ლიტერატურამოთხრობა

ქეთი ორჯონიკიძე–ქეისი – “ჩაძირულები”

(ციკლიდან “ემიგრანტული მოთხრობები”)

– დარწმუნებული ვარ, შეხვდებით ზუსტად ისეთს ქალს, როგორსაც ეძებთ. სამწუხაროდ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებით. წარმატებებს გისურვებთ! – უთხრა, სასწრაფოდ ადგა და იქვე დახლთან კარტოფილის ღვეზელების რიგში ჩადგა.
ასე რომ არ მოიქცეს, ზოგიერთი კაცის თავიდან მოშორება არც ისე ადვილია. დასხდებიან და ფეხს აღარ იცვლიან. თითქოს არ უნდათ დაიჯერონ თავიანთი წარუმატებლობა. წაბრძანდით, ბატონო, წარმოიდგინეთ, თქვენც შეიძ-ლე¬ბა უარგყონ.
– იმედია, მიხვდება და წაეთრევა – ფიქრობდა გულში გალია და შიშით იქით ვეღარ იყურებოდა. ლიმონიანი ჩაი, ცხელ-ცხელი კარტოფილის ღვეზელი აიღო და მაგიდისკენ ერთიანად შებრუნდა – წასულა! – აღმოხდა გახარებულს. კვლავ ძველ ადგილას მოკალათდა, სათვალე გაიკეთა და ჩანთიდან ფურცელი ამოიღო.
– ვნახოთ ერთი ვინ არის შემდეგი?! აჰა, ორ საათზე ვიღაც ვალოდია მოდის. 49 წლის, სტალინგრადიდან. ასაკი მომწონს, ხმასაც არა უშავდა – ფიქრობდა და მისთვის მილიონის საღირალ, 60 ცენტად ნაყიდი კარტოფილის ღვეზელით პირს იტკბარუნებდა. თან წელგამართული, კეკლუცად იჯდა და ირგვლივ ხალხს ათვალიერებდა.
კაფეში ძირითადად მოხუცი ემიგრანტები ისხდნენ და ძველი დროის მოსაგონებლად გაუთავებლად ჭამდნენ და ჭამდნენ ღვეზელებს. თან სულ გულში ჩაჰყურებდნენ, ამოწმებდნენ, კარტოფილი თუ იდო ბლომად . ძველ ამბებს იხსენებდნენ, როცა საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ და შიგა და შიგ ოხრავდნენ კიდეც.
– ოჰ ღმერთო, – აღმოხდა გალიას და უკმაყოფილოდ მიაჩერდა დაბნეული გარეგნობის კაცს, რომელიც კაფეში შემოვიდა და პირდაპირ მისკენ გაემართა.
– გალია, თქვენ? – შეეკითხა კაცი.
– მმმ, ვალოდია… – უთხრა ხმამაღლა, გულში კი გაივლო –ოჰ, “ბლინ”.
სწორედ ისეთი ტიპი იყო, რომ მასთან უბრალო საუბარიც კი დროის ფუჭად დაკარგვა იქნებოდა. ერთად სადილობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თვალის ერთი შევლებაც კმარა, მიხვდები, ჩაძირულია, დიახ, ჩაძირული! შეიძლება იქ, “სოიუზში” რამეს წარმოადგენდა, მაგრამ აქ, კაპიტალიზმმა ჩაძირა. ამერიკამ თავისი დაღი დაასვა, ვეღარ გაქაჩა…
როგორც ყოველთვის, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. გალიას ენა ჩაუ¬ვარდა, რადგან კვლავ იმედგაცრუებული დარჩა. კაცი კი არ ელოდა, გაზეთის საშუალებით ასეთ ქალს თუ გადაეყრებოდა.
გალიამ როგორც იქნა ძალა მოიკრიბა და ჰკითხა, – მიამბეთ თქვენს შესახებ?!
ვალოდია ვერ მიხვდა საიდან დაეწყო საკუთარი თავის წარდგენა. შემდეგ, როგორც ყველა ემიგრანტს სჩვევია, გადაწყვიტა, აქაური ამბები მოეყოლა.
