ლიტერატურამოთხრობასაკითხავისხვადასხვა

გიორგი ლორთქიფანიძე – ანტიბიოგრაფია

ის დაიბადა წვიმიან კუნაპეტ ღამეს, გაზაფხულზე, მარტის ბოლოს, როდესაც ჰაერი უკვე ნაზი და საამურია, არემარე კი ადრეული ყვავილების სურნელითაა გაჟღენთილი. გაეხსნა პატარა ფილტვები და უპირველესი ომახიანი შეკივლებით გაარღვია უღიმღამო სამშობიარო დაწესებულების ძველთაძველი მოწითალო აგურით ამოყვანილი კედლები. სახლში მიყვანილი უკვე ხარბად შეექცეოდა დედის ნოყიერად უგემრიელეს რძეს, რამდენიმე კვირაში დიდრონი მომწვანო თვალებიც აეხილა – და ყოველივე ეს უწყვეტად მიმდინარე წლების უგრძელესი ძაფის იმ თითქოსდა არაფრით გამორჩეულ მონაკვეთზე ხდებოდა, რომელსაც განგების ნებით წილად ნაირნაირი დამღა ხვდა: აღმოსავლური კალენდრით – გველის წელიწადისა, ზოროასტრიულით – აქლემისა, ჩუჩხეს მოძღვრების მიხედვით – ორმოცდამეერთისა, თვალუწვდენელ ქვეყანაში მოსახლე გულუბრყვილო ადამიანებისთვის კი უბრალოდ – უკვდავი დიდი ბელადის გარდაცვალებისა. ორიოდე ციფრიც კი საკმარისი იყო ამ დიადი მოვლენის აღსანიშნავად – ხუთიანი და სამიანი, სულ ორმოცდაცამეტი.

მაშინ ეს დაუჯერებელი იყო, მაგრამ სამუდამოდ წავიდა, დატოვა მიწიერი სიცოცხლე, მიიცვალა საუკუნის უდიდესი გმირი, ფაშისტების ძლევამოსილი არმიების შემმუსვრელი და დედამიწის მეექვსედის უძლეველი, მკაცრი და იმავდროულად მწყალობელი იმპერატორი. მაგრამ დრონი მეფობენო… ყველასთვის მოულოდნელად წელიწადების უგრძელესი ძაფი თითქოს უხერხულად გაინასკვა იმ ორ ციფრზე და უზარმაზარი ქვეყნის სხეულზე თითქმის დაუყოვნებლივ რაღაც ახლებურმა, გაურკვეველი წარმოშობის სიომ წამოუბერა. შორეული, შეუიარაღებელი თვალით უხილავი ქედების მწვერვალებსა და ხასხასა მდელოებზე შობილი ეს ნიავი თავიდან ძლიერ ნაზად, უხილავად, ზანტადაც კი უბერავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მოძლიერდა, ჯერ თამამ და დაუღალავ სიოდ გადაიქცა, მერე კი სულაც თავზეხელაღებულ ქარად, გრიგალად, სახურავები ასწია ცაში… ეპოქა იცვლებოდა, თან იცვლებოდა სწრაფად, შეუქცევადად, ვითარცა მუხლუხო, რომელიც – თუ აცალე – სულ მალე დღის სინათლეს ცაში მოფარფატე პეპლად მოევლინება. მაგრამ მარტში დაბადებულმა ჩვილმა ეს, რასაკვირველია, არ იცოდა. არც მისმა მშობლებმა – ან საიდან უნდა სცოდნოდათ?

ერთადერთი შვილი აღმოჩნდა ოჯახში – პირველი და უკანასკნელი.

მერე, როდესაც ოდნავ წამოიზარდა, გადაურჩა საბავშვო ბაღში სიარულს. იმხანად უმუშევრობა კანონით იდევნებოდა. თანაც, მამა დოცენტი კაცი იყო, პერსპექტიული მეცნიერი, ლექციებს კითხულობდა პოლიტექნიკურში; განათლებით ქიმიკოსი დედა – რაიონის სანეპიდსადგურში მუშაობდა. სახლიდან დილით გასული მშობლები უკან საღამოთი ბრუნდებოდნენ და ასეთ ბაღებში ბავშვის გამწესება ბუნებრივი საქმე იყო, თუმცა სავალდებულო არ ყოფილა. დედამ თავიდან სცადა შვილის იქ ჩაბარება, მაგრამ სამიოდე დღეში გაირკვა, რომ სახაზინო საკვები – „მანი ქაში“, „სუპი“ და თევზის ქონი – მისმა პირმშომ ვერაფრით იგუა, გველის წელიწადში დაბადებულს ნამეტანი აზიზი გემოვნება გამოყოლია თურმე. სადილის დროს სასტიკად გაჯიქდებოდა, პირს დამუწავდა და არაფრით იკარებდა ნამცეცსაც კი. დედისგან ნაჩვევი მოხარშული ბრინჯის ფაფა და გატარებული ხორცის „კატლეტი“ ენატრებოდა და მთელი დღე მშიერი რჩებოდა, აღზრდელები ვერას გახდნენ. მშობლებს სხვა გამოსავალი არ დარჩათ და ბავშვის მოსავლელად მოსამსახურე ქალი აიყვანეს – იმ წლებში ეს ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებული ამბავი იყო. ნაცნობის რეკომენდაციით, ერთი ნაკლებად მომთხოვნი და შედარებით სათნო რუსის ქალი – დიდი შიმშილის დროს საქართველოში შემოსახლებულთაგან – დაიქირავეს, რომელიც დილით მობრძანდებოდა და საღამოთი მიბრძანდებოდა, თან რუსულად ებაასებოდა. ასე იზრდებოდა – მშობლებისა და მოახლე ქალის მეთვალყურეობის ქვეშ. მერე კი ისიც – როგორც ყველა მისი თანატოლი და კბილა – ახლომდებარე საშუალო სკოლის პირველ კლასში ჩარიცხეს. ეს ყველასთვის სავალდებულო წესი აწ გარდაცვლილი იმპერატორის მიერ იყო შემოღებული და დამკვიდრებული და გამონაკლისებს არ ცნობდა. სწორიც იყო. ამას ისიც დაემთხვა, რომ მამამ სადოქტორო დაიცვა. ის დააწინაურეს, პროფესორის წოდება მიანიჭეს, ხელფასი გაუზარდეს. ოჯახმა მართლაც ამოისუნთქა. დედამ სამსახურს თავი მიანება და დიასახლისობა ამჯობინა. მას საშუალება მიეცა ბიჭისთვის მეტი ყურადღება დაეთმო და რუსი მოსამსახურეც გაქრა, წავიდა სახლიდან და მისი ცხოვრებიდან. სამაგიეროდ რუსულად თანაკლასელებზე უკეთ ლაპარაკობდა, კითხულობდა და წერდა.

ორიოდე წელიწადში ოჯახმა კვლავ გაიხარა: პროფესორმა მამამ – რომელსაც პროფკავშირულმა რიგმაც უწია და არც გავლენიანი მეგობრები აკლდა – ცინცხალი ხუთსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მაღალჭერიანი ბინა მიიღო. ესოდენ თვალსაჩინო წინსვლა პატარა ნადიმითაც კი აღინიშნა. მით უმეტეს, რომ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ვაკეში – უბანში, რომელიც ძალიან სწრაფად ქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბანი ხდებოდა.

თავისებური ბავშვი იყო, ოდნავ გულჩათხრობილი და მორიდებული, ამავე დროს ცოტა მიამიტიც. ყოველ შემთხვევაში, უნიჭო არ ყოფილა. ვერც იქნებოდა უნიჭო – რამეთუ რაღაც ნიჭი თითქმის ყველა ბავშვს გააჩნია, თუმცა უმეტესობა დროთა განმავლობაში მიზეზთა გამო ვერ ავლენს ბუნებით მინიჭებული მისწრაფებების გამოვლენას და ითრგუნება ყოველდღიურ ცდუნებათა გავლენითა და ზეწოლით. ასე იყო თუ ისე, უჭრიდა გონება, უყვარდა კითხვა, ეხერხებოდა ხატვა, კარგად მეტყველებდა რუსულად – რაც არა მარტო მოახლე ქალის დამსახურება გახლდათ, არამედ მის ხელში მოხვედრილი წიგნებისა, რამეთუ მათი დიდი ნაწილი რუსულად იყო დაწერილი. პირველკლასელი იყო, როდესაც მამამ საბავშვო ენციკლოპედია – რუსული ათტომეული – გამოუწერა და ყოველი ახალი ტომის მოსვლა უდიდესი სიხარული იყო მისთვის. შეიძლება ბევრი არაფერი ესმოდა, მაგრამ ძალიან მოწონდა ყვითელ ყდაში ჩასმული სქელტანიანი წიგნების ფურცვლა და მათში ჩაკრული ფერადი სურათების თვალიერება. მეხუთე კლასში რომ გადავიდა, ათივე ტომი უკვე „ჩაბულბულებული“ ჰქონდა. დაახლოებით ამ დროს მშობლებმა ინგლისურზე სიარული დააწყებინეს – კერძო მასწავლებელთან. თანაკლასელთან ერთად უწევდა სიარული. კერძო მასწავლებელი – დარბაისელი კაცი შევერცხლილი თმებით, ომის დროს ინგლისში რაღაც სამხედრო–დიპლომატიური მისიით წარგზავნილი, შემდეგ კი ოჯახითურთ საქართველოში მივლინებული და თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის კათედრეზე დამკვიდრებული – მეზობლად, ვაკელებისთვის კარგად ნაცნობი კინოთეატრის – „ყაზბეგის“ – სიახლოვეს ცხოვრობდა. ბიჭი სიცელქით არ გამოირჩეოდა, მაგრამ გაკვეთილებიდან გამოპარულს თანაკლასელებთან ერთად აქ არაერთი გახმაურებული ფილმი უნახავს, თუმცა შატალოს ინიციატორი თავად არასოდეს ყოფილა. არც მაშინ იყო ლიდერობის ამბიციით გამსჭვალული. უფროს კლასებში ტაბელი ხუთიანებით ჰქონდა აჭრელებული, თუმცა ნაღდ ფრიადოსნობამდე მაინც ვერ ქაჩავდა. მოწონდა მათემატიკა, ფიზიკა, მშობლიური ენა. არ უყვარდა ისტორია, გეოგრაფია და ხაზვა. ზომიერად და არცთუ ურიგოდ თამაშობდა ფეხბურთს, თუმცა უფრო ხშირად მაინც გუნდის კარს იცავდა. არ ხულიგნობდა, არ ეწეოდა სიგარეტს სკოლის ტუალეტში და არც „პლანს“ სადმე ეზოს მოფარებულში, გარაჟებს უკან. ეძნელებოდა სიმპატიურ გოგონებთან ლაღი ურთიერთობა, ეშინოდა ახლოს არ მიეშვა რომელიმე მათგანი გულთან, ან თვითონ არ მინდობოდა გრძნობას. არადა ცოდვა გამხელილი ჯობს – იჭრებოდა მაშინ მის ყოფაში ქალწულების გამაბრუებელი არომატი, იდუმალი შეხება მერხის ქვეშ, სიზმრები. მაგრამ ყოველთვის არსებობდა რაღაც დისტანცია, რომლის გადალახვა უჭირდა. თითქოს რაღაც სხვა, უცხო სამყაროდან, მარსიდან თუ იუპიტერიდან იყვნენ ეს გოგონები დედამიწაზე შემოგზავნილები – და კარგა ხანს გაყვა ცხოვრებაში ასეთი განწყობა. უკვე მაშინ არ უყვარდა ზედმეტი რისკი, ერიდებოდა მას. ჟურნალ–გაზეთებს ოჯახი მუდმივად იწერდა, ამიტომ ყოველთვის გააჩნდა რაღაც – თუნდაც ზერელე – ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე და სამეცნიერო–ტექნიკურ პროგრესზე, ამისთვის სქელტანიანი რუსულენოვანი ჟურნალები არსებობდნენ. პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებდა, „კომუნისტში“ მეოთხე გვერდს თუ გადახედავდა ხოლმე, სპორტის ამბებს… წითელი ყელსახვევი ყოველთვის ფორმალობა იყო, მეცხრე კლასში კი მთელი კლასი „ოპტომ“, ჯგროდ, მიიღეს კომკავშირში. ემოცია ნულოვანი იყო, მაგრამ მოგვიანებით ცხოვრებაში პირველად გაუელვა მზაკვარმა, დაგესლილმა აზრმა, რომ ძალაუფლება, თურმე, კარგია – რაღაცით გამოგყოფს, აგამაღლებს, დამატებით შესაძლებლობებს გაძლევს ცხოვრებაში. დიდხანს ამ შხამიან აზრს მაშინ, საბედნიეროდ, არ უცოცხლია, მაგრამ მომავალში ხშირად გახსენებია თუ როგორ შემოუსრიალდა ტვინში… სამეგობრო წრე სკოლაში დიდი არ ყოლია, რამდენიმე ყმაწვილი – ეს იყო და ეს. სკოლა მედლის გარეშე დაასრულა, თუმცა საბოლოოდ ატესტატში „ფრიადები“ მაინც ჭარბობდნენ „კარგ“ შეფასებებს.

