ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ოქროს კრავი და ციტუე დადიანი

ერთ დროს ჩვენს დადიანს რქმევია ცატუ. ამ ცატუსთანა დადიანი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია. შესახედავად ზეციდან ჩამოსული ღმერთის მსგავსი ყოფილა. ღონით იმისთანა კაცი არასოდეს დაბადებულა. ლომსა და ვეფხვს კატასავით იჭერდა, ხელით ახრჩობდა თურმე. მეზობელ («თავის გარშემო») ხელმწიფეებთან ყველასთან კარგად ყოფილა, კიდეც რომ არ ყოფილიყო მათთან კარგად, ვერც ერთი ვერაფერს გაუბედავდა. თავისი ხალხისათვის ისეთი კარგი ყოფილა, რომ მცირესა და დიდს, უფროსსა და უმცროსს – ყველას უყვარდა თურმე. ობოლსა და ქვრივს და რამე გაჭირვებაში ჩავარდნილ კაცს რომ არ დახმარებოდა, ისე არ დატოვებდა. ვინმე რომ ავად გამხდარიყო, მკურნალად მაშინვე დადიანი დაუდგებოდა. ამის დადგენილ სამართალს ყველა ღვთის დადგენილივით იღებდა. თვითონ არასდროს არავითარ უკანონობას არ ჩადიოდა და არც სხვას არავის არაფერს გააბედვინებდა. ამის დადიანობის დროს ყველაფერი თავზე საყრელად ყოფილა. დადიანს თავისი ხალხი ჰყვარებია, მაგრამ ხალხს დადიანი ასწილად უფრო ჰყვარებია. ხალხი დადიანს ყოველთვის ლოცავდა, იფიცებდა და აღმერთებდა თურმე.

ამ ღვთისნიერ, ყველასთვის საყვარელ დადიანს ერთი განსაკუთრებული ჩვევა ჰქონია: ნადირობა ჰყვარებია. დღეს არ ჩააგდებდა, რომ სანადიროდ არ წასულიყო. არასოდეს მომხდარა, რომ მისი გასროლილი ისარი რამეს ასცდენოდა, არც ის, რომ რაიმე მხეცზე ხელდახელ მისულიყო და ამას არ დაეგლიჯა. იმ დროს ყოველგვარი ფეხით მავალი და ფრთოსანი სულდგმულით სავსე ყოფილა ჩვენი ქვეყანა. როდესაც ხალხს წაიყოლებდა, ჯორები და ცხენები მიჰყავდათ ამის ნანადირევის წამოსაღებად, იმდენს ხოცავდა თურმე. როცა რამე შეეცოდებოდა ან ცოცხლად უნდოდა წამოეყვანა, ქვეითად გამოეკიდებოდა და ხელით იჭერდა.

ერთხელ თეთრი ირემი წამოუგდია, რომლის მსგავსი არასოდეს ენახა. ქვეითად გამოჰკიდებია, მაგრამ როგორღაც დასაჭერად ხელი ვერ წაუვლია და ასე ამ ირემს ცატუ მაღალი მთებისკენ გაუტყუებია. რასაკვირველია, ამის თანმხლებნი შორს ჩამორჩენილან და მოსწყდომიან. მიდის ირემი, მისდევს უკან ცატუ. რამდენი კლდე გადაიარეს, ანდა სად მიჰყავს ამ ირემს, ეს ცატუმ არ იცის. საღამოვდება, ის დროა. ირემი მივიდა ერთ გამოქვებულთან და აქ ცატუს დაეკარგა. როცა მივიდა ცატუ ამ გამოქვაბულთან, ირემი არსად ჩანდა და მის მაგივრად დაინახა ის, რასაც მის დღეში არ ელოდა: გამოქვაბულში ოქროს კრავი იწვა. ცატუმ მაშინვე მუხლი მოიყარა და თაყვანი სცა. ადგა კრავი, მივიდა ცატუსთან და სუნვა დაუწყო. მერე მიბრუნდა გამოქვაბულისაკენ, მივიდა ერთ კედელთან და რქა დაჰკრა. გაიღო კარი. მოხედა ცატუს კრავმა და ერთი დაიპეტელა. ცატუმ წინ რომ წაიწია, კრავი შიგნით შევიდა და მოხედა. ცატუ დიდი მორიდებით დადგა კართან და მერე მუხლი მოიყარა, ისეთი სანახაობა ნახა იქ. მოვიდა კრავი, კაბის კალთას პირი ჩაავლო და დაეზიდა. შევიდა ცატუ შიგნით, მაგრამ რას ხედავს! ცხენი რომ გაჭენდება, ისეთი დარბაზი, ათასნაირი ტყავითა და აბრეშუმით მორთული, ოქროსა და ვერცხლის სვეტები, რაცა დგას, ყველაფერი ოქროსა და ვერცხლისა! სინათლეა ისეთი, დღესავით, და ამას გარდა, ელვარებს ათასი სხვადასხვა ფერის ქვის სხივი. იყურება იქით–აქეთ ცატუ და ლოცულობს. ცოტა ხნის შემდეგ მივიდა კრავი ერთ კედელთან და რქა დაჰკრა. აქაც გაიღო კარი. მივიდა ცატუ, დაინახა ოთახი, რომელშიც უზარმაზარი ტაბაკი დგას და რა და რა საჭმელი და ხილი გინდა, რომ აქ არ იყოს დახორავებული! კი იცის, რისთვის არის აქ მოყვანილი. ერთი ლიტანია შეასრულა ცატუმ, შემდეგ მიუჯდა და ჭამა დაიწყო. ამ დროს გაისმა ისეთი სიმღერა, რომელიც ანგელოზებისა და ღმერთების გარდა არავის შეეძლო. ცატუს პირში შერჩა ლუკმა და ამ სიმღერის სმენამ გაიტაცა. მაშინ სიმღერა შეწყდა. ისევ დაიწყო ჭამა, ისევ გაისმა სიმღერა. და ასე, თვითონაც არ იცის, როგორ დაეძინა. მეორე დილას რომ გამოეღვიძა ცატუს, ნახა, რომ ამ გამოქვაბულის პირთან არის, სადაც პირველად იხილა კრავი. კრავი არა ჩანს და ეს გამოქვაბული, კარისა და სამოთხისმაგვარი ოთახის ნაცვლად, სუროთი და ხავსით არის დაფარული. იმ ადგილას, სადაც კრავი იწვა, ნახა, რომ ოქროს ბეწვი დევს და ის ქვები და კენჭები, რომლებზედაც ბეწვი იდო, ყველა სხვადასხვანაირ ძვირფას ქვებად არის ქცეული და ამას ერთი მოზრდილი გუდა უძევს გვერდით. დაიჩოქა ცატუმ, შეასრულა ლიტანია, ღმერთს მადლი შესწირა, ჩააწყო ძვირფასი ქვები გუდაში, ჩადო ოქროს ბეწვი და წამოვიდა სასახლისაკენ.

