ლიტერატურა

ფრანც კაფკა – განაჩენი

ეს ამბავი გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, შუადღემდე მოხდა. ახალგაზრდა ბიზნესმენი გეორგ ბენდემანი მსუბუქად ნაგები სახლის მეორე სართულზე, თავის ოთახში იჯდა.ასეთი სახლები მდინარის პირას ერთრიგად იყო ჩამწკრივებული და ერთმანეთისაგან მხოლოდ სიმაღლითა და ფერით განსხვავდებოდა. გეორგმა ის-ის იყო წერილის წერა დაამთავრა, რომელიც უცხოეთში მყოფი თავისი ახალგაზრდობის მეგობრისათვის უნდა გაეგზავნა. მან წერილი ნელა, თითქოს თამაშ-თამაშით დაკეცა, იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და ფანჯარაში გაიხედა, საიდანაც მდინარე, ხიდი და გაღმა ნაპირზე ოდნავ ამწვანებული მაღლობები მოჩანდა.გეორგი მეგობარზე ფიქრობდა, რომელიც თავისი კარიერით სამშობლში უკმაყოფილო იყო და რამდენიმე წლის წინ რუსეთს მიაშურა. ამჟამად ის პეტერბურგში საქმიანობდა, სადაც თავიდან ყველაფერი მართლაც კარგად აეწყო, მაგრამ უკვე კარგა ხანია საქმე წინ ვეღარ მიდიოდა, როგორც ის სულ უფრო და უფრო იშვიათი სტუმრობისას ჩიოდა ხოლმე. ასეთ უსარგებლო შრომაში ქანცი ეცლებოდა და უცხო ქვეყნის ყაიდაზე მოშვებული წვერიც სახეზე სიყვითლეს ვეღარ უფარავდა (რაც უკვე ჩაბუდებულ ავადმყოფობაზე მიუთითებდა), იმ სახეზე, გეორგი ბავშვობიდან ასე კარგად რომ იცნობდა. როგორც მეგობარი უყვებოდა, მას არც იქ მცხოვრებ თანამემამულეებთან ჰქონდა ხეირიანი ურთიერთობა და არც იქაურ ოჯახებთან იყო დაახლოებული.ასე რომ, საბოლოოდ ბერბიჭად იქცა.აბა, ასე აშკარად გზააბნეული კაცისათვის რა უნდა მიეწერა. კი ეცოდებოდა, მაგრამ ვერც დაეხმარებოდა. იქნებ რჩევა მიეცა, რომ სახლში დაბრუნებულიყო, თავისი საქმე აქ გაეგრძელებინა, ძველ მეგობრებთან ურთიერთობა აღედგინა (რაც ძნელი სულაც არ იყო) და, სხვათა შორის, მეგობრების დახმარების იმედიც ჰქონოდა. მაგრამ ეს სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა შერბილებული და ამის გამო – უფრო საწყენი სიტყვები, რომ დღემდე ყოველივე მისი გარჯა ფუჭი ყოფილა, რომ ბოლოს და ბოლოს ამ საქმისათვის თავი უნდა დაენებებინა და შინ დაბრუნებულიყო, სადაც სამუდამოდ დაბრუნებულს ყველას გაკვირვებული მზერა უნდა აეტანა; სადაც შინ დარჩენილი მეგობრების თვალში ის მხოლოდ დიდი ბავშვი იქნებოდა და მუდამ მათ კუდში ჩანჩალი მოუწევდა. ჰოდა, ექნებოდა კი აზრი მისთვის ამდენი ტკივილის მიყენებას? ამას დანამდვილებით ვერ იტყოდი. მისი შინ დაბრუნება, ალბათ, საერთოდ, შეუძლებელი იყო.აკი თვითონაც ამბობდა ხოლმე, რომ საკუთარი სამშობლოსი აღარ ესმოდა და მიუხედავად ყველაფრისა, რჩევა-დარიგებებით გამწარებულსა და მეგობრებისაგან კიდევ უფრო დაშორებულს, მაინც უცხო მხარეში ცხოვრება ერჩია. ხოლო თუ ამ რჩევებს მართლაც დაჰყვებოდა, სამშობლოში დაბეჩავებული (რა თქმა უნდა, არა ვინმეს განზრახვით, არამედ გარემოებათა გამო) ადგილს ვერც მეგობრებში იპოვიდა და ვერც უიმათოდ გახდებოდა რამეს. ამის გამო კი სირცხვილით დაიტანჯებოდა და სინამდვილეში არც სამშობლო ექნებოდა და არც მეგობრები ეყოლებოდა. ასეთი გარემოებების გამო განა შეიძლებოდა იმაზე ფიქრი, რომ იგი აქ თავის საქმეებს მართლა უკეთ წაიყვანდა? ამიტომ მას ჩვეულებრივი ამბების შესახებ წერილს ვეღარც კი მისწერდი (თუკი საერთოდ გექნებოდა მიმოწერის შენარჩუნების სურვილი), თუნდაც ისეთ ამბებზე, შორეულ ნაცნობებსაც რომ თამამად მისწერს ადამიანი. ეს მეგობარი უკვე სამ წელზე მეტი იყო, რაც სამშობლოში აღარ გამოჩენილა და ამას რუსეთში არსებული არამყარი პოლიტიკური სიტუაციით, თანაც მხოლოდ ორიოდე სიტყვით, ხსნიდა. მისი თქმით, ეს სიტუაცია წვრილ კომერსანტს ადგილზე თუნდაც ცოტა ხნით არყოფნის საშუალებას არ აძლევდა და ეს მაშინ, როდესაც ასიათასობით რუსი გულარხეინად მთელ მსოფლიოს გარს უვლიდა.მაგრამ გეორგის ცხოვრებაში ბევრი რამ სწორედ ამ სამ წელიწადში შეიცვალა.დაახლოებით ორი წლის წინ დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ მოხუც მამასთან ერთად საქმიანობდა. დედამისის გარდაცვალება მეგობარმა, ალბათ, შეიტყო და სამძიმარი წერილით მშრალად გამოხატა, რაც იმით შეიძლება აიხსნას, რომ ასეთ ამბავზე მწუხარება შორეულ და უცხო ქვეყანაში წარმოუდგენელი ხდება.ამ ამბის შემდეგ გეორგმა, ყველა სხვა საქმესთან ერთად, თავის ბიზნესსაც ენერგიულად მოჰკიდა ხელი. იქნებ იმის გამო, რომ დედის სიცოცხლეში საქმეების გაძღოლა მამას თავის ჭკუაზე სურდა და გეორგს ნამდვილ ბიზნესში ხელს უშლიდა. ან იმის გამო, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მამა უფრო თავშეკავებულად იქცეოდა, თუმცა საქმეში ისევ მონაწილეობდა. ან იქნებ ბედნიერ დამთხვევათა წყალობის შედეგიც იყო (რაც სულაც არ გახლდათ გამორიცხული), მაგრამ საქმე ამ ბოლო ორ წელიწადში, სრულიად მოულოდნელად, ძალიან წინ წავიდა. ამის გამო მომსახურე პერსონალის ორჯერ გაზრდაც კი მოუხდათ, საქონელბრუნვა ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო წინ მორიგი რეალური პერსპექტივები იშლებოდა.მეგობარს კი ამ ცვლილებაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ადრე, მგონი, იმ სამძიმრის წერილში, მას გეორგის დარწმუნება უნდოდა, რომ ისიც რუსეთში გადახვეწილიყო და დაწვრილებით წერდა იმ პერსპექტივებზე, რომლებიც პეტერბურგში სწორედ გეორგის ბიზნესს ექნებოდა. მის მიერ დასახელებული ციფრები გეორგის ამჟამინდელ მიღწევებთან შედარებით არაფერი იყო, მაგრამ ადრე გეორგს თავის წარმატებათა შესახებ წერის სურვილი არ ჰქონდა. ახლა კი ამას მოგვიანებით გააკეთებდა, რასაც ნამდვილად საოცარი ელფერი ექნებოდა.ამიტომ იყო, რომ გეორგი თავის მეგობარს წერილებში მხოლოდ უმნიშვნელო ამბებზე სწერდა, ისეთებზე, როგორიც ადამიანს ერთ მშვიდ კვირადღეს ალალბედზე თუ მოუვა თავში. მას სხვა არაფერი სურდა გარდა იმისა, რომ მეგობრის წარმოდგენაში მშობლიური ქალაქის ის სურათი არ დაერღვია, რომელიც მან ამდენი ხნის განმავლობაში, ალბათ, თავისთვის შექმნა და რომელსაც შეეგუა კიდეც. ისე მოხდა, რომ გეორგმა მეგობარს ვიღაც სრულიად უინტერესო კაცის ასევე სრულიად უინტერესო ქალიშვილზე ნიშნობის ამბავი სამ, ერთმანეთისაგან დიდი ხნით დაშორებულ ბარათში შეატყობინა.