ეკონომიკა

გია ჯანდიერი – ანტი-Trust

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა. კრებული VI. “თავისუფლების მოაზროვნეები”

გია ჯანდიერი – “ანტი-Trust”

ცხრა ყველაზე შემზარავი სიტყვა ინგლისურ ენაში (არის) — მე მთავრობიდან ვარ და აქ იმისთვის ვარ, რომ დაგეხმარო
რონალდ რეიგანი

ბევრ ადამიანს უნდა, რომ მთავრობამ მომხმარებელი დაიცვას. უფრო სასწრაფო საქმეა მომხმარებელი მთავრობისაგან დავიცვათ
მილთონ ფრიდმენი

ანტიმონოპოლიური რეგულირება ერთი იმ ფუნქციათაგანია, რომელიც ბევრ თეორეტიკოსსაც კი სახელმწიფოს უდავო პრეროგატივად მიაჩნია. ცხადია, პოლიტიკოსებს კიდევ უფრო მეტი არგუმენტი აქვთ მონოპოლიების საწინააღმდეგოდ. ისინი განსაკუთრებით გამოხატავენ სურვილს, მოქალაქეები და მომხმარებლები ბოროტი განზრახვების მქონე მონოპოლიებისაგან დაიცვან.

ამიტომაც, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა თითქმის ყველა ქვეყანას აქვს, ზოგს საკუთარი ბიუროკრატებისა და პოლიტიკოსების დაჟინებითი მოთხოვნით და ზოგსაც უარესი — უცხო ექსპერტებისა და დამრიგებლების. საქართველომ ერთერთმა პირველმა მოახერხა ამ კანონმდებლობის ჩანაცვლება პრინციპულად ახალი პრინციპის კანონით “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, რომელიც სახელისუფლებო ორგანოებს უკრძალავს წარმოებების კონკურენციის რაიმე ფორმით შეზღუდვას და ამით დიდი კრიტიკა დაიმსახურა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც. ამ სტატიის მთავარი მიზანი ისაა, რომ მკითხველი დაარწმუნოს — მონოპოლია თავისთავად საშიში არაა, საშიშია ის, ვინც მას ხელოვნურად ქმნის.

ეკონომიკური თეორიის სპეციალისტები ბევრს მუშაობენ ანტიმონოპოლიურ და კონკურენციის თემაზე. მე-19 საუკუნიდან, როდესაც აშშ-ში პირველად შემოიღეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ითვლება, რომ მონოპოლია ბაზრის ჩავარდნას წარმოადგენს და სახელმწიფო ჩარევის გარეშე მასთან გამკლავება შეუძლებელია. უფრო ადრე, მე-18 საუკუნეში, ადამ სმითმა პირველი გაფრთხილება მოგვცა ამ თემაზე:

… ერთი და იმავე სფეროს მოვაჭრეები იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს… მაგრამ მათი შეხვედრები მოსახლეობის საწინააღმდეგო კონსპირაციით მთავრდება ან ფასების ზრდის განზრახულობით. ნამდვილად შეუძლებელია ასეთი შეხვედრების პრევენცია რაიმე კანონებით, რომლებიც ან შეიძლება აღსრულდეს ან შეესაბამებოდეს თავისუფლებას და სამართალიანობას. თუმცა კანონს არ შეუძლია ხელი შეუშალოს ერთი სფეროს მოვაჭრეებს ხანდახან რომ შეიკრიბონ მაგრამ, მან არ უნდა შეუწყოს ხელი მათს ერთობას…

შესაბამისად, ადამ სმითს უკვე ჰქონდა არგუმენტი, რომელიც დღევანდელი ლიბერალი ეკონომისტების მიერ გამოიყენება: ბაზრის ჩავარდნა ცხადია, თუმცა მისი სახელმწიფო ჩარევით მკურნალობა უფრო მეტ პრობლემას წარმოშობს. ამ ციტატის მოყვანა, სხვათაშორის, ანტიმონოპოლიური რეგულირების მომხრეებსაც უყვართ — ისინი თვლიან, რომ სმითი ამგვარად სახელმწიფოს რეგულირების გამართლებას ცდილობდა. ეს არ იქნებოდა მისგან გასაკვირი, რეალურად მისი შემოქმედების შედეგია მარქსისტული შრომითი ღირებულების თეორიის წარმოშობა. თუმცა, სმითის დამსახურება ზოგადად ეკონომიკური მეცნიერებისა და მათ შორის ლიბერალიზმის სფეროშიც დიდია. მისი “უხილავი ხელის” პრინციპი სწორედ სახელმწიფო რეგულირების საწინააღმდეგო ყველაზე დიდი და ძველი არგუმენტია. ამიტომ, მიუხედავად მისი მონოპოლიებისადმი დამოკიდებულების ზოგიერთი კრიტიკისა, მისი ნაწარმოებების ლოგიკიდან გამომდინარე უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი სახელმწიფო რეგულირებას სახიფათოდ მიიჩნევდა.

ანტიმონოპოლიური რეგულირება არალიბერალი ეკონომისტების მიერ აღიქმება აქსიომად და როგორც საერთოდ არასადავო სფეროდ. მათი არგუმენტები ასე გამოიყურება — მონოპოლისტები ფასებს ხელოვნურად ზრდიან ან ამცირებენ, ხარისხს აუარესებენ. ამის მისაღწევად ისინი იყენებენ:

1) კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებებს;
2) შეთანხმებულ საქმიანობას;
3) ბაზარზე დომინანტ მდგომარეობას;
4) კომპანიების შესყიდვას და შერწყმას;
5) ბუნებრივ მონოპოლიურ მდგომარეობას.

მოდით ეს “საშინელებანი” ცალკ-ცალკე განვიხილოთ:

1. კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებები — ასეთი ხელშეკრულების დადება ბაზრის ნებისმიერი მონაწილის სურვილია და უფლებაც. ნებისმიერი, მათ შორის არაეკონომიკური საქმიანობა, კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც ნებისმიერი ჩვენგანი სწორედ ამას ცდილობს მუდმივად, რომ გარკვეულ მატერიალურ თუ არამატერიალურ სიკეთეზე ჩვენი უფლებები იზრდებოდეს და სხვისი მცირდებოდეს, უმეტეს შემთხვევაში კი სწორედ ექსკლუზიური მესაკუთრის უფლების (მონოპოლიის) მისაღებად — გარიგება, ან ხელშეკრულება სწორედ ამას გულისხმობს. სხვანაირად გამოდის, რომ ხელშეკრულების მიზანი ის კი არ არის, რომ ჩვენ მივიღოთ რაღაც ახალი უფლება, არამედ არ შევზღუდოთ სხვათა უფლება.

