ზღაპარისაბავშვო

დედა

ერთხელ დედა ძალიან გააბრაზა გელამ. წადი, მომშორდი, დაუყვირა დედამ და ზურგი შეაქცია.
„დედას არ ვყვარებივარო“, – გაიფიქრა გელამ და ოთახიდან ფეხაკრეფით გაიპარა. კარგა ხანს იწრიალა ეზოში. რაკი დედა უკან არ გაეკიდა და თავისებურად არ მოეფერა, დაამტკიცა, ნამდვილად არა ვყვარებივარო. ეზოდანაც შეუმჩნევლად გაუჩინდარდა და სასოფლო გზას დაადგა.
მიდის გელა და უკან არ იყურება. სოფელს რომ გასცდა, ტყე დაიწყო, მაგრამ ვერც ტყემ შეაშინა. მიდის და მიდის უკანმოუხედავად. შემოხვდა მგელი.
– სად მიდიხარო?
– დედაზე უკეთესს ვეძებო.
– ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბატკანით გამაძღარი ვარ და, სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?
მგელმა პირიც არ ახლო და გზას ბარაქა დააყარა გელამ.
შემოხვდა დათვი.
– სად მიდიხარო?
– დედაზე უკეთესს ვეძებო.
– ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბევრი თაფლი გეახელი და… სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?
დათვმა პირიც არ ახლო და გელამ ისევ გზა განაგრძო.
შემოხვდა ბერიკაცი!
– სად მიდიხარ, კარგო ბიჭოო?
– დედამ სახლიდან გამომაგდო და უკეთესს ვეძებო.
– შვილად აგიყვანდი, მაგრამ დედობას მაინც ვერ გაგიწევ და რა გაეწყობაო.
მიდის გელა, მიდის და შემოხვდა დედაბერი.
– სად მიდიხარ, ლამაზო ბიჭოო?
– დედაჩემმა სახლიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებო.
– შვილად აგიყვანდი, მაგრამ რაკი დედას გამოჰქცევიხარ, ჩემთანაც არ გაჩერდებიო.
დედაბერმაც განი მისცა და გელამ ისევ გზას ბარაქა დააყარა.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ პატარა მდინარეს გადააწყდა. მდინარის ნაპირას ვიღაც ტიტლიკანა ბიჭი ჩხირკედელაობდა. გელას დანახვაზე ფეხზე ადგა და მისკენ წამოვიდა.
– ვინა ხარ და საით გაგიწევიაო?
– დედამ შინიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებო.
– დედა რა არისო?
– დედა ის არის, ვინც გაგაჩინაო.
– არ ვიცი, ვინ გამაჩინაო.
– როცა წაიქცევი, ვინ წამოგაყენებს და დაგაჩუმებს ხოლმეო?
– არავინ არ წამომაყენებს ხოლმე. მე თვითონა ვდგები და ვჩუმდებიო.
– საჭმელს ვინ გიმზადებსო?
– საჭმელი ხეებს ასხია. პანტა-მაჟალოთი გავდივარ იოლას. ზოგჯერ კენკრასაც ვშოულობო.
– ჩაის ვინ გიდუღებს და გასმევსო?
– ჩაი არც გამიგია, წყალსა ვსვამო.
– მაშ არ იცი, დედა რა არის და შვილი რა არისო?
– არ ვიცი. ოღონდაც გამაგებინე და მშვილდ-ისარს გაგითლიო.
მშვილდ-ისრის ხსენება ძალიან გაუხარდა გელას, მაგრამ მაინც ყოყმანი დაიწყო:
– მე შინიდან გამომაგდო და შენ რას გიზამსო?
– მაინც მაჩვენე და თუ არ მომეწონება, ისევ აქ წამოვიდეთო. აი, ეს მდინარე მთლიანად ჩემია. ხან ასე ვიხტუნოთ და ხანაც ისე, აქ ვიცხოვროთ და კენკრა ვჭამოთო.
გელას ძალიან მოეწონა ტიტლიკანა ბიჭის აზრი. ტანზე თავისი პერანგი ჩააცვა, ასე სირცხვილიაო, ჩაჰკიდა ხელი და უკან დაბრუნდნენ.
შემოხვდათ დედაბერი.
– ბიჭს ბიჭი მიმატებია და ორი შვილი გამხდომიაო.
– ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის. უნდა ვაჩვენო და მერე მოგივალო.
– რაკი დედასთან მიდიხართ, თქვენთან რა ხელი მაქვსო?!
შემოხვდათ ბერიკაცი.
– მოზვერს მოზვერი მიმატებია და უღელი გამხდომიაო.
– ეს ბიჭი დედაჩემთან უნდა წავიყვანო და თუ დედაჩემი არ მოეწონა, შენთან მოვალთო.
– რაკი დედასთან მიდიხართ, რა გაეწყობაო?!
შემოხვდათ დათვი.
– ლუკმას ლუკმა დამატებია და ისევ კარზე მომდგომიაო, ახლა ორივეს შეგახრამუნებთო.
– ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის, ვაჩვენებ და მერე მოგივალთო.
– რაკი დედასთან მიდიხართ, მიპატიებია. დედის ცრემლისა ძალიან მეშინიაო.
იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი.
– ფერდებიც დამცარიელებია და ბიჭებიც თავიანთი ფეხით მოსულანო.
– ჯერ ნუ შეგვჭამ, ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის და დედასთან მიმყავსო.
– რაკი დედასთან მიდიხართ, შეჭმას ვეღარ გაგიბედავთ. დედის წყევლისა ძალიან მეშინიაო.
მგელიც ჩამოეცალათ და ბიჭები სოფლის გზას გაუდგნენ.
იარეს, იარეს და… ეზოში რომ შევიდნენ, დედა კიბეზე იჯდა და მწარედ მოთქვამდა. სულ ცრემლად იღვრებოდა.
– აგერ, დედა რა არისო, – დაანახვა გელამ.
დედამ გაიგო შვილის ხმა. წამოხტა, ეცა და გულში ჩაიკრა. ხან ტიროდა და ხან იცინოდა. ჰკოცნიდა და ეხვეოდა. შვილის ალერსით რომ გული იჯერა, მაშინღა შენიშნა უცხო ბიჭი.
– ეს კარგი ბიჭი საიდან მოიყვანეო?
– დედა არა ჰყავს და შენთან წამოვიყვანეო.
დედამ შვილს ხელი გაუშვა და პატარა ბიჭს მოეხვია:
– იუ, შვილო, რა ცოდო ხარ, რომ დედა არა გყოლია… შენ გენაცვალე და შენი ჭირიმე, დარჩი ჩემთან და ჩემი შვილის ძმა იყავი, ძმა მაინც არა ჰყავსო.
პატარა ბიჭი სიხარულისაგან ატირდა. ამან უფრო აუჩვილა დედას გული.
– ნუ ტირი, შვილო!.. ნუ ტირი, შემოგევლე!.. დარჩი ჩემთან და აღარსად წახვიდე! ლამაზ შარვალსაც შეგიკერავ და ჭრელ წინდებსაც მოგიქსოვ.
– არ წავიდეთ?! – წასჩურჩულა გელამ.
– მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი და შენ სადაც გაგიხარდება, იქ წაბრძანდიო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button