ივანე გომართელი – მიხეილ ჯავახიშვილი-ადამაშვილი
ქართული ანდაზა არის: წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.
ეს ანდაზა შეიძლება უცვლელად შევუფარდოთ ხელოვნებას.
სხვა და სხვა ეპოქას სხვა და სხვა ესთეტიური გემოვნება შეაქვს ხელოვნებაში და აქედან ჩნდება მიმართულება, მოდა, რომანტიზმი, რეალიზმი, სიმბოლიზმი, ფუტურიზმი და სხვა.
ყოველივე ეს წარმავალია და ჰქრება. უკვდავია მხოლოდ ჭეშმარიტი ხელოვნება, რომელიც სამუდამოდ რჩება, ვითარცა ქვიშა წარმავალი წყლისა.
ჭეშმარიტი ხელოვნება არის მხოლოდ იქ, სადაც შეერთებულია ფანტაზია, თავისებური სტილი, მანერა წერისა, სიმკვეთრე გამოსახვისა, სიცხოველე ამა თუ იმ პრობლემის გაშუქებაში და სხვა.
ყოველივე ეს ერთად აღებული წარმოადგენს იმას, რასაც ჩვენ მხატვრულ ნიჭს ვუწოდებთ.
მ. ჯავახიშვილ-ადამაშვილის პირველი ტომი დადაღულია შემოქმედის უტყუარი ნიჭით.
ბელეტრისტი გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე ოცი წლის წინათ. დაწვა ერთ ღამეს უბრალო ადამიანად და ადგა მეორე დღეს უკვე სახელმოხვეჭილ მწერლად: მისი შემოქმედების პირველმა ყვავილებმა საერთო ყურადღება დაიმსახურეს. მაგრამ მ. ადამაშვილი მეტეორივით მოევლინა ჩვენი ხელოვნების ცას; ელვით გაისრიალა და მიიმალა.
მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ბელეტრისტი სდუმდა და დღეს ისევ ამეტყველდა, ისევ გააშუქა ჩვენი ხელოვნების ცა «კვაჭი კვაჭანტირაძით» და სხვ.
კვაჭი კვაჭანტირაძე ჰღირს იმად, რომ ბელეტრისტის ხანგრძლივი დუმილი გაამართლოს და გამოისყიდოს.
ეს ტიპი საკმაო მომწიფებული იყო ჩვენს ცხოვრებაში და ეძებდა თავის მხატვარს, სანამდის არ ნახა მ. ადამაშვილში.
პირველი ტომის მოთხრობები ყველა წარსულს ეკუთვნის, გარდა‘«ტყის კაცისა», და როდესაც შეადარებთ ერთმანეთს, უსათუოდ ნახავთ დიდ განსხვავებას: სტილი დაიხვეწა, მანერა წერისა უფრო გამოიკვეთა, ასახვა უფრო გაცხოველდა და გასპეტაკდა, შეიჭრა შიგ ბუნება და სხვა; სიუჟეტებში კი არის განუწყვეტელი ჯაჭვი, მსგავსება: ღრმად ჩახედვა საბრალო და უბედური ადამიანის გულში.
სიუჟეტების არჩევაში მ. ადამაშვილი თავისებურად ორიგინალურია: ის აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას ცხოვრების იმ მხარეს, რაც ჩვენს მწერლობაში გაუშუქებელი იყო.
მ. ადამაშვილის ორიგინალობას ჯერ სათაური ამჟღავნებს: «ჩანჩურა», «უპატრონო»,‘«კურკას ქორწილი»,‘«ტყის კაცი».
ვინ არის ჩანჩურა?
საიდან არის მოსული?
არავინ იცის, მას არც სახელი აქვს, არც გვარი. ან კი რა საჭიროა, ვის რათ უნდა? ვის აინტერესებს საცოდავი, ბეჩავი, საბრალო, უბედური ადამიანი _ არშინნახევარი სიგრძით და ფუთ-ნახევარი წონით!
ადამიანია ის თუ პირუტყვი? ძნელი გამოსარკვევია, რადგანაც თავისი მდგომარეობით და იმ ხალხის თვალშიაც, ვინც მას გარს ახვევია, ის უფრო პირუტყვია.
