ფილოსოფია

მაკა ლაშხია – შემეცნების საფეხურები პლატონის ფილოსოფიაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკითხი ცოდნისა და შემეცნების შესაძლებლობის შესახებ პლატონის დიალოგებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, უმეტესად იდეების სწავლებასთან მიმართებაში. ცოდნა, რომელიც შემეცნების გზით მიიღება ამ მოძღვრებაში არ ნიშნავს, რომ ის იმთავითვე იდეების სპეკულატიური ჭვრეტით იწყება, პირიქით „თეეტეტში”, (1) სადაც თემატიზირებულია შემეცნების სწავლების საფუძველმდებარე პრობლემები და მოცემულია მისი გადაწყვეტის რეკომენდაციები, მითითება, როგორც თეორიულ შესაძლებლობებზე, ისე გრძობით აღქმაზეა გაკეთებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პლატონის მოძღვრებაში აშკარაა კავშირი შემეცნების თეორიისა ონტოლოგიასა და ეთიკასთან. შემეცნების იდეალი ფენომენების სამყაროს გადალახვას, ადამიანის ფსიხეს განწმენდას, მის ზესვლას მდაბლიდან ამაღლებულისაკენ, და შესაბამისად, ღვთაებრივთან მიახლოებას (2) მოითხოვს. შეიძლება ითქვას შემეცნება აწანამძღვრებს ნათესაობას შემეცნების სუბიექტსა და შემეცნების ობიექტს შორის და ასევე ფილოსოფიურ დისპოზიციას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ფსიხეს გასვლას გრძნობადი ხილული სამყაროდან ჭეშმარიტების „მზისაკენ“ (3).

ადამიანის ფსიხე, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება, არის ის ინსტანცია, რომლის საშუალებითაც მას შემეცნება (4) შეუძლია, ასევე ის არის ზნეობრივი თვისებების მატარებელი და ამის გამო ზნეობრივი ქმედებების საფუძველი. ფსიხე არის ადამიანის ინტელექტუალური ცენტრი (5) და ფსიხემ, რომელმაც იცის რა არის სიკეთე, ზნეობრივად კეთილია. ამიტომაც შეუძლია მას, როგორც ამას ჩვენ „სახელმწიფოში“ ვკითხულობთ (6), გრძობადი სამყაროდან გამოსასვლელი გზა იპოვოს და თავისი მზერა იდეებისკენ მიმართოს (7). სწორად ამიტომ ადამიანის მისწრაფება შემეცნებასა და ჭეშმარიტებისაკენ იქცევა მისი ცხოვრების ფორმად (8).

ჭეშმარიტების წვდობა მხოლოდ ცოდნაში შეიძლება იყოს დაფუძნებული, მას შეხედულებით ვერ მიაღწევ, თუნდაც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში შეხედულება სისწორით გამოირჩეოდეს. ამიტომ პლატონი ცოდნას და შეხედულებას ერთმანეთისგან განასხვავებს, რამდენადაც ცოდნა მხოლოდდამხოლოდ იმ საგნებით შემოისაზღვრავს თავს, რომლებიც უცვლელნი არიან და ამიტომ ნათლად და ცალსახად შეუცდომელი ცოდნის ობიექტები არიან. შეხედულება კი ორიენტირებულია იმ საგნებზე, რომლებიც ცალსახად განსაზღვრას არ ექვემდებარებიან. სწორედ ამიტომ შეხედულებამ შეიძლება დაუშვას ისეთი შემეცნება, რომელიც მართალია, ანუ არა აუცილებლებლობით მცდარი, მაგრამ პოტენციურად ნაკლული და შეცდომის თავის თავში მატარებელია. ასეთი უცვლელი საგნები, რომლებიც ჭეშმარიტი ცოდნის საფუძველზეა მხოლოდდამხოლოდ შესაძლებელი, იდეებია. იდეებს პლატონისთვის, თანამედროვე გაგებით ისეთი აბსტრაქტული ცნებები წარმოადგენენ, როგორიცაა სამართლიანობა, სიმამაცე, მშვენიერება, სიკეთე. ისენი პლატონისთვის ჭეშმარიტ ნამდვილობას წარმოადგენენ, რომელთა მიმსგავსებული ხატები ცალკეული ქმედებანი და ობიექტებია (9).

როგორც ცნობილია სიტყვა იდეა მომდინარეობს ბერძნული eidos და idea–დან. ორივეს წარმოშობის ფესვებს წარმოადგენს eidenai ანუ „ხედვა.“ სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე პლატონისათვის იდეა არის ხილული გეშტალტი თუ ფორმა, რომელიც მართალია უხილავია ჩვენი თვალებისათვის, მაგრამ სწორედ სულიერი თუ გონებრივი თვალისთვის იხსნება, ასე ვთქვათ, მისთვის ხდება ხილული. ეს გონებრივი თვალები კი ფსიხეს, კერძოდ კი მის მაღალ (ამაღლებულ) ნაწილს გააჩნია, რომლის საშუალებითაც ადამიანს ჭეშმარიტად ჭეშმარიტის ანუ იდეების აზროვნება შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ იდეები ინტელიგიბელურები არიან. სოკრატეს მიერ კითხვის დასმაში, თუ „რა არის ეს“ უნდა ვეძიოთ პლატონის იდეების სწავლების საფუძველი.