2. შეთანხმებული საქმიანობა ასევე ხელშეკრულებითი სამართლის ნაწილია. შესაძლებელია კანონმა დააწესოს, თუ რომელ დარგებში არ შეიძლება სამოქალაქო გარიგებების დადება (მაგალითად, მონების გაყიდვა, თუმცა ესეც საეჭვოა), მაგრამ ცალკეული პირების შეთანხმებული საქმიანობის შეზღუდვა სრულიად გაუგებარია. ეს აზრი ადამიანს თავში მხოლოდ მაშინ მოუვა, თუ არასოდეს ჰქონია ბიზნესი და არც აპირებს ჰქონდეს. მონოპოლიური შეთანხმებების რეგულირების მომხრეთა არგუმენტი გულისხმობს, რომ ასეთმა შეთანხმებებმა არ უნდა დაარღვიოს მესამე პირთა უფლებები. მაგრამ, სინამდვილეში, ასეთი შეთანხმებების (ანტიმონოპოლიური) შეზღუდვის შედეგად კომპანიები ოფიციალურად იღებენ უფლებას, რომ ნებადართული ზომის შეთანხმების ფარგლებში მომხმარებლების ინტერესები აღარ გაითვალისწინონ და თუ ვინმე რამეს ჰკითხავს, ნებართვა თვალებზე ააფაროს. კანონსაც ვერასოდეს დახვეწდა ბიუროკრატთა ინოვაციურ უნარსაც ვერ შევადარებთ მეწარმეთას, რომ ასეთი შეთანხმებების ყველა დეტალი გაითვალისწინო და ეს კანონი (რომელიც ლობიზმის შედეგი იქნება) ფარული თუ ღია პრივილეგიების მოსაპოვებლად არ იქნეს გამოყენებული.

3. დომინანტი მდგომარეობის გამოყენება თავისი არგუმენტაციით ჰგავს ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიის საკითხს და აქ მათ, ნაწილობრივ გავაერთიანებ. საქმე ისაა, რომ ბუნებრივი მონოპოლიების მთელი თეორია შეთხზული მითია მხოლოდ იმისთვის, რომ მთავრობის ეკონომიკაში ჩარევის გამართლება (უფრო სწორად, კიდევ ერთი გამართლება) მოეძებნათ. ამ სფეროში უსაზღვროდ შეიძლება ორივე მხარის აკადემიური შრომების და ავტორების დამოწმება. ამის ნაცვლად შესაძლებელია ითქვას, რომ ის, რასაც ბუნებრივ მონოპოლიას ეძახიან, უმეტესილად მთავრობის მიერ ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიებია, რომელსაც იგი დიდი რუდუნებით იცავს და სათბურის პირობებში ამყოფებს. ამის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ თელასი, რომელიც თავის დროზე სახელმწიფოს მიერ შექმნილ მონოპოლიას წარმოადგენდა და მის მიერვე გაიყიდა ასევე, როგორც მონოპოლია, სპეციალური, ექსკლუზიური უფლებებით. რას წარმოადგენს ეს სპეციალური, ექსკლუზიური უფლებები ამას ქვემოთ შევეხებით. თუმცა აქ აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს მონოპოლია სრულიად ხელოვნურია და სახელმწიფოს არაგონიერი საქმიანობის პირმშოა, სახელმწიფოსი, რომელსაც ასე ენდობიან, რათა მან გააგრძელოს ჩვენი დაცვა. საერთოდ ეს აზრი თან სდევს დერეგულირების პროცესს სხვა სფეროებშიც — იმის ნაცვლად, რომ ადამიანები კმაყოფილი იყვნენ მთავრობით. მაგალითად, გარემოს დაცვით სფეროში — მთავრობა მზადაა, დათმოს ბოლშევიკების მიერ მითვისებული.

4. კომპანიების შესყიდვა და შერწყმა ძირითადად დადებითი მოვლენაა — მას ერთი მიზანი აქვს — ბაზრის გაზრდა, რათა ერთეულზე დანახარჯების შემცირება შესაძლებელი გახდეს. ეს, ცხადია, არასასურველად მიაჩნია ბაზრის ზოგიერთ მონაწილეს (უფრო სწორად, ამ კომპანიის მენეჯმენტს და არა მოწილეებს, რომელთათვისაც მთავარია საკუთარი ინტერესი არ დაკარგონ), რადგანაც, შესაძლებელია, სწორედ მისი კომპანიის ნაწილის შესყიდვა-შერწყმა გადაწყდა, თუმცა მომხმარებლისათვის ეს სასურველი უნდა იყოს, რადგან დანახარჯების შემცირებას შესაძლებელია ფასის შემცირებაც მოჰყვეს. მოსალოდნელია, რომ ასეთი ტიპის გარიგების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ლობირებას სწორედ შესასყიდი ან შესარწყმელი უკმაყოფილო კომპანიები ეწევიან. ამ სფეროში არ შეიძლება არც წამახალისებელი და არც შემზღუდველი ბარიერების შექმნა — ეს კომპანიების საკუთარი რისკია.

იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ასეთი მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის “ბოროტად” გამოყენებისთვისაა გამიზნული, ადვილად შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მიზეზი ისევ და ისევ სახელმწიფო ჩარევაა და სხვა არაფერი. ეს ასე იყო მათ შორის კაუკასუს-ჯორჯია ონლაინ-სანეტის შემთხვევაშიც, როდესაც მთავრობამ დააპირა “ბუნებრივი” მონოპოლიის შექმნა. “ელექტროკავშირის” გაყიდვის შედეგად კაუკასუს ნეთვორქმა ამას დაუპირისპირა შერწყმები და შესყიდვები, რათა საკუთარი და სხვების მიერ დიდი შრომით შექმნილი ბიზნესები გადაერჩინა. მისი ეს ინტერესი დაემთხვა მომხმარებლის ინტერესსაც — ადვილი წარმოსადგენია, როგორ ადვილად მოიშორებდა თავიდან კონკურენტებს ახლადშექმნილი გაერთიანებული ტელეკომი ამის გარეშე, და ისიც რა ფასი ექნებოდა ახლა ინტერნეტს ეს ქმედება კაუკასუს ნეთვორქს დროულად რომ არ განეხორციელებინა.

