საკითხავი

გიორგი ლორთქიფანიძე – აცტეკი

(საფუძველი რომანისთვის)

ეს გაუხმაურებელი, თითქოს არცთუ მნიშვნელოვანი, თუმცა თავისებურად საგულისხმო ამბავი, ჯერაც დამალულია მავანისთვის, ვინაიდან მან სუსტი და ირიბი ასახვა სულ სამიოდე მოკლე და საერთო საინფორმაციო ნაკადში ჩაკარგულ საგაზეთო პუბლიკაციაში თუ ჰპოვა. იმასაც ვითვალისწინებთ, რომ დღემდე გამოქვეყნებული მასალები ჩვენი თანამემამულეებისთვის – სულ ერთია, გულგრილი მოხელე–ჩინოვნიკების, ქველმოქმედი ოლიგარქებისა თუ გაცრეცილი სამოსის ტარებას დაჩვეული ინტელიგენტებისთვის, – აქამდე ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, რადგან ხსენებული წერილები ერთმანეთს სრული ერთი წელიწადითა და ათასობით კილომეტრითაა დაცილებული. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ – ანუ მათ, ვინც საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე ჭეშმარიტების წყაროს სათავესთან მიახლოება შევძელით, – ვივარაუდეთ, რომ ეს ერთგვარად პირადული ხასიათის ისტორია, შესაძლოა, ჭკუის სასწავლებელი მაგალითი (თუ გაკვეთილი) აღმოჩნდეს გარკვეული ყაიდის ადამიანებისთვის. კერძოდ კი მათთვის, ვინც ადრეული ბავშვობიდან თანატოლებში იშვიათი წინდახედულობით, უმახვილესი ყნოსვითა და უფაქიზესი სმენით გამოირჩევა, და ვისაც სიყრმეში, მხედველობის საერთო გაუმჯობესების კვალობაზე, უვითარდება ძირითადი ფერის ფარგლებში ნაირნაირი ელფერების ერთმანეთისგან გამორჩევის უნიკალური უნარი. სწორედ ასეთი, დარბაისელი და ზედმეტად მგძნობიარე ადამიანების თვალის, გულისა და გონების საამებლად მოგვაქვს აქ ის მწირი და არეული მასალები, რომლებიც ჩვენ რის ვაი–ვაგლახით თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზებში ხშირი და ხანგრძლივი სტუმრობისა თუ ინტერნეტის სხვადასხვა საიტებზე ქექვის შედეგად მოვიპოვეთ.

X X X

2011 წლის 17 სექტემბერი, თბილისი, გაზეთი ”ხმა”, მთავარი რედაქტორის სვეტი:

”გუშინ ჩვენი ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მექსიკის საელჩოში, ყველასთვის მოულოდნელად სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსგავი პრეცედენტი მსოფლიო დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს. ჩვენი გაზეთის კორესპონდენტი სხვა ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად საელჩოში მექსიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებას ესწრებოდა და შემზარავი დანაშაულის მოწმე გახდა. მიღების ბოლოს, უკვე ალაფურშეთის დროს, შამპანურით სავსე ბოკალით ხელში სტუმრებთან ხალისიანად მოსაუბრე მექსიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ბატონ ალვარო გომეს–მარტინესს ყველას თვალწინ თავს დაესხა ამავე საელჩოს მაღალი რანგის თანამშრომელი ბატონი ურტადო გერერო ტომანსინი, რომელმაც თავისი უფროსი კოლეგა ეროვნული ხანჯლით – მაჩეტეთი – გულის არეში ერთი ზუსტი და ძლიერი დარტყმით განგმირა. ბატონ გომეს–მარტინესის გადარჩენა ვერ მოხერხდა, იგი სისხლისგან დაიცალა და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. გარეგნულად აბსოლუტურად მშვიდი ბატონი ტომანსინი მაშინვე დააკავეს საელჩოს დაცვის მუშაკებმა. დაკავებისას მას არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მკვლელობის მოტივი (ან მოტივები) ჩვენთვის უცნობია. დღეს ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროში სარედაქციო დავალებით „ხმის“ სწორედ ის კორესპონდენტი მივავლინეთ, რომელიც გუშინდელ ტრაგედიას პირადად დაესწრო, მაგრამ ქართული დიპლომატია ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს. პრესცენტრში მომლოდინე ჟურნალისტებს ოფიციალურად მხოლოდ ის განუცხადეს, რომ ახალი არაფერია და აღნიშნულ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება. სამწუხაროდ, ვერავინ მიიღო კომპეტენტური პასუხი მარტივ კითხვაზე: რომელი ქვეყნის იურისდიქციას მიეკუთვნება ამ ტიპის დანაშაული და ვრცელდება თუ არა დამნაშავეზე დიპლომატიური იმუნიტეტი, ანუ სად უნდა გასამართლდეს რეზიდენციაშივე სისხლიანი ხანჯლით ხელში დაკავებული ბატონი ტომანსინი – მექსიკასა თუ საქართველოში? კითხვის ამგვარი ფორმით დასმისას ჩვენი კორესპონდენტი ერთ გვარიანად მივიწყებულ ნიუანსსაც ითვალისწინებდა: ბევრ თბილისელს, მეტადრე ასაკოვანს, ჯერ კიდევ ახსოვს თუ როგორ გაიტანა მანქანით არეულ 90–იანებში ნასვამმა ბულგარელმა დიპლომატმა და საქართველოში ერთ–ერთი ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ვინმე ალექსანდრე მარინოვმა, მელიქიშვილის ქუჩაზე მიმავალი ორი თბილისელი ახალგაზრდა. სხვათა შორის მარინოვი ქართულ სასამართლოში მიბრძანებისა და დაღუპულთა ნათესავების რისხვისგან მაშინ სწორედ დიპლომატიურმა იმუნიტეტმა იხსნა. უფრო მეტიც, ჩვენ იმის გახსენებაც შეგვიძლია, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის პერსპექტიულ ქართველ დიპლომატს გიგა მახარაძეს, რომლის სიმთვრალესაც ახალგაზრდა ამერიკელი ქალბატონი შეეწირა, რამდენიმე წელი ამერიკული ციხის კედლები ახეხინეს. ქართველებმა მაშინაც გამოვიჩინეთ, ჩემი აზრით, სრულიად გაუგებარი ტოლერანტობა და თავად მოვუხსენით იმუნიტეტი მახარაძეს – პირადად ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენი ყოვლისშემძლე სტრატეგიული პარტნიორის ზედმეტ გაღიზიანებას მოერიდა. ფაქტია, რომ მაშინ ქვეყნის ლიდერმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვასა და თანამოქალაქის, თუნდაც დამნაშავე თანამოქალაქის, ბედზე ზრუნვას, ძლიერ მოკავშირესთან ურთიერთობის გაუმჯობესება ანაცვალა. საინტერესოა, თუ როგორ მოიქცევიან ამჟამად მექსიკელები, – მით უმეტეს, რომ ამერიკის წონასა და გავლენასთან საქართველოს კუთრი პოლიტიკური წონა მოსატანიც არაა. ცხადია, რომ ამგვარი ანალოგიის არსებობა მხოლოდ ამძაფრებს ჩვენი საზოგადოების ბუნებრივ ინტერესს გუშინდელი ტრაგიკული ინციდენტის მიმართ. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს შექმნილ ვითარებაში მექსიკის პრეზიდენტი. რაც შეეხება გამოძიებას, ჯერჯერობით ჩვენი გამოცემა იძულებულია, მხოლოდ ფაქტის კონსტატაციით შემოიფარგლოს, თუმცა ვპირდებით მკითხველს, რომ რედაქცია შემდგომშიაც მიადევნებს თვალყურს ამ ინციდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ახალ ინფორმაციას საზოგადოებას გაზეთის მომდევნო ნომრებში მიაწვდის“.

ერმილე სილაგავა, „ხმის“ მთავარი რედაქტორი

(NB: რედაქტორის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული ეს პირობა არ თუ ვერ იქნა შესრულებული. ამ ინციდენტის თაობაზე ქართულ პრესაში მეტი არაფერი დაბეჭდილა, არც ერთი გადაკრული სიტყვა).

2012 წლის 18 სექტემბერი, მეხიკო, გაზეთი “La Prensa Libre”:

”გუშინ მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად განაცხადა, რომ უკვე კვირაზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც სადღაც მექსიკის ტერიტორიაზე გაუჩინარდა ქართული საელჩოს ატაშე კულტურის საკითხებში ბატონი ეფრემ ბოლქვაძე. ამასთან, პრესკონფერენციაზე გაირკვა ისიც, რომ საელჩომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ეს ამბავი სამდღიანი დაგვიანებით შეატყობინა. დაკარგული დიპლომატის ძებნა მაშინვე დაევალა მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ოპერატიულ ჯგუფს. პრესკონფერენციის დასრულებისთანავე საქართველოს საელჩოს მაღალი რანგის თანამშრომელმა – ანონიმურობის დაცვის პირობით – გვამცნო, რომ ბატონ ბოლქვაძის გაუჩინარება ყველასთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. „მიმძიმს კოლეგაზე წარსულ დროში ლაპარაკი და ვინარჩუნებ იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მას მექსიკის კულტურულ წრეებში საკუთარი მდიდარი კონტაქტები ჰქონდა და თავისუფალ რეჟიმში მუშაობას იყო ჩვეული. ბოლქვაძე საელჩოში არ ცხოვრობდა, ბინას ქირაობდა, შეეძლო რამდენიმე დღე სამსახურში არც გამოცხადებულიყო და მე, პირადად, ეს უცნაურად სულაც არ მეჩვენებოდა – გამოცდილი კადრი იყო და ვენდობოდით. ახლაც ვენდობით და გასარკვევია, რა დაემართა, რაიმე უბედურებას ხომ არ გადაეყარა. ასაკოვანი, ორმოცდაათს გადაცილებული კაცია და, შესაძლოა, გულმა უმტყუნა ან სულაც ბოროტმოქმედთა მსხვერპლი გახდა. არ დავმალავ, რომ ბოლო ერთი თვეა, ცოტა არ იყოს, შეცვლილი მეჩვენებოდა. კი მიკვირდა, რომ მის სამუშაო მაგიდაზე მუდმივად ვხედავდი მიმობნეულ საგაზეთო, ფოტო და სხვა მასალებს, რომლებიც ჩიაპასის პროვინციაში არსებულ ვითარებასა და იქაური სეპარატისტების, ამ თქვენი საპატისტების, შიდა სამზარეულოს ეხებოდა. კულტურის საკითხებში ატაშეს ამ საკითხების შესწავლა არ ევალებოდა, მაგრამ პირადი კონტაქტები ხელოვნების სამყაროში ისეთი რამაა, რომ გამორიცხული არაფერია“, – გვიამბო ჩვენმა წყარომ, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ბატონი ბოლქვაძე, მისი ასაკიდან და მოსკოვში მიღებული განათლებიდან გამომდინარე, ფარული კომუნისტია, რომლის დაინტერესება საპატისტური მოძრაობის ისტორიითა და ანტიგლობალისტების ცოცხალი კერპის – სუბკომანდანტე მარკოსის ბიოგრაფიით სავსებით გასაგებია.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ, მართალია, საშუალოსტატისტიკურ მექსიკელ მკითხველს ბევრი არაფერი სმენია აღმოსავლეთ ნახევარსფეროში განლაგებულ Georgia number Two–ზე – ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოზე, სამაგიეროდ მარკოსის სახელი ჩვენში ბავშვსაც კი გაუგია. რას იზამ, მექსიკას თავისი ანტიგმირები ჰყავს, საქართველოს – თავისი. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ და არც ის ვიცით, გმირია თუ ანტიგმირი დონ ეფრემ ბოლქვაძე, მაგრამ ცხადია, რომ მის გადასარჩენად ყველაფერი უნდა ვიღონოთ – ეს ქვეყნის ღირსების საკითხია. რაც შეეხება მის ასაკსა თუ ფარულ მემარცხენეობას – ნახევარი საუკუნე, გითხრათ მართალი, არც ისე ბევრია, ხოლო თავად მემარცხენეობა სავსებით აღიარებული მიმართულებაა დღევანდელი მსოფლიოს ფილოსოფიურ რუკაზე. კრიმინალი თუ სეპარატისტები – საკითხი, ჩვენი აზრით, ასეთ ჭრილში უნდა განიხილებოდეს“.

2012 წლის 22 სექტემბერი, მეხიკო, გაზეთი “El Manifesto Mexikana”:

„მოვახსენებთ ჩვენს ერთგულ მკითხველს, რომ მექსიკაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს ატაშეს დონ ეფრემ ბოლქვაძის ბედი კვლავაც გაურკვეველი რჩება. ქართველი დიპლომატი ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ არავინ უწყის – არც საქართველოს ელჩმა და არც ჩვენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. სავსებით შესაძლებელია, რომ დონ ეფრემი ცოცხალია, შესანიშნავადაც გრძნობს თავს და მხოლოდ და მხოლოდ გაიქცა, თან ამისთვის რაღაც მიზეზი, ჩვენთვის ჯერაც უცნობი, პირადად მისთვის კი აბსოლუტურად საფუძვლიანი, ჰქონდა. საზოგადოდ, როგორც ცნობილია, ზედმეტად ემოციური და თეატრალური ქართველები, ლათინოსების არ იყოს, რომანტიკული აზროვნების რასაა. ბევრი მათგანი მექსიკელს გარეგნულადაც კი წააგავს. დონ ეფრემს მეხიკოში ბევრი ნაცნობი მხატვარი თუ ლიტერატორი ჰყავდა, ყველა მათგანი აცხადებს, რომ მან შესანიშნავად იცოდა ესპანური ენა, ძალზე კომუნიკაბელური იყო და გარეგნობითა და იერით ჩვენი თანამოქალაქეებისგან თითქმის არ განსხვავდებოდა. ერთადერთი, რაც მას სხვებისგან გამოარჩევდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი, შეჭაღარავებული თმა და ჩვეულებრივზე უფრო თეთრი კანი იყო. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ინდიელებით დასახლებულ რომელიმე შორეულ შტატში, მაგალითად ჩიაპასში, ტაბასკოში ან იუკატანში, მისი ინდოევროპიული იერი, ასე თუ ისე, მაინც მიიქცევდა ყურადღებას.
საგამოძიებო დეპარტამენტის წიაღიდან გამოჟონილი მწირი ინფორმაციის თანახმად, ოპერატიულმა ჯგუფმა მაინც მოახერხა გამქრალი დიპლომატის სუსტი კვალის მოძიება. ინტენსიური საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგინგა, რომ ქართველი ესკაპისტი სავარაუდოდ ბოლოს ნახა საქალაქთაშორისო ავტობუსის მძღოლმა ვინმე რიკარდო მორალესმა, რომელიც რეგულარულად, კვირაში ორჯერ, ასრულებს რეისს მეხიკოდან ჩიაპასის პროვინციის ტურისტულ ცენტრ სან–კრისტობალში. მძღოლმა აღიარა, რომ ორიოდე კვირის წინათ მისი ავტობუსით მართლაც უმგზავრია დონ ეფრემს მიმსგავსებულ მამაკაცს, რომელიც სხვებთან ერთად სან–კრისტობალში უკანასკნელ გაჩერებაზე ჩავიდა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. მორალესის ყურადღება სწორედ მგზავრის ოდნავ უცნაურმა გარეგნობამ მიიქცია – მიუხედავად აშკარად გამოხატული თეთრკანიანობისა, იერით ის არც ამერიკელს ჰგავდა და არც ევროპელს. ამის შემდეგ დიპლომატის კვალი იკარგება. პოლიცია დღესაც ცდილობს იპოვოს და დაჰკითხოს იმ რეისის მგზავრები, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ამ რთულმა და შრომატევადმა პროცესმა ნაყოფი ვერ გამოიღოს, რადგან არც სალაროში და არც ავტობუსის მძღოლთან მგზავრების საპასპორტო მონაცემები არ ფიქსირდება.
ერთობ უცნაურია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებული გავლენიანი წრეების არაოფიციალური ვერსიით, არაა გამორიცხული, რომ ქართველი დიპლომატი ჩიაპასის პროვინციის უდაბურ ადგილებში მოქმედ სეპარატისტებს საკუთარი სურვილით შეუერთდა. ამ, ერთი შეხედვით, ნაკლებად საფუძვლიან ვარაუდს ამყარებს ის გარემოება, რომ კომუნისტური წარსულის მქონე დონ ეფრემი თურმე ცხოველ ინტერესს იჩენდა საპატისტების პოლიტიკური დეკლარაციების მიმართ და ქართული საელჩოს ერთ–ერთი ანონიმური თანამშრომლის ცნობით, თანაუგრძნობდა კიდეც მათ ანტიგლობალისტურ–ანტიკაპიტალისტურ რიტორიკას. ასეა თუ ისე, მეხიკოს პოლიცია აგრძელებს დაკარგული დიპლომატის ძებნას, თუმცა მისი დაბრუნების ალბათობა დღითი დღე მცირდება. მართლაც, თუკი ხსენებული ვერსია სიმართლეს ოდნავ მაინც შეესაბამება და დონ ეფრემი არა ძალადობის მსხვერპლი დიპლომატი, არამედ ნებაყოფლობითი საპატისტი და პოტენციური ტერორისტია, ლაპარაკი სეპარატისტების კლანჭებიდან მის გამოხსნაზე წყლის ნაყვა და სრული უაზრობაა. ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ყოველივე ზემოთქმული საბოლოოდ არ დადასტურდება და ე.წ. „ბოლქვაძის კაზუსი“ ვერ დააზარალებს საქართველო–მექსიკის ნაყოფიერ და მეგობრულ ურთიერთობას. შევახსენებთ მკითხველს, რომ საქართველო თვით იტანჯება შიდა სეპარატიზმის ძალადობრივი გამოვლინებებისგან და არავითარ შემთხვევაში არ უჭერს მხარს სეპარატისტულ მოძრაობებს სხვა ქვეყნებში, კერძოდ მექსიკაში. დღესავით ნათელია, რომ ზემოთ მოყვანილი ნაკლებსავარაუდო ვერსიის გამართლების შემთხვევაშიც კი, საქართველოს ხელისუფლება გაემიჯნება და მკაცრად დაგმობს ეფრემ ბოლქვაძის ავანტიურისტულ საქციელს. აქვე მკითხველს იმასაც შევახსენებთ, რომ საქართველოს ულამაზეს დედაქალაქ თბილისში შარშან გახსნილ ჩვენს საელჩოში ერთხელ უკვე დაიღვარა სისხლი – დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შეიარაღებულმა ბანდიტმა სიცოცხლეს გამოასალმა ჩვენი ელჩი, ყველასთვის პატივცემული და საყვარელი დონ ალვარო გომეს–მარტინესი. იცით კი, ვინ აღმოჩნდა დანაშაულის ადგილზე დაკავებული დამნაშავე? საელჩოს თანამშრომელი და ჩიაპასში მიკარგული ერთ–ერთი უაღრესად ოდიოზური, იზოლირებული და აცტეკების შთამომავლებით დასახლებული სოფლის მკვიდრი ვინმე ურტადო გერერო ტომანსინი. საინტერესოა, რომ საქმე მიჩქმალულია, ხოლო თავად ტომანსინი ფრიად საეჭვოდაა გაუჩინარებული. ყოველ შემთხვევაში ჩვენ, მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, ვერ მოვიპოვეთ ღირებული ინფორმაცია მისი საქართველოდან ექსტრადიციის პროცედურისა და შემდგომი სამართლებლივი დევნის თაობაზე და ვერც მის დღევანდელ ადგილსამყოფელს მივაგენით. ჩვენ შეთქმულების თეორიის მეხოტბენი სულაც არ გახლავართ, მაგრამ მაინც ვიტოვებთ უფლებას დავსვათ ბუნებრივი და „ჩამჭრელი“ ჟურნალისტური კითხვები: დაისაჯა თუ არა გერერო ტომანსინი? უკავშირდება თუ არა შარშანდელ ინციდენტს თბილისში ეფრემ ბოლქვაძის იდუმალი გაუჩინარება? რა ხდება? მოვლენათა შემთხვევით გადაფარვასთან და ელემენტარულ დამთხვევასთან გვაქვს საქმე, თუ…
ისე კი, ხომ არ გახშირდა ბოლო დროს ბინძური და იდუმალი სკანდალები ჩვენს დიდ და საერთო მექსიკურ ოჯახში?“

(NB: აი, სულ ესაა, რისი აღმოჩენაც საჯარო ბიბლიოთეკის საცავში დღემდე შევძელით, მაგრამ მოგეხსენებათ, თანამედროვე ინტერნეტი ინფორმაციის უშრეტი წყაროა და კვლევა–ძიებას იმედიანად ვაგრძელებთ).

X X X

ზაფხულმა, რომლის დადგომას სულ ცოტა ხნის წინათ ყველა შეჰხაროდა, აგვისტოს შუა რიცხვებში პიკს მიაღწია და აღარავის ინდობდა – არც ბავშვს და არც მოხუცს. ქალაქს იმ დღეებში აღარც წვიმა ეკარებოდა და აღარც ნიავი. ღამღამობით ჰაერის ტემპერატურა ოდნავ დაბლა იწევდა, მაგრამ ეს ხანმოკლე და შვებისმომტანი საათებიც თითქოს თვალსა და ხელს შორის იკუმშებოდა და შეკუმშული დროის სიკეთით სარგებლობას თითქმის ვერავინ ასწრებდა. ლაღი ამოსუნთქვის მოლოდინით გათანგული ადამიანები სისხამ დილიდან შეფარული იმედით გაცქეროდნენ კრიალა ცას – იქნებ ღმერთმა გადმოგვხედოს და ერთი–ორი მადლიანი ღრუბელი გვიწყალობოსო, მაგრამ საათის ისრები შუადღეს ოდნავ გადასცდებოდა თუ არა, მზის მხურვალება ისევ ალღობდა და არბილებდა თბილისის მოასფალტებულ ქუჩებს და ის პატარა იმედიც ისევე უიღბლოდ და უკვალოდ ქრებოდა, როგორც ქვიშაზე დაღვრილი წყალი. ხვატს ყველა თავისებურად და, ასე ვთქვათ, შეძლებისდაგვარად უმკვლავდებოდა. დიდი ბანკების, მსხვილი ფირმებისა და სამინისტროების გაწკრიალებულ ოფისებში მოფუსფუსე კლერკებს, შებერტყილ ბიზნესმენებსა და მაღალანაზღაურებად სახელმწიფო მოხელეებს მძლავრი კონდიციონერების ჩუმი გუგუნი და გარუჯვის ხალისიანი მოლოდინი ასულდგმულებდა. იცოდნენ, ადრე თუ გვიან, მათი ჯერიც დადგებოდა და კუთვნილ შვებულებას შემოსავლის შესაბამისად შეირგებდნენ – ან ესპანეთის, კვიპროსისა თუ თურქეთის კეთილმოწყობილ სანაპიროებზე აღმართულ მრავალსართულიან და გაბრწყინებულ ოტელებში, ან სარფის, კვარიათისა თუ გონიოს პლიაჟებზე, ანდა სულაც მშობლიური ბათუმის განახლებულ ბულვარზე გაშენებული კაფე–ბარების ჩრდილში. მშობლების კალთას ამოფარებული სტუდენტებიც, გინდა ყმაწვილკაცები, გინდა გოგონები, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსითა თუ მატარებლით მგზავრობის ოდნავი საშუალება გაუჩნდებოდათ თუ არა, კისრისტეხითა და სიცილ–კისკისით გარბოდნენ გვარიანად მობეზრებული ქალაქიდან. ისინი, ზღვაზე იქნებოდა თუ მთაში, ყოფით პირობებსა და ფულს დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებდნენ, ოღონდაც მათი სიცოცხლით სავსე სხეულებისთვის შხაპით გაგრილება ყოფილიყო ხელმისაწვდომი, სხვა მხრივ კი იოლად გადიოდნენ ფონს, დროსტარების, მჩქეფარე ენერგიისა და ბუნებრივი გულწრფელობის ხარჯზე. სოლიდური და მეოჯახე მამაკაცები უპირველესად ცოლ–შვილის გავარვარებული თბილისიდან გასტუმრებაზე ზრუნავდნენ – სადმე წყნეთში, მანგლისსა თუ ქობულეთში, თავად კი, დასიცხულნი და მტვრიან დედაქალაქს ეულად შერჩენილნი, სამსახურის მიტოვებასა და ოჯახის მონახულებას საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე დღით თუ ახერხებდნენ. შედარებით უკეთეს ვითარებაში საშუალო ასაკის გამოცდილი, ზომიერად შეძლებული და თანაც უცოლო მამაკაცების არცთუ მრავალრიცხოვანი კასტა აღმოჩნდა – მასში შემავალ პიროვნებას ადრე რა დანაკარგიც უნდა განეცადა ცხოვრებაში, ის საშური პრივილეგია მაინც ჰქონდა შერჩენილი, რასაც არჩევანის თავისუფლება ჰქვია. ეს კასტაც, თავის მხრივ, არაერთგვაროვანი იყო: მასში შეხვდებოდი როგორც არაფრით გამორჩეულ რიგით ფეხოსანს, ისე მრავალი ღირსებით შემკულ რაინდსაც, ანუ ისეთ მამაკაცს, რომელიც მათრობელა ცდუნებების დაძლევისა და ფანტაზიების მოთოკვის უნარს ხმაურიანი პლიაჟებისა და ბუნგალოების სიახლოვესაც კი ადვილად ინარჩუნებს ხოლმე.
ამ განსაკუთრებული ყაიდის რაინდთა რიცხვს მიეკუთვნებოდა (თავად მიიჩნევდა ასე) ქობულეთის მზიან სანაპიროზე ზანტად მოსეირნე ეფრემ იასონის ძე ბოლქვაძე, ბამბის მაისურსა და მოკლე, საზღვაო კურორტისთვის ზედგამოჭრილ ღია ნაცრისფერ შორტში გამოწყობილი, გვარიანად შეჭაღარავებილი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, მშვიდი და სანდომიანი გარეგნობის კაცი. ეფრემმა, ღვთის ნებით, ნახევარსაუკუნოვან ზღურბლს სულ რაღაც სამიოდე თვის წინ გადააბიჯა და ცოლი არასოდეს ყოლია, ხოლო რაც შეეხება რაინდობას, გამოცდილებასა და ნებისყოფას… ლიტერატურულ ესპანურ ენაზე მშვენივრად მოსაუბრე, ლათინური კულტურის წიაღსვლებში ღრმად გარკვეულ და საერთაშორისო ურთიერთობების რთულ ისტორიაში ფრიად განსწავლულ ეფრემ ბოლქვაძეს საკმაოდ გავრცელებული, ამასთან კი უთუოდ პრესტიჟული პროფესია ჰქონდა – დიპლომატი იყო, თანაც ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა სკოლისა. ალბათ სწორედ ამ ძველი სკოლის გადამკიდე იყო, რომ არჩეულ საასპარეზოზე დიდი პიროვნული წარმატებისთვის – მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა – დღემდე ვერ მიეღწია. ესპანურის ცოდნა და მდიდარი ტურისტის იმპოზანტური იერი საქმეს ვერ შველოდა – საქართველოში ოციოდე წლის წინ დაბრუნებული ეფრემი ლამის უქმად შეაბერდა ერთი ვიწრო კაბინეტის ერთ სტანდარტულ საკანცელარიო მაგიდას. ეჰ, სადაა სამართალი (ფიქრობდა ეფრემი და, კაცმა რომ სთქვას, არცთუ უსაფუძვლოდ), თორემ… ნუთუ საქმეში ესოდენ გაწაფული და სამშობლოსთვის თავდადებული პიროვნება აი ასე, ნესტიან კუთხეში მიგდებული გამხმარი პურის ყუასავით, უნდა დაობებულიყო საკუთარი უწყების ერთობ მოკრძალებულ ოთახში? არადა, ოცი წლის წინ ცხოვრებისგან სულ სხვას მოელოდა. მაშინ ეფრემმა გაბედა და სიცოცხლეში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – გლობალურ დიპლომატიაში უშუალოდ ჩართვის პერსპექტივა დათმო, საკავშირო სამინისტროში პრესტიჟული სამსახური ნებით მიატოვა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ჰოდა, სამოქმედო ასპარეზს რომ იცვლიდა, ცენტრალური აპარატის საშუალო რგოლში დახავსებაზე სულაც არ უოცნებია. უოცნებია კი არა, წამითაც ვერ წარმოედგინა ამგვარი ფიასკო.

