ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – მარტოობა

ჩემო დათუნა და მზია, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სადა ხართ, შვილებო, რატომ არ ჩამოდიხართ, ასე რად დამანატრულეთ თქვენი თავი?! აქ ყველაფერი დამწიფდა, თხილიც შემოვიდა, ცვივა და ცვივა. ორი ზოლიანი პარკი გაგივსეთ, მზეზე გავახმობ და ზამთრისთვის შეგინახავთ. მაგრამ ქართულ გულაბს რა ვუყო, ბორბალა მსხალს რა ვუყო, ან ამოდენა ჭანჭურები სად წავიღო, ან ყვითელი ატამი! ბაზარ-ბაზარ მე ვეღარ ვივლი, შვილო! გავჩირო? ლასტებიც აღარა მაქვს, რაც ძველები იყო, ისიც სულ დაიშალა. თან შარშანდელი ჩირიც არ გაგითავებიათ. დამამზადებელს ჩავაბარებდი, მაგრამ ზედ დამკრეფი არავინა მყავს, ძირნაყარ მწიფეს კიდევ არ იბარებენ. მთელ ჩვენს უბანში სულ ბებრებიღა ვართ შინა. ფეფელა, ნიკა ძია, აირუმი მკუპრავი, ძულიაანთ ქალი, ნატაშა, კოჭლი ალექსანდრე, იმისი ცოლი – საცოდავი ფშავლის ქალი, ამას წინათ წნევამ დაარტყა და ძლივს მოვაბრუნეთ, – ნინა ძალო, დარეჯანი და მე. ჩვენც ერთმანეთის დანახვა აღარ გვინდა. შევხვდებით და ავზუზუნდებით ფუტკრებივით: „არავინ ჩამოგივიდა, დარეჯან?“ „შენა, შენებისა ხომ არაფერი გაიგე, ელისაბედო?“ ვიკავებთ თავს, მაგრამ როდემდის, ბებო გენაცვალოთ თქვენ, ვიკავებთ თავს და მერე გავაპარებთ მოსახვევის ყურს თვალებისაკენ.

გუშინღამ დიდი წვიმა იყო, მოვარდა ერთი ცოფიანი ქარიც, იჭექა, ირუხრუხა, ცოტა ხორხოშელაც წამოურია, მაგრამ არაფერი გაუფუჭებია. დილით, ბაღში რომ გავედი, გავშტერდი, ისეთი რამე ვნახე: მთელი ქართული გულაბი სულ ძირს იყო ჩამოსული, ეყარა ნაწვიმარ მწვანე ბალახში ყვითლად, სასიამოვნოდ, კალოსავით მრგვლად. ავიღე ერთი, სუფთა, უხალო, მერე მეორე, მერე მესამე და მეოთხე. მერე გავიფიქრე, ვისთვის ვაგროვებ-მეთქი. მე ხომ ერთი გულაბი მთელ დღეს მეყოფა ჭირადაც და ლხინადაც. მეზობლებს მივაწოდო? იმათ ჩემზე მეტი აქვთ. დავყარე ისევ ის გულაბები, ჩავჯექი ბალახებში და ამომიჯდა გული. რისთვის ჩაიკლა თავი ამ ბაღში და მამულში პაპათქვენმა? რისთვის მოვიძულეთ მიჯნებზე ჩხუბით მეზობლები?

მოსულიყო მურა და ამომდგომოდა გვერდზე, წკმუტუნებდა, თავს მხარზე მადებდა. ესღა მყავს ხმის გამცემად, ეს საცოდავი. ესეც დაბერდა, შავი ცხვირი სულ გაუჭაღარავდა. ამას წინათ თუშების ძაღლებმაც ჩათეთქვეს.

ღნავალას თავისი საქმე აქვს, იმ თავმკვდარს ოთხი კნუტი დაუგდია გაბრო პაპას სათივეში, სანამ კარგად არ წამოზარდა, დაბლა არ ჩამოუყვანია. როცა ჩამოიყვანა, უკვე დაპეწილი, დამუსლუკებული კნუტები იყვნენ, სულ წითურები, თვალჭრელები, ვიღა გადაუყრიდა! დადიან ახლა ფარად: ღნავალა, ბაზო, ხატო და ეს ოთხი კნუტი. სახელებიც არა აქვთ, ჩამოდით და თქვენ დაარქვით. დილას ღნავალას ერთი დიდი თაგვი ეჭირა, მიდიოდა ის და მისდევდნენ თამაშ-თამაშით სხვები, შინ არც კი შემოდიან, ბაზოსა და ხატოს მეტი.

თქვენმა ჟრუნა ციცარმა ფეხი მოიტეხა მესერზე, – გაჩეხილ ფიცარში ჩაეჭედა და ჩამოეკიდა. შევუხვიე, დავუარტახე და მოურჩა. ცოტათი კი კოჭლობს. თაფლი ამოვაღებინე, ერთი სკა სუსტი იყო, მეორიდან თორმეტი კილო ამოვიდა. თავკვერიც დამწიფდა. ღამღამობით ჭოტი მოდის ხოლმე კაკალზე, ზის და იძახის მთელ ღამეს: – ჭყუუტ! ჭყუუტ! ჭყუუტ! – გამიკრთება ძილი და ვუგდებ იმის ხმას ყურს. ხანდახან მეშინია, ვაითუ ამ მარტოობაში მეც ჭოტად ვიქცე და ვიარო ხიდან ხეზე, ნანგრევიდან – ნანგრევებზე. ბოლოს, როდის-როდის იყივლებენ მამლები, აჟღურტულდებიან მერცხლები.

ჩამოდით, ჩამომხედეთ, შვილებო, გამახარეთ. ჩემს გახარებას არა ვჩივი, თქვენ გაიხარეთ. როგორ დავიჯერო, ჩვენი ხევის სიო არა სჯობდეს მაგ გადახრიოკებულ მწყნეთის ჰაერს. ჩაქრეს ეგეცა და მაგის ჰაერიც! მანდაური ხომ არაფერი იჭმება, რამდენი ვინმეს ხელში უნდა გაიაროს, სანამ თქვენამდე მოვიდოდეს. მერე მწყნეთელები!.. აი, რატომ ღმერთი არ გაიცინებს, რომ ეგენიც ქვეყნის მარაქაში გავიდნენ!

ჩამოდით, შვილებო, მამასა და დედას თუ არა სცალიათ, თქვენ ჩამოდით. ჩიტის რძეს არ მოგაკლებთ, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სულ ახალ-ახალ კარაქს გაჭმევთ, ნინა ძალოს მეორე ძროხამაც მოუგო, კვერცხსაც მიდებენ ქათმები. წიწილებიც დაიზარდნენ. ჩამოდით, შვილებო, სხვა არა იყოს რა, ყმაწვილის ფეხი სჭირდება ჩვენს ეზოსაც, თორემ საცაა, ბალბა და ჭინჭარი გადაუვლის მთლიანად

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button