განხილვალიტერატურაწიგნები

ადამიანი v. ანდროიდი: ფილიპ კ. დიკის დილემა

ფილიპ კ. დიკი XX საუკუნის მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის გენიაა. საქართველში ნაკლებად ცნობილია (არ ვგულისხმობ საი-ფაის მოყვარულებს), თუმცა ალბათ ბევრს აქვს ნანახი ისეთი ფილმები, როგორციაა Blade Runner, Total Recall, A Scanner Darkly, Minority Report, Paycheck, Next, Screamers, The Adjustment Bureau და Impostor. ყველა მათგანის  სცენარი დიკის ნაწარმოებებზეა დაფუძნებული. აქ არ დავიწყებ დიკის მიღწევებისა და ჯილდოების ჩამოთვლას, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ 2007 წელს დიკი გახდა პირველი საი-ფაის ჟანრის მწერალი, რომელიც შევიდა The Library of America series-ში. ამ პოსტში განვიხილავ, მხოლოდ მის ერთ ნაწამროებს, რომელიც ზემოთ ნახსენებ Blade Runner-ის სცენარს დაედო საფუძვლად.
შეიძლება ითქვას, რომ ფილიპ დიკის კარიერა, განსაკუთრებით კი „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრულ ცხვრებზე?“ (შემოკლებით DADOES?) მოქცეულია ორი მოვლენის ჩრდილქვეშ: პირველი, ეს არის მისი რელიგიური გამოცდილება და მეორე – 1983 წელს რიდლი სკოტის ფილმის Blade Runner-ის გამოსვლა. პირველი მათგანი შედეგია დიკის სიცოცხლის ბოლო 8 წლის მუშაობისა, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია მის ნოველებზე და რომელიც საბოლოო სახით აისახა დიკის ლეგენდარულ თეოლოგიურ ჟურნალში The Exegesis. მეორე მათგანი კი, რომლის ნახვაც დიკს არ დასცალდა, წარმოადგენს საი-ფაი ჟანრისა და მეინსტრიმული ფილმის ბრწყინვალე ნაზავს. ამ ფილმის გავლენა იმთავითვე აშკარაა: DADOES?-ის რამდენიმე ბეჭდური გამოცემა Blade Runner-ის სახელითაა გამოცემული.
DADOES?-ზე საუბრისას სასურველია, რომ ის განხილულ იქნეს არა ზემოთნახსენებ, არამედ – ისტორიულ-ბიბლიოგრაფიულ კონტექსტში: წიგნი გამოიცა 1966 წელს, იმავე წელს გამოვიდა „უბიკი“. DADOES?-ში თავი მოიყარა პერსონაჟებმა დიკის როგორც გამოუქვეყნებელი ნაწარმოებებიდან, ისე – გამოქვეყნებულებიდან, მაგრამ სახელების მცირე ცვლილებებით. ამავე პერიოდში იწყება კოსმოსური რბოლები, რის საფუძველზეც დიკს ნოველაში შემოაქვს მარსის კოლონიზაციის იდეა (დიკი არ აღწერს მარსზე განვითარებულ ამბებს, მაგრამ გვყავს ბიძია ბრედბერი „მარსის ქრონიკებით“). გამოიგონეს ხელოვნური საკვები დანამატები, ხელოვნური ტანსაცმელი (პოლიესტერი) და ეს ხელოვნური ნაგავიც თავს იყრის ამ ნოველაში.
DADOES? წარმოადგენს დაძაბული ნარატივისა (მთელ ნაწარმოებში აღწერილი ამბავის 98% ერთ დღეში ხდება) და ტვინისმბურღავი (თუმცა, კითხვის დროს მაინც სიამოვნებას განიცდი) ფილოსოფიის კომბინაციას. როგორც დიკი The Exegesis-ის შესავალში წერს, „მე ვარ ფიქციონერი ფილოსოფოსი და არა ნოველისტი“ და ამით გასაგებია მისი სტილის თავისებურებაც. თუმცა ეს არ არის არც კამიუს, არც სარტრის, არც ბორხესის (ისე ერთ-ერთმა კრიტიკოსმა დიკს „ამერიკელი ბორხესი“ უწოდა) და მისთანანის ფილოსოფია. ეს არის მსჯელობები ღმერთსა და ტექნოლოგიებზე, ადამიანებსა და ანდროიდებზე, ხელოვნურ ინტელექტზე და თვითშემეცნებაზე, მოკლედ ის არის, რაც XXI საუკუნეში გვაინტერესებს.
ასეთი მსჯელობების ფონზე კი იკვეთება მთავარი საკითხი – ადამიანისა და ანდროიდის კონცეფცია და მათი გამყოფი ხაზის გაფერმკრთალება ტექნოლოგიურ საზოგადოებაში (სწორედ DADOES?-ს უნდა უმადლოდეს დიკი მორალისტი ფილოსოფოსის სახელს). დიკი სვამს კითხვას, თუ რა განასხვავებს ადამიანსა და ანდროიდს, და თვითონვე პასუხობს – ემპათიის უნარი (სხვისი გრძნობებისა და ემოციების გაგება და გაზიარება, თანაგრძნობის გამოჩენა. მოგვიანებით, დიკმა The Exegesis -ზე მუშაობისას განავითარა ემპათიის კონცეფცია ახალაღთქმისეული მოყვასის სიყვარულის სახით). ეს გადაწყვეტა მეტ-ნაკლებად უცვლელი დარჩა მის შემდეგ ნამუშევრებშიც. მაგალითად VALIS-ში (რომელიც მიზანმიმართულად უფრო ფილოსოფიურია, ვიდრე DADOES?) ერთ-ერთი პერსონაჟი, უსამართლოდ მოკლული კატის დანახვაზე, ცდილობს რა განსაზღვროს ბოროტების არსი, ზუსტად ციტირებს ჰანიბალ სლოუტის სიტყვებს (ჰანიბალ სლოუტი არის ელექტრული ცხოველების შემკეთებელი ვეტერინარი DADOES?-ში).
