ისტორია

ელენე თუმანიშვილი “ა. ჩეხოვის “ალუბლის ბაღის” ერთი სარეჟისორო ინტერპრეტაციის შესახებ”

ხშირად მიფიქრია, რა საინტერესოა, სტრიქონებს მიღმა, ნაფიქრს მიღმა ამოიცნო, ამოიკითხო ადამიანი. თუნდაც, ზოგად ხაზებში, ცოტათი მაინც მიუახლოვდე მის პიროვნებისეულს, სიღრმისეულს და შეეცადო გაიგო, რა არის მასში არსებითი, ნიშნეული…
წინ მიდევს რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის სარეჟისორო გეგმა-ექსპლიკაცია სათაურით: „იმპროვიზაცია ჩეხოვის „ალუბლის ბაღის“ თემაზე“. ბევრი წელი დასტრიალებდა თავს რეჟისორის ფიქრი ჩეხოვის ამ პიესას: „წინ მიდევს ჩემი დღიური, გვერდით – „ალუბლის ბაღი“. მე დავდგამ ამ პიესას. ეს იქნება სპექტაკლი დედაჩემის წარსულზე, ხარბინზე, ყველაფერ იმაზე, რაც შემდგომ დედაჩემის და ჩემი ნათესავების ცხოვრებაში მოხდა, იმაზე, რაც წარსულს მიეცა“ – ესაა 1983 წლის 30 აპრილის სადღიურო ჩანაწერი. ნელი-ნელ, თითქოს პარვით უახლოვდებოდა რეჟისორი პიესას: ოდნავ შეეხებოდა თუ არა, გვერდით გადასდებდა, გარკვეული ხნით განეშორებოდა, მერე კვლავ მიუბრუნდებოდა, ისევ განერიდებოდა… – უფრთხოდაო თითქოს. ჩანს, რაღაც ძალიან-ძალიან ძვირფასი, ძალიან-ძალიან სათუთი, პირადული იყო მისთვის ამ პიესაში… ისეთი, რასაც ასე, ხელის ერთი დადებით ვერც შეეხები…

