პოეზია

შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი: შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
“არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,
ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად;
იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,
ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,
რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად,
ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად!

მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს,
ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს,
ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,
ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.

მობრუნდეს. ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,
ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
“თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა”.

ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული;
ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული,
ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური, სით მოსრული?
მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული”.

ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:
“ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია,
მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,
მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

“მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.
თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია,
გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?

“შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,
პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,
გიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,
შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა მიდენით.

“ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,
ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ,
ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

“ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია.
მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,
ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია;
აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

“მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა,
მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა».
სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!

“აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;
ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა;
მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა”.

ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,
იტყვის: “მახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი;
ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

“რას მაქმნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით?
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით.
რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,
აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.

“მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი, ვნახე,
ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,
თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე.
ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რას დავასახე!

“კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,
მას გავექცევი, ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება;
მათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,
ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

“აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა!
ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,
გარჯილხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!”

ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?
მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!
სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,
რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

“ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;
დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა;
იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,
შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”

ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების;
მიკვირს, თუ: ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,
შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!

“წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად.
მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად!
მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად”.

ასმათ უთხრა: “ცრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა ერგების!
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!
ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,
ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების.

“მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
ნუთუ ყოს ღმერთმან გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა!
თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.

ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული;
ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული;
რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!
კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

“კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაც არა დანაბადია!
მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია,
კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია;
აწ ლხინთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია.

“მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთით მზითა
ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
პირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა,
კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა”.

ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს;
ღმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!
შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”.

ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე,
დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;
მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე,
მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;
ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა,
მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

მოთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,
ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!
ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!”

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button