ილონ მასკს, ჯეფ ბეზოსსა და NASA-ს მიზანს ჩინეთი ოფიციალურად შეუერთდა. არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოთქმული მარსზე გამგზავრების სურვილი გამოწვეული იყოს მთვარეზე ბაზის აგებით. მთვარე, სპეციალისტების აზრით, თავისებური ტრამპლინი შეიძლება გახდეს შორეული კოსმოსური ფრენებისთვის. უფრო მეტიც, დედამიწის თანამგზავრის ათვისება ჩინეთის, როგორც კოსმოსური ზესახელმწიფოს სტატუსს გაამყარებს.
ჩინეთი ემზადება მთვარის პილოტირებული მისიებისთვის, რომელთა ფარგლებში მოიაზრება სამეცნიერო ფორპოსტის შექმნაც. ამის შესახებ იტყობინება წამყვანი ეროვნული კოსმოსური სააგენტო China Aerospace Science and Technology Corp. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთისთვის მთვარის მისიების საბოლოო მიზანია საფუძველი ჩაუყაროს მარსისკენ მიმართულ სამეცნიერო-ტექნიკურ ფრენებს. ჩინეთის მომდევნო ნაბიჯი იქნება მთვარის პილოტირებული კვლევა. ქვეყანა აპირებს შექმნას ბაზა სამეცნიერო კვლევებისთვის, გააფართოოს ადამიანების სამოქმედო-საცხოვრებელი არეალი და მიიღოს გამოცდილება და ცოდნა სამომავლო შორეული კოსმოსური მისიებისთვის.
ეს გახლავთ ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი სახალხოდ აცხადებს წითელ პლანეტასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ. კორპორაცია ამბობს, რომ კაცობრიობისთვის მეტად მნიშვნელოვანია მიაღწიოს მარსს, ზოგიერთი ჩინელი მეცნიერის აზრით შესაძლებელია მარსისკენ პილოტირებული ფრენა 2050 წელს განხორციელდეს. მკვლევარების აზრით, მარსზე ასტრონავტების გაგზავნა ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს წითელ პლანეტაზე სიცოცხლის საძიებლად. ჩვენს მზის სისტემაში დედამიწას ყველაზე მეტად სწორედ მარსი ჰგავს, ამიტომ იქ სიცოცხლის არსებობის გამოკვლევის შედეგად უკეთ იქნება გარკვეული ჩვენი მშობლიური პლანეტის წარმოშობა-ევოლუციის საკითხები.
მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მილიარდობით წლის წინ მარსი ძალიან ჰგავდა დედამიწას გარემო პირობებით. არ არის გამორიცხული, რომ კვლევებმა აჩვენოს დედამიწის სავარაუდო მომავალიც. ამიტომ აუცილებელია წითელ პლანეტაზე გაიგზავნოს ასტრონავტები და შეიქმნას ავანპოსტები პლანეტათშორისი მსხვილმასშტაბიანი იმიგრაციის შესაძლებლობის გამოსარკვევად, თუკი ამის საჭიროება გახდება, მაგალითად, თუკი დედამიწას ასტეროიდის დაცემა, კლიმატის სახიფათო ცვლილება ან რამე სხვა გლობალური კატასტროფა დაემუქრება.
შეძლებენ ადამიანები მარსზე ცხოვრებას?
მარსზე ვერ ვისუნთქებთ და ეს არ გახლავთ ერთადერთი პრობლემა, რომელსაც მომავალი კოლონისტები შეხვდებიან. მეცნიერებმა და ინჟინრებმა უამრავი სირთულე უნდა გადალახონ პილოტირებული მისიის განხორციელებისთვის. პირველი – მარსი დედამიწისგან შორსაა, ყველაზე ახლო დაშორება 55 მლნ კილომეტრია. ეს ნიშნავს იმას, რომ მისკენ და უკან ფრენას 500 დღეზე მეტი დასჭირდება. მეორე – დედამიწა-მარსის ტრაექტორიით პილოტირებული რაკეტის გაშვებისას აუცილებელია, რომ რაკეტა მეტად მაღალი სიჩქარის იყოს. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს კოსმოსური რადიაციაც: დამტკიცებულია, რომ კოსმოსში დიდხანს ყოფნისას, თუნდაც ანაბიოზის მდგომარეობაში, ასტრონავტები დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
სხვა ყურადსაღები და გასათვალისწინებელი ფაქტორებია კავშირის დარღვევის რისკი, ენერგიის წყაროს შესაძლო გაუმართაობა და ასტრონავტების ჯანმრთელობის გაუარესება, რომელიც გამოწვეული იქნება კოსმოსსა და სხვა პლანეტაზე ხანგრძლივი ყოფნით. ძვლოვანი და კუნთოვანი მასის დაკარგვა, რადიაცია და ფსიქიკური მდგომარეობა საფრთხის ქვეშ აყენებს ჯამში მთელ მისიას. მეცნიერებს მოუწევთ იმუშაონ სიცოცხლის უზრუნველყოფის საიმედო, ბიორეგენერაციულ სისტემაზე. დღესდღეობით უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამად კაცობრიობის ხელთ არსებული ტექნოლოგიები არასაკმარისია მარსის მისიებისთვის. თუმცა სჯობს დაველოდოთ NASA-სა და SpaceX-ის ერთობლივი მუშაობის შედეგებს. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ მთელი მსოფლიოს მეცნიერები გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის და არა ცალკეული სახელმწიფოების ან ორგანიზაციების ინტერესებისთვის.