1

კითხულობ სარეჟისორო ექსპლიკაციის ტექსტს – ამ თითქოსდა თავისთავად, დამოუკიდებელ პატარა მოთხრობას (გარკვეულწილად, ავტობიოგრაფიულსაც კი) „ალუბლის ბაღის“ შესახებ და ცდილობ, ჩასწვდე მის შიდა შრეებს; მიყვები ავტორისეულ ფიქრთა, განცდათა, შეგრძნებათა დინებას და ცდილობ გაიგო, რა არის ის ღერძი, რომლის გარშემოც, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ტრიალებს“ მისი პიროვნული, რა არის ის მფეთქავი ძარღვი თუ მუხტი, წარმომჩენი ამ ადამიანის შინაგანი ძალისხმევისა, სულიერი მისწრაფებისა, წადილისა, ზარის ჩუმი წკრიალივით სულ რომ გასდევს მის არსებასა და შემოქმედებას.
აი, რამდენიმე ნაწყვეტი ამ პატარ-პატარა სცენა-ეტიუდებისგან შემდგარი ტექსტისა:
„ალუბლის ბაღი“ იწყება. ზაფხულობით, სამ საათზე ჯერ კიდევ ნელა. გარეთ წვიმს, მოქუფრული ცა უფრო მეტად აბნელებს ღამეს. დიდი სახლია, ძველი სახურავიდან წყალი ჩამოდის. მეორე სართულის ერთ-ერთ ოთახში ტაშტები და ქვაბებია დადგმული. დუნიაშას დროდადრო წყლით სავსე ტაშტი გააქვს, მერე ცარიელი შემოაქვს და კვლავ დგამს. წვიმა ხან მატულობს, ხან ცოტათი იკლებს. ცაზე ვეებერთელა, გოლიათი ღრუბლები ერთმანეთს ებრძვიან. ტახტზე ლოპახინს სძინავს. მერე ეღვიძება. იქნებ, დუნიაშამ სიბნელეში შემთხვევით სკამი წააქცია და ხმაურზე გამოეღვიძა. იზმორება… ნელა, აუჩქარებლად იმოსება, რანევსკაიასთან შესახვედრად ემზადება…
ტემპი შენელებულია. ჭერიდან ჩამოსული წვეთები წკაპა-წკუპით ეშვება ტაშტში – ყურს თუ დაუგდებთ, თავისებურ მუსიკას მოუსმენთ.
სველი ჩექმებით შემოაბიჯებს ეპიხოდოვი. ალუბლის ხის ტოტები მოაქვს. ამ სიბნელეში როგორ იარა ბაღში, ანდა როგორ დატეხა ტოტები? როგორია ეს ბაღი? იქნებ, აღარ ჰგავს იმ წინანდელ აყვავებულ ბაღს? ფირსი ხომ ამბობს, რომ იყო დრო, როდესაც ამ ალუბლისგან მურაბას ხარშავდნენ, ახმობდნენ კიდეც და გასაყიდად ქალაქს მიჰქონდათ. ახლა კი… ბაღი, რომელსაც ასე მისტირიან, კარგა ხანია, თითქმის აღარ არსებობს, ყველანი ჩვენს წარსულს მივტირით და ხშირად შორიდან მშვენიერი გვეჩვენება იგი. რანევსკაია, პარიზში ყოფნისას, წარმოსახვაში არაჩვეულებრივ ალუბლის ბაღს ხატავს. ამ ბაღში ტალავერებიცაა, მღვიმეებიც, გუბურებიც; მშვენიერი ჰაერია, საქანელები. არაჩვეულებრივი ბაღია, პირველქმნილი სილამაზე! პარიზიდან დილიჟანსით ან ფაეტონით დიდხანს რომ იმგზავრო, ბოლოს და ბოლოს ჩააღწევ რუსეთამდე, ალუბლის ბაღამდე, ბავშვობამდე. ბავშვობა კი უმშვენიერეს, ულამაზეს ალუბლის ბაღებშია მუდამ ჩაფლული“.
და აქვე, რეჟისორის ავტობიოგრაფიული, ბავშვობის ხანის მოგონება-ფრაგმენტი:
„ბავშვობა. მცხეთა. ბებიაჩემის სახლიდან ქვემოთ, ხიდიდან ხელმარცხნივ, პატარა სამჭედლოსთან, ბებრისციხის მიმართულებით, ბებრისციხემდე, ალუბლის ბაღებია გაშენებული. მარჯვნივ არაგვი ხმაურობს, მის უკან, ციცაბო ფერდობზე ჯვრის მონასტერია აღმართული, კოხტა და ლამაზი. მშვენიერ საზაფხულო კაბაში გამოწყობილი ბებია შვილიშვილებთან ერთად ეტლში ზის და ყველანი ალუბლის საკრეფად მივდივართ. ირგვლივ არავინაა. სიჩუმეა. ამ სიჩუმეში მხოლოდ ჭრიჭინების და სხვადასხვა მწერის ბზუილი ისმის. ძალიან მაღლა, ცაზე მწველი მზე გამოკიდულა. ცხელა, ალუბლის ტოტებქვეშ გაწოლილ ჩრდილში კი სასიამოვნო სიგრილეა. დამწიფებულ ნაყოფს ვკრეფთ, გვინდა, ბებიას შექება დავიმსახუროთ. ყუნწზე ორ-ორი, ზოგჯერ სამი ალუბალიც ჰკიდია ერთად. რა საოცარი, მსუყე ფერი აქვს მწიფე ალუბალს, რა დამათრობელი სიგრილითაა აღსავსე…
შორიდან მეეტლის ზარის წკრიალი მოისმა. სახლში ყველა გამოცოცხლდა, ატყდა სირბილი, ფაციფუცი. მუშები უზარმაზარ სკივრებს, ბაულებს, კალათებს ეზიდებიან.
და აი, როდესაც ხალხი ირევა (მაგრამ ყველა ჩურჩულით ლაპარაკობს, ჯერ ხომ ღამეა), შემოდის რანევსკაია! შეჩერდება, ჰგონია, ყველა გაირინდება, ის ხომ თავის სამშობლოში დაბრუნდა! მაგრამ მის მღელვარებას ვერავინ ამჩნევს. არ გამოვიდა! ყველაფერი ჩაიშალა, რანევსკაია აირევა, საკუთარ თავში ჩაიკეტება და საბავშვო ოთახიდან გავა. ეს ხომ ყოფილი საბავშვო ოთახია.
საბავშვო ოთახი – ბედნიერი ბავშვობისა და წარსულის სიმბოლოა! ეს არის ის, რისი გულისთვისაც რანევსკაია ჩამოვიდა, მაგრამ ზღაპრის ნაცვლად მას ჭერჩამოქცეული, მინებჩამტვრეული გამავალი ოთახი დახვდა, სადაც ეს საშინელი ტაშტები დაუდგამთ“.

2

„ჩამონაჟონი წყლის კვალი შიშველ კედლებზე. ვეებერთელა კაკლის ხის კარადა. კარადაზე – ფანჯრიდან ჩამოგლეჯილი გამჭვირვალე მდიდრული ფარდა. ჭერიდან უშველებელი აბაჟური ეშვება. ძველებური ავეჯია, დღეს ასეთ ავეჯს აღარ ამზადებენ. ოთახი მოუწესრიგებელია, დასალაგებელი (ვერ გაიგებ, რა ოთახია). შუა ოთახში, რატომღაც, პირსაბანის ნიჟარაა გამოჩხერილი და არავის აფიქრდება, მისი სადმე სხვაგან გადადგმა. ამ ოთახსაც ჰქონდა თავისი წარსული. ოდესღაც აქ მუსიკა გაისმოდა, სტუმრებს იღებდნენ, განსაკუთრებულ ლიქიორს საგანგებო, მომცრო სირჩებით მიირთმევდნენ…
მახსენდება ჩემი ცხოვრება ჯავახიშვილის ქუჩაზე. ასე მგონია, ეს ჩემი ახალგაზრდობის უბედნიერესი, უმშვენიერესი ხანა იყო. სინამდვილეში, რასაკვირველია, ეს ასე არ არის. ანდა მახსენდება ბებიაჩემის სახლი მცხეთაში, ალუბლის ბაღი, ნუშის ხეები…
ყველაფერი, რაც წარსულშია, მშვენიერია, განუმეორებელი, მხოლოდ ერთხელ არსებული. წარსულმა კარგა ხანია განვლო, ჩვენ კი კვლავ იქა ვართ.
ესაა ისტორიის გამჭოლ ქარში ცხოვრება. აი, როგორც ახლა: – ვერაფრით გაგვიგია, რა გველის!
დილაა. წვიმამ გადაიღო. ბუჩქებში, აქა-იქ გაბმულ ობობას ქსელში ალმასებივით ბრწყინავენ დიდრონი, გაყინული წვიმის წვეთები. სიჩუმეა. პეტიას რომანის დილაა. „წამოდი, წამოდი, ძვირფასო“ – ვარია გაიყვანს ანიას. შორს, ბაღის სიღრმიდან ისმის პიკოლოს ჩუმი ხმა.