– შვიდი წელია, რაც ამერიკაში ვარ. ცოლთან ერთად ჩამოვედი… მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიმატოვა. მდიდარი ამერიკელი მოძებნა. დეპრესიაში ჩავვარდი, თავის მოკვლა გადავწყვიტე, თუმცა ეს გრძელი ამბავია… – ხელი ჩაიქნია ვალოდიამ – საბოლოოდ ყველაფერმა ჩაიარა. დავრწმუნდი, რომ ცხოვრება გრძელდება. კიდევ მაქვს შანსი ბედნიერი ვიყო…
– ძალიან ვწუხვარ, ასეთი რამ რომ შეგემთხვათ, – გააწყვეტინა გალიამ. – რეგვენი ხარ და უგუნური! ყველაფერს მაინც ნუ ყვები ყეყეჩივით. შენმა ცოლმა მდიდარი ამერიკელი მოძებნა და მე შენ ერთი ნახვით შემიყვარდე? ვაი, შენს პატრონს უბედურს, – გაიფიქრა გულში.
– მშენებლობაზე მოვეწყე, – გააგრძელა ვალოდიამ, – ბევრს არ იხდიან, საათში 8 დოლარი არაფერია… აქვე, ბრაიტონზე ერთ ოთახს ვქირაობ, მართალია, სააბაზანო საერთო გვაქვს, მაგრამ სულ სამი ოჯახი ვსარგებლობთ.
– ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ. რას აკეთებდით იქ, “სოიუზში”? – ჰკითხა გალიამ მოუთმენლად.
– მე? – იკითხა დაბნეულმა ვალოდიამ.
– დიახ, დიახ, თქვენ!
– პროფესიით ქიმიკოსი ვარ, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განყოფილების უფროსი ვიყავი, ხარისხიც მაქვს… – მხრები აიჩეჩა ვალოდიამ, ვითომ რაღა დროს “სოიუზიაო”.
– აჰა, ხომ ვთქვი, ჩაძირულიამეთქი, – გაიფიქრა გალიამ, თან თანაგრძნობით გაუღიმა. შემდეგ მშენებლობაზე დაკოჟრილ და მოუხერხებლობისაგან ჩაქუჩით დაჩეჩქვილ ხელზე ხელი დაადო.
– დარწმუნებული ვარ, შეხვდებით ზუსტად ისეთ ქალს, როგორსაც ეძებთ. სამწუხაროდ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებით. მე უფრო რაღაც დიდის მოლოდინში ვარ, განსაკუთრებულის… ერთი სიტყვით აზრი არ აქვს ახსნა განმარტებას. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ, ფარ-ხმალი არ დაყაროთ…
– ეჰ, ასეც ვიცოდი, – ამოიოხრა იმედგაცრუებულმა ვალოდიამ, ხელი ჩაიქნია და ფერდაკარგული კაფედან გავიდა.
გალიამ სიას ჩახედა. – სამ საათზე იტალიური წარმოშობის ამერიკელი უნდა მოვიდეს. შევცდი, შეხვედრა პირველად მისთვის უნდა დამენიშნა. რატომ ჩავსვი ასე შუაში? – თავი გადააქნია მან. – საოცარია, მთელმა მსოფლიომ იცის რუსი ქალის ფასი. ამერიკელი კაცი ცხოვრების თანამგზავრს რუსულ ემიგრანტულ გაზეთში ეძებს, – პატარა გოგოსავით გული აუჩქოლდა, სასწრაფოდ სარკე ამოიღო და გულდასმით გადაისვა პომადა.
– ერთიც ვნახოთ და ადრეანო ჩელენტანოს ჰგავს? დარწმუნებული ვარ, სიმპატიური იქნება. რა თქმა უნდა სიმპათიური იქნება! ყველა იტალიელი კაცი სიმპათიურია. ოჰ, ღმერთო ჩემო, ალბათ ის არის!
ვინი კაფეში შემოვიდა თუ არა მომხიბვლელი ღიმილით პირდაპირ გალიასკენ გაეშურა.
– ადრიანო ჩელენტანოს არ ჩამოუვარდება, მგონი ჯობია კიდეც, – გაიფიქრა ქალმა და განსაკუთრებული გრაციოზულობით შეეგება.
– ჩაი თუ ყავა? – შესთავაზა ვინიმ.
– ჩაი, – გაუღიმა მან.
ვინი რიგში ჩადგა. გალიამ აღტაცებით შეავლო თვალი მის ათლეტურ ტანს. კუნთები ისე აესხა თითქოს საომრად მიდისო. ბრინჯაოსფერ კისერზე ელავდა იტალიური ოქროს ფართო ჯაჭვი, რომლის ბოლოშიც უზარმაზარი ჯვარი მის თმიან მკერდში ჩაკარგულიყო. გალიას სიამოვნებისაგან გააჟრიალა. – აი, კაცი! აი, ნამდვილი კაცი!
