ბიოგრაფია

გიორგი სააკაძე – Giorgi Saakadze ბიოგრაფია

 დაახლ.1570-1629

საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს გაერთიანებისათვის აქტიური მებრძოლი, „დიდი მოურავი“.

გამოჩენილი ქართველი მხედართმთავარი, საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე  გიორგი სააკაძე დაიბადა 1570 წელს სიაუშ სააკაძისა და თამარ ბარათაშვილის ოჯახში. გიორგის წინაპრები აზნაურები იყვნენ. მათი გაძლიერება XVI საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. როცა გიორგის მამა სიაუში მეფის სალაროს მოლარე, ხოლო  ბიძა ზურაბი – მეფის სახლთუხუცესი გახდა. თავიდან სააკაძეები სოფელ ფელში ცხოვრობდნენ, იგი მდინარე ატენის ზემო წელზე მდებარეობდა, ხოლო გიორგის დაბადების შემდეგ, სიაუშ სააკაძის ოჯახი სოფელ ნოსტეში ჩამოსახლდა. აქ ჰქონდათ სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია. ამას გარდა სააკაძეები ფლობდნენ 40-მდე სოფელს, ყმა გლეხებსა და აზნაურებსაც. ერთაწმინდაში მდებარეობდა სააკაძეების საგვარეულო მონასტერი, რომელიც მათი საძვალეც იყო.

გიორგი სააკაძემ იმ დროისათვის კარგი განათლება მიიღო. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით. გიორგი ჯერ კიდევ სვიმონ Iდის ხელმძღვანელობით იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ, შემდეგ მონაწილეობას იღებდა გიორგი X-ის მიერ წარმოებულ ლაშქრობებში. ლუარსაბ II-ის გამეფებისთანავე მხარში ამოუდგა მას და მალე თბილისის, ცხინვალისა და დვალეთის მოურავი გახდა. 1809 წელს, როდესაც ლუარსაბ მეფის შესაპყრობად ქართლში ოსმალთა და ყირიმელ თათართა ჯარი შემოვიდა, სააკაძე ჯერ სხერტის ჭალაში შეებრძოლა მტერს, ხოლო შემდეგ ტაშისკართან. აქ პირველად გამოვლინდა მისი საბრძოლო ნიჭი: ახალციხისკენ მიმავალ მტერს გზა მოუჭრა და აიძულა ბრძოლაში ჩაბმულიყო. ქართველებმა  სასტიკად დაამარცხეს რიცხვმრავალი მტერი, თუმცა სააკაძეს კარგად ესმოდა, რომ ეს გამარჯვება ვერ უზრუნველყოფდა ქვეყნის უშიშროებას. მისი აზრით, საჭირო იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება და თავადების ალაგმვა, შინაფეოდალური ომების აღკვეთა, გლეხების მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა ქვეყანას ეკონომიური განვითარებისა და თავდაცვის საშუალება ჰქონოდა. სააკაძე მფარველობდა და აწინაურებდა წვრილ აზნაურებს, ხელს უწყობდა გაბნეული გლეხობის თავის სამკვიდროზე მობრუნებას. ქართლის ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებაზე ზრუნვა ფაქტიურად საქართველოს ერთიანობის წინაპირობა იყო. ყოველივე ეს დიდებულთა მრისხანებას იწვევდა. ისინი ჯერ ამრეზით უყურებდნენ აზნაურ სააკაძის მცდელობებს, მაგრამ მას შემდეგ რაც ლუარსაბ II-ემ სააკაძის და შეირთო ცოლად  და რეალურად შესაძლებელი გახდა  მისი ჩანაფიქრის ხორცშესხმა, დიდებულებმა მისი თავიდამ მოშორება განიზრახეს. ბერი ეგნატაშვილი გვაუწყებს: „მაშინ თავადთა  და დიდებულთა  ქართლისათა და რომელიცა არ იყო მოურავის მოყუარე (ე.ი.მომხრე) იწყინეს… და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა“. ჯერ მეფე დაარწმუნეს მის ღალატში „სააკაძეს მეფობა უნდაო“, შემდეგ 1612 წელს გიორგი სანადიროდ დაიბარეს წავკისში და ნადირობის დროს მისი მოკვლა განიზრახეს. შეთქმულებას მოურავის წინააღმდეგ ხელმძღვანელობდნენ ქართლის დიდებული თავადები: შადიმან ბარათაშვილი და ფარსადან ციციშვილი, მაგრამ სააკაძე მისმა ერთდერთმა მომხრემ ბააკა ხერხეულიძემ გააფრთხილა. გიორგი მიხვდა, რომ მას ქართლში აღარ ედგომებოდა. სამშობლო დატოვა და ოჯახთან ერთად ირანში გაიხიზნა. მისი ყმადმამული თავადებმა დაიტაცეს.