ესეთი კითხვა მოითხოვს პასუხს, თუ რა არის საგნის არსი და ამიტომ სწორად მიიჩნევს ო. ჰენინგი, რომ ამ აზრით იდეები ესენციალებს წარმოადგენენ 10). როგორც უკვე აღვნიშნეთ პლატონის მოძღვრებაში შემეცნების სწავლება უშუალოდ არის დაკავშირებული ეთიკასთან, ხოლო ამასთან ეთიკა ადამიანური ქმედების საფუძველია, ამიტომ ამ შემთხვევაში იდეა (იდეები) არის არა მარტო პირობა შემეცნების შესაძლებლობისა, არამედ პირობა (ურთიერთ) გაგებინებისა.

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ყოველთვის ვიცით რა არის არსობრივად სამართლიანი, მამაცი, კეთილი, მშვენიერი და ა.შ. ჩვენ ვაღწევთ იმას, რომ ცალკეული ქმედებების კლასიფიკაცია მოვახდინოთ როგორც სამართლიანის, მამაცის, კეთილის, მშვენიერის და ა.შ. გამოდის, რომ იდეები აპრიორულები არიან და მათ ვერანაირი ცალკეული გამოცდილებიდან ვერ გამოვიყვანთ. შესაბამისად, იდეები ადამიანის მიერ ნაწარმოები და შექმნილები კი არ არიან, არამედ ადამიანს მათი მხოლოდ გაცნობიერება შეუძლია. იდეების გარეშე ადამიანებს არ შეეძლებოდათ ერთი და იგივეზე ესაუბრათ, ეს ნიშნავს მათ არ შეეძლებოდათ ერთმანეთის გაგება. სწორედ ამიტომ არიან იდეები პირობები ურთიერთგაგებინების შესაძლებლობისა. იდეები ამ ყოველივეს გამო არიან სწორედ შესაძლებლობის მომცემები კომუნიკაციისათვის და საგანთა წვდომისათვის, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ისინი უნივერსალიები არიან (11).

როდესაც პლატონთან ცოდნისა და შეხედულების განსხვავებაზეა საუბარი, ეს არ ნიშნავს, რომ ცოდნა და შეხედულება საქმის მდგომარეობის ჭეშმარიტად ჩათვლის თუ შეფასების ორი სხვადასხვა სახეობაა. ცოდნა და შეხედულება პლატონთან შემეცნების სახეობებებია, რომლებიც ობიექტის ხარისხით განისაზღვრებიან. ეს განსხვავება ცოდნასა და შეხედულებას შორის არის ცენტრალური მნიშვნელობის ამ სწავლებისთვის (12), სადაც შეხედულება გაგებულია, როგორც კოგნიციის დეფიციტური ფორმა, რამდენადაც ის გრძნობაზეა დაფუძნებული და ამიტომ სიცხადეს და სიმყარეს მოკლებულია. ეს ეპისტემოლოგიური დიხოტომია ცოდნასა და შეხედულებას შორის მიჩნეულია, როგორც პლატონის შემეცნების თეორიის კლასიკური გამოხატულება (13). მაგრამ პარმენიდეს მიერ მთლიანად ნეგატიურად შეფასებული შეხედულების სფერო, პლატონის ფილოსოფიაში გარკვეულწილად მაინც პოზიტიურ სახეს იძენს, რამდენადაც მას მიეწერება შემეცნების მასტიმულირებელი ქმედების შესაძლებლობა. შემეცნება საგნებისა და განსაკუთრებით უცვლელი, მარადიული საგნებისა ადამიანს შეუძლია იმდენად, რამდენადაც მას სული (ფსიხე) გააჩნია. ფსიხეს — იმ უკვდავი ნაწილის, რომლის საშუალებითაც სწორედ უცვლელ საგნებს იმეცნებს და თავად უცვლელ ერთს ემსგავსება — უკვდავი ნაწილის ფლობის საშუალებით ადამიანი მხოლოდდამხოლოდ შესაძლებელია, რომ იყოს ის, რითაც ის ადამიანია ანუ სამართლიანი და სიკეთის მქონე; პლატონთან ადამიანური ფსიხე ადამიანის ზნეორივი ინსტანცია გამოდის. ერთის მხრივ, ფსიხეს თითოეული ნაწილი თავად შეესაბამება შემეცნების ობიექტებს და საფეხურებს, ხოლო მეორეს მხრივ, შემეცნება ისეთი უმაღლესი იდეის, როგორიც სიკეთეა, უკვე ფსიხეს უმაღლესი ნაწილის მიერ უნდა იყოს შემეცნებული, მაგრამ ისე, რომ ამ პროცესში ფსიხეს უკვდავმა ნაწილმა თავის თავში უნდა მოიცვას შემეცნების ყველა საფეხური. თუ ფსიხეს ნაწილებს პლატონის მიერ ჩამოყალებებულ სოციალური ფენებს შევადარებთ, აშკარად ჩანს პარალელი ფსიხეს უკვდავი ნაწილსა და მმართველ ფილოსოფოსთა ფენას შორის.