– მითხარით, რატომ გადაწყვიტეთ ცხოვრების თანამგზავრის “რუსკაია რეკლამაში” მოძებნა? – ინგლისურად გაჭირვებით დაალაგა სათქმელი და ჩაი პრანჭვით მოსვა.
ვინიმ ისე ღრმად ამოისუნთქა, თითქოს საჯაროდ სიტყვაში გამოსვლისთვის ემზადებაო და შემართებით დაიწყო ლაპარაკი. თან ინგლისურად ისე ნელა და გარკვევით ლაპარაკობდა, რომ გალია სიტყვა სიტყვით ასწრებდა გადათარგმნას.
– ამერიკელი ქალი ძალიან რთულია. მომთხოვნები არიან. მუდამ რესტორანში უნდა დაპატიჟო. სადილ-ვახშამს ვინ ჩივის, საუზმის მომზადებაც აღარ უნდათ. ორი კვერცხის ათქვეფა ეზარებათ. საჩუქრებზე გიჟდებიან. ბევრი რომ არ გავაგრძელო, განებივრებულები არიან. შაბათ კვირას კი აუცილებლად ქალაქ-გარეთ უნდა გაასეირნო და სასტუმროში ნომერი შეუკვეთო.
– ამის გამო გადაწყვიტეთ რუსი ქალის გაცნობა? – ძლივს ამოღერღა ნირწამხდარმა.
– არა მარტო ამის გამო, – გააგრძელა თავდაჯერებულმა ვინიმ, – ამერიკელი ქალები ქმრის ოჯახის წევრებს ვერ იტანენ, ერთად ცხოვრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეიტია, მე კი დედაჩემის გარეშე ერთი დღეც ვერ ვიცხოვრებ. ჩემს შენობაში ბევრი ქალი მუშაობს და ვიცი მათი ავანჩავანი.
– თქვენ რა, კვლავ დედასთან ცხოვრობთ? – ვერ დამალა გაკვირვება გალიამ.
– დიახ, ის ფაქტი რომ დედასთან ვცხოვრობ პრობლემებს მიქმნის ამერიკელ ქალებთან. სწორედ ეს არ სიამოვნებთ ქალებს ჩემი შენობიდან. აი, მითხარით რა არის ამაში ცუდი?
– მოიცათ, მოიცათ, მოიცათ… შენობიდან? ე.ი. თქვენ შენობას ფლობთ. ბინების მფლობელი ხართ? – გალია წყალწაღებულივით ხავსს მოეჭიდა.
– არა, უბრალოდ “მეინტენანსი” კაცი ვარ.
– ეს რას ნიშნავს?
– ჩემი სამსახურია. – მხრები აიჩეჩა ვინიმ, როგორ თუ არ იცის რას ნიშნავს “მეინტენანსიო” – შენობაში ვმუშაობ, ვალაგებ, ვასუფთავებ და თუ რამე გაფუჭდება, ვარემონტებ. სამსახურს არ ვუჩივი. უკვე ოცი წელია, რაც იქ ვმუშაობ. გულწრფელად რომ გითხრათ, აი ქალებში კი არ მიმართლებს…
გალიამ თავისი გაჩენის დღე დაწყევლა და ნერვიულად ჩაილაპარაკა.
– იცით რა? დატოვეთ თქვენი ნომერი და დაგირეკავთ.
ვინიმ ნომერი დაწერა, მისკენ გადაიხარა და მუდარით უთხრა:
– დედაჩემს ყურთ კარგად არ ესმის და ხმამაღლა უნდა ელაპარაკოთ. ისე ძალიან საყვარელი და ტკბილი ადამიანია. შეიძლება ლაპარაკიც კი გაგიბათ. წარმოგიდგენიათ?
ვინი კაფედან გავიდა თუ არა გალიამ მისი ნომერი დაანამცეცა. – დებილი, დებილი… – როგორ გამიბედა? თავხედი! სულ მიწასთან არ გაგვასწორა?… “სოიუზი” არ დანგრეულიყო, თქვენ ქალებს ფეხებსაც არ დავაბანინებდით… ჰმ… ჩაძირული, თავისივე ქვეყანაში ჩაძირული?! – ვიშვიშებდა გაცეცხლებული. ცოტა რომ დამშვიდდა სია ამოიღო, თუმცა ნერვიულობისაგან ხელი კვლავ უკანკალებდა. – მისტერ ისააკი? იმედია, ამას მაინც აბადია რამე. ებრაელებს მაინც აქვთ მაგის შნო. ალბათ კომპიუტერების პროგრამისტია, ნამდვილად პროგრამისტია… – თავი დაიმშვიდა. ამ დროს მაღალი, სათვალიანი კაცი სხარტად მიუახლოვდა.