გიორგი სააკაძე შაჰის კარზე მალე დაწინაურდა, იგი თან ახლდა შაჰ-აბასს 1614-1616 წლებში ქართლ-კახეთში მისი ამაოხრებელი ლაშქრობებისას. ცდილობდა ირანის შაჰის ხელით ანგარიში გაესწორებინა ქართლში დარჩენილ მტრებთან და  მას შემდეგ, რაც შაჰდაბასმა დატყვევებული ლუასაბ მეფის ნაცვლად ქართლში მცირეწლოვანი სვიმონი გაამეფა პირველობასაც მიაღწია: იგი სვიმონ მეფის მეურვე გახდა და 1616-1620 წლებში შაჰის დროშის ქვეშ ფაქტობრივად ქართლის მმართველი იყო, მაგრამ მალე სიტუაცია შეიცვალად 1625 წელს შაჰდაბასმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ჯარი გამოგზავნა, რომელსაც სათავეში წარმოშობით სომეხი ყარჩიხადხანი ჩაუყენა. შაჰს განზრახული ჰქონდა კახელების სრული ამოწყვეტა, ქართლელების აყრა და ირანში გადასახლება. მტერს თან ახლდნენ გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. შაჰი ქართველების ხელით აპირებდა ქართველების დამარცხებას. სააკაძე მიხვდა საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას და ზურაბ არაგვის ერისთავთან და თეიმურაზ I-თან ერთად აჯანყდა. 25 მარტს მარტყოფის ბრძოლაში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს შაჰის მიერ ქართლის ასაოხრებლად გამოგზავნილი ირანელთა ჯარი. ამ ფაქტით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ისპაჰანში მძევლად დატოვებული გიორგის უმცროსი ვაჟი პაატა სააკაძე. მარტყოფის ბრძოლას მარაბდის ბრძოლა მოჰყვა. გმირულ ბრძოლაში ქართველები, მართალია, დამარცხდნენ, მაგრამ ეს დროებითი მარცხი იყო. 1625 წლის ბოლოს გიორგი სააკაძის ბრწყინვალე სარდლობით მთელი ქართლ-კახეთი (თბილისის გარდა) ყიზილბაშთაგან გაწმენდილი იყო. ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. ირანმაც თავისი მარცხი სცნო და საქართველოს „გათათრებაზე~~ ხელი აიღო. სამწუხაროდ, სწორედ ამ კრიტიკულ დროს გიორგი სააკაძეს კვლავ  პატივმოყვარეობამ სძლია. იგი ვერ შეეგუა თეიმურაზ I-ის მბრძანებლობას და განუდგა მას. დაიწყო სამოქალაქო ომი…1626 წლის ნოემბერში ბაზალეთთან მომხდარ ბრძოლაში თეიმურაზ I-მა და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს სააკაძის და მისი მომხრეების ჯარი. გიორგი სააკაძე ამჯერად ოსმალეთში გაიქცა და სულთნის სამსახურში ჩადგა. აქ მისი კარიერა წარუმატებლად განვითარდა – მოშურნე ხუსრევ ფაშას დასმენით გიორგი სააკაძეს ღალატში დასდეს ბრალი და 1629 წლის 3 ოქტომბერს ქ. ალეპოში უფროს ვაჟთან ავთანდილთან და მასთან მყოფ ორმოც მომხრესთან ერთად  თავი მოკვეთეს.

სააკაძის წინააღმდეგობრივი ბუნება, მისი პოლიტიკური ორიენტირი დღემდე გულგრილს არ ტოვებს ქართველობას, ხოლო მისი ცხოვრება, სრულიად სამართლიანად რჩება განსჯისა და კამათის საგანი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button