ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – ეშმაკნი

„არის ამქვეყნად უცნაური სახის მეგობრობა: ორმა მეგობარმა შეიძლება ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და მაინც ვერა და ვერ დაშორდნენ.“

„გადიდგულებული მეგობარი პირველი თვითონ გახდება ავად და შეიძლება დარდსაც გადაჰყვეს.“

„რაც უფრო დიდბუნოვანია კაცი, მით უფრო სჩვევია უხეში აზროვნება, თუნდაც თავისი მრავალმხრივი განვითარების გამო.“

„ქალის გული დღემდე არავის ამოუცვნია!“

„თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ რა ნაღველით და ბოღმით აგევსება გული, როცა წლების მანძილზე წმინდად ნალოლიავებ შენს დიდ იდეას უვიცები აიტაცებენ, ქუჩაში გაათრევენ და თავისთანა რეგვენების სათრევად გახდიან! როცა ამ შენს იდეას უეცრად ქუჩაში წააწყდები, სულ შეცვლილს, დამახინჯებულსა და ლაფში ამოსვრილს, ყოველგვარი ჰარმონიის, აზრისა და სილამაზისგან გაძარცულს და ბრიყვების საბურთაოდ გამხდარს!“

„აზრის წარმოსაშობად პირველ ყოვლისა შრომაა საჭირო, საკუთარი შრომა, საკუთარი თაოსნობა, საკუთარი გამოცდილება! ხელის გაუნძრევლად არასოდეს არაფერი გაკეთებულა. ვიმუშაოთ და ჩვენი აზრიც გვექნება. მაგრამ მუშაობის თავი ჩვენ ვინ მოგვცა, მაშ აზრიც იმათგან უნდა ვისესხოთ, ვინც აქამდე ჩვენს მაგიერ მუშაობდა და მაშასადამე, ისევ ევროპასა და ისევ იმ გერმანელებს მივაკითხოთ, ვინც აგერ ორასი წელია ჩვენი ჭკუის მასწავლებლები არიან.“

„რუსეთი იმდენად დიდი გაუგებრობა გახლავთ, გერმანელებისა და შრომის გარეშე ჩვენ ამ გაუგებრობას ვერც მოვერევით და ვერც თავს გავართმევთ.“

„ხომ არ შემიძლია მართლა და მართლა ისე ვიწამო, როგორც ჩემს ნასტასიას (მოახლე) ან რომელიმე ბატონკაცს სწამს, ასე ვთქვათ, „ყოველი შემთხვევისათვის“ – ან როგორც ჩვენს საყვარელ შატოვს, – თუმცა არა, შატოვი სათვალავში ჩასაგდები არ გახლავთ, შატოვს მოსკოველი სლავიანოფილივით იძულებით სწამს.“

„ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქრისტიამობამ ქალი ვერ დააფასა, – რაც დიდებულად განავითარა ჟორჟ სანდიმ თავის ერთ-ერთ გენიალურ რომანში.“

„სამარხვო ზეთსა და ცერცვის შეჭამანდში ხომ არ შეეძლო მართლა და მართლა ბელინსკის გზა ხსნისა ეპოვა!…“

„ორმოცდაშვიდ წელს, ბელინსკიმ საზღვარგარეთ ყოფნისას გოგოლს თავისი ცნობილი წერილი გაუგზავნა, სადაც სასტიკად უსაყვედურა, „ვიღაც ღმერთის“ როგორ გწამსო.“

„ვისაც თავისი ხალხისა არა ესმის რა და ვინც მას მოწყდება, მყისვე მამულის რწმენასაც დაჰკარგავს და ათეისტი ან ყველაფერზე გულაყრილი კაცი გახდება.“

„მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე. ზოგს ხომ სევდა ყოველგვარ სიამოვნებას ურჩევნია.“

„ზოგჯერ პატარა წვრილმანიც კი საოცრად გაგაკვირვებს და გონებაში დიდი ხნით ჩაგრჩება.“

„დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო…“

„თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.“

„ჭეშმარიტი მეგობრებისათვის ზოგჯერ მართლაც მავნე გახლავთ განმარტოება.“

„ხშირად რომელიმე მწერალი ხალხს წლების მანძილზე ღრმა აზრების მატარებლად მიაჩნია, ჰგონია, საზოგადოების გარდაქმნაზე განსაკუთრებულსა და საოცარ გავლენას ახდენსო, მაგრამ ბოლოს მისი ღრმა აზრები ეგზომ წყალწყალა და უსუსური გამომდგარა, გული არავის დასწყვეტია, ასე მალე რატომ გამოიფიტაო.“

„გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა და გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ, უცებ გადასწყვეტენ ხოლმე. ტკივილი ნაკლებ ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, – ის ბევრს ფიქრობს.“

– ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი?
– ძალიან ბევრი იკლავს. ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა. ყველა.
– მაშ თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან?
– მე… მე ჯერ ცოტა რამ ვიცი… ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარაა, მეორე კი ძალიან დიდი, მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია.
– პატარა რაღაა?
– ტკივილი.
– მეორე დიდი მიზეზი რაღაა?
– საიქიო.
– ესე იგი სასჯელი, არა?
– რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოს ფიქრია, – მხოლოდ საიქიოსი.

„ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულ ერთია. აი, თავი და თავი მიზანი.“

Иллюстрация к роману Ф.М.Достоевского Бесы

„ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია. მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს.“

„სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედურია.“

„ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია. ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშს ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის, გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი, ბედნიერი და ამაყი და მისთვის სულ ერთი იქნება სიკვდილ-სიცოცხლე.“

„ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება.“

– თქვენის აზრით, მაშ ის ღმერთი მაინც არსებობს?
– ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი.

„ღმერთი სიკვდილის შიშია.“

„ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არ არსებობს. ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვიცნ გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი იყოს და აღარც არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია.“

„ჩვენ, რუსები, ამერიკელებთან შედარებით უსუსური ბალღები ვართ, კაცი ან ამერიკაში უნდა დაიბადო, ან კარგა ხანს უნდა იცხოვრო იქ, თუ გინდა იმათ დონემდე მიაღწიო.“

„არ მესმის, მოწყენამ როგორ უნდა აიტანოს კაცი. დარდმა არ უნდა გძლიოს.“

„რატომზე“ ელით პასუხს? ამ პატარა სიტყვას ჰგოდებს ქვეყნიერების გაჩენის პირველი დღიდან მთელი დედამიწა. ყოველ წუთს და წამს ამას შეჰღაღადებს თავის გამჩენს ბუნება, და პასუხი აგერ უკვე შვიდი ათასი წელია ვერ მიუღია.“

„არის ისეთი სახეები, ყოველ ნახვაზე რომ მუდამ სხვანაირი გეჩვენება, მუდამ რაღაც ისეთს შეამჩნევ, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, გინდა ასჯერ გყავდეს ნახული.“

„ხომ არის ისეთი შემთხვევა, როცა კაცს უჭირს თვითონ ლაპარაკი, ჰოდა, აუცილებელია ეს მესამე პირმა იკისროს, ვისაც არ გაუჭირდება ზოგიერთი საჩოთირო ამბის გადმოცემა.“

„რაც უფრო საშინელ დღეშია ადამიანი, ან რაც უფრო დაჩაგრული და ღარიბია ხალხი, მით მეტი სიკერპით ეჭიდება ოცნებას, სამოთხეში ამინაზღაურდება ყველაფერიო.“

„კეთილშობილებით დაბრმავებულ გულს ძალუძს ყოვლად უღირსი ადამიანი, ვისაც შენი არა ესმის რა, ვინც მზადაა, როგორც კი შემთხვევა მიეცემა, სიცოცხლე გაგიმწაროს, აი ასეთი კაცი, მიუხედავად ყველაფრისა, იდეალად გაიხადო, ოცნებად დაისახო, მთელი იმედები მასზე დაამყარო, შეიყვარო და მთელი სიცოცხლე ხატად დაისვა, არც იცი, რატომ და რისთვის – იქნებ სწორედ იმისთვის, რომ ამის ღირსი არ არის.“