X X X

იმ ზაფხულს ქობულეთში დასასვენებლად ჩასული ეფრემის სულიერი განწყობის უკეთ წარმოჩინებას მცირე ხნით ჩვენი საერთო წარსულის უძირო ქვევრში გადაშვება და მოვლენათა ათვლის წერტილად მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის არჩევა წაადგება – მიუხედავად ისტორიული უწყვეტობის ცნებასთან დაკავშირებული ყველა პირობითობისა.
ალბათ, ამთავითვე უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის სიცოცხლის დინების მიმართულების შეცვლა, თუნდაც ნებაყოფლობით, საკმაოდ რთული გამოცდაა, მით უფრო რთული, რაც ამ ადამიანს წლები ემატება და ცხოვრების წესი თითქმის ჩვევად აქვს გადაქცეული. ისე, ეს ყოვლისმომცველი „თითქმის“ რომ არა, ვინ იცის, იქნებ დღეს, ამდენი ხნის მერე, არც ჩვენ მოგვიწევდა ინტერნეტსაიტების გამუდმებული ქექვით თვალების გადაღლა და არც მექსიკის პოლიციას საქმის თითქმის (ისევ „თითქმის“) უიმედო გამოძიება, მაგრამ… გასული საუკუნის უკანასკნელი შფოთიანი დეკადის დასაწყისში – ანუ მაშინ, როდესაც ჩვენს ყოფილ საერთო და საზიარო ქვეყანაში, კაცმა რომ სთქვას, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა განთქმული ინსტიტუტის (ე.წ. „მგიმოს“) ფრიადოსანმა კურსდამთავრებულმა, ქობულეთელმა ეფრემ ბოლქვაძემ კოლეგებისა და მეგობრების ძალზე ვიწრო წრეში დაბადების რიგით ოცდამეათე დღე მოსკოვის ერთ–ერთ პოპულარულ რესტორანში აღნიშნა. ახალგაზრდა დიპლომატი ფუფუნებაში არ ნებივრობდა, მაგრამ არც უჭირდა, რადგან შეძლებული ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი იყო. უძრაობის მშვიდ და მდგრად ეპოქას შესანიშნავად შეგუებული ეფრემი ინსტიტუტის დამთავრებისთანავე საგარეო უწყებაში სტაჟორად მიავლინეს, რამაც მას მოსკოვში ჩაწერისა და დარჩენის საშუალება მისცა. ეფრემი თანაკურსელებში სხარტი გონებითა და პასუხისმგებლობის გაძლიერებული ინსტინქტით გამოირჩეოდა, ყოველთვის გულმოდგინედ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და არც უფროს–უმცროსობასა თუ მიხვრა–მოხვრაში ეშლებოდა რამე. დაუფასდა კიდეც გარჯა – ზემოხსენებულ იუბილემდე რამდენიმე თვით ადრე ეფრემმა სამინისტროში ლათინური ამერიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობას გამოჰკრა ხელი, რაც, მის ასაკს თუ გავიხსენებთ, უთუოდ დაწინაურება იყო. თავის დროზე მოსკოვის აღმასკომის მესვეურებმა (ვისაც ეკითხებოდა) სამინისტროს სამეურნეო ნაწილის სახელობითი მიმართვის საფუძველზე (დაწვრილებით იმის მოყოლა, თუ რა და როგორი მანქანებით მოხერხდა ყოველივე, აქ უადგილოა – მოკლედ ვიტყვით, რომ, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც დაწერილმა კანონმა და დაუწერელმა მარიფათმა ეძიეს, ჰპოვეს და შეავსეს ერთმანეთი) სპეციალური კვოტის ფარგლებში ლამის ლანგარზე მიართვეს (სხვები წლობით ელოდნენ) ეფრემს კეთილმოწყობილი ერთოთახიანი ბინა მოსკოვის ელიტარული სამხრეთ–დასავლეთის ერთ–ერთ პრესტიჟულ უბანში. ახალ მაღლივ შენობაში მიღებული ფართი ეფრემისთვის ნამდვილი მისწრება აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ მარტოხელა გახლდათ და სივიწროვეს არ უჩიოდა. მარიფათი და გავლენიან პირებთან ურთიერთობა, იცოცხლე, შესაშური და მოსაწონია, მაგრამ სამართლიანობა ჩვენგან იმის აღნიშვნასაც მოითხოვს, რომ ეფრემის წინსვლას საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნდა: მთავარ დიპლომატიურ სამჭედლოში გატარებულმა წლებმა ბუნებით დინჯი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ეფრემისგან – ბევრი სხვა ფრიადოსანი სტუდენტისგან განსხვავებით – მოწინავე, შეიძლება ითქვას, სამაგალითო მოქალაქე ჩამოაყალიბა: მისგან წარმატებით იძერწებოდა კომუნიკაბელური, წარმოსადეგი და ლოიალური „ნაცმენი“, რომელსაც საბჭოთა დიპლომატიის დიდ ასპარეზზე უნდა ესახელებინა თავი. ზემდგომების მიმართ უმადურობა ეფრემს არასოდეს გამოუხატავს – აკი დაუფასდა კიდეც გულმოდგინება ბინითა და დაწინაურებით, – მაგრამ როდესაც მოულოდნელად ისტორიამ სვლას აუჩქარა და ცხოვრების დინებამ კალაპოტი იცვალა, ეფრემმა – მილიონობით მისი თანამოქალაქის დარად – საკუთარ ტყავზე შეიგრძნო და განიცადა თუ როგორ უფასურდებოდა ყოველივე, რასაც იგი ადრე პატიოსნად ემსახურებოდა. უფრო მეტიც, რაღაც მომენტიდან დაწყებული, იმასაც კი ვეღარ გამორიცხავდა, რომ ყველა მისი პიროვნული მიღწევა თუ წარმატება, შესაძლოა, სრულიად მოჩვენებითია და სინამდვილეში არ არსებობს.
ეფრემის ამგვარ გულგატეხილობას, რაღა თქმა უნდა, გარკვეული გამართლება ჰქონდა – განგების ნებით ნათელი მომავლის ეპოქა საბჭოთა კავშირში დასასრულს უახლოვდებოდა და ბუნებრივი ლპობის ამ პროცესს თან ათასგვარი საზიზღრობა ახლდა. სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში შეირყა და შეირყვნა მილიონობით ადამიანის შეგნება. სახელისუფლო წრეების გახრწნამ პიკს მიაღწია, ყოველ შემთხვევაში უარესის წარმოდგენა არცთუ დაუნახავ ეფრემსაც კი უჭირდა. ისევე როგორც ყველას, მასაც, გინდ სამინისტროში, გინდ სახლში და გინდ მეტროში, ყოველდღიურად პრესისა და ტელევიზიის მიერ შექმნილ გარემოში უწევდა სუნთქვა. მძლავრი საინფორმაციო ნაკადი ახალი, მანამდე უცნობი ისტორიული მასალებით მუხტავდა ეფრემის გულსა და გონებას, აიძულებდა მას ისეთი დასკვნები გამოეტანა სამშობლოს წარსულსა და აწმყოზე, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგებოდა მის ცოდნასა და გამოცდილებას. ძველი კერპები უმოწყალოდ ინგრეოდა, დაფარული და გადამალული ირგვლივ თითქოს აღარაფერი დარჩენილიყო – არც ერთი წუთი უკიდეგანო ქვეყნის ისტორიაში და არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი – ადამიანის სხეულზე. ამაზე მეტი და უკეთესი თითქოს რა უნდა ენატრა სიმართლისთვის მებრძოლ და სამართალს მოწყურებულ კაცს, მაგრამ… ეჰ, ნეტავი იმ ნეტარს, ვისაც სიმართლე მხოლოდ სიკეთის იარაღი ჰგონია! შექმნილი სიცარიელის შესავსებად გამზადებულ დიდ და პატარა მტაცებლებს მხოლოდ საკუთარი მიწიერი ზრახვები ამოძრავებდა. უამრავი კერძო და საპირისპირო ინტერესით დახუნძლულმა საზოგადოებამ ოსტატურად აარიდა თავი ჭეშმარიტ და ფრიად შემაწუხებელ მონანიებას და მის სანაცვლოდ უამრავი სუროგატი გამოიგონა. ერთბაშად გაყვითლებულ პრესაში დიდი გასავალი მიეცა ნახევრად სიმართლისა და ცილისწამების სხვადასხვა პროპორციაში შეზავებას. ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ ერთმანეთში ათქვეფილი და ერთ ბინძურ ქვაბში მოხარშული ტყუილ–მართალი უფრო მძლავრად წამლავს და რყვნის მოწინააღმდეგეს (მოწინააღმდეგეთა რიგებში კი ყველა ის ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც უპატრონოდ დარჩენილი ე.წ. „ეკონომიკური აქტივებიდან“ არაფერი ერგო), ვიდრე ხმამაღლა წარმოთქმული გულუბრყვილო ტყუილი. არადა, ხალხის უმისამართო აღშფოთებას, თურმე, წინასწარ განსაზღვრული კალაპოტი ჰქონია მიჩენილი. ეფრემმა მაშინ, რასაკვირველია, არ იცოდა, ან საიდან უნდა სცოდნოდა, რომ სამართავი პულტი კარგა ხანია ხელში ჩაეგდო იმ უსინდისო, ყველაფერზე წამსვლელ და კარგად შენიღბულ ძალას, რომელსაც, უკვე მითვისებული და კვლავაც მისათვისებელი ქონებისა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყანაში მართვადი ქაოსის რეჟიმი დაემყარებინა. საგულისხმოა, რომ რევოლუციური ცვლილებებისთვის ნიადაგის შემზადება ამ ძალამ წინასწარ დაიწყო – დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის სახელით. ამას საზოგადოების საყოველთაო გამოყეყეჩებაც დაემატა. ეჰ, სად იყო ჯერ „ახალგაზრდა ეფრემის ვნებანი“, როდესაც, ერთი ცნობილი ილუზიონისტი ცენტრალური ტელევიზორის მოციმციმე ეკრანიდან ციფრების საამო უკუთვლითა და ხელების მოხდენილი მოძრაობით აზომბირებდა და „კურნავდა“ მილიონობით მანამდე თითქოსდა სრულიად ნორმალურ ადამიანს. ხალხის კოლექტიური გონება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მმართველი ზედაფენა მლიქვნელურად და ურცხვად სიბრძნის უმაღლეს გამოხატულებად რაცხდა, დიდი გაბრძოლების გარეშე გაიღვარა და გაიხსნა უმწიფარი ემოციების უსასრულო ზღვაში. მორალის ადგილს – ჯერ მორცხვად და შეპარვით, შემდეგ კი ჯიქურ და თავხედურად, მამონა – ოქრო–ვერცხლი, ნებისმიერი გზით მოხვეჭილი თუ მოსახვეჭი ფული იკავებდა, ოღონდ ეს შემპარავი გარდასახვა ყველასთვის ცხადი როდი იყო. იმავდროულად, გეგმაზომიერად ცარიელდებოდა სახელმწიფო მაღაზიების დახლები, უფასურდებოდა ხელფასი, ქვეყნის უდიდესი ქალაქების ფართო ტროტუარები, ბაღები და სტადიონები თანდათან ჭუჭყიან ბაზრობებად გადაიქცა, პარალელურად კი იღვრებოდა სისხლი სუმგაითში, თბილისში, ყარაბაღში…
საზოგადოებაში განფენილმა უპასუხისმგებლობამ და სულსწრაფობამ, ღალატმა და უმეცრებამ შობა წარღვნა, წარღვნამ – უკმაყოფილების მძლავრი ნიაღვარი, ნიაღვარი კი იმის ნიაღვარია, რომ ქვიშის წარიტაცებულ ნაწილაკებს ერთმანეთისგან ვერც თანამდებობით არჩევს და ვერც ბიოგრაფიით. ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელი იყო და ძალიან მალე მოლოდინის პირქუში ღრუბელი, როგორც იქნა, ელვის ტკაცანით გაირღვა. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი სასწაული ისტორიის მორიგი, ერთი მხრივ, იმედით, მეორე მხრივ კი წყენით, ბოღმითა და შურით, უხვად დატენილი ის განუმეორებელი მონაკვეთი, რომელმაც ჩვენი პატარა სამშობლო ხანგრძლივი ისტორიული გამოცდისთვის გაწირა.
ახალმა დროებამ უწინარესად თამაშის ახალი წესები (თუ უწესობა) შემოიტანა. საჯარო პოლიტიკა მყვირალა, უხეში და ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, კარს მიუხურავდი და ჭუჭრუტანიდან შემოაღწევდა სახლში. განზე განდგომა თითქმის შეუძლებელი გახდა. ქვეყანაში მანამდე არსებული წარმოების ძველი და, ალბათ, მანკიერი წესის მოშლის კვალობაზე იცვლებოდა ტერმინოლოგიაც. ბოროტებამ სიკეთის ნიღაბი მოირგო, ქორვაჭრობამ – პატიოსანი ბიზნესის, ხელმრუდეობამ – მარიფათის, უმწიფრობამ – პათოსის, სიყალბემ – პოლიტიკური კეთილსაიმედოობის, ტინგიცობამ – ზარ–ზეიმისა. წინაპრების ოფლითა და ჯაფით მოწეული სიმდიდრის მითვისებას პრივატიზაცია დაერქვა, ანგარებით ჩადენილ მკვლელობებს – საქმის გარჩევა. პატიოსანი შრომა საყოველთაო დაცინვის საგნად იქცა. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ფრთები გაშალეს და, რომ იტყვიან, აიწყვიტეს სხვადასხვა ყალიბის წურბელებმა, ავანტიურისტებმა და ავაზაკებმა. ქონების გადანაწილების მადისაღმძვრელმა სუნმა გონება აუმღვრია და შეიარაღებული ბანდიტიზმისკენ უბიძგა ნათელი პერსპექტივისა და ნამდვილი საქმის გარეშე დარჩენილ უამრავ ახალგაზრდას. დღევანდელი გადასახედიდან უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ სამოქალაქო ომი სინამდვილეში გარდაუვალი იყო, რამეთუ უამრავმა კანონმორჩილმა და მშვიდობიანმა ადამიანმა არათუ ცხოვრების მიზანი, რწმენა და სახელმწიფოს მიმართ ნდობა, არამედ ელემენტარული, ყოფითი მოსვენებაც კი დაკარგა. ყოველი მორიგი „ხვალინდელი დღე“ გაურკვევლობის ბურუსით იყო მოცული. გაჩნდა და გავრცელდა ფიზიკური შიმშილის შიში, მოიკიდა ფეხი მათხოვრობამ, სხეულით ვაჭრობა მოსაწონ საქმიანობად იქცა. რა გასაკვირია, თუ გადარჩენის ერთ–ერთი ხერხად, იქნებ ყველაზე პოპულარულადაც კი, აღიარებულ იქნა სამშობლოს უკანმოუხედავად მიტოვება. საზღვრებზე გახსნილ გამშვებ პუნქტებს ზღვა ხალხი მიაწყდა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ემიგრაცია ყველას ხვედრი ვერ გახდებოდა და მავანისთვის თვითრეალიზების რაიმე სასიკეთო გზა, გარდა პოლიტიკაში ჩართვისა, გადაკეტილი აღმოჩნდა. მართვადი ქაოსის მზაკვრული მეთოდების დანერგვამ ყოფილი საბჭოეთის უკლებლივ ყველა გეოგრაფიული რეგიონი ხელოვნურად შექმნილი თუ ბუნებრივად შობილი მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ჯგუფებით აავსო. ახალშობილი პარტიების სათავისკენ გზა გაეხსნა ყველა ჯურის მედროვესა თუ ბნელეთის მოციქულს, თავის ღვთიურ მისიაში დარწმუნებულ ყველა პარანოიკსა თუ ფანატიკოსს, ნებისმიერი ყაიდის ხელმოცარულ მასხარასა თუ თვითმარქვიას. მეტიც, ასეთები საკონკურენტო ბრძოლაში უდავო უპირატესობით სარგებლოდნენ – თუნდაც ე.წ „ქარიზმისა“, ანუ ხალხმრავალ მიტინგებზე უტიფრად ყელყელაობისა და თვალებში ნაცრის შეყრის თანდაყოლილი უნარის გამო. ერთი სიტყვით, საბჭოეთის თვითდაშლას მოყვა აშკარა, ხელშესახები, ჭეშმარიტი, თუმცა დროში გაწელილი რევოლუცია (თუ კონტრევოლუცია), რომელმაც, როგორც ყველა მრისხანე ისტორიულმა მოვლენამ, თავის წიაღში მოგებულიც შვა და წაგებულიც, ჯალათიც და წამებულიც, გამარჯვებულიც და დამარცხებულიც, გმირიც და ანტიგმირიც. ყოფით დონეზე კი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის გახლდათ, რომ საერთო ნგრევისა და ღრიანცელის ეიფორიულ ატმოსფეროში პოლიტიკური საქმიანობისთვის ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა საჭირო აღარ იყო.
ეს უცნაური რევოლუცია – ხალხის სახელით ხალხის წინააღმდეგ მიმართული – ერთჯერადი აქტი არ გახლდათ. მართვადმა ქაოსმა ძალა ჯერ პერიფერიებში მოსინჯა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაინაცვლა ცენტრისკენ. შედეგად, სადღაც კავკასიის მთებს იქით თუ ბალტიისპირეთის ნისლიან დაბლობებში დატრიალებული ორომტრიალის ცხარე სურნელმა ეფრემის ერთოთახიან ბინამდე შედარებით გვიან ააღწია. კარს მომდგარი ცვლილებების საერთო ხედი მისი ფანჯრიდან ერთობ გაურკვევლად მოჩანდა, რაც იმით აიხსნებოდა, რომ საბჭოეთის შუაგულში აღმოცენებული შედარებით მყუდრო ოაზისის მობინადრენი შექმნილ ვითარებაშიც კი როგორღაც ახერხებდნენ ვადაგასული ილუზიების ტყვეობაში დარჩენას. როგორც ჩანს, აქ მათთვის მეტი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება იყო შემონახული. ცხოვრება მოსკოვში თითქოს მშვიდად, ჩვეულ რიტმსა და კალაპოტში მიედინებოდა, ამიტომ ეფრემის სამომავლო გეგმაში საქართველოში დაბრუნება მაშინაც კი არ შევიდა, როდესაც მთელ მსოფლიოს თბილისში უმანკო სისხლის დაღვრის ამბავი მოედო, ჯერ სხვა სიმაღლეები ჰქონდა მონიშნული დასაპყრობად, მაგრამ… კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ნათქვამია. ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში, მოსკოვის მოჩვენებით სიმშვიდესაც მოეღო ბოლო და პლანეტის ერთ მეექვსედზე გვარიანად შეჯანჯღარებულმა მიწამ ერთბაშად დაბზარა ოდესღაც მშვიდი ოაზისის პრესტიჟულ რაიონებში აღმართული ერზაც–კოშკების კედლები. უცხო თვალისთვის გარეგნულად ესოდენ მიმზიდველი და მყარი სამყარო სინამდვილეში ფუყე და უბადრუკი აღმოჩნდა, ციხე–სიმაგრემ დაშლა დაიწყო, დამპალი ქვითკირით ნაშენი გალავანი თვალსა და ხელს შუა იფშვნებოდა და მის ნანგრევებში მთელი თაობების – მით უფრო ცალკეული სუსტი პიროვნებების – მოყოლის საშიშროება ყველასთვის სრულიად ნათელი შეიქნა. როდესაც ეფრემმა აღმოაჩინა, რომ ოდესღაც უძლეველ ქვეყანასთან ერთად მარტივ მამრავლებად, თურმე, მისი მშობლიური უწყებაც აპირებდა დაშლას, ცოტა არ იყოს, შეცბა. ჯერ დაიბნა, მერე კი გონება გაეხსნა (მოგეხსენებათ, რომ ეპოქალური ქარტეხილის წინაშე ეულად დარჩენილ ადამიანს გონება ან ეთიშება, ან, პირიქით, უცნაური სისწრაფით ჩაერთვება ხოლმე) და მიხვდა: ესოდენ გამაბრუებელ დროში ყველაზე ჯიბრიანი და ნებისყოფიანი კაცისთვისაც კი (მით უფრო – დაბალი რანგის დამწყები დიპლომატისთვის) ისტორიულ ცუნამისთან გაბრძოლების ერთადერთი ხერხი არსებობს – ჩათრევას ისევ ჩაყოლა უნდა ამჯობინოს. ისიც ცხადი იყო, რომ ასეთი ჩაყოლა ჭკვიანურად უნდა ყოფილიყო მოფიქრებული, რამეთუ პრიმიტიული ეშმაკობა ასეთ ქარბუქში მაშველ რგოლად ვერ გამოადგებოდა. სწორი არჩევანის გასაკეთებლად ეფრემს მთელი თავისი დიპლომატიური, შეძენილი თუ თანდაყოლილი, ნიჭი, ცოდნა და წინდახედულობა უნდა გამოეჩინა. ანუ ჯერ მოვლენათა განვითარების გლობალური ტენდენცია უნდა გამოეცნო, თუნდაც ეცადა, და მხოლოდ ამის მერე ემოქმედა საკუთარი პროგნოზის ფარგლებში. რისკი მაინც რჩებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ სჩანდა. გაგდებით მოსკოვიდან, მართალია, ჯერ არავინ აგდებდა და სამინისტროს დერეფნებში ძველი თანამშრომლები კვლავაც გულითადად ესალმებოდნენ ახალგაზრდა ქართველ კოლეგას, მაგრამ… ცხადი იყო, რომ ისტორიის ჩარხს უკან დატრიალება აღარ ეწერა, ერთხელ ატეხილ ქარიშხალს დაცხრომისა არაფერი ეტყობოდა, ეროვნულ კუთვნილებას კი სულ უფრო მეტი და მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა საზოგადოების ჭეშმარიტ მესვეურთა თვალში. ეფრემი მართლაც რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: მას, ჯან–ღონით სავსესა და კანონიერი ამბიციით შეპყრობილს, მოსკოვში ბევრი რამ ჰქონდა დასათმობი – თუნდაც კარგი სამსახური და კეთილმოწყობილი ბინა, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეული ცვლილებები სულ უფრო მძაფრად ითხოვდა მისგან რაღაც სამოქალაქო პოზიციის დაკავებას: ან აქეთ, ან იქით – ბოლოს და ბოლოს ეფრემი არა უდაბნოში მიგდებული მძორი, არამედ ენერგიით აღსავსე ახალგაზრდა კაცი იყო და საკუთარი ღირსება გააჩნდა. არადა საკითხი სულ მალე მწვავედ და პრინციპულად დაისვა: რუსეთი თუ საქართველო?
სალაპარაკო რუსულ ენას ეფრემი, თავისთავად ცხადია, საუცხოოდ ფლობდა – მშობლიური ქართულის დონეზე მაინც. სწავლისას ძირითადი სპეციალიზაცია მან ესპანურში გაიარა – საბედნიეროდ ინსტიტუტში ძალიან მცოდნე და მომთხოვნი მასწავლებელი შეხვდა. ქართველი სტუდენტის სიბეჯითემ, მიზანდასახულობამ და შრომისმოყვარეობამ საბოლოოდ თვალნათელი შედეგი გამოიღო – შრომითი განაწილების მომენტისთვის ეფრემი სავსებით თავისუფლად, ოღონდ ოდნავი აქცენტით მეტყველებდა ესპანურად და ორიგინალში კითხულობდა თვალსაჩინო ესპანელი ავტორების, მათ შორის კლასიკოსების, თხზულებებს (პრესაზე რომ არაფერი ვთქვათ). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში გატარებული წლების მანძილზე ეფრემმა ადგილობრივ „მოსვეტსკო“ და „მოტუსოვკო“ წრეებში უამრავი ნაცნობ–ამხანაგი შეიძინა, სულით ქართველობა მას არ დაუკარგავს. ბავშვობისა და სიყრმის უთბილესი მოგონებები, მამისეული ფუძე ქობულეთში, სამოთახიანი ბინა თბილისში, მუდმივი სატელეფონო კავშირი ძველ ძმაკაცებსა და ნათესავებთან – ყოველივე ეს მყარ წინაპირობას ქმნიდა იმისთვის, რომ ეფრემს ცდუნებებისთვის ვაჟკაცურად გაეძლო და გაუცხოების მწარე ხიბლი არ შეჰყროდა. ამიტომ იყო, რომ არცთუ ხანგრძლივი (დრო ისედაც ძალზე სწრაფად მიქროდა) განსჯის შემდეგ ეფრემმა ალექსანდრე მაკედონელის ისტორიულად ნაცადი ხერხი – ჩახლართული კვანძის ხმლის ერთი დაკვრით გაჭრა – გამოიყენა, სამსახურდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა და ერთ მშვენიერ დილას თავის უფროსს მიათვა. ამას რომ აკეთებდა, იმასაც ითვალისწინებდა, რომ მოსკოვის დატოვების შემთხვევაში, მხოლოდ სამსახურსა და ჩაწერას თუ დაკარგავდა, – ბინას კერძო საკუთრების ამ გაფეტიშების ხანაში, ასე იოლად ვერ ჩამოართმევდნენ. მით უმეტეს, რომ ყოველგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად ეფრემს მისი სასწრაფოდ გაყიდვა ჰქონდა განზრახული, რამეთუ დოლარები (ანგარიში უკვე ამ მომწვანო ფერის ბანკნოტებში მიდიოდა) თბილისშიც გამოადგებოდა. უფროსს ეფრემის ეს ნაბიჯი არ გაჰკვირვებია. ყოველ შემთხვევაში, არაფერი შეიმჩნია, ცივად, აუტოკებელი სახით მიიღო ქვეშევრდომისგან განცხადება, საქაღალდეში მიუჩინა ადგილი და შეჰპირდა, რომ საკითხის განხილვას დააჩქარებდა. ყველაფერი ცხადი იყო. არცთუ ხანგრძლივი მოლოდინისა და კანონით გათვალისწინებული რამდენიმე ფორმალური პირობის შესრულების შემდეგ ეფრემმა კადრების განყოფილებიდან შრომის წიგნაკი წამოიღო და ჩიტივით თავისუფალი გახდა.
ერთი სიტყვით, კრიტიკულ ვითარებაში ეფრემი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ეს შეგნებულ პატრიოტსა და სამშობლოს ერთგულ შვილს ეკადრებოდა.
სხვა ამბავია, რომ წლების მერე და სრულიად განსხვავებულ ვითარებაში, ეფრემმა გაბედა და თავს გამოუტყდა, რომ მოსკოვის მიტოვების ხილულ და, ასე ვთქვათ, პატრიოტული შეფერილობის მოტივს ერთვოდა სხვაც – ფარული და პირადული, თან იმდენად პირადული, რომ იმ არეულ დროში მიმდინარე გრანდიოზული ცვლილებების ფონზე მისი მიჩქმალვა არ გასჭირვებია. აკი სარკეში ჩასახედად და ულამაზო სიმართლის უკეთ აღსაქმელად თავად ქვეყანას – ერთგვარი დალაგება, ეფრემს კი წლები დასჭირდა. საოცარია, მაგრამ თბილისში გადმოსახლების შემდეგ მას ღამ–ღამობით ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც გარკვეული რეგულარობით თავს ახსენებდა ერთი უშნოდ ადევნებული სიზმარი, რომლის შინაარსი დროთა განმავლობაში ისე გაიზეპირა, რომ უკვე წინასწარ იცოდა, რა ვითარებაში მოუწევდა გაღვიძება. სიზმარი კი მართლაც უცნაური იყო: გაზაფხულის თბილი საღამოა, ქუჩიდან ჩიტების საამური ჭიკჭიკი მოისმის, ახალთახალ კოსტიუმში გამოწყობილი ეფრემი კი მძიმე ჩანთით ხელში ბროლის ჭაღით განათებული დიდი ოთახის შუაგულში დგას და კედელზე ჩამოკიდებულ ვეება საათს აკვირდება. საათი ხმამაღლა ტიკტიკებს, წამზომის ისარიც სწრაფად ბრუნავს, მაგრამ სხვა ისრები საათს აკლია და ამიტომ დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. აღელვებული ეფრემი უმწეოდ უშვებს ჩანთას იატაკზე და იქვე გაჩენილ ხის უზურგო სკამზე ჯდება, მაგრამ მერე უცებ ახსენდება, რომ თვითმფრინავზე აგვიანდება და ისევ წამოდგება ფეხზე. ჩქარობს, სახლიდან გავარდნას აპირებს, რადგან იცის, აეროპორტში ნაცნობი ქალი ელოდება. ქალის სახელი ეფრემს არ ახსოვს, სამაგიეროდ იცის, რომ ქერაა და ცისფერთვალება, თან მარცხენა ლოყაზე პატარა ხალი აქვს. სახლიდან გასვლის წინ ეფრემი გადაწყვეტს კოსტიუმის გულის ჯიბის გადამოწმებას და უეცრად აღმოაჩენს, რომ იქ მხოლოდ პასპორტი უდევს, თვითმფრინავის ბილეთი კი სადღაც გამქრალა. შეშფოთებული ბილეთის ძებნას იწყებს, აქეთ ეცემა, იქეთ ეცემა, მაგრამ ამ დროს ოთახში შუქი უეცრად ქრება (მაშინ უდენობა თბილისში უმძიმესი პრობლემა იყო) და ეფრემიც იძულებული ხდება, სანთებელათი ხელში გზა ფანჯრის რაფამდე გაიკვლიოს, სადაც ვიღაცის დანატოვარი სანთლები ეგულება. როგორც იქნა, გაჭირვებით მიაგნებს რაფას, სანთელსაც აანთებს და ასე აგრძელებს ბილეთის ძებნას. ამ ნახევრად სიბნელეში ეფრემი აღმოაჩენს, რომ კედელზე წამზომიანი საათის ადგილს ოქროსფრად მოვარაყებული სარკე იკავებს, რომლის უკან – ეფრემმა ეს დანამდვილებით იცის – პატარა სეიფია ჩამონტაჟებული. ბილეთი შეიძლება იქ იყოს ჩარჩენილი, ესეც აუცილებლადაა გადასამოწმებელი, და ეფრემიც სანთლით ხელში უახლოვდება სარკეს, რათა ჩამოხსნას და სეიფის კლიტეს თავისუფლად მისწვდეს. მაგრამ მოძრაობისას უნებლიეთ სარკისკენ თვალი გაურბის და მოციმციმე ანარეკლში საკუთარ თავს ვეღარ ცნობს – სარკეში ვიღაც სხვა, სრულიად უცნობ ადამიანს უელავს თვალები. ეფრემს შიშისგან სანთელი ხელიდან უვარდება, სრულ წყვდიადში რჩება და… იღვიძებს.