ერთი ბაჯაღლო თვისება გამოუმუშავდა ბავშვობიდან – წინდახედულობა. დაჯილდოვებული იყო საოცარი უნარით – შეეძლო ბრმად არ აყოლოდა თავის „მინდას“. რაღაც ბუნებრივად მიეჩვია რეალობის გათვალისწინებას და საკუთარი შესაძლებლობების ფრთხილად შეფასებას. ასე მაგალითად, ყოველთვის – და წლების განმავლობაში – ძალიან უნდოდა ჰყოლოდა ლეკვი, მაგრამ ისიც ესმოდა, რომ ჯეროვნად ვერ მოუვლიდა, და ისიც, რომ როდესაც ლეკვი წამოიზრდებოდა, ძაღლად გადაიქცეოდა და შეეჩვეოდა პატრონს – შებოჭავდა ეს სიყვარული. ამიტომ უარი უთხრა საკუთარ თავს ამ მარტივი სურვილის შესრულებაზე. ზედმეტ პასუხისმგებლობას ყოველთვის ოსტატურად არიდებდა თავს.

სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა გადაეწყვიტა სად რომელ უმაღლესში გაეგრძელებბინა სწავლა – აბა, ჯარში ხომ არ წავიდოდა! და არც წარმოებაზე. მხოლოდ უმაღლესი! – ასე იყო მიღებული იმ წრეში, სადაც თავადაც და მისი მშობლებიც ბრუნავდნენ. დღის დასწრებულზე სწავლა ჯარისგან იცავდა, თუმცა მთავარი ეს არ ყოფილა – ოჯახის სტატუსიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების მიღება ყოფის სრულიად აუცილებელი ატრიბუტი იყო. მისაღები გამოცდები ზაფხულში ტარდებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება უფრო ადრე, ზამთარში უნდა მიეღო – რეპეტიტორთან მომზადებას დრო სჭირდებოდა, არადა ცხოვრების სამომავლო მარშრუტი უნდა დაედგინა. კარგა ხანს იყოყმანა. საბავშვო ენციკლოპედიის ტომებიდან ყველაზე მეტად მეექვსე მოწონდა, ახლაც, ამდენი წლის მერე, ყველაზე ხშირად მას ფურცლავდა ხოლმე, თანაც ექიმობა ძალიან პრესტიჟული იყო, ოღონდ გამოცდებზე ჩავარდნის ზედმეტ რისკთან იყო დაკავშირებული. სამედიცინო ინსტიტუტში მიმდინარე „ბლატნოი“ გამოცდებზე უამრავი მითი და ლეგენდა იყო შეთხზული. ერთი სიტყვით, სამედიცინოზე მოწყობა ფულს თუ არა – ყველასგან უდიდეს „ჩალიჩსა“ და ენერგიას მოითხოვდა და არც იმდენი ჩაწყობის უნარით იყო განებივრებული ოჯახი, რომ ასეთ რისკზე წასულიყო. განტოლებების ამოხსნა კი ეხერხებოდა, მაგრამ არც იმდენად, რომ მთელი ცხოვრება აბსტრაქტული ჭეშმარიტების ძიებისთვის მიეძღვნა. საკმაოდ კარგად ესმოდა, რომ ფიზიკა–მათემატიკის მაღალ დონეზე ჩაწვდომას იმ რანგის განსაკუთრებული, ღვთით ბოძებული ნიჭიერება და ცნობისმოყვარეობა სჭირდებოდა, რომელიც მას არ გააჩნდა. რჩებოდა ჰუმანიტარული მიმართულებები: ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, სამხატვრო აკადემია… ისტორიული ფაკულტეტი მომავალი პარტკომის მდივნების სამჭედლოდ იყო ცნობილი, რაც მაინც და მაინც არ იზიდავდა; ხატვა, მართალია, ძალიან უყვარდა, მაგრამ თავი მომავლის ახალ გუდიაშვილად თუ ფიროსმანად – და არც პიკასოდ ან დეგად – ნამდვილად არ წარმოედგინა. რჩებოდა ფილოლოგია. მართალია, არც ამ ფაკულტეტზე ჩარიცხვა გახლდათ იოლი საქმე, რამეთუ სიმკაცრით განთქმული რამდენიმე გამომცდელი იყო კომისიაში. მაგრამ იყო ერთი ”მაგრამ”… ამასობაში მამა პოლიტექნიკურიდან ქვეყნის მთავარ უნივერსიტეტში გადასულიყო სამუშაოდ. თან ისედაც ვერასა და ვაკის მიდამოებში პოპულარული პიროვნება იყო, ლექტორი, ქვეყნის ნაცნობი ჰყავდა, არც სუფრასთან ეშლებოდა თამადობა, სიტყვაც ეთქმოდა – მათ შორის მიმღები კომისიის ზოგიერთი წევრისთვის. არც უვარგისი აბითურიენტი ჰყავდა ერთადერთი ბიჭი – ატესტატიც საშუალოზე უკეთესი ჰქონდა, გონებაც უჭრიდა, ნაკითხიც იყო, ძირითად საგნებში რეპეტიტორებთან მომზადებულა… ერთი სიტყვით, არცთუ მცირედი ნერვიულობის შემდეგ ყმაწვილმა დაძლია, როგორც იქნა, ეს უღელტეხილი და ფილოლოგიური ფაკულტეტის სრულუფლებიანი სტუდენტი გახდა.