„ჭეშმარიტი მწუხარება ზოგჯერ ფუქსავატ კაცსაც დაადინჯებს და საოცარ ძალას შემატებს, თუნდაც სულ მცირე ხნით.“

„ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, დროებით, ასე იცის მწუხარებამ.“

„სიმართლე მუდამ დაუჯერებელია. სიმართლე რომ დასაჯერებელი გახდეს, უთუოდ ტყუილი უნდა შეურიო.“

„ო, რუსები უნდა მავნე პარაზიტებივით გაჟლიტონ კაცობრიობის საკეთილდღეოდ!“

„ჩვეულებრივ თუ ამქვეყნად ბოლო არაფერს აქვს, უთუოდ ექნება, უთუოდ!“

„ადამიანს უბედურება სწორედ ისევე სჭირია, როგორც ბედნიერება.“

„იმაზე ეშმაკური არაფერია, კაცი რომ საკუთარ თავს თამაშობ, არავინ დაგიჯერებს.“

„იმდენი უნდა იქაქანო და უმტკიცო შენი, ბოლოს შენვე აგერიოს, მსმენელმაც ვერაფერი გაიგოს და თავი დაგანებოს.“

„ადამიანმა რომ დიდი ბოროტება ჩაიდინო, ისეთი სამარცხვინო, თავმოსაჭრელი და ამასთან… ისეთი სასაცილო… მთელი ათასი წელი არავინ დაგივიწყოს და ათასი წელი ყველამ გაფურთხოს, უცბად კი ეს იფიქრო: „შუბლში ერთი ტყვია და მორჩა ყველაფერიო“, განა სულ ერთი არ იქნება, ვინ რას იტყვის და რას იზამს შენს შემდეგ?“

„არის წუთები, როდესაც ადამიანისთვის დრო უცბად გაჩერდება და საუკუნოდ ასე იქნება.“

„ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო.“

„დრო საგანი არ არის, დრო იდეაა.“

„ადამიანმა არ იცის თავისი ბედნიერება და უბედური იმიტომ არის. მარტო იმიტომ. ყველაფრის მიზეზი ესაა მხოლოდ! ვინც ამას ჩასწვდება, იმავ წუთს ბედნიერი გახდება.“

„ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი.“

„ჯერ არც ერთ ერს არ მოუწყვია თავისი ცხოვრება მეცნიერებისა და გონების საწყისებზე.“

„გონება და მეცნიერება ადამიანთა ცხოვრებაში მუდამ მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა დასაბამიდან.“

„ჯერ არასდროს მომხდარა, ყველა ერსა თუ რამდენიმეს ერთი საერთო ღმერთი ჰყოლოდათ, თითოეულს თავისი ჰყავდა.“

„მიზანი კაცობრიობისა, მიზანი ყოველი ერისა, მისი არსებობის მანძილზე არის მარტოოდენ ღმერთის ძიება, დიახ, უთუოდ საკუთარი ღმერთის ძიება და რწმენა მისი, ვითარცა ერთარსებისა, ჭეშმარიტებისა.“

images2

„ღმერთი არის სინთეტიკური პიროვნება მთელი ხალხისა, ამ ხალხის არსებობის დასამაბიდან დასასრულამდე.“

„ცალკეულ ხალხთა გაქრობის ნიშანი საერთო ღმერთის აღიარება გახლავთ.“

„როცა ღმერთები საერთო ხდება, ისპობა ღმერთებიც და ისპობა რწმენაც თვით ხალხთან ერთად.“

„რაც უფრო ძლიერია ხალხი, მით განსაკუთრებულია ღმერთი მისი.“

„არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე.“

„ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა, საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია.“

„როცა ხალხებს საერთო ცნება ექმნებათ სიკეთესა და ბოროტებაზე, მაშინ იწყება მათი გადაგვარება და მაშინ იშლება სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის.“

