განხილვამუსიკა

მზიური – სათაგური (როკ-ოპერა, 1982)

art rock, rock opera

ტრეკლისტი:

  1. ნაწილი პირველი (19:16)
  2. ნაწილი მეორე (18:39)

შემადგენლობა:

  • მაია ენუქიძე – პაპა ესტატე
  • ქეთინო რაზმაძე – ზარმაცი კატა
  • ლელა ამირანაშვილი – სოფლის მასწავლებელი
  • ქეთინო ჯავახიშვილი – კაპიტანი
  • ხატია ურიგაშვილი – უფროსი
  • ნინო გელეიშვილი – სოფლის მღვდელი
  • სოფიო ბერაძე – ფიცხელა
  • ირმა ენდელაძე – სუსნია
  • ეკა ბუხრაშვილი – ნემსა
  • ნათია გიორგობიანი – ფხორა
  • მარინა ბედოშვილი – კუდა
  • მაია ჯორჯაძე – ცქმუტა
  • ირმა კალმახელიძე – ბეცა
  • გურამ ჯაიანი – სამხატვრო ხელმძღვანელი
  • ვაჟა დურგლიშვილი – კომპოზიტორი
  • გივი ჭიჭინაძე – ლიბრეტო

2000-ების დასაწყისში, ალბათ ყველას გვეცინებოდა მოზღვავებულ ბავშვ „მომღერლებზე“, რომლებიც მშობლების დიდძალი დაფინანსების წყალობით მთავარ მუსიკალურ არხებზე ტრიალებდნენ და ალბომებსაც იწერდნენ. თუმცა, ბევრს ისიც მოგეხსენებათ, რომ საბავშვო პოპ-სიმღერას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ საქართველოში ძალიან ბევრი საბავშვო პოპ, როკ და ფოლკლორული ანსამბლი მოღვაწეობდა, მაგრამ მათი მონაწილეები არა პროტექციით. არამედ მუსიკალური ნიჭის მიხედვით ირჩეოდნენ და მათი საშემსრულებლო ოსტატობა დიდების ანსამბლებსაც კი უწევდა კონკურენციას. ეს საბავშვო საესტრადო მოძრაობა საქართველოში 1971 წელს, ერთი ფენომენალური ანსამბლის ჩამოყალიბებით დაიწყო.

მზიური“ თბილისის პიონერთა სასახლეში, რაფაელ კაზარიანის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ანსამბლში მხოლოდ 14 წლამდე ასაკის გოგონები შედიოდნენ, რომლებიც სიმღერის გარდა, ინსტრუმენტებზეც თვითონ უკრავდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ კოლექტივს სათავეში გურამ ჯაიანი ჩაუდგა. „მზიურის“ წარმატებამ მალევე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ანსამბლის არსებობის მანძილზე პიონერთა სასახლეში მილიონზე მეტი (!!) წერილი შევიდა. თავიდან ანსამბლმა ქართული და უცხოური საბავშვო სიმღერებით დაიწყო, მაგრამ ჯაიანი მალევე მიხვდა, რომ ბავშვების მუსიკალური ნიჭი და საშემსრულებლო ოსტატობა გაცილებით უფრო დიდი შემოქმედებითი ამბიციების დაკმაყოფილების საშუალებას იძლეოდა. ასე, 1976 წელს, ჩაიწერა რუსულენოვანი როკ-ოპერა / მიუზიკლი „Наш Друг Буратино“, რომელიც საშემსრულებლო კლასით თავისუფლად შეგვიძლია დავაყენოთ სამოცდაათიანების მოზრდილთა ანსამბლების საუკეთესო ნამუშევრების გვერდით. ამ პერიოდში ჯგუფში მოღვაწეობდნენ პატარა თამარ გვერდწითელიმაია ჯაბუაეკა კახიანი და ა.შ.

დროის სვლასთან ერთად ბავშვები იზრდებოდნენ და მათ ანსამბლის დატოვება უწევდათ, მათ ადგილზე კი ახალი თაობა მოდიოდა. ასე რომ, 80-იანების დასაწყისში პირველი თაობა ახალმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. ახალი ბავშვებიც არანაკლებ ნიჭიერები აღმოჩნდნენ და ჯგუფმა კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ჩაიფიქრა. 1982 წელს მათ ჩაწერეს ვაჟა დურგლიშვილის მიერ დაწერილი საბავშვო როკ-ოპერა „სათაგური“, ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მოტივებზე.

დურგლიშვილს უკვე განთქმული ჰქონდა სახელი წინა დეკადაში, როგორც სასიმღერო კომპოზიტორს; „სათაგური“ კი მასშტაბური კომპოზიციის შექმნის მისი პირველი მცდელობა იყო. ეს კარგად აისახება მუსიკაშიც – ოპერის შემადგენელი აგურები ცალკეული სიმღერებია, რომელსაც საერთო თემა და არანჟირების ნიუანსები აერთიანებს. სასიმღერო ნაწილები ძალიან დახვეწილი და მრავალფეროვანია; ამ კონტრასტების ინსტრუმენტული არანჟირებებით შეერთება კი ნამუშევარს ძლიერ არტ-როკულ ელფერს აძლევს. არანჟირებებიც, მიუხედავად თავიანთი დახვეწილობისა, დაცლილია ზედმეტი პომპეზურობისგან და ძირითადად ვოკალური მელოდიების გამოსაკვეთად და შესალამაზებლად გამოიყენება. ეს მელოდიები მრავალფეროვანი და ორიგინალურია, ხშირად ფოლკლორული ობერტონებით – კიდევ ერთხელ, იგრძნობა დურგლიშვილის საკომფორტო საკომპოზიციო ზონა. განსაკუთრებით ლამაზია ოპერის პირველი ნაწილი, სადაც თემები ერთი-მეორეზე უკეთესია; თითქმის ყველას საჰიტე პოტენციალი აქვს. მეორე გვერდზე კი ერთ-ერთი თემაა „ესა-მესა“, რომელიც დღევანდელ მსმენელს დუეტ Georgia-ს შესრულებით ექნება მოსმენილი. თვითონ შეაფასეთ, რომელი შესრულება სჯობს.

ჩვენს წინაშე მართლაც უნიკალური ალბომია. 14 წლამდელი გოგონების მიერ შესრულებული პროგრესული / არტ როკ-ოპერა (!!) და რაც მთავარია ძალიან მაღალ დონეზე, კიტჩისადმი ყოველგვარი მინიშნების გარეშე. ნამუშევარი ჩაფიქრებული იყო, როგორც საბავშვო პროექტი, მაგრამ სმენისას ნათელი ხდება, რომ ამ მუსიკის აუდიტორია მხოლოდ ბავშვებით ვერ შემოიფარგლება. კომპოზიტორის მიერ შექმნილი რამდენიმე საუკეთესო თემაც სწორედ ამ ოპერის ნაწილია. ამ მუსიკალური და გარკვეული სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ამ ალბომს დავუწერ 9/10-ს. ასეა თუ ისე, ეს საბჭოთა კავშირში შექმნილი და შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი (არტ) როკ-ოპერაა. ვისაც ეს ამბავი გეუცნაურებათ, დარწმუნებული ვარ, რომ ალბომის მოსმენა ეჭვებს სრულად გაგიფანტავთ. ამ ნამუშევრის შემდეგ მზიურმა კიდევ 10 წელიწადს, 1992 წლამდე იარსება და კიდევ სამი თაობა გამოიცვალა.

გადმოსაწერი ბმული: მზიური – სათაგური (1982)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button