სიზმრიდან ცხადში გადმოსვლა ყოველთვის ერთნაირად ხდებოდა: ეფრემი ცივი ოფლით გაჟღენთილ ზეწარში იღვიძებდა, რამდენიმე წამი გონს მოდიოდა, მერე მეხსიერებაში ქექვას იწყებდა და ამ ქექვის შედეგი ყოველთვის ერთადერთი და განუმეორებელი იყო: მეხსიერების ბურუსიდან ამოუტივტივდებოდა გონების სკივრიდან ბოლომდე ვერამოშლილი ანგელა დიტრიხის სახე, რომლის დაუვიწყარი და მკაფიო ნაკვთები სწორედ იმ უსახელო, აეროპორტში მიტოვებულ და სამუდამოდ დაკარგულ ქერა ლამაზმანს ეკუთვნოდა.
ბოლო დროს ეფრემს, თავისდა უნებურად, სულ უფრო ხშირად და მკაფიოდ – და არა მარტო სიზმარში – ახსენდებოდა ანგელა. თავს ვეღარ მოიტყუებდა, ანგელა ხომ მისი სულმოკლეობის ცოცხალი (თუმცა, იყო კი ცოცხალი? აღარც ამაში იყო დარწმუნებული ეფრემი) მაგალითი იყო. სულმოკლეობისა, რომელიც მან ერთხელ სულ სხვა, ზურგსუკან სამუდამოდ მიტოვებულ და კარგად მივიწყებულ ცხოვრებაში გამოიჩინა. ეგონა, შერჩებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, არ ყოფილა ასე მარტივად საქმე. მერე კი ჩუმად და შეპარვით მოადგა განჩინებისა და განკითხვის ჟამი, მოადგა და ძალზე უხეშად, ტლანქად, მთელი პირდაპირობით შეახსენა: რა ზურგსუკან, რის სამუდამოდ, ვისი ტიკი–ტომარა ხარ, ბატონო ეფრემ, ცოდვები ასე იოლად, ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლით რომ ჩამოირეცხოო. ამ გაუთავებელმა სიზმრებმა ხომ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა! ჰოდა, სხვა რა გზა იყო, გამოუტყდა თავს და აღიარა ეფრემმა, რომ მაშინ მაგრად შეეშალა, შეეშალა კი არა, უპატიებელი, საბედისწერო შეცდომა ჩაიდინა. ანგელა კი არა, საკუთარი თავი გაწირა და ამიტომაც დარჩა ასე ეულად, ბერწად, მარტოსულად. არადა, წარსულის რვეულიდან იმ ერთი ფურცლის ამოხევა რომ მოეხერხებინა, სუნთქვა გაეხსნებოდა, ნამდვილად ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და… თვითგვემა და ამაოება – სულ ესღაა მისი ხვედრი. მას მერე ოჯახის შესაქმნელად ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს, პატარა მცდელობაც კი არ ჰქონია, საგვარეულოს გადარჩენაზე ზრუნვა მთლიანად უფროს ძმას, ქობულეთში ჩარჩენილ ენვერიკოს მიანდო და გადააბარა, თავად კი გაიპარა, პასუხისმგებლობა მოიხსნა, მიმალვა სცადა ყოველდღიურობის მდარე და გაუთავებელ ხვეულებში. კი, იქ კარგა ხანს პოულობდა თავშესაფარს, მაგრამ უსასრულოდ ხომ ვერც ამას… თორემ განა მართლა არ უნდოდა ოჯახის შექმნა, მაგრამ იმ ერთი შეცდომის აღიარება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმის მისახვედრად, რომ აწი ოჯახი და სიყვარული კი არა, გარეთ აღარა აქვს თავი გამოსაყოფი. ეს რომ გააცნობიერა, სიყვარულზე ფიქრი თავს სამუდამოდ აუკრძალა. არ იყო ღირსი და იმიტომ!
ეჰ, ნეტავი გულმავიწყობით მაინც დაეჯილდოვებინა ბუნებას… მერე კიდევ ეს სიზმარი და მორღვეული ძილი, წამზომიანი საათი და ჩამქრალი სარკე… არადა ამდენი წლის წინ, ჭაბუკობაში დაშვებული ერთი შეცდომის გამო ასე სასტიკად რატომ უნდა დატანჯულიყო? მაგრამ ვაი, რომ მეხსიერებას არ უჩიოდა და ამიტომაა, რომ ოდესღაც ჩადენილი ცოდვა ნელ–ნელა ღრღნიდა და სასიცოცხლო ძალას აცლიდა, თორემ ვინ იცის, იქნებ სულ სხვანაირად აწყობილიყო ყველაფერი.
ამ უცვლელი კოშმარის მარწუხებიდან მორიგი გამოთავისუფლების შემდეგ (ამჯერად ქობულეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე), ცივი ოფლით გაჟღენთილ ლოგინში მწოლიარე ეფრემს განსაკუთრებული სიცხადით გაახსენდა: შაბათია, დილიდან ბარდნის, ფართო ტროტუარზე მორიგე მილიციელებივით მწკვრივში ჩამდგარ ხეებს თოვლის მსხვილი ფიფქები აცვივა, ირგვლივ ყოველივეს ნათელი მოლოდინის მძაფრი სურნელი დაჰკრავს, თბილად ჩაცმული ეფრემი კი მანქანმრავალი გამზირის ფართო ტროტუარზე არხეინად მისეირნობს და ზუსტად იმდენადაა ბედნიერი, რამდენადაც მის ასაკსა და ვითარებას შეეფერება. ზამთრის საგამოცდო სესია ახალი გადაგორებულია, ყველა საგანი ფრიადზეა ჩაბარებული, ესპანურის მასწავლებლისგან დამსახურებული ქებაც მიღებულ–შერგებული და ეფრემი თავს სავსებით შემდგარ პიროვნებად გრძნობს, უმაგრეს კაცად, წინ კი მხიარული საღამო ელის…
იმ დღეს ეფრემი მისმა ამხანაგმა ჯაბა გოცირიძემ, მასზე ორიოდე წლით უფროსმა თბილისელმა ბიჭმა, თავის ნაქირავებ ბინაში მიიპატიჟა. დაპატიჟებას ისიც მოაყოლა: დაბადების დღე კია ჩემი, მაგრამ ბევრის თავი არა მაქვს: ბაზარში ნაყიდი მწნილი, ძეხვი, ყველი, პაკეტის პელმენები – ბლომად, ჭაჭის ორნახადი არაყი, ცოტა შამპანური – ქალებისთვის, კიდევ შინაური ტყემალი, პური, კეთილი გული და მისი ჯანიო, სამაგიეროდ რამდენიმე დამყოლი წიწკვიც მეყოლება ჩემი ინსტიტუტიდან, მუსიკასაც ჩავრთავ და მეტი რა გინდა, იხარე ჭეროო. ჯაბა საქართველოდან მოსკოვში დროებით გადახვეწილი ერთი დამწყები ასპირანტი იყო, პოლიტიკასა და დიპლომატიასთან არაფერი (გარდა ეფრემთან მეგობრული ურთიერთობისა) აკავშირებდა და საკანდიდატო დისერტაციაზე ბიოლოგიური პროფილის ერთ–ერთ კვლევით აკადემიურ ინსტიტუტში მუშაობდა. ბიჭებმა ერთმანეთი შემოდგომაზე გაიცნეს, თბილისის „დინამოს“ ერთ–ერთი თამაშის დროს. ქართველი გულშემატკივრების ორი პატარა კამპანია შემთხვევით ლუჟნიკის დასავლეთ ტრიბუნაზე ერთმანეთის მეზობლად აღმოჩნდა და მასპინძლების კარში გატანილი გოლის შემდეგ სიხარულით ერთმანეთში სულ აითქვიფ–აიზელა. თამაშის მერე რამდენიმე ახალგაზრდამ დინამოელების დამსახურებული მოგების (რაც მოსკოვში არცთუ ხშირად ხდებოდა) აღნიშვნა რესტორანში გააგრძელა და სწორედ იმ დღიდან დაიწყო ეფრემის და ჯაბას მეგობრული ურთიერთობა – საზოგადოდ, იმ ეპოქაში მოსკოვში სასწავლოდ ჩასული ქართველი ბიჭები ადვილად პოულობდენ საერთო ენას და ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთის გვერდში დგომაც არავისგან ესწავლებოდათ. მაშინ ეფრემი ბინას ქალაქის ერთ ბოლოში ქირაობდა, ჯაბა – მეორეში. ამიტომ როდესაც ეფრემი „არარატში“ ნაყიდი წყვილი ბოთლი ხუთვარსკვლავიანი სომხური კონიაკით ხელში მასპინძელს მიადგა, მცირედი სინანულით შენიშნა, რომ მხიარული წვეულება უკვე კაი ხნის დაწყებული იყო. გალაღებული საზოგადოება დაგვიანებულ სტუმარს ომახიანი შეძახილებით შეეგება, თამადამ გზაში გვარიანად გაყინულ ეფრემს ორი საჯარიმო სირჩა ჭაჭის არაყი ერთმანეთის მიყოლებით აჯახა, ჯაბამ კი გაცივებული პელმენები ქვაბში ჩააბრუნა და გაზქურაზე შეათბო. ოდნავ შეხურებულმა ეფრემმა მესამე სირჩაც შეივსო, ჯაბას დაბადების დღე მიულოცა, ჭაჭას კომბოსტოს მწნილი დააყოლა, სუფრას თვალი გადაავლო და სტუმრებში რამდენიმე უცნობი გოგონაც რომ შენიშნა, ფრიად ესიამოვნა, რადგან არასოდეს გაურბოდა მშვენიერ სქესს და უხაროდა უბის წიგნაკის ახალ–ახალი სატელეფონო ნომრებითა და გვარ–სახელებით გამდიდრება. მერე ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით წარიმართა: სადღეგრძელოს მორიგი სადღეგრძელო მოჰყვა, ხუმრობას – ხუმრობა, კომპლიმენტს – კომპლიმენტი, ხოლო ჭაჭა და კონიაკი რომ შემოაკლდათ, ჯაბამ პატარა მაგნიტოფონი გამოიტანა, მუსიკა ჩართო და აურზაური ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. ნელ „ჭიპხახუნს“ ჩქარი „ჯაგაჯუგი“ ცვლიდა, ბიჭების ქალიშვილებთან დაწყვილების ბუნებრივი პროცესი დაიწყო და ეფრემის ყურადღება ერთმა ქერათმიანმა და ცისფერთვალება არსებამ მიიპყრო. ქალიშვილი სხვებზე ცოტას, თანაც დამტვრეული რუსულით ლაპარაკობდა და რაღაც უცხო, არასაბჭოთა იერით გამოირჩეოდა – ყოველ შემთხვევაში, იმდენად მაინც განსხვავდებოდა მშვენიერი სქესის სხვა წარმომადგენლებისგან, რომ ეფრემს ის თავიდან ბალტიისპირეთის ერთ–ერთი რესპუბლიკის მკვიდრი ეგონა. როდესაც ეფრემმა ჩათვალა, რომ შეტევის დრო დადგა და ანგელა – ასე ერქვა გოგონას – საცეკვაოდ გამოიწვია, გაარკვია, რომ მისი რჩეული აღმოსავლეთი ბერლინიდან მოსკოვში გაცვლითი სამეცნიერო პროგრამით ჩამოსულა და ამ ქართულ „ტუსოვკაზე“ მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ მასა და ჯაბა გოცირიძეს თავ–თავიანთ დისერტაციებზე ოფლის ღვრა ერთი ლაბორატორიის მეზობელ ოთახებში უწევდათ. ქერათმიანი თან ამ ყველაფერს უყვებოდა ეფრემს, თან კი ეშხიანად და საამოდ ცეკვავდა – ზედმეტს თითქოს არაფერს აბედვინებდა, იმავდროულად კი ცხოველურ ჟინს უღვივებდა შემთვრალ მამაკაცს ერთობ მიმნდობი მიხვრა–მოხვრითა და სხვა ქალური ილეთების გამოყენებით. იმ პირველი ცეკვის შემდეგ ეფრემი საბოლოოდ ანგელაზე გადაერთო, ხანმოკლე შესვენებების წუთებშიც მას ესაუბრებოდა, ყოველი შემდგომ გაცეკვებას კი სულ უფრო, ასე ვთქვათ, ინტიმურ ელფერს ანიჭებდა. რაღაც უშველებელ წინააღმდეგობას ერთობ აგზნებული ეფრემი ანგელას მხრიდან არ აწყდებოდა, რაც აიმედებდა, რომ მის წინაშე აღმართული გალავანი, ადრე თუ გვიან, ვერ გაუძლებდა მის შემოტევას და თავისით ჩამოიშლებოდა. როდესაც ბოლოს და ბოლოს დროსტარება დასრულდა და შეზარხოშებული სტუმრები ხვევნა–კოცნით დაიშალნენ და წყვილად თუ ცალ–ცალკე თავ–თავიანთ გზას გაუყვნენ, ეფრემმა ჯიბეზე ხელი ერთხელაც გაიკრა და ანგელა სახლამდე ტაქსით მიაცილა. საგულისხმოა, რომ გამომშვიდობების ჟამს ეფრემი აღარ შეეცადა (როგორც ეს, ალბათ, მოსალოდნელი იყო) ანგელას საცხოვრისში შეღწევასა და ღამით იქ დარჩენას, მხოლოდ პაემნის დანიშვნას დასჯერდა და გულის ფანცქალით დაელოდა ქალის პასუხს. ანგელამ გაიღიმა და ეფრემს ტელეფონის ნომერი უკარნახა. მეორე დღიდან კი მათი ურთიერთობა ზუსტად იმ სახით გაგრძელდა, როგორც ეს დიდ ქალაქში დროებით ჩასულ თავისუფალ და ზრდასრულ ქალ–ვაჟს შეეფერებოდა (მართალია, დღეს პოპულარული „გიორლ–ბოიფრენდობა“ იმხანად აშკარა ფორმით ჩამოყალიბებული ჯერ არ იყო, მაგრამ მსგავსი ურთიერთობებით მეგაპოლისებში მაშინაც ვერავის გააკვირვებდი).
სიამტკბილობამ გაზაფხულის ბოლომდე – თებერვლიდან აპრილის ჩათვლით – გასტანა და ეფრემს ასე კომფორტულად არასოდეს უგრძვნია თავი. ანგელასთან ურთიერთობა არ უმძიმდა, რადგან ის არანაირ პრობლემას არ უქმნიდა. ერთად არ ცხოვრობდნენ და ვერც ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან ორივე საკმაოდ დაკავებული იყო, მაგრამ დარეკვა და ამბის მოკითხვა მართლაც ყოველდღიურ რიტუალად, მეტიც, მოთხოვნილებად ექცათ. იმ პერიოდში ეფრემის გულის ერთადერთ მესაიდუმლედ, ისიც გარკვეულ საზღვრებში, ისევ ჯაბა გოცირიძე რჩებოდა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ანგელასა და ეფრემის ურთიერთობა ძალაუნებურად მის თვალწინ ვითარდებოდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჯაბას არ მიუცია თავისთვის უფლება ეფრემის ინტიმურ ცხოვრებაში თუნდაც რაიმე რჩევის სახით ჩარევისა. არადა ეფრემი მაშინ ჭოჭმანმა აიტანა – მას ვერ გადაეწყვიტა, რა ადგილი უნდა მიეჩინა ანგელასთვის თავის ცხოვრებაში: მეტი და ოფიციალური, თუ ნაკლები და არაოფიციალური. ეფრემის ორჭოფობას ისიც აძლიერებდა, რომ ჯერ ერთი, შეგნებული ჰქონდა, რომ მოსკოვში ცოლის შესართავად არ ჩასულა, და მეორეც – ანგელა თითქოს არ დაფეხმიმებულა, ან არ ამხელდა ამას… არა, თავს კი იცავდნენ, მაგრამ… ერთი სიტყვით, რაც მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ყოყმანობდა ეფრემი, ანგელას გარეშეც ვერ ძლებდა, ვერც დაოჯახების ალბათობას გამორიცხავდა, მაგრამ იმავდროულად გაურბოდა კიდეც ამას.
დიახ, დადგა გაზაფხული – სიყვარულის ხანა, როდესაც ბუნებაში ყოველივე იფურჩქნება და ყვავის, და არც მოსკოვის გამწვანებული ქუჩები და პარკები გახლდათ ამ მხრივ გამონაკლისი. აპრილის იმ დაუვიწყარ დილას მაღვიძარამ ეფრემი ზუსტად შვიდზე გააღვიძა – მოსკოვის უშველებელი მანძილებიდან გამომდინარე, ინსტიტუტამდე გვარიანი გზა ჰქონდა გასავლელი. ეფრემმა მაღვიძარა ხელის ერთი კარგად დამუღამებული ჩამოკვრით დაადუმა და სრულ გამოღვიძებამდე ზანტად შეუდგა დღის დაგეგმვას: ახლა ადგება, დაიბანს პირს, სასწრაფოდ აადუღებს ჩაიდანს, დალევს ჩაის და გავარდება მეტროსკენ. დაახლოებით სამი საათისთვის ლექციები დამთავრდება და ცოტა ხნით ბიბლიოთეკაში შეივლის, ახალ ჟურნალ–გაზეთებს გადახედავს, მერე ექვსისთვის ანგელას დაურეკავს, რომელიც ამ დროს წესით ლაბორატორიაში უნდა იყოს. რომელიმე მეტროსადგურთან დაუნიშნავს პაემანს და სადმე წავლენ, გაერთობიან, რომელიმე წესიერ კაფეში: „პალანგაში“, „შოკოლადნიცაში“ ან “ადრიატიკაში“, უფრო მაინც „ადრიატიკაში“, რადგან იქ მეტი სიმყუდროვეა… ამ ფიქრში ეფრემმა აღმოაჩინა, რომ კარგა ხანია ფეხზე დგას, ჩაიდანი სადაცაა ადუღდება და სწორედ ამ დროს გაისმა ოთახში ტელეფონის წკრიალა ზარი. ყურმილს რომ სწვდა, აღმოაჩინა, რომ ამ დილაადრიან მასთან თანაკურსელი, ნიკოლოზ კრასავკინი რეკავდა.
მოგვიანებით ეფრემი მიხვდა, რომ სწორედ ამ ზარით შეიჭრა მის ცხოვრებაში ის უზენაესი ძალა, რომელმაც მომავალი ერთი მოსმით დაურბია და დაულეწა, თუმცა მაშინ ამას ვერაფრით წარმოიდგენდა.
აქ ეფრემის სიზმრისეულ მოგონებათა ნიაღვარი ორ ნაკადად იშლებოდა. ერთ ნაკადში ხსენებულ უზენაეს ძალას ასახიერებდა ნიკოლოზ, იგივე კოლია თუ კოლკა კრასავკინი, მეორეში კი – ლევ სოლომონის ძე (იგივე სოლომონიჩ) ეპშტეინი. კრასავკინი მოსკოვის მკვიდრი იყო, ეპშტეინი კი ოდესაში დაბადებული და მოსკოვში დამკვიდრებული ებრაელი. ასაკითა და მდგომარეობით ეს ორი ადამიანი ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ ეფრემის ცხოვრებაში ორივემ დიდი როლი ითამაშა და ამიტომ მათი ეფრემთან ურთიერთობა ცალკე განხილვის ღირსია.
მისაღები გამოცდების ჩაბარებისა და მოსკოვში გადაბარგების შემდეგ ეფრემს, ბუნებრივია, თანდათან ნაცნობ–მეგობრების ახალი წრე გაუჩნდა, რომელშიც, მოსკოვის სხვადასხვა დაწესებულებებში ფეხმოკიდებულ ქართველებს გარდა, ძირითადად, თანაკურსელები შედიოდნენ. განგებამ ისე ინება, რომ პირველსავე კურსზე ეფრემი შეუამხანაგდა თანაჯგუფელს, ვინმე ნიკოლოზ კრასავკინს. გამოუცდელი და მოსკოვური ცხოვრების მძაფრ ტემპს მიუჩვეველი ეფრემის თვალში კოლკამ ერთგვარი კეთილი მასპინძლისა და მოსკოვის ბოჰემურ ცხოვრებაში გზამკვლევის როლი მოირგო. ახალგაზრდების დაახლოებამ მალე ტრადიციულად სტუდენტური ხასიათი შეიძინა: არც კინოს იკლებდნენ, არც თეატრს და არც სპორტულ სანახაობებს, თან (ცოდვა გამხელილი სჯობს) არცთუ იშვიათად თავისუფალ დროს ლუდისა და კიდევ უფრო მაგარი სასმელების დაგემოვნებაში ატარებდნენ. საბედნიეროდ, ქობულეთელ ეფრემს თავიდანვე ღრმად ჰქონდა ტვინში ჩაბეჭდილი, რომ ოჯახს აქ წასახდენად და სალოთავად არ გამოუსტუმრებია და მამამისი იასონი უმცროსი ვაჟისგან კონკრეტულ წარმატებას ელის, მაგრამ დიპლომატი, თუნდაც მომავალი, რისი დიპლომატი იქნებოდა, რეალობისთვის გარკვეული ხარკი რომ არ გადაეხადა და მოსკოველი მეგობრის ესოდენ გასაგები სისუსტისთვის – ანუ ლუდის სიყვარულისთვის – ანგარიში არ გაეწია. ისე კოლკა უტვინო ბიჭი არ იყო, სხვანაირად ქვეყნის მთავარ დიპლომატიურ სამჭედლოს ვერც გაეკარებოდა, მაგრამ დიდი პროფესიული პრეტენზიით არ გამოირჩეოდა. ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდა, თუმცა იშვიათი უნარის პატრონი იყო – კარგი მეხსიერების წყალობით სხაპასხუპით შეეძლო გრძელი ტექსტების ზეპირად გამეორება. სხვა მხრივ კოლკას ისიც ყოფნიდა, რომ საშუალო დონეს სტაბილურად ინარჩუნებდა და კურსიდან კურსზე გადასვლასაც უპრობლემოდ ახერხებდა, მით უმეტეს, რომ ცხოვრებისეული წარმატების მოპოვებას ის არა ენების გაძლიერებულ სწავლებას, არამედ კომკავშირული ხაზით გაქაჩვას უკავშირებდა. მოკარიერისტო ძმაკაცის არსებობა ეფრემს აწყობდა კიდეც – კომკავშირის კომიტეტი ინსტიტუტში გავლენით სარგებლობდა და ეფრემს კოლკას სახით ამ სფეროშიც გამოუჩნდა საკუთარი ლობისტი, რასაც პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. თანაც კოლკას ერთ კარგ თვისებას ვერ დაუკარგავდი კაცი: სტიპენდიის აღების დღეს მაინცდამაინც არ „ჟმოტობდა“ და პირველ ორ კათხა ლუდს – თავისთვის და ეფრემისთვის – საკუთარი ინიციატივით ყიდულობდა ხოლმე, თუმცა მეტს მისი – მარტოხელა დედის ერთადერთი შვილის – ჯიბე ვერ სწვდებოდა და იმ ორი კათხის შემდეგ უფრო ჯიბეძლიერი ეფრემის ჯერი დგებოდა. კოლკასთან შედარებით ის ლამის არაბული შეიხი იყო, რადგან იასონ ბოლქვაძე მის საამაყო უმცროსს ვაჟს ფოსტით ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას უგზავნიდა და მისგან მხოლოდ ერთს ითხოვდა: კარგ სწავლას. კოლკა კრასავკინი ბუნებით საკმაოდ გულღია ბიჭი იყო (ამაშიც ეტყობოდა, რომ დიდი დიპლომატი მისგან არ გამოვიდოდა) და ერთხელაც ლუდხანაში გამოუტყდა ეფრემს, რომ მამამ – სხვათა შორის, მოქმედმა ელჩმა ერთ–ერთ ევროპულ ქვეყანაში – ოჯახი დიდი ხნის წინ მიატოვა და ახალგაზრდა ცოლი მოიყვანა, მაგრამ გარკვეულ ყურადღებას შვილს მაინც უთმობდა და მის უმაღლესში მოწყობას როგორც შეძლო ისე შეუწყო ხელი.
მოსკოვში ყოფნისას ეფრემს კოლკასთან არასოდეს შეურცხვენია თავი. მეტიც, ერთხელ ფასდაუდებელი სამსახური გაუწია და, შეიძლება თამამად ითქვას, ძმაკაცი დაღუპვას გადაარჩინა. ერთ არცთუ მშვენიერ დღეს მოწინავე კომკავშირელმა ნიკოლოზ კრასავკინმა (მაშინ მესამეკურსელი კოლკა უკვე ფაკულტეტის კომკავშირის ბიუროს მდივანი იყო და პარტიაში შესვლაზე განცხადებაც გაშანშალებული ჰქონდა), ბოდიში და, ვიღაც მეძავისგან ელემენტარული ტრიპერი აიკიდა და დიდი განსაცდელის წინაშე დადგა. დისპანსერში ოფიციალურად მკურნალობის გზა კოლკასთვის მოჭრილი იყო: რექტორატს აუცილებლად წერილით აცნობებდნენ მისი უზნეობის შესახებ და ბოლოც მოეღებოდა მორალურად არამდგრადი კოლკას უიღბლო კარიერას – პარტიაში მიღება კი არა, კომკავშირიდან და იქნებ ინსტიტუტიდანაც კი გაერიცხათ „მგლის ბილეთით“. ასეთ შემთხვევაში ვერც მამა–ელჩი გადაარჩენდა და ვერც მამაზეციერი. ამიტომ კოლკა იძულებული გახდა, ლუდის სმა სასწრაფოდ შეეწყვიტა, გონება დაეძაბა და უნუგეშო ვითარებიდან რაიმე გამოსავალი ნებისმიერ ფასად გამოენახა. როდესაც ფიზიკური და მორალური ტანჯვა–ვაების მოთმენა შეუძლებელი გახდა, მან თავისი გასაჭირი ეფრემს ისე გაუმხილა, როგორც უახლოეს და უსანდოეს მეგობარს. იფიქრა, იქნებ ამან მაინც მიშველოს რამეო. იმ დროისთვის ეფრემი ადგილობრივი საგანმანათლებლო ლაბირინთის ხვეულებში უკვე საკმაოდ გამოქექილი, „სტარიკი“ სტუდენტი გახლდათ (საერთოდაც შემჩნეულია, რომ მშობლების გარეშე თავისუფლად ცხოვრება ავითარებს და ავაჟკაცებს წესიერ ადამიანს). მართალია, მსგავს პრობლემას პირისპირ არასოდეს წაწყდომია, მაგრამ იცოდა, რომ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მობინადრე ერთ–ერთ ქართველ სტუდენტს ცოტა ხნის წინ ანალოგიური მარცხი შემთხვეოდა და რაღაცნაირად მოეხერხებინა ამ სიტუაციიდან გამოძრომა. კოლკას ხათრით ეფრემმა ის ქართველი საგანგებოდ მოინახულა, ვითარება აუხსნა და ჰკითხა, ვისთან შეიძლებოდა პაციენტის უსაფრთხოდ მიყვანა. ის ბიჭი ეფრემს გამოუტყდა, რომ ბოტკინის ცნობილ კლინიკაში ერთი დასტაქარი ასეთ მაშვრალებს ძალიან იაფად, სულ ერთი ბოთლი სამარკო კონიაკის ფასად მკურნალობდა, მასთან მისასვლელი გზაც აუხსნა და ასე ეშველა იმ საჩოთირო საქმეს. ეს რომ არა, იმ დილით ტელეფონს ეფრემის ბინაში, შესაძლოა, არც დაერეკა. კიდევ კარგი, არ გამოდგა კოლკა კრასავკინი უმადური კაცი.
ლევ სოლომონიჩ ეპშტეინი კი სრულიად სხვა, აბსოლუტურად განსხვავებული მასშტაბისა და ყალიბის პერსონა გახლდათ. მოგვიანებით ჩვენ კიდევ მოგვიწევს მისი ხსენება, ამჯერად კი ცნობად ის ვიკმაროთ, რომ ბატონი (უფრო სწორად – ამხანაგი) ეპშტეინი ეფრემის მამის ნაფრონტალი მეგობარი იყო. ქობულეთში პატარა ეფრემს არაერთხელ რგებია ბედნიერება, მოესმინა ბიძია ლიოვას ნაამბობი იმის თაობაზე, როგორ ცდილობდნენ ორმოცდაორში ის და იასონი ალყიდან გამოღწევას და როგორ დადგნენ მძიმე არჩევანის წინაშე: ჩრდილოეთის ბილიკს გაჰყოლოდნენ თუ სამხრეთისას. მკლავში მსუბუქად დაჭრილ ლიოვკა ეპშტეინს ქამარშემოჭერილი ხელიდან სისხლი სდიოდა, ჭრილობის ჩამობანა ეჩქარებოდა და ჩრდილოეთით დალანდული გუბისკენ გაღწევის მომხრე ყოფილა, იასონმა კი, თურმე, საყელოში ხელი ჩაჰკიდა, მოქაჩა და სამხრეთით აიძულა წასვლა. არადა, – აღიარებდა ხოლმე იქედნური ღიმილით ლევ სოლომონიჩი, – მაშინ ჩემი რომ გამეტანა, გერმანელები აუცილებლად ტყვედ აგვიყვანდნენ და თქვენი მონა–მორჩილი, იქვე თუ არ დაახლიდნენ კეფაში ცხელ ტყვიას, ჰა–ჰა ოსვენციმამდე თუ ჩააღწევდა, თორემ ეფრემს რა ენაღვლებოდა (ჭიქა „ადესაზე“ უცნაური ხუმრობა კი უყვარდა ნაფრონტალ ძმაკაცთან ზღვაზე გასარუჯად ჩამოსულ ამხანაგ ეპშტეინს), ეგ ისეთი შებერტყილია, რომ ჯერ ვერმახტის ქართულ ლეგიონში ამოყოფდა თავს, მერე განცხრომით მინებდებოდა რაიხში შესულ იანკებს და იცხოვრებდა ახლა არხეინად სადმე კანადაში ან არგენტინაში საკუთარი რესტორნის სხვენშიო (ისე, რატომ მაინცდამაინც სხვენში? – ებადებოდა ამის გაგონებაზე უნებური კითხვა პატარა ეფრემს). ერთი სიტყვით, ლევ სოლომონიჩი იასონ ბოლქვაძისგან ძლიერ დავალებული იყო და მისი მადლიერება, რაღა თქმა უნდა, უმცროს ბოლქვაძეზეც ვრცელდებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ლევ სოლომონიჩის სახით ეფრემს მოსკოვში საკმაოდ გავლენიანი მფარველი ჰყავდა. ამხანაგი ეპშტეინი, ზოგიერთისგან განსხვავებით, თავის გენსა და წარმომავლობას არ მალავდა, მაგრამ არც ექვსქიმიანი დროშის უშნოდ ფრიალში ყოფილა ოდესმე შემჩნეული. ჭკვიანი, ყოველმხრივ განათლებული და მორიდებული კაცი იყო (ასეთებზე რუსები ამბობენ – ума палата–ო), და ადგილობრივი უმაღლესი ელიტის უაღრესად ვიწრო წრეში დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა. საჯაროდ ეგ არ ითქმოდა, მაგრამ ვინც საჭიროა, იმან შესანიშნავად იცოდა, რომ ლევ სოლომონიჩ ეპშტეინი მაშინდელი პოლიტბიუროს ერთ–ერთი ძალზე გავლენიანი წევრის პირადი მრჩეველი იყო.