„მე ხალხი ამყავს ღმერთამდე. ან ყოფილა კი ოდესმე სხვანაირად?“

„ხალხი ეს სხეულია ღვთისა. ყოველი ერი მანამდე რჩება ერად, ვინემ საკუთარი ღმერთი ჰყავს და სხვა დანარჩენ ღმერთებს შეურიგებლივ ჰგმობს. ვინემ სწამს, რომ მისი ღმერთი სხვა ღმერთებს დაამარცხებს და განდევნის.“

„ებრაელები მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მოლოდინით სულდგმულობდნენ და ქვეყნიერებას ახალი ღმერთი დაუტოვეს.“

„ბერძნები ბუნებას აღმერთებდნენ და მსოფლიოს თვისი რელიგია უანდერძეს ანუ ფილოსოფია და ხელოვნება.“

„რომმა ხალხი გააღმერთა სახელმწიფოს სახით და კაცობრიობას სახელმწიფო დაუტოვა ანდერძად.“

„თუ დიად ერს არა სწამს, რომ მარტოოდენ მან მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუ არა სწამს, რომ მარტოოდენ მას ძალუძს და მარტოოდენ ისაა მოწოდებული ყველა მკვდრეთით აღადგინოს და იხსნას თავისი ჭეშმარიტებით, ის ეთნოგრაფიის მასალა არის და არა დიდი ერი.“

– მითხარით, თქვენ თვითონ გწამთ თუ არა ღმერთი?
– მე რუსეთი მწამს, მართლმადიდებლობა მწამს მისი… მწამს ქრისტეს სხეული… მწამს, რომ მეორედ მოსვლა რუსეთში მოხდება… მწამს…

„ვაი, რომ პიგმეები ვართ ამერიკის ჩრდილოეთ შტატების აზრთა გაქანებასთან შედარებით; რუსეთი ეს ბუნების შეცდომაა და არა ჭკუისა.“

„მართლაც დიდი ადამიანი უნდა იყო, საღმა აზრმაც არ შეგაყოყმანოს.“

„თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რწმენა რომ ხალხის გასაპირუტყვებლად გინდათ.“

„დიდი ნიჭის ადამიანი დიდი არამზადაც შეიძლება იყოს, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.“

„მოყვასის უბედურება უცხო თვალს, ვინც არ უნდა იყოს იგი, მუდამ სიამეს ჰგვრის.“

„სინამდვილეში მოწყალების გაცემით მინიჭებული სიამოვნება ამპარტავნული და უზნეო სიამოვნებაა, ეს მდიდარი კაცის განცხრომაა, აქაოდა სიმდიდრე და ძალაუფლება მაქვსო და მათხოვარზე მაღლა ვდგავარო. მოწყალება ათახსირებს გამკითხავსაც და გაკითხულსაც და ვერც მიზანს აღწევს, ვინაიდან მხოლოდ ამრავლებს გლახაკებს.“

„კურთხეულ რუსეთს ყველაზე ნაკლებ ძალუძს ამქვეყნად რასმე გაუმკლავდეს. უბირი ხალხი კიდევ ჰა, რუსთა ღმერთს ეჭიდება და იმით უდგას სული.“

„კურთხეული რუსეთი ფიცრისგან ნაგები ქვეყანა არის, ღატაკი და… საშიში ქვეყანა, სადაც ბატონებად ქედმაღალი გლახაკნი სხედან, დანარჩენი უმრავლესობა კი ხუხულებში ცხოვრობს.“

„რუსული რევოლუციური იდეის მთელ არსს სინდისის უარყოფა შეადგენს.“

„რუსი კაცისთვის სინდისი მხოლოდ ზედმეტი ტვირთია და მუდამ ტვირთი იყო, მთელი მისი ისტორიის მანძილზე.“

„მე თავის მოკვლა იმიტომ მინდა, ეს იმიტომ ვიფიქრე, არა მსურს სიკვდილისა მეშინოდეს…“

