progressive rock, crossover prog
ტრეკლისტი:
- უვერტიურა (4:19)
- გზა I (6:45)
- დღე რომელიც გაქრა (10:43)
- გზა II (5:27)
- ჭვავის ტყე (4:27)
- მტვრის კოშკები (3:44)
- ჩვენი ნაბიჯის ხმა (5:03)
- ნაცრისფერი ბილიკი (4:47)
- გაურკვევლობა (4:57)
- გვირაბი (3:39)
- დარლიტას წვეულება (1:56)
- გამმა (3:22)
- გავა დრო (6:06)
- კადრები მომავლიდან (2:31)
- თოვლი ედება გზებს (2:35)
- გზა III (7:20)
- ეპილოგი (1:14)
შემადგენლობა:
- გიორგი იობაშვილი – ავტორი, ბასი, გიტარა, კლავიშები, ვოკალი
- ლაშა ბოჭორიშვილი – ავტორი, გიტარა, ვოკალი
- გიგი გეგელაშვილი – ვოკალი (6, 7, 13)
- გიორგი ცერცვაძე – ვოკალი (3, 5)
- გიორგი გოგიჩაიშვილი – ვოკალი (5)
- დავით აბესაძე – ვოკალი (5)
- თორნიკე ყიფიანი – ვოკალი (16)
- ბესიკ ქავთარაძე – გიტარა (2, 4, 9, 10)
- მიშა ანდღულაძე – გიტარა (2)
- შაკო ოქრუაშვილი – სოლო-გიტარა (3)
- ბესიკ მენთეშაშვილი – გიტარა (3)
- გიორგი მაკალათია – გიტარა (6)
- გიგა შუბითიძე – გიტარა (7)
- ავთო ნაცარაშვილი – გიტარა (16)
- დავით თავაძე – ფლეიტა (4)
- დავით სიყმაშვილი – პერკუსია (4)
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: საქართველოში პრობლემა არამარტო მუსიკალური კომერციაა, არამედ ზოგადად, მსმენელთან მიღწევაც კი ძალიან ჭირს. ამაში კი ისევ ჩვენ, აუდიტორია ვართ დამნაშავე. ინერტულები ვართ: არათუ ახლის ძებნა, არამედ ხშირად მოძებნილის გაზიარებაც კი გვეზარება… ამის შედეგად, ჩვენი ქალაქის მუსიკალურ სიახლეებს ძალიან ზედაპირულად ვიცნობთ, თბილისს გარეთა მუსიკალური ცხოვრების კი თითქმის აზრზეც არ ვართ.
აგერ, მაგალითად, წინა ზამთარში ხელში ჩამივარდა ერთი კარგი ქართული ალბომი. ძირითადი სტილი პროგრესული როკი იყო, ე.ი. ის ჩემს ინტერესთა სფეროს ცენტრში იდგა. ინფორმაციის ძიებისას გავარკვიე, რომ ალბომი უკვე 2 წელიწადზე მეტის გამოსული იყო, კარგახნის ატვირთული იყო YouTube-ზე და მასში ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი მონაწილეობდა. და მაინც, ეს ალბომი ხელში სრულიად შემთხვევით ჩამივარდა: მეგობარს რომ არ გამოეგზავნა, ამ ნამუშევრის არსებობის შესახებაც კი არ მეცოდინებოდა არაფერი.
დარწმუნებული ვარ, ეს ალბომი თქვენთვისაც ახალი იქნება. თუ მისაყვედურებთ, თითქმის 1 წელი რატომ დავაყოვნე ალბომის თქვენთვის შემოთავაზება, ბოდიშს მოგიხდით: ბევრჯერ შემიწყდა ეს საქმე გარკვეულ უცნაურ გარემოებათა გამო.
ეს ალბომი ლაშა ბოჭორიშვილისა და გიორგი იობაშვილის ერთობლივი ნამუშევარია. იობაშვილი ქართულ როკ-სცენაზე საკმაოდ მაღალი რეპუტაციის მქონე ბასისტია „პორტრეტი“. “სინათლის წელიწადი” და ა.შ.); ლაშა ბოჭორიშვილის მუსიკა კი ამ ალბომამდე ჩემთვის უცნობი იყო. მათ გარდა, მოწვეული სტუმრების რანგში, ჩანაწერში ძალიან ბევრი, ქართულ როკ-სცენაზე აქტიური მუსიკოსი მონაწილეობს (მაგ. „სინათლის წელიწადი“-ს, „პორტრეტი“-ს, April-ის, Rema-ს, Shadow’s Eye-ს წევრები).