სტუდენტობა საუკეთესო ხანა გამოდგა მისი ცხოვრებისა. თანაკლასელები სკოლის დამთავრების შემდეგ სადღაც მიმოიფანტნენ და მოხდა ისე, რომ პირველი ნამდვილი მეგობარი მაინც თანაკურსელებს შორის შეიძინა. რასაკვირველია, ზოგიერთ სხვასაც შეუამხანაგდა, მაგრამ აი იმ პირველმა მის გარემოცვაში სრულიად განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. სანდო აღმოჩნდა. ორნივ ვაკელები იყვნენ, თუმცა ხასიათითა და მსოფლმხედველობით ძალიან განსხვავებოდნენ – ამას თუ სიმშვიდე უყვარდა, იმას ერთ ადგილას გაჩერება უჭირდა; ამას თუ პოლიტიკისგან შორს ეჭირა თავი, ის კომკავშირული აქტივისტი იყო კურსზე, – და, შესაძლოა, სწორედ განსხვავებულობამ შეუწყო ხელი მათ დაახლოებას. თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, უნივერსიტეტშიც და მის გარეთაც, თან ათასგვარ სიტუაციაში. სტიპენდიის აღებას, როგორც წესი, ერთად აღნიშნავდნენ ხოლმე – რამდენიმე ამხანაგს თუ გარევდნენ ზოგჯერ მარაქაში – და დაახლოებით თანაბრად ხარჯავდნენ ფულს: ხან სასტუმრო „ივერიის“ სახინკლეში, ხანაც რესტორან „გრემში“ – ქაშუეთის პირდაპირ, ხან „ობლებში“ ზემელზე, ხანაც „ენძელაში“ ვაჟაზე, ხან „პივბარში“ სანაპიროზე, ხანაც „ველიამინიოვში“ – ეგ ჯიბეში მანეთების ოდენობაზე და ლუდის მოსალოდნელ ხარისხზე იყო დამოკიდებული, სადაც ნაკლებად მჟავე ეგულებოდთ, იქეთ მიუწევდათ გული. უჩხუბიათ კიდეც ორი ორზე ბნელ ქუჩაში – გვიანი ღამით სახლისკენ ფეხით მიმაქროლებსა და ცოტა ნასვამებს ვარაზისხევში ვიღაც თავზე ხელაღებული გარეწრები გადაეყარნენ, და უკმეხად, გინების თანხლებით, მოთხოვეს ფული. „ჯიბეები ამოაბრუნეთ, თქვენი კარგიცო…“. ეს ცოტა დაიბნა, ძმაკაცმა კი ეგრევე გაუქანა შემგინებელს სახეში და თავადაც მოხვდა საპასუხო. ესეც ჩაება, ცხადია. კიდევ კარგი, მოწინააღმდეგე მხარე დანით არ იყო შეიარაღებული, თორემ, ვინ იცის, რითი დამთავრდებოდა ეგ ამბავი – იქნებ აუხდენელი ოცნებებით ოცი წლის ასაკში. რაც მთავარია, ძმაკაცები მხარში დაუდგნენ ერთმანეთს, გამოცდა ჩააბარეს, არ შეატოვა ერთმა მეორე განსაცდელში მტერს. ბოლოს გვერდზე ბედად გამოჩენილმა „პეემგემ“ დაამუხრუჭა და დამფრთხალი ხულიგნები გაეცალნენ იქაურობას, გავარდნენ დაბლა და მიიმალნენ ზოოპარკის წყვდიადში. მერე მილიციელებმა ნაჟეჟი ძმაკაცები თავ–თავის სახლებში იმავე მანქანით ჩამოარიგეს – საქმე იმდენად ცხადი იყო, რომ განყოფილებაში წაყვანას გადაურჩნენ. კომკავშირულ აქტივისტს თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, აპოლიტიკურ ფილოლოგს – ზედა ტუჩი გამსკდარი. მოკლედ, გადარჩნენ. ღმერთი არც ერთ არ სწამდა – ათეისტებად ზრდიდნენ და ათეისტებად იზრდებოდნენ. მისი მეგობარი არ მალავდა ცინიკურ დამოკიდებულებას საბჭოთა იდეალებისადმი – პირად საუბრებში და განსაკუთრებით ვიწრო ძმაკაცურ სუფრასთან ხშირად ლანძღავდა ხელისუფლებას და წყობას, აბოდებდა ჯაზზე, ჯინსებზე, ბიტლებსა და ამერიკაზე და მწარედ ხან დასცინოდა, ხანაც ლანძღავდა კომუნისტებს, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია მისთვის ხელი პარტიული კარიერის დასაწყებად. მეოთხე კურსზე მიიღეს პარტიის კანდიდატად, მეხუთეზე – წევრად. არადა ეგ წარმატებული პარტიული ჭაბუკი – ნამეტნავად ინტელიგენტი ძმაკაცისგან განსხვავებით – არ ერიდებოდა არც მოსაწევს, არც ბანქოს თამაშს. ერთხელ მისი თანდასწრებით „მორფიც“ კი გაიჩხირა – როგორც აუხსნა, ინტერესის გამო. კარგად იტანდა სასმელს, ასაკით უფროს ადამიანებთან ტკბილად იცოდა მასლაათი და ფეხით აღებდა კომკავშირის ცეკას კარს მაჩაბლის ქუჩაზე – ანუ აკეთებდა ყველაფერ იმას, რასაც ვერ აკეთებდა მისი უპარტიო და უფხო ძმაკაცი. კი ვერ ბედავდა – ვერ აკეთებდა. სხვათა შორის, ამ ჩვენმა უპარტიომ – რა ენციკლოპედიებიც არ გადაებულბულებინა ბავშვობაში – სწორედ ამ თავისი მოკარიერისტო ძმაკაცისგან შეიტყო პირველად, რომ საქართველო ოდესღაც მთელი სამი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი ყოფილა და საკუთარი დროშაც კი ჰქონდა. არა, 37–ის შესახებ კი გაუგონია რაღაც – ოჯახში ამის შესახებ დასაშვებ ფარგლებში ადრე უსაუბრიათ ხოლმე. ოფიციალური ვერსიაც, ანუ ის, რაც გაზეთებში და ენციკლოპედიებში იწერებოდა, – მისთვის მეტნაკლებად ცნობილი იყო, მაგრამ 24–შიც ამდენი ადამიანი თუ ჩახოცეს საბარგო ვაგონებში კომუნისტებმა იმერეთის რკინიგზის ერთ–ერთ ჩიხში – აი, ამის შესახებ, სანამ ძმაკაცმა არ მოუყვა, მართლაც არაფერი იცოდა. საბედნიეროდ, ძმაკაცებს ესმოდათ (ან ეგონათ, რომ ესმოდათ) – სად და ვისთან შეიძლებოდა (ან არ შეიძლებოდა) ამ საჩოთირო, მიჩუმათებულ თემებზე მეტნაკლებად გახსნილად ლაპარაკი. დაახლოებით იმ პერიოდში მამამ ახალ წარმატებას მიაღწია – მეცნიერებათა აკადემიის წევრკორად აირჩიეს. სახელი – თავისთავად, მაგრამ ამას მატერიალური ხეირიც მოყვა. საგრძნობლად მოემატა ხელფასი, მალევე მოახერხა აკადემიური კვოტით „ვოლგის“ გამოტანა. პირმშოსაც მიანიჭა სიამოვნება: უახლოეს დაბადების დღეზე აჩუქა თანამედროვე და ბრჭყვიალა „სონი“ (რომელსაც საკომისიოში წააწყდა და რომელმაც ძველი „სპიდოლა“ შეცვალა) და მას მერე ინტელიგენტი მამა–შვილი ხშირად ერთად უსმენდა – უსაშველო ჩამხშობი ხმაურის ფონზე – „ამერიკის ხმას“, „ბი–ბი–სი“–სა თუ „თავისუფალ ევროპას“. ეს უთუოდ საინტერესო და მიმზიდველი იყო – უახლესი ფარული ინფორმაციის ეთერის საშუალებით მიღება, მაგრამ პოლიტიკური ჭორაობის სურვილი არც მაშინ გასჩენია. სმით ზომიერად სვამდა. სუფრასა და ლხენას არ გაურბოდა, მაგრამ არც დაეძებდა – საშინელი „პახმელია“ იცოდა და რამდენიმე მძიმედ გადატანილი გაკვეთილის შედეგად ყოველთვის ითვალისწინებდა საკუთარ მწირ შესაძლებლობებს და შევსებულ სასმისს არასოდეს ბოლომდე არ ცლიდა, ყოველთვის „იპარავდა“.

მოსკოვი პირველად მესამე კურსზე ნახა, ზამთრის არდადაგებზე. თავგადასავლების საძიებლად ჩქარი მატარებლით გაემგზავრნენ ოთხნი: თავად, მისი პარტიული ძმაკაცი და კიდევ ორი საერთო ამხანაგი – საკმაოდ შეძლებული ოჯახიშვილნი. მესამე დილით გამცილებელს მათ გაკვამლულ კუპეში ღვინისა და ლუდის უამრავი დაცლილი ბოთლი დახვდა ჩასაბარებელი. პროფესორი მამის ძველი კავშირების წყალობით მოსკოვის ცენტრში, სასტუმრო „მინსკში“ მოეწყვნენ და დიადი ქვეყნის დიად დედაქალაქში დაუვიწყარი ათი დღე გაატარეს. პირველად შეიცნო მაშინ ქალის გემო. ფული ამ სიამოვნებაში არ გადაუხდია, ყველაფერი თავისთავად მოხდა, ბუნებრივად, შამპანურის ფონზე. თანაც იმ ქალბატონის ნომერში აყვანა არ გასჭირვებია, რადგან მისი რჩეული იმავე სასტუმროში მუშაობდა მებუფეტედ. მოსკოვი ისედაც, სექსის გარეშეც, საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა (როგორც ყველაფერი ახალი, როცა ფული გაქვს) – ევროპული ყაიდის ხმაურიანი კაფე–რესტორნები და ბარები, დიდი მაღაზიები, უშველებელი – თბილისთან შედარებით – კინოდარბაზები, წითელი მოედანი, პუშკინის მუზეუმი (სეზანის, მატისის და რენუარის ტილოებისთვის თვალის შევლება ლამის სავალდებულოდ ითვლებოდა), უჩვეულოდ გემრიელი ნაყინი, სასიამოვნოდ მომწარო ლუდი და კიდევ, რა თქმა უნდა, ხალხმრავალი რიგები, რიგები, რიგები ყველგან – ნერვების დასაგლეჯად და მოსასპობად. წესიერი ადგილობრივი გოგონებიც გაიცნეს, რომლებმაც მერე აქეთ დაპატიჟეს თბილისელი ბიჭები ერთ მოდურ თეატრში რაღაც წარმოდგენაზე. სხვა ამბებიც იყო. მერე ხშირად კურიოზივით იხსენებდა უვიწროეს წრეში იმას თუ როგორ ჩადგა თავისი პარტიული მეგობრის ხათრით ლენინის მავზოლემის უგრძელეს რიგში. თავად სულ არ უნდოდა, მაგრამ ძმაკაცმა სთხოვა – საქმისთვის მჭირდება და მარტო ნუ დამაყენებ აქაო. არ „გაუტეხა“. რიგი გრძელი იყო. მზიანი, უთოვლო დღე იდგა, მაგრამ საშინლად ყინავდა, ხელთათმანებიც ვერ შველოდა. მავზოლეუმში შესვლისას ვიღაც სამოქალაქო ტანსაცმლიანმა ძალიან ხმადაბლა პალტოს ჯიბიდან ხელის ამოღება მოსთხოვა და ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა ბრძანებას. სარკოფაგს წრე რომ შემოუარეს და გარეთ გამოვიდნენ – ორივემ შვებით ამოისუნთქა.

უკან დავაჟკაცებული ჩამოვიდა. მას შემდეგ რაც, როგორც იქნა, უბიწობა დაკარგა, გაცილებით ლაღი გახდა, საკუთარ ძალებში დარწმუნებული. თანაკურსელ გოგონებთან დისტანცია უცებ მკვეთრად შემჭიდროვდა. ახლებური და მშიერი მზერით დააკვირდა ზოგიერთ მათგანს. პირველი ხილვით შეყვარების რეცეპტი, ეტყობა, მისთვის არავის გამოუწერია. არა, მთლად მუშტრის თვალით არა, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც არჩევდა სათავისოდ საუკეთესოს. საუკეთესოს თუ არა – ძალიან კარგს, რაღაცით გამორჩეულს: ან გარეგნობით, ან სათნოებით, ან ჭკუით, ან ოჯახიშვილობით. გრძნობდა რომ არჩევს. სულაც არ მოწონდა ეს თვისება საკუთარ თავში, მაგრამ სხვანაირად მოქცევა – ამასაც გრძნობდა – უბრალოდ არ შეეძლო.

სამოცდაათიანების შუაწელი იდგა. ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ… უნივერსიტეტის დამთავრებამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა, როდესაც ოჯახს უეცრად უბედურება დაატყდა. მოულოდნელად, ძილში, გულით გარდაიცვალა მისი კეთილი მამა – ადამიანი, რომლის ავტორიტეტსა და შეძლებაზე მათი პატარა ოჯახის მთელი კეთილდღეობა იყო აწყობილი. ამას გარშემო არავინ მოელოდა – მამა ჯერ სამოცისაც არ იყო და სერიოზულს არაფერს უჩიოდა, ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა. ვინ იცის, იქნებ რაიმე მართლაც შეხვდა სანერვიულო, მაგრამ სამსახურის ამბებს სახლში თითქმის არასოდეს ყვებოდა. უბრალოდ განგებამ ინება ასე.