5. მივუბრუნდეთ ეგრეთ წოდებულ ბუნებრივ მონოპოლიებს — მონოპოლიების რეგულირების მომხრენი, თუ მოინდომებენ, ადვილად იპოვიან დასაბუთებას რატომ არ არსებობს ბუნებრივი მონოპოლიები. პირველი, გავიხსენოთ რა არის მონოპოლია — ალტერნატიული მიწოდების შეზღუდვა. მხოლოდ სახელმწიფო ძალადობაა ის პირობა, რომლის შემთხვევაშიც შესაძლებელია ვინმემ ყველა ალტერნატივა გააუქმოს, თან დიდი ხნის ვადით. სწორედ ასეთი შემთხვევაა მაგალითად თელასის გაყიდვის კონტრაქტი, რომლის წინააღმდეგ ბევრი დღევანდელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმაღლებდა ხმას ერთ დროს, თუმცა ახლა ყველა გაჩუმებულია ალბათ ერთი მიზეზით — ამ შემთხვევაში თვით სახელმწიფოს მიერ ასე მხარდაჭერილი მონოპოლიაც კი არ იქცევა ცუდად.

ზემოაღნიშნული კონტრაქტი არა მარტო კრძალავს თბილისში ალტერნატიული ელექტროენერგიის წყაროების გაჩენას, არამედ, ფაქტობრივად, მომხმარებელს უფლებას არ აძლევს მოსთხოვოს თელასს ხელშეკრულების გაფორმება (მათ შორის მოსალოდნელი ზარალის ანაზაურების მიზნით). საქართველოს კანონმდებლობით (რომელიც ეი-ესის ლობირებული ჩანს გასაგები მიზეზით — იმ დროს არა მარტო ძაბვის, არამედ სიხშირის სტაბილიზაციაც რთული იყო) ეს ასეც არის — ასეთი ხელშეკრულება არ არის საჭირო, რადგანაც არსებობს მარეგულირებელი კომისიის დადგენილება, რომელიც (მაგალითად) ზარალის ანაზღაურების ფორმებს ადგენს. კონტრაქტი კი არ შეიძლება.

რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ანტიმონოპოლიური რიტორიკა ხშირად მთლიანად ცდება ლოგიკას, მაგალითად იმ შემთხვევაში როდესაც ცდილობენ სახელმწიფო საწარმოებს ანტიმონოპოლიური კანონი დაუპირისპირონ. სახელმწიფო საწარმოები სახელმწიფოს მიერ დაკანონებული პირდაპირი ძალადობაა. ამ მოკლე წერილში შეუძლებელია ყველაფრის ახსნა, თუმცა ალბათ გამადიდებელი შუშა ზედმეტია იმის დასანახად, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო თვითონ ქმნის მონოპოლიას, რათა მის მიერ გაწეული საქმიანობა გარანტირებული იყოს და სწორედ მას ჰქონდეს ეს ექსკლუზივი, მიუხედავად ცუდი საბაზრო კონიუნქტურის, სფეროს წამგებიანობის, მენეჯმენტის პრობლემების და ა.შ. ითვლება, რომ სახელმწიფო ამ საქმიანობაზე უნდა წავიდეს, თუნდაც წაგება თვალნათლივი იყოს. მართლაც რომ თვლიდე, რომ სახელმწიფო საწარმოები პრობლემაა, ალბათ უბრალოდ მათ გაუქმებაზე უნდა საუბრობდე და არა იმ მითოლოგიურ მიდგომაზე, რომ თითქოსდა შეიძლება სახელმწიფოს ერთმა ნაწილმა — ანტიმონოპოლიურმა სააგენტომ მეორე — საწარმოთა მართვის სააგენტო შეზღუდოს, თუ მისი ერთ-ერთი საწარმო მონოპოლიურ მდგომარეობას მიაღწევს (თუნდაც ეს მოქმედება ამ საწარმოს გაკოტრებით ემუქრებოდეს!).

მონოპოლიების საკითხი, როგორც ითქვა, სინამდვილეში ერთ მარტივ კითხვაზე დადის — შესაძლებელია თუ არა ალტერნატივის (შემცვლელის) მიწოდება. პასუხი მარტივია — ყველგან არის შესაძლებელი, სადაც მთავრობა არ ერევა. მაგალითად, რა უშლის ხელს მეორე კომპანიას, გადათხაროს მთელი თბილისი და გაიყვანოს ალტერნატიული კაბელები ელექტროენერგიის მისაწოდებლად? — თელასის პრივატიზების კონტრაქტი.

სხვა შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია ვინმეს უალტერნატივო მომწოდებლად განხილვა ასევე მარტივია ასახსნელად: ეს ხდება მაშინ, როდესაც ახალი კაბელების გაყვანა კომპანიას არ უღირს, ანუ ეკონომიკური ენით ეს ასე ჟღერს — 1 მეტრი დამატებითი კაბელის გაყვანის (ზღვრული) დანახარჯი მეტია ვიდრე სარგებელი, ეს კი ხდება მხოლოდ მაშინ, თუ დაწესებული ფასი არ წარმოადგენს მონოპოლიურს — ანუ დაგეგმილი მოგება არ აღემატება საბაზრო დონეს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კი, როდესაც ფასი ზემოგებას შეიცავს, ზღვრული სარგებელი გადააჭარბებს დანახარჯს და ახალი კომპანია საქმიანობას შეუდგება. შემდეგ მოხდება მონოპოლისტი კომპანიის მიერ ფასის დაგდება, რათა კონკურენტი მოიცილოს (და ზღვრული სარგებელი ზღვრულ დანახარჯზე ნაკლები გახადოს) და ასე შემდეგ. თუ დაგეგმილი მოგების დონე არ აღემატება საბაზროს, მაშინ მასთან არასაბაზრო ფორმებით ბრძოლა ორ მიმართულებას მიიღებს: პირველი, სახელმწიფოსთან მოლაპარაკება — მოსალოდნელია არალეგალური, და მეორე,მომსახურების ხარისხის გაუარესება — ახლა უკვე სახელმწიფოს ნებართვით; მოგების დონე კი, თუნდაც არალეგალურად, უნდა შენარჩუნდეს — სხვა შემთხვევაში ამ საქმიანობის გაგრძელება საზრიანი აღარ იქნება.

