(1 ვარიანტი)
იყო ერთი მართლაც უბადო მწყემსი. გაგონილი ჰქონდა, რომ ოქროს კრავი ტონბა–ვარჩხილში ტანს იბანსო და იმ წყლის გარდა სხვას არ სვამსო. თქვა: «მოდი, გავრეკავ საქონელს იმ გზით; შეიძლება ოქროს კრავი ვნახო, ან ვერცხლის». გარეკა საქონელი ტონბა–ვარჩხილზე. დააბინავა იქ, ცოტა ხანმა რომ გაიარა, ნახა ოქროს ვერძი ცხვრებს შუა იდგა. მოინდომა დაჭერა, მაგრამ ვერ დაიჭირა. მაშინ მშვილდ–ისარი ესროლა – დავჭრი და ხელთ ვიგდებო. ვერძს ისარი ასცდა. მაშინ ვერძი გაუძღვა ცხვრებს და სუყველა – ერთიც რომ არ დარჩენილა ისე – ტონბა–ვარჩხილში ჩაცვივდა. ტონბა–ვარჩხილში, სადაც წყალი გადმოედინება, ცხვრის ბალნის გადმოღება დაიწყო, ისე რომ მთლად აივსო ბალნით. ამის შემდეგ, ამ წყალს ნაცხვარევი წყალი დაარქვეს. ამბობენ, რომ ტონბა–ვარჩხილში ჩაყოლილ ცხვრებს უბრალო ბალანი ოქროს ბალანზე შეეცვალა და წყალს რომ გამოაქვს, ის ძველი თმა არისო.