– გალია ბრძანდებით? – ჰკითხა მან მოუსვენრად.
– დიახ.
– ძლივს დავაყენე ჩემი ახალი “ლექსუსი”, წარმოგიდგენიათ? ძალიან პატარა ადგილებს ტოვებენ მანქანებს შუა. არადა, ბრაიტონზე საშინელი მოძრაობაა, რომ არ დაგარტყან, არ შეიძლება. ჩემსას კი უბრალო განაკაწრიც არ აქვს. კიდევ კარგი ჩემი ბიზნესის საქმე კარგად მიდის, წელიწადში ერთხელ ვიცვლი მანქანას. ცოტა წამოიწიეთ? აი, ის არის ჩემი “ლექსუსი” ხედავთ? წითელი!
გალიას კისერი მოეღრიცა, სანამ ისააკის მანქანას დაინახავდა.
– რა ბიზნესი გაქვთ, თუ საიდუმლო არ არის? – ჩაურთო სხვათა შორის.
– ლიმუზინების კომპანიას ვფლობ. დიდი დრო მიაქვს, სამაგიეროდ ფულებს ვაკეთებ, – ყვებოდა ის თავმომწონედ.
–იმიტომ ვერ დაიჭერი ფრჩხილები? – გაიფიქრა ქალმა გულში,
ხმამაღლა კი ეს შეეკითხა – უკაცრავად, იქ ვინ იყავით, “სოიუზში”?
– დიდი თეატრის ორკესტრში ვიოლინოზე ვუკრავდი.
– აჰა, – გალიამ თავი სინანულით გადაიქნია. – ჩაძირულია, სად მუსიკა და სად ლიმუზინების კომპანია? თავს იტყუებს, ფული არაფერს შველის, დეპრესიაშია, თორემ დალაქთან როგორ ვერ მივიდოდა, თმას როგორ ვერ გაიკრეჭდა? – გაიფიქრა და გადაწყვიტა ისიც სანაგვე ყუთში გადაეშვა, რომ ისააკმა დაასწრო და უთხრა:
– მე შემიძლია ხელის გულზე გატაროთ! ჩემს ბინაში გადმოდით, ოფიციალურ საყვარლად გამოგაცხადებთ! მანქანას გიყიდით… თუ დამიწუნებთ როგორ გადაიხდით ბინის ქირას შემდეგ თვეში?!
– როგორც აქამდე ვიხდიდი ძვირფასო! – თავდაჯერებით უთხრა გალიამ და გულიანად გადაიკისკისა. თან ისააკის მრავალფენოვანი სათვალის შუშაში სხვა კაცის მოლოდინში თავისი თავი კეკლუცად შეათვალიერა.

– მოთმინება, მოთმინება. ხომ გაგიგია, ვინც ეძებს პოულობსო. კვირაობით სახლში ჯდომას და ტელევიზორის ყურებას მაინც ჯობს. მართალია ბევრი ნაგავი მოვა, მაგრამ იქნებ გამოჩნდეს ისეთი, რომ შაბათს სადილზე მაინც შევხვდე და ცოტათი გული გადავაყოლო, ცხოვრების თანამგზავრს ვინ ჩივის! – თავს შეუძახა გალიამ და მაგიდაზე თითები ააკაკუნა.

მერაბმა კარგად მოათვალიერა კაფე, შემდეგ გალიასკენ გამოეშურა და მოწიწებით ხელზე ეამბორა.
– გალია ბრძანდებით? ძალიან სასიამოვნოა. მერწმუნეთ, პირველად გადავწყვიტე გაზეთის დახმარებით ქალბატონის გაცნობა, – სულმოუთქმელად მიაყარა მან.
– ოოო, მაგისთანები აღარ გაგივათ ქართველებს – გაიფიქრა ქალმა.
– რამდენი ხანია რაც ამერიკაში ხართ? – ჰკითხა მერაბმა.
– საკმარისი დროა.
