Mythbusterგართობაინტერნეტი / სოც მედიამითებირელიგია

ინტერნეტ-მითი: სტუდენტი აინშტაინის დიალოგი ლექტორთან

ამ ტიპის ვიდეოები, ზოგჯერ კი იგივე დიალოგი ტექსტის სახით ბევრგან გავრცელდა. მასში მორწმუნე სტუდენტისა და ათეისტი ლექტორის დებატებია, სადაც ბოლოს სტუდენტი იმარჯვებს და ლექტორს უხსნის როგორც ღმერთის არსებობას, ისე ბოროტების წარმოშობის მიზეზს. დიალოგი ასე თუ ისე საინტერესოა, თუმცა აინშტაინს შეცდომით მიაწერეს. უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ ეს დიალოგი მთლიანად მოგონილია და რეალურ ამბავს არ წარმოადგენს.

დიალოგი, როგორც წესი, ასეთი ტიპისაა:

არსებობს ღმერთი? უნივერსიტეტის პროფესორმა ეს კითხვა სტუდენტებს დაუსვა. ღმერთმა შექმნა ყველაფერი? სტუდენტებმა უპასუხეს: დიახ!

პროფესორმა მიუგო: თუკი ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ ბოროტებაც მან შექმნა, რადგან ბოროტება არსებობს და აქედან გამომდინარე, ღმერთიც ბოროტია. სტუდენტები გაჩუმდნენ. შემდეგ ერთ-ერთი სტუდენტი ადგა და ჰკითხა:

– პროფესორო, სიცივე არსებობს?
– ეს რა კითხვაა? ცხადია, არსებობს. განა არასდროს შეგციებია?
– არა, სერ. სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც სიცივედ ვთვლით, სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული (-273°C) კი სითბოს აბსოლუტური ნაკლებობაა. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ აღგვეწერა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს. პროფესორო, არსებობს სიბნელე?
– ცხადია, კი.
– კიდევ ერთხელ ცდებით, სერ. სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე. თქვენ ვერ გაზომავთ სიბნელეს. სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს. სერ, არსებობს ბოროტება?
– რა თქმა უნდა, ეს უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ. დანაშაული და ძალადობაა გამეფებული მსოფლიოში.
– ბოროტება არ არსებობს, სერ. ბოროტება – ეს ღმერთთან დაშორებაა. ის სიბნელისა და სიცივის მსგავსია. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, ბოროტება ის მდგომარეობაა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღმერთის სიყვარულს.

სტუდენტის სახელი იყო ალბერტ აინშტაინი.

წარმოშობა

მორწმუნე ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია ბოროტების არსებობა – რატომ არსებობს ბოროტი (ეშმაკი), როცა სამყარო კეთილი ღმერთის შემოქმედებაა? საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ ამ კითხვისთვის პასუხი გაეცათ და რამდენიმე ვარიანტი შემუშავდა. ესენია:

* თავისუფალი არჩევანი – ღმერთი ნებას აძლევს ყველას, მოიქცნენ ისე, როგორც სურთ.

* არასრულყოფილება – ღმერთი იბრძვის, რომ ბოროტება აღმოხვრას, თუმცა ბოლომდე ვერ ახერხებს.

* სატანა – დროებით სამყარო ეშმაკის ხელშია. საბოლოო გამარჯვება ღმერთის იქნება, მანამდე კი ეშმაკი ცდილობს ბევრი შეაცდინოს.

* გაუგებრობა – “კარგი” და “ცუდი” ადამიანის შექმნილი ცნებებია, რომლებიც გაჩნდა სამყაროს შეცნობის შეზღუდული შესაძლებლობის გამო.

ზემოთ მოყვანილი დიალოგი სხვა ახსნას გვთავაზობს – ბოროტება ღმერთთან დაშორების შედეგია, ისევე როგორც სიბნელე სინათლისგან და სიცივე – სიცხისგან.

2004 წლიდან ინტერნეტში ეს დიალოგი ფართოდ გავრცელდა, თუმცა არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ სტუდენტი საყოველთაოდ ცნობილ ფიზიკოსად ჩავთვალოდ. აინშტაინის ბიოგრაფიებში არსადაა ნახსენები ამის შესახებ.

ათეისტი პროფესორი ხშირად ფიგურირებს მსგავსი ტიპის ამბებსა თუ ანეკდოტებში. მაგალითად, ერთ-ერთში ათეისტი პროფესორი ამბობს, რომ ღმერთს ვერ ვხედავთ და ვერ ვგრძნობთ, ესეიგი არ არსებობს. ერთ-ერთი სტუდენტი დგება და იგივე ლოგიკით ასკვნის, რომ პროფესორის ტვინი არ არსებობს.

აინშტაინის რელიგიურობის საკითხი

აინშტაინის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებში ვხვდებით, რომ ის ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაეჭვდა პიროვნული (რელიგიური) ღმერთის არსებობაში და მალე სკეპტიკოსი გახდა. 1954 წლის 24 მარტით დათარიღებულ წერილში უცნობი თაყვანისმცემელი პირის მიმართ მეცნიერი წერს:

– ცნობები ჩემი რელიგიურობის თაობაზე წარმოადგენს წმინდა წყლის ტყუილს, რომელიც სამწუხაროდ მუდმივად მეორდება. მე არ მწამს პიროვნული ღმერთის და არასოდეს მომსვლია თავში ამ აზრის უარყოფა. თუკი ჩემში რაიმეს შეიძლება ეწოდოს რელიგიური, მაშინ, ეს შესაძლოა იყოს ჩემი უსაზღვრო აღტაცება სამყაროს სტრუქტურით, რომელსაც გვიჩვენებს მეცნიერება.

თავის რელიგიურ მოსაზრებას სხვაგვარად ასეც განმარტავდა:

– სიტყვა ღმერთი ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური სისუსტის ნაყოფი და გამოხატულება. ბიბლიის ამბები პატივსაცემია, თუმცა დღესდღეობით უსარგებლო და ბავშვური.

გარდა ამისა, 2004 წლამდე იგივე ისტორია მრავლად იდო სხვადასხვა საიტზე, ისე რომ აინშტაინი საერთოდ არ იყო ნახსენები

წყარო
https://charlius.com/

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button