გეორგისათვის სრულიად მოულოდნელად და მისი განზრახვის საწინააღმდეგოდ მეგობარი ამ ამბით თანდათან დაინტერესდა. გეორგს კი უმნიშვნელო ამბებზე წერა ეხალისებოდა, ნაცვლად იმისა, რომ ერთი თვის წინ თვითონ დაინიშნა ფროილაინ ფრიდა ბრანდფელდზე, მდიდარი ოჯახიდან გამოსულ ქალიშვილზე. თავის საცოლეს ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე მეგობარსა და მასთან უცნაურ მიმოწერაზე. მაშ ის ჩვენ ქორწილზე არ ჩამოვა? – იკითხა ერთხელ ქალმა, – ხომ მაქვს ყველა შენი მეგობრის გაცნობის უფლება? არ მინდა შევაწუხო, – მიუგო გეორგმა, – სწორად გამიგე, იქნებ ჩამოსულიყო კიდეც, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, მაგრამ თავს იძულებულად და დაჩაგრულად იგრძნობდა.იქნებ კიდევაც შეშურებოდა ჩემი, უკმაყოფილო დარჩენილიყო და ვერც დაეფარა ეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ უკან გამგზავრება მარტოს მოუხდებოდა. მარტოს! იცი, ეს რა არის? კი, მაგრამ განა ჩვენი ქორწინების შესახებ სხვაგვარად ვერ შეიტყობს?ამას მე, რასაკვირველია, ხელს ვერ შევუშლი! თუმცა, მისი ცხოვრების წესის შემყურეს, არა მგონია, ასე მოხდეს. გეორგ, თუ შენ ასეთი მეგობრები გყავს, ჯობდა საერთოდ არ დანიშნულიყავი!კი, ეს ორივე ჩვენგანის ბრალია, მაგრამ ახლა ამის შეცვლა არ მსურს.და როდესაც გეორგის კოცნით სუნთქვააჩქარებულ ქალს მხოლოდ, ისე, ეს ჩემთვის საწყენიაო, აღმოხდა, გეორგმა ჩათვალა, რომ მეგობრისათვის ყველაფრის მიწერა უხურხული ნამდვილად არ იქნებოდა. თავისთვის კი გაიფიქრა: ასეთი ვარ და მანაც ასეთი უნდა მიმიღოს. მეგობრობის გამო ჩემგან ისეთ კაცს ხომ ვერ გამოვჭრი, მის თარგს უკეთესად მოერგოს, ვიდრე ჩემსას.და მართლაც, ამ კვირადღეს მიწერილ გრძელ წერილში, გეორგი უკვე ჩავლილი ნიშნობის შესახებ მეგობარს ასეთი სიტყვებით ამცნობდა: საუკეთესო სიახლე კი ბოლოსთვის შემოვინახე. დავინიშნე ფროილაინ ფრიდა ბრანდფელდზე, მდიდარი ოჯახის ქალიშვილზე. ეს ოჯახი აქ შენი წასვლიდან დიდი ხნის შემდეგ გადმოვიდა და არა მგონია, მათ იცნობდე. კიდევ მექნება საშუალება და ჩემს საცოლეზე უფრო მეტს მოგწერ.ამჯერად კი ის იკმარე, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ და ჩვენს ურთიერთობაშიც ცვლილება მოხდა: ჩვეულებრივი მეგობრის ნაცვლად ახლა უკვე ბედნიერი მეგობარი გყავს. გარდა ამისა, ჩემი საცოლეს სახითაც კარგ მეგობარს შეიძენ. ამის შესახებ თვითონაც მოგწერს, რაც შენისთანა ბერბიჭასათვის უმნიშვნელო სულაც არ უნდა იყოს. ვიცი, ჩვენთან სტუმრობაში ბევრი რამ გიშლის ხელს, მაგრამ განა ჩემი ქორწილი იმის საბაბი არ უნდა იყოს, რომ ადგე და ყველა მიზეზი გვერდზე მოისროლო? თუმცა, ასეა თუ ისე, მაინც შენი გონების კარნახით მოიქეცი და ანგარიშს ნურაფერს გაუწევ.გეორგი დიდხანს იჯდა სავარძელში საწერ მაგიდასთან წერილით ხელში და ფანჯარას გაჰყურებდა. ქუჩაში მომავალ ნაცნობს სალამზე მხოლოდ ოდნავ შესამჩნევი ღიმილით უპასუხა: ბოლოს წერილი ჯიბეში ჩაიდო და პატარა დერეფნის გავლით მამის ოთახისაკენ გაემართა, სადაც ის უკვე რამდენიმე თვე აღარ შესულიყო. ისე, ამის აუცილებლობა არც იყო, რადგან მამამისთან ურთიერთობა მაღაზიაში ისედაც ჰქონდა.