პირველი მოქმედების დასასრული“.

ასე მგონია, ადამიანში პიროვნულის მეტი სიღრმით ამოცნობისთვის, მის აზრთა წყობა-დინების მეტი გარკვევისთვის ერთგვარი ბიძგის მიმცემი, წამშველებელი ერთი გარემოებაც უნდა იყოს: ამა თუ იმ წანაკითხ მასალაში რა არის ამ ადამიანის მიერ ხაზგასმული, გამოყოფილ-მონიშნული, რა აღმოჩნდა მისთვის ნიშანდობლივი, რა მიიჩნია საგულისხმოდ, თუკი, რასაკვირველია, წაკითხული ფურცლები ამის კვალს ატარებს.
ახლა ვნახოთ ზოგიერთი ფრაგმენტი, „ალუბლის ბაღთან“ დაკავშირებულ მასალაში რომ აქვს რეჟისორს მონიშნული.
თანამედროვე იტალიელი რეჟისორის ჯორჯო სტრელერის წიგნში „თეატრი ადამიანებისთვის“ ხაზგასმულია სტრელერის აზრი იმის შესახებ, რომ „ბაღი“ ეს არის „ფიქრი დროზე, თაობებზე, რომლებიც მიდიან, ისტორიაზე, რომელიც ყველაფერს ცვლის, ცვლილებებზე, ტანჯვაზე, რომლითაც სიმწიფეს უხდიან ხარკს. იმედსა და მტკიცე რწმენაზე იმისა, რომ ეს სამყარო უნდა გადაკეთდეს და რომ ის კიდევაც გადაკეთდება“.
კითხულობ ამ და სხვა ხაზგასმულ ფრაგმენტებს და თითქოს თვალნათლივ იკვეთება, საითკენ მიემართება რეჟისორის აზრი, რამ ააღელვა იგი სტრელერისეულ განსჯაში, რა ენიშნა, რას დაეთანხმა, რა მიიახლოვა… და ამ გზით სპექტაკლის საკუთარი კონცეფცია, საკუთარი სათქმელი გამოკვეთა თუ გაამყარა თითქოს: – სევდა, ძალიან დიდი სევდა და ტკივილი იმის გამო, რომ დრო ყოველივეს ულმობლად ცვლის და რომ მისი (ჩვენი, ყველას) ცხოვრებიდან სამუდამოდ მიდის, ქრება ალუბლის ბაღი – უმშვენიერესი, უძვირფასესი, განუმეორებელი, მხოლოდ და მხოლოდ შენი… რომ ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ მიდიან, ქრებიან პრაქტიკულ ცხოვრებაში უუნარონი, მაგრამ განსაკუთრებული, მაღალ სულიერ ღირებულებათა მატარებელი ადამიანები, მათთან ერთად კი მიდის, სამუდამოდ მიდის რაღაც ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი, ლამაზი… მხოლოდ და მხოლოდ მათი… მიდის, ქრება კეთილშობილებით, საკუთარი ღირსებით აღსავსე, თავსდამტყდარი ყოველგვარი განსაცდელის მიუხედავად, ნიშნად შინაგანი სულიერი ძალისა, ღიმილით აღბეჭდილი, სხივჩამდგარი მათი სახეები…
მიდის, ქრება სულიერება…

3

მეორე მოქმედება

„ბალახზე უზარმაზარი ბოშური შალია გაშლილი, მასზე მსახურები წამოგორებულან, ფეხსაცმლები გაუხდიათ და შიშველი ფეხის თითებს ათამაშებენ. დუნიაშკა აღფრთოვანებულია ანიას გარეგნობით, სურს, დაემსგასოს მას. ანია ნაზი, მეოცნებე ქალიშვილია, დუნიაშას კი ორმოცდაორი ზომის ფეხი აქვს. იაშას ყვითელი ფერის კუბოკრული ჟილეტი აცვია, სიგარას ეწევა. ამ საშინელ ქვეყანაში ცხოვრება აღარ შეუძლია, აქაურობა აღარ შეეფერება მას. საკუთარი დედისაც კი რცხვენია. განსხვავებული კულტურა, სხვანაირი სიყვარული მოუნდა იაშკას. ანდა, ეპიხოდოვი, ეს ფარშევანგისფრთიანი ყვავი (მართალია, წიგნებს კითხულობს, მაგარამ მათი არაფერი გაეგება), არაფრის მაქნისია, თავი კი არისტოკრატად მოაქვს. ღმერთო, შეუნდე! ამ არისტოკრატიის შემხედვარე, შიში გეუფლება კაცს.
ვინ არიან ეს ადამიანები, ადრე სამზარეულოს იქით ფეხს რომ არ ადგმევინებდნენ და დღეს რომ (ახლა ხომ დემოკრატია გვაქვს) ბატონების ოთახებში დაბრძანდებიან, მსჯელობენ, ხალხს ტელევიზიით მორალს უკითხავენ, ყველას ჭკუას არიგებენ“.

