ზღაპარისაბავშვო

ალალი კაცი

გზაზე ერთი ჭაბუკი მიდიოდა. მიადგა ღელეს, ზედ უნდა გადასულიყო და უცებ დაინახა, რომ წყალს ვაშლი მოჰქონდა. დასწვდა, გაწმინდა და ჩაკბიჩა, მაგრამ მაშინვე შეკრთა: ეს რა ჩავიდინე, ვაშლს პატრონი ეყოლება, მის უნებართვოდ არ შემერგებაო. აჰყვა ღელეს და მიადგა ვაშლის ბაღს. მებარეც იქ იყო.

– ღელეში ერთი ვაშლი ვნახე. ამოვიღე, ჩავკბიჩე და მერეღა გამახსენდა, რომ ის ჩემი არ იყო. ალბათ შენია, ერთი ლუკმა კი ჩამოვკბიჩე და შევჭამე, მაგრამ ამისთვის ბოდიშს გიხდი, აჰა, წაიღეო, – უთხრა ჭაბუკმა მებაღეს.

მიუგო მებაღემ:

– თუ გინდა ეგ ვაშლი შეგერგოს, ან ორი წელი უნდა მემსახურო, ან ჩემი ქალიშვილი ცოლად შეირთო. ისე იცოდე, ქალიშვილს არც თვალი აქვს, არც ხელი, არც ენა და არც ყურიო.

ჭაბუკი დიდხანს ფიქრობდა, რა ეპასუხა მებაღისათვის. ბოლოს უთხრა:

– ორი წელი შენს სამსახურს მირჩევნია, შენი ქალიშვილი შევირთო. ეტყობა, იგი ჩემი ბედიაო.

მებაღემ შინ მიიწვია ჭაბუკი, ასვა, აჭამა, შემდეგ ერთი ოთახის კარზე მიუთითა:

– აქ არის ჩემი ქალიშვილი, შეგიძლია წაიყვანოო.

ჭაბუკმა კარი გამოაღო, ოთახში შესვლა დააპირა, მაგრამ ელდანაკრავივით უკან დაიხია. მისი საცოლე უთვალო, უხელო, უენო და უყურო უნდა ყოფილიყო, ოთახში კი მზეთუნახავი იჯდა.

– შედი, ნუ გერიდებაო! – გაამხნევა მებაღემ.

– ვერა, – მიუგო ჭაბუკმა, – ოთახში ჩემს საცოლეს ვერ ვხედავ, იქ მზეთუნახავი ზის. არ მინდა ხელმეორედ ცოდვა ჩავიდინო და ჩემად მივიჩნიო ის, ვინც ჩემი არაა. ეს ქალი ჩემი ბედი არ გახლავთო.

– სწორედ ეგ არის შენი ბედი, შვილო! – უთხრა მებაღემ ჭაბუკს. – შენისთანა ალალი კაცისთვის ალალია ასეთი ლამაზი ქალი. ეს მზეთუნახავი ჩემი ქალიშვილია, მის მეტი არავინ გამაჩნია. როცა გითხარი, უთვალო, უხელო, უენო და უყუროა-მეთქი, იმას ვგულისხმობდი, რომ სხვისაზე არფერზე რჩება თვალი, სხვისას არაფერს ახლებს ხელს, სხვაზე არაფერს იტყვის ავს და ცუდს არაფერს უგდებს ყურს. მე სწორედ შენისთანა ალალ კაცს ვეძებდი, რომ მიმეთხოვებინაო.

რაღა ეთქმოდა ჭაბუკს. შეირთო მებაღის მზეთუნახავი ასული და ბედნიერად ცხოვრობდა ძალიან, ძალიან, ძალიან დიდხანს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button