სადილობითაც ერთდროულად სადილობდნენ ერთ პატარა კაფეში. მართალია, საღამოებს ორივე თავისი სურვილის მიხედვით ატარებდა, მაგრამ უმეტესად მაინც საერთო საცხოვრებელ ოთახში თავ-თავიანთ გაზეთებს კითხულობდნენ ხოლმე, თუკი გეორგი სადმე ამხანაგებთან არ იჯდა (რაც უფრო ხშირად ხდებოდა) ან თავის საცოლესთან არ იყო სტუმრად წასული.გეორგს გაუკვირდა, რომ ასეთი მზიანი ამინდის მიუხედავად მამის ოთახში მაინც ბნელოდა. ოთახს მაღალი კედლის ჩრდილი სცემდა, ვიწრო ეზოს მიღმა რომ აღმართულიყო. მამა კუთხეში, ფანჯარასთან იჯდა და გაზეთს კითხულობდა. კუთხე განსვენებული დედის სამახსოვრო ნივთებით იყო მორთული. მოხუცს გაზეთი გვერდულად ეჭირა და ამით, ერთგვარად, სუსტი მხედველობის დაძლევას ცდილობდა.მაგიდაზე საუზმის ნარჩენები ელაგა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ბევრი არაფერი ჰქონდა მოკლებული.– ოჰ, გეორგ! – თქვა მამამ და მაშინვე მისკენ გაემართა. მძიმე საძილე ხალათი სიარულში გაეხსნა და კალთები გარშემო აუფრიალდა. მამაჩემი ჯერ კიდევ გოლიათია, – თავისთვის ჩაილაპარაკა გეორგმა.– აუტანელი სიბნელეა, – თქვა ბოლოს მან.– კი, სიბნელეა, – უპასუხა მამამ.– ფანჯრებიც დაკეტილი გაქვს?– ასე მირჩევნია.– გარეთ ცხელა, – თითქოს წინა ნათქვამს დაუმატაო, თქვა გეორგმა და დაჯდა. მამამ საუზმის ჭურჭელი აალაგა და იქვე ყუთზე დააწყო.– ისე, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, – განაგრძო გეორგმა და თან მოხუცის მოძრაობებს გონებაგაფანტული თვალს ადევნებდა, – რომ ჩემი ნიშნობის შესახებ პეტერბურგში შევატყობინე, – მან წერილი ჯიბიდან ამოიღო და მერე ისევ ჩაიდო.– პეტერბურგში? – იკითხა მამამ.– ჰო, ჩემს მეგობარს, – თქვა გეორგმა და მამის თვალები მოძებნა. მაღაზიაში სულ სხვანაირია, – გაიფიქრა მან, – აქ კი რა ფართოდ დამჯდარა გულხელდაკრეფილი.– ჰო, შენს მეგობარს, – ხაზგასმით თქვა მამამ.– მამა, ხომ იცი, თავიდან მისთვის ჩემი ნიშნობის გამხელა არ მსურდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ანგარიშის გაწევა მინდოდა და სხვა არაფერი. თვითონაც ხომ იცი, რა მძიმე ადამიანია. მერე ვიფიქრე, ჩემს ნიშნობას სხვა მხრიდან მაინც შეიტყობს-მეთქი. ამას ხელს ვერ შევუშლი, მაგრამ მისი ცხოვრების წესის შემყურეს, არა მგონია, ასე მოხდეს. ვთვლიდი, პირადად ჩემგან არ უნდა გაიგოს-მეთქი.– ახლა კი გადაიფიქრე, არა? – შეეკითხა მამა და გაზეთი ფანჯრის რაფაზე დადო, ზედ სათვალე დაადო და ზემოდან ხელი დააფარა.– ჰო, ახლა გადავიფიქრე.თუ ის ჩემი კარგი მეგობარია, მაშინ ჩემი ბედნიერი ნიშნობით ისიც ბედნიერი იქნება-მეთქი. ამიტომაც აღარ გადავდე მისთვის ნიშნობის შეტყობინება. მაგრამ სანამ წერილს გავგზავნიდი, მინდოდა ეს შენთვისაც მეთქვა.– გეორგ, – თქვა მამამ და უკბილო პირი ფართოდ გააღო, – მომისმინე! ჩემთან რჩევის საკითხავად მოხვედი და ეს, რა თქმა უნდა, პატივს გდებს, მაგრამ ეს არაფერია! არაფერზე უარესია, რომ ახლა სიმართლეს არ მეუბნები. არ მინდა იმ ამბების ამოქექვა, რომლებსაც ამასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ჩვენი ძვირფასი დედის გარდაცვალების შემდეგ აქ არცთუ ისე კარგი ამბები მოხდა. შეიძლება ოდესმე ამის თქმის დროც დადგეს, და იქნებ უფრო ადრეც, ვიდრე ჩვენ გვგონია.