X X X

როდესაც ეფრემმა ცალი ხელით გაზქურიდან ჩაიდანი გადმოდგა, მეორეთი კი ტელეფონის ყურმილი საფეთქელთან მიიტანა, იქიდან კრასავკინის ზომაზე მეტად აჩქარებული ხმა მოესმა:
– დილა მშვიდობისა, ეფრემჩიკ. ვიცი, ადრეა, მაგრამ შენთან სასწრაფო საქმე მაქვს. მოდი დღეს ინსტიტუტს შევეშვათ და ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ, ჯგუფხელს მოველაპარაკები და გაცდენას საპატიოდ ჩაგითვლიან. თერთმეტ საათზე ვერნადსკის მეტროში ჩადი, ცენტრისკენ მიმავალი მატარებლის პირველ ვაგონთან დადექი და იქ მოვალ. თუ დამაგვიანდა, ცოტა დამელოდე, კარგი?
– განა ასეთი რა მოხდა? რამე პრობლემაა? – იკითხა ოდნავ შეშფოთებულმა ეფრემმა.
– ნუ, ისეთი არაფერი, მაგრამ სატელეფონო თემა არაა, პირადად უნდა გნახო… მაგარ პახმელიაზე ვარ. მოდი „რაკუშკაში“ ჩავჯდეთ, არაყი და ლუდი ჩავურტყათ და ყველაფერს იქ მოგიყვები. ხომ გჯერა, რომ ტყუილად, მარტო ჩემი პახმელიის გამო, ასე ადრე არ დაგირეკავდი. აბა, თერთმეტამდე.
– კაი, ბატონო, როგორც იტყვი, – უთხრა ეფრემმა და ყურმილი დადო. ლექციის გაცდენას არ აპირებდა, მაგრამ… გულის სიღრმეში კი იფიქრა, ვიცი კოლკას ოინები, პახმელიაზე ფული შემოაკლდა და ახლა ჩემს იმედზეა, ჯანდაბას, როგორმე გავუძლებო.
დათქმულ დროზე ეფრემი მეტროსადგურის ვესტიბიულში იყო. რამდენიმე წუთში კოლკაც გამოჩნდა. ერთმანეთს ხელი რომ ჩამოართვეს, კოლკამ უთხრა:
– არ გეგონოს, ძმაო, ბუნაგიდან ლუდის დასალევად გამოგათრიე. თავი კი მტკივა, მაგრამ მაგ მიზეზით შენ უსაყვარლეს ესპანურს არ გაგაცდენინებდი, ხომ ვიცი შენი ამბავი… გუშინ რაიკომის ბიჭებთან ერთად დავლიე და ისეთი რამე გავიგე, რომ… ერთი სიტყვით, წავედით ახლა „რაკუშკაში“, ადრეა და რიგში ლოდინი არ მოგვიწევს. იქ ყველაფერს მშვიდად მოგიყვები, ოღონდ სხვებთან არაფერი წამოგცდეს. ჰო, მართლა, რახან გამოგიყვანე, მე გპატიჟებ. თორმეტი მანეთი მიდევს ჯიბეში და როგორმე ვიმყოფინოთ.
– რის თორმეტი მანეთი, თუ ძმა ხარ, რას მპატიჟებ. გუშინ ფული ჩამომივიდა და მაგის პრობლემა არაა. მოკლედ ლუდი, კრევეტი, „სტალიჩნაია“, თევზი და ხიზილალა ჩემზეა, ჯგუფხელთან მოლაპარაკება და გარდამავალი დროშა კი – შენზე, – უპასუხა ეფრემმა და სიამოვნებით აღნიშნა, რომ კერძების ჩამონათვალზე კოლკას თვალები გაუბრწყინდა.
„რაკუშკაში“ (ეს ლუდხანა მეტროსადგურთან შედარებით ახლოს მდებარეობდა) მაგარი სასმელებით ვაჭრობა კანონით აკრძალული იყო, მაგრამ აქ ადრეც არაერთხელ უქეიფიათ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ნაცნობი, თავის ხელობაში გაწაფული და ეფრემისგან კარგად ნაკვები ოფიციანტი არაყს „ბორჯომის“ ბოთლით სუფრაზე ისე შემოუტანდა, რომ მეზობელ მაგიდებთან მსხდომნი ვერაფერში დაეჭვდებოდნენ.
ქაფქაფა ლუდის პირველი და ყველაზე ცივი, უგემრიელესი ყლუპების მერე კოლკას აშკარად ფერი მიეცა და გალაღდა, ეფრემმა კი (რომელიც ყოველივეს კოლკას მიერ „საპახმელიოდ“ დადგმულ სპექტაკლად აღიქვამდა) მაინც დაიცვა თამაშის წესი და სერიოზული იერით იკითხა:
– ჰა, ამოღერღე და გამოტყდი, ისეთი რა გაქვს სათქმელი, საღამომდე რომ ვერ მოითმენდი? იქნებ სტიპენდიას მიმატებენ?
კრასავკინმა თვალები ეშმაკურად მოჭუტა, ცოტაოდენი არაყი ჩამოასხა, უცებ გადაკრა და თქვა:
– ეს ჩვენ გაგვიმარჯოს. სტიპენდიას არა… ერთი მითხარი, ჩემო ეფრემჩიკ, ამ ოთხ წელიწადში რამდენი სპირტი და სპირტშემცველი სითხე დაგვილევია ერთად?
– ეგ რა დასათვლელია? ისე, ტონა მაინც იქნება. მერა და ამით რა? – კითხვა შეუბრუნა ეფრემმა.
– დასათვლელი არა, მაგრამ მაინც კაი გასახსენებელია… ამით ის, რომ რასაც ახლა გიამბობ, სულ რაღაც ოცი–ოცდახუთი წლის წინ დახვრეტა არ ამცდებოდა. მიაყენებდნენ შენს კოლკას კედელთან ჩეკას უკანა ეზოში და კაპუტ… – კოლკამ ხმას დაუწია, – იცოდე, სხვისი გულისთვის ამას არ გავაკეთებდი.
– ბოლო–ბოლო, არ იტყვი, რას მერჩი?
– ხომ გითხარი, გუშინ რაიკომის ბიჭებთან სანდუნოვის აბანოში მოვილხინე. შენ რომ კომკავშირში ყველა ერთნაირად გათახსირებული გგონია, არაა ასე.
– ვიცი, რომ არაა, მაგრამ უშნო მიკიბ–მოკიბვას შეეშვი, თორემ არ მესმის საუბარი საით მიგყავს, – თქვა ეფრემმა, თავადაც მოსვა ლუდი, ზედ არაყიც მიაყოლა და ახალი ულუფა ჩამოასხა. ტანში უცებ ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ თვითონაც ვერ მიხვდა, არყისა თუ კოლკას სიტყვებით გაღვივებული ინტერესის გამო.
– საით და… ერთი სტროფია ჩვენს პოეზიაში ასეთი: „Ходит птичка весело по тропинке бедствий, не предвидя для себя никаких последствий“. ავტორი, მგონი, უცნობია. შენზეა ზედგამოჭრილი, რა… რაიკომში შენზე პერსონალური შეტყობინება მოსულა. თან გრიფიც ადევს: „Секретно. Для служебного пользования“, მაგრამ რაიკომის მდივანი მაგარი ნასვამი იყო და რადგან ეს ყველაფერი ჩვენი ინსტიტუტის კომკავშირს პირდაპირ ეხება, ორიოდე ჯადოსნური სიტყვა ჩამჩურჩულა. ისეთი მთვრალი იყო, შეიძლება ეგ არც კი ახსოვდეს, მაგრამ მე რომ მეხსიერებას არ ვუჩივი, შენც კარგად იცი და მთელმა მგიმომაც… ჰოდა, ავიღე და დაგირეკე. მდივნის დედაც, ოღონდ არ გამცე, თორემ ორივეს გვიტირებენ ყოფას. იცი, მაგ შეტყობინებაში შენზე რა წერია?
– აბა, საიდან უნდა ვიცოდე? – ეფრემმა პირში სიმშრალე იგრძნო.
– ცუდად იქცევა და უცხოელ ნაშასთან რეგულარულად ნებივრობსო. მოკლედ, ცოტაც და, მარტო „ამარალკას“ არ გაკმარებენ, „ანტისავეტჩიკობასაც“ ისე შეგტენიან, როგორც დაგიბარებია. საიდან მოვიდა რაიკომში ეგ შეტყობინება თვითონაც მიხვდები, მართლა გუშინ ხომ არ დაბადებულხარ! ისე, გერმანელ ქალთან რომ სიყვარულობანა გააბი, იმედია, ჩემთან მაინც არ უარყოფ. მართალია, ის გოგო არაფრით არ გამაცანი, მაგრამ ნათქვამი კი გაქვს!
– და რატომ უნდა უარვყო, რა დავაშავე? ბოლო–ბოლო ეგ… ეგ ხომ ჩვენი გერმანიიდანაა, გედეერელია, მეგობარია რა, ასე რომ… – ეფრემს ხმა დაეძაბა. დღევანდელი შეხვედრიდან ამის გარდა ყველაფერს მოელოდა.
– ე, მოიცა რა, ეფრემჩიკ. რის გედეერი და რომელი ფეერგე, თუ ძმა ხარ. ისე, შენ რომ სამშენებლოზე სწავლობდე ან, დავუშვათ, აგრონომიულზე, კაციშვილი არაფერს იტყოდა, მაგრამ ჩვენი ინსტიტუტი რეჟიმნია, გესმის? ეგ სულ სხვა ამბავია, მანდ ყველანი ლუპის ქვეშა ვართ. ჩვენთან პოლიტიკურ გაგებაში კრისტალივით სუფთა თუ არა ხარ, გადაგივლიან. ნუ, ცოტ–ცოტა სმაც მოსულა და ნაშებიც, ბოლო–ბოლო ადამიანები ვართ, მაგრამ გერმანელი ფაშისტები? ახლა არ დამიწყო აღმოსავლეთი და დასავლეთიო, ეგ კაგებესთვის ერთი ფეხია (აქ კოლკამ გაცილებით უფრო უწმაწური სიტყვა იხმარა). მოკლედ, უშიშროებამ თვალი დაგადგა, მაგ კანტორა კი ასე იოლად არ შეგეშვება. კიდევ კარგი, პროფილაქტიკისთვის რაიკომს აცნობეს და მე რომ ამის შესახებ ფრიად სპეციფიკურ ვითარებაში არ გამეგო, ახლა უარესად იქნებოდა შენი საქმე. მაგათ, ხომ იცი, სხვანაირადაც შეუძლიათ მუშაობა. ცხოვრების გამწარებაში მაგარი სპეცები არიან, უბადლო. მოდი, დავლიოთ.
ბიჭებმა თითო ულუფაც გადაკრეს. ამასობაში კი ოფიციანტმა პატარა საინით წითელი ხიზილალა და კარაქი, ხოლო დიდი თეფშით მარილში მოხარშული კრევეტები მიართვა. ამის დანახვაზე კოლკას თვალები ისევ გაუნათდა, ეფრემი კი სრულიად გულგრილი დარჩა – ხასიათი წაუხდა, არ ეგონა, გაზაფხულის ერთი უწყინარი დილა ამგვარად თუ შეუტრიალდებოდა.
კოლკამ ლუდი ხარბად შესვა, რამდენიმე კრევეტი მიაყოლა და თქვა:
– ეფრემ, ეგ კანტორა მაგარი ლიპუჩკაა. შენზე კომპრომატი ამოქექეს და აუცილებლად დაგიწყებენ შებმას. ვიღაცამ ხომ უნდა მოირგოს ახალი ვარსკვლავი კიტელზე, ეგრეა ეგ… ამდენის თქმის უფლება რომ არ მქონდა, მგონი, თავადაც ხვდები, მაგრამ ტონა სპირტი ჩემ თვალში მთელ „გებუხას“ გადაწონის, ვიცი რომ არ გამყიდი და ამიტომაც გაგაფრთხილე. Предупрежден – значит вооружен… ერთ რჩევას კი მოგცემ, ნებას თუ დამრთავ: სიმსივნე ძირშივე უნდა ამოიკვეთოს, ოღონდ კარგი ქირურგია საჭირო. შენგანვე ვიცი, რომ ასეთი ქირურგი შენ მოსკოვში გყავს. აი, იმ შენ წარჩინებულ ებრაელს, მამაშენის ძმაკაცს ვგულისხმობ.
კოლკა მართალი იყო – არაერთხელ უხსენებია მასთან საუბარში ეფრემს ლევ სოლომონიჩი, როგორც მამის ძველი ნაცნობი, ოღონდ ბიოგრაფიული დეტალების განხილვაში ღრმად არასოდეს შეჭრილა. კოლკამ გამომცდელად ჩახედა თვალებში მოწყენილ მეგობარს და მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო:
– შენ თუ გგონია, არ ვიცი, ვისი მარჯვენა ხელია ეგ შენი ნიუხციგე იუდე და ომის ვეტერანი ლევ ეპშტეინი, ძალიან ცდები. ეგ ცნობილი პიროვნებაა. რექტორმაც შესანიშნავად იცის მის შესახებ, პარტკომმაც, კომკავშირის მდივანმაც და არც მე ვზივარ ჭურში, მიმიწვდება პატარ–პატარა ინფოებამდე ხელი… ჰოდა, დღეს მასთან მისვლას და ლაპარაკს აღარ გირჩევ, არყის სუნი საღამომდე გამოგყვება და არ გიღირს… ერთი დღე არაფერს წყვეტს. შეირგე ეს სუფრა და კარგად გამოიძინე. ხვალ კი კეთილი ინებე და პირადად ეახლე. მე ნუ მახსენებ და სხვა დანარჩენი ისე მოუყევი, ვითომც აღსარებაზე ხარ მისული. მოკლედ, თორა გადაიკითხე და მიდი. ისე, ბედის ირონია თუ გინდა, ეგ მართლმადიდებელი კომკავშირელის ებრაელ პარტიულთან აღსარებაზე მისვლაა სწორედ… რიაზანოვი მიმიქარავს, მაგდენს ვერ გაქაჩავდა, – კოლკას თავისისვე ხუმრობაზე გულიანად გაეცინა, – მოკლედ ეგ შენი ეპშტეინი თუ მართლა მოინდომებს, დაგეხმარება კიდეც. ეგ რომ შეუძლია, ამაში დარწმუნებული ვარ. მისი ძლევამოსილი შეფის ერთი გადარეკვაც კი საკმარისია, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეგეშვან. მოგეხსენება, ჩვენთან მშობლიური ლენინური პარტია, ნიკიტუშკა–დურაჩოკის, ცეკას პოლიტბიუროსა და ღვთის მადლით, ინერციით ჯერჯერობით ორგანოებზე მაღლა დგას. არადა, გუმანით ვხვდები, რომ ჩეკისტური კორპორაცია უკვდავია და ყოველთვის ასე არ იქნება, ისეთი პირი უჩანს მაგ საქმეს…
ეფრემი იმ დღეს ისე დათვრა, როგორც მოსკოვში ჯერ არასოდეს დამთვრალა. ცხოვრებაში პირველად კოლკამ მიაცილა ლიფტამდე და არა პირიქით. მეორე დღეს კი გულის ფანცქალით აკრიფა ტელეფონზე ლევ სოლომონიჩის ბინის ნომერი.

X X X

ეფრემის სახელოვანი მამა, ბატონი იასონ ბოლქვაძე, ვაჭრობაში ათწლეულების განმავლობაში ნამუშევარი, შეძლებული კაცი იყო და როდესაც მისი გარდაცვალების შემდეგ ვაჟიშვილებს შორის მემკვიდრეობის გაყოფაზე მიდგა საქმე, საოჯახო ქონების ნაწილი თბილისში გადაბარგებულ ეფრემსაც ერგო: რაღაც–რაღაც ძვირფასი ნივთები, ანაბარზე შეტანილი გარკვეული (არცთუ უშველებელი) თანხა და რამდენიმე მხატვრული ტილო (მათ შორის გუდიაშვილის, კაკაბაძისა და პლატონოვის ნამუშევრები), რომელთაც მოგვიანებით სათანადო ადგილი მისი თბილისური ბინის კედლებზე დაიკავეს. რაც შეეხება ქობულეთში, თბილისის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლს, ის მთლიანად მისი დაოჯახებული უფროსი ძმის, ენვერის, საკუთრებაში დარჩა. სამართლიანობა და კანონი ამით არ დარღვეულა, ვინაიდან ეფრემმა ჯერ კიდევ მშობლების სიცოცხლეშივე აღიარა, რომ წილს მამისეული სახლიდან არ მოითხოვდა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. თუ საყოველთაოდ ცნობილი ქართული ანდაზა, კვიცი გვარზე ხტისო, რაიმე სიმართლეს მაინც შეიცავს, მაშინ ბოლქვაძეების ოჯახში ასეთი კვიცი ნამდვილად ენვერი იყო, რადგან იასონის გაკვალულ საიმედო გეზს უყოყმანოდ გაჰყვა და კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას სავაჭრო აღებ–მიცემობის სარფიან და მეტად თავისებურ სფეროში შეეცადა, რაც დროთა განმავლობაში გამოუვიდა კიდეც. იმდროინდელი გადასახედიდან ვითომდა უფრო წარმატებული და მოსკოვში უმაღლესი დიპლომატიური ცოდნის მისაღებად გადახვეწილი უმცროსი ძმისგან განსხვავებით, ენვერი ადრე დაოჯახდა, შრომით საქმიანობასაც ადრე ეწია და ბოლქვაძეების საერთო ბიუჯეტში საკუთარი წილის შეტანაც ადრე დაიწყო. რაც მთავარია, სანამ ეფრემი ესპანური ზმნების ბრუნვების დაზუთხვითა და მგიმოს პროფესორებთან გამოცდების ჩაბარებით იყო დაკავებული, ენვერმა დედ–მამის შვილიშვილით – პატარა იასონით – გახარება მოასწრო, რაც, სხვათა შორის, იმასაც ნიშნავდა, რომ დიდ იასონს ამიერიდან პატარა იასონის (და მისი მაშინ ჯერ კიდევ დაუბადებული უმცროსი ძმის) მომავალზეც უნდა ეზრუნა. მას მერე ბევრი იფიქრა შორსმჭვრეტელმა იასონ ბოლქვაძემ თუ ცოტა, საბოლოოდ ვაჟიშვილების დაკმაყოფილების ისეთ ვარიანტზე შეჩერდა, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნებოდა და მომავალში მათ შორის დავას არ გამოიწვევდა. ამ ვარიანტით ქობულეთის სახლი მთლიანად უფროსი ვაჟის ხელში გადადიოდა, მაგრამ უძრავი ქონების გარეშე არც უმცროსი რჩებოდა – როგორც კი ეფრემი სტუდენტი გახდა, მამამ თბილისის საუკეთესო ადგილას, ბარნოვის ქუჩაზე, ვაკის პარკის მახლობლად, სამოთახიანი ბინა უყიდა. საზოგადოდ, იასონის სიტყვას ოჯახში ისედაც კანონის ძალა ჰქონდა, რამეთუ ძირძველ ტრადიციებზე აღზრდილი ვაჟები მამას უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ და არსებითად არასოდეს უპირისპირდებოდნენ, ქალბატონი გუგული კი ისედაც მთლიანად ქმრის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. სხვათა შორის, შვილების სახელები იასონმა განზრახ ისე შეარჩია, რომ აჭარული და მართლმადიდებლური საწყისი ოჯახში თანაბრად განაწილებულიყო: ანუ თუ ეფრემი ბოლქვაძეების მართლმადიდებლურ–ქრისტიანულ საწყისს განასახიერებდა, ენვერი – უფრო აჭარულ–მაჰმადიანურს. ოფიციალურად კი კომპარტიის წევრი და ადგილობრივი სავაჭრო სამმართველოს ერთ–ერთი მოწინავე ხელმძღვანელი იასონ ბოლქვაძე როგორღაც ახერხებდა პირწავარდნილი ათეიზმისა და რელიგიური რწმენის ერთმანეთთან შეთავსებას და ახლობელთა წრეში არაერთხელ უღიარებია, რომ ენვერი უფროს ვაჟს დიდი და გულწრფელი სტალინელის, ალბანეთის პირველკაცის, ენვერ ხოჯას პატივსაცემად დაარქვა, ხოლო უმცროსს ეფრემი – მეთერთმეტე საუკუნის ქართველ მწიგნობარ ეფრემ მცირესი (ისიც აღსანიშნავია, რომ ენვერი ქვეყნიერებას დიდი ბელადის გარდაცვალების წელს მოევლინა, ეფრემი კი მაშინ, როდესაც სტალინი უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი და ნიკიტა–მესიმინდესგან შეჩვენებული გახლდათ). ენვერიკო კეთილი, დამჯერე, მაგრამ ზანტი ბავშვი გამოდგა, სამაგიეროდ ღონიერი იყო და ჭიდაობა უყვარდა. რომ წამოიზარდა, კლასში მისი მომრევი აღარავინ იყო და ერთხელ სკოლის სახელით ბათუმშიც კი გაიყვანეს საქალაქო შეჯიბრებაზე. სხვა მხრივ კი თანაკლასელებისგან ბევრი არაფრით გამოირჩეოდა, არც სწავლა იტაცებდა, არც კლასგარეშე კითხვა, სკოლაში „კარგოსნად“ (ისიც ძლევამოსილი მამის ხათრით) ითვლებოდა და საზოგადოდ – აზროვნების დიდი სისხარტით არ გამოირჩეოდა. მამა ამის გამო მაინცდამაინც არ წუხდა, არც უბრაზდებოდა და ზოგჯერ ხუმრობით ჭიდაობის მოყვარულ შვილს „კახელოსაც“ კი ეძახდა ხოლმე. იასონს ისიც ჰქონდა ნათქვამი ძმაკაცებში, ეს ჩემი ენვერი ციდან ვარსკვლავებს, მართალია, არ წყვეტს, მაგრამ წესიერ, პატიოსან და სანდო კაცად აღვზარდე და, რაც მთავარია, იმდენი კაცობა და განათლება კი მისცა ღმერთმა, რომ არც მიმატებაში ეშლება რამე და არც გაყოფაში, ჰოდა, აწი ჯობს სპორტს თავი დაანებოს და მამის კვალს გაჰყვეს, რადგან ჩემს დარგში კაიკაცობა და ჭიდაობის ილეთების ცოდნა ნამდვილად საჭირო და გამოსადეგია, ხოლო გამრავლებისა და გამოკლებისა – სულაც არაო. სამაგიეროდ, უმცროსი ეფრემი ლაღი, დაკვირვებული და გახსნილი ჭკუის პატრონი აღმოჩნდა და მისი ეს თვისებებიც საკმაოდ ადრე, სკოლის ასაკში გამოიკვეთა: წიგნიც უყვარდა, ჭადრაკის კომბინაციურ ხრიკებშიც კარგად ერკვეოდა და უცხო ენების მიმართაც ჰქონდა მიდრეკილება – ძმაზე გაცილებით უკეთ ლაპარაკობდა და წერდა რუსულად, მეექვსე კლასში კი ინგლისურის შესასწავლად კერძო მასწავლებელთან დააწყებინეს სიარული. იასონი მკაცრი მამა კი იყო, მაგრამ დაუნახავი – არასოდეს. ჰოდა, რაკიღა ვაჟიშვილებს შორის თვისებრივ განსხვავებას ამჩნევდა და აღიარებდა, რა გასაკვირია, თუ დროთა განმავლობაში ეფრემისკენ გადაიხარა და მისგან ბოლქვაძეების, ასე ვთქვათ, საექსპორტო ნიმუშის გამოძერწვა განიზრახა. უმცროსი ვაჟის ბედის სამომავლო განსაზღვრაში მთავარი როლი მაინც კანონზომიერმა შემთხვევითობამ შეასრულა, ანუ მეგობრულმა ურთიერთობამ, რომელიც იასონს ვინმე ლევ სოლომონიჩ ეპშტეინთან ჩამოუყალიბდა. შემთხვევითობამ იმით იჩინა თავი, რომ ოდესღაც იასონი და ლიოვკა ფრონტის წინა ხაზზე ერთ სანგარში გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, ხოლო კანონზომიერებამ კი იმით, რომ ომის შემდგომაც არ დაუკარგიათ ერთმანეთი და ლევ სოლომონიჩი თითქმის ყოველ ზაფხულს თავის ნაფრონტალ ძმაკაცს ქობულეთში ცოლთან, მშვენიერ როზოჩკასთან, ერთად ეწვეოდა ხოლმე. ეპშტეინებს შვილი, სამწუხაროდ, არ ჰყავდათ და პირმშოს მაგივრობას ქობულეთში ჩასულ ლევ სოლომონიჩს ჯერ ენვერიკო უწევდა, მერე კი ეფრემიკო – სტუმარს მეორე სართულის აივანზე ბიჭებთან მსუბუქ თემებზე გასაუბრება და ჭადრაკის თამაში უყვარდა. გავიხსენოთ: ენციკლოპედიური ცოდნით, ბრწყინვალე მეხსიერებითა და ხალასი ნიჭით დაჯილდოებული წითელარმიელი ლიოვკა ომის შემდეგ თანდათან უმაღლესი დონის საერთაშორისო ექსპერტად, პოლიტბიუროს გავლენიანი წევრის პირად თანაშემწედ და მოსკოვის ელიტარულ წრეებში ფრიად დაფასებულ ლევ სოლომონიჩ ეპშტეინად რომ იქცა, იასონ ბოლქვაძის დამსახურებაც იყო. აბა ერთი მიექარა და გაქცევის არასწორი მიმართულება აერჩია იმ დაწყევლილ ორმოცდაორში!
ასე და ამრიგად ეფრემის ბედი ლევ სოლომონიჩის ქობულეთში ერთ–ერთი მორიგი საზაფხულო სტუმრობის დროს გადაწყდა. მეგობრის ვიზიტის შედეგით იასონი სავსებით კმაყოფილი ჩანდა: ამხანაგ ეპშტეინისა და ღვთის წყალობით ქათქათა საზღვაო ლაინერი „ეფრემ ბოლქვაძე“ დიდი დიპლომატიის ამღვრეულ ტალღებში სანავარდოდ იმ განზრახვით გაემზადა, რომ აღარასოდეს ჩაუშვებდა ღუზას მშობლიურ ნაპირებთან, რამეთუ ბათუმის მშვიდი ყურე სიმცირის გამო ვეღარ დაიტევდა ასეთ გიგანტს. გავლენიანი ლევ სოლომონიჩისა და გულმოდგინე ეფრემის საერთო ძალისხმევამ ხელშესახები ნაყოფი გამოიღო: ეფრემი მოსკოვში გადაბარგდა და მგიმოს სტუდენტი გახდა. მერე ბევრი რამ კი შეიცვალა და შეირყა რუსეთშიც და საქართველოშიც, მაგრამ ბოლქვაძეების საგვარეულო კერას იოტისოდენა ჩრდილიც კი არ მისდგომია, ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანდა. როდესაც დაახლოებით ოცი წლის შემდეგ ავარიაში დაღუპული იასონის სულმა სამუდამოდ მოისვენა ზეციურ საქართველოში, გვარიანად შეჭაღარავებულ ძმებს მამის სამემკვიდრეო გათვლებში ცვლილებების შეტანა არც უცდიათ, რითაც სანათესაოსა და სამეზობლოში პატივისცემა კიდევ უფრო განიმტკიცეს. თბილისში საბოლოოდ დამკვიდრებული ეფრემისგან განსხვავებით, ენვერი ნაღდ და ძირძველ ქობულეთელად დარჩა, იმდენად ძირძველ, რომ ძალზე იშვიათად, მხოლოდ გადაუდებელი სავაჭრო ოპერაციის გამო თუ გაცდებოდა აჭარის საზღვრებს და დედაქალაქში ჩასვლით შეიწუხებდა თავს. ძმის ბინაში ენვერს ორ–სამ ღამეზე მეტი არასოდეს გაუთენებია – უცებ მოათავებდა ეფრემისთვის იდუმალ სავაჭრო საქმეებს, მოახტებოდა მერე თავის „ტოიოტა–ლენდკრუიზერს“ და ჰაიდა, გაუტევდა კიდეც ქობულეთისკენ, საკუთარ სახლში. სამინისტროში დაჩიავებულ ეფრემს ეკითხა, თორემ ენვერს ჭკუა–გონებაცა და სინდის–ნამუსიც მამის თარგზე ჰქონდა მოჭრილი, სუბტროპიკული ბიზნესიც საათივით აწყობილი და, მიუხედავად იმისა, რომ ფული თითქოს არ აკლდა, არც სეზონზე სახლის ზედა სართულის სარფიანად გაქირავებას თაკილობდა და მატერიალურადაც იქით ეხმარებოდა ხოლმე ესპანურენოვან ძმას.

X X X

ყურმილში ეფრემის ათრთოლებული და დაბნეული ხმის გაგონებისთანავე ლევ სოლომონიჩი უმალვე მიხვდა, რომ მისი მეგობრის შვილს რაღაც გაუთვალისწინებელი შეემთხვა და, შეწუხებულმა ეფრემი თავისთან იმავე საღამოს დაიბარა. ეფრემი თავის მფარველს, როგორც ასაკით გაცილებით უფროსსა და ძალზე დაკავებულ კაცს, თანაც თანამდებობის პირს, ხშირ შეწუხებას მაინცდამაინც ვერ უბედავდა, მაგრამ თვეში ერთხელ აუცილებლად დაურეკავდა ხოლმე ჯანმრთელობისა თუ ქალბატონ როზას მოსაკითხად, ან კიდევ რაიმე საზეიმო თარიღის მისალოცად. უმცროსი ბოლქვაძის ეს იშვიათი და მორიდებული მოკითხვები ლევ სოლომონიჩს ძალიან სიამოვნებდა და არც თავად რჩებოდა ვალში – წესად ექცა ეფრემის მოპატიჟება სახლში გამართულ სარვამარტო, სამაისო, სანოემბრო თუ საახალწლო პატარა წვეულებებზე. რასაკვირველია, საგანგებო ვითარებაში ეფრემს ყოველთვის შეეძლო თავის მფარველთან დარეკვა ან მისვლა და ახლა მას სწორედ ასეთი, ავრალური ვითარება შეექმნა.
პირველ მაისამდე საკმაოდ შორს იყო, როდესაც მოახლე ქალმა ეფრემს კარი გაუღო და შინ შეიპატიჟა. სანამ ეფრემი ქურთუკს იხდიდა, სასტუმრო ოთახში ქალბატონი როზა გამოჩნდა და თბილად მიესალმა ახალგაზრდა სტუდენტს:
– გაგიმარჯოს, ძვირფასო ეფრემუშკა. რომ იცოდე, როგორ გამახარე! ეჰ, კი ვიცი, რომ უსაქმოდ არ შემოივლიდი. რას იზამ, დავბერდით… მიდი, მიდი, ნუ გეშინია. ლიოვუშკა კაბინეტში გელის, ქსიუშა კი, – მან მოახლე ქალს მბრძანებლურად გადახედა, – ჩაის იქ მოგართმევს. აბა, ყმაწვილო, არ შედრკე, ყველაფერი კარგად იქნება. ხომ იცი, ლიოვუშკას შვილივით უყვარხარ.
გულმოცემულმა ეფრემმა ქალბატონ როზას მადლიერებით აღსავსე მზერა სტყორცნა, სიტყვიერი სალმის ნაცვლად ხელზე ეამბორა, შემდეგ ტანში გასწორდა, შვებით ამოისუნთქა, ოდნავ ნაძალადევად გაიღიმა, კოსტუმი გაისწორა, რამდენიმე უსასრულო მეტრი გაიარა და ფრთხილად შეაღო ოჯახის წინამძღოლის კაბინეტის კარი:
– შეიძლება შემოვიდე, ლევ სოლომონიჩ? – მორიდებით იკითხა ეფრემმა.
– შემოდი, შემოდი ეფრემ. რა ხანია არ ყოფილხარ, მომანატრე თავი… როგორ ხარ? – მასპინძელი, რომელიც საწერ მაგიდასთან მბრუნავ სავარელში იჯდა, ფეხზე წამოდგა, სტუმარს ხელი ჩამოართვა და კაბინეტის კუთხეში ტორშერის ქვეშ დადგმულ მოკრძალებულ „ტროიკაზე“ მიუთითა, – აი იქ დავსხდეთ. ხომ იცი, მონადირე კაცი ვარ, კარგი სმენა მაქვს და დილით ხმაზე შეგატყვე, რომ ამჯერად შენს საქმეში გარკვევა დეტალურად მომიწევს. ამიტომ სჯობს, თავი ამ ძველ და ნაცად სავარძლებს მივანდოთ. ყველა წესის დაცვით დაყენებულ ჩინურ ჩაისაც მალე მოგვართმევენ, გპირდები, მოგეწონება. აბა, დაბრძანდი და მომიყევი – как на духу – ასეთი რა შეგემთხვა?
ეფრემი ფრთხილად ჩამოჯდა რბილი სავარძლის კიდეზე და კედელს შეავლო თვალი. ამ სავარძელში ადრეც მჯდარა, ოღონდ ცოტა უფრო თავისუფლად, და კარგად იცოდა, რომ ლევ სოლომონიჩის სიამაყის განსაკუთრებული საგანი და კაბინეტის მთავარი ღირშესანიშნაობა კედლებზე უხვად წარმოდგენილი და ნაირნაირ ჩარჩოებში ჩასმული შავ–თეთრი და ფერადი ფოტოსურათები იყო. მინის უკან სათუთად შემონახულ ხაოიან სურათებზე ლევ სოლომონიჩის სიცოცხლის საუკეთესო წამები იყო განივთებული. აგერ, ორდენებითა და მედლებით მკერდდამშვენებული ლევ ეპშტეინი საპირველმაისო დემონსტრაციაზე მოღიმარი კოსმონავტების წრეში; გვერდით, უფრო დიდ და სქელ ჩარჩოში ჩასმულ ფერად ფოტოზე, კრემლის ყრილობათა სასახლეში ლევ სოლომონიჩი რუდუნებით ართმევს ხელს პარტიის ცეკას გენერალურ მდივანს; კიდევ უფრო მარჯვნივ ძველი, გაყვითლებული ფოტოა: ლევ სოლომონიჩი ორ გამოჩენილ ჩინელ კომუნისტთან ერთად ლენინის მავზოლეუმის წინ; აი, მარცხნივ კი ლევ სოლომონიჩი მიირთმევს ყავას თავის უშუალო ხელმძღვანელთან ერთად სამთავრობო აგარაკზე, ჟუკოვკაში. რაც მთავარია, ორ სხვადასხვა დროს გადაღებულ ფერად ფოტოზე ლევ სოლომონიჩი მოღიმარ იასონ ბოლქვაძესთან ერთადაა გამოსახული ლურჯი და უსასრულო ზღვის ფონზე…
ამასობაში ოთახში ფეხაკრეფით შემოსულმა ქსიუშამ პატარა მაგიდაზე ფაიფურის დიდი ჩაიდანი, ორი ლამბაქი, ფაიფურისავე მოზრდილი ჭიქები და საშაქრე დაალაგა. შემდეგ ჭიქები სურნელოვანი ჩაით აავსო და ასევე უხმაუროდ გავიდა ოთახიდან.
– გეთაყვა, მიირთვი, ეფრემ, აგერ შაქარი და გემოზე ჩაიყარე, არ მოგერიდოს. თან ვილაპარაკოთ. დაიწყე, მე ყურადღებით გისმენ, – თქვა ლევ სოლომონიჩმა, ჭიქაში ნახევარი კოვზი შაქარი ჩაიყარა, ნელა მოურია და თვალი თვალში გაუყარა სტუმარს.
ეფრემმაც ყველაფერი როგორც იცოდა და აპირებდა – как на духу, – ისე დაუფქვა მფარველს, ოღონდ კოლკა არ უხსენებია. არც დასჭირვებია, ლევ სოლომონიჩმა, როგორც ჩანს, დიდსულოვნად დაინდო ყმაწვილი და დაწვრილებით აღარ ჩაეკითხა მას, მხოლოდ ერთხელ, ისიც ბოლოსკენ, გააწყვეტინა სიტყვა და იკითხა: რაც ახლა მომიყევი, იმის სინაღდეზე თავის დამდები თუ ხარო. დადებითი პასუხი რომ მიიღო, რამდენიმე წუთით დადუმდა. სანამ მასპინძელი ფიქრობდა, ოთახში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ეფრემი სულგანაბული ელოდა განაჩენს.
– ყველაფერი გასაგებია, – დაარღვია ბოლოს სიჩუმე ლევ სოლომონიჩმა და წამოდგა, – ხომ არ ეწევი?
ეფრემმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ლევ სოლომონიჩი საწერ მაგიდასთან მივიდა, ქვედა უჯრიდან ერთი სიგარეტი და ასანთის კოლოფი ამოიღო, იქვე მოუკიდა, თან პატარა საფერფლე წამოიყოლა და სავარძელში კვლავ მოხერხებულად მოკალათდა.
– მამაშენიც არ ეწევა და სწორადაც იქცევა, – თქვა მან, – ახლა რაც ამ საქმეს შეეხება… ცხადია, თითიდანაა გამოწოვილი, მაგრამ, რა დასამალია და ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ზოგჯერ ვფიქრობ: სად ჯანდაბაში ამოვყავით თავი–მეთქი. მოკლედ რა… კარგია, რომ ჩემთან უცებ მოხვედი, თორემ კიდევ ცოტა რომ გაგეწელა, მანქანა ჩაირთვებოდა, თავისით აკრეფდა სიჩქარეს და მერე მეც კი გამიჭირდებოდა მისი დამუხრუჭება. მაგრამ ჯერ, იმედია, გვიან არაა. ხვალ, მაქსიმუმ ზეგ, ჩემს უფროსს სადაც საჭიროა, იქ დავარეკინებ და საქმეც მოგვარდება. ყოველივეს ჩემზე ვიღებ, ოღონდ ერთი პატარა პირობით… ხომ გულახდილად ვლაპარაკობთ?
– რასაკვირველია, ლევ სოლომონიჩ! მე… მე მზადა ვარ… ნებისმიერ პირობას შევასრულებ… ოღონდ ახლა გადამარჩინეთ და ყველაფერზე თანახმა ვარ, – გულწრფელი აღფრთოვანებისგან ეფრემმა უნებურად ხმასაც კი აუწია.
– ნაადრევად ხომ არ გიხარია, ძვირფასო, რა იცი რა პირობაა… საქმე ისაა, რომ ყოვლისშემძლე მეც კი არა ვარ, ჩემს გავლენას გარკვეული საზღვარი გააჩნია და მას ვერ გადავალ, ამას არავინ მაპატიებს. ამიტომ თავად უნდა შემიწყო ხელი… არ გეგონოს, გევაჭრები, რა მაქვს შენთან, ჩემი საუკეთესო მეგობრის შვილთან, სავაჭრო. მაგრამ ზრდასრულ, სერიოზულ ადამიანად მიმაჩნიხარ და თავს უფლებას მივცემ, სიმართლე გითხრა, სიმართლე კი ხშირად მწარეა… შენ შინაგანად მოწესრიგებული, წესიერი, ჭკვიანი ყმაწვილი ხარ და ამიტომაც უაღრესად ნათლად, ცხადად, ყოველგვარი თვითკეკლუცობისა და თავის მოტყუების გარეშე უნდა გესმოდეს – დიდი დიპლომატიის კარი ყველასთვის როდია ღია, სახელმწიფო ერთხელ გენდო და ამ ნდობას გამართლება უნდა… ამიტომ იმედი მაქვს, საკუთარ მომავალს სულელურ ვნებას, ცხოველურ ჟინს ან ბავშვურ სიჯიუტეს არ გადააყოლებ, ასე არაა, ეფრემ? სხვა რა გითხრა… დარწმუნებული ვარ, შენი გაქანებისა და ერუდიციის ახალგაზრდა შესანიშნავად ხვდება, რომ რეალურად ჩვენთან მმართველობის იერარქიული სისტემა ჩამოყალიბდა, კანონი ცუდად კანონობს და უსამართლობაც ბევრია. მაგრამ იმასაც უნდა ხვდებოდე, რომ ფუჭი ყელყელაობა და ფრაზიორობა ადვილია, საქმის გაკეთება კი ძნელი. ხომ კარგად იცი, აგერ საკუთარ თავზეც გიწვნევია, რას წარმოადგენს სინამდვილეში ჩვენი შიდა მოწყობა. დანაღმულ ველს – пауки в банке! არა მგონია, რომ ჩემგან საბჭოთა სინამდვილის ესოდენ მკვეთრი და მკვახე შეფასება შენთვის რაიმე კრამოლური სიახლის შემცველი იყოს, მაგრამ უაზრო კრიტიკანობა, მოდი, ჯამბაზებსა და დისიდენტებს დავუტოვოთ, ჩვენ კი საქმეს მივხედოთ. ამიტომ, თუ არ გინდა, მსხვერპლად შეეწირო ვიღაც არამზადას ან იდიოტს, სიფრთხილეც გმართებს, გამჭრიახობაც და რეალობასაც მეტი ანგარიში უნდა გაუწიო, ესაა და ეს. მე არ გიმტკიცებ, რომ ყველანაირ სისაძაგლეზე სჯობს თვალები დახუჭოს კაცმა, მაგრამ ბალანსი დაცული უნდა იყოს… რაც შეეხება შენს საქმეს… ზოგჯერ ცხოვრებაში უსიამოვნო კომპრომისის გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელია. აი, სწორედ ასეთ კომპრომისზე მოგიწევს წასვლა.
– რას გულისხმობთ, ლევ სოლომონიჩ? – გულის ფანცქალით იკითხა ეფრემმა.
– რას და, იმ ქალს მართლა უნდა შეეშვა, ანუ ერთხელ და სამუდამოდ დაანებო თავი. მართლა ცოლად ხომ არ ირთავ! მე კი ყველაფერს ერთ საყმაწვილო შეცდომას დავაბრალებ, детская болезнь левизны, ბოლო–ბოლო, ვის არ მოსვლია? ჩემი შეფი ბუნებით უბოროტო კაცია და კარგად გამიგებს, უფრო სწორად, შენ გაგიგებს, არ გაგწირავს ვიღაც ოპერის კლანჭებისთვის. მოკლედ, სიტყვა მომეცი, რომ იმ, რა ჰქვია, ანგელა დიტრიხს, შეეშვები. როდის უმთავრდება მივლინება?
– მაისის ბოლოს, თითქმის ერთი თვის შემდეგ, – უხალისოდ უპასუხა ეფრემმა.
– გასაგებია, – ლევ სოლომონიჩის ხმაში სინანულმა იმძლავრა, – ნუ გეშინია, გპირდები, რომ შეფი შენი საქმის მოგვარებას მე გადმომაბარებს და ხვალიდანვე მისი სახელით ვიმოქმედებ, ორგანოების ნეიტრალიზაციასაც გავახერხებ როგორმე, შენ კი… ნუ, იმ გერმანელთან ერთხელ დარეკვისა და დამშვიდობების უფლებას გაძლევ. ჯანდაბას, თუ გინდა, სადგურზეც მიაცილე, ამასაც ჩემს თავზე ვიღებ, მაგრამ ეს მაქსიმუმია. უნდა გამიგო. შევთანხმდით?
ლევ სოლომონიჩი მძიმედ წამოდგა ფეხზე და ამით ანიშნა სტუმარს, რომ საუბრის თემა ამოწურულია და აწი ყველაფერი ეფრემის პასუხზეა დამოკიდებული. დასმული კითხვა მყისიერ რეაგირებას მოითხოვდა. ეფრემიც წამოდგა და მცირედი ყოყმანის შემდეგ მტკიცედ განაცხადა:
– რასაკვირველია, შევთანხმდით, ლევ სოლომონიჩ. სხვა გზა მაინც არა მაქვს.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი თუ არა გაქვს. აწი მეც მომეშვება გულზე და შენც, – მასპინძელს ულვაშებში გაეღიმა, – ისე, კაცურად გეტყვი, რომ მაგრად გამაოცე. რაღა გერმანელი ქალი აირჩიე, განა თავისუფალი და გულკეთილი რუსი თუ უკრაინელი, ან სულაც ლატვიელი მოსკოვში გამოილია? რაც მაგ გარეწარმა ფრიცებმა „ფეჩებში“ გვანახშირეს… ეჰ, მაგას რა დამავიწყებს! ჯერჯერობით მაინც გამოუცდელი კაცი ხარ, ეფრემ, მაგრამ ეგ ახალგაზრდობის ბრალია. არა უშავს, ყველაფერი წინა გაქვს. ასე რომ, მაგ ანგელაზე აღარ იდარდო.
– დიახ, ასეც მოვიქცევი. ძალზე მადლობელი ვარ თქვენი, ლევ სოლომონიჩ!
– მადლობა მაშინ მითხარი, როდესაც საქმეს მოვრჩებით. დალევ კიდევ ჩაის?
– ისედაც ბევრი დრო წაგართვით, ლევ სოლომონიჩ. კარგად ბრძანდებოდეთ.
– კეთილი და პატიოსანი. სამ დღეში აუცილებლად დამირეკე, რამე სიახლე მექნება შენთვის, – და ლევ სოლომონიჩმა გამომშვიდობების ნიშნად ხელი გაუწოდა ეფრემს, – ნათქვამია, Баба с возу – кобыле легче. აბა, შენ იცი. ნახვამდის.
კაბინეტიდან გამოსული ეფრემი კარამდე ისევ ღიმილიანმა ქალბატონმა როზამ მიაცილა, წარმატებაც უსურვა და, კარს რომ კეტავდა, დააყოლა კიდეც:
– ხომ გითხარი, ყველაფერი კარგად იქნება–მეთქი, ჩემო ბიჭო.
აუდიენცია დასრულდა.