დარტყმა უძლიერესი იყო. ცალკე გლოვა – გლოვად და უმუშევარი დედა–შვილი – ოჯახისთვის მძიმე ხვედრია. საბედნიეროდ, ცხოვრების ბნელი მხარის პირისპირ აღმოჩენილები ახლობელ–ნათესავებმა ეულად პირველხანობას არ მიატოვეს, რაც და რამდენადაც შეეძლოთ – დაეხმარნენ. გარკვეულწილად ეს ვალის დაბრუნებაც იყო – მამამ ბევრს დაამახსოვრა თავი სიკეთითა და მხარში ამოდგომის უნარით. მაგრამ მატერიალური დახმარება მუდმივი ვერ იქნებოდა. კიდევ კარგი, ოჯახში რაღაც დანაზოგი არსებობდა, მაგრამ ეს აღარ ყოფნიდათ, ამიტომ მანქანის გაყიდვა მოუწიათ – სამიოდე წლის კარგად მოვლილი „ვოლგა“ მაშინ ძალიან ძვირი ღირდა. ერთი სიტყვით, ცხოვრება გაგრძელდა. ამასობაში სტუდენტობის ოქროს ხანა დასასრულს მიუახლოვდა და მოვიდა ხანა შრომითი განაწილებისა. სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მამის გავლენიანმა მეგობარმა ხელი შეუწყო დახასიათების მიღებაში – ისეთის, რომელიც დიპლომის აღების შემდეგ ასპირანტურაში საწარმოო პრაქტიკის გავლის გარეშე დარჩენის უფლებას აძლევდა, რაც პრაქტიკულად რამდენიმე წელიწადში დისერტაციის გარანტირებულ დაცვას ნიშნავდა. ხელის წაკვრისა და ჯადოქრული სიტყვის გარეშე ასეთ დახასიათებებს ძირითადად წითელდიპლომიანებს აძლევდნენ, მაგრამ ამ წესიდან სხვადასხვა საბაბით გამონაკლისის დაშვება იმხანად რაიმე არაჩვეულებრივი მოვლენა არ იყო. ასე და ამგვარად იგი საბოლოოდ შეერია ქართული საბჭოთა ინტელიგენციის რიგებს.

გავიდა რამდენიმე წელი. არ შეუშინდა თემას, მოერგო ხელმძღვანელს, არ ეცადა პარტიაში ფეხის შეყოფას – კომკავშირის რაიკომის მეორე მდივნად დაწინაურებულმა ძმაკაცმა ამ საქმეში დახმარება აღუთქვა, მაგრამ ეგ არ ისურვა. ამასობაში კარგად მოვლილი და განათლებული ახალგაზრდა ქალბატონები საქორწინედ გამზადებულ მოწინავე ასპირანტ ყმაწვილს დაუღალავად უჟუჟუნებდნენ ლამაზ თვალებს. არ მოეწონა პირველი, მზერა აარიდა მეორეს, ნელთბილად შეუყვარდა მესამე – მაგრამ ეს უიღბლო რომანი აღმოჩნდა და სწრაფად ამოიშალა მეხსიერებიდან, სამაგიეროდ ძალიან მოეწონა მეოთხე – და ეს უკვე მართლა წააგავდა რაღაც სერიოზულს. დედა დაოჯახებას თხოვდა, ამიტომ დააჩქარა მოვლენები. წინააღმდეგობა არ შეხვედრია და მალევე იქორწინეს. დედამაც მოიწონა ახალგაზრდა რძალი. ყველანი ერთად, როგორც დაუწერელი წესი და რიგი მოითხოვდა, მამისეულ ბინაში ცხოვრობდნენ. დისერტაციაზე მამის კაბინეტში, მამის მაგიდასთან, მამის სავარძელში დამჯდარი აგრძელებდა მუშაობას. ხან წერდა, ხან ბეჭდავდა, მერე შლიდა, ფხრეწდა, მერე ისევ წერდა, ისევ ბეჭდავდა. ასპირანტურის მესამე წლისთვის მომავალი დისერტაციის ძირითადი კონტურები უკვე საკმარისად გამოიკვეთა. სხვათა შორის, შრომისთვის მის ხელმძღვანელს საკმაოდ მომგებიანი სავარაუდო სახელწოდება ჰქონდა შერჩეული: „სოფლად კლასობრივი ბრძოლის თემის ასახვა ქართველი მწერლების შემოქმედებაში“. თვითონაც ეცინებოდა ამ სახელწოდებაზე, მაგრამ ასე იყო საჭირო. სინამდვილეში სულ სხვა მხატვრული მისწრაფებებით სუნთქავდა და არც ლიტერატურული ბოჰემა ყოფილა მისთვის უცხო…

ოთხმოციანების დასაწყისში მისი ცხოვრება ოდნავ დაჩქარდა. შეეძინა ბიჭი, დავითი, – მამასაც დავითი ერქვა. მალევე ამის შემდეგ დაიცვა ნანატრი დისერტაცია და შესაბამისი პროფილის კვლევით ინსტიტუტში გააგრძელა მუშაობა – თავიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. მერე კი მოკვდა ბრეჟნევი – დიდი საერთო ქვეყნის შეჩვეული ლიდერი – რამაც პირადად მას რაღაც გაუგებარი მოლოდინები გაუჩინა. მთელი შეგნებული ცხოვრება ბრეჟნევის ეპოქაში იცხოვრა, უამრავი ანეკდოტი მოუსმენია ამ მოხუც, არცთუ მჭერმეტყველ და სნეულ კაცზე, და არანაკლები ანეკდოტი – ამ ლიდერისთვის დამახასიათებელი ბორძიკი მეტყველებისთვის სახასიათო წაბაძვით – მოუყოლია ამხანაგებისთვის თავად, მაგრამ როდესაც ეს ეპოქა დასრულდა, უნებურად საერთო გაურკვევლობიდან მომდინარე მცირედი გონებრივი თრთოლვა მასაც დაეუფლა. არადა, ირგვლივ ახალი ბევრი არაფერი ხდებოდა. ახალგაზრდა მეცნიერებათა კანდიდატი თითქოს უკვე საკმარისად გამოცდილი იყო, რათა წარმოედგინა თუ როგორ მოსდევს ხნიერი ლიდერის შეცვლას რაღაც ცვლილელები საქვეყნო გარემოში, მაგრამ არა – ცხოვრება ისევე ძველებურად, დუნედ და ზანტად მიედინებოდა თბილისის მტვრიან ქუჩებში, როგორც საუკუნეებით გაჭრილ კალაპოტში ზაჰესიდან ორთაჭალამდე გაშვებული მტკვარი. გაზეთებისა და რადიო–ტელევიზიის ყოველდღიური რახარუხი ახალ შრომით წარმატებებზე სულ უფრო სცილდებოდა რეალური ცხოვრების ამ მღვრიე დინებას. ახალი ცოცხი არ გვიდა, ვითარება კი თანდათანობით სულ უფრო მოსაწყენი და დაჭაობებული ხდებოდა. ნამდვილი წუმპე. ცოლთან ერთად თეატრში თუ დადიოდა – ისიც იშვიათ პრემიერებზე. ზოგჯერ თუ წააწყდებოდა სადმე რაიმე საინტერესო, უფრო რომელიმე დასავლური ენიდან რუსულად თარგმნილ, მცირე ტირაჟით გამოცემულ და მაღაზიის დახლამდე ვერმიღწეულ წიგნს და ახალი ტექსტის სურნელი კითხვის პროცესში რაღაცნაირად აღაზევდა, სისხლსავსე ახალგაზრული ენერგიით ავსებდა მას. უსასრულობასთან შეხებას ამსგავსებდა ამ სურნელს. განსაკუთრებით აკრძალული ან ნახევრადაკრძალული ტექსტები იზიდავდა – ასეთი წიგნის ან ხელნაწერის ხელში ჩაგდება ყოველთვის პატარა დღესასწაულს ნიშნავდა მისთვის. კითხვისას ზოგჯერ უმწეობის მსგავსი რამ ეუფლებოდა – უჭირდა საკუთარი უმწეობის ახსნა, იქნებ შურდა კიდეც უცხო მიუწვდომელი გონების ტექსტუალური „თამაშიანობის“ ბრწყინვალებისა. ტექსტს ბოლომდე რომ ჩაამთავრებდა ყოველთვის – ოღონდ მცირე ხნით, სულ რამდენიმე წამით – ბრაზიანი კითხვები გაუელვებდა ხოლმე: ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, რისთვის ვარსებობ, ვის დავკარგვივარ, დავტოვებ რაიმე კვალს და ცოტას მაინც ვიტივტივებ მარადისობის დინების ზედაპირზე თუ ჩავიძირები, დავილექები და ჩავეფლობი ფსკერში, ისევე როგორც ჩემამდე მილიარდობით სხვა ადამიანი დალექილა – ვითომ არც არსებულაო? ნუთუ უკვდავობა არ არსებობს? ნუთუ მეც კვამლივით გავქრები უსასრულო ცაში, უსაზღვრო კოსმოსში? ისტორიაში შესასვლელი გზა ასეთ წუთებში მას მეტისმეტად წვრილად ეჩვენებოდა. არა ცივილიზებულ კარად, რომელსაც ბრინჯაოს სახელური და სპილენძის ფირფიტა აქვს მიკეთებული, არამედ ბინძურ და ვიწრო ხვრელად, თაგვის სოროდ, ჭიანჭველის ბილიკად სადღაც იქ ქვევით, დაუნახავში, პლინტუსთან და პლინტუსზე დაბლა. გაუელვებდა წამიერად ეს აზრები და გაქრებოდა მერე, უპასუხოდ. ცვლილებები კი… ყოველწლიურად ერთი შეჩვეული სიხარული ელოდა – შვებულება და ზღვა. რაც იმ დროიდან კარგად დაამახსოვრდა, იყო ერთი ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებული უძლიერესი რეჟისორის მიერ – ფილმს თითქოს კრძალავდნენ და მის გამავრცელებლებსაც ვითომ სდევნიდნენ, მაგრამ ცალკე ამ დევნაც რაღაცნაირი არანამდვილი, იმიტაციური სუნი წაკრავდა და ეს გახმაურებული ფილმიც რაღაც მანქანებით თითქმის ყველამ – ვისაც უნდოდა – მაინც ნახა. მონანიებით არავის მოუნანიებია, მაგრამ მართლაც მაგარი ფილმი გამოდგა, ჭკვიანი რეჟისორის ხელი ეტყობოდა. ძირითადი მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ კომუნისტების გაფუჭებულს დროთა განმავლობაში ისევ კომუნისტები გაასწორებდნენ, მეტი ვერავინ – რაც საბოლოო ჯამში არ გამართლდა, მაგრამ იმხანად მსგავსი უიღბლო პროგნოზის გაკეთება რთული იყო. მოსკოვში კი ერთმანეთის მიყოლებით კვდებოდნენ ბებრუცუნა და ავადმყოფი გენსეკები. ზოგი მათგანი რა სისულელეს მოიფიქრებდა და მოიმოქმედებდა – თუ მოასწრებდა – და ზოგი რას. ხან სამუშაო საათებში დასდევდა კინოებსა და სახინკლეებში ადამიანებს, ხან ცაში გამოეკიდებოდა ხალხით გადაჭედილ ლაინერს, ხან არაყს ან შამპანურს გაააძვირებდა ახალი წლის წინ, ხან რამე წიგნს აკრძალავდა და ქვეყნიდან რომელიმე განთქმულ მწერალს, მეცნიერს ან მუსიკოსს გააძევებდა… კორუფციასა და სისულელეებს მიჰქონდა ქვეყანა. მატარებლები იგვიანებდნენ, თვითმფრინავები მიწას ენარცხებოდნენ, გემები იძირებოდნენ, ატომური ელსადგუები ფეთქებოდნენ, ჯარისკაცები გაუგებარ და იდუმალ ომებში იღუპებოდნენ, სახელმწიფო გეგმები ქაღალდზე სრულდებოდა, ერთ სიყალბეს მეორე მოსდევდა და ასე უცვლელად გრძელდებოდა მანამ, სანამ ქვეყნის სათავეში მოქცეულმა ერთმა ყოფილმა კომბაინერმა რაღაცის შეცვლა არ მოიწადინა. ამასობაში კი პარტიულმა ძმაკაცმა უფრო წაიწია წინ – ხმა გაუბოხდა, მხარში გაიშალა და სამსახურში უკვე ჭონქაძის ქუჩაზე დადიოდა, ცენტრალურ კომიტეტში, სადაც ერთ–ერთი სექტორის ხელმძღვანელად დააწინაურეს.