მაღაზიაში რაღაც-რაღაცები მხედველობიდან მრჩება. თუმცა, იქნებ არც მიმალავენ. ძველებურად ძალა აღარ შემწევს, მეხსიერებაც მღალატობს. ამდენ რამეს ჩემი თვალი ვეღარ სწვდება. ეს, ჯერ ერთი, ბუნების წესია, მეორე კიდევ, ჩვენი დედიკოს სიკვდილმა მე უფრო შემარყია, ვიდრე შენ. მაგრამ, რაკი ახლა ამ საქმეზე ვლაპარაკობთ, ამ წერილზე, გთხოვ, გეორგ, ნუ მომატყუებ. ეს ხომ წვრილმანი რამეა, ერთ სიტყვადაც არ ღირს და ამიტომ ნუ მომატყუებ – მართლა გყავს პეტერბურგში მეგობარი?გეორგი დარცხვენილი წამოდგა.– მოვეშვათ ჩემს მეგობრებს. მამას ათასი მეგობარიც ვერ შემიცვლის. იცი, რას ვფიქრობ? შენ თავს სულ არ უფრთხილდები, ასაკს კი თავისი მიაქვს. თავადაც ხომ კარგად იცი, საქმეში შეუცვლელი მყავხარ, მაგრამ თუ ეს მაღაზია შენს ჯანმრთელობას შეიწირავს, ხვალიდანვე სამუდამოდ დავხურავ. ასე არ შეიძლება! შენთვის სხვაგვარი ცხოვრება უნდა მოვაწყოთ.სულ სხვანაირი. ამ სიბნელეში ზიხარ და საცხოვრებელ ოთახში კი მშვენიერი სინათლეა.საუზმეს ოდნავ მოკიკნი ხოლმე, იმის მაგივრად, კარგად მოძლიერდე. დახურულ ფანჯარასთან ზიხარ, სუფთა ჰაერი კი მოგიხდებოდა. არა, მამა, ექიმს მოვიყვან და რასაც დაგინიშნავს, იმას გავაკეთებთ. ოთახებს გავცვლით. შენ წინა ოთახში გადახვალ, მე კი აქ გადმოვალ. ცვლილება რომ არ გეუხერხულოს, ყველა ნივთს იქ გადავიტანთ, მაგრამ ამას ყველაფერს მოვასწრებთ. ახლა კი ცოტა ხანს ისევ ლოგინში ჩაწექი, აუცილებლად სიმშვიდე გჭირდება.მოდი, გახდაში დაგეხმარები. ნახავ, რა კარგად შემიძლია ეს, ან იქნებ ახლავე წინა ოთახში გინდა? მაშინ დროებით ჩემს საწოლში დაწექი. სხვათა შორის, ეს ძალიან ჭკვიანური იქნებოდა.გეორგი მამასთან ახლოს იდგა, რომელსაც გაჩეჩილი, ჭაღარათმიანი თავი დაბლა, მკერდისკენ დაეხარა.– გეორგ, – თქვა მამამ ჩუმად, ისე, რომ არ შერხეულა. გეორგმა მაშინვე მამის გვერდით ჩაიმუხლა. მამის დაღლილი სახიდან გაფართოებული თვალის გუგები მისჩერებოდა, – შენ პეტერბურგში მეგობარი არა გყავს.მუდამ ხუმარა იყავი და თავს ჩემ წინაშეც კი ვერ იკავებდი. საიდან გყავს მაინცდამაინც იქ ასეთი მეგობარი? ამას ვერაფრით დავიჯერებ!– მამა, აბა ერთი დაფიქრდი, – უთხრა გეორგმა, მოხუცი სავარძლიდან წამოაყენა და საკმაოდ დასუსტებულს ხალათი გახადა, – მალე სამი წელი გახდება, რაც აქ ჩემი მეგობარი გვესტუმრა. კარგად მახსოვს, მაინცდამაინც არაფრად გეპიტნავებოდა. სულ ცოტა, ორჯერ მაინც გითხარი, ჩემთან არ არის-მეთქი, როდესაც ის ჩემს ოთახში იჯდა. შენი ანტიპათია მისდამი კარგად მესმოდა, რადგან ჩემს მეგობარს უცნაურობები სჭირს. თუმცა, მოგვიანებით მასთან შესანიშნავად საუბრობდი. კიდევაც ვამაყობდი, თუ როგორი ყურადღებით უსმენდი, თავს უქნევდი და კითხვებს უსვამდი.თუ დაფიქრდები, გაიხსენებ. მაშინ ის რუსეთის რევოლუციაზე დაუჯერებელ ამბებს გვიყვებოდა. მაგალითად, როგორ დაინახა ერთხელ კიევში არეულობის დროს საქმეებზე ჩასულმა აივანზე გამოსული მღვდელი, რომელმაც გაშლილ ხელისგულზე სისხლიანი ჯვარი ამოიჭრა, მერე ეს ხელი მაღლა ასწია და ბრბოს რაღაც შეუძახა. მერე ამ ამბავს ხანდახან შენ თვითონაც ჰყვებოდი ხოლმე.