ფილოსოფოსების აღზრდას და განათლებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ მათ მიერ უმაღლესი იდეის – სიკეთის – შემეცნების საფეხურებს, რაც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ნათლად წარმოაჩენს პლატონის „სახელმწიფოში“ სამი შედარება: მზის, წრფეებისა და გამოქვაბულის. პირველი — შედარება (14) სიკეთის იდეას ადარებს მზეს, აქ გამოიყენებულია მიმეტური მეთოდი. მზე არის ხილულთა სამყაროში იმის მიზეზი, რომ ჩვენ შეგვიძლია დანახვა; ეს იმავდროულად ყველა საგნის ზრდადობისა და ექსისტენცის საფუძველია. ანალოგიურად უნდა იყოს ნაწვდომი სიკეთის იდეაც. ჯერ ერთი ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ შეიძლება რაიმე ვიცოდეთ საერთოდ და მეორე, რომ საერთოდ რაიმეს შეუძლია ექსისტირებდეს და დადგინდეს როგორც ასეთი. აქედან გამომდინარე, როგორც ხილულ სამყაროში მზე არის შემეცნებისა და ყოფნის საფუძველი, ასევე სიკეთის იდეა შემეცნებისა და ყოფნის საფუძველია სააზროვნო, აზრის სამყაროში.

მზის შედარებაში მოცემულია სიკეთის იდეის შემდეგი ფორმულირება, რომ ეს იდეა, ყოფნის „იქით ძევს.“ (15) ეს ფორმულირება შეიძლება, მხოლოდ როგორც სიკეთის იდეის ყოფნის ტრანსცენდირებად იქნეს გაგებული (16). საერთოდ, რაც არის სიკეთის იდეა, მიუხედავად იმისა, რომ მზის შედარებაში ეს საკითხი განმარტებულია, ბოლომდე განვითარებული მაინც არ არის. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მზის სამყარო, მისი შუქი მხოლოდ მსგავსია სიკეთის იდეისა, მხოლოდ მისი ანარეკლია ხილულ სამყაროში, შესაბამისად, მისი შემეცნებაც მხოლოდ მიმსგავსებითი და არა არსობრივი იქნება.

მზის შედარებას „სახელმწიფოში“ მოყვება წრფეების შედარება (17). აქ ერთი წრფე 4 ნაწილად გაიყოფა, რაც სიმბოლურად ცოდნის საფეხურებს და შესაბამისად შემეცნების ობიექტებს აღნიშნავს. ხილულ სამყაროს შეესაბამება ვარაუდი (eikasia) და რწმენა (pistis), ხოლო ინტელიგიბელურს — განსჯითი აზროვნება (dianoia) და გონებრივი თვალსაზრისი (noesis). ცოდნის სახეებს შეესაბამება შემდეგი ობიექტები: „ჩრდილები“ (eikones) „ცხოველები და მცენარეები“ (zoa, phyta), როგორც არტეფაქტები, ფიგურები და რიცხვები, და ბოლოს, თვით იდეები. ნაწილების ერთმანეთთან მათემეტიკური ურთიერთმიმართება მკაცრად პროპორციულია. წრფეების დაყოფა ყოველთვის 1:2–თან მიმართებაშია და ეს ღირებულია, როგორც სამყაროების ერთმანეთთან მიმართებისას, ასევე შემეცნების ხატებისათვის ხსენებულ სამყაროებში.

როგორც ვხედავთ პლატონმა გამოყო წრფის შედარებაში ერთმანეთისაგან იდეები და მათემატიკა. პლატონის ფილოსოფიის ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პლატონს მათემატიკისა და იდეების დიალექტიკის ერთმანეთისაგან გამოყოფისათვის ორი საფუძველი ჰქონდა (18).

პირველი არის ის, რომ მათემატიკა დაკავშირებულია გრძნობად აღქმასთან, ის თვალსაჩინოებას საჭიროებს და ამიტომ ვერ შორდება მთლიანად გამოსახულებაზე დამოკიდებულებას. ეს პლატონისათვის ნათელია თუნდაც იმ მაგალითიდან, რომ გეომეტრი თავისი საქმიანობისათვის საჭიროებს წრის ან წრფის ნახაზს (19). მეორე საფუძველი მათემატიკისა და იდეების დიალექტიკის ერთმანეთისაგან გამოყოფისათვის, არის, ის, რომ მთემატიკა პლატონთან ჰიპოტეტურია; ენ ნიშნავს, რომ ის თავის თავში ვერ პოულობს ძალებს ინტელიგიბელურის დაფუძნებისათვის. ამდენად განსხვავება მათემატიკასა და იდეების სწავლებას (დიალექტიკას) შორის თავის თავში მოიცავს განსხვავებას, რაც წანამძღვრის ქონასა და არქონაში გამოიხატება. პლატონის აზრით, მხოლოდ დიალექტიკას შეუძლია თავისი წანამძღვრის მოპოვება. შესაბამისად, მათემატიკა მიუხედავად იმისა, რომ იგი შეხედულების სფეროს არ განეკუთვნება, მაგრამ თეორიული ცოდნის დასაწყისს აფუძნებს, თავისი არსით თავისი თავის დამაწანამძღვრებელი არ არის და ამიტომ, იგი ვერც თავის თავში ჭეშმარიტი ცოდნის შემცვლელი იქნება და ვერც შემეცნების საშუალება და ბოლო ინსტანცია აბსოლუტური ცოდნის მისაღწევად. ის უფრო მეტად შუალედური საფეხურია შეხედულებასა და (ჭეშმარიტ) ცოდნას შორის. შეიძლება ითქვას, მათემატიკა განსჯის საფეხურს განეკუთვნება და ის, ისევე როგორც შეხედულება, კონსტიტუტიურია მთლიანი შემეცნების გზისათვის. შედარების უმაღლეს საფეხურს პლატონის „სახელმწიფოში“ წარმოადგენს გამოქვაბულის შედარება. ის შეიძლება აღინიშნოს როგორც შემეცნების ძლიერებისა თუ უძლურების გამოხატულება. ის ასაბუთებს ცოდნის მოთხოვნას, რომ თავად მას ჰქონდეს ძალა და ავტორიტეტი (20).

