გართობაენიგმა

გუდიანი კაცი სხვადასხვა ქვეყნებში

მრავალ ქვეყანაში არსებობს ანალოგია გუდიანი კაცისა – მოგონილი პერსონაჟის, რომელიც ბავშვების შესაშინებლად გამოიყენება. მას არ აქვს სპეციფიკური გარეგნობა, ამიტომ შტრიხები იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ მხარეში მოიგონეს ის. გუდიანი კაცი უმეტესად მამრობითი სქესისაა, ზოგან მდედრობითი, ზოგანაც – ორივე.

იაპონელი გუდიანი კაცი – ნამაჰაგე ახალ წელს ყოველ სახლს სტუმრობს და სახლის მფლობელს ეკითხება, ჰყავს თუ არა ურჩი ბავშვები. თუ იმ სახლში არ არიან ცელქი და მტირალა ბავშვები, სხვა სახლისკენ გადაინაცვლებს.

კორეელი კოტგამი დადის ტომრით ხელში. მას ძირითადად ურჩი ბავშვების მშობლები უხმობენ და კოტგამსაც ისინი თან მიყავს. კოტგამი კორეულად “მშრალ ხურმას” ნიშნავს და ისტორია ასეთია: დედა ცდილობდა მტირალა ბავშვის დაწყნარებას და ეუბნებოდა, თუ არ გაჩერდები, გარეთ ვეფხვია და ის წაგიყვანსო (კორეულ ფოლკლორში ვეფხვი ითვლებოდა ყველაზე ძლიერ არსებად). ამ დროს მართლაც ჩაიარა ვეფხვმა და ეს რომ გაიგო, კარებთან დადარაჯდა. თუმცა ბავშვის გარეთ გაგდების ნაცვლად, დედამ შვილს მისცა მშრალი ხურმა და უთხრა, “აჰა კოტგამი”. ბავშვმა მაშინვე შეწყვიტა ტირილი. ვეფხვმა იფიქრა, კოტგამი ჩემზე უფრო საშიში მხეციაო და იქაურობას გაეცალა.

მექსიკასა და ესპანეთში მას ელ კოკო ჰქვია. მე-16-17 საუკუნეებში ესპანეთში დადიოდნენ მზვერავები და ქუჩაში მცხოვრები ობოლი ბავშვები ტომრით მიჰყავდათ თავშესაფარში. ელ კოკოს ისტორიაც აქედან წამოვიდა.

ფინური გროკი უზარმაზარი ლურჯი ბურთულის ფორმის არსებაა. ის მუდამ სევდიანი დადის და ზოგჯერ ხალხს აშინებს. არის მორკოც, რომელიც საშიში გარეგნობისაა, მუქი ლურჯი კანი აქვს, მაღალია და მოჩვენებას ჰგავს.

ინგლისსა და ამერიკაში გუდიანი კაცი წარმოდგენილი ჰყავთ როგორც მაღალი, გაძვალტყავებული, საფრთხობელას სახის მქონე ქალი. მას ეწოდება Bloody Bones, ანუ სისხლიანი ძვლები.

შოტლანდიური ბოგარტი ხშირად იწვევს უსიამოვნებებს ადამიანთა ცხოვრებაში. ზოგჯერ ის მძინარე ადამიანებს სახეზე ცივ ხელს ადებს. თუ მის სახელს წარმოთქვამთ, ვეღარასდროს მოიშორებთ. მისგან თავდაცვის საშუალებაა კარზე გაკრული ნალი.

ბაჰამელი ჯუჯა ურიკით დადის და ნადირობს ბავშვებზე, რომლებიც მზის ჩასვლის შემდეგ სახლში არ არიან. ვისაც დაიჭერს, სამუდამოდ მისი მსახური ხდება.

ბულგარელი ტორბალანი დღისით ჩრდილებში ცხოვრობს. ღამით კი გადის დასახლებულ ადგილებში და ბავშვები ტყეში მიჰყავს.

ჩეხურ-პოლონური ბუბაკი მდინარეების სანაპიროზე ცხოვრობს. ის ბავშვის ხმას ბაძავს და ამით იტყუებს მსხვერპლს. ღამით კი ეტლით დაქრის, რომელშიც კატებია შებმული.

ჰოლანდიურ ბოლმანს ეშვები და ბრჭყალები აქვს. ის საწოლის ქვეშ იმალება და ვინც დროზე არ იძინებს, გამოქვაბულში მიჰყავს.

ფილიპინელი პუგოტ-მამუ გიგანტური და უთავოა. ის ხეებსა და მიტოვებულ სახლებში ცხოვრობს. კისერზე არსებული ხვრელის საშუალებით ის მოტაცებულ ბავშვებს ჭამს.

კანადელი ბონჰომი ბავშვებს ტომრით იტაცებს, თუმცა მხოლოდ იმათ, ვისაც ღვიძავს. მძინარეებს არ ეხება.