მთელი მისი მე, მისი ავლადიდება, მისი გარეგნობა გამოიხატება ერთ სიტყვაში _ ჩანჩურა.
უკეთესი, უფრო მკვეთრი, უფრო მოსწრებული, მოსხლეტილი დახასიათება პიროვნებისა შეუძლებელია. ერთი სიტყვა _ ჩანჩურა, და თქვენ უკვე იცით, ვისთან გაქვთ საქმე.
მოთხრობის სიუჟეტი მარტივია, უბრალო, მაგრამ ამ სიმარტივეში არის სიღრმე, უბრალოებაში _ დიდი აზრი.
დამოკიდებულება ბრბოსი ჩანჩურასადმი იშვიათის მიღწევით აქვს ავტორს ასახული და იმისი ძლიერება მოსჩანს უსახო ბრბოს ფსიქოლოგიის საუცხოო და იშვიათ გაშუქებაში.
ბრბოს სწყურია სანახაობა და სანახაობით დამთვრალი ის შეუბრალებელია, სასტიკი, ულმობელი, მკაცრი, გულცივი, გულქვა.
და როდესაც გაათავებთ მოთხრობის წაკითხვას, ერთგვარი სირცხვილი შეგიპყრობთ, სირცხვილი იმის გამო, რომ ამ ბრბოსთან ერთად ატარებთ თქვენც ადამიანის სახელს.
ამავე დროს გაიმსჭვალებით ჩანჩურასადმი სიბრალულით და თანაგრძნობით, რადგანაც ჰხედავთ, რომ ამ უსახო პიროვნებაში მაინც ადამიანის ნასახია დამალული.
თქვენში თანდათან იზრდება ზიზღი ისეთი ცხოვრებისადმი, სადაც ერთის მხრით უსახო ჩანჩურა იტანჯება, მეორეს მხრით ბრბო ერთობა იმისი ტანჯვით, დაგებადებათ წყურვილი ახალი, გაწმენდილი და ამაღლებული ცხოვრებისა.
«უპატრონო» ჩანჩურას მიემსგავსება. აქაც საბრალო, უმნიშვნელო, უბედური ადამიანია, რომელიც გასართობი ნივთია მეორისათვის, და როდესაც მეორე იჯერებს გულს და მოიხალისებს, უპატრონოს ისე გადააგდებს, თითქოს უბრალო ნივთი იყოს და არა ადამიანი.
უპატრონოს სულისკვეთება გასაოცარის სიცხადით არის გადაშლილი და ბევრი ადგილი ჟრუანტელის მომგვრელია თავისი სიძლიერით.
უპატრონოც, პავლეც ბეჩავი, საბრალო ადამიანები არიან, ისინი ჩანჩურას ენათესავებიან, თუმცა უკანასკნელზე ბევრად მაღლა დგანან.
ჩვენ ვიხედებით მათს გულში, ვეცნობით მათს უბრალო, უფერულ, მარტივ ცხოვრებას, ვიმსჭვალებით მათდამი თანაგრძნობით და ამავე დროს განვიცდით ერთგვარ სირცხვილს, რომ მათი ბატონი ჩვენთან ერთად ადამიანის სახელს ატარებს.
კვლავ თანდათან გვებადება ზიზღი იმ ცხოვრებისადმი, სადაც ერთის მხრით უპატრონონი არიან, მეორეს მხრით _ ბატონები, და იზრდება მისწრაფება ამაღლებული და განწმენდილი ცხოვრებისაკენ, სადაც უპატრონოც, პავლეც ბედნიერები იქნებიან.
«თავდავიწყება» წარმოადგენს საუცხოო სურათს ჭეშმარიტი სიყვარულისას.
სურათი მარტივია, უბრალო, მაგრამ მეტად ლამაზი და მოხდენილი თავისი ბუნებრივობით. წმინდა, გატაცებული, ამოხეთქილი სიყვარული დაეჯახება ცხოვრების სინამდვილეს თავისი უხეში წყობილებით, ყალბი შეხედულებით.