სხვა საკითხია რომ მსოფლიოს გამოცდილება არ გვაძლევს იმის მაგალითებს, რომ ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიები (აქ საუბარია მონოპოლიაზე, რომელიც ვინმეს აწუხებს, თორემ უამრავი მონოპოლია ისე არსებობს, არავის უქმნის პრობლემას), სადმე სახელმწიფოს ჩარევის გარეშე გაჩნდნენ. ისინი ან სპეციალური პრივილეგიების მინიჭებით შეიქმნენ სახელმწიფოს მიერ (როგორც თელასი) ან კერძო კომპანიის ნაციონალიზების გზით (საქართველოს რკინიგზა). ხშირად, როდესაც მონოპოლიებზე გაბრაზებულნი საუბრობენ, ივიწყებენ სრულიად ნათელ სინამდვილეს, რომ მონოპოლიური მდგომარეობა ვერ დაიცავს მის მფლობელს ბაზრიდან მომავალი კონკურენციის თავდასხმებისაგან. ასეთი მოვლენები სხვადასხვა ხასიათისაა და დინამიური, მათი ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და აქ მხოლოდ ნაწილს მოვიყვან:

ა) მონოპოლისტის მდგომარეობა გამრყვნელია, მას ავიწყდება სიფრთხილე და კარგავს სიფხიზლეს, რაც მას დანაკარგებად უჯდება. მისი მენეჯმენტი ეჩვევა მოპარვას და გაფლანგვას. მოგება მცირდება და ხშირად ქრება, რაც იწვევს კომპანიის დაშლას, გაკოტრებას ან ლიკვიდაციას.

ბ) მონოპოლისტის მიერ დაწესებული მაღალი ფასი სერიოზული მოტივაციაა, მომხმარებელმა ალტერნატივა ეძებოს და ამისათვის ყველა ღონე იხმაროს. თუ ელექტროენერგიის ფასი დაუახლოვდება მაგალითად მცირე გენერატორის მიერ გამომუშავებული ენერგიის ღირებულებას, მომხმარებელი მასზე გადავა.

გ) მონოპოლისტურად დაწესებული მაღალი ფასი ასევე სერიოზული მოტივაციაა და მიზეზიც იმისათვის, რომ მომხმარებელმა პირი შეკრას საქონლის აღმრიცხველებთან და გააყალბონ დოკუმენტები მისი მოპარვის მიზნით. ეს კომპანიაზე სწრაფად აისახება.

დ) მონოპოლიური ფასი პატიჟებს სხვა მსურველებს, მათაც სცადონ ბედი ამ საქმიანობაში, რომელიც შესაძლებელია მაღალრისკიანიც იყოს, თუმცა ამავდროულად, მაღალშემოსავლიანი. შემდეგი მოვლენები ასე განვითარდება — შეჯიბრი აიძულებს ორივე მხარეს, ფასი დაწიონ (კომპანიებმა — მაგთიმ და ჯეოსელმა დიდი ხანია მოიფიქრეს როგორ დაწიონ ფასი მიუხედავად ძველი გარიგებისა — არ გაეკეთებინათ ეს) და მალე შესაძლებელია ამ სფეროში ახალი ფირმების შესვლას აზრი დაეკარგოს — მონოპოლიური ფასი და მოგება აღარ იარსებებს.

ე) მონოპოლური მდგომარეობა (პრივილეგიები, ექსკლუზივები) შესანიშნავი სამიზნეა ზოგი კომპანიისთვის, რომლებიც ადვილად დაარწმუნებენ მთავრობას, რომ ახლა მათი დრო დადგა და მათ უკეთესი პირობები შეიძლება შესთავაზონ ვიდრე არსებულმა. ღია ეკონომიკის პირობებში (როგორიც საქართველო უდავოდაა, რადგან უცხოელებს თითქმის იგივე უფლებები აქვთ, რაც ადგილობრივს) ეს გაცილებით მარტივია. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ სახელმწიფოს მიერ ასეთი პრივილეგიების დაწესება ძირითადად ყოფილ საბჭოთა ინვესტორებს იზიდავს, რადგან მათთვის პრივილეგიებისათვის ბრძოლა სწორედაც მთავარი კონკურენციაა. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა სწორედ ასეთი პრივილეგიებისათვის კონკურენციის პირობებს აწესებს და არა საბაზროს. საბაზრო კონკურენციას არ სჭირდება ხელმძღვანელი ორგანო — მას თავის დანებება სჭირდება. თუმცა, ზემოთ აღვნიშნე იმის შესახებაც, რომ ამერიკულმა კომპანიამაც არ ითაკილა პრივილეგიებისათვის ზრუნვა.

ვ) მონოპოლიური ფასი არ შეიძლება იმაზე მაღლა დადგინდეს, ვიდრე: 1) ალტერნატივა (იხილეთ ბ) და 2) მის მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს – გარკვეულ მომენტში მომხმარებელი (გამომდინარე მოთხოვნის ელასტიურობიდან) შეამცირებს მოხმარებას და საერთოდაც უარს იტყვის. სიტუაცია აქაც მარტივია – თუ მომხმარებელს ფული ზედმეტი არ გაუჩნდა, მას მოუწევს საკუთარი პრიორიტეტების გადახედვა და თუ ეს საქონელი ან მომსახურება მისთვის დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს უარს იტყვის ან შეზღუდავს მის მოხმარებას. სხვა შემთხვევაში კი, თუ ეს სიკეთე მისთვის ძვირფასია, იგი სხვა, მისთვის ნაკლებად ფასეულ სიკეთეზე იტყვის უარს.