მესამე მოქმედება

„სიღრმეში წყლის ჩამონაჟონით დალაქული უზარმაზარი თეთრი კედელია. ზემოთ ალუბლის ტოტებია. მარცხნივ, კედლის წინ ნამდვილი საჰაერო ბუშტის მცირე მაკეტია. ამ ბუშტით ანია პარიზში დაფრინავდა. ბუშტი, ანიას განწყობის მიხედვით (როგორც ბარომეტრი) ხან დაბლა ეშვება, ხან კი მაღლა-მაღლა მიიწევს. ბუშტი სიბნელეშიც შიგნიდან ანათებს. სცენის დიაგონალზე დიდი მაგიდა დგას სკამებით. სუფრა ლამაზადაა გაწყობილი. მაგიდის ერთ კუთხეში სანთლები დგას, როგორც მიცვალებულის სასთუმალთან. მაგიდაზე გადაფარებულია ძალიან მდიდრული ნაქსოვი სუფრა, რომელიც დაბლა ეშვება და ხალიჩასავით ეფინება იატაკს. მასზე დადიან. ეს სუფრა-ხალიჩაა. სცენაზე აქა-იქ ძველებური სათაგურები დაუდგამთ. ფირსი, როგორც ამ საქმის დიდი სპეციალისტი, სულ სათაგურითაა დაკავებული. ცხადია, სცენაზე თაგვებს არ იჭერენ“.
რეჟისორისთვის სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტისას, მისი სახოვანი მხარის მოფიქრება-შეთხზვისას, გარკვეული იმპულსის მიმცემი, ვფიქრობ, უნდა ყოფილიყო მის მიერ ვ. ბერიოზკინის წიგნში „Художник в театре Чехова“ მონიშნული ადგილები. თვალი მივადევნოთ, რა ენიშნა მას ზოგიერთი მხატვრისა თუ რეჟისორის ნააზრევიდან, სახეთა თუ მოტივთა ნაკრებიდან სათავისოდ, რა იგულვა საკუთარი ჩანაფიქრისათვის სარგოდ.
მაგალითისთვის: წიგნში გახაზულია კ. სტანისლავსკისეული პირვანდელი ხედვა „ალუბლის ბაღის“ IV მოქმედების დეკორაციისა: „ოქტომბერია. გრილი, მაგრამ წყნარი და მზიანი დარია. იატაკზე, ოთახების მთელი ანფილადის გაყოლებით მზის ათინათებია გაბნეული. ფარდები და კარნიზები მოხსნილია და ახლა იატაკზე ყრია. კედლებზე (ძალზე დაძველებულსა და ოდესღაც მდიდრულზე) ლურსმნებია ამოყოფილი, მათ გარშემო კი ბათქაშია ჩამოცვენილი. სახლიდან უკვე ყველაფერი გაზიდული და გაყიდულია. ოთახში დარჩენილი ცოტაოდენი ავეჯი კედლებთან რამდენიმე რიგადაა მიდგმული – გასაყიდად რომ აწყობენ ისე“.
ანდა აი, მონიშნული აბზაცი, სადაც საუბარია ვ. დმიტრიევის მიერ 1947 წ. შესრულებულ ესკიზებზე (განუხორციელებელი დადგმა): დმიტრიევი, პირველ ყოვლისა, თითქოსდა გამოსახავს მოქმედების ადგილს – ოთახს, ოდესღაც საბავშვო რომ ყოფილა. მაგრამ, ამასთან ერთად, მხატვრისთვის მთავარი ხდება სხვა მოტივი – მოტივი ცხოვრებისა, რომელიც თანდათან ქრება. ოთახი თითქოს დაცარიელებულია. იქ მდგარი რამდენიმე ნივთი – უკვე გაზიდული ავეჯის შემთხვევით დარჩენილი ნაწილია.
ანდა, წიგნში მონიშნული მხატვარ მ. კიტაევის მიერ სპექტაკლ „ივანოვისთვის“ მოაზრებული გარემო, რომელიც „ცდილობდა, სიკვდილის თემა წამოეწია… შეექმნა გამოუვალი სივრცე, ჩიხი, თითქმის „სასაფლაო“…
ეს რაც შეეხება საერთო კონცეფციას, იდეას, სათქმელს. ახლა კი დეკორაციათა სიმრავლიდან რეჟისორის მიერ „ამოკრეფილ“ ცალკეულ მოტივებს, აქსესუარებს თუ დეტალებს მივადევნოთ თვალი.
აი, ზოგიერთი მათგანი:
„ბაღის გაშიშვლებული შავი ტოტები, თითქოს თეთრ ყვავილობას არიან მოწყვეტილნი… ისინი სახლში შემოვიდნენ, მასთან განუყრელ მთლიანობად გადაიხლართნენ, მის კედლებს მოედვნენ, სვეტის, ღუმელის, იატაკზე დასადგმელი საათის, სურათების, სავარძლების, როიალის შუაგულ ამოიზარდნენ; ისინი მხოლოდ ზემოდან კი არა, ქვემოდან, იატაკიდანაც მოიწევენ“.
ანდა, ჩამოცვენილ ფოთოლთა მოტივი ჩეხოვის „სამი დის“ ერთ-ერთ დადგმაში, სადაც ეს ფოთოლცვენა, ავტორის (ბერიოზკინის) თქმით, უცნაურ, განწყობის მხრივ ძალიან ჩეხოვისეულ „მუსიკას“ ქმნიდა.
ან კიდევ, სტანისლავსკის მიერ „სამი დის“ სარეჟისორო ეგზემპლარში გაკეთებული ჩანაწერი: „მთელი აქტის განმავლობაში აქა-იქ ხეებიდან ყვითელი ფოთლები ცვივა“.
ხაზგასმული ფრაზა: „სცენაზე მიყრილ-მოყრილი სკამებისა და შირმების მშფოთვარე, ქაოტური რიტმი…“
ჯ. სტრელერთან მონიშნული იმავე სკამების მოტივი, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ სკამი არასოდეს აღნიშნავს უბრალოდ „დასაჯდომ ადგილს“. ხოლო რამდენიმე ცარიელი სკამი – ესაა შფოთი, დაურწმუნებლობა, საიდუმლო… ცარიელი სკამი შეიძლება მარტოობას აღნიშნავდეს.