– ალბათ ვერც კი მოიცალეთ ნიაგარაზე წასასვლელად. დაგენიძლავებით, არც ვაშინგტონში იქნებით ნამყოფი. მართალს ვამბობ თუ არა?
– მართალი ხართ.
– ჰოდა, ამ კვირას თეთრი სახლის სანახავად გეპატიჟებით. მომავალი კვირიდან კი ნიაგარაზე სეზონი იხსნება და იქ დავგეგმოთ წასვლა.
– თავდაჯერებული ბალვანი, – გაიფიქრა გალიამ. – არც კი მეკითხება, თანახმა ვარ თუ არა. არა, გენაცვალეთ, თქვენმა დრომ უკვე ჩაიარა. მართალია, ერთ დროს ფასობდით, მაგრამ ახლა კაპიკია თქვენი ფასი.
– “სოიუზში” პროფკავშირებში ხომ არ მუშაობდით?
– პროფკავშირების თავჯდომარის მოადგილე ვიყავი. რუსებს შავ ზღვაზე საგზურებს მე ვურიგებდი, – თავმოწონებით უპასუხა მერაბმა.
– აქ, ამერიკაშიც ტურისტულ სააგენტოში მუშაობთ?
– აქ მტვირთავად ვმუშაობ.– გულწრფელად მიუგო მერაბმა. – მიუხედავად ამისა, სულიერ საზრდოს არ ვიკლებ. არ ვტოვებ არც ერთ ღირსშესანიშნავ სანახაობას, თქვენისთანა ლამაზი თანამგზავრი თუ მეყოლება, ალბათ მთელ ამერიკას ფეხით გადავლახავ…
გალიას მისი ლაპარაკი აღარ ესმოდა. წარმოიდგინა, შარვალ-კოსტიუმში გამოწკეპილი მერაბი წელში გამართული დადის და რუს ქალებს გაგრის დასასვენებელ სახლებს ათვალიერებინებს, ჯიბეები კი რუბლით აქვს გამოტენილი. ახლა ტვირთების ზიდვისაგან წელში მოხრილი, ბრაიტონის კაფეში საცოდავად ზის და ზღაპრებს ყვება. დარდისაგან კი ისე გათეთრებულა ერთი შავი თმაც აღარ ურევია თავის შესახსენებლად.
– თავის დროზე უარს არ ვიტყოდი ამ კაცზე, მაგრამ ახლა აშკარად ჩაძირულია, ჩაძირული… – ამოიოხრა გალიამ და გული თან ამოაყოლა.

ივან ნიკოლაევიჩიც და ამ კვირის გეგმა შესრულებულია. მომავალ კვირამდე აღარავის შეხვდება.
– ტელეფონით ძალიან ტკბილი მოსაუბრე ჩანდა. მამის სახელი რომ არ დაუკარგავს, უკვე პატივისცემას იმსახურებს. დავიჯერო, ისე გაწყდნენ ეს კაცები, რომ მომავალ შაბათს სადილზეც ვერ წავალ? – კვლავ გაიფიქრა გულდაწყვეტილმა და შემოსასვლელს მიაჩერდა.
პეწიანი, ინტელიგენტი კაცი კაფეში შემოვიდა და პირდაპირ გალიასკენ გამოემართა. ხელზე ემთხვია და მის წინ მონუსხული დაჯდა.
– ვიცოდი, რომ არაჩვეულებრივი ქალი იქნებოდით, – უთხრა აღელვებულმა, საწვიმარი ლაბადის ღილები შეიხსნა და თავისი გაქათქათებული პერანგის საყელო გამოაჩინა – არ მითხრათ საიდან ხართ, მე გამოვიცნობ. ლენინგრადელი ნამდვილად არ ხართ, მოსკოველის გარეგნობა გაქვთ.
– მართალია!
– მასწავლებელი იყავით, ან ქიმიის, ან ფიზიკის…
– მათემატიკის, მაგრამ ბოლო ათწლეული სკოლის დირექტორად ვმუშაობდი.
– ვაღმერთებ ჭკვიან ქალებს. მიზანმიმართულ, წარმარტებულ ქალს, თანაც ლამაზს, იშვიათად თუ შეხვდება კაცი! ძალიან გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით, მინდა, ვახშამზე დაგპატიჟოთ.