ზ) მონოპოლიური მდგომარეობისაკენ — ბაზარზე უკეთესი პირობებისაკენ — სწრაფვა, ეს მეწარმის — “ენთრეფრენერის” ჩვეულებრივი მოქმედებაა. ეს შესაძლებელია არაკეთილსინდისიერი ზრახვებითაც ხდებოდეს, თუმცა ძირითადად უფრო იმასთან არის დაკავშირებული, რომ კონკრეტულმა კომპანიამ კლიენტების მიმხრობა უკეთესად მოახერხა — დაბალი ფასით, უკეთესი ხარისხით, უკეთესი მომსახურებით და რეკლამით. თუ ეს ყველაფერი სხვათათვის აკრძალული არ არის, ან პირველს სპეციალური პრივილეგიებით არ მიუღია, მაშინ არ არსებობს აღელვების საფუძველი. ზემოთ ჩამოთვლილი პოზიტიური მოქმედების შეჩერების შემთხვევაში ეს კომპანია აუცილებლად დაკარგავს თავის მონოპოლურ მდგომარეობას. ეს პირველ ხანებში შესაძლებელია ადვილად და სწრაფად არ მოხდეს, თუმცა შემდგომ, გამომდინარე მიღებული ცოდნისა და გამოცდილებიდან, იგივე კომპანია და სხვებიც, ვინც ამ კომპანიის ჩავარდნაში გაერკვევა, შეეცდებიან იგივე შეცდომა აღარ გაიმეორონ. ეს საბაზრო ეკონომიკის ანაბანაა.

თ) ძალიან გავრცელებულია ასევე კომერციული შპიონაჟი, რომელიც ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ თუ მონოპოლისტის მოგებამ საბაზრო დონეს გადააჭარბა, შპიონაჟის გამოყენება სულაც არ გამოიყურება ძვირად — გააჩნია რას ყიდულობ. პირიქით, ამ შემთხვევაში მოსალოდნელობა, რომ ა) შპიონაჟით მოახერხონ, ძირი გამოუთხარონ მონოპოლისტს, გადმოიბირონ მისი მთავარი ინტელექტუალური რესურსები, იზრდება და, ბ) შპიონაჟით ადვილად შეიძლება მიაღწიონ მონოპოლისტის წარმატების საიდუმლოების გარკვევას. ეს ყველაფერი შედარებით მარტივი ხდება, თუ გავითვალისწინებთ (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული მონოპოლისტის დაკარგულ სიფხიზლეს.

ამ ყველაფრისაგან მონოპოლისტისათვის (ზემოთ აღნიშნული “არაკეთილსინდისიერი” ზრახვები რომ აწუხებს) ერთი ხსნა არსებობს მხოლოდ — ლობირება გაუწიოს ანტიმონოპოლიურ რეგულირებას და შემდგომ იგი სხვათა (როგორც წესი, მომხმარებელთა) წინააღმდეგ და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. სხვა შემთხვევაში მას მოუწევს ცხოვრებისეული სინამდვილისაკენ მობრუნება. ეს შესაძლებელია შედარებით დაგვიანდეს, თუმცა ამის გამო ამ სიტუაციაში სახელმწიფოს ჩარევა კიდევ მეტ პრობლემას გააჩენს. მათი გამოსწორება მომავალში ძალიან გართულდება თუნდაც იმის გამო, რომ რომელიმე ინტერესჯგუფი შეეცდება ლობირების გზით ამ რეგულირების შენარჩუნებას.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ცუდი მუშაობის მაგალითებს წარმოადგენს კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიები. ამ ორივე “დამოუკიდებელ” კომისიას სრულიად გადაავიწყდა, რომ მისი რეგულირების მთავარი მიზანი მომხმარებლებისათვის საუკეთესო არჩევანის უზრუნველყოფაა – მაგალითად, ორივე ინსტიტუტში შექმნეს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ომბუდსმენები (მომხმარებლის დამცველები). ლოგიკურია, კომისია — მისი ერთი განყოფილების გამოკლებით, ამის შემდეგ მომხმარებლის საწინააღმდეგო ორგანიზაციად ჩავთვალოთ.

მომხმარებლების სახელით კომისიები ბოროტი და\ან მონოპოლისტი კომპანიების შეზღუდვას ლიცენზირებით და ფასის კონტროლით ახდენენ. რას წარმოადგენს ლიცენზია? ეს არის ნებართვა გარკვეული საქმიანობისათვის. ითვლება, რომ ვინმე აპირებს ყოველგვარი ცოდნის ან სხვა რესურსების გარეშე კომუნიკაციის ან ენერგიის ბაზარზე შეიჭრას, გაზარდოს ფასები (მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობა არ იზრდება) და დაჩაგროს მომხმარებლები. სრულიად ალოგიკურია და დამღუპველიც ასე მოქცევა. მაგრამ თეორეტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ მონოპოლისტები უფრო უვიცები არიან, ვიდრე ლილოს ბაზრობის გამყიდველები, ვისგან განსხვავებითაც არ იციან, რომ მოგების მიღება ბრუნვიდან სჯობს ვიდრე მაღალი ფასიდან. ამიტომ, აუცილებელია მათი შეზღუდვა და სახელმწიფოს ჩარევა.

მომხმარებლების დაჩაგვრა რომ არ მოხდეს მაღალი ფასის გადახდით ან უხარისხო მომსახურებით, კომისია უმალ დაარეგულირებს, დაადგენს ფასს, რომელიც სავალდებულო გახდება და ამით ყველა კმაყოფილი იქნება. აქ ზედმეტია იმაზე მსჯელობა რა სიკეთე მოაქვს საფასო პოლიტიკაში ასეთ უხეშ ჩარევას — ეს რომ მართლა სიკეთე იყოს ალბათ ყველა სფეროში გვექნებოდა. რაც უფრო რთული დასანახია უბრალო მოკვდავისათვის (კომისიის წევრები კი ასეთები არ არიან ალბათ) ისაა, თუ როგორ აღწევენ კომისიის წევრები ფასის რეალობის დადგენას — ეს ხომ ბაზრის (კონკურენციის) ფუნქციაა.