მთელ წიგნში გაბნეული პატარ-პატარა მოხაზული ნაწყვეტები რომ შევკრიბოთ, ასე მგონია, ეს „ნაკრები“ დაალაგებს, მძივივით აკინძავს რეჟისორის შიდა მზერით დანახულ სურათთა, ხილვათა ჯაჭვს, რომელთა დახმარებით მისი წარმოსახვა ძერწავდა გარემოს, სამოქმედო სივრცეს, არეალს, გარკვეული ატმოსფეროთი, განწყობით მუხტავდა მას…
„უკრავს ორკესტრი. მესამე მოქმედებაა. საშინელი საღამოა. ვხედავ გაურკვეველ ჩრდილებს, უზარმაზარ ჩრდილებს, ჭერსა და კედლებზე რომ დაცოცავენ. განათებაც შემზარავია. იქნებ, ვიღაცამ ნავთის ლამპა „ელვა“ (მახსოვს, ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი ნათურები) იატაკზე დადგა და ამიტომ სინათლე ქვემოდან ამოდის. ასე ხდება, როდესაც ოდნავ შეზარხოშებულები რაღაცას ვიგონებთ: ცეკვები, ცეკვები სიბნელეში.
შარლოტას ტრაგიკული ბალაგანი. მას ჯამბაზის კოსტიუმი აცვია. თითქოს ყველას ერთბაშად გადაავიწყდა მოახლოებული კატასტროფა.
ვიღაც გიტარას აკვნესებს. ცოტაოდენ შეზარხოშებულნი არიან. იაშკა ხარხარებს (ჯადოსნური ფარნით შიშველ გოგოებს აჩვენებს, პარიზიდან ჩამოიტანა), საზიზღარი, ბოროტი იაშკა. პერსონაჟები ჯადოსნური ფარნის სხივში მოძრაობენ, რის გამოც თეთრ კედელზე უზარმაზარი შემზარავი ჩრდილები ჩნდება. იაშკა სატანაა, მესამე მოქმედებაში ის მართავს მეჯლისს.
და აი, ამ სოდომში, მთელი ქვეყნის უკიდეგანო სივრცის შორეთიდან ანია რანევსკაიას უყვირის: სამზარეულოში თქვეს, რომ ბაღი გაიყიდა!!! რანევსკაიას შემზარავი ხმით აღმოხდება: ვინ იყიდა? – თითქოს ახლა ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. მთავარია – ბაღი გაიყიდა და ის უკვე აღარ არსებობს.
მოდის გაევი. უჩუმრად მიემართება თავისი ოთახისკენ. რანევსკაია: – ალუბლის ბაღი გაიყიდა? ვინ იყიდა? და აი, ჩუმად, თითქოსდა მობოდიშებით, ლოპახინი ამბობს: – მე ვიყიდე.
გრძელი პაუზა. ვარია გასაღებების აცმას გადაუგდებს. ხმა – წერტილი.
რეჟისორის საქაღალდეში პიესასთან დაკავშირებულ მასალებთან ერთად შენახულ პატარა წიგნში არის ასეთი ქვესათაური: „ჩეხოვის მეექვსე სიმფონია“. იგულისხმება მუსიკად, სიმფონიად აჟღერებული „ალუბლის ბაღი“.
ვ. მეიერჰოლდი, რომელიც „ალუბლის ბაღს“ ჩაიკოვსკის სიმფონიას ადარებდა, ჩეხოვს წერდა იმის შესახებ, რომ ამ პიესის დამდგმელმა რეჟისორმა “უწინარეს ყოვლისა სმენით უნდა „დაიჭიროს“ იგი“.
ჩვენს შემთხვევაშიც რეჟისორის მიერ პიესის სწორედ ამ „სმენით დაჭერასთან“ უნდა გვქონდეს საქმე. აკი წერს კიდეც: „ვარიას გადაგდებული გასაღებების აცმა ხმა-წერტილიაო და მერე გააგრძელებს: „ალუბლის ბაღი“ მუსიკასავითაა. ეს პიესა ცხოვრებაზეა, ცხოვრებაზე, რომელიც იწყება და სრულდება. ეს პიესა სულიერების, ცხოვრების აზრის შესახებ გვესაუბრება. გვესაუბრება მოუხერხებელ ადამიანებზე, რომლებმაც არ იციან, როგორ იცხოვრონ. „ალუბლის ბაღი“ შედევრია. ესაა ფიქრი დროზე, წარმავალ თაობებზე, მოახლოებულ საშინელებაზე: ფიქრი მოუწყობლობაზე, ადამიანთა რწმენაზე, რომ წარსული ბევრად უკეთესი და საინტერესო იყო.
კარგი იქნებოდა თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს საზოგადოებაზე მოგვეთხრო. ჩვენს შესახებ სასაცილო და სევდიანი სპექტაკლი დაგვედგა.
ჩვენ მუდამ არაპრაქტიკულები ვიყავით, მაღალი მატერიებით, სულიერი ფასეულობებით ვცხოვრობდით. მატერიალურ ფასეულობებს ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. არც ვიცოდით, როგორ შეგვეძინა თუ დაგვეგროვებინა ისინი. ჩვენს შორის არასოდეს ყოფილან ლოპახინები, არადა, სწორედ ისინი აკეთებდნენ საქმეს: ბაღებს ჩეხავდნენ, ცხოვრების ახალ მოდელებს აგებდნენ. დაკარგვის არ ეშინოდათ, მაგრამ გზადაგზა კარგავდნენ იმას, რისი შეძენაც შეუძლებელია, თუ მხოლოდ გვეჩვენება ეს! რატომღაც აღარ ახსოვთ ინტელიგენციის სიკეთე. ამ ადამიანებთან ერთად რაღაც კარგი, განუმეორებელი წავიდა. ისინი თეთრი წეროებივით არიან. ეს მშვენიერი ფრინველები თანდათანობით ქრებიან. ყოველ გაზაფხულზე ველოდებით, აბა, ამ ჯერზე რამდენი მათგანი მოფრინდება, ანკი მოფრინდებიან საერთოდ?!“
და, აი, 1V მოქმედება. თავად ჩეხოვი, თურმე, დაჟინებით ითხოვდა, რომ „ბოლო მოქმედება მხიარული ყოფილიყო“.
ვნახოთ, ჩვენს შემთხვევაში რამდენად „მხიარული“ გამოუვიდა რეჟისორს ეს ფინალი.