бесы

„იცით, ყველაზე ძლიერ რა მოქმედებს ამ ხალხზე? რა და მუნდირი. მუნდირის ჯადოს ვერავინ უძლებს. მეც განზრახ ვიგონებ ჩინებსა და თანამდებობებს: ეს მდივნებიო, ეს ფარული მეთვალყურენიო, ხაზინადარნიო, თავმჯდომარენიო, ეს რეგისტრატორნიო, მათი თანაშემწენიო – ამ ანკესზე ყველა ეგება. ამასთან სენტიმენტალობაც დიდი ძალაა.“

„მე თუმცა სულ მთლად არა მწამს, მაინც არ ვიტყვი, ღმერთი უნდა დაიხვრიტოს-მეთქი.“

„ახლა საკუთარი ჭკუით არავინ ცხოვრობს. საკუთარი ჭკუა ახლა ძალიან ცოტასა აქვს.“

„უდესპოტიზმოდ არც თავისუფლება ყოფილა ქვეყნად და არც თანასწორობა.“

„ქვეყნიერებას ერთი რამ აკლია მხოლოდ და ეს ერთი მორჩილებაა.“

„სწავლის წყურვილი უკვე დიდკაცური სურვილია.“

„ბატონკაცი რომ დემოკრატიას იწამებს, ამაზე მომხიბლავი არაფერია!“

„იმაზე აუტანელი არაფერია, როცა გაუბედურებულ კაცს ასი მეგობარი დაადგება თავზე და ჩასჩიჩინებს, ბრიყვულად მოიქეციო.“

„ქალი მთლიანად არასოდეს ინანიებს დანაშაულს.“

„რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა.“

„ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმენლობას გამოხატავენ.“

„მე არ მესმის, რად იქცევიან ეს ჩვენი ბატონი გენიოსები თავიანთი დიდებული წლების მიწურულს, როგორც პატარა ბიჭები?“

„მსუბუქი ლიტერატურული კითხვის დროს, რაც უნდა გენიოსი იყო, საზოგადოებას ოც წუთზე მეტი გული არ უნდა გაუწყალო, თორემ დაუსჯელად ვერ გადარჩები.“

„კაცობრიობის ბედ-იღბალისთვის სისულელე ისევე საჭირო გახლავთ, როგორც უდიდესი გენია…“

„იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანიის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მეცნიერების, პურის გარეშეც გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს, რამეთუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე! ამაშია მთელი საიდუმლოება, ეს არის, რაც არის!“

„იცით კი, რომ მეცნიერებაც წუთით ვერ გასძლებს სილამაზის გარეშე, ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება, ლურსმანსაც ვერ გამოიგონებს…“

„სულ ბედნიერი იყავით-მეთქი, არ გისურვებთ – მოგწყინდებათ; არც უბედურებას გისურვებთ; უბრალოდ, გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ“ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ.“

„საერთოდ, რუსი ქალის სილამაზეს უზადოება აკლია.“

„ჭეშმარიტების თვალნათლივ დანახვამ არ შეიძლება მაინც არ შეგაძრწუნოს კაცი.“

„ო, რა საზიზღარი, რა სულმდაბალი პირუტყვია ადამიანი!“

„ადამიანი და მისი შეხედულება – ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული.“

„არის ზოგჯერ ისეთი წამები, ეს ხუთი თუ ექვსი წამია მხოლოდ, როცა შენს სულში განუწყვეტელი ჰარმონია ისადგურებს. ამას მიწიერი არაფერი აქვს. მე არც ზეციურს დავარქმევდი, უბრალოდ მიწიერი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს, ან ფიზიკურად უნდა შეიცვალოს, ან მოკვდეს. ეს არის ნათელი, უდავო შეგრძნება. თითქოს უცბად შეიგრძნობ მთელ ბუნებას და უცებ ამბობ: ეს კი მართალიაო. როცა ღმერთმა ეს ქვეყანა გააჩინა, გაჩენის ყოველი დღის ბოლოს ასე ამბობდა: „ეს მართლა კარგიაო“. ეს… გულაჩუყება არაა, ეს უბრალოდ სიხარულია. თქვენ აღარც პატიება გჭირდებათ ვისიმე, ვინაიდან საპატიებელი აღარაფერი გაქვთ. ეს სიყვარულზე მეტიცაა! საშინელი ის არის, რომ ყველაფერი ასე საშინლად ცხადია და ასე დიდად სახარბიელო. ეს კიდევ ერთი წამი რომ გაგრძელდეს, შენი სული ვერ გაუძლებს და გაქრება. ამ ხუთ წამში მე მთელ სიცოცხლეს განვიცდი და მთელ სიცოცხლეს არ დავიშურებ ამ წამებისათვის. ათი ასეთი წამის გასაძლებად ფიზიკური გარდაქმნაა საჭირო.“