ალბომში ვოკალური და ინსტრუმენტული კომპოზიციები დაახლოებით თანაბარი რაოდენობითაა. ორი კომპოზიტორი და მოწვეულ მუსიკოსთა სიმრავლე ჟღერადობის მრავალფეროვნებას განაპირობებს, მაგრამ შეიძლება გამოიყოს ზოგადი შტრიხებიც; დაპროგრამებული ბარაბნები, ფონური სინთეზატორები და სხვადასხვა ეფექტებში გატარებული გიტარა ალბომის ჟღერადობას ოდნავ აშრობს, მაგრამ ეს კომპენსირდება საინტერესო მელოდიური იდეებითა და კონტექსტურად კარგად დაყენებული არანჟირებებით, სადაც ეს სიმშრალე მუსიკის სასიკეთოდ გამოიყენება.
დისკის ხანგრძლიობის მიუხედავად (79 წუთი!), აქ ვერ შეამჩნევთ რაიმე არათანაბრობას. ინსტრუმენტული კომპოზიციების უმეტესობა კომფორტულ ინტერლუდიებს წარმოადგენს, რომლებიც არანჟირებით საკმაო დატვირთვის მიუხედავად ინარჩუნებენ თავიანთ ჰიპნოზურ ხასიათს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია „გზა II”, „ჭვავის ტყე“ და „გაურკვევლობა“. „ჭვავის ტყე“, ჩემი აზრით, ალბომის საუკეთესო ინსტრუმენტული ნაწილია. ბევრი ლამაზი თემა და ზუსტი არანჟირება საოცრად დინამიკურ ეფექტს ჰქმნის, დაპროგრამებული ბარაბნების არსებობის შემთხვევაშიც კი.
ვოკალური ნაწარმოებები ძირითადად დაფუძნებულია მოკლე, მინორულ, განმეორებად სასიმღერო მელოდიებზე; “გზა I” და „დღე რომელიც გაქრა“ რეალურად წარმოადგენს გრძელ ინსტრუმენტალებს, რომელიც პუნქტირებულია მოკლე, პირქუში ვოკალით. „მტვრის კოშკები“ ნელა ვითარდება დინჯი ვოკალითა და ბლუზური საგიტარო სოლოთი, რის შემდეგაც გადადის მსგავსი სტრუქტურის მქონე „ჩვენი ნაბიჯის ხმა“-ში. ამ და სხვა სიმღერების სმენისას ფიქრი Matthew Parmenter-ის სოლო ალბომებისკენ მიდის, მსგავსი ვოკალური სტილისა და სიმღერების დინამიკის გამო. გამონაკლისია ის რამდენიმე მომენტი, რომელთაც გიგი გეგელაშვილი ასრულებს: მაგალითად, „გავა დრო“ მელოდიურად მის ექსპრესიულ ვოკალურ პასაჟს ეფუძნება.
ალბომის სმენისას, მიახლოებით უკვე ხვდები რასთან გაქვს საქმე: ესაა „სახლის პირობებში“ ჩაწერილი ალბომი, სადაც მუსიკოსები ეცადნენ შედარებით შეზღუდული ჟღერადობრივი რესურსებით შეექმნათ საინტერესო და ეპიკური მუსიკა. ამიტომაც პირველ მოსმენაზეც მსმენელი მარტივად შეამჩნევს ამ ალბომის ნაკლს (ელექტრონული ბარაბნები, მშრალი ჟღერადობა) და უპირატესობებს (ლამაზი მელოდიები, საინტერესო არანჟირებები, სახასიათო ატმოსფერო). ალბომს ნამდვილად არ აქვს პრეტენზია შედევრობაზე, მაგრამ ნამდვილად წარმოადგენს საინტერესო მოსასმენს. იგრძნობა, რომ დისკი ცოტათი გაწელილია – იდეების ოდნავ უფრო ეფექტური კონდენსაცია ნამუშევარს კიდევ უფრო დახვეწდა. საბოლოო ჯამში, მცირეოდენი ბონუსის გათვალისწინებით, ალბომს ალბათ დაეწერება 7/10.
ძირითადად რეკომენდებულია პროგ-როკის იმ მოყვარულებისთვის, რომლებიც კარგად იტანენ პროგრამირებულ დასარტყამებს.
გადმოსაწერი ბმული: George Iobashvili & Lasha Bochorishvili – Sound Of Our Steps (2010)