X X X

იჭვნეულად აკვირდებოდა ეფრემი ოდესღაც ასე ნაცნობ ქობულეთის ესოდენ უცნობ ქუჩებს და ატყობდა – არ შეეძლო არ შეეტყო – რარიგ დამშვენებულა მშობლიური პატარა ქალაქი. უკანასკნელად ქობულეთში რვა წლის წინ, მამის დაკრძალვაზე იყო ჩამოსული და მას მერე აქეთ ერთხელაც არ გამოუხედავს. არადა აქ, მამისეულ სახლში, მისი უფროსი ძმა მეუღლესთან და შვილებთან ერთად აგრძელებდა ცხოვრებას.
ეფრემი უკვე ოც წელზე მეტი იყო, რაც სამშობლოს დიპლომატიურ სარბიელზე ემსახურებოდა და თავს ფაქტიურად არ ეკუთვნოდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ის არცთუ ლაღად ცხოვრობდა: ქალის ხელიც აკლდა, სახლშიც არავინ უვლიდა, – მაგრამ იტანდა, ჯერ კიდევ მოსკოვში ცხოვრებისას დაეჩვია თავის მოვლასა და სიძნელეთა გადალახვას. რაც შეეხება დასვენებას, შვებულებაში ოფიციალურად გასვლა ყოველთვის ეზარებოდა, რადგან უძღები სახელმწიფო მანქანა მისგან, მძლავრი ძრავის ერთი პატარა ჭანჭიკისგან, ხარკის გაღებას ნებისმიერ დროსა და ვითარებაში ითხოვდა და ეფრემიც შეეჩვია ამას, შეძლებისდაგვარად გასცემდა გასაცემს – სამსახურის საათებში დაუღალავი ფუსფუსისა თუ ე.წ. თავისუფალი დროის ხარჯზე. იქნებ ხარკის ამგვარი გაღება ქვეყნისთვის მართლაც გამართლებული იყო, მაგრამ ეფრემის პირად სტატუსზე მისი გულმოდგინება – სულერთია, მოჩვენებითი თუ ნამდვილი – ასახვას ვერ ჰპოვებდა. წლების განმავლობაში ეფრემის კარიერა სამინისტროს ერთი მოკრძალებული კაბინეტის კედლებს ვერა და ვერ გაცდა. თუ ოთხმოცდაათიანებში ეფრემი კიდევ მოელოდა, რომ ერთხელაც ზემდგომები წყალობას გაიღებენ და ესპანურენოვან სამყაროსთან დაკავშირებულ სერიოზულ საქმეს ჩამაბარებენო, ახალი საუკუნის დამდეგისთვის ამის იმედი საბოლოოდ გადაეწურა. მაშინ მან მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ აქ მისი საქმიანი გამოცდილება თითქმის არავის სჭირდებოდა – მცირერიცხოვანი ვაკანსიები ესპანეთში საქართველოს პრესტიჟულ საელჩოში კარგა ხანია შევსებულიყო ძლიერთა ამა ქვეყნისათა პროტეჟეებით, ხოლო ლათინური ამერიკა საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობდა და მის „ასათვისებლად“ საბიუჯეტო ფულს არავინ გამოიყოფდა. გაგიტყდებოდა გული თავმომწონე კაცს, აბა, რა იქნებოდა! ეს ერთობ არასასიამოვნო აღმოჩენა მისთვის ილუზიების მსხვრევის ტოლფასი აღმოჩნდა. სხვათა შორის, ყოველივე ზემოხსენებულის გააზრების შემდეგ ეფრემს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ გამოუსწორებელი იპოქონდრიის ან უიმედო ალკოჰოლიზმის ვირუსი არ შეჰყროდა. კიდევ კარგი, მოთმინებამ ნაყოფი გამოიღო და სამართალმა, თუნდაც დიდი დაგვიანებით, მაინც ჭამა პური: შეცვლილმა საერთაშორისო კონიუნქტურამ, როგორც იქნა, ეფრემს გზა ცენტრალური ამერიკის ყველაზე სანუკვარი ქვეყნისკენ დაულოცა.
ცუდი იყო ეს თუ კარგი, მაგრამ ეფრემ ბოლქვაძე იმ იშვიათი ჯიშისა და მოდგმის დიპლომატიური ”მასტოდონტების” რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთაც ახალი ქართული დიპლომატია მაინცდამაინც მოწყალე თვალით არ უცქერდა. ამ უნდობლობას (უწყების საშუალო რგოლებში მაინც) თავისი მიზეზი ჰქონდა და მას რუსეთი და მოსკოვში მიღებული განათლება ერქვა. ამის გაგება ძნელი არ იყო. რუსეთის ხელშეწყობით თბილისში გაჩაღებული შიდაომისა და აფხაზეთის წარუმატებელი დალაშქვრის შემდეგ, უამრავ ქართველს თითქოს საყრდენი გამოეცალა. ერი ტრავმირებული იყო. ბევრი ადამიანი თუ ფიზიკურად შეეწირა ამ ტრავმას, გაცილებით მეტი – მორალურად. ავტომატების დაუსრულებელი კაკანი სრულიად ბუნებრივად სიცოცხლისადმი აგდებულ დამოკიდებულებასა და საერთო ძარცვა–გლეჯაში გადაიზრდა. ქვეყანა ჩაბნელდა და ჩაოხრდა. ერთ უნუგეშო ზამთარს მეორე მოსდევდა და ზამთრების ამ უიღბლო გადევნებაში ყველასთვის ასეთი საოცნებო და საყვარელი საქართველო ერთ უპატრონო და გაყინულ ტერიტორიად გადაიქცა. ეფრემს კიდევ რა უჭირდა, იაპონური გენერატორი და სამხრეთკორეული გამათბობელი მაინც ჰქონდა შინ, მამაც ეხმარებოდა ფულითა და სანოვაგით და ასე წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ოფიციალური ხელფასის გარდა ეფრემს სხვა შემოსავალი არასოდეს ჰქონია, ბიზნესის სამყარო მისთვის აბსოლუტურად უცხო იყო, ოჯახის სიძლიერით გადიოდა ფონს და ამიტომ იასონის სიკვდილის შემდეგ – უკვე ახალ საუკუნეში, ანუ მაშინ, როცა ქვეყანამ მეტნაკლებად შეიგრძნო მშვიდობისა და სიმდიდრის გემო, – ეფრემიც იძულებული გახდა გაეყიდა (ცხოვრების ჩვეული დონის შესანარჩუნებლად) მამის დანატოვარი ორიოდე მხატვრული ტილო. ზემოხსენებული უნდობლობის გამო საზღვარგარეთ გასვლა მას ძალზე იშვიათად უწევდა, არადა მის გაფერმკრთალებულ ცხოვრებას ისევ ის ხანმოკლე მივლინებები თუ ახალისებდა ხოლმე. საქართველოსა და ლათინურ ამერიკას შორის საქმიანი კონტაქტები მაშინ თითქმის არ არსებობდა, თუმცა მოგვიანებით, უკვე „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, ვითარება ამ მხრივ ნელ–ნელა შეიცვალა. ჯერ იყო და, რუსეთის გავლენით ნიკარაგუამ გამოყო ფეხი და ოფიციალურად ცნო საქართველოს სეპარატისტული პროვინციები, შემდეგ ვენესუელამ, და ცხადი გახდა, რომ სამხრეთამერიკული მიმართულების იგნორირება ქვეყანას ძვირი უჯდება. გაზაფხულზე მექსიკამ და საქართველომ საელჩოები გაცვალეს, ამას კი შედეგად ისიც მოყვა, რომ სამინისტროში ეფრემი გაახსენდათ. მისი მექსიკაში გაგზავნა სწორედ მაშინ გადაწყდა. ამასობაში მოვიდა აგვისტო, თბილისში საშინლად დაცხა და ხანგრძლივი მივლინების წინ შვებულებაში გასტუმრებულმა ეფრემმა ძმის მონახულება გადაწყვიტა.
უკვე ზღვისკენ მიმავალ მატარებელში, სადღაც ხარაგოულსა და სამტრედიას შორის, გაუელვა სავარძელში მიძინებულ ეფრემს მკრეხელურმა და ერთობ სულმოკლე აზრმა: იქნებ ასეთ ასაკში აღარც კი ღირდეს საქართველოს დატოვება და ოკეანის გაღმა გადაკარგვაო? აქ ერთი ნიუანსი იჩენდა თავს: ამდენი ხნის ნებაყოფლობითი თავშეკავების შემდეგ ეფრემში, როგორც იქნა, მამრის დათრგუნულმა „ძირითადმა ინსტინქტმა“ იმძლავრა (ცოდვა გამხელილი სჯობს) და მასში ქალებისადმი მიძინებული ლტოლვა გამოაღვიძა. უფრო სწორად, ერთი კონკრეტული ქალისადმი… არა, სერიოზული ამაში, ცხადია, არაფერი იყო… ეფრემს ესმოდა, რომ უკვე გვიანია და ცხოვრების ნირს ვეღარ შეიცვლიდა. სხვა თუ არაფერი, გვანცა ხომ მთელი საუკუნით – ანუ ოცდახუთი წლით მაინც – უმცროსი იყო მასზე. ეფრემს ისიც ესმოდა, რომ შეგნებითა და მისწრაფებებით გვანცა მასთან შედარებით, შეიძლება ითქვას, უცხოპლანეტელიც კია, მაგრამ მაინც რა ექნა? ნუთუ ყოვლად უწყინარი, ძლივს დაწყებული პლატონურ–ინტელექტუალური ფლირტი სათავეშივე ხელოვნურად უნდა მოეშთო და აღარასოდეს ესარგებლა ოცნების უფლებითაც კი? ვითომ ახლაც ეშლება რამე? „ეჰ, რა კარგი იყო ოცნება ადრე, სტუდენტობის ოქროს ხანაში, – ფიქრობდა ვაგონის რბილ სავარძელში ჩაფლული ეფრემი, – ჩქარი მატარებლის მომნუსხავი რიტმიკით გაბრუებული, რა მტაცებლურ გეგმებს არ ვადგენდი ღამ–ღამობით ჩაბნელებული კუპეს ზედა ნარზე, წინ კი თავისუფალი მდედრებით სავსე შავი ზღვის პლიაჟი და ათასი სასიამოვნო ცდუნება მელოდა“… ამ ფლირტის – უფრო კი ურთიერთობის რაღაც მივიწყებული, ჰაეროვანი, უნაზესი ფორმის, რომელსაც ზუსტი სახელწოდება არც კი გააჩნდა – იდეა ეფრემის დაბერებულ გულში უნებურად და სრულიად შემთხვევით დაიბადა ჯერ კიდევ შარშან, მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირის ერთი ძველი, მაგრამ კარგად გარემონტებული შენობის მეორე სართულზე, მექსიკის პატარა და მყუდრო საელჩომ დაიდო ბინა. ბედმა ისე ინება, რომ ეფრემი, სტატუსიდან გამოდინარე, საელჩოს ხშირი სტუმარი გახდა და იქ ხელშეკრულებით მომუშავე და მასზე ასაკით გაცილებით უმცროსი თარჯიმანი გოგონა, გვანცა კეკუა გაიცნო.
როდესაც სამტრედიაში მატარებელი თხუთმეტი წუთით გაჩერდა, მოშიებული ეფრემი ბაქანზე ჩავიდა, ვიღაც ქალისგან იმერული ხაჭაპური იყიდა, გემრიელადაც ჩაკბიჩა და შემადგენლობის გასწვრივ აქეთ–იქეთ სეირნობას მოჰყვა. სწორედ ამ სეირნობისას შეეპარა ვერაგი აზრი – იქნებ ორმოცდაათი წელი ძალიან ბევრი სულაც არაა და მექსიკაში გადახვეწას ურჩევნია, გარისკოს და ცოლად შეირთოს მწვანეთვალება გვანცა? გოგონა აშკარად ეკეკლუცება. სცადოს მაინც, იქნებ დაითანხმოს? იქნებ ჯერ კიდევ არაა გვიან ოჯახის სიყვარულით შექმნა და ცხოვრების თავიდან დაწყება?

X X X

ეფრემ და ენვერ ბოლქვაძეები ძლიერ და მოსიყვარულე ოჯახში იზრდებოდნენ და ორივე ძმამ მამის პატივისცემა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დედის რძესთან ერთად შეირგო და შეისისხლხორცა. მაგრამ თუ განგებისა და იასონის ნებით, ენვერის პრეტენზიები კაიკაცობაზე ქობულეთის არეალს არასოდეს გასცდენია, ეფრემი სულ სხვა გაქანებისა იყო: ბიჭი იმის შეგნებით აღიზარდა, რომ მამისეული სახლი ის საყვარელი, მაგრამ მომცრო ბუდეა, რომლის დატოვება მას ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს. მოგვიანებით მშობლების სიყვარულსა და რიდს იმის შეგრძნებაც დაემატა, რომ სწორედ მამის ამაგითა და დამსახურებით შეძლო მან, ეფრემ ბოლქვაძემ, უხილავი პროვინციული საზღვრის გარღვევა და ცხოვრების უფრო მაღალ და საინტერესო განზომილებებთან შეხება. თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეფრემის რწმენა მამის უცოდველობაში ოდნავადაც არ შერყეულა და მხოლოდ უკანასკნელ წლებში, თმებში სითეთრის მომძლავრების კვალობაზე, შეერია ამ რწმენას მომდაბლო ეჭვიც: ვაითუ ვცდებოდი და იასონის გადამეტებული, უშველებელი ამბიცია რომ არა, სხვანაირად წასულიყო ჩემი ცხოვრებაო; იქნებ, იმ დაწყევლილი მგიმოს ნაცვლად სულაც უცხო ენებში ან დასავლეთევროპულზე ჩამებარებინა და ვიქნებოდი ახლა დაოჯახებული, დაფასებული და ბედნიერი კაციო, არც ანგელა გამომეცხადებოდა ძილში და არც გვანცაზე ფიქრით შევიწუხებდი თავსო. ეჰ, მამა, მამა…
ომიდან მსუბუქი კონტუზიითა და საბრძოლო მედლებით დაბრუნებულმა იასონ ბოლქვაძემ კარგად აუწყო ეპოქას ფეხი. ენერგიით აღსავსე ახალგაზრდამ (მაშინ ოცდაორი წლის იყო) თბილისის სავაჭრო ტექნიკუმში ომით შეწყვეტილი სწავლა გააგრძელა. ტექნიკუმშივე პარტიაშიც მიიღეს – ნაომარ ახალგაზრდებს ამ მხრივ გარკვეული პრივილეგია ენიჭებოდა. დიპლომის მოპოვებისთანავე იასონი აჭარის ერთ–ერთ დაბაში ჯერ სოფლის მაღაზიის გამგედ გაამწესეს, მოგვიანებით კი მშობლიურ ქობულეთში გადაიყვანეს, გარეუბანში პატარა ბინაც მისცეს და საკმაოდ მსხვილი სავაჭრო ბაზაც ჩააბარეს. ბინის მიღება და პატარა ქორწილის გადახდა ერთი იყო – იმხანად თავად ღარიბი იასონი ასევე ღარიბი ოჯახის პირმშო გოგონაში იყო შეყვარებული (ხუმრობით „კონკიას“ ეძახდა ხოლმე იასონი თავის სატრფო გუგული დიდმანიძეს და სათნო. მიმნდობი ხასიათის გუგულის არასოდეს სწყენია მიჯნურის ხუმრობა) და ახალგაზრდები მხოლოდ იმის გამო იკავებდნენ ქორწინებისგან თავს, რომ წასასვლელი არსად ჰქონდათ: უფროსი თაობის ბოლქვაძეებსა და დიდმანიძეებს თავისი გაჭირვება ყოფნიდათ. რამდენიმე წლის შემდეგ (მაშინ დიდი ბელადი მიწას ახალი მიბარებული იყო) იასონი დააწინაურეს და ადგილობრივი სავაჭრო ბაზების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობაც არგუნეს წილად. ამასობაში იასონს გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა და, რაც მთავარია, მან თითქმის იდეალურად შეძლო საბჭოთა ვაჭრობაში მიღებული წესების გათავისება. დრო კი წინ მიდიოდა და იასონიც ჯერ მცირე, მერე კი დიდი სავაჭრო საქმეების საკუთარ თარგზე მორგების, ჩალიჩისა და საბუთების „გაპრავების“ სახიფათო ხელოვნებაში თანდათან ისე გაიწაფა და დაოსტატდა, რომ უკვე ვერც რევიზია აკლებდა ვერაფერს და ვეღარც „გოსკონტროლი“ – წინასწარ იცოდა ხოლმე ყველაფერი. ერთი სიტყვით, იასონს გერგილიანობაც საკმარისი აღმოაჩნდა, საქმიანი ალღოც და სიფრთხილის მარაგიც. ის ყოველთვის ძალიან მოზომილად იქცეოდა, ფრთხილობდა, მონაგარს არ აჩენდა, რესტორანში თუმნიანებს საფერფლეში არ წვავდა (ერთხანს ეს მოდური გახდა საქართველოში). მოკლედ, ფინანსურ მოძლიერებას მოჭარტალე ქალების საჭორაოდ და ქვეყნის სალაპარაკოდ არ ხდიდა. ამიტომ თბილისის ქუჩის მობინადრეებმა მხოლოდ სამოციანი წლების დასაწყისში შეიტყვეს, რომ სადგურის ახლოს ახალი ორსართულიანი სახლის პატრონი თურმე ვაჭრობის თამამი და ენერგიული მუშაკი და ომის ორდენოსანი იასონ ბოლქვაძე ყოფილა – სწორედ მაშინ მოამთავრა მან შენობის შელესვა და მალევე დაფუძნდა კიდეც აქ გუგულისთან, ლოგინად ჩავარდნილ სიდედრ ქალბატონ ლალიკოსა და ორ მცირეწლოვან ვაჟიშვილთან ერთად (ენვერი მაშინ რვა წლისა იყო, ეფრემი კი – ორისა). იასონის მშობლები შვილის ამ ტრიუმფს, სამწუხაროდ, ვეღარ მოესწრნენ, მოხუცებული სიდედრიც მალე გარდაიცვალა და ბავშვების აღზრდა გუგულის დააწვა მხრებზე. მაგრამ იასონის ჭეშმარიტი აღზევება ჯერ წინ იყო: გამჭრიახობისა და კაცურკაცობის წყალობით და კიდევ იმის გამოც, რომ ცენტრიდან ჩამოსული უფროსი ამხანაგების არც დახვედრაში ეშლებოდა რაიმე იასონს და არც გაცილებაში, მთელ ქობულეთის რაიონში ისეთი რეპუტაცია შეექმნა, რომ პარტიის საოლქო კომიტეტის შენობაში რომ შედიოდა, ყველა დერმატინგადაკრული კარის ლამის ფეხით შეღება შეეძლო (თუ იკადრებდა, რა თქმა უნდა). აწი ბათუმშიც და თბილისშიც მფარველებიც გამოუჩნდა იასონს და კიდევ უფრო უხვად – მლიქვნელებიც. შედეგმაც არ დააყოვნა: სხვის საკარმიდამო ნაკვეთებში მოწეული მოსავლის წილში ჩაჯდომამ და მანდარინითა თუ ლიმონით გადამყიდველების საშუალებით ვაჭრობამ, საკოლმეურნეო ციტრუსის დამამზადებელ საამქროებში ჩაბარებამ, ბაზებზე შემოსული ჭირნახულის ე.წ. „პერესორტიცამ“, სახელმწიფო გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ, ახალგაზრდა კადრების დაწინაურებამ, ჩამოწერილი „კოლხოზნიკების“ კარგი ადამიანებისთვის მიყიდვამ, ახალი „ვოლგების“ მაღაზიიდან თავის ფასად გამოყვანამ და მერე სარფიანად გასაღებამ (და კიდევ ვინ იცის, რამ) ძლიერ გაამყარა მისი ისედაც მყარი მატერიალური კეთილდღეობა. ერთი სიტყვით, იასონი ძალიან შეძლებული კაცი გახდა და ამიტომაც იყო, რომ მოგვიანებით, სამოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც მისი უმცროსი ვაჟის გადიპლომატების შესაძლებლობა მეტ–ნაკლებად გამოიკვეთა, მან ეფრემს სამოთახიანი ბინა თბილისის საუკეთესო ადგილას, ვაკის პარკის მიდამოებში უფეშქაშა. წარმატებული ადამიანის პატივმოყვარეობასა და გადიდგულებას, მოგეხსენებათ, საზღვარი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილის ბედს ეხება საქმე. რა გასაკვირია, თუ აჭარაში თითქმის ყოვლისშემძლე იასონმა თავისი ნიჭიერი ეფრემიკოს რომანტიკულ საბურველში გახვეულ და უკარება დიპლომატიურ სამყაროში რამენაირად „გათრევა“ განიზრახა და ეს სურვილი ლამის ხორციელ ვნებად ექცა. მაგრამ იასონიც კი ვერაფერს გახდებოდა, რომ არა ის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ბედმა მას ოდესღაც, ჯერ კიდევ ომის წლებში, არგუნა.
შეგახსენებთ, რომ განგების ნებით ორმოცდაორი წლის ზაფხულში იასონი – ერთი უწვერულვაშო ჭაბუკი, რომელსაც ტექნიკუმში სწავლა შეეწყვიტა და ომში მოხალისედ წასულიყო, – კავკასიის დაცვაში მონაწილეობდა. როგორც იასონი მოგვიანებით ყვებოდა, ნაწილში მის უშუალო გარემოცვაში ქართველი არავინ აღმოჩნდა, ჰოდა მარტო კაცი ჭამაშიაც და ბრძოლაშიაც ცოდო რომაა, იმიტომ დაუძმაკაცდა ერთ რიგით წითელარმიელს, ოდესელ ებრაელს, ვინმე ლიოვკა ეპშტეინს. საარტილერიო კანონადის ქვეშ სანგარში ყოფნა იქნებოდა, შეტევაზე „ვაშასა“ და „За Родину, за Сталина“–ს ომახიანი შეძახილებით გადასვლა თუ ადრე დაკავებული დაცვითი პოზიციის იძულებითი მიტოვება (რასაკვირველია, ზემდგომის პირდაპირი მითითებით, თორემ სტალინის ცნობილი ბრძანება №227 მაშინ ახალი ხელმოწერილი იყო და გაქცევის მცდელობაზე წასწრებულებს იქვე ხვრეტდნენ), ბიჭები ერთად იბრძოდნენ და ცდილობდნენ, ბრძოლის ორომტრიალში როგორმე ერთმანეთი არ დაეკარგათ. მაშინ ჩრდილო კავკასიის ტრამალებიდან შავი ზღვის სანაპირომდე გადაჭიმულ უშველებელ მონაკვეთზე საბჭოთა ჯარი უკან იხევდა, მსხვერპლი ძალიან დიდი იყო, დაბნეულობა – კიდევ მეტი. აგვისტოს დასაწყისში მაიკოპის მიდამოებში ფრონტი გაირღვა და ნაწილი, რომელშიც იასონი და ლიოვკა მსახურობდნენ, მტრის პირდაპირი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. გადარჩენის ერთადერთი შანსი პოზიციის დაუყოვნებლივ დატოვება იყო, მაგრამ შესაბამისი ბრძანება იგვიანებდა, განრისხებული „ზაგრადატრიადების“ შიშით კი ნაწილის მეთაური უკან დახევის საკუთარ თავზე აღებას ვერ ბედავდა. სანამ ბრძანებამ მეთაურამდე ჩამოაღწია და ნაწილმა, როგორც იქნა, უკან დახევა დაიწყო, მისმა დანაკარგმა თითქმის მესამედი შეადგინა, ამასობაში კი მოახლოებული გერმანელების წინწაწეული სატანკო ფლანგები სადაცაა სრულ ალყაში მოაქცევდნენ დარჩენილ ორ მესამედსაც. სწრაფი უკან დახევისას ლიოვკა მკლავში დაიჭრა და სისხლდენა აუტყდა. იასონმა არ მიატოვა მეგობარი, მისი ავტომატი მეორე მხარზე გადაიკიდა და მკლავზე ქამარი მაგრად შემოუჭირა, მაგრამ ამ შეყოვნების გამო ძმაკაცები ნაწილს ჩამორჩნენ. „Все, хана, отвоевался“, ხშირ–ხშირად იმეორებდა თურმე გაფითრებული და ნირწამხდარი ლიოვკა და ძლივს ამოძრავებდა ფეხებს, ეფრემი კი თან ამხნევებდა, ნუ გეშინია, გამოვძვრებითო, თან კი ტვინს იმაზე იჭყლეტდა, როგორმე გზა არ არეოდათ და უნებურად ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ. არემარე დაუნდობლად იბომბებოდა ორივე მხრიდან და ჯარისკაცებს ხშირად უწევდათ მიწაზე ფორთხიალი, ყოველი დაცემის შემდეგ კი ლიოვკას სულ უფრო უჭირდა წამოდგომა და სიარული. სისხლდენა კი თითქმის შეუჩერდა, მაგრამ ხელი აღარ ემორჩილებოდა, ტკივილისგან გულიც ლამის წასვლაზე ჰქონდა და ეფრემის სიჯიუტე და დაუდეგრობა რომ არა, ალბათ, ყველაფერზე ხელს ჩაიქნევდა, იქვე მიწაზე დაემხობოდა და უდრტვინველად დაელოდებოდა ან მტერს, ან სიკვდილს. მაგრამ ეფრემმა არ დაანება, უმძიმეს წამს ზურგში ძლიერი შემოკვრით გონს მოიყვანა ძმაკაცი და ბიჭებმაც აღმოსავლეთისკენ განაგრძეს სვლა. ამასობაში მოსაღამოვდა და რაღაც მომენტში ისინი გზაგასაყარზე აღმოჩნდნენ – აღმოსავლეთის გეზი მათ მაღალმა და ძნელად დასაძლევმა ბორცვაკმა მოუჭრა, თავად გზა კი ორ ნაწილად გაიყო: ერთი მტვრიანი და ვიწრო ბილიკი ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა, მეორე კი – სამხრეთისკენ. ჩრდილოეთის ბილიკი თითქოს უფრო მიმზიდველი იყო: მის გასწვრივ ამოსული დაბალი ბუჩქები და ხასხასა მწვანე ბალახი წყაროს შესაძლო სიახლოვეზე მიანიშნებდა, სამხრეთით კი ხრიოკი მიწის გარდა არაფერი ჩანდა. ტანმაღალმა ლიოვკამ ძალა მოიკრიბა, თავი ასწია, ირგვლივ მიმოიხედა, შორით თითქოს დამშრალი ღელე თუ გუბე დალანდა (თუ მოელანდა), ეფრემს ფარაჯაზე მოქაჩა და შეევედრა: ფიქრის დრო სადღაა, ეს ცხოვრება მაინც არიოლ–რეშკაა, მოდი, წყლისკენ წავიდეთ, ჭრილობას მაინც მოვიბან და ცოტას ამოვისუნთქებო. იასონმა კი – არა გენაცვალე, სანამ შენ გული ხელით გეკავა და დროს უქმად კარგავდი, მე ჩემი მახვილი სმენით გერმანული ფუგასების წუილს ჩვენი ჭურვების ზუილისგან ვასხვავებდი, სწორ ორიენტაციას ვინარჩუნებდი და გარწმუნებ, იმ შენ გუბესთან ხუთიოდე წუთში გერმანელები იქნებიან, ამიტომ ყბედობას მორჩი, გამაგრდი და უკან მომყევი, თორემ მე აქ შენი მიმტოვებელი არ ვარ და ცოდვა არ ჩამადენიოო. მერე მეგობარს ხელი საყელოში მაგრად მოკიდა და სამხრეთისკენ ლამის ძალით გაათრია. ამ საბედისწერო შემთხვევითობათა გრძელი ჯაჭვი კი იმით დამთავრდა, რომ ორსაათიანი ბოდიალის შემდეგ მეომრებმა, როგორც იქნა, თავიანთ ნაწილს მიაგნეს და საველე ლაზარეთში გამწესებული ლიოვკა ხელის ამპუტაციას გადაურჩა. ამის შემდეგ მათი საომარი გზები, მართალია, გაიყო, მაგრამ ღვთის მადლით ფრონტიდან ორივე ცოცხალი დაბრუნდა: იასონი – ქობულეთში, უფროსი ლეიტენანტის წოდებით, ლიოვკა ეპშტეინი კი მოსკოვში, კაპიტნისა. ომის შემდგომ წლებში, როდესაც ქვეყანა აღორძინების გზას დაადგა, ლიოვკამ არ დაიზარა, რაღაც მანქანებით მოიძია თავისი მხსნელის მისამართი და მადლიერებით აღსავსე წერილიც მისწერა. ნაფრონტალ მეგობრებს შორის მიმოწერა გაჩაღდა და ერთ მშვენიერ ზაფხულს უკვე დაოჯახებულ, მატერიალურად მომძლავრებულ, მაგრამ ჯერაც სივიწროვეში მცხოვრებ იასონს უეცრად თავს დაადგა ლევ სოლომონიჩ ეპშტეინი – წარმოსადეგი სათვალიანი კაცი, რომელშიც იასონმა ძლივს იცნო თავისი ძველი და დიდი ხნის უნახავი მეგობარი. ლევ სოლომონიჩს თან ცოლი, მშვენიერი და ახალგაზრდა როზოჩკა ახლდა. მაშინ ენვერიკო სულ თოთო იყო და იასონმა დასასვენებლად ჩამოსული ძვირფასი სტუმრები თავისი მოკრძალებული საცხოვრისისთვის ვერ გაიმეტა, უქირავა კარგი ოთახი ზღვაზე გამავალი ფანჯრით და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლიოვუშკასა და როზოჩკას თავი ქობულეთში უხერხულად არ ეგრძნოთ. ეპშტეინებმა მაშინ დრო საუცხოოდ გაატარეს, მზის სხივები და ჩიტის რძე არ მოჰკლებიათ, და მარტო ის რად ღირს, რომ ბათუმის სადგურის ბაქანზე დამშვიდობების ჟამს გულკეთილი როზოჩკა ვეღარ იკავებდა გულიდან ამოხეთქილ მადლიერების ცრემლს. აბა, თქვენ იცით, ყოველ ზაფხულს თუ არ მესტუმრებით, ძალიან მეწყინებაო, – უთხრა სტუმრებს მატარებლის გამგზავრების წინ იასონმა და ეს სიტყვები, როგორც მერე აღმოჩნდა, ძალიან გამოადგა მის უმცროს ვაჟს. მას მერე ეპშტეინები ხშირად ჩამოდიოდნენ ქობულეთში, ხოლო სამოციანი წლებიდან იასონს მათთვის ოთახის დაქირავება აღარ დასჭირვებია, – ახალი სახლის ზედა სართულზე დიდი და ნათელი ოთახი გამოუყო და სტუმრებს ამცნო, ამიერიდან ზაფხულის ნებისმიერ თვეს ეს ოთახი თქვენიაო. იმ სახლის აივანზე იყო, რომ ხუმრობდა გვარიანად მოსუქებული ლიოვკა წამოზრდილი ეფრემის თანდასწრებით შეუმდგარ ოსვენციმსა და კიდევ უფრო ნაკლებად შემდგარ ქართულ ლეგიონზე. მეტიც, ცოტა მოგვიანებით, ზუსტად იმავე გრილ სავარძელში მოხერხებულად მოკალათებულმა, უკვე გადიდკაცებულმა და ლამის ასტრალური პოლიტიკის სფეროში გადასულმა ლევ სოლომონიჩ ეპშტეინმა შეისმინა იასონის მხურვალე ვედრება უმცროსი ვაჟის მგიმოში მოწყობის თაობაზე და ყოველნაირი დახმარება აღუთქვა მას.