„მთელი სიცოცხლე იმას ვნატრობდი, ლიტონი სიტყვები არ ყოფილიყო. მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობდი. ახლაც ყოველდღე ამას ვნატრობ, ლიტონი სიტყვები არ იყოს-მეთქი.“

„თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ. თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ ჩემი თვითნებობა გამოვავლინო.“

„ნუთუ ამ პლანეტაზე ისეთი არავინ მოიძებნება, ღმერთი უარყოს, თვითნებობა ირწმუნოს და მერე გაბედოს ეს თვითნებობა გამოავლინოს? ეს იგივეა, გლახაკმა მემკვიდრეობა მიიღოს და შიშით სალაროს ვერ გაეკაროს. მე მინდა ჩემი თვითნებობა გამოვავლინო. თუ სხვამ არა, მე ერთი გავაკეთებ ამას.“

„მე მოვალე ვარ თავი მოვიკლა, ვინაიდან ჩემი თვითნებობის მთავარი მუხლია – შენი ხელით მოიკლა თავი.“

„ჩემთვის ყველაზე დიდი იდეა ის არის, რომ ღმერთი არ არსებობს. ამას ადასტურებს კაცობრიობის ისტორია. ადამიანს სხვა არაფერი უკეთებია, გარდა ღმერთის გამოგონებისა, რა არის თავი არ მოეკლა და ეცოცხლა. მთელი მსოფლიოს ისტორია დღემდე ეს არის.“

„იყო ამ ქვეყნად ერთი დღე და იმ დღეს დედამიწაზე სამი ჯვარი იდგა. ერთს, იმ ჯვარზე გაკრულს, ისე სწამდა, მეორეს უთხრა: „დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდებიო“. დასრულდა დღე, ორივე მოკვდა. იარეს, იარეს და ვერც სამოთხე ნახეს, ვერც მკვდრეთით აღდგომა იხილეს. ნათქვამი არ ახდა. მისმინე: ეს კაცი იყო უდიადესი არსება ამ ქვეყანაზე, მისთვის ღირდა მხოლოდ ესულდგმულა ქვეყნიერებას. მთელი პლანეტა, ყოველივე, რაც მასზე არის, ამ კაცის გარეშე სიგიჟეა და სხვა არაფერი. არც მანამდე და არც მერე მისი მსგავსი არ შექმნილა და არც შეიქმნება, რა სასწაულიც არ უნდა მოხდეს. სასწაულიც სწორედ ის არის, რომ მისი მსგავსი არც ყოფილა და არც იქნება. ხოლო თუ ასეა, თუ ბუნების კანონებმა ისიც არ დაინდეს, თავისივე სასწაულიც გასწირეს, ისიც იძულებული გახადეს ამ ცრუ წუთისოფელში ეცხოვრა და სიცრუისთვის მომკვდარიყო, მაშასადამე, ეს პლანეტა სიცრუეა, სიცრუეზე დგას და ყველაფერი მხოლოდ ადამიანის დაცინვაა. მაშასადამე, თვით პლანეტის კანონები სიცრუე და ეშმაკისეული ვოდევილი არის.“

„ვერ გამიგია, როგორ შეიძლება სცოდნოდა ათეისტს, ღმერთი არ არისო, და მაშინვე თავი არ მოეკლა? იცოდე, ღმერთი არ არის და ისიც იცოდე, შენ თვითონ ღმერთი ხარ – ამაზე მეტი უაზრობა არ შეიძლება.“