ამასობაში გეორგმა იმდენი მოახერხა, რომ მამამისი ისევ დასვა და ტილოს ქვედა საცვალზე გადაცმული შარვალი და წინდები ფრთხილად გახადა. არცთუ ისე სუფთა საცვლების დანახვაზე თავის თავს უსაყვედურა, რომ მამას საკმარის ყურადღებას არ აქცევდა. მამის მომავალი ცხოვრების მოწყობის თაობაზე თავის საცოლესთან საუბარი ხეირიანად ჯერ არც ჰქონია.მათი უსიტყვო შეთანხმებით მამა ძველ ბინაში მარტო უნდა დარჩენილიყო. მაგრამ იმწუთას გეორგმა უცბად და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მამა ახალ სახლში თან წაეყვანა. ხომ ნათელი იყო, რომ ის მოვლა-პატრონობა, რაც მამამისს მერე დასჭირდებოდა, უკვე დაგვიანებული აღმოჩნდებოდა.მკლავებზე გადაწვენილი მამა გეორგმა საწოლთან მიიყვანა. როდესაც მამა საწოლისკენ მიჰყავდა, იმ რამდენიმე ნაბიჯის გავლისას საშინელი გრძნობა დაეუფლა, რადგან შენიშნა, რომ მამა მის მკერდზე ჩამოკიდებულ საათის ძეწკვს ათამაშებდა. ლოგინში მამის ჩაწვენა გეორგმა მაშინვე ვერ შეძლო, რადგან იგი ძეწკვს მაგრად ჩასჭიდებოდა. მაგრამ როგორც კი მოხუცი ლოგინში ჩაწვა, თითქოს ყველაფერი ისევ მოწესრიგდა.საბანი თვითონ დაიხურა, მხრებს ზემოთ ამოიწია და გეორგს საკმაოდ შუბლგახსნილმა ახედა.– გაგახსენდა ჩემი მეგობარი, არა? – ჰკითხა გეორგმა და თავი გამამხნევებლად დაუქნია.– ახლა კარგად მახურავს საბანი? – იკითხა მამამ, თითქოს ვერ ხედავდა, რომ საბანი ფეხებს კარგად უფარავდა.– ესე იგი, ლოგინში წოლა გირჩევნია, – უთხრა გეორგმა და საბანი უფრო კარგად შემოუკეცა.– კარგად მახურავს? – ისევ იკითხა მამამ. ეტყობოდა, რომ ამ კითხვაზე პასუხს განსაკუთრებულად ელოდა.– დაწყნარდი, კარგადა ხარ ჩაფუთვნილი.– არა! – ისე წამოიძახა მამამ, რომ მისი წამოძახილი და გეორგის სიტყვები ერთმანეთს შეასკდა. მოხუცმა საბანი უკან ისეთი ძალით მოისროლა, რომ ჰაერში მთლიანად გაიშალა. მამა საწოლში წამოიმართა და ცალი ხელით პლაფონს მსუბუქად მიეყუდა, – ვიცი, ჩემო ნაშიერო, რომ ჩემი მაგრად ჩაფუთვნა გინდოდა, მაგრამ არა! ჯერ კიდევ არა ვარ ჩაფუთვნილი და უკანასკნელი ძალა იმდენი კი შემომრჩა, რომ შენ კი არა, კიდევ მეტს ეყოფა! დიახ! კარგად ვიცნობ შენს მეგობარს! მას ჩემი გული შვილადაც მიიღებდა! ამიტომაც ღალატობდი მას მთელი ამ წლების მანძილზე. აბა, სხვა რა იყო მიზეზი? როგორ ფიქრობ, მე მისი გულისთვის არ მიტირია? ამიტომაც ხარ ჩაკეტილი შენს კაბინეტში! ხელი არავინ შეუშალოს! შეფი დაკავებულია! მაგრამ იმითია დაკავებული, რომ ყალბ წერილ სწერს რუსეთში. საბედნიეროდ, შვილის ნამდვილი სახის გამოცნობას მამას ვერავინ ასწავლის! ახლაც გეგონა, რომ შენს მეგობარს გათელავდი და კისერზე წამოაჯდებოდი. აბა რა, ჩემმა ვაჟბატონმა ხომ ცოლის შერთვა გადაწყვიტა!გეორგმა მამის საშინელ სახეს ახედა. პეტერბურგელი მეგობარი, რომელსაც მამამისი თურმე ასე კარგად იცნობდა, გეორგს ახლა ისეთი ძალით ჩააფრინდა, როგორც არასოდეს.გეორგი მას უკიდეგანო რუსეთში დაკარგულს ხედავდა. ხედავდა, როგორ იდგა ცარიელი, გაძარცული მაღაზიის კართან, ნამსხვრევებსა და თაროებს შორის, დაგლეჯილ საქონელს შორის, ჯერ კიდევ იდგა! რამ წაიყვანა იმ გადაკარგულში!