პლატონი გამოქვაბულის შედარებაში ძველ მითოსურ წარმოდგენებს სამყაროზე გარკვეულწილად იყენებს, მაგრამ შეიძლება ითქვას მათ შემოატრიალებს და ჰომეროსის მიერ წარმოდგენილ ჰადესის ჩრდილთა საუფლოს ადგილას ხილული სამყაროს ჩრდილთა საუფლოს წარმოადგენს (21). რადგანაც სწორედ აქედან იწყება ადამიანური შემეცნების გზა და სწორედ ამ თავისი პირველი სამყოფელიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა შემობრუნება გრძნობადი სამყაროდან ინტელიგიბელურისაკენ. იმევდროულად ადამიანის შემეცნების საფეხურები აქ შეესაბამება მისივე ცხოვრების ტიპებსა და საფეხურებს (22). შემეცნების გზა, რომელიც აქ ხატოვნად არის გადმოცემული, გარდა იმისა, რომ არის აღმასვლა უკუნეთი სიბნელიდან შუქისაკენ, ის იმავდროულად არის გზა განთავისუფლებისაკენ, ადამიანის არა მარტო თავისუფლების საფეხურებისა და ხარისხის ჩვენებით, არამედ ზოგადად ადამიანის არსის, როგორც თავისუფლად-მყოფისა და თავისუფლად მოქმედის წარმოჩინებით. ეს გზა ცოდნით და შემეცნებით არის განპირობებული. ამგვარად, პლატონის მიხედვით, მხოლოდ ის შეიძლება თავისუფლად-მყოფი და თავისუფლად მოქმედი იყოს, ვინც არ არის მცდარი ცოდნის ბორკილებით შებოჭილი.

გამოქვაბულის შედარებაში კვლავ ბრუნდება წრფის შედარების შემეცნების ოთხი საფეხური. პირველი გვიჩვენებს დატყვევებულებს, რომლებიც გამოქვაბულში სხედან და შუქი მხოლოდ ცეცხლისაგან აქვთ და ისე არიან მიჯაჭვულები, რომ მხოლოდ გამოქვაბულის კედელს შეუძლიათ უყურონ, მათი მზერის საგანი ჩრდილებია (23). ეს შეიძლება აღნიშნულ იქნეს, როგორც EIKASIA-ს ანუ ვარაუდის საფეხური.

დატყვევებულების უკან ვიღაცეებს საგნები წინ და უკან დააქვთ. პლატონის მიხედვით, ტუსაღებისთვის საგანთა დამტარებელთა ხმა უშუალოდ კი არ არის მისაწვდომი, არამედ მხოლოდ ექო. გამოდის, რომ დატყვევებულებს მხოლოდ იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ თავიანთი გრძნობითი უნარებით – მხედველობითა და სმენით, ნამდვილი საგნები და ხდომილებები კი არ აღიქვან, არამედ მხოლოდ მათი ანარეკლები, ჩრდილები და ექო. გამოქვაბულის ადამიანებისათვის ეს არის მთელი მათი სამყარო. მოგვიანებით ერთ-ერთი დატყვევებული განთავისუფლებული იქნება და მისი მზერა კედლიდან, რომელზეც ჩრდილები ისახებოდა, უკან ცეცხლისა და საგნებისაკენ შემობრუნდება. დასაწყისში მას ცეცხლი აბრმავებს, მაგრამ თანდათანობით ის ხედავს საგნებს, რომლებსაც მანამდე კედელზე ჩრდილებად აღიქვამდა. ის ნელ-ნელა ხვდება, რომ აქამდე ჩრდილებს არა როგორც ჩრდილებს, არამედ როგორც სინამდვილეს ისე აღიქვამდა. ეს განთავისუფლების პირველი საფეხურია, რომლითაც განთავისუფლებული ადამიანი რწმენის (PISTIS) სფეროში იწყებს შესვლას.

გამოქვაბულიდან ამოსვლა საკმაოდ მძიმე და დამქანცველია. (24) ზემოთ ამოსვლის შემდეგ ის თავისუფლების სფეროში შეაბიჯებს, სადაც კიდევ ერთხელ ბრმავდება. თავდაპირველად ის სინამდვილის ანარეკლებს ხედავს ტბებსა და გუბეებში, ეს კი მათემატიკის საფეხურებს შეიძლება შევუდაროთ.(25) ბოლოს ის დაინახავს მზის სინათლეს და თავად მზეს. როგორც უკვე მზის შედარებიდან ვიცით, მზე განასახიერებს სიკეთის იდეას და ამიტომაც ვინც მას შეიმეცნებს, ის შემეცნების, ცოდნის ბედნიერებას ეზიარება. მისი წილხვედრი იქნება იმის ცოდნა, რომ არსებობს რაღაც უპირობო აბსოლუტური, რომლის წყალობითაც ყოველი საგანი თუ ხდომილება იძენს თავის შემეცნებადობასა და ყოფნას, რაც თავის მხრივ სიკეთის იდეასთან ზიარების წყალობითაა შესაძლებელი.(26) მაგრამ გამოქვაბულიდან ამოსული და ამის გამო ერთი შეხედვით განთავისუფლებელი, კვლავ უკან უნდა დაბრუნდეს და ეს გზა ისეთივე მძიმეა, როგორც ზემოთ ამოსვლისას იყო. მზის სინათლის ხილვის შემდეგ უკანდაბრუნებულისათვის გამოქვაბულის სიბნელეში შეუძლებელია რაიმეს შეცნობა.