X X X

მატარებელს ქობულეთი ჟუჟუნა წვიმით დახვდა, მაგრამ ეფრემი ჯერ სადგურის მოედანზეც კი არ იყო ხეირიანად ჩასული, რომ გამოიდარა და მანაც მამისეულ სახლამდე ორასიოდე მეტრის გავლა ფეხით გადაწყვიტა. მაინც დაურეკა ძმას მობილურზე, ჩამოვედი და დამხვდიო. ენვერმა მოუბოდიშა, რა ვქნა, გადაუდებელ საქმეზე მომიწია გასვლამ, ვაჭრობა ეგრეა, მაგრამ ეგ არაფერი, ჩემი ლამარა შინ დაგხვდება, ბიჭებიც გაიხარებენ ბიძის ჩამოსვლით, დაელაპარაკე, თავი შეახსენე, ცოტა მოისვენე, დალაგდი, ამასობაში მეც მოვალ და მერე ერთად ვისაუზმოთო. სახლისკენ მიმავალ ეფრემს გული აუძგერდა, – მართლაც მონატრებია აქაურობა. ძმის ოჯახში ხელცარიელი არ წამოსულა, ძმისშვილებისთვის საფულეში საგანგებოდ ჰქონდა გამზადებული ორი გატკიცინებული ასლარიანი, თითოს – თითო. იფიქრა, ფული ენვერს არ აკლია, მაგრამ ზაფხულია, ხარჯია, ბიჭები ისეთ ასაკში არიან, სისხლი უდუღთ და, რაც მთავარია, გაუხარდებათ მივიწყებული ბიძისგან ყურადღებაო.
ოდესღაც ეპშტეინებისთვის განკუთვნილი დიდი ოთახი ენვერს ამჯერად ერევნიდან ჩამოსული ახალგაზრდა ცოლ–ქმარისთვის მიუქირავებია და რძალმა მაზლი დიდი ბოდიშის მოხდით ერთ პატარა სადა ოთახში დააბინავა, რომელშიც რკინის „კრაოტი“, სკამი და პატარა მაგიდა იდგა. რას ამბობ, ეგ ჩემთვის სავსებით საკმარისიაო, დაამშვიდა ქალი ეფრემმა და როცა მარტო დარჩა, დიდი სპორტული ჩანთა გახსნა, სასწრაფოდ ტანსაცმელი გამოიცვალა და ზღვაზე ჩამოსულ ტურისტს საბოლოოდ დაემსგავსა. შემდეგ ეზოში ჩავიდა, პირი დაიბანა, ამდენი ხნის უნახავ ძმისშვილებს თავისი პატარა საჩუქარი გადასცა (რითაც ოდნავ გააწითლა კიდეც ისინი), ლამარას კი უთხრა: ამდენი ხანია, აქ არ ვყოფილვარ, ამ გაგანია სიცხეში სახლში რა გამაჩერებს, აქაურობას მინდა დავხედო, ზღვის ნაპირზე გავიდე, თვალს წყალი დავალევინო, მარილიანი ჰაერი თავისუფლად ჩავისუნთქო, ქალაქში გავივლი და ამასობაში ენვერიც გამოჩნდებაო. მერე თავზე თეთრი კეპი წამოიცვა და ქუჩაში გავიდა. დღის ოთხი საათი იყო და დაღლილობას საერთოდ არ გრძნობდა. ერთი სული ჰქონდა, ქობულეთის ცენტრალური ქუჩით, აღმაშენებლით (ყოფილი ლენინით), სანაპიროზე (ანუ თამარ მეფის ქუჩაზე) გადასულიყო, იქ რომელიმე ზღვისპირა კაფეში სულის დასამშვიდებლად თურქულად მოხარშული ყავა დაეგემოვნებინა და „სამარიაჟოდ“ ცალი სიგარეტიც დაეყოლებინა ზედ (თუმცა რეგულარულად არ ეწეოდა).
როდესაც ეფრემი თამარ მეფეზე გავიდა და სანაპიროზე ზანტად მოსეირნე დამსვენებლებს შეერია, მცირედი ყოყმანის შემდეგ თვალი დაადგა ერთ მერცხლის ბუდესავით პატარა ღია კაფეს, რომლის აივნიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა. კაფე სანახევროდ ცარიელი დახვდა და მოსასვენებლად ეფრემმა მზისგან კარგად დაცული მაგიდა შეარჩია, მერე მიმტან გოგონას ყავა და ნიგვზიანი ნამცხვარი შეუკვეთა და ირგვლივ მიმოიხედა. როგორც წლების წინათ, პლაჟის ჭიანჭველეთსა და ალიაქოთში ყვირილითა და შეძახილებით მიიკვლევდნენ გზას სიმინდით, ნიჟარებითა და გამაგრილებელი სასმელებით მოვაჭრენი. ნაწვიმარი ზღვა ცოტა ღელავდა, მთელი ყურე – ნაპირიდან ჰორიზონტამდე – თეთრად აქოჩრილ დაბალ–დაბალ ტალღებს დაეფარა, მაგრამ მწველმა მზემ სწრაფად გააშრო პლაჟის ზოლი და გასარუჯად აქ უამრავი დამსვენებელი გამოფენილიყო. ამასობაში მიმტანმა ყავა და ნამცხვარი მიართვა. ეფრემმა ჭიქის ყურს ხელი ფრთხილად მოჰკიდა და როცა პირველი ყლუპის მოსასმელად მოემზადა, უნებურად თავი ზემოთ ასწია და თვალებს არ დაუჯერა: მაგიდასთან მდუმარედ აღმართულიყო გასული ათასწლეულის წიაღში შობილი ადამიანი, რომლის სხეულიც და სახეც მოწითალო ქვიშისა და ბრინჯაოს ნაზავიდან თითქოს ხელის ერთი ძლიერი მოსმით გამოეძერწათ. ჰოი, საოცრებავ, მაგრამ ამ გიგანტს ეფრემი იცნობდა.
– Buenos dias, amigo! – ხმადაბლა უთხრა მას ბრინჯაოს ინდიელმა, დაკუნთული მარჯვენა ასწია და მისალმების ნიშნად ხელისგული ეფრემისკენ შეაბრუნა.
და არავინ იცოდა, რომ სწორედ იმ წამს საქართველოში მექსიკის ელჩს დონ ალვარო გომეს–მარტინესს განგებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა – არც ეფრემმა, არც ინდიელმა და არც თვით ბედკრულმა გომეს–მარტინესმა.

X X X

საყოველთაოდ გავრცელებული ილუზიის თანახმად, სასიკვდილო განაჩენის გამოტანა სასამართლოს პრეროგატივაა, სხვანაირად მას ძალა არა აქვს.
არადა, არც ასე მარტივად არის საქმე. მეტიც, ეს მოსაზრება, ალბათ, მცდარია. გამოცდილება გვკარნახობს, რომ თვით ასეთი განაჩენი მხოლოდ ვერბალური შედეგია, იურიდიული ფორმალობა, პროცედურული გახმოვანება იმ დიადი განაჩენისა, რომელიც ცხოვრებამ გაცილებით ადრე გამოიტანა და რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. სასიკვდილო განაჩენში მსჯავრდადებული როგორც სარკეში ისე ხედავს იმ საბედისწერო ქმედებას, რომელიც თურმე გამოუსწორებელი აღმოჩნდა და რომელმაც დამნაშავე და მსხვერპლი სივრცისა და დროის რაღაც წერტილში ერთმანეთს შეახვედრა. ისიც კი დასაშვებია, რომ განაჩენის გახმოვანება ვერანაირი ფორმით ვერ მოხდეს და ვერც მსხვერპლმა და ვერც დამნაშავემ ვერასოდეს შეიტყონ, რომ სინამდვილეში ბედის მკაცრს განაჩენს ეწირებიან და არა უბედურ შემთხვევას. ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ასეთ შეხვედრას აუცილებლად თავისი ისტორია და მრავალი წინა პირობა აქვს, თანაც ისეთი, რომელთა „ამოგდება“ შეუძლებელია – მაშინ მთელი სურათი ერთიანად წაიშლება (სამეცნიერო ლიტერატურაში ამას, ვგონებ, „პეპლის ეფექტს“ უწოდებენ). ზოგჯერ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ჭეშმარიტი მიზეზი შეიძლება გახდეს ბუნებრივი მოვლენა, რაიმე წვრილმანი (ერთი შეხედვით), მოუზომავად წამოცდენილი სიტყვა, უხეშობა, ტელეფონის დისკზე უნებურად მცდარი ნომრის აკრეფა, ელემენტარული გაუფრთხილებლობაც კი (მიხეილ ბულგაკოვის „Аннушка уже купила подсолнечное масло, и не только купила, но даже и разлила“ ტიპისა), ანუ სასიკვდილო განაჩენი სხვა არაფერია, თუ არა უკანასკნელი რგოლი კანონზომიერ შემთხვევითობათა გრძელ ჯაჭვში.
საბოლოოდ კი მოვლენებს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ სასიკვდილო განაჩენი სიცოცხლისთვის დამახასიათებელი სიმუხთლისა და შეუქცევადობის დაუნდობელი და ერთობ გულგრილი გარე ასახვაა მხოლოდ.

X X X

ანგელასთან ურთიერთობის შეწყვეტის ქვენა მიზეზმა ეფრემს საკუთარი თავი ლამის შეაზიზღა და ამ ზიზღის გვარიანი ნაწილი მან თანდათანობით მოსკოვში დამკვიდრებულ ცხოვრების წესზე, შემდეგ თავად ქალაქ მოსკოვზე, შესაბამისად კი მთლიანად დიდ რუსეთზე გაავრცელა, თუმცა ამის ბოლომდე გაცნობიერებას ღამის კოშმარების გრძელი წყება დასჭირდა. მაშინ კი, იმ გაფრენილ, არეულ თუ იმედიან – ვისთვის როგორ – ადრეულ ოთხმოცდაათიანებში, ეფრემს ამგვარი სულიერი წიაღსვლებისთვის საერთოდ არ ეცალა. ფსიქოანალიზი არასოდეს ეხერხებოდა. მხოლოდ რაღაც მომენტში იწამა, რომ სამშობლოში მის დაბრუნებას საფუძვლად უცხადესი, პატრიოტული მოტივი უდევს, და ეს სავსებით საკმარისი იყო. ამ მოტივის სიწმინდეში ეჭვის შეტანა მკრეხელობა იქნებოდა – ეფრემს ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში პირადი წვლილის შეტანა სურდა და ამას ვერავინ დაუშლიდა.
ბუნებრივია, საბჭოეთის დაშლის შემდეგ საქართველოს საგარეო უწყება პრაქტიკულად თავიდან გახდა ჩამოსაყალიბებელი. საკუთარი დიპლომატიური კადრები ახალდაბადებულ სახელმწიფოს არ ჰყავდა, ეროვნული მოძრაობის ნაირნაირი განშტოებებიდან დიპლომატიურ სამსახურში შემთხვევით მოხვედრილ არაპროფესიონალებს კი აშკარად აკლდათ ცოდნა და გამოცდილება. ეროვნულ პოზიციაზე ნებაყოფლობით გადმოსულ ჩინოსნებს (მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა თუ პოლიტიკური ბიოგრაფიისა) თავიდან ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში მონაწილეობას ხელს მაინცდამაინც არავინ უშლიდა, პირიქით, საკადრო შიმშილის დაკმაყოფილების ერთ–ერთი მეთოდი სწორედ „ძველი“ ჩინოვნიკების „ახალ“, ეროვნულ თარგზე მოჭრილი ადმინისტრაციის რიგებში რეკრუტირება გახდა. ამ რეკრუტირების ფარგლებში კუთვნილი ადგილი მოსკოვიდან თბილისში ახალჩამოსულ ეფრემ ბოლქვაძესაც ერგო. ვაკანსია მაშინ ბევრი გამოჩნდა და ეფრემს, როგორც საკავშირო სამინისტროდან თავისი ნებით წამოსულ დიპლომატს, დიდი ყოყმანისა და განსჯის გარეშე (საკმარისი აღმოჩნდა საქართველოს მაშინდელი შიდა თუ გარე პოლიტიკის პრინციპების ერთგულების სიტყვიერად დადასტურება) საგარეო უწყების ერთ–ერთი წამყვანი დეპარტამენტი ჩააბარეს. ზოგადი პრინციპების სიტყვიერი აღიარება – აღიარებად, მაგრამ ეფრემი, თავდაპირველად მაინც, უცნაურ, მისთვის სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდა. თანამდებობრივად რაღაც სიტყვა თითქოს ეთქმოდა, მაგრამ სინამდვილეში არავინ უსმენდა: დიპლომატიის ჩვეული კანონები საქართველოში მაშინ რევოლუციურმა „ეთიკამ“ ჩაანაცვლა, რაც, კერძოდ, იმაშიც გამოიხატა, რომ სამსახურში ეფრემს ხშირად ყოველგვარი მორიდების გარეშე ფაქტის წინაშე (ეს ფაქტები, როგორც წესი, საკადრო დანიშვნებსა და მივლინებებს ეხებოდა) აყენებდნენ ხოლმე. ეფრემი დიდი ბუზღუნის გარეშე ურიგდებოდა, მისეული შეფასებით, „უმეცართა ამ სითამამეს“, რამეთუ ანგარიშს უწევდა განსაკუთრებულ გარემოებას – უძველესი კულტურის მქონე და იმავდროულად ახალშობილი, თოთო სახელმწიფო საერთაშორისო სარბიელზე პირველ, გაუბედავ ნაბიჯებს დგამდა და კეთილმოსურნეებს მაინც ხომ უნდა დაეცლიათ მისთვის, ისწავლიდა ბოლო–ბოლო გამართულად სიარულს, სად წავიდოდა, მაგრამ… გაგიგონია?! ვინ აცალა?!
რაიმე ადგილობრივმა მოვლენამ თუ მართლა გააოცა და გაამწარა სამშობლოში იმედიანად დაბრუნებული და საუკეთესო სურვილებით აღვსილი ეფრემი – ეგ სწორედ რომ მის მიერ შემჩნეულმა „უმეცართა სითამამემ“, რომელიც, თურმე, დიდი ხანია მძვინვარებდა ღვთის წილხვედრ ქვეყანაში და კარნახობდა მის მოქალაქეებს თუ რა და როგორ უნდა ეფიქრათ და ელაპარაკათ. ეს უძლეველი სითამამე მოდებული იყო ყველგან, აბსოლუტურად ყველგან: შინ თუ გარეთ, ქუჩებსა თუ მოედნებზე, დაწესებულებებში თუ ოჯახებში… ცოტა ხანში ეფრემიც მიხვდა – თუმცა რა დიდი მიხვედრა ამას უნდოდა, უბრალოდ დაინახა, – რომ მთელ ამ ეროვნულ აღმაფრენას, თავისუფლების სახელით თავისუფლებასთან ბრძოლას, გაუთავებელ ხმაურიან მიტინგებს რუსთაველზე თუ „ანდროპოვის ყურებთან“, მართავდა რაღაც დიდი და ადრე შეუცნობელი ეროვნული ბოღმა და ღვარძლი, და კიდევ შურისძიების ბრმა სურვილი, რომელმაც ქვეყანას საბოლოოდ ერთადერთი უნუგეშო არჩევანი დაუტოვა: მუდმივი არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

X X X

ეს ტანბრგე ინდიელი ვაჟკაცი ეფრემმა ადრე გაზაფხულზე, მექსიკის საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიალზე გაიცნო. საელჩო რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ისტორიული შენობის მეორე სართულზე, ფანჯრებით ტროტუარზე გადმოფენილ დიდ ექვსოთახიან ბინაში იყი განთავსებული და მისი პერსონალი თავიდან სულ რვა თანამშრომლისგან შედგებოდა. სამმა, მათ შორის ინდიელმაც, საცხოვრებლად რუსთაველის რეზიდენცია არჩია, ოთხმა ქალაქში ბინა იქირავა და საელჩოში მხოლოდ სამუშაო საათებში ცხადდებოდა, თავად ელჩი კი საქართველოში ყოფნისას, როგორ წესი, „თბილისი–მარიოტში“ ჩერდებოდა ხოლმე. მექსიკის მეგობრებისთვის რეზიდენციის კარი მუდამ ღია იყო და ეფრემმაც, როგორც ესპანური ენის საუკეთესო მცოდნემ, მოუხშირა იქ სიარულს – ვითომდა საელჩოს თანამშრომლებთან საქმიანი კავშირის დასამყარებლად, სინამდვილეში კი სამდივნოში კომპიუტერთან მოფუსფუსე კოხტა გვანცა კეკუას გამო. საბაბი უწყინარი იყო: მექსიკის საელჩოში ხელშეკრულებით აყვანილ ქალიშვილს ქართულ გაზეთებში დაბეჭდილი სტატიებიდან ესპანურენოვანი ამონარიდების გაკეთება ევალებოდა და ოფიციალურად ეფრემი მას მასალების შერჩევასა და პოლიტიკური ქვეტექსტების უკეთ გააზრებაში ეხმარებოდა (ამ საქმეს მართლაც სჭირდებოდა ის გამოცდილება, რომელიც გვანცას არ ჰქონდა). ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა ეფრემს არასოდეს უჭირდა და საელჩოში მალევე ფრიად სასურველი სტუმარი გახდა. კი, მთავარი მისთვის გვანცას ხილვა და მასთან ლაპარაკის შესაძლებლობა იყო, მაგრამ ყველას დასანახად დამწყები თარჯიმნის გვერდზე სულ ხომ არ იქნებოდა ამხელა კაცი, ცოტაოდენი დრო საელჩოს არცთუ მრავალრიცხოვანი პერსონალისთვისაც უნდა დაეთმო. თანდათან ეფრემს საელჩოს თანამშრომლებთან თბილი და გულღია ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. თავად ელჩი, სენიორ ალვარო გომეს–მარტინესი, თბილისში ყოველთვიურად ერთი ან ორი კვირით თუ ჩამოდიოდა, ისიც არარეგულარულად (მით უმეტეს, რომ მეზობელ ქვეყანაშიც ასრულებდა იგივე დიპლომატიურ ფუნქციას), და მისი თბილისში არყოფნის დროს ეფრემს უფრო დაბალი რანგის ჩინოსნებთან, მათ შორის ელჩის პოლიტიკურ მრჩეველ დონ ურტადო გერერო ტომანსინთანაც უწევდა ურთიერთობა. წარმოშობით ინდიელი დონ ურტადო გარეგნულადაც, საუბრის მანერითაც და ქცევითაც ძლიერ განსხვავდებოდა კოლეგებისაგან. დიპლომატს სულ არ ჰგავდა და ეფრემს ვერ გაერკვია, რისთვის ჩამოვიდა ან რას აკეთებდა ტომანსინი საქართველოში. ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ინდიელს საელჩოში არავითარი სერიოზული ფუნქცია არ გააჩნდა. ახლა კი ეს უცნაური პერსონა მას მოულოდნელად ქობულეთის პატარა ზღვისპირა კაფეში დაადგა თავზე.
– Buenos dias, – ეფრემი წამოდგა და გულითადი ღიმილით შეეგება ინდიელს, – სასიამოვნო სიურპრიზია. ნამდვილად გამაკვირვეთ, დონ ურტადო. ნება დამრთეთ ფინჯან ყავაზე დაგპატიჟოთ, სენიორ.
– Si. რატომაც არა? – ათლეტურმა ინდიელმა ძლივს ჩაატია სხეული ხის მოგრძო სკამსა და მაგიდას შორის და ეფრემის პირისპირ დაჯდა, – ეს მაგიდები საჩემო არაა, amigo. ისე, მართლაც კლასიკურ ესპანურზე მეტყველებთ. რომ არ გიცნობდეთ, ვიფიქრებდი, რომ სერვანტესისა და ფუენტესის ენა თქვენთვის მშობლიურია.
– მადლობელი ვარ ასეთი შეფასებისთვის, დონ ურტადო.
– არაფერს. ისვენებთ აქ, დონ ეფრემ?
– დიახ, ვაპირებ. აქ ჩემი ძმა ცხოვრობს. სულ ერთი საათია რაც ჩამოვედი, ძმა სამსახურშია და სანამ შინ მივა, ცოტას გავივლი–მეთქი. ზღვაზე კარგა ხანია არ ვყოფილვარ, მომენატრა აქაურობა. მალე თქვენს შესანიშნავ სამშობლოში უნდა გავემგზავრო და აი, მცირე ხნით… ქალბატონო, კიდევ ერთი ყავა და ნამცხვარი, თუ შეიძლება.
– მხოლოდ ყავა, – შეცვალა განკარგულება ინდიელმა.
გოგონა ყავის მოსატანად წავიდა, ხოლო ზღვის ჰაერითა და საშვებულებო სიტუაციით გალაღებულმა ეფრემმა, რომელიც გულის სიღრმეში ინდიელს არც ნამდვილ დიპლომატად თვლიდა და არც მზვერავად, გაბედა და, ცოტა არ იყოს, თამამი კითხვა დაუსვა:
– მომიტევეთ, ძვირფასო დონ ურტადო, მაგრამ როგორ მოხდა, რომ თქვენი ჩამოსვლის პატივი წილად მაინცდამაინც ამ ჩვენ პატარა კურორტს ხვდა? სპეცდავალებაა თუ მართლა თბილისურმა სიცხემ დაგღალათ? გთხოვთ სწორად გამიგოთ: თქვენი შემართების კაცი დასასვენებლად უთუოდ უფრო მიმზიდველ ადგილს აირჩევდა, თუნდაც თქვენ მშობლიურ აკაპულკოს. ქობულეთი ხომ ამ მხრივ პროვინციაა, ასე არაა? სად გაჩერდით?
– ოდნავ მოშორებით, „ჯორჯიან პალასში“, დონ ეფრემ. სხვათა შორის, კარგი სასტუმროა. თქვენ, ქართველები, თავად არ აფასებთ თქვენს კურორტებს, amigo, – ურტადოს მონუმენტურ სახეზე წამით ღიმილი გაკრთა, – რა მინდოდა აკაპულკოში? ნამყოფიც ვარ, ძვირიცაა, ზღვა კი ყველგან ზღვაა. სველია. თან მექსიკაში არაფერი დამკარგვია, ბორკილებს გარდა. ჭირივით მეზიზღება ყველა მექსიკელი.
– ვინ გეზიზღებათ? მექსი… მაგრამ… – ეფრემს თვალები გაუფართოვდა, იმდენად გააოცა გაგონილმა. ტომანსინისგან ადრე მსგავსი არაფერი სმენია, – კი მაგრამ, განა თავად მექსიკელი არა ხართ? აქ მექსიკას არ წარმოადგენთ?
– ალბათ, აზრი არასწორად გამოვთქვი. მე მექსიკის მოქალაქე აცტეკი ვარ, ტენოჩტიტლანის მფლობელთა შთამომავალი, და ვამაყობ ამით. მეზიზღება ყველა ძალად მექსიკელი. მძულს კორტესის ყველა ეს ნაშიერი, რომელმაც ჭეშმარიტი მექსიკა მოსპო და გაანადგურა. მე, ნამდვილ მექსიკელს, სამშობლო წამართვეს და კიდევ ამათი მადლობელი უნდა ვიყო? გამოსასყიდის სახით ესპანური კულტურა და ცივილიზებული დიპლომატის სტატუსი შემომაჩეჩეს და ეგონათ, ამით ყველაფერი მორჩა, გულიდან შურისგების სურვილი ამოვიშანთე და მშვიდობიან თანაარსებობაზე დავყაბულდი. ეგონოთ! რაც შეეხება იმას, აქ ვის და რას წარმოვადგენ… ისე, შეგახსენებთ, amigo, რომ დღევანდელ, თეთრ მექსიკელებს ერთადერთი ნორმალური პრეზიდენტი ჰყავდათ, ისიც მეცხრამეტე საუკუნეში, ისიც ჯუჯა და ისიც საპოტეკი ინდიელი – ბენიტო ხუარესი. შეიძლება გაგიგონიათ. ეგ იდიოტები კი ფიქრობენ, რომ მიყიდეს. მწარედ ცდებიან, ჩემი ყიდვა შეუძლებელია. ცხადია, საელჩოში ასე პირდაპირ ამას არ გეტყოდით, დონ ეფრემ, ამდენი გონიერება კი შემრჩენია. მაგრამ აქ, ამ მაგიდასთან მარტონი ვართ, შემთხვევით შევხდით და არა მგონია, დიქტოფონი ჩართული გქონდეთ.
ურტადომ მშვიდად, თითქოს არაფერი მნიშველოვანი ან, თუნდაც, საკამათო არ უთქვამს, ყავა მოსვა და ზღვას გახედა. მამაკაცები დადუმდნენ და ახლა მაგიდამდე ნიავს მხოლოდ მესიმინდეების ყრუ შეძახილები და მერცხლების ჭიკჭიკი თუ მოჰქონდა. გაოგნებულ ეფრემს ვერ გაეგო, სიზმარში აღმოჩნდა თუ ცხადში, თან რაღაც გამამხნევებელის თქმა სურდა ურტადოსთვის, თან კი რაიმე უნებურ უტაქტობას ერიდებოდა. მაგრამ ინდიელი ჯიუტად დუმდა და ეფრემსაც სიჩუმის დარღვევის გარდა სხვა არა დარჩენოდა რა:
– მდა… საინტერესოა… მე კი მეგონა, რომ თქვენ ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკი ხართ. თურმე, ვცდებოდი… რასაკვირველია, ჯიბეში არაფერი მაქვს ჩართული, არც მტერი ვარ თქვენი და შეგიძლიათ მენდოთ. მომწონს თქვენი გულახდილობა. მართალი გითხრათ, არც მე ვარ აღფრთოვანებული ჩემი ქვეყნის სინამდვილის ყველა ასპექტით, თუმცა გამოგიტყდებით, რომ უცხოელ დიპლომატთან საუბრისას ამდენს, ალბათ, ვერ გავბედავდი. გამართლებაც მაქვს: მე ხომ აცტეკი არა ვარ და, თანაც, კორტესს ჩემთვის ქართველობა არ წაურთმევია.
– აკი გითხარით, ყალბი დიპლომატი ვარ. ეს გრძელი ისტორიაა. რაც შეეხება მტრებს… ჩემი მტრები დიდხანს არ ცოცხლობენ, – ინდიელმა ჯიბიდან „კენტის“ კოლოფი ამოაცურა და ეფრემს სიგარეტი შესთავაზა, – მოწევთ?
– თქვენი ხათრით. ისე ძალიან ცოტას ვეწევი, – ეფრემმა მცირედი აღელვება დათრგუნა, სიგარეტს მოუკიდა და სიამოვნებით გააბოლა, – არ ცოცხლობენო, ეგ როგორ გავიგო?
– პირდაპირი მნიშვნელობით, – ეფრემმა შენიშნა, როგორ აენთო წამით ინდიელს თვალები, – წარმოშობით მე ჩიაპასის შტატის ერთი მიკარგული სოფლიდან ვარ, ჩემი ნამდვილი სამშობლო ისაა და, თუ ინებებთ, შემიძლია გიამბოთ, როგორ ცხოვრობს ჩემს სამშობლოში ხალხი. ოღონდ გაფრთხილებთ, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. ჩიაპასი ძალზე თავისებური ადგილია!
– რა თქმა უნდა, მაგრამ… – ეფრემმა უმწეოდ აიჩეჩა მხრები და დაფიქრდა. მან მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ ნამგზავრია და კაფეში ჯდომა აღარ სიამოვნებს, ვინაიდან ჩაფიქრებული მოსვენებისგან ბევრი არაფერი გამოვიდა, ინდიელმა შეუშალა ხელი. მაგრამ ჩიაპასის პროვინციის საიდუმლოებებზე დონ ურტადოს ირიბად ჩამოგდებულმა სიტყვამ ეფრემს პროფესიული მოვალეობაც შეახსენა, – მან იცოდა, რომ მექსიკელი სეპარატისტების ანტისამთავრობო ბაზები სწორედ ამ პროვინციაში იყო განთავსებული და შესაძლოა, ურტადო გერერო საინტერესო ინფორმაციის წყარო გამხდარიყო მისთვის, განსაკუთრებით მექსიკაში მივლინების წინ. ამიტომ ოდნავი დაფიქრების შემდეგ ეფრემმა განაგრძო:
– იცით, დონ ურტადო, ძმას რომ არ შევხვდე, არაფრით არ შეიძლება და არც სახლში დაგვიანება მინდა, მაგრამ თქვენი უნიკალური სოფლის ამბავმა ძალიან დამაინტერესა… იქნებ ასე გაგვეკეთებინა… აქ კიდევ რამდენ ხანს აპირებთ დარჩენას?
– ალბათ, სამ ან ოთხ დღეს. სანამ ფული მეყოფა. სასტუმროში ღამისთევა ასი თქვენებური ლარი ღირს.
– ჰო, აკაპულკოსთან შედარებით ნამდვილად სიაფეა… იქნებ საუბარი ხვალისთვის გადაგვედო? თუ გაწყობთ, ხვალ აქ შუადღისას, თორმეტი საათისთვის გეახლებით და სიამოვნებით მოგისმენთ. გპირდებით, ჩამწერი აპარატურა თან არ მექნება, – ეფრემმა გახუმრება სცადა, – იმედია, არც თქვენ. ისე, საოცარია, რომ ჩიაპასის ამბები საელჩოში ადრე არასოდეს გიხსენებიათ.
– კეთილი, თანახმა ვარ. ხვალ შუადღისას იყოს, – დონ ურტადომ ყავა ბოლომდე შესვა და გაჭირვებით წამოდგა, – საოცარი არაფერია. ჯერ ერთი, საელჩოში გულახდილად ლაპარაკი რთულია, იქ კედლებსაც ყურები აქვთ. მეორეც, თქვენ ჩემთვის არასოდეს გეცალათ, დონ ეფრემ. და არა მარტო ჩემთვის. თუ მე რაიმე მესმის ამ ცხოვრებისა, თქვენი მთავარი სამიზნე ყოველთვის სენიორიტა გუანჩიტა იყო. ნუ გგონიათ, რომ აცტეკი ბრმაა, აცტეკი ყველაფერს ხედავს.
ამის გამგონე ეფრემი სახტად დარჩა და ვერაფერი უპასუხა.
– ნუ წუხდებით, კაცი კაცს ყოველთვის გაუგებს, amigo. ყავისთვის დიდი მადლობა. Hasta mañana, – ინდიელმა კაფე თავაწეულმა დატოვა და სანაპიროზე მოსეირნე დამსვენებლებში სწრაფად გაუჩინარდა.