4

მეოთხე მოქმედება

„შოპენის ნოქტიურნი და მაზურკა (ა-მოლლ, ოპ. 17 № 49). აუჩქარებლად გავდივარ რეპეტიციას. საოცარ სიამოვნებას განვიცდი. მეოთხე მოქმედება გარინდებულია, მიყუჩებული: აღარ ისმის ბილიარდის ბურთების რაკუნი. ყველა კუთხე-კუთხე იმალება – თითოეულ მათგანს, თუნდაც წამით, მარტო დარჩენა სურს სახლთან. საშინლად დაბნეულები, დათრგუნულები, ყველაფრის მიუხედავად, იღიმებიან, ისე იქცევინ, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ეს ფინალური სცენები „მხიარულად“ უნდა გათამაშდეს, რაც მათ განწირულობას კიდევ მეტად გაუსვამს ხაზს“.
რეჟისორი, ასე ვთქვათ, გარეგნულად კი მისდევს ჩეხოვის დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ფინალი მხიარული იყოს, მაგრამ აი, თურმე რისთვის – მეტად რომ გამოაჩინოს ტკივილი და ამით, მისთვის ჩვეული ფორმით თუ „ხერხით“ თქვას საკუთარი სათქმელი: მისი შემოქმედებითი მრწამსიც ხომ ეს იყო: თქვა შენი, საკუთარი ისე, რომ ავტორს არ გადაუხვიო.
ოთახებში ვიღაცეები მიდი-მოდიან. ყველა ხმაურობს. სცენაზე უამრავი ხალხი ირევა. რაღაც ავიწყდებათ, ეძებენ პოულობენ, სკივრებსა და ჩემოდნებში აწყობენ.
გაევი და რანევსკია მხოლოდ ერთხელ, სულ ბოლოს დარჩებიან მარტო, როგორც ოდესღაც ბავშვობაში, აი, ამ ოთახში. ისინი, ალბათ, ვეღარასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს. რას ნიშნავს და, ერთადერთი და? ეს მოქმედების მთავარი სცენაა.
გაევი და რანევსკაია კაკლის ხის უზარმაზარ კარადას მიუახლოვდებიან (რომელიც მათ გარდა არავის სჭირდება) და ატირდებიან. მერე, თითქოს შემთხვევით, ერთმანეთს მივარდებიან და ჩაეხუტებიან. ბავშვობა, წარსული, ცხოვრება დამთავრდა!
კარადა ოთხივე მოქმედების დროს სცენაზეა. მისთვის ადგილს ვერ პოულობენ. ამ საწყალს ორიენტაცია აქვს დაკარგული და აღარ იცის, სად უნდა იდგეს, დაავიწყდა. უადგილოდ წინ და უკან დაათრევენ, ხან სად დადგამენ, ხან – სად და მთელი ეს ამბავი, საბოლოოდ, ამ კარადით დამთავრდება. მას კი საგანგებო ვენზელი აქვს. უწინ, ასეთ ვენზელებს ნივთის, ავეჯის უკანა მხარეს ამოტვიფრავდნენ ხოლმე. მასში ჩადებულია მთელი გენეტიკური შენადედი წარსულისა, რომელიც აღარ არსებობს. ეს კარადა ხომ კვალია რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის, მნიშვნელოვანის ჩემთვის, იმათთვის, სხვებისთვის კი – გაუგებარი ნიშანია მხოლოდ.
მოშორებით ლოპახინი მიყუჩებულა მაგიდასთან. გაევი და რანევსკაია ვერ ამჩნევენ მას. ისინი წარსულში იმყოფებიან, წარსული კი ყოველთვის მშვენიერია.
ფინალში წუთით ჩამოჯდება ყველა, თითოეული – თავისებურად, სხვის საჩვენებლად და დასანახად კი არა, თავისთვის. წამით გაირინდებიან. სიჩუმეში შორეული, მიკარგული, გაწელილი ხმა გაისმის, რომელიც თანდათან ქრება და ბოლოს სულ მიწყდება. ყველა გაშეშდა. ოჯახური პორტრეტი. უკანასკნელი. მაგრამ ცხადია, სურათს არავინ იღებს. აუჩქარებლად დგებიან და სხვადასხვა მხარეს გადიან.
წვიმს, ამიტომ ყველა ოთახში ისევ ტაშტები და ქვაბები დგას. სახურავს, ჩვენს სახურავს გასდის, მაგრამ მისი შეკეთება უკვე შეუძლებელია. ეს დასასრულია!
გამომშვიდობების ხმები: ო, ჩემო ძვირფასო, მშვენიერო ბაღო! ჩემო ცხოვრებავ, ჩემო ახალგაზრდობავ, ჩემო ალუჩის ხეო, იასამნის ბუჩქო, ვარდებო, მშვიდობით! ცხოვრებამ ისე გაიარა, თითქოს არც მიცხოვრია!
ფირსიც ემზადება წასასვლელად, მაგრამ მათთან ერთად ვერ მოასწრო წასვლა – პლედს ეძებდა გაევისთვის. ეპიხოდოვი ფიცრებით აჭედებდა შესასვლელს, ფირსმა კი ხმა ვეღარ მიაწვდინა. ასევე დარჩა.
სახლი კვდება. მან თავისი დრო მოჭამა. ჩემი სახლის ფანჯარა ამოქოლეს და ამით ერთი ამბავი, დედაჩემის ცხოვრების ისტორია დასრულდა, ასევე – ჩემიც. ახალი დრო დადგა, მოვიდნენ საქმოსნები და ყველაფერი გადააკეთეს. პირველქმნილი გაქრა და რაღაც არაბუნებრივი აღმოცენდა.
ა. ჩეხოვი კი ამბობდა, რომ ბოლო მოქმედება მხიარულია! შეიძლება! მაგრამ ჩემთვის ეს ასე არ არის.