სიყვარული მარცხდება და უხეში სინამდვილე იმარჯვებს: სიყვარულს ურემზე დასვამს და გადააგდებს, როგორც ნაგავს.
ეკა სამუდამოდ დამეკარგა. არც მიძებნია, ცოლ-შვილი მყავს, მაგრამ… ვინ იცის ვინ იყო ჩემი ნამდვილი საბედო?
«ვინ იცის? ვინ მეტყვის? ვინ გამოიცნობს?»
აი, უკანასკნელი მწარე სიტყვები შეყვარებულისა.
ჩვენ ვიცნობთ, ვიცნობთ ამ ცხოვრებას.
ეს ის ცხოვრებაა, სადაც ბრბო გულგრილად ფეხქვეშ სთელავს ჩანჩურას, ბატონი უპატრონოში უბრალო სათამაშო ნივთსა ჰხედავს, და სიყვარულს ურმით ისტუმრებენ. თქვენი გული ისევ ივსება ზიზღით ასეთი სინამდვილისადმი და მიისწრაფით განწმენდილი, ამაღლებული სინამდვილისაკენ.
«ვინ არის «მეჩექმე გაბო»?
ჩანჩურას, პავლეს ახლობელი, _ პატარა, უმნიშვნელო, ბეჩავი ადამიანი, რომლის მთელი მოთხოვნილება, მთელი ადამიანური ცხოვრება საროსკიპოში დროს გატარებით ამოიწურება.
და როდესაც საროსკიპოს კარი მისთვის დაიხურება, რადგანაც მან მთელი საცხოვრებელი საროსკიპოში შეჭამა და მათხოვრის მდგომარეობამდე მივიდა, ის მაინც ბინდიდან შუაღამემდე საროსკიპოსთან არის ატუზული და ფანჯრებიდან ზალაში იცქირება. «ზალაში შესვლას ნატრობს, მაგრამ შესვლას ვერ ჰბედავს, რადგან შესაფერი ტანისამოსი არა აქვს».
შეხედეთ ამ უბედურ, უმნიშვნელო ადამიანს, _ რა განსხვავება არის იმასა და ჩანჩურას შორის? არავითარი.
ჩანჩურა თითქმის პირუტყვად დაბადებულა და ცხოვრობს, როგორც პირუტყვი. მეჩექმე გაბო კი თავისი ცხოვრებით პირუტყვულ მდგომარეობამდე მისულა და ბედნიერია, სხვაგვარი ცხოვრება მას ვერ წარმოუდგენია.
მაგრამ როდესაც ჩაიხედავთ ამ დაცემული პიროვნების გულის სიღრმეში, დარწმუნდებით, რომ ისიც ადამიანია.
თქვენში ისევ იზრდება ზიზღი იმ ცხოვრებისადმი, სადაც მეჩექმე გაბო, მისი ძმობილი ჭიაყელა პირუტყვებს დამსგავსებიან და გწყურიათ განწმენდილი, ამაღლებული, ადამიანური ცხოვრება.
‘«კურკას ქორწილი»! თვალის მომჭრელი ფერადებია, ალაგ _ სასაცილო, ალაგ _ ცრემლების მომგვრელი.
იშვითი სილამაზის თვალია, ნიჭიერი ხელოვანის მიერ ცხოვრების ბნელი კუნჭულებიდან ამოკვეთილი.
რამდენი სინამდვილე, რამდენი სიმართლე, რამდენი უბრალოება და მხატვრული ზომიერებაა!
უშნო, მახინჯი, ფეხგაჩაჩხული კურკა, რომელსაც ყველა დასცინის, აჯავრებს და ქუჩის მასხარადა ჰხდის; საცოდავი, ბეჩავი ადამიანი, რომლის მთელი აზროვნება და მისწრაფება თხილის ნაჭუჭში დაეტევა.
ეს კურკა ხომ ჩანჩურას ახლობელია, მისი სისხლი და ხორცია!
ჩანჩურას ყველა დასცინის, თავში ურტყამს, მაგრამ ის ყველას უთმენს, ყოველივეს იტანს და ჩუმად ურიგდება თავის ხვედრს, თითქოს ყოველივე ეს ისეც უნდა იყოს.