X X X

რაღაცნაირად მაინც უძლებდა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დანიშნული ეფრემი იმ უძირო, მდაბიურ ბოღმას, რომელსაც თითქოს საბოლოოდ დაეპყრო თბილისის ქუჩა–მოედნები და რომელსაც მაშინ ღია წინააღმდეგობას თითქმის ვერავინ უწევდა. ეფრემს ბევრი რამ არ მოსწონდა, მაგრამ ხმამაღალ „პროტესტანტობას“ იმ არცთუ იშვიათ შემთხვევებშიც კი ერიდებოდა, როდესაც მის საქმეებში ეროვნული ლოზუნგებით შეიარაღებული რომელიმე ახალგამოჩეკილი მედროვე იჭრებოდა. ამ უდიერებასაც იტანდა და კვლავაც აიტანდა, ოღონდ არა შიშისა თუ ზედმეტი რიდის, არამედ უფრო ბუნებრივი თავშეკავებულობისა და იმ უსულგულო, სახაზინო ოპტიმიზმის გამო, რომელიც, გარეგნულად მაინც, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ თითქმის ყველა ადამიანს ახასიათებს (თუ არა და – კარი ღიაა). ახალი სახელმწიფო (ისევე როგორც ძველი) ყველა უბანზე თავისი ლოიალური ფუნქციონერისგან ითხოვდა დადებითი ემოციების ფრქვევას და ეფრემიც ანგარიშს უწევდა ამ მოთხოვნას. ბოლოს და ბოლოს, არჩევანი ხომ თვითონ გააკეთა, დაბრუნება მისთვის არავის დაუძალებია. ეგაა ოღონდ, რომ სამსახურის შემდეგ ბარნოვის ქუჩაზე საკუთარ ბინაში დაბრუნებული სულ უფრო ხშირად ვარდებოდა საგონებელში: კაი ბატონო, ძველ, დასაშლელედ განწირულ სახელმწიფოში ბევრი რამ მართლაც უვარგისი და დრომოჭმული იყო, ამის უარყოფა ძნელია, მაგრამ ახალშიაც რომ აშკარად რაღაც ვერაა „თავის მატორზე“, ეგეც ხომ ცხადია!
რა მოსაწონი უნდა ყოფილიყო, მაგალითად, ის სასაცილო, უფრო სწორად კი დასაცინი, ყოვლად უგვანი და ამაზრზენი ბოლშევიკური ტრადიცია, რომლის ძალით საქართველოში ნებისმიერი ახალი ხელისუფლება მოქმედებას წყნეთის აგარაკებიდან ძველი მინისტრების გამოყრით და სააგარაკო კომპლექსის თავის სასარგებლოდ ექსპროპრიაციით იწყებდა. ანუ, იმისდა მიუხედავად, როგორი ამინდი იდგა დედამიწაზე, აწვიმდა თუ ათოვდა თავზე ქართველ ხალხს, მთავრობის უპირველესი ნაბიჯიც, მისი სტრატეგიაც და ტაქტიკაც, ამ აგარაკების სასწრაფოდ დაპყრობას, შემდგომ კი მათი ყველა შესაძლო ხერხით დაცვას გულისხმობდა. ამ ჭეშმარიტებას ეფრემი საქართველოში ცხოვრების მეორე თუ არა, მესამე წელს მაინც ჩაწვდა და იმაშიც დარწმუნდა, რომ ქართველთ ისეთი შემართება და ერთსულოვნება ყოველთვის რომ გამოეჩინათ, როგორსაც მათი არჩეული თუ სხვისი შერჩეული ლიდერები წყნეთის სააგარაკო ციხე–სიმაგრის შტურმისას იჩენდნენ, მათი ქვეყნის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. იქმნებოდა მყარი შთაბეჭდილება, რომ მაღალი ტრიბუნებიდან წარმოთქმული ყველა მაღალფარდოვანი სიტყვის, დეკლარაციისა თუ მოწოდების უკან იმალებოდა მედროვეთა მორიგი გუნდის ერთადერთი სურვილი: რაც შეიძლება დიდი ხნით ჩაეგდოთ ხელში წყნეთის მარადმწვანე „დაჩები“. თავდაპირველად ეფრემი ამას მაინც უხერხულ წვრილმანად მიიჩნევდა და თავსაც იმშვიდებდა: ჯერ ცოტა დროა გასული და მხოლოდ გრძნობებს, თუნდაც წრფელს, არ უნდა ავყვეთ, მთავარია, ყველამ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ, თანდათან კი საზოგადოება თავისით დაღვინდება და ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც საჭიროაო. აი, ასეთი გახლდათ მაშინ ეფრემის შინაგანი მრწამსი, რომელიც, სხვათა შორის, სასტიკად უკრძალავდა მას რაიმე კონკრეტული პოზიციის საჯაროდ გამოხატვას. ერთი სიტყვით, ეფრემი დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე სახელმწიფოს ემსახურებოდა, საღამოს ექვსიდან დილის ცხრა საათამდე კი მომლოდინეთა დიდ არმიას უერთდებოდა და, ბუნებრივია, ერიდებოდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას.
მერე კი ყველამ ვიცით, რაც მოხდა – შიდადაპირისპირებაში გადასული არეულობა და შედეგი – სამხედრო გადატრიალება და სამოქალაქო ომი.
ეფრემი იანვრის გადატრიალების მომდევნო თვეებშიც აგრძელებდა სამინისტროში დილაადრიან მისვლას. მისი მოხსნისთვის კი არა, არსებობისთვისაც კი არავის ეცალა, მაგრამ საქმე კიდევ უფრო შემოაკლდა, ვიღას სცხელოდა დიპლომატიური ილეთების დაგეგმვისა თუ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის ისე, როგორც ეს ეფრემს წარმოედგინა. საქმესთან ერთად თვალსა და ხელს შუა იშრიტებოდა მისი სახაზინო ოპტიმიზმის მარაგიც. შიდა ომი ირიბად თუ პირდაპირ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხო და ეფრემის ყოფაზეც აისახა. რაღაც მომენტში მან თავი სულში ჩაფურთხებულივით იგრძნო, რადგან ძალადობამ თავზე გადაახია არჩევანიცა და მრწამსიც, მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა და სამსახურში ხომ მაინც უნდა ევლო, აბა, სხვა რა ეკეთებინა? ეფრემი სულელი არ იყო, თავს არ იტყუებდა, თავადაც ხვდებოდა, რომ არ გააჩნდა ისეთი პრინციპები, რომელთა გულისთვისაც უღირდა ბარნოვის კეთილმოწყობილი ბინის ტყეში გავარდნილი პარტიზანის ცხოვრებაზე გაცვლა. არ იყო შეიარაღებული ბრძოლა მისი საქმე, რამეთუ გარე სამყაროსთან, დიპლომატიის ენაზე რომ ვთქვათ, თავდაუსხმელობის პაქტი კარგა ხნის წინ ჰქონდა დადებული. მაგრამ სამშობლო, მისი საქართველო – რაგინდარა შელახული და დამცირებული, – მაინც აგრძელებდა დედამიწაზე არსებობას და ისევე ირჩევდა, ეძიებდა და პოვებდა გარკვეულ დიპლომატიურ პრიორიტეტებს, როგორც ამას გადატრიალებამდეც ცდილობდა. მომდევნო წლებში სიტუაცია ქვეყანაში, მიუხედავად შეიარაღებული ბანდების პარპაშისა, შედარებით დაწყნარდა, ყოველ შემთხვევაში, აშკარა და პირდაპირმა ძალადობამ ნელ–ნელა დედაქალაქიდან პროვინციებში გადაინაცვლა და წინა პლანზე თანდათან ყოფითი ხასიათის პრობლემებმა წამოიწია. მართალია, თბილისში ზამთრობით ბნელოდა და ციოდა, მაგრამ ეს მაინც უფრო მშვიდობა იყო, ვიდრე ომი. დროს თავისი გაჰქონდა. საერთაშორისო კონტაქტები გახშირდა, ქვეყანა ვეღარ აუდიოდა ნაირნაირი უცხოელების ოფიციალურ და არაოფიციალურ ვიზიტებს და ხელისუფლებაც სულ უფრო მეტად იცლიდა თავისი დიპლომატიური სამსახურის ასაწყობად. ეფრემს, სხვათა შორის, ვერც კი წარმოედგინა, რას მოუტანდა ქვეყნის დამშვიდება პირადად მას: ერთი მხრივ ის გარკვეულწილად მოსკოვის კადრი იყო, მეორე მხრივ კი – განდევნილი ხელისუფლებისა, და ამგვარი გაორება, წესით, მაინცდამაინც მომგებიანი არ უნდა ყოფილიყო მისთვის. ამასობაში კი სამინისტროს პერსონალური შემადგენლობა გვარიანად გადახალისდა და ეფრემის პოზიცია უწყების შიგნით შესამჩნევად დასუსტდა და მოირყა. მლიქვნელობა და ხოტბის შესხმა არასოდეს ეხერხებოდა, ამას ზოგიერთი „კეთილმოსურნის“ კარგი მეხსიერებაც ემატებოდა (ვიღაც–ვიღაცებს უმალ გაახსენდათ, რომ ეფრემი სულ ცოტა ხნის წინ აწ დამხობილი ხელისუფლების ნდობით სარგებლობდა და მისი დაწინაურებული იყო), თუმცა მგიმოს მიერ ოდესღაც გაცემულმა დიპლომმა დადებითი როლი მაინც შეასრულა და ეფრემი დიდ წმენდაში მოყოლას გადაარჩინა. მართალია, დააქვეითეს, მაგრამ სამინისტროდან არ დაუთხოვიათ, გაითვლისწინეს, რომ ეფრემი დიდ პოლიტიკაში არასოდეს ჩარეულა და ყოველთვის სამსახურებრივი მოვალეობების ლოიალურ შესრულებას სჯერდებოდა. ერთი სიტყვით, მისი ცენტრალური აპარატიდან გაშვების აშკარა სურვილი ახალ ხელმძღვანელობას, საბედნიეროდ, არ გამოუხატავს, თანაც ჩაითვალა, რომ ესპანური ენის ესოდენ უნიკალური სპეციალისტის დაკარგვა გაუმართლებელი იქნებოდა, მაგრამ… ძველებურად მაინც აღარ ენდობოდნენ.
გარდა იმისა, რომ ეფრემის პიროვნულ რეაბილიტაციას დიდი დრო, წლები დასჭირდა, ისიც გაირკვა, რომ ეს მორიგი, კიდევ უფრო ახალი და დემოკრატიის სიმბოლოებით დახუნძლული საქართველო, ყველა სიკეთესთან ერთად, სულაც არ ესწრაფვის ესპანურად ლაპარაკს. სახელმწიფო ინტენსიურად ამყარებდა კავშირს ამერიკასა და ევროპასთან, იქ კი ყველაზე მეტად ინგლისურის ცოდნა ჭრიდა. ინგლისურს ეფრემი მაღალ დონეზე ვერ ფლობდა, ესპანური კულტურის თარგზე აწყობილი კაცი იყო და ანგლოსაქსონურზე გადაწყობას, თანაც მის ასაკში, შინაგანად ეწინააღმდეგებოდა. მისი შთაგონების გმირები რომანტიკულ ესპანურ გვარებს ატარებდნენ: სერვანტესი, ორტეგა ი გასეტი, უნამუნო, ბორხესი და ათეულობით კიდევ სხვა იდალგო… და განა მარტო მწერალ–პოეტები… საკმაოდ ხანგრძლივი საქმიანი კარიერის მანძილზე ძალიანაც კი სურდა ეფრემს, რომელიმე ესპანურენოვან ქვეყანაში გაეშალა ფრთები, მაგრამ… როგორც კი საქმე ვაკანსიის დაკავებამდე მივიდოდა, ყოველთვის გამოჩნდებოდა რომელიღაც ფხიანი, პერსპექტიული, პოლიტიკურად უმწიკვლო და, რაც მთავარია, „ბლატიანი“ ახალგაზრდა კადრი და ეფრემს თამაშგარეშე ვითარებაში ტოვებდა. უკვე ვეღარც ქობულეთში პენსიაზე გასული მოხუცი მამა ეხმარებოდა შვილს და ვეღარც ცხონებული ლევ სოლომონიჩ ეპშტეინი, რომელიც, სხვა თუ არაფერი, ჯერ კიდევ გე–კა–ჩე–პეს დღეებში ინფარქტით გარდაიცვალა. მოკლედ, გადატრიალების შემდგომ პერიოდში ეფრემს ზურგიც დააკლდა და ზურგის ქარიც, და ამიტომ ის კვლავაც მომლოდინეთა ვეება არმიის რიგით ჯარისკაცად (მაქსიმუმ უნტერ–ოფიცერად) რჩებოდა. ასე რომ, მზრუნველი მამა ვერა და ვერ მოესწრო თავისი სანუკვარი ნატვრის – უმცროსი ვაჟის გადიდკაცების – ახდენას. რას წარმოიდგენდა იასონი, თუ მის ეფრემს ასე გვიან, მხოლოდ ორმოცდაათი წლის ასაკში, მამის გარდაცვალების შემდგომ ეღირსებოდა შორეულ მექსიკაში არცთუ დიდი თანამდებობის დაკავება. არადა, ეგეც კი უკუღმართი ბედის წყალობა უფრო იყო, რამეთუ ეფრემი თავის ეგზომ დაგვიანებულ დაწინაურებას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დიპლომატიური აღიარების პრევენციის პრობლემას უკავშირებდა (და სრულიად სამართლიანადაც). დიახ, ზუსტად ამიტომ იყო, რომ უფროსობამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა გვარიანად გულგატეხილი, მაგრამ სამაგიეროდ ესპანურენოვანი ეფრემ ბოლქვაძის სწორედ ცენტრალურ ამერიკაში გამოყენება. ბრძანებას მისი დანიშვნის შესახებ ხელი უკვე მოეწერა, მაგრამ აუცილებელ ფორმალობათა მოგვარებას გარკვეული დრო მაინც სჭირდებოდა, ამასობაში კი თბილისში ძალიან დაცხა და მინისტრმა ეფრემს მცირე ხნით შვებულებაში გასვლა შესთავაზა. დანარჩენი ვიცით: ეფრემმა დიდ, სპორტულ ჩანთაში საზღვაო–საზაფხულო სამოსი და პირადი ჰიგიენის საშუალებები ჩაალაგა და თბილისურ პაპანაქებას მშობლიურ ქობულეთში განერიდა.
უკანასკნელად აქ შვიდი წლის წინ, თანაც ცუდ ამბავში, მშობლების გასვენებაში იყო ჩამოსული. მაშინ ბოლქვაძეების ბედნიერ ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ოთხმოცს მიტანებული იასონი იხტიბარს არ იტეხდა და ძველ „ვოლგას“ დრო–დრო ტრასაზე ისე ლაზათიანად გააქროლებდა, თითქოს სამამულო ომის ჭარმაგი ვეტერანი და დამსახურებული პენსიონერი კი არა, ნაირნაირი „ფორმულების“, „დაკარებისა“ და სხვა ავტორბოლების მუდმივი მონაწილე ყოფილიყოს. იმ საბედისწერო დღესაც მიუჯდა საჭეს, გვერდით მოისვა ქალბატონი გუგული და ბათუმში ახლობელთან გაემგზავრა. მასპინძლებმა თავის ხნიერ სტუმრებს სუფრა გაუშალეს და რა გასაკვირია, თუ მასლაათსა და ძველ–ძველი ამბების გახსენებაში გართულ ბოლქვაძეებს უკან დაბრუნება შეაგვიანდათ. უკვე ბნელოდა, როდესაც გზის ერთ ვიწრო და დაკლაკნილ უბანზე უბედურება მოხდა: რამ რას უმტყუნა პირველად: ჯერ იასონს გულმა და მერე მანქანას მუხრუჭებმა თუ პირიქით, – დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. როდესაც გამთენიისას საპატრულოს ბიჭებმა ხევში გადავარდნილი და ამოტრიალებული „ვოლგა“ იპოვეს, სისხლში მცურავი იასონი და გუგული ამ ქვეყანას აღარ იყვნენ. კრიმინალური კვალი ამ უბედურ შემთხვევაში არსად იკვეთებოდა და გამოძიება სწრაფად დაიხურა. ცხადია, რომ ესოდენ სამწუხარო ვითარებაში დაღუპული ცოლ–ქმარი დადარდიანებულმა ვაჟიშვილებმა მიწას ერთად მიაბარეს. ეფრემს კი დღემდე ვერ ამოუშლია გონებიდან მოგონება იმისა, თუ რარიგ ახმაურდა, აყაყანდა და აბობოქრდა ქელეხის ბოლოს გვარიანად შემთვრალი ხალხი და სუფრაზე გაწევ–გამოწევის მწკლარტე სუნი დატრიალდა. პატივცემული თამადა უძლური აღმოჩნდა და კიდევ კარგი, დროზე გააშველეს ახალგაზრდა ბიჭებმა ვიღაც ეფრემისთვის უცნობი მამლაყინწები, თორემ… ასე იყო თუ ისე, მაგრამ მას მერე შვიდი წელი წარსულს ჩაბარდა, და ამ ხნის განმავლობაში ნამდვილად ძლიერ მონატრებია ეფრემს მშობლიური ქობულეთი…

X X X

მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს ეფრემს უფროსი ძმის მიერ ეზოში გაშლილ პატარა სუფრაზე სომეხ სტუმრებთან ერთად მოუწია წაქეიფებამ, მზემ მაინც ადრიანად, შვიდ საათზე გამოაღვიძა. ეფრემმა ჯერ ფანჯარაში გაიხედა, დარწმუნდა, რომ ცა მოწმენდილია, შემდეგ უხმაუროდ სამზარეულოს მიაშურა, გაზქურაზე წყალი აიდუღა, მსუბუქად ისაუზმა, თავის ოთახში დაბრუნდა და პლაჟზე გასასვლელად გაემზადა: „პლავკები“ ჩაიცვა, პოლიეთილენის პარკში რეზინის „ჩუსტები“ და პირსახოცი ჩადო და აივნის კიბით ეზოში ჩავიდა. ამასობაში ლამარასაც მოესწრო ეზოში ჩასვლა და ეფრემმა, სხვა გზა არ იყო, მოუბოდიშა რძალს: ენვერს ვეღარ დაველოდები, ეგ საქმიანი კაცია, თქვენი ზედმეტად შეწუხება არ მინდა, მზესა და „ზაგარს“ კი დილის ზღვა მირჩევნიაო. თანაც გააფრთხილა, ცურვას რომ მოვრჩები, ტანსაცმლის გამოსაცვლელად შემოვივლი, მერე კი ისევ ქალაქში გავალ, რადგან შუადღისას ერთ კაცს უნდა შევხვდეო.
დილაადრიან პლაჟზე ხალვათობა იყო. ზვიგენებივით გავეშებული ყვითელი „ბანანები“ და მხრჩოლავი „მოტოციკლები“ ჯერჯერობით არ გამოსულან მოცურავებზე სანადიროდ და ეფრემმა მოხერხებული ადგილი იოლად შეარჩია. ნაპირიდან ჰორიზონტის რკალამდე გადაჭიმული მონაცრისფრო–მოცისფრო აუზი მშვიდად და აუღელვებლად სუნთქავდა და ხანმოკლე გავარჯიშების შემდეგ ეფრემი უზომო, ლამის რელიგიური აღტყინებით დაბალ მომწვანო ტალღებში გადაეშვა. წყალი თავიდან ცოტა გრილი კი მოეჩვენა, მაგრამ სულ მალე წითელ „ბუიოკს“ მიღწეული დიპლომატი სიამოვნების უსაზღვრო ოკეანემ შთანთქა. ეჰ, რამდენი ხანი ელოდა თურმე ამ წუთს!
თითქმის ორსაათიანი ნებივრობით გამხნევებული ეფრემი შინ დაბრუნდა, ტანსაცმელი გამოიცვალა, სველი პირსახოცი და „პლავკები“ ეზოში თოკზე გადაფინა, აივანზე ცოტა დაისვენა, მერე კი ისევ სანაპიროსკენ გასწია. თამარ მეფის დასაწყისში მობილურს დახედა (ეზარებოდა სიცხეში მაჯაზე საათის ტარება) და დაადგინა, რომ თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლდა. აცტეკების შთამომავალთან შესახვედრად მიმავალს უნებურად მოაგონდა დონ ურტადოს ერთობ უცნაური მინიშნება იმის თაობაზე, რომ საელჩო თურმე ისმინება (ნეტავ ვისი ყურებია კედლებში, ჩვენი თუ მექსიკელების, ან იქნებ სულაც რუსების – ხალისიანად მკითხაობდა ეფრემი გზაში), მერე კი ბრინჯაოსფერი ინდიელის უშუალო უფროსის, საქართველოში მექსიკის საგანგებო ელჩის, სენიორ ალვარო გომეს–მარტინესის წარსული საქმიანობიდანაც ფრიად საინტერესო რამ გაიხსენა.

X X X

მინისტრის მოადგილესთან ეფრემის ეს საუბარი შარშან, მექსიკის საელჩოს ოფიციალურად გახსნამდე შედგა.
მინისტრის მოადგილის კაბინეტი ეფრემის ოთახზე გაცილებით დიდი იყო. ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მოადგილე ხშირად მართავდა სამუშაო თათბირებს, რომელთა მონაწილე თავადაც ხშირად ყოფილა. და მაინც, ამ კაბინეტში ყოველი მორიგი შესვლისას, უმცირესი მეყით ეუფლებოდა ეფრემს შხამიანი განცდა იმისა, რომ ის წაწყმედილი და თითქმის დავიწყებული იანვრის გადატრიალება რომ არა, დღეს ამ კაბინეტში, შესაძლოა, თავად მჯდარიყო და არა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამოტივტივებული კონკრეტული მინისტრის ეს კონკრეტული მოადგილე, მასზე გაცილებით უმცროსი, ოთხ ენაზე სხარტად მოსაუბრე, მარჯვე და ქუდბედიანი. ეს მართლაც მეყვსეული და, თავად ეფრემის აღიარებით, საკმაოდ მდაბალი სინჯის განცდა იყო, მით უმეტეს, რომ ეფრემი მინისტრის ამ კონკრეტულ მოადგილეს ადამიანურად პატივს სცემდა და ნიჭიერ დიპლომატად მიიჩნევდა… მაგრამ კაბინეტში კარის შეღების ის ოხერი წამი… ამ განცდას მაინც ვერაფრით იშორებდა, ლამის პავლოვის რეფლექსივით გაუჯდა ძვალ–რბილში.
იმ დილას მინისტრის მოადგილემ ეფრემი მიიხმო და მოწმეების გარეშე ესაუბრა.
– უახლოეს მომავალში ჩვენ, – ცხადი იყო, რომ ამ პატარა ნაცვალსახელში მინისტრის მოადგილემ მთელი მოქმედი ხელისუფლება ჩაატია, – გადაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება მექსიკის რესპუბლიკასთან. ეგ ადრეც იყო გასაკეთებელი, და თუ რატომ და რისთვის დავაგვიანეთ, ამის დამატებით ახსნა, ვფიქრობ, ზედმეტია. თქვენთან, როგორც გამოცდილ მუშაკსა და ესპანური ენის უბადლო მცოდნესთან, ერთი თხოვნა მექნება.
– გისმენთ და მზად ვარ, გემსახუროთ, – თქვა ეფრემმა.
– ძალიანაც კარგი. მაშ ასე, თავად საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია და საელჩოებს ერთმანეთში მალე გავცვლით. მექსიკის მხარემ დიპლომატიური არხებით უკვე გვამცნო მათი მომავალი ელჩის ვინაობა. ეს გახლავთ ვინმე ალვარო გომეს–მარტინესი, მეცენატი, წარსულში მსხვილი ბიზნესმენი, მეხიკოში საკმაოდ ცნობილი კაცი. მისი საბუთები უკვე ჩამოგვივიდა და მექსიკის მხარე მხოლოდ ჩვენ აგრემანს ელოდება. როგორც კი თანხმობას გავცემთ, ამ საკითხის მომზადება კი მინისტრმა პირადად მე დამავალა, ელჩი ოფიციალურად დაინიშნება და დადგება ტექნიკური საკითხების მოგვარების დრო: შენობის შერჩევა, ელჩის ჩამობრძანება, რწმუნებების წარდგენა, საელჩოს გახსნის ცერემონიალი, საზეიმო მიღება და ასე შემდეგ. თქვენ, რა თქმა უნდა, ამ ზეიმზე ერთ–ერთი ყველაზე პატივცემული სტუმარი იქნებით, ბატონო ეფრემ. მაგრამ ჯერ საქმე, ჯერ აგრემანი. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ გუშინ საგარეო დაზვერვამ ამ გომეს–მარტინესზე ისეთი ინფორმაცია მომაწოდა, რომ მეც კი, არადა, რა არ მინახავს, გაოგნებული დავრჩი. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი საუბარი სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და ამ კედლებს მიღმა გასარჩევი არ არის.
– თავისთავად ცხადია, – კვერი დაუკრა მოსაუბრეს ეფრემმა, – ანუ თქვენ აპირებთ ეს დახურული ინფორმაცია გამაცნოთ.
– დიახ, აუცილებლად გაგაცნობთ და თქვენი იმედიც მექნება. ჩემი თხოვნა კი ძალზე მარტივია: მირჩიეთ, როგორ მოვიქცე? ყველამ, მთელმა სამინისტრომ, ვიცით, რომ თქვენ გამოცდილი დიპლომატი ბრძანდებით, ამიტომ ვისურვებდი, რომ ბატონ ალვარო გომეს–მარტინესის პერსონალურ მონაცემებს სწორედ თქვენისთანა დამოუკიდებელმა და გამოცდილმა ექსპერტმა გადაავლოს თვალი და პირუთვნელად შეაფასოს სიტუაცია. საკითხი კი ასე უნდა დაისვას: რა მოტივაციით მობრძანდება ბატონი ალვარო მაინცდამაინც საქართველოში და მისი მოსალოდნელი ჩამოსვლა ჩვენ ქვეყანას რაიმე ხიფათს ხომ არ უქმნის?
– გავითვალისწინებ, – ეფრემმა ინტერესით შეხედა მინისტრის მოადგილეს, – კი მაგრამ, ასეთი რა საშინელება მოგვწერეს იმ მეცენატზე?
– აი, თქვენ ეს ფაილი, – მინისტრის მოადგილემ უჯრიდან გამჭვირვალე და სქელი საქაღალდე ამოაცურა და ეფრემს მიაწოდა, – აიღეთ და წაიკითხეთ. იმდენად გენდობით, რომ ამ საბუთებს გაგატანთ. ჩაიკეტეთ თქვენს ოთახში და გულდასმით გაეცანით დოსიეს. განსაკუთრებული ყურადღება ფოტოებს მიაქციეთ, მანდ მთავარი სამხილი სწორედ ეგ ფოტოებია… საღამოს ფაილს, იმედია, დამიბრუნებთ. ჰო, საბუთებიდან ამონაწერების გაკეთება საჭირო არ არის, დასკვნის გამოტანას ამის გარეშეც მოახერხებთ. თქვენს რჩევას კი ორიოდე დღეში ველი. ხომ საკმარისი დროა?
– სავსებით. მაშ, შემიძლია საქმეს შევუდგე? – იკითხა ეფრემმა, დასტურის მიღებისთანავე კაბინეტი ფაილით ხელში დატოვა, თავის პატარა ოთახში ჩაიკეტა და კითხვას შეუდგა.
დოსიეში ეფრემი მართლაც ბევრ საინტერესო საბუთს წააწყდა. თურმე ადრე გომეს–მარტინესს არავითარი კავშირი დიპლომატიასთან არ ჰქონია და სამხრეთი კავკასიის ერთდროულად ორ ქვეყანაში ელჩობა ერთგვარი პრიზის სახით ერგო: წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მსხვილმა სამშენებლო ფირმამ, რომელიც სინამდვილეში მისი საკუთრება იყო, გამარჯვებულ პარტიას დიდი ფინანსური დახმარება გაუწია, ვალს კი გადახდა უნდა – გინდა მექსიკაში, გინდა საქართველოში და გინდა ანტარქტიდაზე. როგორც ჩანს, ბატონი გომეს–მარტინესი საშუალო ამბიციის მქონე პიროვნება გახლდათ და თავისი მოღვაწეობის ამ ეტაპზე საქართველოსა და სომხეთში მექსიკის ელჩად დანიშვნას დაყაბულდა. საზოგადოდ კი ელჩებად არაპროფესიონალების წარგზავნის პრაქტიკა მსოფლიოში, მათ შორის წამყვან ქვეყნებში, ადრეც არსებობდა და ამ მხრივ გომეს–მარტინესის კანდიდატურა დასაწუნი არ იყო. ერთი სიტყვით, მომავალი ელჩის პოლიტიკური წარსული ძალზე მწირი იყო, მაგრამ არაპოლიტიკური…
როგორც ჩანს, მაგრად უმუშავიათ სპეცსამსახურის ბიჭებს, რა აღარ ამოუთხარეს და ამოუქექეს გომეს–მარტინესს წაბილწულ წარსულში, ცოცხალი და მკვდარი აღარ დაუტოვეს, რა! – კმაყოფილებით აღნიშნა გულში ეფრემმა, როდესაც, რამდენიმესაათიანი კითხვის შემდეგ საბუთები გვერდზე გადადო და წაკითხულის გაანალიზებას შეუდგა. ყველაზე „მსუბუქი“ სიბინძურე, რომელიც დოსიეში მოიპოვებოდა, მომავალი ელჩის კორუფციული გარიგებების დეტალური მიმოხილვა იყო, რაც, კაცმა რომ თქვას, მსხვილი ბიზნესმენისგან მაინცდამაინც მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო. მაგრამ მორალური სახე…
ის გარემოება, რომ გომეს–მარტინესს ორი ცოლისგან ხუთი შვილი ჰყავდა, ბევრს არაფერს ნიშნავდა, პირიქით მის მიმართ დადებითადაც კი განგაწყობდა კაცს. ამჟამად იგი მარტო ცხოვრობდა და გავრცელებული ჭორების მიხედვით საცოლეს ეძებდა. ამასთან თვალში საცემი იყო დაკვირვების ობიექტის სექსუალური ხასიათის პერვერსიებისა და სხვადასხვა დროს ჩადენილი დანაშაულებისა თუ გადაცდომების სიმრავლეც და რაობაც. რა არ იყო მოყვანილი ჩამონათვალში: პორნოფილმების არალეგალური პროდიუსირება, მოდელის გაუპატიურება, ათზე მეტი დადასტურებული ჰომოსექსუალური კონტაქტი, მეხიკოს, ვერაკრუსისა და მონტერეის ელიტარულ სვინგერთა დახურულ კლუბებში ორგიებში მონაწილეობა, პედოფილიის ორი შემთხვევაც კი. რაც მთავარია, ინფორმაციების უმრავლესობა ფოტომასალებით დასტურდებოდა (თუმცა ეფრემი ხატზე ვერ დაიფიცებდა, რომ ფოტოები დამონტაჟებული არ იყო). თავისთავად ცხადია, ყველა კომპრომატი კონფიდენციალურად იყო მოპოვებული და გომეს–მარტინესისთვის რაიმე სამართლებლივი განაჩენი არც მექსიკაში გამოუტანიათ ოდესმე და არც მექსიკის გარეთ. დოსიეში ასევე აღნიშნული იყო, რომ მექსიკის იუსტიციის ორგანოებმა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით სამჯერ აღძრეს საქმე ბიზნესმენზე და სამივეჯერ საქმე წარმატებით ჩაიფარცხა. მეტიც, გომეს–მარტინესს მოსარჩელე მხარემ სამივეჯერ მოუბოდიშა. რა, როგორი და რამდენი ფული დაიხარჯა საამისოდ, დოსიეში მოყვანილი არ იყო, მაგრამ წარმოდგენა კი შეიძლებოდა…
ეფრემი მინისტრის მოადგილის დავალებაზე ჩაფიქრდა. რატომ გამოიძახა? ვითომ მხოლოდ ეფრემის გამოცდილებასა და ესპანურის ცოდნაშია საქმე? თუ ეს საბაბი იყო? ნეტავ რაში დასჭირდა ამ ამბიციურ და ჭკვიან კაცს ერთი საშუალო რანგის მოხელის საქმის კურსში შეყვანა და, მით უმეტეს, მისგან რჩევის მიღება? იქნებ მან ეფრემი სამომავლოდ უფრო მოწმედ დაიბევა რაღაც სიტუაციაში თავის დასაცავად და ეს ბინძური საბუთებიც ამიტომ გააცნო. აგრძნობინა, რომ ამიერიდან თანაგუნდელები არიან. ამის გაფიქრებაზე ეფრემმა ამოიოხრა. ეგრეც რომ იყოს, მის მდგომარეობაში მყოფმა კაცმა უფროსის მეგობრულად გამოწვდილი ხელი ჰაერში გამოკიდებული არ უნდა დატოვოს. ბოლოს და ბოლოს, სამსახურში ზემდგომის თხოვნა ნებისმიერ ვითარებაში დავალებაა და ეფრემიც შეეცდება, ეს დავალება კეთილსინდისიერად და სახელწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეასრულოს.
დოსიეში წარმოდგენილი საბუთებიდან ნათლად ჩანდა, რომ ალვარო გომეს–მარტინესი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ცუდი ადამიანი, არამზადა და არაკაცია. მეორე მხრივ, ნებისმიერი სახელმწიფო, მათ შორის ქართულიც, კეთილშობილთა პანსიონი როდია, რომ მხოლოდ სუფთა ხელებით იმოქმედოს, ვინ–ვინ და ეფრემზე უკეთ ვინ იცის, რომ ასე არაა და არც არასოდეს ყოფილა ისტორიაში. აგრემანის დაშვება–არდაშვების საკითხის გარჩევისას სწორედ აქედან უნდა გამოვდიოდეთ. ფაქტია, ჩამოსვლის შემთხვევაში ბატონი გომეს–მარტინესი აუცილებლად მოექცევა ჩვენი სპეცსამსახურების მუდმივი ყურადღების ცენტრში. ფაქტია ისიც, რომ ეგ ჭკვიანი ნაძირალა საუკეთესო ობიექტია დაშანტაჟებისთვის. ამიტომ მას არათუ აგრემანი უნდა მივცეთ, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დიპლომატიური მისია საქართველოში მისთვის ერთგვარი ტრამპლინი, დაწინაურების საწინდარი გახდეს, რამეთუ ვინ იცის, როდის და რა ვითარებაში შეძლებს ქართული სახელმწიფო საკუთარ ინტერესებში მის გამოყენებას. რასაკვირველია, მექსიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არაფერ შუაშია – ელჩები მიდიან და მოდიან, დიპლომატიური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კი რჩება. საქმე ისაა, რომ ახლა ჩვენს ქვეყანას მსხვილწონიანი აგენტის გადმობირების შესაძლებლობა მიეცა და მისი ხელიდან გაშვება არ ეგების. თევზი ბადეში თვითონ ებმება და მივესალმოთ მას…
მინისტრის მოადგილეს ხანგრძლივი ლოდინი მართლაც არ დასჭირვებია, რადგან მეორე და გადამწყვეტი საუბარი ეფრემსა და მას შორის იმავე საღამოს შედგა. ეფრემმა მინისტრის მოადგილეს უკლებლივ ყველა საბუთი დაუბრუნა და თავისი მოსაზრებებიც გულწრფელად გაუზიარა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მინისტრის მოადგილემ დერეფანში შეხვედრისას ამცნო, რომ აგრემანი ბატონ ალვარო გომეს–მარტინესის საქართველოში ელჩად დანიშვნაზე გაცემულია და საკითხი ამით ამოიწურა…
აი სწორედ ეს საცნაური ამბავი გაახსენდა ინდიელთან შეხვედრაზე მიმავალ ეფრემს.

