აკაკი ჭანტურია – ლეგენდა თბილისის დაარსებაზე
საქართველოს სახელმწიფო განთქმული ყოფილა მთელს ქვეყანაზე. მის ხელმწიფეს ტახტი მცხეთაში ედგა. მცხეთის გარშემო უზარმაზარი მთები და უდაბური ტყეები ყოფილა. ამ მართლაც დიდებულ ქვეყანაში ერთი უბედური ჩვეულება ყოფილა. ისეთი ოჯახი არ იყო, რომ ამ ჩვეულებას ერთხელ მაინც არ აეტირებინოს და ხალხს სამძიმარი არ ეთქვას ერთმანეთისთვის. მთვარის ყოველ მოქცევაზე ჩვეულებად ჰქონიათ წილის (თია) მოგროვება. ამას დევის წილს ეძახდნენ. იმ დროს ყველაფერი უხვად ყოფილა. საჭმელი არავის ენანებოდა, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ როდესაც ამ მოგროვილ საჭმელს და სასმელს დანიშნული მთის თავზე დაახვავებდნენ, ზედ ერთი უმანკო თხუთმეტი წლის გოგო უნდა დაეკლათ. არ ყოფილა ისეთი კაცი, რომელიც ამ ჩვეულების გამო არ წუხდა, მაგრამ ამას მაინც ყოველთვის ზუსტად ასრულებდნენ. კაცმა არ იცოდა, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. ამის შესახებ ყველა ერთნაირად ამბობდა: «მისდღემში ეს ასე ყოფილა. ჩვენი ძველები ყოველთვის ამას აკეთებდნენ და ჩვენც რომ არ გავაკეთოთ, დევები მოვლენ და ყველას მუსრს გაგვავლებენო (მოფსNრNნანი)».
ამისთვის ამორჩეული ყოფილა ერთი უფროსი კაცი. ამ კაცის ისეთი შიში და რიდი ჰქონდათ, როგორც ხელმწიფისა. ამ კაცს ხელქვეითად ჰყოლია თორმეტი თავკაცი. გოგოს გამოყვანა კენჭისყრით ყოფილა. ამას თეთრი და შავი ბედის წილის კენჭს ეძახდნენ. რამდენიც იქნებოდა მეთხუთმეტე წელში შესული გოგო, იმდენ ერთნაირ თეთრ კენჭს მოიტანდნენ. ამათში ერია ერთი შავი კენჭი. სანამ გოგო დევის წილის არჩევის ჩვეულებას არ გაივლიდა, მას გათხოვება არ შეეძლო. ყველა კენჭს ჩვარში ახვევდნენ. გოგოებს ერთ მწკრივად დააყენებდნენ. ამ უფროს კაცს მაგრად აუხვევდნენ თვალებს და კისერზე ჩამოკიდებდნენ კალათას, რომელშიაც ჩვრებში გახვეული კენჭები იდო. ამ უფროსს მისდევდა თორმეტი თავკაცი. უფროსი იღებდა კალათიდან ჩვარში გახვეულ კენჭს და თითოს აძლევდა თითო გოგოს. როდესაც კენჭის დარიგებას მორჩებოდა, თვალს აუხსნიდნენ. ეს უფროსი კაცი, ისევ ამ თორმეტი თავკაცის თანხლებით, თავიდან ჩამოუვლიდა მწკრივს, გამოართმევდა გოგოებს კენჭებს და ხსნიდა ჩვარს: ვისაც შავ კენჭს უპოვიდა, იმას ხელს მოჰკიდებდა და გამოიყვანდა დევის წილად.