აიღეთ უპატრონო, _ ჩუმად იტანს ის ყოველგვარ დამცირებას და უსიტყვოდ ემორჩილება თავის მწარე ხვედრს.
ბატონი აუპატიურებს მას, უპატრონო ნებდება ჩუმად და ბედს არ ეწინააღმდეგება; ათხოვებენ, ჩუმად მიჰყვება; მონაა, მორჩილი თავისი ხვედრის, თითქოს აუცილებელი იყოს ყოველივე ის, რაც მას უნდა გადაჰხდეს.
იგივეა კურკაც, პატარა კაცუნაა, ბეჩავი, უენო, ყოვლად გლახა, საცოდავი, ადამიანებში გამოსხლეტილი, მაგრამ მის გულში ბოროტება არ არის და ამით ის ბევრ ადამიანზე მაღლა სდგას.
როგორც ჩანჩურა, კურკაც ბრბოს გასართობი საგანია და ლაჩრის თვინიერებით იტანს ყოველივეს.
მაგრამ აბა შეხედეთ ამ დიდთავა და მახინჯ კურკას, როდესაც ის ახალ ტანისამოსში არის გამოწყობილი და ცოლის შერთვას განიზრახავს: როგორ მედიდურად სდგას ტროტუარზე და ამაყად მისჩერებია გამვლელ-გამომვლელს!
_ ვა, ერთი ამას დახე, და! _ უკვირს ყველას.
ხოლო «კურკა გუნებაში იღიმებოდა, მაგრამ ამ სიამოვნებას არავის აჩვენებდა და ისე გულგრილად ეჭირა თავი, თითქო ასეთი ძვირფასი და ახალი ტანისამოსი იმისათვის პირველი არ ყოფილიყო».
აი, შეხვდება კურკა მაშოს. ერთი შეხედეთ, როგორ გამოიცვლება, როგორ თავაზიანია ეს ბეჩავი, ყოვლად განუვითარებელი ადამიანი, რომელიც თვიური შვიდი მანეთის გულისათვის თვრამეტი საათი დღეში ჯღანებს აკერებს.
მაშო აწვდის დასაკერებლად ჩუსტს და ეკითხება, რა ეღირებაო.
_ თქვენთვის არაფერი არ ეღირება… ისე დავაკერებ… _ თავაზიანად უპასუხებს კურკა.
საუცხოოა ის ადგილი, სადაც შეყვარებული კურკა არა თუ თვითონ გამოიცვლება, მთელი ბუნებაც იცვლება მის თვალში: მზე უფრო ანათებს, ჰაერი უფრო გასუფთავდა, მტკვარი უფრო ადუდუნდა, ყველაფერი გამხიარულდა, არემარეც განაზდა, გაფაქიზდა.
ეს ბეჩავი ადამიანი სულ სხვა თვალით უყურებს ქვეყანას, ცხოვრებას: მღერის, სიამოვნების ცრემლებსა ჰღვრის და ლაპარაკს უმატებს.
ყოველივე ეს მეტად ბუნებრივად და ლამაზად არის შემოხაზული ავტორის კალმით.
როდესაც პირველად გაეცნობით კურკას, გეგონებათ, რომ მას არა აქვს არავითარი შეგნება და რაიმე განცდა. ღრმა და ძლიერი მისთვის მიუწვდომელია.
მაგრამ გულის სიღრმეში ის თურმე იტანჯება.
რა არის ამ ტანჯვის მიზეზი?
შეგნება უპატრონობისა, ობლობისა.
_«მე უპატრონო კაცი ვარ. დღემდის ობოლი ვიყავი… ვინც არა მგონია, მე მიბრიყვებდა… ვინც არა მგონია, მე მცემდა, მაწვალებდა, მტანჯავდა».
აი ნეტარების ჟამს გულის სიღრმიდან ამოხეთქილი წრფელი სიტყვები.
მაგრამ ახლა კურკა ბედნიერია.
რატომ?
იმიტომ რომ ის მარტო აღარ არის, ობოლი აღარ არის.