სიბნელეა. სანთელი ანთია და ჩემი ოთახი იდუმალებით ივსება. ვაკვირდები, თანდათან როგორ ლღვება, ქრება სანთელი: ჩაქრება, მერე უცებ შეკრთება, გაიბრძოლებს, განიცდის, დაიტანჯება და ნელ-ნელა საკუთარ ლღობად სტეორინში ჩაეფლობა. ალბათ, თეატრის არსიც ესაა. ალბათ, ამიტომაც დადის მაყურებელი თეატრში, რომ ტანჯვის, დაღუპვის მოწმე გახდეს, არა მარტო მოწმე, არამედ განცდის თანამონაწილეც, რათა მერე თავის ტანჯვას გარედან შეხედოს.
აი, ჩაქრა კიდეც სანთელი. მერე, უცებ ისევ აინთო და ჩაქრა, ახლა უკვე სამუდამოდ. გამოცხადების ქადაგებისას ჩაიწვა კოცონზე. მშვიდობით, სანთელო! ადამიანიც ასეა – შეკრთება და ჩაიფერფლება თავისი გზის დასასრულს, სპექტაკლის დასასრულს”.
დასრულდა პიესა. დასრულდა რეჟისორის წარმოსახვაში დაბადებული სპექტაკლი-მოთხრობა, მის ფიქრთა, განცდათა, მოგონებათა ნაკადით შექმნილი ეს სევდიანი სამყარო, სადაც საკუთარი თავი, საკუთარი განცდა-შეგრძნებები თითქმის გაიგივებულია პერსონაჟებთან, მათ განცდებთან. ასე მგონია, მათ შორის ბევრია საერთო, ბევრია მსგავსება. ასე მგონია, ერთნაირად სტკივათ დაკარგული ალუბლის ბაღი…
რამდენიმე ფრაგმენტი რეჟისორის ბოლო სადღიურო ჩანაწერებიდან:
„აი, დაიწყო კიდევ ერთი რვეული, იქნებ, უკანასკნელიც. დილაა. დღეები მიდის.
… ხვალიდან მინდა „ალუბლის ბაღს“ შევუდგე. შეიძლება ისე მოხდეს, ეს ჩემი ბოლო სიმღერა იყოს, ვინ იცის.
… ზამთარი კვდომაა……ან იქნებ, მზადება რაღაც ახლისთვის, მარადისობისთვის.
… რაღაც მემართება. გული მტკივა, ძალიან მტკივა. წამლები აღარ მშველის, ანდა, სულ რამდენიმე წუთით, მერე ყველაფერი თავიდან იწყება. გარეთ მზეა, პარკში წასვლა კი არ შემიძლია. სევდიანი, ძალიან-ძალიან სევდიანი გამიხდა თვალები.
… ხშირად მეჩვენება, რომ მივდივარ. ყველანაირ წამალს ვღებულობ, ცოტათი მაინც რომ გავიხანგრძლივო სიცოცხლე, “ალუბლის ბაღის” დადგმა რომ მაინც მოვასწრო. რეპეტიციის დროს ვნერვიულობ, პანიკა მიპყრობს, ასე მგონია, მეთოდი, რომლითაც ვმუშაობ, მოძველდა, რაღაც ახალი უნდა ვეძებო. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
არ შეიძლება, მეთოდი დოგმად აქციო. დოგმა – სიკვდილია! ქრება შთაგონება, ქრება მოთხოვნილება შექმნისა.
… მერე კი ინფარქტი. 28 ნოემბერს, ღამის ოთხ საათზე თითქოს დანას მისვამდნენ გულში.
საავადმყოფო-კლინიკა. რეანიმაცია. წვეთოვანი. ჩემსკენ მოპყრობილი ექიმის თვალები და მონიტორი. ბევრი ექიმი და ჩემზე მოჩერებული თვალები.
… გუშინ პასტერნაკის მიმოწერიდან ამოვიკითხე, რომ „თეატრის ხელოვნება მოლოდინია“. როდესაც აღარაფერს ელოდები, როდესაც ყველაფერი უკვე ნათელი და გასაგებია, მაშინ შეიძლება წახვიდე კიდეც სპექტაკლიდან. ეს სიყვარულივითაა. როდესაც საიდუმლო ქრება – ქრება სიყვარულიც. სპექტაკლი უნდა ააგო, როგორც მოულოდნელობათა ჯაჭვი, მოულოდნელ აღმოჩენათა, სცენური სვლების აღმოჩენათა ჯაჭვი. როდესაც მაყურებლისთვის წინასწარაა ცნობილი ეს „როგორ“, ის, ტყუილად დროის დაკარგვას, შინ წასვლას ამჯობინებს.
… ჩავატარე ბაღის ორი რეპეტიცია, მაგრამ დიდად ნასიამოვნები არ ვარ. ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს, ნაბიჯსაც გაუბედავად ვდგამ. … რეპეტიციას ღონე სჭირდება, იმპულსი, შთაგონება, რომ ცხოვრება ძერწო.
… როგორ მივაღწიო, ქმედების რა ფორმები მოვძებნო, რომ სპექტაკლის ფიქრები და მღელვარება მაყურებლის მღელვარებად იქცეს, მსახიობები კი – იდეათა მქადაგებლებად?
… შეტევა მქონდა. ისევ სასწრაფოს გამოუძახეს. … მერე ინფარქტი, ეს სიგნალია შეჩერებისკენ. შინაგანად უნდა შევიცვალო, მაგრამ ლოდინი არაა საჭირო. შეძლებისდაგვარად უნდა ვიმუშაო, კი არ ველოდო, არამედ ვიმუშაო მუშაობისთვის, მოძრაობისთვის. ყველაზე მთავარია, არ გაჩერდე, სულ რაღაც აკეთო, გული რომც გტკიოდეს, მაინც“.
ხშირად მიფიქრია, რატომ მოხდა ისე, რომ რეჟისორმა ამდენი წლის ნაფიქრ-ნაგრძნობი თავისი სათქმელი ფურცლებზე გადატანილი დაგვიტოვა მხოლოდ? რატომ მოხდა ისე, რომ ვერ მოასწრო სპექტაკლის დადგმა მაშინ, როდესაც თითქმის ფინალამდე იყო მისული?! ვინ იცის…
აკი, თვითონაც გრძნობდა ამას. მის ბოლო ჩანაწერებშიც ხომ ხშირად გაკრთება ნაღვლიანი ფიქრი იმისა, რომ, ალბათ, ვერ მოასწრებს…

წყარო: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი. ვებ გვერდი http://www.georgianart.ge

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button