იაკობ გოგებაშვილი – წადილი ქართული ენის შევიწროებისა
ქართველობა განმათავისუფლებელ მოძრაობიდან მოელოდა, სხვათა შორის, ქართულის ენის გაფართოებას და განმტკიცებას ყოველს გვარს სასაწვლებელში. მაგრამ, უფლებით მოსილნი პირნი არამც თუ არ აპირებენ ამ იმედის ასრულებას, არამედ ახალს შევიწროებას უქადიან ენასა. როგორც უკვე აუწყა გაზეთმა “მეგობარმა” თავის მკითხველებს, იქით კვირას თბილისის საეპარქიო ქალების სასწავლებლის საბჭოს წარუდგენია ახალი ეგზარქოსისათვის პროგრამა ქართულის ენისა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელნა მას მიმდინარე სამოსწავლო წლის განმავლობაში. მაგრამ მათ მეუფებას არ უნებებია ამ პროგრამის დამტკიცება მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ სახელმძღვანელოთა შორის მოხსენებული ყოფილა “ბუნების კარიცა”. – მერმე და რა არ მოსწონებიათ ამ წიგნში? ქართულის ენის გაკვეთილებზე უნდა ისწავლებოდესო, უბრძანებია მათ მეუფებას, მხოლოდ თვითონ ენა და მისი ლიტერატურაო; “ბუნების კარში”-კი, სალიტერატურო მასალის გარდა, მოთავსებულია ბოტანიკური, ზოოლოგიური, ანტროპოლოგიური, გეოგრაფიული და ისტორიული წერილებიო, და ეს კი სასურველი არ არის, რადგანაც ყველა საგნები სკოლაში უნდა ისწავლებოდეს სახელმწიფო ენაზე და არა ადგილობრივზეო.
როგორც მკითხველი ხედავს, აქ საქმე ეხება არა მარტო “ბუნების კარსა”, არამედ თვით პრინციპს, საზღვრებს დედა-ენისას სკოლებში. ჩვენს ენას უქადიან იმ უფლების წართმევასაც, რომლითაც იგი სარგებლობდა თვით უკიდურესი რეაქციების დროსაც-კი, როცა თვითპყრობელობდნენ პლევე და პობედონოსცევი. ამიტომ საჭიროდ დავინახეთ ცოტა ვრცლად მოვილაპარაკოთ ამ საკითხზე.
წრეულს მაისში, ქართულ სააზნაურო გიმნაზიის კრებაზე, სხვათა შორის, წარმოვსთქვი შემდეგი აზრი: “საგნების სწავლება დედა-ენაზე ჩვენს გიმნაზიაში არა მარტო იმიტომ არის სანატრელი, რომ მოსწავლენი სრული შეგნებით შეითვისებენ გაკვეთილებსა, არამედ უკიდურსად საწიროა იმ მოსაზრების ძალითაც, რომ უმისოდ ენის ჯეროვანი განვითარება, გაფურჩქვნა და გამდიდრება შეუძლებელიაო. სამშობლო ლიტერატურის შესწავლა, გაცნობა ლექსებისა და მოთხრობებისა, მხოლოდ ერთს მხარეს ენისას ათვისებინებს მოსწავლეთა, მხოლოდ მხატვრობითს მხარს ენისას უფურჩქნის და უვითარებს. სხვა მხარეები ენისა კი ხელუხლებელნი და დავიწყებულნი რჩებიან. ენა, რომელზედაც მეცნიერება არ არსებობს, დიდხანს ვერ იცოცხლებს, თუნდაც ბლომად ჰქონდეს ლექსები და მოთხროები. ხოლო მეცნიერბა მაშინ იბადება და იზრდება რომელისამე ენაზე, როცა ამ ენაზე მიმდინარეობს საგნების სწავლება ყოველს გვარს სასწავლებელში”.
ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომელიც ყოველს განვითარებულს ადამიანს და ყოველს კულტურულს ერს კარგად აქვს შეგნებული. ამის გამო, სხვათა შორის, საკითხავ წიგნებს დაბალს კლასებისათვის ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს ენციკლოპედიური ხასიათი: სალიტერატურო ქრესტომატიის გარდა მათში მოქცეულია ელემენტარული სამეცნიერო ქრესტომატიაც. ამ წესს ვხედავთ არა მარტო იქ, სადაც საშუალო სასწავლებლებში გადაცემა ყოველგვარი საგნებისა მიდის სახელმწიფო ენაზე, არამედ იმ დიდ ქვეყნებშიაც, სადაც ყოველი საგანი ისწავლება მოწფეთა მიერ დედა-ენაზე ყველა ხარისხის სასწავლებელში.
შორს ნუ წავალთ, მაგალითად ავიღოთ რუსეთი. ყოველი მოზარდი რუსი დედა-ენაზე სწავლობს და ისმენს ყოველგვარს საგანს დაბალსა, საშუალო და მაღალს სასწავლებლებში. ამის გამო, ადვილად შეიძლებოდა საკითხავ წიგნებისათვის მიეცათ რუს პედაგოგებს წმინდა ლიტერატურული მიმართულება, მარტო მხატვრობითი ხასიათი. ნამდვილად კი რას ვხედავთ? რუსულ სახელმძღვანელო წიგნები, მოწონებულნი სამინისტროსა და სინოდისაგან დაბალის და პროგიმნაზიული კლასებისათვის, სავსეა საგნობრივი წერილებითა, უშინსკის “Детский Мир”, რომელიც დანიშნულია პროგიმნაზიის კლასისათვის და დღემდი ითვლება საუკეთესო სახელმძღვანელოდ, მდიდარია ბოტანიკური, ზოოლოგიური, ფიზიკური, ანტროპოლოგიური, ისტორიული და გეოგრაფიული წერილებითა. სალიტერატურო ნაწილს უჭირავს მესამედი თუ მეოთხედი ამ წიგნისა.
რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ ამ შემთხვევაში პედაგოგები? საგნობრივი სტატიები, თუ იგინი კარად არიან შერჩეულნი დაბალის კლასებისათვის, ჩინებულად ამზადებენ მოსწავლეებს საგნების სისტემატურად შესწავლისათვის მაღალს კლასებში. ეს მაშინ, როდესაც, საგნები ისწავლება დედა-ენაზე არა მარტო დაბალს კლასებში, არამედ მაღალშიაც. ხოლო როცა საშუალო სასწავლებელში მთელი სწავლება საგნებისა მიდის არა დედა-ენაზე, არამედ სახელმწიფოსაზე, მაშინ ერთი ათად უფრო სასარგებლოა და საჭირო ენციკლოპედიური შინაარსი საკითხავ წიგნებისა… ეს მრავალ ფეროვანი შინაარსი, რომელიც იპყრობს უფრო საინტერესო მხარეებს საგნებისას, აყვარებს ბავშვებს ცოდნასა, უვითარებს და უმდიდრებს აზრსა და ენასა და მეტ-ნაკლებობით ამცირებს იმ დიდს ბოროტებას, რომელიც წარმოსდგება უცხო ენაზე საგნების სწავლებისაგან საშუალო სასწავლებლებში. “ბუნების კარს” იმაე თავით ენციკლოპედიური ხასიათი ჰქონდა. პირველი მისი გამოცემა დაიეჭდა 1868 წელსა. მაშასადამე, იგი თითქმის ორმოცი წელიწადია, რაც არსებობს. როგორ უცქეროდა მას და პროგრამას ამ ხნის განმავლობაში ორივე სამოსწავლო უწყების მთავრობა? წიგნი დაუბრკოლებლივ იხმარებოდა როგორც სამინისტრო, ისე სასულიერო სკოლებში. არც ერთს ეგზარქოსს არ გამოუთქვამს, აშკარად მაინც, საწინააღმდეგო აზრი “ბუნების კარის” პროგრამის შესახებ.
რას ნიშნავს ყველა ესა? ნიშნავს მას, რომ დღეინდელ დღემდე ორივე სამოსწავლო უწყება წინააღმდეგი არ იყო იმისი, რომ ქართულს გაკვეთილებზე მოსწავლეები ენასთნ ერთად იძენდნენ სხვა-და-სხვა ცოდნასა, სხვა-და-სხვა დარგს ელემენტარულს მეცნიერებისას. მხოლოდ დეკანოზმა ვოსტორგოვმა აღიმაღლა ხმა წინააღმდეგ ამ პროგრამისა და გამოსთქვა ის აზრი, რომ ქართული სახელმძღვანელოები მხოლოდ ენას უნდა ასწავლიდნენ. ისიც სასულიერო სტატიების საშუალებითო, ცოდნის იარაღად კი უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო რუსული ენაო. მეტადრე აბოროტებდა პოლიტიკანს დეკანოზს საქართველოს გეოგრაფია და საქართველოს ისტორია, “ბუნების კარში” მოქცეული. საქართველო ოდესღაც იყოო, ახლა არსებობს მხოლოდ კავკასიაო, რომლის გეოგრაფიას რუსულ ენაზე ასწავლიანო, და მხოლოდ გადაჭარბებულს პატრიოტობას უნდა დავაბრალოთ ქართულის ენის სახელმძღვანელო წიგნში საქართველოს გეოგრაფიის და ისტორიის მოქცევაო.
ამის გამო მან “ბუნების კარს” ბრძოლა გამოუცხადა, თუმცა დიპლომატიურად კი, რადგანაც გრძნობდა თავისს უსაფუძვლობას და უსამართლობასა. კიდეც ამიტომ ამ ბრძოლამ უქმად ჩაიარა და დღემდი ჩვენი პოლიტიკანების მიერ ათვალისწინებული წიგნი იხმარეობა და ახლაც იხმარება საერო და სასულიერო უწყებების ყოველ გვარს სკოლებში და შემდგომშიაც ასე იქნება.
ვოსტორგოვებს დიდი ხანია სურთ ქართული სკოლა გადააქციონ დენაციონალიზაციის, გადაგვარების და დაცემის იარაღად. ჩვენი ხალხი კი მტკიცედ არის მოწადინებული, რომ სკოლა იყოს ნამდვილი განათლების კერად და ემსახურებოდეს მისს გამოღვიძებას, განვითარებას და კეთილდღეობას. და დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდნენ პოლიტიკანები. რომ ჩვენი ხალხი თავისას უსათუოდ გაიტანს.
P.S. როცა ეგზარქოსს ეს წერილი მახლობელმა ქართველმა დეკანოზმა გადაუთარგმნა, ყოვლად სამღვდელო დარწმუნდა დეკ. ვოსტოგროვის უსამართლობაში და ნება დართო ისევ ეხმარათ “ბუნების კარი”, როგორც წინად ხმარობდნენ.