კომისიის იდეის ავტორებმა — უნდა ითქვას, რომ ეს ქართული ფენომენი არ არის — ფასების დადგენისათვის წმინდა მარქსისტული მეთოდი შემოგვთავაზეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ საბჭოთა კავშირის ეკონომიკა მიწასთან გაასწორა. ამ მეთოდის მიხედვით, საკმარისია, კომპანიამ დაასაბუთოს საკუთარი ხარჯები. ამ ხარჯებში კომისია ადგენს ნორმებს, რამდენი შეიძლება იყოს მოგება, რამდენი ინვესტიცია, რამდენი ამორტიზაცია და ასე შემდეგ. ვისაც საბჭოთა ეკონომიკასთან საქმე არ ჰქონია, უნდა იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირის საგეგმო კომიტეტი, ფასების კომიტეტთან და სხვა უწყებებთან ერთად, სწორედ ასეთი საქმიანობით იყვნენ დაკავებული — საქონლის თვითღირებულებისა და მოგების დადგენით (დაარქვი დარეგულირებით). რას იძლევა ეს რეგულირება უბრალო მაგალითით ასევე ადვილად შეიძლება “გავიგოთ”: ეს რომ კარგად მუშაობდეს, ჩრდილო კორეა უკეთესად იცხოვრებდა ვიდრე სამხრეთი.

ფასის განსაზღვრის მარქსისტულ მეთოდს უნდა დავამატოთ ცენტრალური დაგეგმვის მეთოდი, რომელსაც მარეგულირებელი კომისიები იყენებენ. ეს ორივე არგუმენტი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისშივე იქნა გაბათილებული ავსტრიული სკოლის ეკონომისტების მიერ — ბემ-ბავერკი, მიზესი და ჰაიეკი. ამ უკანასკნელის ეკონომიკურ სფეროში ძირითად აღმოჩენას სწორედ ის შეადგენს (და არა რაშიც მან ნობელის პრიზი მიიღო), რომ არცერთ ცენტრალურ დამგეგმავს არ შეიძლება ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ შეძლოს დაგეგმვის (ანუ თვითღირებულების, მოგების, ამორტიზაციის, ინვესტიციების, და ა.შ. ნორმების დადგენა) სწორად განხორციელება. ფასები დროში ცვალებადი და დროში ადამიანთა ცვალებად მოთხოვნასა და სუბიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული; ინფორმაცია არ არის მხოლოდ სტატისტიკა — იგი ასევე მოიცავს ხელით შეუხებელ ფაქტორებსაც, როგორიცაა უნარები, გუდვილი, მოდა, და ა.შ. ნებისმიერი მცდელობა, საბაზრო ფასი დეკრეტულით (ბრძანებით) შეიცვალოს, ახდენს ბაზრის დეგენერაციას და მისი პრივილეგიებისათვის ბრძოლით ჩანაცვლებას.

დღევანდელი, შედარებით წარმატებული მდგომარეობა ენერგეტიკის სფეროში სულაც არ წარმოადგენს კომისიის გენიალური საქმიანობის ნაყოფს. ამ შემთხვევაში მთავრობამ მოძებნა დროებითი მაღალი (შესაძლებელია გადამეტებული) ფასები,რომლისათვისაც ინვესტორები ამ სფეროში მოღვაწეობას სასურველად აფასებენ, ხოლო უკვე არსებული მომწოდებლები სიამოვნებით მიჰყიდიან რეგიონში ყველაზე მეტის გადამხდელ კლიენტს. ამის გარდა, ელექტროენერგიის წარმოებამ უკვე გადააჭარბა მოხმარების დღევანდელ დონეს და მისი ექსპორტიც ხდება მეზობელ ქვეყნებში, ცხადია, მათთვის სასურველ ფასად.

თავისუფალი ფასების მნიშვნელობაზე საუბარი ამ შემთხვევაში შორს წაგვიყვანს. მაგრამ, ალბათ აღნიშვნის ღირსია ის, რომ:

1) თავისუფალი ფასები კერძო საკუთრების (მათ შორის მისი ხელშეუხებლობის იდეის) ნაწილია — ფასის შეზღუდვა, თუნდაც იგი მონოპოლიური იყოს, პირდაპირი თავდასხმაა კერძო საკუთრებაზე.

2) ფასების დარეგულირება — მისი ხელოვნურ დონეზე შენარჩუნება პირდაპირ გავლენას ახდენს რეგულირებად სფეროს განვითარებაზე; მასზე ხელოვნური მოთხოვნა იქმნება — ან გადაჭარბებული — თუ ფასი საბაზროზე დაბალია, ან შემცირებული — თუ ფასი საბაზროზე მაღალია. მხოლოდ მყიდველებს აქვთ რეალური უნარი, გაერკვიონ ამა თუ იმ საქონლის სარგებელსა და საკუთარ დამოკიდებულებაზე. მილიონობით მყიდველის აზრის შესწავლა ამ საქონლის ყიდვის სურვილის შესახებ (და რა ფასად) შესაძლებელიც რომ იყოს, სანამ ეს შესწავლა მოხერხდება მისი შედეგები სარგებელს დაკარგავს.

3) თუნდაც წარმოვიდგინოთ, რომ ფასის დაწევა მოხერხდა საბაზროზე ქვემოთ, ადვილი დასანახია თუ მოისურვებ, რომ მისი ის ნაწილი, რომელიც შემცირდა, საიდანღაც უნდა ანაზღაურდეს სუბსიდიის სახით — სხვა შემთხვევაში ამ საქმის გაგრძელებას აზრი დაეკარგება. ვისაც ერთხელ მაინც გაუაზრებია ალტერნატიული დანახარჯის თეორია, ამას ადვილად მიხვდება — რატომ? უბრალოდ რესურსების ალტერნატიული გამოყენების იდეები აუცილებლად გაჩნდება და გადაინაცვლებს კიდეც იმ სფეროში.

4) ფასი არ არის უბრალოდ ციფრი — იგი სიგნალია, რომელიც გამყიდველს და მყიდველს აცნობებს, რა მდგომარეობაა ბაზარზე. ამ სიგნალის გარეშე ორივე მხარე დაკარგავს ურთიერთკოორდინაციისა და შეტყობინების უნარს, რაც უსწრაფესად აისახება ბაზარზე — არც ერთ მხარეს აღარ ეცოდინება არის თუ არა ფასდარეგულირებული საქონელი მისი პრიორიტეტი. ეს ყველაფერი რთულია თეორიულად, თუმცა ძალიან ადვილია და ყოველდღე გვხვდება ჩვენს ცხოვრებაში.