„მე ვიკლავ თავს, რომ დავამტკიცო ჩემი ურჩობა და ჩემი ახალი საშინელი თავისუფლება.“

„ოო, უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ ყველას, უპირველეს ყოვლისა, შევუნდოთ და ვაპატიოთ მუდამ და ყოველთვის… იმედია, ჩვენც შეგვინდობენ. რამეთუ ყველანი ერთმანეთის წინაშე დამნაშავენი ვართ… დიახ, დამნაშავენი!..“

1388501_739421382738520_1446769932_n

„ოო, ბედნიერია ის, ვისაც ღმერთი ცხოვრების გზაზე ქალს შეახვედრებს.“

„ამ ქვეყანასთან რომ ანგარიში გაასწორო და სრული თავისუფლება მოიპოვო, შენდობა, შენდობა და შენდობაა საჭირო.“

„ძნელი ყოფილა ამ ქვეყანაზე ისე იცხოვრო, არ მოიტყუო… და… შენივე ტყუილი არ დაიჯერო, დიახ, სწორედ ასეა!“

„ეს ეშმაკნი, გამოსულნი სნეულისგან და შესულნი ღორებში (ბიბლიური სიუჟეტი) – ეს სულ მუწუკები და წყლულებია, უწმინდურება და სიბინძურე, ეშმაკნი და ეშმაკეულნი, რომელთაც შეჭირვებული ჰყავთ ჩვენი ტკბილი სნეული, ჩვენი დიდი რუსეთი საუკუნეთა მანძილზე. დიახ, რუსეთი, რომელიც მე მუდამ მიყვარდა. მაგრამ აზრი ზენარი და ნება ზენარი მოევლინება მას ზეციდან, როგორც იმ ეშმაკებისგან შეპყრობილ შეშლილს და გამოვლენ მისგან ყველა ეს ეშმაკნი, ეს უწმინდურება, მთელი ის სიბილწე, ზედაპირზე ჩირქიან მუწუკებად გამოსული… და თვითონვე შეიხვეწებიან, გაგვიშვიო, ღორებში შევალთო. თუმცა, იქნებ უკვე შესულნიც არიან! დიახ, დიახ, ეს ჩვენ ვართ!“

„ღმერთი ახლა თუნდაც იმიტომ არის ჩემთვის აუცილებელი, რომ ადამიანს მარტო მისი სიყვარული შეუძლია ნიადაგ…“

„უკვდავება თუნდაც იმიტომ მომენიჭება, ღმერთი არ იქნება ისე უსამართლო, გულში ჩამიქროს მისი სიყვარულის ერთხელ ანთებული ლამპარი: სიყვარულზე ძვირფასი კი განა რა არის? სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს? თუ მე შევიყვარე იგი და სიხარული მომგვარა ამ სიყვარულმა – შეიძლება კი გამაქროს მეც, ჩემი სიხარულიც და არად გვაქციოს? თუ ღმერთი არის, მეც უკვდავი ვარ! Voila ma pfofession de foi (აი, ჩემი რწმენა სჯულისა)“

„ჰოი, ნეტავ კიდევ მაცოცხლა! სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს… უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, მალული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი…“

„თუნდაც იმის წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ჩემზე უსაზომოდ სამართლიანი და ბედნიერი, უკვე მეც მავსებს უზომო სასოებით, როგორიც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მქონდეს ჩადენილი! ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასათვის და ყოველივესთვის…“

„ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანმა მუდამ შეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთილება მოკლავთ. უსაზღვრო და უსაზომო ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც ის პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს…“

„ჩემო მეგობრებო და კეთილებო: გაუმარჯოს დიად აზრს, უკვდავ, უსაზომო აზრს, ყოველმა კაცმა მუხლი უნდა მოიდრიკოს იმის წინაშე, რასაც დიადი აზრი ჰქვია. დიადი ხომ ყველაზე სულელსაც სჭირდება.“

„ამ წარმოუდგენლად პატივმოყვარე ლიტერატორებს თითქოსდა მოვალეობად მიაჩნიათ არც დამალონ ეს თავისი პატივმოყვარეობა.“

