გამორჩეული ადამიანებიუცნაური

ალი და ჯინი – ყველაზე უჩვეულო წყვილი

აურელიო ტომაინი 1912 წელს დაიბადა ნიუ ჯერსიში. მას 6 და-ძმა ჰყავდა. 12 წლის ასაკში სიმაღლით მამას გადაასწრო, იმის მიუხედავად რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ მსხვილი აღნაგობისა იყო და 6 ფუტს (182 სმ) სცდებოდა. მისი მშობლები ჩვეულებრივი სიმაღლისანი იყვნენ, მსგავსი დარღვევით მხოლოდ მისი დიდი ბაბუა გამოირჩეოდა. ექიმმა X სხივების საშუალებით გამოიკვლია ალი და აღმოჩნდა, რომ მას ზეაქტიური ჰიპოფიზის ჯირკვალი ჰქონდა, რის გამოც მალე 2 მეტრს გადააჭარბა.

ალმა გადაწყვიტა, თავისი მონაცემებით ფული ეშოვა და წარმოდგენები მოეწყო ხოლმე. საკუთარ თავს ის უწოდებდა “მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადამიანს” და აცხადებდა, რომ 2 მეტრისა და 55 სმ სიმაღლის იყო (თუმცა გინესში შედარებით დაბალი მაჩვენებელი წერია). იწონიდა 160 კგ-ზე მეტს და ატარებდა 60 ზომაზე დიდ ფეხსაცმელებს. გასაოცარია, მაგრამ ასეთი მონაცემების მქონე სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, ალი საკმაოდ ჭკვიანი და სასიამოვნო ადამიანი იყო, ასევე გამოირჩეოდა მორცხვობით, ზრდილობითა და თავაზიანობით როგორც ახლობლებთან, ისე უცნობებთან.

1936 წელს გამართულ “დიდი ტბების გამოფენაზე” მორიდებული ღიმილის მქონე გიგანტი ერთმა ახალგაზრდა გოგონამ შენიშნა და მისით დაინტერესდა. მისი სახელი იყო ჯინი (ბერნის ეველინ სმიტი), დაბადებული 1916 წლის 23 აგვისტოს ბლაფტონში, ინდიანას შტატში. ის დაიბადა საშინელი დეფექტით – დაგრეხილი ხელებით და უფეხოდ. სიმაღლეში დაახლოებით 2 ფუტს (61 სმ) აღწევდა, მაგრამ თავისი შეუპოვარი ხასიათის მხრივ ნამდვილი გიგანტი იყო. სამი წლის ასაკიდან მოყოლებული მონაწილეობდა საცირკო წარმოდგენებში, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი იცნობდა მას, როგორც დახელოვნებულ და საოცარ აკრობატს. განსაკუთრებით აღფრთოვანებაში მოდიოდნენ, როცა ჯინი ხელებზე დადიოდა ან ხტოდა. ცირკის ხელოვნებას ის ბიოლოგიურმა დედამ აზიარა, თუმცა 1931 წლიდან კაპასი დედინაცვლის ხელში ჩავარდა და მუდმივი შეურაცხყოფების ატანა უწევდა.

სიცოცხლით სავსე და ხალისიანი 19 წლის გოგონა იმ პატარა იმედით ითმენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომ ერთხელაც მიეცემოდა შანსი და სამუდამოდ წავიდოდა სახლიდან, თავს დააღწევდა ამ ტერორს. ამ დროს კი ბედმა მოწყალე თვალით გადმოხედა და გამოუგზავნა აურელიო – წყვილს შორის მალე სიყვარულის ალი აგიზგიზდა და რომანი გაიბა. ალ ტომაინში, გარდა სიყვარულის ობიექტისა, ჯინი ხედავდა მცველს, ადამიანს, რომელთანაც ყოველთვის უსაფრთხოდ იყო და მის მკლავებში თავს დაცულად გრძნობდა.

1936 წლის 8 სექტემბერს უჩვეულო წყვილი გაიპარა კლივლენდში, ოჰაიოს შტატში და იმავე დღეს დაქორწინდნენ. თაფლობის თვე ნიაგარის ჩანჩქერების სიახლოვეს გაატარეს, შემდეგ კი მოგზაურობა დაიწყეს და წლების განმავლობაში მაყურებლების წინაშე წარსდგებოდნენ ხოლმე, როგორც “მსოფლიოში ყველაზე უცნაური წყვილი”. შესვენების პერიოდებში გიბსონტონში, ფლორიდის შტატში რჩებოდნენ. სწორედ აქ ააშენეს სახლი და ცხოვრობდნენ განცალკევებით, ტკბებოდნენ ერთმანეთთან ყოფნით.

ქალაქი გიბსონტონი ცნობილი იყო უცნაური და დეფექტის მქონე ხალხით. აქ ცხოვრობდნენ პენსიაზე გასული ცირკის ყოფილი მსახიობები, მოქმედი მსახიობები კი შვებულებაზე ჩამოდიოდნენ ხოლმე. ალმა და ჯინმა მდინარის ნაპირას ააშენეს სადგომი, იქვე ჰქონდათ სათევზაო კარავი, რომელსაც “გიგანტის კარავი” შეარქვეს. წყვილმა ორი გოგონა იშვილა და მათ აღზრდას მიჰყვეს ხელი. დაზოგილი თანხითა და თევზაობიდან ნაშოვნი ფულით წყვილმა იყიდა და ქალაქს გადასცა სასწრაფო დახმარების მანქანა. ალმა მეხანძრედ დაიწყო მუშაობა და მალე უფროსი მეხანძრეც გახდა, ასევე ხშირად იღებდა მონაწილეობას მშენებლობებში. ამ პერიოდში კი მასსა და ჯინს შორის სიყვარული უფრო გაძლიერდა, ისინი მუდამ განუყრელნი იყვნენ. ქალაქის მაცხოვრებლები ხშირად ხედავდნენ, როგორც შემოისვამდა ალი მკლავზე მის ცოლს და ისე დაჰყავდა, ზოგჯერ კი ხუმრობით ზევით აისროდა და დაიჭერდა ხოლმე.

შეიძლება სწორედ ამ სიყვარულმა მისცა ცხოვრების ძალა ალის – მან უფრო მეტი იცოცხლა, ვიდრე მისი მსგავსი გიგანტები ცოცხლობენ ხოლმე. თუმცა კი ბოლო წლებში საშინელი ტკივილები აწუხებდა, რასაც ხშირად მალავდა და მის ცოლს არაფერს ეუბნებოდა. ამის მიზეზი ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნე იყო. სამწუხაროდ, მასთან დამშვიდობების დროც მოვიდა და 1962 წელს ალი მოსიყვარულე ცოლს გამოეთხოვა 50 წლის ასაკში. ჯინს ქმრის გარეშე მოუწია სიცოცხლის გაგრძელება. ხელმეორედ დაქორწინებაზე ან კავშირის გაბმაზე არასდროს უფიქრია, მთელ ძალას ოჯახსა და სახლს ახმარდა. 1999 წლის 10 აგვისტოს კი ისიც გამოემშვიდობა წუთისოფელს.

ტომაინების ოჯახის შთამომავლები ისევ გიბსონტონში ცხოვრობენ. ლეგენდარული წყვილის შვილთაშვილი, ალექს ზანდერ მაროუ რაღაც პერიოდში ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ხმლების მყლაპავად. ამჟამად კი საცირკო წარმოდგენებს უძღვება, სადაც საოცარი და წარმოუდგენელი ილეთების დემონსტრირება ხდება.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button