მაგალითად, რატომ არის, რომ თბილისში ცენტრალურ ქუჩებზე უამრავი ოტალიზატორია, სადაც არცთუ სასარგებლო საქმიანობა მიმდინარეობს? უფრო საინტერესო არ იქნებოდა აქ განთავსდეს ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულებები (მაგალითად, ყველა სამინისტრო რუსთაველზე იყოს)? პასუხი მარტივია: ამ შემთხვევაში რესურსი — მიწა და შენობები — მოცდება ნაკლები ფინანსური შედეგების მქონე საქმიანობაზე, რომელთა სხვა ადგილას გადატანა მათ დიდ დანაკარგად არ დაუჯდებოდათ.

საინტერესო მდგომარეობა შეიქმნა კომუნიკაციების სფეროში: მთავრობის ზოგიერთი წევრი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ თავს იქებდა იმით, რომ წინა მთავრობა კაპიკებში ყიდდა ლიცენზიებს, ხოლო ახლანდელი — მილიონებს ახდევინებს კომპანიებს ზუსტად იმავე ლიცენზიებში. ეს ფორმულა სამ დიდ და ცუდ ტენდენციას უბიძგებს:

1. ასეთ პირობებში, საქართველოს ღარიბი მომხმარებლით, კომუნიკაციების ბაზარი ისედაც უინტერესოა ნორმალური ინვესტორისათვის (ასე დავარქვათ იმათ, ვისაც გრძელვადიანი ინტერესი აქვთ). თუ მას შევთავაზებთ, რომ ბაზარზე შემოსასვლელად მისი (აქციონერების!) ძნელად ნაშოვნი ფული ლიცენზიის ფარატინა ქაღალდში გადაიხადოს, ბევრ შემთხვევაში იგი უარს იტყვის და გზას დაუთმობს ან არანორმალურ ინვესტორს (ვისაც მხოლოდ სწრაფი მოგება აინტერესებს) ან ისეთს, რომლისათვის საინვესტიციო სტრატეგია მხოლოდ ლიცენზიების შესყიდვით ბაზრის მონოპოლიზებაა. ორივე შემთხვევაში ზარალს მომხმარებელი ნახულობს, პირველის ცუდი მენეჯმენტის გამო და მეორის მიერ ახალ ტექნოლოგიაში გადასახდელი ფულის გაფლანგვის გამო ლიცენზიის საფასურში.

2. ამ ლიცენზიების საფასურის საბოლოო გადამხდელი ისევ მომხმარებელია – ცხადია, ლიცენზიის მფლობელი კომპანია არ წარმოადგენს საქველმოქმედოს, იგი მას მომავალ ფასში ჩადებს და ეს პირდაპირ დააწვება მომხმარებელს, ხოლო მოგებაში ბიუროკრატი აღმოჩნდება. ისევ და ისევ, თუ კომპანია დარწმუნებულია, რომ სხვასაც ახდევინებენ, სულაც არ იდარდებს ლიცენზიის საფასურის სიდიდეზე; პირიქით, თუ საფასური იმდენად დიდია, რომ მის მიერ მისი შესყიდვის შემდეგ აღარავის დააინტერესებს, ეს მის ინტერესშიც კი შედის და ამიტომ შეეცდება ლიცენზიის საფასური ააწევინოს კიდევ იმ დონემდე, რომ მხოლოდ თვითონ იყოს მისი გადამხდელი. ასეთი ლიცენზიების ისტორია ყველგან იდენტურია და თუ კარგად შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ, მაგალითად, როუმინგის მაღალი საფასურის შენარჩუნება ეს მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების დამსახურებაა ყველგან, რომლებიც ერთგულად იცავენ რა საკუთარი ქვეყნის კომპანიების ინტერესებს (სინამდვილეში, ცხადია, საკუთარ ინტერესებს), სრულიად არ დარდობენ მომხარებლების ინტერესებზე.

3. დიდი ფულის გადამხდელი აუცილებლად ეცდება ლიცენზიის საფასური: ა) სხვა კომპანიების ბაზარზე არდასაშვებად გამოიყენოს; ბ) მაღალი დონეზე იყოს ლობირებული.

საინტერესოა რა საფუძველს ეყრდნობა, რა არის მიზეზი ან მიზანი ამ ლიცენზირების, საერთოდ კომუნიკაციების სფეროში? ამაზე სწრაფი პასუხი გამზადებულია – რადიოსიხშირეები და კაბელები (ან მისი მიწისქვეშა გვირაბები) შეზღუდული რესურსია და ამიტომ საჭიროა მისი რეგულირება. ეს მტკიცება, რომ სიხშირეები და კაბელები\გვირაბები შეზღუდული რესურსია მარეგულირებლების მიერ შეთხზული სისულელე თუ არა, მტკნარი სიცრუე ნამდვილად არის. კაბელების შესახებ ზემოთაც ვისაუბრეთ – თუ მუნიციპალიტეტი, ან მიწის სხვა მესაკუთრე ნებას დართავს (არ ჩაერევა, არ შეზღუდავს) — ასეთი კაბელების გაყვანა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მეორე შემთხვევაში კიდევ უარესი — სიხშირეები მილიონობით არსებობს. პრობლემა თითქოს მხოლოდ ტექნიკურია — რთულია (ძვირია) ერთმანეთთან ახლოს არსებული სიხშირეების გამოყენება ერთმანეთისათვის ხელის შეშლის გარეშე. თუმცა ეს პრობლემა დღევანდელი ტექნოლოგიებისათვის პრაქტიკულად აღარ არსებობს — გააჩნია რამდენს იხდი; ისიც აბსოლუტურად გაუგებარია რატომ უნდა გამოიყენონ ერთმანეთის გადამფარავი სიხშირეები სხვადასხვა კომპანიებმა თუ ასეთი სიხშირეები მილიონობითაა. თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ ამის გაკეთებას, მაშინ შესაძლოა დამოუკიდებელმა არბიტრაჟებმა ან სასამართლოებმა განიხილონ დავები საკუთრების შესახებ.

