშია, თუმცა ბოროტმოქმედი არაა.“
კრეივენი-მონადირე – სტენ ლისა და სტივ დიტკოს კრეივენი-მონადირე იყო პირველი ვილანი, რომელმაც სპორტული ინტერესისთვის დაიწყო ადამიან-ობობაზე ნადირობა და რაღაც ეტაპზე თითქმის მიაღწია კიდეც მიზანს. ბევრი წყარო მიუთითებს, რომ ლისა და დიტკოს ინსპირაცია იყო რიჩარდ კონელის 1924 წლის მოკლე მოთხრობა The Most Dangerous Game (ადამიანი ნადირობს ადამიანზე), თუმცა ამას არ ადასტურებს არც დიტკო და არც ლი. მაგალითად, 2012 წლის წიგნში Spider-Man: Chronicle Celebrating 50 Years of Web-Slinging ლი საუბრობს კრეივენის შექმნაზე, თუმცა არ მიუთითებს შთაგონების წყაროზე.
გალაქტუსი – როცა სტენ ლიმ და ჯეკ კირბიმ გადაწყვიტეს შეექმნათ უნიკალური სუპერვილანი, რომლის მსგავსიც კომიქსების სამყაროს არ ეხილა, მათ გადაწყვიტეს შეექმნათ გმირი ბოროტებისა და სიკეთის მიღმა ღმერთის მსგავსი ძალებით – შედეგი: გალაქტუსი. სტენ ლი წიგნის Marvel Masterworks: The Fantastic Four Vol. 5 -ის შესავალში წერს: „გალაქტუსი იყო სუპერვილანი, რომლის შექმნის პროცესიც მოგვწონდა… მუდმივად ვოცნებობდით ულიმიტო ძალებზე… ერთადერთ გამოსავლად რჩებოდა ღმერთი. შედეგად მივიღეთ ნახევრად ღმერთი.“ მოგვიანებით ჯეკ კირბიმ The Masters of Comic Book Art-ის ვიდეოში დაამატა: „შთაგონება მეწვია იმ ფაქტიდან, რომ უნდა გაზრდილიყო ჩვენი გაყიდვები. საჭირო იყო არასტერეოტიპული გმირი. რატომღაც გადავშალე ბიბლია და მომაფიქრდა გალაქტუსი… და რა თქმა უნდა, ვერცხლის სერფერი დაცემული ანგელოზია. ისინი იდგნენ მითოლოგიურ ფიგურებზე მაღლა, ისინი იყვნენ პირველი ღმერთები.“
შხამიანი სურო – DC Comics ყოველთვის ახერხებდა მსოფლიო ტენდენციებისთვის ფეხის აწყობას, რომლითაც ალბათ აიხსნება ის ფაქტი, რატომაც გამოიყენეს რობერტ კანიგერმა და შელდონ მოლდოვმა ფემინისტური მოძრაობა ბეტმენის მომაკვდინებელი (მაგრამ ლამაზი) ვილანის შესაქმნელად. როგორც კანიგერმა ლეს დენიელსის 2004 წლის წიგნში Batman – The Complete History: The Life and Times of the Dark Knight აღნიშნა, მათ შხამიანი სუროს პროტოტიპად გამოიყენეს ნათანიელ ჰოთორნის XIX საუკუნის მოთხრობა Rappacini’s Daughter და 50-იანების წლების მოდელის ბეტი პეიჯის იმიჯი.
კინგპინი – დანაშაულის მეფე კინგპინი სტენ ლიმ და ჯონ რომიტამ შექმნეს. მას არავითარი სუპერძალა არ აქვს, მაგრამ ადამიანი-ობობას დაუძინებელ მტრად იქცა. Comic Vine-ის თანახმად კინგპინის შთაგონება იყო მსახიობი სიდნი გრინსტრიტი (The Maltese Falcon; Casablanca). მიუხედავად პირდაპირი მითითების არარსებობისა, სავარაუდოდ ამაზეა საუბარი 2012 წლის წიგნში Spider-Man: Chronicle Celebrating 50 Years of Web-Slinging.