_ «ძმებოჯან! ჩემო ძმებო… ჩემო ამხანაგებო! დღეის იქით მე უპატრონო აღარა ვარ… მე… მეც პატრონი გამიჩნდა, ჩემი მაშო აბიდას აღარავის მოაცემინებს!» _ გრძნობით წარმოსთქვამს კურკა და თავისი ბედნიერებით უნდა სხვებიც შესძრას, აატოკოს, ააღელვოს.
მისი გული სავსეა ნეტარებით და ყველასადმი სიყვარულით.
კურკას წინაშე აღიმართება საშინელი სინამდვილე: ის რწმუნდება, რომ მაშო ნამდვილად მისი კი არ არის, არამედ სხვისია, მაგრამ კურკა იმდენად უბედურია თავის ობლობასა და უპატრონობაში, რომ ყველაფერს ურიგდება, ყველაფერს იტანს, ოღონდ მაშო მასთან იყოს, ხანდახან მაინც იმის ოთახში სუნთქავდეს.
საუცხოოა სცენა, მაშო მიდის, კურკა კი ორივე ხელებით ფეხებზე შემოეხვევა და არ უშვებს.
ერთი მიბრძანეთ, რათ უნდა კურკას ქალი, რომელიც ეუბნება, არ მიყვარხარ, შენთან ცხოვრება არ შემიძლიაო?
წასვლა უნდა?
გზა მშვიდობისა!
მაგრამ კურკას არ უნდა, არ შეუძლია ძველებურად, უპატრონოდ გრძნობდეს თავს. ეს ობლობა, უპატრონობა მისთვის უკვე საშინელებაა და გამწარებული, დაჩოქილი ეხვევა მაშოს ფეხებზე და ცდილობს არ გაუშვას, ეხვეწება, შესთხოვს, ემუდარება:
_ «სად მიხვალ, მაშოჯან… შენი ჭირიმე, მაშო-ჯა-აან… ნუ მანებებ თავსა-ა-ა»…
თქვენს არსებაში მარტო სიბრალული კი არ იღვიძებს ამ უბედური ადამიანისადმი, არამედ ერთგვარი თანაგრძნობა და პატივის ცემა.
და თქვენ ისევ გეზიზღებათ, შეგძულდებათ ის ცხოვრება, სადაც ერთის მხრით კურკაა, მეორე მხრით _ დარჩო და მაშო, და გული მიისწრაფის უკეთესი, ამაღლებული და განწმენდილი ცხოვრებისაკენ.
პირველ მოთხრობაში მკითხველის ყურადღებას იპყრობს სხვათა შორის ბრბოს ფსიქოლოგიის სწორი დახასიათება.
ბრბოს ფსიქოლოგია რთულია და მრავალი ხვეული აქვს.
ამ ფსიქოლოგიის ერთი მხარე ჩვენ ვიხილეთ‘«ჩანჩურაში».
აქ აღებულია ბრბო მაშინ, როდესაც ის ერთობა, მხიარულობს, დროს ატარებს, ერთის სიტყვით _ კარგ გუნებაზეა.
‘«ხალხის სამართალსა» და «ეშმაკის ქვაში» იგივე ფსიქოლოგია არის ბრბოსი.
განსაკუთრებით მკაფიოდ და ძლიერი სიცხადით არის გაშუქებული ბრბოს ფსიქოლოგია‘«ეშმაკის ქვაში», როდესაც ბრბო გაცეცხლებულია და ამის გამო სასტიკი, ულმობელი.
თუ რამდენად გადამდებია ბრბოს განწყობილება, ეს საუცხოოდ არის გაშუქებული ამ მოთხრობაში.
ადამიანი განკერძოებულად, თავისთავად, და იგივე ადამიანი ბრბოში სხვადასხვა არის, _ სხვადასხვაა ამიტომ მისი განწყობილება და მოქმედებაც.
ეს არის მთავარი დებულება.
ახალგაზრდა სოფიო სოფლის თვალია. ის ექიმიც არის, მოსამართლეც, ჭირისუფალიც, დამრიგებელიც, მანუგეშებელიც.
‘_ «წავალ ჩვენ ანგელოზთან, ისევ ის თუ მიშველის, თორემ სხვა არავინ».