მალე შეხვდა თავის მხლებლებს, რომლებსაც დიდად გაუხარდათ და შეიქნა სიხარული. ყველას გაუკვირდა, თუ საიდან გაჩნდა ასეთი საკვირველი გუდა, ანდა რატომაა, რომ წასაღებად არავის აძლევს, მაგრამ კითხვა ვერავინ გაბედა. თვითონ თქვა: ეს იმ ირმის ნაჩუქარია, რომელსაც მე მივდევდიო. კრავის ამბავი არაფერი გაუმხელია.

მართალია, დადიანს არავისთვის უთქვამს, თუ როგორ იშოვა ეს გუდა, მაგრამ თეთრ ირემს რომ მისდევდა და ამ ამბის შემდეგ რომ ცატუ ძალიან გამოიცვალა, ეს ყველამ იცოდა. ცატუმ ბევრი სიმდიდრე დაურიგა ქვრივებს და გაჭირვებულებს, ააშენა ბევრი ეკლესია და კიდევ მოუმატა ყველასათვის სიკეთის ქმნას.

ცოტა ხანი რომ გამოხდა, ცატუ ისევ წავიდა სანადიროდ, ისევ იმ ადგილას, ისევ მოხვდა იმ გამოქვაბულში, ისევ მიიღო კრავმა, მეორე დღეს ისევ იმდენი სიმდიდრე წამოიღო. ესეც ისე, როგორც წინაზე, კვლავ ეკლესიებსა და გაჭირვებულებს მოახმარა და თავის გულკეთილობას და ხალხისადმი კარგ მიდგომას ასწილად მოუმატა. ისევ რომ გამოხდა ცოტა ხანი, წავიდა კვლავ მესამეჯერ. ისევ ისე შეხვდა ყველაფერი. ისევ რომ დაბრუნდა, კიდევ უფრო არიგა სიმდიდრე, აშენა ეკლესიები და დაეხმარა გაჭირვებულებს. კიდევ გვარიანი ხანი რომ გამოხდა, კვლავ წავიდა. სიახლოვეს რომ მიაღწია, ერთ ადგილას დაისვენა. ზემოთ კლდის შვერილები ადგა. მოვიდა სამი კაკაბი და კბოდეს ზედ დააფრინდა. ჯერ ერთმა თქვა ადამიანის ხმით:

             ვინც ადამიანი გააჩინა,

             მისი საზრდო მიუჩინა,

             ბრძანებს: «ზომოს სული და გული,

             თუ უნდა ცოტა ხანს ყოფნა».

მეორემ:

             მაგრამ კაცი უპატრონო,

             ამოუვსები მისი სული,

             გაუმაძღარი მისი გული,

             წაღმა–უკუღმა დაგრეხილი,

             უშნოდ მოსაქმე.

მესამე:

             იბჯენს გვერდზე კეტს,

             ეძებს მეტს, მუდამ მეტს,

             თავისი ნდომით მოტყუებული

             იკრავს, იწვავს ნამცეცა ბედს.

თქვეს ეს კაკბებმა და გაფრინდნენ. ცატუმ დაიჩოქა, ღმერთს პატიება სთხოვა, თუ რამე შეცდომა ჰქონდა ჩადენილი, ადგა, მიატოვა გამოქვაბულისკენ სვლა, გამობრუნდა და თავისი მხლებლებისკენ წამოვიდა. შემოხვდა ოქროს კრავი. გაუხარდა ცატუს და მუხლები მოიყარა. მოვიდა კრავი და ერთი რომ დასუნა, ცატუ კრავზე შემოსმული აღმოჩნდა. კრავი მაღლა ცაში წავიდა, გადაუარა იმ ადგილს, სადაც ცატუს ხალხი იდგა, რომლებმაც დაინახეს, რომ ოქროს კრავს ცატუ ცის კიბულისკენ მიჰყავდა. ყველამ დაიჩოქა, ღმერთს შეევედრნენ, გამობრუნდნენ და მთელ ქვეყანას უამბეს, რაც მოხდა. ხალხი ცატუ დადიანს ისედაც აღმერთებდა, ახლა კი მთლად ნამდვილ ღმერთად რომ იქცა, ყველა მასზე ლოცულობდა, როგორც თავიანთ მოსიყვარულე და კეთილისმოქმედ ღმერთზე.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button