უკანდაბრუნებული ჩრდილებში ისე კარგად ვეღარ ახერხებს ორიენტირებას, როგორც ჩრდილებში „განსწავლულები,“ რის გამოც ის შეიძლება დაცინვის ობიექტიც კი გახდეს. გამოქვაბულის შედარება ერთი შეხედვით გვიჩვენებს ადამიანის ინტელექტუალური მზერის გადამწყვეტ შემობრუნებას არაჭეშმარიტიდან ჭეშმარიტისაკენ. სიკეთის იდეით კი პლატონის ფილოსოფია საფუძველთა საფუძველს აღწევს.

გამოქვაბულის შედარების დასაწყისში ადამიანის მდგომარეობა წარმოდგება ისე, რომ მისი მზერა ანუ შემეცნება მიმართულია საგნებზე, როგორც მყოფებზე, რომლებიც მას ჩრდილის სახით მოეცემა და ამას ადამიანი ჭეშმარიტად თვლის. ადამიანი თავისი ბუნების შესატყვისად ყოველთვის რაღაც გარკვეულ მიმართებაშია ჭეშმარიტთან, როგორც მყოფთან და ჭეშმარიტებასთან, როგორც შემეცნების შედეგად მიღებულ ცოდნასთან. ამდენად, ადამიანად-ყოფნა თავად ნიშნავს მიმართებას ჭეშმარიტებასთან (27). რაც პირველი წარმოჩნდება ბორკილდადებულების მზერის წინაშე ეს არის ჩრდილები, მაგრამ მათ არ იციან, რომ ეს ჩრდილებია. ის, რომ ჩრდილი რაღაცის ჩრდილია, ეს ჭეშმარიტია, როგორც გამოთქმის, მსჯელობის სისწორე, მაგრამ ადამიანებმა არც ეს არ იციან. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ არ იციან ადამიანებმა, რომ რასაც უმზერენ ეს რაღაცის ჩრდილი და ანარეკლია? პლატონის მიხედვით, ადამიანი იმიტომ ვერ არჩევს ჩრდილს და ნამდვილს ერთმანეთისაგან, რომ მან არაფერი იცის თავად ცეცხლის, ცოდნის, ჭეშმარიტების შესახებ, რომელიც შუქისა და ჩრდილების სახით მხოლოდ (მო)ჩვენებითს იძლევა. ადამიანებმა ასევე არაფერი იციან იმ საგნებსა და ადამიანებზე, რომლებსაც შუქში ჩრდილების წარმოქმნა შეუძლიათ. ამიტომაა რომ ისინი კითხვასაც კი არ/ვერ სვამენ იმის შესახებ, თუ რა არის ეს? არის თუ არა ეს ჭეშმარიტი? რადგან ამ შემთხვევაში მათი მუნყოფნის არსს განეკუთვნება, რომ მათთვის ის „ჭეშმარიტია“ საკმარისი, რასაც უმზერენ. აქედან გამომდინარე, ის, რაც ადამიანების თვალწინ აქვთ და რასაც უმზერენ, (მო)ჩვენება კი არ არის, არამედ ნამდვილი, ჭეშმარიტი მყოფია.

იმდენად, რამდენადაც ადამიანი საგნებთან, როგორც მყოფებთან, როგორც მისი გარემოს მაკონსტიტუირებლებთან მიმართებაშია, თავადაც მყოფია. ადამიანს სხვა ადამიანებთანაც აქვს მიმართება, როგორც მყოფებთან. გამოქვაბულის ანალოგიის შემთხვევაში ბორკილდადებული ადამიანები, როგორც თავისი თავის, ისე სხვა ადამიანების ჩრდილებს და ანარეკლებს უმზერენ და ამიტომ მათ ამ შემთხვევაში, რეალურად აქვთ მიმართება არმყოფთან, როგორც არარასთან, რაც რა თქმა უნდა, პლატონის ფილოსოფიაში იმას არ ნიშნავს, რომ არარა არარსებულია,(28) არამედ იმას, რომ მის დიალექტიკაში იგი ყოფნასთან მიმართებაში მხოლოდ ნაკლულობით აღინიშნება და ამ აზრით მისი კონსისტენცია პოზიტიურობით აღინიშნება.

გამომდინარე იქიდან, რომ გამოქვამბულში პატიმრებს მიმართება საკუთარ და სხვა ადამიანის აჩრდილებთან აქვთ, მათ არაფერი იციან არც საკუთარი თავის და არც სხვის შესახებ.(29) თეორიულ-ფილოსოფიურად განხილული ეს ნიშნავს, რომ მათ არ შესწევთ ძალა საკუთარი თავის და სხვის შემეცნებისა. თუ საკითხს პრაქტიკული ფილოსოფიიდან შევხედავთ, გამოქვაბულში გამომწყვდეული ადამიანების ქმედებები და შეიძლება ითქვას, მათი არსებობა საერთოდ წინასწარ განსაზღვრულია სხვა არსებებისა თუ არსების (ანუ ღმერთის) და მათ მიერ დადგენილი ნორმების (ამ შემთხვევაში კულტის, მითოლოგიის) მიერ. მიჯაჭვულებმა კი ეს არ იციან, მათ არ იციან განსხვავება არა თუ ჭეშმარიტსა და არაჭეშმარიტს შორის, არამედ სწორსა და არასწორს შორის განსხვავებას (რაც განსჯის დონეზეა შესაძლებელი) ვერ ამჩნევენ.