თუმცა პრობლემა აქ სხვაა: ასეთი ლიცენზირება სახელმწიფოს, სინამდვილეში, სიტუაციის კონტროლისათვის სჭირდება, რათა კაბელები თუ სიხშირეები მისი სურვილის საწინაამდეგოდ (ან კონტროლის გარეშე) არ იქნეს გამოყენებული. ანტიმონოპოლიური და სხვა რეგულირების ადვოკატები ძალაუნებურად ხელს უწყობენ სახელმწიფოს მეტად ჩარევას ჩვენს ცხოვრებაში, რათა მან კიდევ უფრო მეტად გაგვაკონტროლოს. ეს შესაძლებელია სასურველი იყოს პოლიტიკოსებისათვის, თუმცა ძალიან არასასურველი უბრალო ადამიანებისათვის. ლიცენზიაც, სინამდვილეში, ნებართვაა არა საზოგადოდ პრობლემური საქმიანობის შეზღუდვაზე, არამედ იმაზე, რომ მისი მიღების შემდეგ სრულიად თავისუფლად იგრძნო თავი — კონკურენტები ადვილად ვეღარ შეძლებენ შებრძოლებას, ახალ ფირმებს ძვირი დაუჯდებათ ამის გაკეთება. ახლა შეიძლება ფასის გაბერვაც — სახელმწიფოს ნებართვით და ხარისხის გაუარესებაც — სანამ კონკურენტები მიაღწევენ იმავე პრივილეგიებით სარგებლობას, ბევრი რამის მოსწრება შეიძლება ისეთის, რასაც ლიცენზიის გარეშე ვერც იოცნებებდი.

ზემოთ უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რამდენად დამღუპველია კომუნიკაციის სექტორისათვის მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა — იგულისხმება კომპანიებისათვის არაკონკურენტული მდგომარეობის ხელოვნურად შექმნა (ლიცენზირების გამოყენება კონკურენტებთან საბრძოლველად) და მომხმარებელთა ზარალი, რომელიც სახეზეა (მაგალითად, როუმინგის ფასები). კომპანიები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც შეესაბამება მთავრობის გადაწყვეტილებებს: თუ მთავრობა (კომისიაც რომ მთავრობაა ალბათ არავინ დავობს) იძლევა ლიცენზიებს და მოწინააღმდეგეც აპირებს მის მიღებას — პირველი რაც უნდა გააკეთო ისაა, რომ მან იგი ვერ მიიღოს რაიმე საშუალებით: ფასის უსაზღვროდ გაზრდით, ლიცენზიის პირობების გართულებით, მორგებით მხოლოდ საკუთარ კრიტერიუმებზე და ა.შ.

დავსვათ კითხვა: საერთოდ რა უფლებით ერევა სახელმწიფო (ან მისი შეთითხნილი კომისია) კერძო პირთა საქმეში? (რატომ იძლევა, მაგალითად, მაუწყებლობის ლიცენზიას სახელმწიფო?) ანტიმონოპოლიურ ეკონომიკურ სტატიებს აშკარად გასდევს საბაზრო ეკონომიკური საკითხების შორეული ცოდნა. მათი ავტორები ფიქრობენ, რომ მომხმარებლების დაცვა — ეს მხოლოდ რაიმე სპეციალური აქციებით და სახელმწიფოს ჩარევითაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი სწორია სოციალისტურ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ყველაფერია და, მათ შორის, ხარისხის მაკონტროლებელიც. ამის ნაცვლად, საბაზრო ეკონომიკაში პროდუქციის ხარისხის მაკონტროლებელი თვით მომხმარებელია, რომელიც ყოველდღიური თავისი გადაწყვეტილებებით “ხმას აძლევს” მისთვის უკეთეს საქონელს, რითაც აიძულებს გამყიდველს, სწორედ ასეთზე გააკეთოს ორიენტაცია და თანაც ეს ყველაფერი ნებაყოფლობით და ძალადობის გარეშე.

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მიმართ უკიდურესად არამეგობრულად უნდა იყო განწყობილი, რომ დაასკვნა: მას შეუძლია მეტი კორუფციის მოტანა, რაც ხშირად ბრალდება ასევე მონოპოლიებს. საკითხი მარტივია: თუ ბაზარი თავისუფალია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ სახელმწიფო მცირეა და ძალიან ცოტა ფუნქციები აქვს, რაც იმის საწინდარია, რომ მას და მის ბიუროკრატებს ფულს აღარავინ მისცემს. თუ სახელმწიფო არაფერს ანაწილებს და არანაირ ნებართვებს აღარ იძლევა, რაში მისცემენ ფულს?

ზემოთ დავიწყე და აქ გავაგრძელებ: მონოპოლიების საწინააღმდეგო არგუმენტები პირდაპირი ასლია ზოგადად მეწარმეობის, მდიდრების და გამდიდრების საწინააღმდეგო არგუმენტებისა. როგორც ჩანს, ბევრი ვერ ეჩვევა იმ აზრს, რომ ადამიანი მისთვის მაქსიმალური სარგებლისათვის ირჯებოდეს, რომლის გარეშე იგი ინტერესს კარგავს საქმე აკეთოს, გარისკოს საკუთარი რესურსები, იყოს ინოვაციური. მოგება არის ამ გარჯის ჯილდო და არა სიხარბე.

ზემოთ ვახსენე მარქსის ერთი გენიალური ბრალდება — ზემოგება (ჭარბი მოგება) — ახლა იმისათვის, რომ მარქსის ამ ერთ-ერთ სისულელეში მკითხველი ჩავახედო ვიკითხავ — კი მაგრამ ვინ დაადგინა რა არის ჭარბი (ზე-) მოგება? თუ არსებობს მოგების საშუალო დონე — ეს მხოლოდ სტატისტიკაა და არა ეკონომიკური კანონზომიერება, და მისი გადალახვა იმას ნიშნავს მხოლოდ, რომ სხვებს აჯობე და არა იმას, რომ ხარბი ხარ.

დასასრულ, ერთხელ, როდესაც ერთ შეხვედრაზე მაღალი გადასახადების მომხრეებმა შემიტიეს, (კვლავ) მილთონ ფრიდმენის ცნობილი ფრაზით ვუპასუხე: “თავისუფალი ბაზრის საწინააღმდეგო ყველა არგუმენტის უკან ყოველთვის საკუთრივ თავისუფლების რწმენის ნაკლებობაა.”

წყარო: ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა. კრებული VI. “თავისუფლების მოაზროვნეები”

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button