გალიამ მის მოვლილ, სალუქ თითებს შეავლო თვალი. შემდეგ საწვიმარი ლაბადა შეუთვალიერა. ემიგრანტი და ლაბადა? აშკარა იყო, ფიზიკურ სამუშაოს არ ასრულებდა. გარეგნობით, ჩაცმულობით, ინტელექტით სწორედ იმ სასურველ კაცს გავდა რომელზეც გალია დიდი ხანია ოცნებობდა. მონუსხული იჯდა და გაცისკროვნებული სახით ხმისამოუღებლად მისჩერებოდა. ამ დროს ივან ნიკოლაევიჩი მის ლამაზ თვალეში ჩახედვას ცდილობდა. არც ერთს არ უნდოდა შაბათამდე მოცდა და ოთხშაბათზე შეთანხმდნენ.

. . .

გალიას ბედნიერი ორშაბათი გაუთენდა. სამუშაოდ წასასვლელად ემზადებოდა, ივან ნიკოლაევიჩზე ფიქრობდა და თან გეგმებს აწყობდა. – რა თქმა უნდა დამლაგებლად მუშაობას თავს დავანებებ და ინტელექტუალურ სამსახურს მოვძებნი, სულაც ბავშვებს მოვამზადებ მათემატიკაში. მართალია ფულს ვეღარ გავაკეთებ, მაგრამ ეს ისე, ჩემი მეობის დასაბრუნებლად დამჭირდება. სამაგიეროდ ივან ნიკოლაევიჩი მეყოლება გვერდით. ოჰ ღმერთო, იქნებ ვილა აქვს ფლორიდაში?, თუ არ აქვს აუცილებლად ვაყიდინებ! აუცილებლად… – აი, ასეთი ოპტიმისტური განწყობით ოთახის კარი კარგად გამოკეტა, ხალხმრავალ ბრაიტონის ქუჩაზე გამოვიდა და რკინის ბოძებზე შემდგარი მეტროს ქვეშ ტროტუარს გაუყვა. ზუსტად ამ დროს თავზე მატარებელმა გადაიგრიხინა. ისეთი ღრჭიალი და გუგუნი ატყდა, გეგონებოდათ ჯოჯოხეთის კარი შეაღესო. ბორბლების ხმაური ცოტა რომ მიწყნარდა გალიას კაცის ხმა მოესმა, რომელიც რაღაც გაზეპირებულ ფრაზებს გაიძახოდა. ასეთი რამ ხომ ბრაიტონზე ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ რატომღაც იქით მიიხედა და ნაცნობ ლაბადას მოჰკრა თვალი. თვალებს არ დაუჯერა, გულგახეთქილი ბოძს ამოეფარა და გაფართოებული თვალებით იმ კაცს მიაჩერდა. ივან ნიკოლაევიჩი, ისეთივე გამოპრანჭული, სუფთა, ფაქიზი, შუა ქუჩაში გამვლელებს შორის იდგა და ხელში ფურცლების შეკვრა ეჭირა:
– პოდაგრის ოპერაცია, ერთი ფეხი 1000 დოლარად, ორივე კი 1500 –ად. მობრძანდით და გაიკეთეთ ჩვენს კლინიკაში. ძალიან ეფექტურია, ოპერაციის შემდეგ ყველანაირ ფეხსაცმელს მოირგებთ ფეხზე, – გაიძახოდა და გამვლელებს ფურცლებს აჩეჩებდა. მოხუცებულებს ძალად აჩერებდა და პირდაპირ ეკითხებოდა, – პოდაგრა ხომ არ გაწუხებთ? ფეხის თითები ხომ არ გეხლართებათ?
– ოჰ, ღმერთო ჩემო, რეკლამების დარიგებაში ხომ მხოლოდ 5 დოლარს იხდიან საათში, – აღმოხდა გალიას და ბოძს ორივე ხელი ჩასჭიდა, რომ არ წაქცეულიყო. მისი იმედები და ოცნებები თითქოს მეტროს გრუხუნში ჩაინთქა. თვალები ელვის სისწრაფით ცრემლებით აევსო, მათ კი თვალის გუგები გადმოლახეს და რატომღაც გალიას პირისკენ იპოვეს გზა. ცრემლები ისეთივე მწარე იყო, როგორიც სინამდვილე – ჩაძირულია, ესიც ჩაძირულია… – ხმამაღლა ამოისლუკუნა გალიამ. შემდეგ კი ღონეგამოცლილი სამსახურისაკენ გაიქცა, რომ არ დაგვიანებოდა.

ქეთი ორჯონიკიძე–ქეისი
ნიუ იორკი 2004

გამოქვეყნდა ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” 2010 წელს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button