რაც მეტი დრო გადიოდა, მით უფრო აზრზე მოდიოდა – უფრო კი გუმანით გრძნობდა ამას – მეცნიერებათა ახალგაზრდა კანდიდატი, რომ პარტერში ყველა ადგილი დაკავებულია, ხოლო თუ სადმე რაღაც სასწაულით სავარძელი ცარიელდება – დავუშვათ, ვიღაც კვდება ან პენსიაში გადის, – ახალ ვაკანსიაზე ბილეთის შოვნა ძვირიცაა და ძნელიც, დასწრებაზეა. რიგი გრძელია და ყველას თავისი პრეტენზია აქვს. არადა წლები მიდიოდა, მამის თაობა ნელ–ნელა თმობდა პოზიციებს, იმდენი ძალა აღარ შესწევდა. მაინც გაუმართლა. მოხდა პატარა სასწაული, მის ინსტიტუტშიც გამოჩნდა უფროსი მეცნიერ მუშაკის ახალი შტატი და ბედნიერი ბილეთი მას ერგო. კეთილგანწყობილი დირექტორის ნებამ გადაწონა. ეკუთვნოდა კიდეც – ყოველ შემთხვევაში, დიდი პროტესტი მის წინსვლას კოლეგებში არ გამოუწვევია. მეორე ბავშვიც უნდოდათ – თან გოგონა, ბარტყი – როგორ არ უნდოდათ! ყოველდღიურობა თითქოს უმოწყალოდ, ბოლომდე შთანთქავდა, მაგრამ მაინც რაღაც უკმარობის შეგრძნება ეუფლებოდა, წუხდა რომ ასე, მიყუჩებულად ცხოვრება აღარ შეიძლება, გაუსაძლისია, უვარგისი, რომ ცხოვრება უქმად გადის. ნეტავ, რომელი მომავალი სადოქტორო დისერტაცია შესაძლოა გამხდარიყო ამ უკბილო უმაქნისობის საპირწონე? არა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. სულ უფრო იხრებოდა იმ მოსაზრებისკენ, რომ ერთი ძლიერი შელაწუნება, ერთი ღონიერი ორომტრიალი ნამდვილად არ აწყენდა ამ ქვეყანას! ეს, ცხადია, წმინდა წყლის თეორია იყო, თუმცა სულ უფრო ხშირად შესწრებია პროტესტის უხილავი მუხტით გაჟღენთილ საუბრებს სანათესაოში, სამეგობროში, სამეზობლოში, სუფრაზე, სამსახურშიც კი. თითქოს აღარავის აღარაფრის ეშინოდა. რამდენჯერ კიდევ იმ ძველ და სანდო – მერე რა რომ ცეკაში მომუშავე! – ძმაკაცთან ერთად შეყოლიან კონიაკის ბოთლთან გვიანობამდე საუბარს და ისიც მაგარი კონტრევოლუციური ტირადებით გამოსვლას იწყებდა ასე მეოთხე სირჩის შემდგომ. თუმცა ამ ტირადებიდან ბოლოს მაინც ასეთი უიღბლო დასკვნა გამოჰქონდა: უფ, არა კაცო, ამას რა დაანგრევსო!

ამასობაში კი კრემლში გამაგრებულმა ყოფილმა მოფილოსოფოსო კომბაინერმა მართლაც აიწყვიტა. ჯერ ხომ სასმელს გაუჩაღა ბრძოლა და სად – ქვეყანაში სადაც დიდი და პატარა სმას იყო მიჩვეულ–გადაყოლილი! მართლაც მოფიქრება უნდოდა ამას – რა კეთილშიბილური განზრახვაც არ დაედო საფუძვლად ამ ანტიალკოჰოლურ ჯვაროსნულ ლაშქრობას! „მინერალური მდივანიც“ კი შეარქვეს ამის გამო. უჩვეულო სილაღით ლაპარაკობდა, ზეპირად, მოუსვენრად, მაგრამ რა – მავანი მაინც ლაყბობად უთვლიდა ნალაპარაკევს, რამეთუ შინაარსის გამოტანა მისი წყალწყალა ნაამბობიდან მართლაც უმადური საქმე იყო. არც მეუღლის ფართო საზოგადოებისთვის ჩვენებას მოერიდა და არც „პირველ ლედისთან“ ერთად უცხოეთში ვიზიტებს – ესეც ბევრს აღიზიანებდა, ვინაიდან მსგავსი ტრადიცია ქვეყანაში არ არსებობდა, თუმცა უმცირესობას გულის სიღრმეში მოსწონდა კიდეც ასეთი სითამამე. რაც მთავარია, უცხოელებს ეს კაცი უფრო ეხატებოდათ გულზე, ვიდრე საკუთარ მოქალაქეებს, რაც ერთობ არასასიამვნო იყო, მაგრამ დადებითი მხარეც ჰქონდა – დახურული, პერიმეტრზე შემოღობილი საზოგადოება ნელ–ნელა შეუქცევადად იხსნებოდა გაუცხოებული გარე სამყაროს მიმართ და – რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო – დიდი ომის სავსებით რეალურმა საფრთხემაც თანდათანობით დაიწია უკან. საერთო სითამამისა და გაბედულების ზრდის კვალობაზე პარტერში მსხდომები აცქმუტუნდნენ, ამფითეატრში ჩოჩქოლი ატყდა, სალაროსთან შეყოვნებულ გრძელ რიგს კი გამოცოცხლების ნიშნები დაეტყო. რაც კიდევ უფრო გასაოგნებელი იყო, ამ რიგის გარეთ, უსახურ და გამონაბოლქვებით სავსე ქუჩაში, ამოძრავდა მანამდე უსულო და უთვისებო ხალხის მასა, ანუ ყველა ის, ვისაც ადრე სინამდვილეში არავინ ამჩნევდა, გინდა პარტიული და გინდა უპარტიო, ხოლო თუ ამჩნევდა – ისიც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და პირადი საჭიროებისთვის. ყველა ეს ანონიმური მშრომელი თუ უსაქმური: მიწის მუშა, მძღოლი, დახლიდარი, სანიტარი, სტუდენტი, ტრაქტორისტი, მემანქანე, დიასახლისი… ხმაურითა და ზარ–ზეიმით შემოდიოდა ახალი ეპოქა და ქუჩამაც ნებიერად გაილაღა. ყოველდღიური შრომაც თითქოს უაზრო გახდა – ყოველ შემთხვევაში, კვლევით ინსტიტუტში სიარულმა და დრო–დრო სტატიების წერა–გამოქვეყნებამ ჩვეული ფასი დაკარგა. გაწეული შრომის მომგებიანობა თანდათან ვაჭრობასა და აღებ–მიცემასთან გაიგივდა, სხვაგვარად კი სულ უფრო ძნელდებოდა, შეუძლებელიც კი ხდებოდა ოჯახის რჩენა. სამაგიეროდ ქალაქის უბნები მოიფინა კოოპერატიული სასადილოებით, მაღაზიებითა და ჯიხურებით. მართალია, ვიღაც ანონიმები ისქელებდნენ ჯიბეს საერთო გაღატაკების ფონზე, მაგრამ ქვეყანაში გამოჩნდა ადრე უნახავი პროდუქტები და სამოხმარებლო ნივთები – ოღონდ ძვირად, „მინერალური მდივანი“ კი აგრძელებდა ხალხის სხაპასხუპით „დაბოლებასა“ და უცხოეთში მეუღლესთან ერთად მოგზაურობას. დაიბნა მსოფლიო და დაიბნა საქართველო. და ეს ჩვენი ფილოლოგი კაციც დაიბნა…

მაგრამ მთავარი სიახლე მაინც ღია სივრცეში ხალხმრავალი კრებების დაუსჯელად გამართვა და იქ ნაირნაირი ფერადი დროშების აფრიალება იყო. განსაკუთრებით ადრე მიმალვაში მყოფი, სანთლით საძიებელი დროშისა – სამფეროვანის, შავი და თეთრი ზოლებით მეწამულ ფონზე. რუსთაველზე, მთავრობის სასახლესთან პირველად რომ იხილა ასე მოხატული ტილოს ნაჭერი თავისუფლად მოფრიალე, შეცბა და ადრე სრულიად გამოუცდელი გრძნობა დაუფლა: შიშის, გაოცებისა და სიამაყის რაღაც უცნაური ნაზავი. იმ დღეებში კი ნანატრი დიდი სიხარულიც ეწვია – შეეძინათ მეორე ბავშვი, გოგონა. ხატია დაარქვეს.

ქვეყანაში კი მერე დატრიალდა, რაც დატრიალდა… დრო შემჭიდროვდა, დაგროვილი ზიზღი და ბალღამი ქუჩაში გადმოიღვარა. პროვოკაციები, ტანკები, რკინიგზის გადაკეტვები, დემონსტრაციები, მიტინგები, მიტინგების დარბევები, ძველი სისტემის ჩამოშლა, რუსეთის დედის გინება, საყოველთაო აგენტომანია, სეპარატიზმი პროვინციებში, კომპარტიის აორთქლება, ყველაფერს რა ჩამოთვლის… ოდესღაც ყოვლისშემძლე ცეკა დაიშალა და დაიკეტა, შვილობილი რაიკომებიც მაგას მიყვა, უმუშევრად დარჩენილი ძმაკაცი კი შეჩვეულ კაბინეტს დაემშვიდობა: მან სინანულით ჩააბარა სადაც ჯერ არს ლენინისთავიანი პარტბილეთი, მიაყოლა მას საკუთარი სამუშაო კაბინეტის გასაღები და საშვი, მაგრამ მავანივით უსაქმოდ დიდხანს არ უვლია – მალევე ახალშექმნილი რუსთაველის საზოგადოების აპარატში გადავიდა სამუშაოდ და არცთუ იშვიათად პატარ–პატარა სახალხო შეკრებებზე ენერგიული პატრიოტული სიტყვებით გამოსვლაც უწევდა ხოლმე.