დარკსეიდი – ჯეკ კირბის მიერ შექმნილი პლანეტა აპოკოლიპსის უზენაესი მმართველი და სუპერმენის ძლევამოსილი ვილანი, მწერალ მარკ ევანერის აზრით, რომელმაც დაწერა კირბის ბიოგრაფია Kirby: King of Comics, წარმოადგენს მსახიობ ჯეკ პალანსის გარეგნობასა და ადოლფ ჰიტლერის ხასიათზე დაფუძნებულ პერსონაჟს. გარდა ამისა: „ამ პერსონაჟს საფუძვლად დაედო ყველა ის შეშლილი ტირანი, რომლებსაც კირბი ცხოვრებაში შეხვედრია ან რომელთა შესახებაც მას წაეკითხა, განსაკუთრებით აღსანიშნავია რიჩარდ ნიქსონი.“
თანოსი – სანამ ცნობილი კომიქსების მწერალი ჯიმ სტარლინი თანოსს შექმნიდა, მან მრავალჯერ უშედეგოდ სცადა თავისი ნამუშევრები მარველის სამყაროში მოეხვედრებინა. თანოსი ღმერთის მსგავსი ძალების მქონე უცხოპლანეტელია, რომელსაც სამყაროზე გაბატონება სურს. 2002 წელს სტარლინმა Comic Book Artist (#2)-ის ინტერვიუში განაცხადა: „იმ დროისთვის კირბიმ DC-თვის „ახალი ღმერთები“ დაწერა… ამან რაღაც შთამაგონა. შეიძლება იფიქროთ, რომ თანოსი დარკსეიდის გავლენით შევქმენი, თუმცა ეს ასე არ არის. ჩემს პირველ მონახაზებში, თუ კი თანოსი საერთოდ ჰგავდა ვინმეს, ეს იყო მეტრონი [ჯერკ კირბის ქმნილება: სუპერგენიოსი, რომელიც თავისი „მობიუსის სკამით “ სამყაროებში, დროში და განზმოლებებში მოგზაურობს] უკვე მოფიქრებული მყავდა ყველა ის ღმერთი, ვინც მე მინდოდა. ასე მივიღე თანოსი და ტიტანები.“
შრედერი – მას შემდეგ რაც კევინ ისტმენსა და პიტერ ლეირდს ოთხი მებრძოლი კუ-ნინძას შექმნა მოაფიქრდათ, მათ დასჭირდათ ვილანის გამოგონებაც. 1991 წლის ვიდეოში The Making of ‘Teenage Mutant Ninja Turtles’: Behind the Shells ისტმენი აღწერს შრედერის შექმნის იდეას: შთაგონების წყარო არც მეტი, არც ნაკლები – ყველის სახეხია (აქედან შეიქმნა შრედერის აბჯარი).
ოზიმანდიასი – როცა 1985 წელს DC Comics-მა Charlton Comics და მისივე კლასიკური პერსონაჟები შეიძინა, ალან მურმა გადაწყვიტა ეს დიდი ხნის დავიწყებული გმირები ახალი იდუმალი მკვლელობის საქმეში გაერია და ასე იშვა Watchmen. ამ ძველი პერსონაჟებიდან იყო ერთი გმირი – სანდერბოლტი, რომელიც იყენებდა ტვინის 90%-ს. მურმა ეს ძალები მისცა ახლადშექმნილ ოზიმანდიასს. სახელი აღებულია XVIII საუკუნის ინგლისელი პოეტის პერსი ბიში შელის (მერი შელის ქმარი) ამავე სახელწოდების ლექსიდან, რომელიც ეხება ძალაუფლების დროებით ხასიათს. ოზიმანდიასი მურის ეპიკური კომიქსის პროტაგონისტ/ანტაგონისტად იქცა.
ლუციფერი – ლუციფერი პირველად გამოჩნდა 1962 წელს, მაგრამ მის სრულფასოვან არსებობას სული შთაბერა ნილ გეიმანმა 1989 წელს The Sandman-ის სერიებში, რომლებშიც დასრულებული სახით წარმოგვიდგა Lucifer Morningstar. მაშინ, როცა გეიმანი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ძირითადი გავლენა ლუციფერის შექმნაზე მოახდინა XVII საუკუნის ინგლისელი პოეტის ჯონ მილტონის „დაკარგულმა სამოთხემ“, ხელოვანი კელი ჯეიმსი 2004 წლის წიგნში Hanging Out With The Dream King: Conversations With Neil Gaiman And His Collaborators ამბობს: „ნილი დარწმუნებული იყო, რომ დემონი დევიდ ბოუი იყო. მან ერთხელ მითხრა: „ის არის. შენ უნდა დახატო დევიდ ბოუი, იპოვე დევიდ ბოუი, ან მე გამოგიგზავნი. იმიტომ რომ თუ დევიდ ბოუის არ დახატავ, მაშინ თავიდან დახატე, რომ დევიდ ბოუი გამოვიდეს.“ „კარგი“, ვუთხარი მე, „იყოს დევიდ ბოუი.“
ბეინი – ადრეულ 90-იანებში DC Comics-მა გადაწყვიტა, რომ ბეტმენისთვის რაიმე საზიზღრობა გაეკეთებინა მის მოუკვლელად (რადგან უკვე მოკლული ჰყავდათ სუპერმენი), ასე რომ მოიფიქრეს ისეთი ვილანის შექმნა, რომელიც ბეტმენს ძვლებში დაამტვრევდა. შექმნეს ბეინი. ერთად შეიკრიბნენ ჩაკ დიქსონი, დუგ მოენხი და გრეჰემ ნოლანი, აიღეს Shadow Comics-ის პერსონაჟი Doc Savage, დაუმატეს ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე-კრისტოს“ სიუჟეტი და შედეგად მიიღეს ბეტმენის ღამის კოშმარი. ნოლანის იდეა იყო, რომ ბეინის შესახედაობა დაფუძნებულიყო მექსიკელი ვრესლერის ვიზუალზე.
ავტორი: გიორგი ნაკაშიძე