‘_ «ჩვენი ანგელოზი ცოცხალი იყოს, თორემ სხვა არაფერი გვიშავს-რა».
‘_ «ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი ანგელოზი, ის რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის, რა დღე დაგვადგებოდა».
აი სოფლის აზრი სოფიოს ხასიათსა, მოქმედებასა და ყოფაქცევაზე.
კაცის მკვლელები დაიჭირეს სოფელში.
ხალხი ასამართლებს მათ. ხალხი თუ სასტიკია, შეუბრალებელი, ზოგჯერ ის მეტად ლმობიერია და გულკეთილი.
და თანდათანობით შეცვლა ლმობიერებისა სისასტიკით ავტორს ბუნებრივად აქვს აღბეჭდილი, ხოლო სურათი ხალხის გულში შურისძიების გრძნობის მოზღვავებისა და აფეთქებისა იშვიათი ძლიერებით არის აწერილი.
ხალხი გადაუწყვეტს ჩაქვავებას ერთ დამნაშავეს, და აი აქ ვხედავთ საუცხოო მაგალითს, თუ როგორ იმორჩილებს ბრბოს ფსიქოლოგია კერძო პიროვნებას და როგორ ითქვიფება ხალხის აღშფოთებულ გრძნობათა ტალღებში კერძო ნება, ადამიანური გრძნობა, პიროვნება და გონება.
სოფიო _ ეს სოფლის ანგელოზი _ მოიჩქარის იმისათვის, რომ ჩასაქვავებელი როგორმე იხსნას. და ხალხის აღშფოთება, გაბრაზება და გამხეცება იმენად გადაედება მას, რომ ქვას დაავლებს ხელს და თვითონაც მონაწილეობას იღებს ავაზაკის ჩაქოლვაში.
უკანასკნელი მოთხრობა «ტყის კაცი» თავისი სიუჟეტით განირჩევა დანარჩენი მოთხრობებისაგან. აქ მოთხრობილია ერთი ოჯახის თავგადასავალი და ავტორი იძლევა მეტად ლამაზ სურათს ტყისას სხვადასხვა დროს: ტყე ზაფხულში, შემოდგომაზე,ზამთარში და გაზაფხულზე. თქვენ ჰხედავთ ტყის ფერებს, გესმით ტყის მუსიკა, ჰყნოსავთ ტყის სურნელებას და ტკბებით საერთოდ ტყის დიადი ბუნებით.
ავტორის დამახასიათებელი თვისებაა ბუნებრივობა და მხატვრული თავდაჭერილობა, ზომიერება.
გადაჭარბებული, გადამეტებული, გადახრილი _ რაიმე მოსაზრებით ან მიზნით _ ავტორს არა აქვს არც ერთი სიტყვა.
ის მძლავრია პატარა, უბრალო, უმნიშვნელო და საშუალო პირთა ფსიქოლოგიური ანალიზისა და ბრბოს დახასითებაში.
სინამდვილე და მიუდგომლობა, _ აი, ხასიათი მისი წერისა.
თავისი სიდინჯით, მიუკერძოებლობით და სრული ობიექტივობით ავტორი ეკუთვნის ფლობერის სკოლას.
თქვენს წინაშე არის ცხოვრების სურათები, სინამდვილე, სიმართლე, ხოლო ვერც ერთ სიტყვაში, ვერც ერთ სტრიქონში თვითონ ავტორს ვერ დაინახავთ.
ასეთი სიმშვიდე და სიდინჯე მეტ შნოს აძლევს მის ნაწარმოებს.
ავტორის თვისებაა მოკლედ თქმა და ამავე დროს სრულად ამოწურვა სიუჟეტისა.
მის კალამს უხდება იუმორი, რაც მეტ სიხალისეს და მიმზიდველობას აძლევს ყოველ მოთხრობას.
ავტორი განზე დგას და ისეთივე მიუდგომელი მაყურებელია, როგორც თვით მკითხველი, _ არც ერთი ყალბი სიტყვა.
ამავე დროს დიდ სამხატვრო ღირსებაში ჩაქსოვილია დიდი ზნეობრივი მნიშვნელობა მ. ადამაშვილის შემოქმედებისა.
1924 წ.