გამორჩეული ადამიანებიმეცნიერებარელიგია

ტენზინ გიაცო – ჩვენი რწმენა მეცნიერებისადმი

მისი უწმინდესობის, XIV დალაი-ლამას ტენზინ გიაცოს სტატია, რომელიც გამოქვეყნდა New York Times-ში.

***

მეცნიერება ყოველთვის მხიბლავდა. ბავშვობაში, როცა ტიბეტში ვცხოვრობდი, საოცრად ცნობისმოყვარე ვიყავი და მაინტერესებდა, რაღაც-რაღაცები როგორ მუშაობდა. როცა სათამაშოს მაჩუქებდნენ, ცოტა ხნით ვთამაშობდი, შემდეგ კი ვშლიდი, რათა გამეგო, როგორ იყო აწყობილი. როცა გავიზარდე, იგივეს ვაკეთებდი კინოპროექტორისა და ძველი ავტომობილების შემთხვევაშიც.

ერთი პერიოდი განსაკუთრებით დამაინტერესა ძველმა ტელესკოპმა, რომლის მეშვეობითაც ცის შესწავლა შემეძლო. ერთ ღამეს, როცა მთვარეს ვაკვირდებოდი, აღმოვაჩინე, რომ მის ზედაპირზე ჩრდილები იყო. გადავწყვიტე, ეს ჩემი ორი მასწავლებლისთვისაც მეჩვენებინა, რადგან ჩემს მიერ ნანახი ეწინააღმდეგებოდა კოსმოლოგიის იმ ძველებურ ვერსიას, რომელსაც მასწავლიდნენ. მისი მიხედვით, მთვარე ციური სხეული იყო, რომელიც საკუთარ სინათლეს გამოყოფდა.

ჩემი ტელესკოპიდან დანახული მთვარე უნაყოფო ქვა იყო, რომლის ზედაპირიც კრატერებით გახლდათ დაფარული. მეოთხე საუკუნის ტრაქტატის ავტორი დღეს რომ დამჯდარიყო საწერად, დარწმუნებული ვარ, კოსმოლოგიის შესახებ თავს სხვანაირად შეადგენდა.

თუკი მეცნიერება დაამტკიცებს, რომ ბუდიზმის ზოგიერთი სწავლება არასწორია, ბუდიზმი უნდა შეიცვალოს. ჩემი აზრით, მეცნიერებასა და ბუდიზმს ის აკავშირებთ, რომ ორივე სიმართლეს ეძებს და რეალობის გაგებას ცდილობს. თუკი ბუდიზმი მეცნიერებისგან ისწავლის რეალობის მისეულ აღქმას, რომელიც შესაძლოა, უფრო მოწინავე იყოს, დარწმუნებული ვარ, რომ ამით ბუდიზმის მსოფლმხედველობა გაფართოვდება.

მრავალი წლის განმავლობაში ზოგჯერ ჩემი ინიციატივით და ზოგჯერ „გონებისა და ცხოვრების ინსტიტუტთან” (რომლის დაარსებაშიც წვლილი მიმიძღვის) დაკავშირებული საქმეების გამო ვხვდებოდი მეცნიერებს და მათ ნაშრომებს განვიხილავდი. მსოფლიო დონის მეცნიერები დიდსულოვნად მიხსნიდნენ სუბატომურ ფიზიკას, კოსმოლოგიას, ფსიქოლოგიას, ბიოლოგიას.

ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნეირომეცნიერების შესახებ მსჯელობა. აზრების გაცვლა-გამოცვლისას გაჩნდა მეცნიერული კვლევის ჩატარების ინიციატივა, რომელიც იქნებოდა ბერებსა და ნეირომეცნიერებს შორის თანამშრომლობა და შეისწავლიდა, რა გავლენას ახდენს მედიტაცია ტვინის ფუნქციონირებაზე.

ამის მიზანი არ ყოფილა ბუდიზმის სისწორის ან სიმცდარის დამტკიცება, ან თუნდაც ხალხის გადმობირება ბუდიზმზე, არამედ მედიტაციის მეთოდების ტრადიციული კონტექსტიდან გამოტანა, მათი პოტენციური სარგებლის შესწავლა და კვლევის შედეგების გაცნობა ნებისმიერისთვის, ვისთვისაც ეს სასარგებლო იქნებოდა.

ბოლოს და ბოლოს, თუკი ჩემი გამოცდილება გაერთიანდებოდა მეცნიერულ მეთოდებთან, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, გადაგვედგა პატარა ნაბიჯი კაცობრიობის ტანჯვის შემსუბუქებისკენ.

ამ თანამშრომლობამ უკვე გამოიღო ნაყოფი. დოქტორმა რიჩარდ დევიდსონმა, რომელიც ვისკონსინის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერია, გამოაქვეყნა ლამების მედიტაციისას ტვინის კვლევის შედეგები. მან აღმოაჩინა, რომ მედიტაციის დროს განსაკუთრებით აქტიურდება ტვინის ის რეგიონები, რომლებიც ბედნიერებაზე პასუხისმგებლად მიიჩნევა. მან ასევე დაადგინა, რომ რაც უფრო ხანგრძლივია პიროვნების მედიტაციის პროცესი, მით მეტად იზრდება ამ რეგიონების აქტიურობა.