DADOES? იკვლევს, განავრცობს, ართულებს და ზოგ ეპიზოდში ახდენს კიდეც ემპათიის იდეის სატირიზებას და ამას ახერხებს ისე, რომ არ გრჩება უკმაყოფილების გრძნობა. რიკ დეკარდი, თავებზე მონადირე ადამიანი, ნელ-ნელა კარგავს ემპათიის უნარის და ემსგავსება მის მსხვერპლ ანდროიდებს, ქარხანაში აწყობილ ცივსისხლიან და უემოციო (?) მანქანებს, რომლებიც 10 მილიონი ნეორონული არხის წყალობით ადამიანებზე ჭკვიანები არიან. არსებობს სპეციალური ვოიტ-კამპფის ტესტი, რომელიც ზომავს ემპათიის ხარისხს.
დეკარდი მხოლოდ ერთი მიზნით აკეთებს თავის საქმეს, რათა თავის ცოლს ნამდვილი ცხოველი უყიდოს (ადრე ჰყავდა ცხვარი, მაგრამ ტეტანუსით მოუკვდა და ელექტრულით ჩაანაცვლა). ცხოველის ყოლა მერსერიზმის (ამ რელიგიაზე ქვემოთ ვისაუბრებ) მიხედვით ადამიანურობის უტყუარი ინდიკატორია, რადგან მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ ნამდვილი ემპათიის გამოვლენა ცხოველების მიმართ. თუმცა რადიაციულ მტვერში არსებულ საზოგადოებაში ცხოველთა ყოლამ ფეტიშისა და სოციალური კონკურენციის სახე მიიღო, მათ ისეთივე (თუმცა ძვირი) ფასი აქვთ, როგორც აპოკალიპტურ ომამდე (მსოფლიო ომი ტერმინუსი) არსებულ წიგნებსა და ბოთლის ღვინოს.
ემპათიის იდეაზეა დაფუძნებული რელიგია მერსერიზმი: წარმოიდინეთ დიდი პლაზმური ეკრანი და რეაქტიული თვითმფრინავის სამართავი პულტი, ორივე ხელში იჭერ ამგვარ პულტს და ცნობიერება ერთვება ერთგვარ მატრიცაში, სადაც მომხმარებელს ავატარად ევლინება ვინმე მერსერის სხეული, რომელიც დაუსრულებლად მიცოცავს კლდის მწვერვალისკენ. თუმცა მისი ყოველი სვლა განწირულია. ტკივილს, რომელსაც მერსერი განიცდის სიმულაციაში, რეალურად გრძნობს მომხმარებლის სხეული რეალურ სამყაროში. იდეა არის ის, რომ ერთდროულად სისტემაში შესული რამდენიმე მომხმარებელი განიცდის დანარჩენი მომხმარებლების ტკივილს. შედეგად იქმნება კოლექტიური ემპათიის სისტემა.
მერსერიზმის სიზიფესეული ციკლის მოწინააღმდეგედ შეიძლება განვიხილოთ ერთადერთი გადაცემა, რომელიც ტელევიზორში გადის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მედიისა და რელიგიის ბრძოლა ადამიანის ცნობიერების დასაუფლებლად (ვიტყოდი ადამიანის სულისაც-მეთქი, მაგრამ მედიას არაფერში აინტერესებს სული). ვის დარჩება გამარჯვება და რა გზით, იხილეთ წიგნში.
ნაწარმოებში შეგხვდებათ ბევრი საინტერესო დეტალი (მაგ. სექსი ანდროიდთან), საინტერესო პერსონაჟები და უფრო მაგარი დიალოგები, რომელსაც ვერ ნახავთ Blade Runner-ში. მაგალითად, ფილმში საერთოდ არ ჩანს მერსერიზმი და გაკვრითაა წარმოდგენილი ცხოველების მნიშვნელობა, ტერმინი „ანდროიდი“ შეცვლილია „რეპლიკანტით“. თუმცა ფაქტია, რომ რიდლი სკოტის ვიზუალიზაციამ განაპირობა ამ ნაწარმოების პოპულარობა. ეს შემთხვევა ნაწარმოებისა და ეკრანიზაციის მუტუალიზმის შესანიშნავი მაგალითია.
ცალკე ფენომენია დეკარდის ცოლი – რომელსაც ცხოვრება „ეზარება“ ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, რომელიც „ხასიათის ორგანოს“ მეშვეობით წინასწარ განსაზღვრავს, როდის უნდა ჩავარდეს დეპრესიაში, როდის დაიძინოს, როდის დადგეს ამ მოწყობილობის გამოყენების ხასიათზე და ა.შ. ამის ფონზე ვხვდებით გაქცეულ ანდროიდებს, რომლებიც ყველა საშუალებით იბრძვიან სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ისინი მოქმედებენ ჯგუფურად, შეთანხმებულად, მათ „აღელვებთ“ რა მოუვა სხვა ანდროიდს, იქნებ ისინიც ოცნებობენ ელექტრულ ცხვრებზე?

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button