ამდენად, ადამიანის იმ მდგომარეობას, რომელიც გამოქვაბულის შედარების დასაწყისშია გადმოცემული, სოკრატე, როგორც ყოველდღიურობას, ისე აღნიშნავს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი განსაზღვრულია გარეგანი, მისთვის უცხო ძალისა და ფაქტორების მიერ. ამ შემთხვევაში მას საკუთარი თავის გააზრება არ შეუძლია და ამდენად ის არასაკუთრობის ანუ არანამდვილობის მოდუსში ექსისტირებს. ამის მიუხედავად პლატონი ამბობს, რომ ადამიანები მაინც ჭეშმარიტების (aleteia) წინაშე (მასთან მიმართებაში) დგანან,(30) ანუ თუ მ. ჰაიდეგერის მსჯელობას გავყვებით, ეს ნიშნავს: ჭეშმარიტება (ანუ დაუფარაობა) იმისი, რასთანაც ადამიანს მიმართება აქვს, განეკუთვნება მის მუნყოფნას (31).

ჭეშმარტებასთან მიმართების ამ საფეხურზე უკვე იკვეთება აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანს მხოლოდ მიმეტური აზროვნების უნარი შესწევს და ამას იგი თავისი ფსიხეს მდაბალი ძალებით ახორციელებს. ეს კი, როგორც პლატონის მოძღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, მითო-პოეტური ცნობიერებისათვისაა დამახასიათებელი. გამოქვაბულის შედარების მიხედვით, შემეცნების მეორე საფეხური იწყება მაშინ, როცა ერთ-ერთ მიჯაჭვულს ბორკილებისაგან გაანთავისუფლებენ და იძულებულს გახდიან ადგეს და თავისი მზერა ჩრდილების გამომწვევ ცეცხლისა და საგნებისაკენ შემოაბრუნოს. ამ შემთხვევაში ადამიანის მზერა უკვე ჭეშმარიტებასთან მიმართებაში დგას. აქ პლატონი გამოიყენებს aletes აღმატებით ფორმას aletestera, რაც ითარგმნება, როგორც უფრო ჭეშმარიტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჭეშმარიტებას უკვე გარკვეული (მაღალი) ხარისხი აქვს. ჭეშმარიტება შეიძლება მეტად ან ნაკლებად ჭეშმარიტი იყოს. საგნები უფრო ჭეშმარიტები ან არაჭეშმარიტები ხდებიან, იმის მიხედვით, თუ ვინ უმზერს მას: გამოქვაბულში ბორკილდადებული ადამიანი თუ ბორკილებისაგან თავისუფალი და გამოქვაბულიდან ამოსული ადამიანი. გამოდის, რომ ჭეშმარიტებას ხარისხთან ერთად საფეხურებიც აქვს. შემეცნების წინსვლა, შესაბამისად, მისი ყოველი მაღალი საფეხური, მყოფთან მიახლოებას გულისხმობს.

შემეცნების მესამე საფეხურის წარმოჩენა უფრო მეტის მომცველია, ვიდრე პირველი ორისა. ამ საფეხურზე განიხილება ის ჭეშმარიტი შემეცნება, რომელიც ბორკილების ახსნით იწყება და სინათლესთან მიახლოებით სრულდება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულიდან დღის შუქზე ამოსული ადამიანი საგნების შემეცნებას თავისდაუნებურად საგნების პირველსაწყის ნათელში და თავად პირველსაწყისი ნათელის უშუალო მზერით კი არ იწყებს, არამედ აქაც იგი ჩრდილებისა და ანარეკლების მეშვეობით იმეცნებს მათ. ის, რომ მზის სინათლეზე ამოსული ადამიანი საგნების შემეცნებას ისევ პირველი საფეხურიდან იწყებს, ნიშნავს, რომ ეს საფეხური აბსოლუტური შემეცნებისთვის, როგორც ყველა დანარჩენები პროდუქტიულია, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი უკვე აღარ დგას აჩრდილების საუფლოში და მისით განსაზღვრული არ არის.

პლატონი „სახელმწიფოში“ თავად იძლევა მთელი გამოქვაბულის ანალოგიის განმარტებას.(32) გამოქვაბულიდან ამოსვლა და ზეარსებული საგნების მზერა ადამიანის ფსიხეს მიერ გონებით საწვდომ სფეროში შემეცნებას უტოლდება. ამ სფეროში კი ყველაზე ძნელად და ბოლოს საწვდომი სიკეთის იდეაა. სწორედ ამ იდეებში და მითუმეტეს უმაღლეს იდეაში მზერით ჩაწვდება ადამიანი (პლატონის მიხედვით) „რაც“ და „როგორც“ არის ყოველი მყოფი (საგანი), ანუ გაიგებს მყოფის ყოფნას და რადგანაც ადამიანი თავადაც მყოფია, ამგვარი შემეცნება თავად ადამიანის არსის, ანუ რა–და როგორ–ყოფნის გაგებას გახდის შესაძლებელს. ამ დროს ხდება ბორკილებისაგან ანუ არცოდნისაგან, რომელიც ამ შემთხვევაში მცდარ ანუ რელატიურ ცოდნასაც მოიცავს, განთავისუფლება. სწორედ ამ თავისუფლად-ყოფნის საფუძველზეა შესაძლებელი წვდომილ და შემენებულ იქნას ყოფნის ყოფნა, რაც თავად ცოდნისა და თავისუფლების, როგორც ერთიანობის უმაღლესი საფეხურია. ამ უმაღლეს საფეხურზეა შესაძლებელი უმაღლესი იდეის ანუ სიკეთის მზერა. ბუნებრივად ისმის კითხვა: რა არის ეს სიკეთის იდეა? როგორია ის?