მერე კი საყოველთაო არეულობამ შვა გადატრიალება, რასაც ლოგიკურად მოყვა ომი, სიბნელე და შიმშილი. თან ყველაფერი ეს ერთდროულად, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით: ომი ტყვიის სროლასა და სიკვდილს ნიშნავდა, სიბნელე – უშუქობას ბინებსა და ქუჩებში, შიმშილი კი უშველებელი რიგიდან ბრძოლითა და მუჯლუგუნებით გამოტანილი შოთების თათრებით დასახლებულ რომელიღაც ქოში–ქილისაში კარტოფილზე გაცვლას. მერე მანეთის მაგივრად ბრუნვაში შემოვიდა კუპონი და ვიღაც მარიფათიანი ბიჭები სწრაფად გამდიდრდნენ, ხოლო მისი ისედაც მწირი ხელფასი საერთოდ სიმბოლური გახდა. საერთო ტალღას აყოლილმა გამოსავლის ძებნაში ბიზნესმენობაც სცადა ერთი პირობა – ვალი დაიდო და ერთხელ თურქეთიდან მეორადი, ანუ ნახმარი, სამოსი ჩამოიტანა გასაყიდად, მაგრამ შესაბამისი ნიჭი არ აღმოაჩნდა – კონკურენცია მაღალი იყო და კინაღამ ჩაუწვა საქონელი, მოგებაზე არც იყო საუბარი, ძლივს გაისტუმრა ვალი. კიდევ კარგად გადარჩა. არადა შვილები ეზრდებოდა, მათ გამოკვება სჭირდებოდა და არც მეუღლეს ჰქონდა ჯერჯერობით სიცოცხლეზე ხელი აღებული. ამიტომ ნელ–ნელა სახლიდან ნივთების გაზიდვა და გაყიდვა დაიწყეს, სხვა რა გზა დარჩათ… სერვიზები, მამისგან დანატოვარი რაღაც რუსული პეიზაჟი, რამდენიმე ძვირფასი ფოლიანტი – კაპიკებში, ბოლოს გერმანული პიანინო…. იარაღის ხელში აღება არც უცდია, არ იყო მაგის კაცი. არადა ზოგჯერ – საყმაწვილო იმპულსების იშვიათი შემოტევების დროს – ნათლად წარმოიდგენდა ხოლმე თუ როგორაა სინამდვილეში ცხოვრება მოსაწყობი, ჯერ ქვეყნისა და საზოგადოების, შემდეგ კი საკუთარი, პიროვნული. აი, უცებ პრეზიდენტი რომ გამხდარიყო… პრეზიდენტიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია ბოლო–ბოლო, ორი ხელი, ორი ფეხი… მაგრამ უცებ მოდიოდა გონს, ეგრე სადაა პრეზიდენტობა…

ქვეყანა ინფლაციამ წალეკა. სამსახურამდე მისვლა ჭირდა, ერთი პირობა იშვიათი და გადატენილი ტროლეიბუსებიღა თუ დაბობღავდნენ ოდესღაც მანქანებით გადაჭედილ ქუჩებში. მშობლიური ინსტიტუტი ოფიციალურად არ დახურულა, მაგრამ ნელ–ნელა თავად მუშაობა კარგავდა ყოველგვარ აზრს. ახალგამომცხვარი კუპონებით აღებული ხელფასი არათუ ოჯახის მინიმალურ დონეზე შენახვას, აუცილებელ სატრანსპორტო ხარჯებსაც კი ვერ ფარავდა.

მაშინ გამოიჩინა ერთგვარი სისუსტე: დააპირა როგორმე აღეწერა ფურცელზე ის ყველაფერი, რაც გარშემო ხდებოდა. ბოლო–ბოლო ფილოლოგი და განათლებული კაცი იყო, არც ლიტერატურული გემოვნების ნაკლულობას უჩიოდა, მაგრამ… არაფერი გამოუვიდა. აღმოჩნდა, რომ კითხვასა და საკუთრივ წერას შორის უზომოდ დიდი განსხვავება ყოფილა. პატარა ჩანახატით სცადა დაწყება, მაგრამ სწრაფად შეეშვა. სინამდვილეში გრძნობდა, რომ ბევრი არაფერი დაუგროვდა სათქმელი urbi et orbi – სიდუხჭირე საყოველთაო იყო და განსაკუთრებულ ინტერესს არ იმსახურებდა. რეალური ცხოვრება მაინც ოჯახს მიღმა, მისი ბინის კედლების გარეთ მიედინებოდა, ის კი ატაცებული ქვიშის პაწია ნაწილაკად შეიგრძნობდა თავს, ეს იყო და ეს… ვერაფერს მართავდა. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ შეეშვა ლიტერატურულ ვნებებს – ამჯობინა მართალი დარჩენილიყო საკუთარ თავთან.

ვალდებული იყო შემოსავლის რაღაც დამატებით წყაროებზე ეზრუნა, როგორმე შეენახა ოჯახი. სწორედ მაშინ გამოადგა შორეული ბავშვობის ბედნიერ წლებში მიღებული ინგლისურის გაკვეთილები. მართალია, უცხო ენის გახსენებას მაგიდასთან წამუშავება და უამრავი სიტყვისა თუ გრამატიკული წესის გამეორება დასჭირდა, მაგრამ ამას რამდენიმე თვეში გაართვა თავი. მერე კი დრო–დრო ხან საქმიანი შინაარსის ტექსტს მოაწვდიდა ვინმე სათარგმნელად, ხან უცხოეთის რომელიმე ჟურნალში გასაგზავნად გამზადებულ სამეცნიერო სტატიას, ხანაც რაიმე საბუთს. რეგულარულ შემოსავალს ამას ვერ უწოდებდი, ანაზღაურებაც ცვალებადი იყო – ვისთან როგორი, მაგრამ როდესაც თეთრად გათენებულ რამდენიმე ღამეში რამდენიმე ტკიცინა ათ, ოც ან ორმოცდაათ დოლარიანი კუპიურა ერგებოდა, მის ხანმოკლე სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – მაშინვე გაქანდებოდა სუპერმარკეტში და მაცივარს სურსათ–სანოვაგით აავსებდა. როგორმე სურდა ოჯახის უმცროსი თაობისთვის იმის არამყარი ილუზია მაინც შეექმნა, რომ ამ გაჭირვების ჟამს ისინი ცხოვრების ახალ ბატონ–პატრონებს არაფრით ჩამოუვარდებიან. ამასობაში კი კუპონები გაუქმდა და ბრუნვაში შემოვიდა მყარი ეროვნული ვალიუტა – ლარი.

დრო კი ისე მიქროდა წინ, ვითარცა წიფის გვირაბიდან გამოვარდნილი ელმავალი. საქართველო კვლავაც ნატყვიარ იარად რჩებოდა მსოფლიოს რუკაზე. ნორმალური არსებობისთვის საკმარი ფული ქვეყანაში კვლავაც არ იყო, ხოლო რაც იყო… რაც იყო, ეროვნულმა ბანკმა ძლიერთ ამა ქვეყნისა კრედიტების სახით აჩუქა და ფაქტობრივად საკუთარი თავი და ხალხი ნებაყოფლობით გაძარცვა. შემდეგ ბანკის პრეზიდენტმა (რომელიც უფროსების დავალებას ასრულებდა და უნებურად სახიფათო ინფორმაციის მატარებელი გახდა) თავი მოიკლა თუ მოკლეს. და აი მაშინ, ვითარცა ჩასაძირად განწირული გემიდან მღელვარე ზღვაში გადაშვებულებისთვის ვერტმფრენიდან ნატყორცნი მაშველი რგოლი, საქართველოში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია – ეგრეთ წოდებული „ენჯეო“ – წარმოიშვა.

„ენჯეოთა“ სამყაროში ცხვირის შეყოფა იოლი საქმე არ გახლდათ, მაგრამ მას ისევ ძველი და ნაცადი, ყოფილი „პარტიული“ მეგობარი დაეხმარა, რომელიც ამ პერიოდისთვის თავადაც საკმაოდ მყარად დამკვიდრდა არასამთავრობო სექტორში და ბევრი ნაცნობი გაიჩინა – გამოადგა რუსთაველის საზოგადოებაში მიღებული გამოცდილება. სწორედ მან შეაწია კეთილი სიტყვა ერთ–ერთი მძლავრი ამერიკული ფონდის აქაურ ხელმძღვანელს, რომელიც თბილისში მის დიდ და კეთილმოწყობილ ვაკის ბინას ქირაობდა (თავად პატრონს ცეკაში მუშაობისას მიღებულ მეორე ბინაში მოუწია გადასვლა – ოროთახიანში საბურთალოზე). კეთილი სიტყვა შესმენილ იქნა, მით უმეტეს, რომ დამშეულ მეცნიერებათა კანდიდატს (რომელსაც ახალ ორგანიზაციაში ყველა ინგლისურ ყაიდაზე „დოქტორად“ იხსენიებდა) ლიდერის მაღალანაზღაურებად პოზიციაზე პრეტენზია არასოდეს გასჩენია. სულთმობრძავ მშობლიურ ინსტიტუტში არავინ სთხოვდა ხშირად მისვლას და პარალელურად ფონდში დამხმარე ფუნქციის შესრულება – რაშიც ნამდვილ ხელფასს უხდიდნენ – უაღრესად წაადგა პირველ თვეებში, შემდეგ კი ფონდმა თავისი მოქმედების არეალი გააფართოვა და რამდენიმე შვილობილი „ენჯეო“ დააფუძნა. მალე გაირკვა, რომ უცხოელებთან წარმატებული თანამრომლობისთვის ახალგამომცხვარი „ენჯეოების“ პერსონალისთვის აუცილებელ მოთხოვნებს შეადგენდა: „ზემოდან“ წამოსული ინსტრუქციების სანიმუშოდ შესრულება, ინგლისურ ენაზე სხარტად მეტყველება, პატრიოტიზმი, ანუ იმპერიალისტური რუსეთის მოურიდებლად და ხმამაღლა დედის გინების ხელოვნება, და კიდევ „ეშმაკის მანქანის“ – კომპიუტერის – დაუფლება. კომპიუტერი ქართულ სინამდვილეში მაშინ ჯერ შედარებით ახალი ხილი იყო, მაგრამ მასაც სწრაფად გაუსინჯა გემო – არ გაძნელებია ათვისება, პირიქით – სასიამოვნოც კი აღმოჩნდა. შემდგომი წინსვლა მოითხოვდა მისგან პირადი საერთაშორისო კავშირების მოპოვებას, რითაც ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ვინაიდან ლიდერობის პრეტენზიას და საკუთარი პროექტების წარდგენის სურვილს არასოდეს ამჟღავნებდა, არც ეს ნაკლი გახლდათ თვალში საცემი, თან დროთა განმავლობაში გამოსწორებადი ჩანდა. მშობლიურ ინსტიტუტში სასაცილო ხელფასის ასაღებად და ფინჯანი ყავის თანხლებით საჭორაოდ რომ შეივლიდა ხოლმე, ისეთი შურიანი თვალებით შესცქეროდნენ კოლეგები – ეუხერხულებოდა კიდეც. მაგრამ ამ უხერხულობას მალევე გაუმკლავდა – ამ სამყაროში ყველა საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძოდა და თუ მას, როგორც იქნა, სხვებზე მეტად გაუმართლა, რა უნდა ყოფილიყო მანდ საჩოთირო? არავის ვალი არ ჰქონდა და თუ გარკვეული ძალისხმევის შედეგად იმას მაინც მიაღწია, რომ არარეგულარულ სათარგმნელ ტექსტებზე და თვეობით დაგვიანებულ სამარცხვინო ხელფასზე აღარ გახდა დამოკიდებული და სხვებზე უკეთ აიწყო ცხოვრება, რისთვის ან ვისთვის უნდა დაემალა ეს წარმატება? მაცივარი მუდამ სავსე ჰქონდა, ცოლ–შვილმაც თანდათან გამოიხედა თვალში. მართალია, ქვეყანა კვლავაც უშუქობასა და სიღატაკეში იყო ჩაფლული, მაგრამ ხომ მოახერხა და შეიძინა ელიავას ბაზრობაზე გენერატორი და ამოისუნთქეს სახლში! ახლა დენი რომ ჩაქრებოდა, ჩართავდა ეგრევე ამ ჯადოსნურ ხელსაწყოს და აწი მისი გუგუნის თანხლებით ტელევიზორის ყურება მაინც შეეძლო ოჯახს.

ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს – წლების განმავლობაში. მერე კი ისტორიის სვლა ისევ აჩქარდა. ქვეყანაში დაიწყო მრისხანე საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მომზადებაში არასამთავროებმა დიდი როლი ითამაშეს. მათ შორის, იმ „ენჯეომაც“, რომელშიც თავად ღებულობდა ხელფასს. ერთ მშვენიერ დღეს მთელი ეს მღელვარება დასრულდა „ვარდების რევოლუციით“, რომლის შედეგად ინგლისურზე წყალწყალად მოსაუბრე ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა უცერემონიოდ გაყარეს სახელისუფლებო კაბინეტებიდან ძველი ხელისუფლების დახავსებული ჩინოვნიკები. ეს ამბიციოზური ყმაწვილები გაცილებით უკეთ ერკვეოდნენ სუპერმარკეტებისა თუ სახელმწიფო უწყებების განლაგებაში სადმე ნიუ–იორკში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ სტრასბურგში, ვიდრე მოსკოვის ან, თუნდაც, თბილისის სავაჭრო ცენტრების პოლიტიკურ გეოგრაფიში. „ვარდოსანთა“ ლიდერების მიერ იმთავითვე ძალიან ბევრი დაპირება გაიცა, რომელთა შორის ერთ–ერთი უმთავრესი ახალი, „არატოლერანტული“ წესრიგის დამყარება იყო. ძალიან მალე თითქმის ყველა, ვისაც კი ადრე რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ან უმაღლეს სასწავლებელში უმუშავია, კორუმპირებულად მოინათლა – არადა, რანაირად არ მოინათლებოდა, თუკი ქვეყანაში პრაქტიკულად გაუქმებული იყო ხელფასის ცნება, ხოლო სამოწყალო პენსიები თვეობით არ რიგდებოდა. ყოველივე ეს მხოლოდ აისბერგის ხილული, წყალსზედა ნაწილი იყო. „ვარდოსანი“ რევოლუციონერების დაუწერელი, მაგრამ სავსებით რეალური გეგმის მიხედვით, დაახლოებით მილიონამდე მობერებული, ანუ ორმოცს გადაცილებული „ჰომო სოვეტიკუსი“ ისტორიულად უმოკლეს ვადებში ახლებური ტიპის „ჰომო ამერიკანუსით“ უნდა ჩანაცვლებულიყო. მტკნარი ჰუმანისტური მოსაზრებები მხედველობაში არ მიიღებოდა. მაგრამ ცხოვრება რთულია, ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ. მართალია, ფილოლოგიურ მეცნიერებათა „ენჯეოშნიკი“ დოქტორი უკვე ნახევარ საუკუნეს უკაკუნებდა და ფორმალურად პირველ, ანუ „ჩასარეცხ“ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, მაგრამ რადგან დროულად მოახერხა და მოასწრო მეორე კატეგორიის ვაგონში შეხტომა, მას გადარჩენისა და თავის გამოჩენის კარგი შანსი ამ პირობებშიც გაუჩნდა.

რევოლუციის პირველ წლებში მისმა „ენჯეომ“ არსებობა მშვიდად გააგრძელა. მეტიც, ახალი ხელისუფლების უჩინარი პატრონაჟის ობიექტი გახდა და მისი სახელით, თუმცა სინამდვილეში სამთავრობო ქოლგის ქვეშ, დაარსდა ახალი, ფორმალურად კერძო, რეალურად კი სახელმწიფოს დაქვემდებარებული ყოველდღიური გაზეთი, რომლის რედაქციას ქართულისა და ინგლისურის კარგი მცოდნე და პოლიტიკურად სანდო კადრი დასჭირდა. მიზეზთა გამო თანამშრომლობა სწორედ მას შესთავაზეს – რედაქტორის ერთ–ერთ მოადგილედ, თანაც ისე, რომ არც ინსტიტუტის (სადაც ფორმალური კონკურსის შემდეგ ხელფასი ერთიორად გაუზარდეს) და არც „ენჯეოს“ მიტოვება არავის დაუძალებია. გაიხარა, საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა, რომ მაღალი კვალიფიკაციის ხანშიშესული ადამიანი ასეთ შეუწყნარებელ ეპოქასაც კი სჭირდება. რვაფურცლიანი გაზეთი განზრახ დაბალ, დოტაციურ ფასში გაჰქონდათ ბაზარზე გასაყიდად, რეკლამები კი რედაქციაში ლამის სავალდებულო წესით მოჰქონდათ მორჩილ ბიზნესმენებს, ამიტომ გამოცემა მომგებიანი აღმოჩნდა. ამიერიდან მის საბანკო ანგარიშზე ფული შემოდიოდა ხელფასების, პრემიების, ჰონორარებისა და გრანტების სახით. შესაბამისად, მისი საოჯახო კეთილდღეობა დღითიდღე იზრდებოდა. ამასობაში ბიჭმა აუდიტორულ ფირმაში დაიწყო მუშაობა – ცხადია, დაბალ თანამდებობაზე, სამაგიეროდ თავიდანვე ნორმალური ანაზღაურებით; ქალიშვილი პრესტიჟული კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მერე რუსთავის ბაზრობაზე ევროპიდან შემოტანილი საკმაოდ ახალი მანქანა შეიძინა და ახალი ბინის შეძენაზეც დაიწყო ოცნება – კრედიტზე მისი ოფიციალური შემოსავლის მქონე კაცს სავარაუდოდ ბანკი უარს არ ეტყოდა, მაგრამ არ ჩქარობდა – ეს მაინც კარგად მოსაფიქრებელი, ასაწონ–დასაწონი საკითხი იყო. ბუნებით ფრთხილ კაცს გაზეთში მთავარი რედაქტორის პოსტი არ იზიდავდა, თუმცა სხვა მის ადგილას… არა, რომც შეეთავაზებინათ, ალბათ, რაღაცნაირად დაიძვრენდა თავს, აირიდებდა ზედმეტ პასუხისმგებლობას. კიდევ კარგი, ამგვარი არჩევანის წინაშე არ დამდგარა. ასაკის გამო ვარდების სუნით გაბრუებულ სამშობლოს „ახალ სახედ“ მაინცდამაინც ვერ მოევლინებოდა. საბოლოო ჯამში ერთი კარგად ანაზღაურებადი და საკმაოდ კომპეტენტური – რაც იშვიათობას წარმოადგენდა – თანამშრომელი იყო, რომელსაც ადრე მიღებული განათლების წყალობით ენაც კარგად უჭრიდა და გონებაც. იპოთეკური კრედიტის გამოტანა მაინც ვერ გაბედა, გრძნობდა, რომ მისი კეთილდღეობა არამდგრადია და მთლიანად ახალი ხელისუფლების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული.

ამ „ხალიავამ“ კიდევ რამდენიმე წელს გასტანა. მაგრამ, როგორც ცნობილია, არანაირი ბედნიერება არაა მუდმივი. მალე ქვეყანას მორიგი ფერისცვალების ნიშნები დაეტყო – განსაკუთრებით ახალი არჩევნებისა და რუსეთთან ხანმოკლე ომის შემდეგ. მოულოდნელად მის „ენჯეოს“ შეუწყდა ჩვეული დაფინანსება – მეხის გავარდნასავით და სრულიად გაუფრთხილებლად. პერსონალს მიზეზებზე არავინ არაფერი მოახსენა, მაგრამ ნათელი იყო, რომ სადღაც იქ, ზევით, უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელ პოლიტიკურ სტრატოსფეროში, სხვანაირმა სიომ დაჰბერა. დიდი პოლიტიკა ჩვენს ფილოლოგს სინამდვილეში არ აინტერესებდა, მაგრამ „სპილოს ძვლის“ ბოლომდე მის მიერ ვერაშენებელ კოშკში მშვიდად გამოზამთრება მაინც არ ერგო, შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხარო რეალობის პირისპირ დადგა: მისმა პირადმა ბიუჯეტმა ძლიერ იზარალა სწორედ ამ აუხსნელი პოლიტიკური მიზეზების გამო. ამას ისიც დაემატა, რომ კვლევით ინსტიტუტშიც ნახევარშტატზე მოუწია გადასვლა – უკვე ძალზე შეუსაბამო და უხერხული გახდა თან „ენჯეოშნიკურ“ გაზეთში მუშაობა, თან კი ოფიციალურ სამსახურში თუნდაც მცირედი, მაგრამ მაინც სარგოს ფაქტობრივად არაფერში მიღება. საბოლოოდ ხელში ეს გაზეთიღა შერჩა, რომელიც ფორმალურად სხვა პატრონის ხელში გადავიდა, მაგრამ იგივე სახელწოდება შეინარჩუნა და კვლავაც დოტაციურ ფასად გადიოდა ყოველდღიურ გაყიდვაში. ასე რომ აწი რედაქტორის მოადგილის კეთილდღეობა ამიერიდან მხოლოდ ზემდგომთა ნება–სურვილზე აღმოჩნდა დამოკიდებული. ამასობაში „ვარდოსნებმა“ ისეთი კანონები შემოიღეს, რომ კაცის სამსახურიდან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათხოვნა – მანამდეც გაადვილებული – საერთოდ უიოლესი და წამში გადასაწყვეტი საქმე გახდა. მოდაში სულ უფრო შემოდიოდა ერთმანეთის მიყურადება, დასმენები, „ჩაშვება“. წვრილმანი პროვოკაცია ცხოვრების წესად და სტილად, ლამის ყველაზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. კომუნისტური ხანა გაახსენდა უნებლიეთ – თანაც ის კი არა, რომელსაც თავად მოესწრო, არამედ ის, რომლის შესახებ გადმოცემით, წიგნებით ან ფილმებით თუ იცოდა რამე. მაგრამ მატარებელი უკვე კარგა ხნის დაძრული იყო, ხოლო არჩევანი გაკეთებული. ბოლო–ბოლო, ღირსი არ ვიყავი ამდენი უბედურების მერე ცოტა ამიმესუნთქა? რომელი გაჭირვებული მოიქცეოდა ჩემს ადგილზე სხვანაირად? – იმართლებდა ხოლმე ყოველ ცისმარე დილას სარკეში შემხედვარე. რაც ჩვენ მაშინ გვიჭირდა, საჭმლის ფული არ გვქონდა, ნახევარი სახლი გავზიდე ბავშვები გზაზე რომ დამეყენებინა, ეს „ენჯეო“ რომ არა – ბინის გაყიდვაც მომიწევდა… ბოლო–ბოლო არავის ვალი არ მადევს! ეს ჩვენი საცოდავი სამშობლო კი ისეა მოწყობილი, რომ თავზე ხელის გადასმითა და ტკბილი სიტყვით აქ ვერავის ვერაფერს შეასმენ. მტკიცე ხელის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება, წინ ვერ წავალთ, ისედაც ძლივს ამოვბობღდით წუმპედან, თან კიდევ ეს „ბებერი დათვი“ რუსეთი, აგრესია, ოკუპაცია… – ასე იმშვიდებდა ხოლმე თავს, საკუთარ თავთან პირისპირ ეულად დარჩენილი. არადა საქმე ისე მიდიოდა, რომ ტელეეკრანი შეზიზღდა ამ ხნის კაცს, იმდენი ნეგატივი და სიძულვილი ინთხეოდა იქედან ყოველდღიურად, სულ ჯაშუშები და დაჭერები… არათუ რომელიმე სხვა, საკუთარ გამოშვებულ გაზეთსაც კი აღარ კითხულობდა ბოლომდე რედაქტორის მოადგილე, როგორმე რომ აეცილებინა თავიდან ხელისუფლების მიერ ჩადენილ რომელიმე მორიგ უსამართლობაზე ან არაადამიანურ ქცევაზე ბუნებრივი რეაქცია ან, თუნდაც, თვალის დახუჭვის უსიამოვნო პროცედურა. ზოგჯერ თუ გაეპარებოდა ეკრანისკენ თვალი. ისე, უნებურად და დაუკითხავად, მაგრამ მაინც აწუხებდა ხოლმე შემოპარული ეჭვი – ხომ არ გაუგრძელდათ ამ ნაგიჟარ „ვარდოსნებს“ ბაირამიო? მაგრამ სხვა რა გზა იყო – უცებ იშორებდა ასეთ ეჭვს ვითარცა ხელის აქნევით აკვიატებულ ბუზს, არ აძლევდა მას სულის დაპყრობის უფლებასა და საშუალებას.