„ისეთი ლიბერალი, რომელსაც არავითარი მიზანი არ გააჩნია, მარტო რუსეთში გახლავთ შესაძლებელი.“

„ჩვენ ჩვენი შრომით ცხოვრება არ შეგვიძლია.“ – სტეფან ტროფიმოვიჩი

„მე ღმერთი მწამს, მაგრამ ამას გარკვევა უნდა: მწამს არსება, რომელსაც მე ჩემში ვატარებ და ჩემში შევიცნობ.“

„რაც არ იცი, ვერც შეიყვარებ.“

„თქვენ ყველა და ჩვენც ყველა ახლა – ან სულმდაბალი ათეისტები ვართ, ან გულაყრილი, გათახსირებული ვიგინდარები და მეტი არაფერი!

„ზოგიერთი რამის აღიარება მართლაც ძნელია ადამიანისთვის.“

„მე ისეთ რამეებზე არ ვმსჯელობ, რაც უკვე გადაწყვეტილია.“

„ქალი ყოვლის მხილველ თვალსაც მოატყუებს.“

„ზოგ საგანზე არამცთუ არ შეიძლება კაცმა ილაპარაკოს, ლაპარაკის წამოწყებაც კი უჭკოუბაა.“

„თუ აჯანყებას დაიწყებ, უთუოდ ათეიზმიდან უნდა დაიწყო.“

„რომის კათოლიციზმი ქრისტიანობა აღარ არის, რომმა ის ქრისტე იწამა, რომელსაც ეშმაკის მესამე ცთუნებამ სძლია. კათოლიკებმა რომ გამოაცხადეს, ამქვეყნიური მეუფების გარეშე ქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებსო, ამით ანტიქრისტე აღიარეს და მთელი დასავლეთი დაღუპეს.“ – სტავროგინი

„სოციალიზმი უკვე თავისი შინაარსით ათეიზმია, რამეთუ პირველივე სტრიქონი აცხადებს, რომ ის ათეისტური მოძღვრებაა და განზრახული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებისა და გონების საწყისებზე მოაწყოს ყველაფერი.“

„საფრანგეთი მთელი თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ რომაული ღმერთის იდეის განვითარება იყო, ხოლო თუ თავისი რომაული ღმერთი ბოლოს უფსკრულში გადაისროლა და ათეიზმი ირწმუნა, რასაც ჯერჯერობით სოციალიზმად ნათლავენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ათეიზმი რომის კათოლიციზმზე უფრო ჯანსაღი არის.“

„ღმერთს ვერ იწამებ, თუ ღმერთი არა გყავს.“

„იშრომეთ და შრომით ჰპოვეთ ღმერთი; ეს არის ყველაფრის დედაარსი, ანდა გაქრით, ვით საზიზღარი ობი.“

„ახლა ჭკვიანები აღარ ყბედობენ, პირი აქვთ დაცული.“

„შრომა გვეზარება, ფულის მადა კი დიდი გვაქვს.“

„მათხოვრობამ არ შეიძლება კაცი არ გარყვნას.“

„ზოგიერთი პროკლამაციის ერთ სტრიქონში უფრო მეტი აზრია, ვინემ რომელიმე კანცელარიის მთელ საქმიანობაში.“

„მეგობრობა სინამდვილეში მხოლოდ გაბუქული სიტყვაა.“

„ზოგად საკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლა დგას ხორციელ სიამოვნებაზე.“

„ღმერთი აუცილებელია და ამიტომაც უნდა იყოს, მაგრამ მე ვიცი, ღმერთი არ არის და არც შეიძლება იყოს!“

„ქალი მაინც ქალია, გინდაც მონაზვნის სამოსელი ეცვას.“

„ჩვენს ცოდვილ დროში რწმენა მამა ზეციერისა ადამიანის ერთადერთი სასოებაა ამ ტანჯვისა და ვაების წუთისოფელში, ისევე როგორც მართალთათვის აღთქმული საუკუნო ნეტარება…“

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button