უმაღლესი იდეა, როგორც სიკეთის იდეა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული მყოფის, როგორც საგნის იდეა, რადგან ის ბოლო ინსტანციაა, რომელსაც ადამიანი უმზერს და იმეცნებს. სიკეთის იდეის შემეცნება ნიშნავს ყოფნისთვის უფლებამოსილების მიცემას, რომ ის იყოს და ჭეშმარიტებას — საშუალებას, რომ ის მოხდეს, განხორციელდეს. (33)

პრინციპში თითქოს მთელი პროცესი დამთავრებულია, რადგან ადამიანს უმაღლესი მიზნისათვის მიღწეული აქვს. თუმცა სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. ჯერ ერთი, გარკვეულ უნდა იქნას ვინ არის ის ადამიანი, რომელიც შეძლებს აჩრდილების სამყაროს თავი დააღწიოს და მათგან საბოლოოდ განთავისუფლდეს. როგორც თავად გამოქვაბულის ანალოგია გვიჩვენებს, გამოქვაბულს მხოლოდ ერთი ბორკილდადებული ადამიანი ტოვებს. ამდენად აქ ადამიანის უნივერსალური ემანსიპაციის შესაძლებლობა არ ჩანს. როგორც ჰ. ბლუმენბერგი აღნიშნავს, განთავისუფლებული ხდება არა ადამიანი, როგორც ადამიანი, რადგან ცოდნისკენ აღმასვლა მხოლოდ ფილოსოფოსების ხვედრია და შესაბამისად, სიკეთის იდეის ჭვრეტა მათთვის ექსკლუზიური ხდება.(34) მაგრამ მზის შუქზე ამოსული კვლავ ბრუნდება გამოქვაბულში, რას უნდა ნიშნავდეს ეს? რატომ აკეთებს სიკეთის იდეების მჭვრეტელი ამას? მითუმეტეს რომ გამოქვაბულში დაბრუნებულს შეიძლება დამცირება და სიკვდილიც კი დაემუქრის იქ მყოფთაგან.

როგორც უკვე ვთქვით, სახელმწიფოს სოციალური აგებულება პლატონთან შეესაბამება ადამიანის ფსიხეს აგებულებას, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია შემეცნების საფეხურებთან. სამართლიანობა და ჰარმონიულობა პლატონისეულ სოციალურ გარემოში, თავის მხრივ, ერთმანეთს აწინამძღვრებენ და გარანტი არიან ჭეშმარიტი, იდეასთან მიახლოვებული ანუ იდეალისტური სახელმწიფოს არსებობისთვის. შესაბამისად შეიძლება ითქვას, პრაქტიკულ სფეროში სამართლიანობის იდეა, სამართლიანობა ინტელიგებელური სამყაროს სიკეთის იდეის ანალოგიურია (მაგრამ არა იდენტური) და მისი იზომორფული. სიკეთის იდეის ჭვრეტა ფსიხეს უმაღლესი ნაწილით არის შესაძლებელი, რასაც სოციალური სტრუქტურაში ფილოსოფოსი მმართველები შეესაბამებიან, ანუ ის მმართველები, რომლებსაც სხვებზე უფრო მეტად შეუძლიათ სამართლიანობის იდეის შემეცნება. ამიტომ, პლატონის მიხედვით, სწორედ ისინი უნდა მართავდნენ სახელმწიფოს, რათა ის სამართლიანად და ჰარმონიულად იქნას მოწყობილი. ასეთი სამართლიანი სახელმწიფო შრომის დანაწილების მოდელსაც გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და თანაც მაქსიმალურად სრულყოფილად. პლატონის მიხედვით, როგორც თავისუფალი ადამიანი უნდა მართავდეს ფსიხეს უმაღლესი ნაწილით უმდაბლესებს, რომ მათ ჭეშმარიტი ანუ თავისუფალი ცხოვრების გზიდან არ გადაუხვიონ, ასევე მმართველმა ფილოსოფოსებმა უნდა მართონ საზოგადოების დანარჩენი სოციალური ფენები, რომ მათ სამართლიანობის პრინციპებს არ გადაუხვიონ და თავიანთი მდაბალი მიდრეკილებების დაძლევაც შეძლონ. ამ აზრით ფილოსოფოსი მმართველი, არამარტო თავისუფლად მყოფები, არამედ განმანთავისუფლებელი მყოფებიც არიან (35). მართლაც, ისინი გამოქვაბულში დარჩენილებს, შეხედულების არმქონე ადამიანებს, აჩვენებენ გზას ყოველდღიური მოჩვენებითი სიცხადიდან, რომელიც მათთვის გარედან არის მოცემული, ჭეშმარიტი ცოდნისაკენ, როგორც სამართლიანობისაკენ. გამოდის, რომ ფილოსოფოსებს ძალუძთ გამოქვაბულში დარჩენილი ადამიანების მზერა მოჩვენებითიდან ყოფნისაკენ, არაჭეშმარიტი მოჩვენებითი ყოფიერებიდან ნამდვილი, ჭეშმარიტი ყოფიერებისაკენ მიმართონ. ამდენად, თავისუფლად-ყოფნა და განმანთავისუფლებლად-ყოფნა არა მარტო კოგნიტური აქტია, რომელიც შემეცნებით ხორციელდება, არამედ პრაქტიკული ქმედებაც, რომელიც მუდმივად ქმედების თანააქტორებსაც მოითხოვს. მსგავსი ქმედების დროს გამოქვებულში მყოფი ბორკილდადებული ადამიანები იწყებენ განსხვავებას მოჩვენებასა და ყოფნას, ანუ ჭეშმარიტსა და არაჭეშმარიტს, სამართლიანსა და უსამართლოს შორის, ანუ ისინი იწყებენ განთავისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლება მხოლოდ ფილოსოფოს მმართველთა ექსკლუზიური უფლება არ არის, თუმცა დიდწილად მათი დამსახურებაა და მათ გარეშე ვერ განხორციელდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტება (მის საფეხურებთან და მის მიღწევებთან ერთად) რაიმეს უცებ და ერთბაშად ფლობა კი არაა, რომელიც ფილოსოფოს მმართველებს საშუალებას და უფლებას მისცემდა მშვიდად ეცხოვრათ და მხოლოდ სხვების აღზრდისა და განათლებისათვის ეზრუნათ, არამედ ჭეშმარიტება, როგორც სამართლიანობა განთავისუფლებისთვის მუდმივი ქმედებაა, რომელიც ყოველთვის თანამონაწილეებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში ამას ფილოსოფოსი მმართველები აკეთებდნენ, ერთი მხრივ, ფსიხეს, ხოლო მეორე მხრივ, თანამოქალაქეთა აღზრდის საშუალებით.