– მაგრამ შემომხედე! – დაიყვირა მამამ და თითქმის მთლად დაბნეული გეორგი საწოლისაკენ გაქანდა, უნდოდა ყველაფერი გაეაზრებინა. შუა გზაზე წაბორძიკდა, – რაკი კაბის კალთები აგიწია, – ყალბად დათაფლული ხმით დაიწყო მამამ, – რაკი იმ დედაკაცმა, იმ ბატმა, კაბის კალთები აგიწია, – და მოხუცმა ამის საჩვენებლად თავისი ხალათი იმ სიმაღლეზე ასწია, რომ ბარძაყზე ომისდროინდელი ნაჭრილობევი გამოუჩნდა, – რაკი კაბის კალთები ასე აიწია, იმიტომაც გადაეკიდე. შენთვის რომ მასთან განცხრომაში ხელი არავის შეეშალა, ამის გამო შეარცხვინე დედის ხსოვნა და მეგობარსაც უღალატე! მამა ლოგინში გაამწესე, რომ არ გაინძრეს. მაგრამ მამას განძრევა კიდევ შეუძლია, არა?! – მოხუცი სრულიად გახდილი და ფეხებგადმოყრილი იდგა. გონებაგახსნილს სახე განათებოდა.გეორგი კუთხეში იდგა.მამისაგან რაც შეიძლებოდა შორს. დიდი ხნის წინ მან მტკიცედ გადაწყვიტა, ყველაფერს გულდასმით დაჰკვირვებოდა, რათა თვითონ მისთვის ვერავის ვერსაიდან ეთვალთვალა. ახლა ეს დიდი ხნის დავიწყებული გადაწყვეტილება კვლავ გაახსენდა და უმალვე დაივიწყა.– მაგრამ მეგობრისთვის მაინც არ უღალატიათ! – დაიძახა მამამ და მისმა აქეთ-იქით მოქანავე საჩვენებელმა თითმაც მოხუცის ნათქვამი დაადასტურა, – მე ვიყავი აქ, ამ ქალაქში, მისი შემცვლელი.– კომედიანტი, – თავი ვეღარ შეიკავა და წამოიძახა გეორგმა, თუმცა შეცდომას უმალვე მიხვდა და თვალებგაშტერებულმა ენაზე ისე იკბინა, რომ ტკივილისაგან დაიგრიხა.– დიახ! რა თქმა უნდა, კომედიას ვთამაშობდი! კარგი ნათქვამია! სხვა რა ნუგეში დამრჩენოდა მოხუც, დაქვრივებულ მამას? მითხარი და ერთი წამით, სანამ მიპასუხებ, ისევ ჩემს ცოცხალ შვილად დარჩი. სხვა რაღა დამრჩენოდა ბებერს და დაჩაჩანაკებულს ამ ჩემს უკანა ოთახში, ორგულ მოსამსახურეთა ხელში? ჩემი შვილი კი ტრიუმფით ქვეყანას უვლიდა და საქმეეებს აგვარებდა.იმ საქმეებს, მე რომ მოვამზადე! სიამოვნებისაგან ყირაზე გადადიოდა, მამის წინაშე კი პატიოსანი კაცივით სახეშეკრული დადიოდა. როგორ ფიქრობ, განა არ მიყვარდი? მე, შენს შემქმნელს, არ მიყვარდი?ახლა წინ გადმოიხრება, – გაიფიქრა გეორგმა, ნეტავი გადმოვარდებოდეს და დაიმსხვრეოდეს! – უსისინებდა თავში. მამა წინ გადმოიხარა, მაგრამ არ დაცემულა. მოელოდა, რომ გეორგი მიუახლოვდებოდა, მაგრამ რაკი ასე არ მოხდა, კვლავ წელში გაიმართა.– არ გაინძრე, არ მჭირდები! გგონია, ჩემთან მოსასვლელი ძალა შეგწევს და მხოლოდ იმიტომ არ მოდიხარ, რომ ასე გსურს? ძალიან ცდები. ჩვენ შორის ჯერ კიდევ მე ვარ უფრო ძლიერი. მარტოს, ალბათ, უკან დახევა მომიწევდა, მაგრამ დედამ თავისი ძალა მე გადმომცა.შენს მეგობართანაც შესანიშნავი კავშირი მქონდა. აი, ამ ჯიბეში მიწყვია შენი ამბები!ამ ხალათშიც კი ჯიბეები აქვს, – გაიფიქრა გეორგმა და ეგონა, ამ შენიშვნით მოხუცს საქვეყნოდ თავს მოჭრიდა. ეს მხოლოდ ერთ წამს გაიფიქრა, რადგან მაშინვე ყველაფერი დაავიწყდა.– ჩამოეკონწიალე ერთი იმ შენს საცოლეს და მერე დამენახვე! ნახავ, როგორ მოვისვრი შენი გვერდიდან!