თადარიგში სხვა კვლევებიც დგანან. პრინსტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა დოქტორმა ჯონათან კოენმა შეისწავლა მედიტაციის გავლენა ყურადღებაზე. კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორმა დოქტორმა მარგარეტ კემენიმ გამოიკვლია, თუ როგორ ეხმარება მედიტაცია სკოლის მასწავლებლებს თანაგრძნობის უნარის გაძლიერებაში.

როგორიც გინდა იყოს ამ კვლევის შედეგები, მე უკვე მახარებს ის ფაქტი, რომ თავად კვლევა მიმდინარეობს. ბევრი ადამიანი დღემდე ფიქრობს, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთის ოპოზიციაში დგანან. ერთი მხრივ, მე ვეთანხმები, რომ ზოგიერთი რელიგიის მოძღვრება მეცნიერულ ფაქტებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, მეორე მხრივ კი მჯერა, რომ ორივე მხარის წარმომადგენელ ადამიანებს შეუძლიათ, ინტელექტუალური დისკუსიები გამართონ, რისი მეშვეობითაც მეტად ჩავწვდებით იმ საკითხებს, რომლებიც გვაპირისპირებს.

ჩემი ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი მეცნიერებაში იყო გერმანელი ფიზიკოსი რიხარდ ფონ ვაიცზეკერი, რომელიც კვანტური თეორიის მკვლევარის, ვერნერ ჰაიზენბერგის მოსწავლე გახლდათ. დოქტორი ვაიცზეკერი გულკეთილი ადამიანი აღმოჩნდა და მეცნიერულ საკითხებთან დაკავშირებული სახელმღვანელოები მომაწოდა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ დოქტორ ვაიცზეკერს ერთნაირად ანაღვლებდა კვანტური ფიზიკის ფილოსოფიური ქვეტექსტები და ზოგადად მეცნიერების ეთიკური შედეგები.

მიმაჩნია, რომ საჭიროა ვიპოვოთ გზა, რომლის მეშვეობითაც ეთიკური პრინციპები მეცნიერების განვითარების მიმართულებას შეცვლის, განსაკუთრებით ეს ეხება ცხოვრებისეულ მეცნიერებებს. ეს უნდა მოხდეს ფუნდამენტურ ეთიკურ კანონებზე დაყრდნობით, რომელშიც მე არ ვგულისხმობ რელიგიური ეთიკისა და მეცნიერული კვლევის ნაზავს. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ იმაზე, რასაც „საუკუნო ეთიკას” ვუწოდებ. ის მოიცავს პრინციპებს, რომლებიც ჩვენ, ადამიანებს გვაერთიანებს: თანაგრძნობა, შემწყნარებლობა, სხვებზე ფიქრი, ცოდნისა და ძალის შეგნებულად გამოყენება. ეს პრინციპები არღვევენ ბარიერს რელიგიურ მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის, ეკუთვნიან არა ცალკეული სახის რწმენას, არამედ ყველანაირს.

ადამიანის ტვინისა და სხეულის შესახებ უჯრედულ და გენეტიკურ დონეზე მიღებულმა ცოდნამ განვითარების ახალ დონეს მიაღწია. მაგალითად, გენეტიკური მანიპულაციების საკითხში წინსვლა მიანიშნებს, რომ მეცნიერებს შეუძლიათ, შექმნან ახალი გენეტიკური ორგანიზმები, როგორიცაა მცენარეებისა და ცხოველების ახალი ჰიბრიდული ჯიშები, რისი გრძელვადიანი შედეგიც უცნობია.

ზოგჯერ, როცა მეცნიერები კონცენტრირებას ახდენენ ვიწრო სფეროებზე და ამაზე გადააქვთ მთელი ყურადღება, ჩრდილში რჩება ის დიდი ეფექტი, რომელიც შესაძლოა, მათ შრომას ახლდეს თან. როცა მეცნიერებს ვესაუბრები, ყოველთვის ვცდილობ, შევახსენო, რომ მათი ყოველდღიური საქმიანობის უკან უფრო დიდი მიზანი დგას.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. სავსებით ნათელია, რომ ჩვენი მორალური აზროვნება უბრალოდ ვერ უწყობს ფეხს მეცნიერების განვითარების ტემპს. პროგრესის შედეგები კი ისეთია, ადეკვატური აღარაა იმის თქმა, რომ ამ ცოდნის გამოყენების საკითხი ცალკეული ადამიანების მიერ უნდა იქნას გადაწყვეტილი.

ნანომეცნიერებასა და საზოგადოებას, ასევე ყველა მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის გამართული ღრმა დიალოგები შეიძლება დაგვეხმაროს და უფრო გავიღრმავოთ წარმოდგენები იმაზე, თუ რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა და როგორია ჩვენი პასუხისმგებლობა ბუნების მიმართ, რომელსაც სხვა მგრძნობიარე არსებებთან ვიყოფთ.

თუკი მეცნიერება მხედველობაში მიიღებს მისი შემოქმედების ქვეტექსტებს, ამით თავად მიიღებს სარგებელს. მეცნიერი უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ მცოდნე ადამიანი. ისინი უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ თავიანთ მოტივაციას და მათი შრომის უდიდეს მიზანს: კაცობრიობის ცხოვრების გაუმჯობესებას.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button