ზღაპარი

აკაკი ჭანტურია – თამარ დედოფალი

ერთ კაცს ჰყოლია შვიდი ერთმანეთზე უკეთესი, კალმით დახატული შვილი. მომხდარა მიწისძვა, სახლი დაქცეულა და ამ კაცს ცა და მიწა თავზე დაატყდა. შვიდივე შვილი დაქცეული სახლის ქვეშ მოჰყოლია და დაღუპულა, დედა და მამა გადაეჩნენ. გაუბედურებული დედა გაქცეულა თბილისში – თამარ დედოფალთან. ისე იყო დედა გამწარებული, ისე იწვოდა და იგვემებოდა, ისე არტყამდა ხესა და ქვას თავს, ისეთი ხმით ტიროდა, ისეთ ცრემლს ღვრიდა, რომ ამის შემხედვარე თამარს ცხელი ცრემლი გადმოსცვივდა თვალიდან. იქ სადაც თამარის ცრემლი დაეცა, ცხელი წყალი ამოსულა. გაუკვირდა თამარს, მაგრამ ამასობაში მზის სხივი მოხვედრია მის სახეს და საიდანაც ეს სხივი მოვიდა, იმ მხრიდან მოისმა: «მკვდრები ამ წყალში დაბანეთ». მოუსვენებიათ მკვდრები და ყველა გაცოცხლებულა. თამარს უბრძანებია, აეშენებინათ შვიდი ეკლესია (ოხვამე) და ერთი დედათა მონასტერი. ერთი ეკლესია აუშენებიათ თბილისში (ქართის). ყოველ მეშვიდე დღეს თამარი თავისი ფეხით დადიოდა ამ ეკლესიაში. შანდალს შუა ადგილას ანთებდა – ერთს დიდს და გარშემო შვიდ პატარა სანთელს. თამარს დიდი სანთელი მიაჩნდა დედად, ხოლო შვიდი პატარა სანთელი – შვილებად. დედას დიდი სანთელი თამარ დედოფლად მიაჩნდა, ხოლო პატარა სანთლები თავის შვილებად. ხალხს დიდი სანთელი მიაჩნდა თამარ დედოფლად და დედად, პატარა სანთლები კი შვილებად. დამწვარი სანთლების ნაღვენთი ხალხს მიჰქონდა და ავგაროზად (ავგაორზო) აკეთებდა, რათა თავიანთი შვილების მიმართ იმ დედის მსგავსი სიყვარული ჰქონოდათ და გაჭირვების დროს ისე ყოფილიყვნენ დახსნილნი. ასეთები ყოფილან დედები თამარ დედოფლის დროს, ხოლო თამარ დედოფალი კეთილი ყოფილა დედებისთვის.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button