ამ ჩვეულებას ვერავის შვილი გვერდს ვერ აუვლიდა – გინდ დიდი კაცისა ყოფილიყო, გინდ პატარასი – ხელმწიფის შვილიც კი. ხელმწიფეს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ესვა, რომლის დარი თვალით არ ენახა კაცს. ამ ქალიშვილს მოხვედრია ეს შავი ბედის კენჭი. ყველა გოგო – ესენი კი ასობით იყვნენ – დასევია ამ უფროს კაცს და თავკაცებს თხოვნით, რომ ხელახლა ეყარათ კენჭი, ანდა ვისაც ისინი ხელს მოჰკიდებდნენ, ის გაეყვანათ ხელმწიფის ქალიშვილის მაგიერ. ასეთივე იყო გოგოების დედებისა და მამების თხოვნაც – ჩვენი ქალიშვილები წაიყვანეთო. «თუ ერთს არ ამოგვირჩევთ, ყველანი ერთად წაგვიყვანეთ», უთხოვიათ გოგოებს. «ყველანი წაიყვანეთ მის მაგივრად», უთხოვიათ ჭირისუფლებსაც. ყველა ტიროდა, იწვოდა და იმდუღრებოდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდათ. უფროს კაცს ხელი მაგრად ჰქონდა ჩაჭიდებული მეფის ქალიშვილისთვის. ამ უფროსმა კაცმა, რომელსაც ადრე ათასჯერ ქვასავით ცივი გული და კაცს რომ გააქვავებდა ისეთი სახე მიუღია, იგრძნო, რომ რაღაც ძალა ღალატობდა. ხელმწიფის ქალიშვილი იცინის, თითქოს დიდად სასიხარულო რამ ხდებოდეს. ვინ იცის, ეს რითი დამთავრდებოდა, მაგრამ უცებ ხელმწიფის ქალიშვილმა თქვა: «ახლა მე მომისმინეთ, რადგან ყველაფერი ეს ჩემს გამო ხდება». ეს ქალიშვილი ისედაც დაბადებიდანვე არასოდეს არ ჰგავდა ადამიანის შვილს, მაგრამ ახლა ციდან თავისი ფეხით ჩამოსულს დამსგავსებოდა. მისი ხმა ჰაერში რეკვასავით გაისმა. უფროსმა კაცმა ხელი უშვა და გაოგნებული უყურებდა. შეწყდა ყოველგვარი ხმაური. «ვხედავ», განაგრძო ქალიშვილმა, «ჩემო საყვარელო მეგობრებო და დებო, თუ როგორ გეწვით გული ჩემზე და რომ ჩემთვის, ერთი ადამიანის მაგივრად, ათასი არ ზოგავთ თავს და რომ არც თქვენს დედ-მამას ეზოგება თქვენი თავი, მაგრამ ახლა ჩემს გულსაც მიეცით ნება, ამ მაღალი ღირსების გრძნობა მასაც ჰქონდეს. ნუ სწუხართ, ნუ ტირით. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მე ვიცოდი, რომ შავი კენჭი შემხვდებოდა. სათქმელი მაქვს და უნდა მომისმინოთ. ჩემი ნათქვამი, ისევე როგორც თქვენ, უნდა გაიგონოს ცამ, მიწამ, მთამ, ტყემ და მდინარემაც. ამიტომ უნდა წავიდეთ წყლის პირას. ხელმწიფის შვილი წავიდა და დადგა ერთი კლდის თავზე, სადაც მტკვარი ეხეთქებოდა. ქალმა თქვა: «დღეს ჩემი დედ-მამა ტირის ჩემს გამო. ასე ტიროდა ყველა დღემდე. ასე იტირებენ მომავალშიც. ეს არავის უნდოდა, არ უნდა და არც მომავალში ენდომება. ამის გამოსწორება ძნელია, მაგრამ მაინც არაა უსაშველო. ახლა მამაჩემო და თქვენ, უფროსო და თავკაცებო, კარგად მისმინეთ და შეასრულეთ ის, რასაც გეტყვით, რადგან ამას მხოლოდ ჩემგან არ ვლაპარაკობ». ქალიშვილი შეჩერდა. მისმა თვალებმა და სახემ უცნაური სხივით დაიწყო ბრწყინვა. ხელები გაშალა, ყველას სიყვარულით, ვითომ გულში იკრავდა, ისე ჩახედა. მერე ასევე მთებისა და ტყისკენ გაიხედა, ბოლოს ცისკენ დაიწყო ყურება და თქვა: «თქვენ ქალაქს იქ ააშენებთ, სადაც მე მიპოვით». ამის თქმა და მისი მტკვარში გადავარდნა ერთი იყო. ათასობით ადამიანის პირიდან – როგორც ერთისგან – გულისგამხეთქავი ყვირილი აღმოხდა. მაგრამ ვის შეეძლო შველა? დაედევნენ მდინარის ორივე ნაპირზე. იარეს, იარეს და მივიდნენ ერთ ვიწრო ადგილას, სადაც უზარმაზარ ნაძვის ხეს მდინარე გაეხიდა, წყალი დაეტბორა და მორევად უქცევია. აქ ნახეს დამხვრჩალი ქალიშვილი, რომელიც მორევში პირაღმა დაწოლილი ტრიალებდა, თითქოს ეძინა. ამოასვენეს და იქვე დაკრძალეს. ჯერ თავშესაფარი კარე გაუკეთებიათ, მერე ბინა, და დაუწყიათ ქალაქის შენება. ქალაქი მალე გაზრდილა და დიდი გამხდარა. ეს ადგილი ყოფილა თბილისი ( ქართი), სადაც დღეს ქალაქია. ხელმწიფე არ დაბრუნებულა მცხეთაში. ტახტი თბილისში გადაუტანია. ეს ჩვეულება თბილისმა არ შეასრულა. ვინც მცხეთაში დარჩა, მათთვის რომ მოეთხოვათ, ყველა თბილისში გადმოვიდოდა. (და) ამგვარად გადაშენდა საქართველოში ეს შავბნელი ჩვეულება.