ტრინიდადსა და ტობაგოში მცხოვრებ ჯუმბის ფორმის შეცვლა შეუძლია, ამიტომ მშობლები შვილებს აფრთხილებენ, რომ უცნაურ ცხოველებთან და არსებებთან ახლოს არ მივიდნენ. მისი დამარცხების რამდენიმე ხერხი არსებობს. მაგალითად, ფეხსაცმლის გარეთ დატოვება – ჯუმბის ტერფები არ აქვს და მთელ ღამეს ფეხსაცმლის ჩაცმას მოანდომებს. ასევე კარგი ხერხია ქვიშით ან ბრინჯით სავსე ჯამის დატოვება – ჯუმბი მთელ ღამეს მარცვლების თვლაში გაატარებს. შესაძლებელია მდინარის გადაკვეთაც – ჯუმბის წყლის ეშინია. კარებთან მრავალჯერ განასკვული თოკის დატოვებაც შეიძლება – ჯუმბი სათითაოდ დახსნის კვანძებს.

იტალიელებს ლუომო ნერო ჰყავთ – მაღალი უსახო კაცი გრძელი ქურთუკითა და შავი ქუდით. ის როგორც წესი, მაგიდის ქვეშ იმალება. მშობლები მაგიდაზე აკაკუნებენ ხოლმე, რითაც ბავშვებს აფრთხილებენ, რომ ლუომო ნერო მოსულია და თუ საჭმელს ბოლომდე არ შეჭამენ, ის წაიყვანს.

სლავებს ბაბა იაგა ჰყავთ, მფრინავი დედაბერი, რომელიც პატარა ბავშვებს იტაცებს და ქოხში მიჰყავს. ეს ქოხი ტყეშია, მიყრუებულ ადგილას და ქათმის ფეხებზე დგას.

ბელგიელ უსახო კაცს ოუდე როდე ოგენი (ბებერი წითელი თვალები) ჰქვია. ის კანიბალია და შეუძლია სხვადასხვა არსების ფორმა მიიღოს, ადამიანიდან ეზოს ძაღლამდე.

ბრაზილიასა და პორტუგალიაში ბინადრობს ბიჩო პაპაო, რაც მჭამელ მხეცს ნიშნავს. საღამოს დადგომისთანავე მისი გამოჩენის საფრთხე დგება.

დანიასა და ნორვეგიაში ბოჰმანდენია. ის საწოლის ქვეშ იმალება და იტაცებს ბავშვებს, ვინც დროზე არ იძინებს. ნორვეგიაში არის ნოკენიც – ტბის მონსტრი. ვინც მას დაძახილზე არ ეახლება, ადრე თუ გვიან მისი მსხვერპლი გახდება.

ეგვიპტელი აბუ რიგლ მასლუხა მონსტრია, რომელსაც ბავშვობაში ფეხი დაეწვა, რადგან მშობლებს არ უსმენდა. ის ბავშვებს იტაცებს და ჭამს.

გერმანელი შვარც მანი იმალება ბნელ ადგილებში, მაგალითად სარდაფში, საწოლის ქვეშ ან სულაც ტყეში. დასახელება (schwarze – შავი) კანის ფერს არ აღნიშნავს. როცა ეს ლეგენდა გაჩნდა, მაშინ შავკანიანების არსებობაზე გერმანელებმა არაფერი იცოდნენ.

ისლანდიაში გვხვდება გრილა, მდედრობითი სქესის ტროლი, რომელიც გაუგონარ ბავშვებს იტაცებს და ჭამს. ის ასევე გახლავთ ისლანდიური სანტა კლაუსის დედა.

ირანელ ბავშვებს ეშინიათ ლულუსი. თუ ბავშვი არ შეჭამს კერძს ბოლომდე, ლულუს ლუკმად იქცევა.

შეერთებულ შტატებში არის ლეგენდა ჯერსის ეშმაკზე. თავდაპირველად მას იყენებდნენ მოგზაურების დასაშინებლად. ასევე არის ბუგიმენი, რომელიც სამხრეთშია გავრცელებული. ბუგიმენით აშინებდნენ ბავშვებს, რათა გარეთ გვიანობამდე არ ყოფილიყვნენ ან ტყეს მორიდებოდნენ.

საქართველოსა და სომხეთში გუდიანი კაცია, რომელიც ღამით დადის და მშობლების ურჩი ბავშვები მიჰყავს თავისთან. აზერბაიჯანში ანალოგიურ პერსონას ხოხანს უწოდებენ. საქართველოში მეორე ვარიანტიც არსებობს, სახელად ბუა. მას ძირითადად მაშინ იყენებენ მშობლები, როცა ბავშვი ცუდად ჭამს. სავარაუდოდ სიტყვა წამოვიდა ფრინველ “ბუ”-დან.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button