მაშინ ერთი არასასიამოვნო ფაქტი შეემთხვა, რომლის გახსენება დღესაც არ უყვარს, უჭირს. მისი პარტიული ძმაკაცი – რომლისგანაც ბევრი სიკეთე ახსოვდა – ერთ მშვენიერ დღეს თავისდა უნებურად „ჩარეცხილთა“ შავ სიაში აღმოჩნდა. თან ასაკმა უწია, თან კომუნისტურმა წარსულმა, არაკეთილმოსურნეც ბევრი დაუგროვებია ცხოვრების მანძილზე… ერთი სიტყვით, როდესაც ყველა სამსახურიდან გამოაგდეს, ისევ თავის სანდო ძმაკაცს მიადგა – ეს ჩემი უცხოელი წავიდა, ბინასაც ვერ ვაქირავებ, გასარემონტებელია, ცარიელზე დავრჩი, მთავარ რედაქტორთან სიტყვა გეთქმის და იქნებ გაზეთში ნებისმიერ თანამდებობაზე, თუნდაც უბრალო კორექტორად დამაწყებინო მუშაობაო.

ვერ დაეხმარა. არა კი არა – ვერ. ერთხელ თითქო სცადა, მაგრამ რეაქცია ისეთი იყო, რომ უცებ დაიხია უკან, მიხვდა: მიწოლას აზრი არა აქვს, ამით მხოლოდ იმას თუ მიაღწევს, რომ უფროსი მასაც ეჭვის თვალით დაუწყებს ცქერას. არაფრით არ გამოდიოდა ეგ ამბავი, მაგრამ მიდი და უხსენი ეს ძველ მეგობარს… მაინც არ დაუჯერებდა.

არადა ბაირამი „ვარდოსნებს“ სულ უფრო და უფრო უტკბებოდათ, თანაც რაღაც სასოწარკვეთილი ბაირამი. სულ უფრო სცილდებოდნენ მიწიერ რეალობას. ისე უტიფრად იქცეოდნენ, თითქოს სწამდათ, რომ ვიღაცამ სამუდამოდ მოიყვანა ხელისუფლებაში, მაგრამ ესეც ერთგვარი პოზა იყო: გულის სიღრმეში გრძნობდნენ, რომ ეს მუდმივობა მათივე მოგონილი ბლეფია და ამიტომ დასწრებაზე იყვნენ. გამოთქმა „მადა ჭამაში მოდისო“ თითქოს მათთვის მოუგონიათ წინაპრებს. ქვეყანაში მათდამი წინააღმდეგობა თანდათან მატულობდა, მაგრამ მატულობდა მათი საპასუხო რისხვაც ურჩების მიმართ, იხვეწებოდა დამთრგუნველი მეთოდებიც. სისასტიკე – მერამდენედ უკვე ისტორიაში – მტკნარი ყოველდღიურობა გახდა. რედაქტორის მოადგილე კი ძველებურად დადიოდა რედაქციაში და ღებულობდა დამსახურებულ ხელფასს. მერე უეცრად გაუქმდა, „ჩაირეცხა“ მისი მშობლიური კვლევითი ინსტიტუტი. გული დაწყდა, მაინც ბევრი კარგი მოგონება აკავშირებდა მასთან. ასე იყო თუ ისე, მაგრამ ის ნახევარშტატიანი ხელფასიც წარსულს ჩაბარდა. ამიერიდან კიდევ უფრო ლოიალური უნდა ყოფილიყო, კიდევ უფრო ძლიერად დაეჭირა ენაზე კბილი. არავის ნდობა არ შეიძლებოდა. ქალაქში საკმაოდ ცნობადი სახე იყო და არცთუ იშვიათად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას – ქუჩაში, ეზოში, ბაღში, დერეფანში, ფურშეტზე, რაუტზე – მის გამოჩენას თან სდევდა სისინი ზურგსუკან: ეგ „გველი“, „ფაშისტი“, „ჩათლახი“, „სულგაყიდული“… ცდილობდა არ მიენიჭებია ამისთვის ზედმეტი მნიშვნელობა. შურიანს და ბოღმიანს რა გამოლევსო ამქვეყნად, იმშვიდებდა თავს. ან სხვა რა გზა დაიტოვა…

ბოლოს კი… ერთ მშვენიერ დღეს ბორბალმა წაღმა დაიწყო ბრუნვა. თავდაპირველად ნელა, მერე სულ უფრო სწრაფად და სწრაფად. ჯერ იყო და ერთმა ძალიან მდიდარმა კაცმა, რომელიც მანამდე „ვარდოსან“ მთავრობას დიდ, ლამის უკიდეგანო დახმარებას უწევდა, ჯერ გადაუდგა მას, შემდეგ კი ღიად, საჯაროდ დაუპირისპირდა ყოფილ ფავორიტებს. ამ ნაბიჯმა უცებ არია ვითარება ქვეყანაში. რაღაც ერთ წელიწადში ბორბლის წაღმა ბრუნვა მორიგ არჩევნებზე „ვარდოსნების“ სრული მარცხით დასრულდა – ამ ხნის განმავლობაში ზედაპირზე იმდენი და ისეთი სიბინძურე ამოტივდივდა, რომ ეს მრავალფეროვნება „ვარდოსნების“ თავგადაკლული მომხრეებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. არც ჩვენ გმირს დაადგა კარგი დღე. აღარავინ მოარბებინებდა გაზეთში სავალდებულო რეკლამას – მათი კოლექტივის კეთილდღეობის საფუძველს. გამოცემა წამგებიანი გახდა. ხელფასი ჯერ გაუნახევრდა, მერე კი… მერე აგრძნობინეს: შემცირება გარდაუვალია და იქნებ თავად დაწერო განცხადება და წახვიდე, გეყოფაო… არ გაუწევია წინააღმდეგობა. დაწერა განცხადება და წამოვიდა სახლში…

დღეს მხოლოდ ბიჭი მუშაობს. კრიზისია, მაგრამ აუდიტი მაინც მოთხოვნადია. ასე რომ ცუდი ხელფასი არა აქვს და როგორც შეუძლია, ეხმარება დედ–მამასა და დას. ყოფილი ფილოლოგი კი ისევ ძველ ხელობას დაუბრუნდა – ზოგჯერ თარგმნის. მანქანა კი ბიჭს გადასცა.

უსამსახუროდაა, მაგრამ მაინც არ იტეხს იხტიბარს, არ ნანობს. ამბობს: რაც მაბადია, ცუდი იყო თუ კარგი, ისევ წინა ხელისუფლების დამსახურებაა, თორემ „ვარდების რევოლუციამდე“ წასული იყო ჩემი საქმე, წუმპეში ვიძირებოდი და გამოსავალი არ ჩანდაო.

ძნელია მისი ამაში გადარწმუნება.

არც სამსახურის დაკარგვას და არც „ვარდოსნების“ საქვეყნო სირცხვილს მის ხედვებში ბევრი არაფერი შეუცვლია. წამითაც არ უფიქრია არც მონანიებაზე და არც – მაგალითად – სიცოცხლიდან წასვლაზე. ერთი ყველა მაგათი დედაც, – გინდა ‘ნაცებისა“ და გინდა „ქოცებისაო“ – მთავარი მაინც ისაა, რომ ოჯახი არ დავღუპე და შვილები გზაზე დავაყენე, რაღაცას მაინც გამოვრჩი ამ ოხერ დროსაო – ასე პასუხობს ხოლმე რომელიმე ძველი ნაცნობი გაუფრთხილებლად თუ შეეკითხება: მიმდინარე მოვლენებზე რას ფიქრობო? ადვილად ღიზიანდება ხოლმე. სამაგიეროდ არცთუ დიდი ხნის წინათ ახალი სათამაშო აღმოაჩინა – ფეისბუკი. დარეგისტრირდა მოგონილი გვარ–სახელით, შემოიმატა „ფრენდები“ და ზოგჯერ, კარგ ხასიათზე თუა, ჭორაობით ირთობს თავს.

სარკეში რომ იყურება, საკუთარი ნაკვთების ცნობაც კი უჭირს – უბრალოდ არ სჯერა. ნუთუ ასეთი იყო ორმოცი ან, თუნდაც, ოცი წლის წინათ? ამჟამად სარკიდან სამოცი წლის ჭაღარა კაცი იყურება. სამოცი ცოტა როდია, მაგრამ არც იმდენი, რომ სამომავლოდ არანაირი გეგმა არ ჩაიფიქროს. ბოლო–ბოლო ფილოლოგია, გაზეთში ნამუშევარი, შეიძლება დაწეროს კიდეც რაიმე ახალი – დროსა და ადამიანებზე.

და მზაკვრული აზრი თვითმკვლელობაზე არასოდეს ებადება – სარკეში შემხედვარესაც კი.

დაისის ოდნავ დანესტიანებული ჰაერი კი ისევ ისეთი ნაზი და საამურია, როგორიც იყო მაშინ, ადრეულ გაზაფხულზე, სამოცი წლის წინათ, როდესაც მან პირველად ამცნო სამყაროს თავისი პატარა ფილტვებით: ადამიანებო, ეს მე გეახელით დედამიწაზე – ერთადერთი და განუმეორებელი. კეთილ ინებეთ და გზა მომეცითო!

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button