***

1. Jorg Hardy, Platons Theorie des Wissens im Theaitet (Göttingen, 2001), 54
2 Michael Erler, Platon, Grundriß der Geschichte der Philosophie, Die Philosophie der Antike (Band 2/2, Basel, 2007), 354
3 პლატონი, სახელმწიფო, 518c
4 პლატონი, ტიმეოსი, 37a და შემდგომ
5 პლატონი, ევთიდემოსი, 295b-c
6 პლატონი, სახელმწიფო, 518c
7. H. Dörrie, M. Baltes, Der Platonismus in der Antike (Stuttgart-Bad Cannstatt 1996), 260-261
8. Pierre Hadot, Wege zur Weisheit – oder was lehrt uns die antike Philosophie? (Eichborn, Frankfurt am Main 1999), 75
9. Ottmann, Geschichte der politischen Denkens (B 1/2, Stuttgart-Weimar, 2001), 6
10. ibid
11. Platon, Phaidros, 102 a-b, Parmenides, 130 e და სახელმწიფო 596 a
12 Neville Richard Murphy, The Interpretation of Plato’s Republic (Oxford: Clarendon Press, 1960), 97-129
13 William Keith Chambers Guthrie, A History of Greek Philosophy (in: Plato, the Man and His Dialogues : Earlier Period, Volume IV, Cambridge, 1975), 487
14 პლატონი, სახელმწიფო, 506b-509b
15. პლატონი, სახელმწიფო, 509a
16. Hans Joachim Krämmer, Das Problem der Philosophenherrschaft bei Platon (in: «Philosophisches Jahrbuch», N74, 1966/1967), 254- 284
17. პლატონი, სახელმწიფო, 509c-511c
18. Robert Craigie Cross, A. D. Woozley, Plato’s Republic: A Philosophical Commentary (New York, 1966), 112-116, Julia Annas, An introduction to Plato’s Republic (Oxford. 1981), 278
19 პლატონი, სახელმწიფო, 509 c-511c
20 პლატონი, სახელმწიფო, 514a-519b
21. Krämmer, Das Problem der Philosophenherrschaft bei Platon, 261
22. Hannah Arendt, Zwischen Vergangenheit und Zukunft. Übungen im Politischen Denken I (München, 1994), 46 და 321
23. Günther Patzig, Platons Ideenlehre, kritisch betrachtet (in: Antike und Abendland 16, Göttingen, 1970), 120-123
24. პლატონი, სახელმწიფო, 515e
25. პლატონი, სახელმწიფო, 516a
26. Martin, Heidegger, Vom Wesen der Wahrheit. Zu Platons Höhlengleichnis und Theätet, (Gesamtaussgabe, B. 34, Frankfurt am Main, 1997) 95
27. Heidegger, Vom Wesen der Wahrheit. Zu Platons Höhlengleichnis und Theätet, 25
28. Krämmer, Das Problem der Philosophenherrschaft bei Platon, 260
29. Platon, Parmenides, 137c, 138a, 139c, 144d, 146d, 147c
30 პლატონი, სახელმწიფო, 518e-520e 161Heidegger, Vom Wesen der Wahrheit. Zu Platons Höhlengleichnis und Theätet
31. Heidegger, Vom Wesen der Wahrheit. Zu Platons Höhlengleichnis und Theätet, 28
32. Heidegger, Vom Wesen der Wahrheit. Zu Platons Höhlengleichnis und Theätet, 28
33. პლატონი, სახელმწიფო, 518e-520e
34. Hans Blumenberg, Höhlenausgänge (Frankfurt am Main, 1989), 19
35 Annas, Politics and Ethics in Plato’s Republic, 141-160

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button