გეორგი სახეს მანჭავდა, თითქოს ყოველივე ეს არ ეჯერა. მამამ კი საკუთარი ნათქვამის სიმართლის დასტურად მხოლოდ თავი დაიქნია იმ კუთხისაკენ, სადაც გეორგი იდგა.– მაინც როგორ გამართე დღეს, როდესაც მოხვედი და მკითხე, მეგობარს ნიშნობის თაობაზე მივწერო თუ არაო. მან ხომ ყველაფერი იცის, შე სულელო! მე ხომ მას წერილებს ვწერდი, რადგან ჩემთვის საწერ-კალმისა და ქაღალდის წართმევა დაგავიწყდა.ამიტომაც აღარ ჩამოდის ამდენი წლის მანძილზე. შენზე ასჯერ უკეთესად იცის ყველაფერი. შენს წერილებს წაუკითხავად ჭმუჭნის და მარცხენა ხელში უჭირავს ხოლმე, როდესაც მარჯვენათი ჩემს ბარათებს კითხულობს, – მოხუცმა აღტაცებისაგან ხელი თავზემოთ აიქნია.– ყველაფერი ათასჯერ უკეთ იცის! – დაიძახა მან, – ათიათასჯერ უკეთესად!– ათიათასჯერ უკეთესად, – თქვა გეორგმა მამის დასაცინად და სიტყვები მისი პირით მომაკვდინებელი სერიოზულობით აჟღერდა.– წლების მანძილზე ველოდი, როდის მოხვიდოდი ჩემთან ამ შეკითხვით. გგონია, სხვა რამე მადარდებს? გგონია, გაზეთებს ვკითხულობ? აჰა! – და მან გეორგს გაზეთის ფურცელი ესროლა, რომელიც როგორღაც ლოგინში მოხვედრილიყო. რაღაც ძველი გაზეთი იყო, რომელსაც გეორგი საერთოდ არ იცნობდა, – რამდენ ხანს ყოყმანობდი, სანამ ჭკუას ისწავლიდი? დედაშენი ისე გარდაიცვალა, სასიხარულო დღეს ვერ მოესწრო! მეგობარი რუსეთში გეღუპება.ჯერ კიდევ სამი წლის წინ იყო გაყვითლებული და აღარაფრად ვარგოდა. მე კი კარგად მხედავ, როგორცა ვარ, ამას ხომ ხედავ?!– ესე იგი, ჩასაფრებული მითვალთვალებდი, – წამოიძახა გეორგმა.მამამ ისე, სხვათა შორის, თანაგრძნობით ჩაილაპარაკა:– ამის თქმა, ალბათ, ადრე იყო საჭირო. ახლა ეს აღარაფერს უშველის, – და უფრო ხმამაღლა განაგრძო, – მაშ ასე, ახლა იცი, შენ გარდა კიდევ რა არსებობდა. აქამდე მხოლოდ შენი თავი გახსოვდა. ისე, კაცმა რომ თქვას, უწყინარი ბავშვი იყავი, მაგრამ უფრო მეტად – ეშმაკეული! ამიტომ იცოდე: ახლა მე შენთვის სასიკვდილო განაჩენი გამომაქვს – წყალში დახრჩობა!გეორგმა თავი ოთახიდან გაძევებულად იგრძნო. დარტყმის ხმა, რომელიც მამამისის საწოლზე დაცემას მოჰყვა, ისევ ყურებში ედგა.კიბეზე ისე ჩარბოდა, როგორც ფერდობზე და ამით ზემოთ ამომავალი მოსამსახურე ქალიც დააფეთა, რომელიც სახლის დასალაგებლად მოდიოდა.– იესო! – შეჰკივლა ქალმა და სახეზე წინსაფარი აიფარა, მაგრამ გეორგი უკვე აღარ ჩანდა. ჭიშკრიდან გამოსულმა ისკუპა და წყლისკენ გაექანა, საითაც მას რაღაც ძალა ეწეოდა. და აი, უკვე ხიდის მოაჯირს ისე ჩაეჭიდა, როგორც დამშეული კაცი საჭმელს ჩააფრინდება. მერე მოაჯირზე კარგი ტანმოვარჯიშესავით ზემოთ აქანდა, იმ ტანმოვარჯიშესავით, მშობლების საამაყოდ გეორგი ახალგაზრდობაში რომ იყო. ახლა ის თავს ჯერ კიდევ ხელებით იმაგრებდა, რომლებსაც ძალა სულ უფრო და უფრო ეცლებოდათ. გეორგმა მოაჯირის საყრდენებს შორის ავტობუსის დანახვაღა მოასწრო, მისი გადავარდნის ხმას ასე ადვილად რომ ჩაახშობდა და ჩუმად დაიძახა, – საყვარელო მშობლებო, მე ხომ მუდამ მიყვარდითო, და ქვემოთ გადაეშვა.…ამ დროს კი ხიდზე თითქმის უწყვეტი მოძრაობა იყო..

განაჩენი (მთარგმნელი ხაჭაპურიძე თენგიზ)

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button