X X X

კაფეში ეფრემი დანიშნულზე ოდნავ ადრეც კი მივიდა და ცოტა გაუკვირდა, რომ ინდიელს მისთვის დაუსწრია და ყავასაც მარტო მიირთმევდა.
– Hola! – მიესალმა მას ეფრემი და პირისპირ დაუჯდა, – კარგია, რომ გუშინდელი მაგიდა შეგირჩევიათ. გამოდის, შეწყვეტილ საუბარს ბუნებრივად ვაგრძელებთ. დიდი ხანია მოხვედით?
– არც ისე. Quiere una taza de cafe? – და ინდიელმა შორეულ მაგიდასთან მოფუსფუსე ოფიციანტ გოგონას მოუხმო.
– Si, por favor. გარეთ უკვე დაცხა, აქ კი ჩრდილია და ზღვიდან სასიამოვნო ნიავიც ქრის. ნამდვილი სამოთხეა… Helado chocolate? – და როდესაც ურტადომ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა, ეფრემმა წამით შეყოვნებილ გოგონას ქართულად სთხოვა, ჩემს ერთ თურქულ ყავას გასაგრილებლად შოკოლადის ნაყინის ორი ულუფაც მოაყოლეო.
გოგონამ ეფრემს სანდომიანად გაუღიმა და ბუფეტისკენ გაიქცა.
– Como estas? დილით გემოზე თუ იცურავეთ, დონ ურტადო? – ეფრემმა ბაასი განზრახ უწყინარი შეკითხვით განაგრძო.
– Estoy bien. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვცურავ, დონ ეფრემ. ტალღებში მხრებამდე შევდივარ, ტანს ვისველებ და უკან, მზეზე ვბრუნდები. ბავშვებს პლაჟზე უკვირთ, მაგრამ მათ არ იციან, რომ აცტეკებს წყალზე მეტად მზე გვიყვარს. მე აცტეკი ვარ.
– მაპატიეთ, მაგრამ მექსიკელი ინდიელების ეთნოგრაფიის საკითხებში ნადვილად მოვიკოჭლებ… – ეფრემმა პირდაპირ საქმეზე გადასვლა ამჯობინა, – გთხოვთ, კიდევ ერთხელ მაპატიოთ, დონ ურტადო, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ესპანელთა ექსპანსიის, გენოციდის, ეპიდემიების შედეგად წმინდა სისხლის ინდიელების რაოდენობა ძალზე შემცირდა, ხოლო ვინც დარჩა, იმათი დიდი ნაწილი თეთრ რასაში გაითქვიფა, ასე ვთქვათ, ნაწილობრივი ასიმილაცია განიცადა. სადღაც წაკითხული მაქვს, რომ დღევანდელ ინდიელებს შორის ძირითადი მასა მაიას შთამომავლებია, თანამედროვე აცტეკებზე კი ნაკლებად მსმენია. ნუთუ თქვენს შტატში, იმ თქვენს ჩიაპასში, ძირითადად აცტეკები ცხოვრობენ?
– საუბედუროდ, არა. სულ მაიას ტომებია გარშემო, ჩვენ კი… ჩვენ მტრული მთავრობის მიერ კარგად ჩაფიქრებული გეგმის ნაწილი ვართ, – ინდიელის გახევებულ სახეს წამით თითქოს ჩრდილმა გადაუარა, – მე ტატლაკოლკოში, აცტეკების ექსპერიმენტულ სოფელში დავიბადე და გავიზარდე…. ოცდაათი წლისა ვარ და სწორედ ოცდაათი წლის წინ, ოთხმოციანების დასაწყისში, ფედერალურმა მთავრობამ საიდუმლო პროგრამა შეიმუშავა და ჩვენ, ნამდვილი აცტეკები, ჩიაპასის შუაგულში, მაიას ინდიელებს შორის გამონაკლისის სახით განგებ ჩაგვასახლა. ტატლაკოლკოში ჩასახლების კანდიდატებს მთელ მექსიკაში სანთლით ეძებდნენ, ჩემი მშობლები ადრე სხვა სოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ… ამ პროგრამით სწორედ ასეთი, ჭეშმარიტი და გენეტიკურად სუფთა აცტეკები სჭირდებოდათ. მას მერე იქ ვცხოვრობთ. მე შეგპირდით, რომ საინტერესო ამბავს მოგიყვებით, მაგრამ ჯერ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ: როგორ ფიქრობთ, საელჩოში რას ვაკეთებ?
ეფრემი ცოტა შეიშმუშნა, მაგრამ მალევე გამოძებნა პასუხი:
– ალბათ, იმას, რასაც ელჩი გავალებთ, დონ ურტადო. მაპატიეთ, მაგრამ ეს მექსიკის შიდა საქმეა, მე კი ისეთ სამსახურში ვმუშაობ, რომ თქვენი სუვერენიტეტის დარღვევის უფლება სიტყვიერადაც კი არა მაქვს.
– აქ კაციშვილი არ გვისმენს და მე გაძლევთ ამის სრულ უფლებას, amigo. ელჩი კი არაფერს მავალებს და საერთოდაც, საელჩოში არაფერი მესაქმება სენიორიტა გუანჩიტას მიერ თარგმნილი მასალების კითხვისა და საქართველოში აქეთ–იქით ხეტიალის გარდა. ქობულეთშიც ასე ჩამოვედი, ხეტიალის ფარგლებში. გამოდის, ფულს უსაქმურობაში მიხდიან. ისე, არ იკითხავთ, ამ ერთმა უბრალო აცტეკმა იმდენი რა ვისწავლე, რომ მეხიკოელმა გრანდებმა ჩემთვის არც თანამდებობა დაიშურეს და არც კარგი ხელფასი? – ურტადოს სახე ბოროტად დაემანჭა, – კეთილი, ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდები. ელჩი, ის ნაძირალა ალვარო… თუმცა ამაზეც მერე იყოს… ერთი სიტყვით, ტატლაკოლკო მთებში მაიას სოფლებითაა გარშემორტყმული, ჩვენ კი ძველისძველი აცტეკები ვართ… გაქვთ თუ არა წარმოდგენა საპატისტურ მოძრაობაზე, ეხერსიტო საპატისტაზე ან, თუნდაც, სუბკომანდანტე მარკოსზე, დონ ეფრემ?
ამასობაში ოფიციანტმა ყავა და ნაყინი მოიტანა და კლიენტებს წინ დაუდო. ეფრემმა ყავა მოსვა, ოდნავ ჩაფიქრდა და კვლავ მოზომილი პასუხი არჩია:
– ყოველივე ამის თაობაზე გამიგია დაახლოებით იმდენი, რამდენიც, ალბათ, ნებისმიერ დიპლომატს ან ჟურნალისტს, რომელიც დროდადრო თანამედროვე მექსიკის ცხოვრებით ინტერესდება. მე ვიცი, რომ თავად საპატა მექსიკის ეროვნული გმირია, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში უბრალო გლეხებისთვის პანჩო ვილიასთან ერთად იბრძოდა და ამის გამო დახვრიტეს; ვიცი, რომ მისი სახელი წინააღმდეგობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა; ვიცი, რომ დღეს ანტიგლობალისტები თავს საპატისტებს უწოდებენ და თქვენთან ჩიაპასში აგერ უკვე თხუტმეტ წელზე მეტია აქტიურად მოქმედებენ; ისიც კი ვიცი, რომ მათი მეთაური თქვენს მიერ ნახსენები სუბკომანდანტე მარკოსია. აი იმ ეხერსიტოზე კი, მართალი გითხრათ, ბევრი არაფერი მსმენია. ისე, ეტყობა, მაიას გლეხობას წინა საუკუნის პრობლემამ შეახსენა თავი.
– ეხერსიტო საპატისტების შეიარაღებული ძალაა, დონ ეფრემ. მას ჩიაპასის მთებში ყველა ბილიკი აღრიცხვაზე ჰყავს აყვანილი, ჩიაპასის მდინარეებზე – ყველა ხიდი, ჩიაპასის გზების გასწვრივ – ყველა ბუჩქი, სელვაში – თითოეული ლიანა. ეხერსიტომ ისიც კი იცის, რომელი თევზი რომელ ტბაში როდის უნდა დაიჭიროს ინდიელმა მებადურმა, ოჯახი რომ გამოკვებოს. ეხერსიტოს გარეშე მარკოსის იდეოლოგია მკვდარი იქნებოდა. თქვენ მართალი ხართ: ჩიაპასში მაიას პრობლემები ასი წელია გროვდებოდა, ჩვენი კი, აცტეკების – მთელ მექსიკაში თითქმის ხუთასი. ასე რომ, ფედერალებმა აფეთქება ჩიაპასში ჯერ კიდევ მანამდე იწინასწარმეტყველეს, ვიდრე ეხერსიტო მაის ტომებში ღრმად გაიდგამდა ფესვს. ფედერალები გრძნობდნენ, საით უბერავდა ქარი და წინსწრები ზომების მიღება დაიწყეს. მათ გათვალეს, რომ ჩიაპასში შესანიშნავი ნიადაგია სეპარატიზმის გაღვივებისთვის და ამაზეც – ყველაფერ სხვასთან ერთად – ხელის მოთბობა განიზრახეს. სეპარატიზმი რაღაც თვალსაზრისით მთავრობისთვის სასარგებლოა – ის უნდა არსებობდეს, მას მუდამ უნდა ებრძოლო, ოღონდ არ უნდა გაამარჯვებინო და ძალიან ბევრი ადამიანი – გინდა ჯარისკაცი, გინდა პარტიზანი – არ უნდა დახოცო. ლოკალური შიდა ომი სავსებით დასაშვებია, თუკი მას მეხიკოელი გრანდებისთვის მოგება მოაქვს. ასეთია ფედერალური შტაბის ზოგადი სტრატაგემა, დონ ეფრემ. მაიაც და აცტეკებიც ინდიელები, ანუ მექსიკის ჭეშმარიტი, ისტორიული პატრონები ვართ, ამიტომ ფედერალებმა ტატლაკოლკოს ბანაკი, როგორც წმინდა აცტეკური დასახლება ისე შექმნეს და მაიას შიგ გულში ჩაუსვეს – გაკონტროლების მიზნით. მაშინ ჩვენ ფედერალებს მხოლოდ მომავალ, ჯერ არარსებულ ეხერსიტოს წინააღმდეგ საბრძოლველად ვჭირდებოდით, გესმით, amigo? ჩვენთან, ტატლაკოლკოს აცტეკებში, მაღალია სიკვდილიანობა, მაგრამ კიდევ უფრო მაღალია შობადობა, თან ბევრი ჩემი ინდიელი ძმა დასახლებაში მალულად, მთისა და ტყის ბილიკებით მოიპარება და რჩება. ამიტომ დღეს ტატლაკოლკოში ოცდაათ ათასზე მეტი აცტეკი ცხოვრობს. ფაქტიურად ეს უკვე სოფელი კი არა, პატარა ქალაქია, ერთადერთი ქალაქი მექსიკაში, რომელიც არც ერთ რუკაზე არაა დატანილი. ჩვენს მიმართ ფედერალები განსაკუთრებულ პოლიტიკას ატარებენ, თავისებურად გველოლიავებიან კიდეც, იმედს არ კარგავენ, რომ რაღაც მომენტში შეძლებენ, მაიას დაგვიპირისპირონ, ზოგიერთი ჩვენგანის მოსყიდვასაც არ ერიდებიან, ასეთი მოსყიდვის ერთი მაგალითი კი ახლა თქვენთან ერთად ყავას სვამს, – ურტადოს ჩაეცინა, – მაგრამ საბოლოოდ მეხიკოელმა გრანდებმა მაინც ჩაისვარეს. ფორმალურად ჩვენ, ტატლაკოლკოს აცტეკები, მეხიკოს მოკავშირეები ვართ ჩიაპასში, სინამდვილეში კი დიდი ხანია ჩუმად ვეხმარებით საპატისტებს. ჩვენი ლოგიკა ასეთია: მაია და აცტეკები თანდათანობით ვერთიანდებით მექსიკის დასაბრუნებლად ბრძოლაში და ამ გაერთიანებას წინ ვერავინ აღუდგება. Venceremos! ასე რომ, გაუმარჯოს სუბკომანდანტე მარკოსს. ფედერალებს კოვზი ნაცარში აუცილებლად ჩაუვარდებათ, დონ ეფრემ!
– ენით აღუწერელ ამბავს მიყვებით, დონ ურტადო! ეს ყველაფერი ძალიან ახალი და უაღრესად საინტერესოა ჩემთვის, – ამ სიტყვების წარმოთქმისას ეფრემი სრულიად გულწრფელი იყო, – შეგიძლიათ მეტი მომიყვეთ ტატლაკოლკოზე? გნებავთ კიდევ ყავა?
ურტადომ გვარიანად დამდნარი ნაყინი პირდაპირ სანაყინედან დალია და თანხმობის ნიშნად თავი დახარა. ეფრემმა კვლავ მოუხმო ოფიციანტს და ორი ყავა შეუკვეთა, მცირედი შეყოვნების შემდეგ კი თქვა:
– ოცდაათათასიანი ქალაქი ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელსაც რუკაზე ვერ იპოვი… მსგავსი რამ ხდებოდა საბჭოთა კავშირში, სადღაც ციმბირში ან ურალზე, სამხედრო კომპლექსის ინტერესებში, თან მაშინ ცივი ომი იყო გაჩაღებული, მაგრამ მექსიკაში… არ მახსოვს, გითხარით თუ არა, მაგრამ მალე მეხიკოში ვაპირებ ჩასვლას. საელჩოში კულტურის ატაშედ დამნიშნეს და სექტემბერში მივემგზავრები. რა უცნაურია, მე იქ ვიქნები, თქვენ – აქ. სხვათა შორის, თქვენი სიტყვებიდან ირიბად გამომდინარეობს, რომ უცხოელისთვის – სულ ერთია, დიპლომატისთვის თუ ტურისტისთვის – ტატლაკოლკოში მოხვედრა ძალიან ძნელი ან სულაც შეუძლებელია.
– ოფიციალურად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მის არსებობას ხელისუფლება არ აღიარებს. ტატლაკოლკო ფაქტობრივად დიდი და შელამაზებული რეზერვაციაა, რომელიც ფედერალურმა მთავრობამ გარე სამყაროს მოსწყვიტა. არაოფიციალურად კი… – ურტადომ ეფრემს თვალი თვალში გაუყარა და მან ძლივს გაუძლო ინდიელის გამჭოლ მზერას, – ვნახოთ. მაშ, რა გაინტერესებთ?
– ბევრი რამ, მაგრამ უპირველესად ის, როგორ გრძნობენ თავს თქვენი თანამემამულეები, უძველესი აცტეკების ღირსეული შთამომავლები, იმ ხელოვნურ დასახლებაში, რომელსაც თქვენ რეზერვაცია უწოდეთ.
– აცტეკები გამძლე ხალხი ვართ და ყველანაირ გასაჭირს ვუძლებთ. ჩვენ სხვანაირად ვცხოვრობთ. ადრე გითხარით, რომ სიკვდილიანობა მაღალია, მაგრამ ეს სამედიცინო თუ სანიტარული მიზეზებით არაა გამოწვეული. ფედერალებმა, ტყუილს არ ვიკადრებ, ჩემს სოფელში, ამჟამად უკვე ქალაქში, ძალიან კარგი საავადმყოფოები და პოლიკლინიკები ააშენეს. არც ექიმები გვაკლია, თუმცა ისინი დროებით ჩამოსული თეთრხალათიანი სამხედრო ოფიცრები არიან, არც წამლები და არც აღჭურვილობა. ჩვენთან არავის შია, უმუშევრობა პრაქტიკულად არ არის, ქუჩები სუფთაა. მაგრამ აბა როგორ გითხრათ… ჩვენ ამაყები ვართ, პატიება გვიჭირს და ამიტომ ხშირია მკვლელობები. რაც უფრო მეტ ადამიანს გამოასალმებ სიცოცხლეს, მით მეტად გცემენ პატივს – ეგ უკვე ტრადიციაა. წერა–კითხვა ჩვენთან თითქმის არავინ იცის, რადგან სწავლის მოთხოვნილება ტატლაკოლკოელი აცტეკის ბუნებაში არ ზის. მე, მაგალითად, ერთ–ერთი ყველაზე უფრო განათლებული ადამიანი ვარ ტატლაკოლკოში, მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, პატივს დიდად არ მცემენ. ძალიან მშვიდი ხასიათი მაქვს და სამშობლოც ნაწილობრივ ამიტომ დავტოვე. ფედერალებმა სპეციალური კვოტით უნივერსიტეტში გამამწესეს, დიპლომატიის ანბანი შემასწავლეს და დღეს აგერ, თქვენ წინაშე ვზივარ. სწავლის უფლებას ყველა აცტეკს როდი აძლევენ. სამხედროებმა მომთხოვეს, რომ ხუთი წლის განმავლობაში სტუდენტებთან ტატლაკოლკოზე ხმა არ ამომეღო, ხელწერილიც კი დამადებინეს, არადა ეგ ზედმეტი იყო, რადგან ფედერალებისთვის ისედაც სიტყვა მქონდა მიცემული. სიტყვა, ცხადია, შევასრულე, მაგრამ ხუთი წელი კარგა ხანია გავიდა, თანაც თქვენ, დონ ეფრემ, რამდენადაც ვიცი, სტუდენტი არა ხართ და ამიტომ დასამალი აღარაფერი მაქვს. სულ ადრე, მეხიკოს უნივერსიტეტში წასვლამდე, ტატლაკოლკოში ორი თანასოფლელი შემომაკვდა: ერთს, მატყუარასა და ქურდბაცაცას, ქურდობაზე წავასწარი და ეგრევე კისერი მოვუგრიხე, მეორემ კი, თავხედმა და არამზადამ, უმიზეზოდ შემაგინა და მაჩეტე ჩავასვე ღვიძლში. მე ღონიერი ვარ და ჩემზე ჯავრი ვერავინ იყარა, მაგრამ დროებით მაინც გაცლა ვამჯობინე. ორი მოკლული – ეს აცტეკისთვის ძალიან ცოტაა, დონ ეფრემ.
გაოგნებულმა ეფრემმა ხმა ვერ ამოიღო, ისიც კი ვერ გადაეწყვიტა, მართალს ისმენდა ახლა თუ მამალ ტყუილს. ურტადომ კი გაცივებული ყავა ბოლომდე შესვა და თხრობა განაგრძო:
– რამდენიმე წლის შემდეგ ჩამოვედი თქვენთან, თბილისში. აქ საელჩო უნდა გახსნილიყო და ვაკანსიები იყო შესავსები. შემომთავაზეს და უარი არ მითქვამს, თუმცა მექსიკის დატოვებამდე ტატლაკოლკოში ერთხელ მაინც ჩავედი, ახლობლები მოვინახულე, ჩემი თვალით დავრწმუნდი, რომ სოფელი ქალაქად იქცა… პრინციპში, მექსიკის მთავრობამ თქვენ მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა, დონ ეფრემ. იცით კი რას წარმოადგენს სინამდვილეში ჩვენი ელჩი?
– რა თქმა უნდა, არ ვიცი. – წარბშეუხრელად იცრუა ეფრემმა, – საიდან უნდა ვიცოდე? მაშ, თქვენ მიმტკიცებთ, დონ ურტადო, რომ ტატლაკოლკო დაუსჯელი მკვლელების ქალაქია?
– კარგით, ელჩზე მერე მოგიყვებით… რას ქვია დაუსჯელი მკვლელები? ჩვენ აცტეკები ვართ და ეს საკმარისია. ნუთუ არ იცით, რომ ადამიანის მკვლელობა ჩვენი კულტურის ნაწილი იყო. მართალია, ქვისა და ობსიდიანის დანა მას მერე ფოლადის მაჩეტემ შეცვალა, მსხვერპლსაც საჯაროდ აღარ ვწირავთ ღმერთებს, მაგრამ სისხლის წყურვილი მოსახლეობაში დარჩა. ჩვენი სამსხვერპლო ტაძრების ნანგრევები დღემდე მექსიკის ყველაზე მიმზიდველი ადგილებია. ტატლაკოლკოში ჩვენ თავისებურად უძველესი წესების აღორძინებას ვცდილობთ. ალკალდსაც თვითონ ვირჩევთ, ამის ნება დაგვრთეს. საკუთარი ძალითა და მეხიკოდან ჩამოსული მრეწველის დახმარებით ქალაქში კოხტა პირამიდაც ავაშენეთ და პატარა ფაბრიკაც, სადაც ფოლადისა და ვერცხლის ნაირ–ნაირი ზომის, მოყვანილობისა და ღირებულების მაჩეტეებს ამზადებენ. პროდუქცია ბითუმად იმ მრეწველს მეხიკოში გააქვს, ჩვენ კი მოგების ნაწილი გვრჩება. ცეცხლმსროლელი იარაღიც გვაქვს, რადგან სულელმა ფედერალებმა ალკალდს ქალაქში თოფებითა და პისტოლეტებით ვაჭრობის უფლება მისცეს. არ დაგავიწყდეთ, რომ მეხიკოს დაობებული ჭკუისკოლოფები უკვე ოცდაათი წელია რაც ეხერსიტოს წინააღმდეგ საბრძოლველად გვამზადებენ და არ იციან, რომ ეგ ნელ–ნელა უკან შემოუტრიალდებათ. არც კი ვიცი, რას შევადარო ტატლაკოლკო, უკეთ რომ გამიგოთ… წარმოიდგინეთ, რომ მექსიკა საქართველოა. მაშინ მექსიკელები ქართველები გამოდიან, ჩვენ, აცტეკები, კი… სამწუხაროდ, მე ცუდად ვიცნობ საქართველოს ისტორიას… გამოვდივართ რაღაც სვანების ან აფხაზების მსგავსი, სისხლის აღების წესითა და პოლიტიკური ამბიციებით. აცტეკს, ისევე როგორც თქვენთან სვანს, ღირსების გამძაფრებული გრძნობა აქვს – შეურაცხყოფას არავის აპატიებს.
– უცნაურია ყოველივე ეს, დონ ურტადო… კეთილი, კითხვას სხვანაირად დაგისვამთ. ტატლაკოლკოს ქუჩაში ფოტოაპარატით ან კინოკამერით ხელში მარტო რომ გამევლო, რამდენ საათს ვიცოცხლებდი?
– ჰო… ძალიან კარგი შეკითხვაა და, სხვათა შორის, საპასუხოდაც ძნელი, – ურტადომ გულიანად გაიცინა, – ჯერ ერთი, მარტო ვერ გაივლით, მით უმეტეს, კამერით ხელში. და თუ მაინც გაივლით, გააჩნია, როგორ მოიქცევით. მთავარია, აცტეკმა თქვენს სიტყვასა და ქმედებაში ქედმაღლობა არ შენიშნოს. ხოლო თუ სტუმარი ხართ, – არადა სხვანაირად შეუძლებელია, – მაშასადამე რომელიმე ძლიერი აცტეკი გმფარველობთ. მაშინ ტაძრის წინ ყირაზეც რომ დადგეთ, ხელს არავინ გახლებთ, რადგან თქვენს საქციელზე ხალხის წინაშე თქვენი აცტეკია პასუხისმგებელი. ასე რომ, თქვენი წასვლის შემდეგ მასპინძელის სიკვდილიც თქვენ კისერზე იქნება. გასაგებია, amigo? მასპინძელს არ უნდა უმტყუნოთ!
– რაღაცის თქმას აპირებდით ელჩზე, აი იმ თქვენს გომეს–მარტინესზე… განა ასეთი რა ჩაიდინა, ასე რომ არ მოგწონთ? – გადაიტანა სიტყვა სხვა თემაზე ეფრემმა.
– რა მოსაწონი ეგა მყავს?! სხვათა შორის, მეხიკოში როდესაც ვცხოვრობდი, თეთრებშიც, მეტისებშიც, მულატებშიც, თვით პოლიციელებშიც კი შემხვედრიან ვაჟკაცები, მაგრამ ალვარო ნამდვილი გარეწარია! მე ხომ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მეხიკოში უცხოდ არ მთვლიდნენ და კარგად ვიცი, რას წარმოადგენს სინამდვილეში ეგ დამპალი მუქთახორა, ეგ სანაგვეზე გამდიდრებული ღორი! მარტო მე კი არა, მთელმა მეხიკომ იცის. პოლიტიკა ყველგან სიბინძურეა, დონ ეფრემ! ალვარო გომეს–მარტინესი ცნობილი მომხვეჭელი, ბისექსუალი, პედერასტი და პედოფილია, ციხეში კი მხოლოდ იმიტომ არ ზის, რომ ბევრი ფული და გავლენიანი კავშირები აქვს. არჩევნების შემდეგ მან თავისი სამშენებლო ფირმები საყვარელ მამაკაცებს გადაუფორმა და დროებით სახელმწიფო სამსახურში გადავიდა. ელჩის რანგი და თანამდებობა კი მიწის ნაკვეთივით იყიდა, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს ვიღაც პარტიული ნაძირლების მოქრთამვა მოახერხა. დიპლომატიური წოდება მას მხოლოდ რეპუტაციის აღსადგენად სჭირდება, თუმცა ყველაფერთან ერთად იდიოტიცაა და არ ესმის, რომ მის რეპუტაციას აღარაფერი ეშველება. ძალზე სამწუხაროა, რომ საელჩოში კონტრაქტით აყვანილი ერთი შეუგნებელი ქართველი გოგონა მის კლანჭებს, როგორც ჩანს, ვერ გადაურჩება.
– როგორ? ვინ ვერ გადაურჩებაო? – მოულოდნელობისგან ეფრემს ყავა კინაღამ ხახაში გადაცდა – უფ–ფ… მაპატიეთ… ნუთუ ვინმე ჩვენიანთან რომანის გაბმაც მოასწრო?
ინდიელმა ერთგვარი სიბრალულით შეხედა ეფრემს.
– კაცი, მით უმეტეს, აცტეკი, სხვა კაცზე და, მით უფრო, ქალზე, ზურგს უკან არ უნდა ჭორაობდეს, მაგრამ როცა ახვარ ალვაროზე მიდგება საქმე, მაშინ სიმართლის თქმა მხოლოდ მადლია, დონ ეფრემ. თანაც რომ ვიხსენებ, როგორი თვალებით უყურებს ხოლმე გუანჩიტას კომპიუტერზე ბეჭდვის დროს…
– როგორ, ეგ გვანცას ეტრფის, გვანცა კეკუას? – თავი ვერ შეიკავა და ზომაზე მეტად ხმამაღლა იკითხა ეფრემმა.
– არ მიწყინოთ, დონ ეფრემ, მაგრამ თქვენ გარდა საელჩოში არავისთვის საიდუმლოება არ არის, რომ სენიორიტა გუანჩიტა და მარტინეს–გომესი თვალებს უციმციმებენ ერთმანეთს. – ურტადოს თვალებში სიბრალულის ნიშანწყალი გაქრა და ახლა მათში მხოლოდ უშრეტი ზიზღი იკითხებოდა, – უკვე ხელებსაც უფათურებს. ჩათლახი ალვარო დღეს უცოლოა, საქართველოში იშვიათად ჩამოდის და თქვენს ბორდელებში სასიარულოდ არ სცალია. ქართველი ქალი მისთვის ეგზოტიკაა, მისწრება, ახალი ხილი და ხორცი, ხოლო ქარაფშუტა ქართველ გოგოშკებს, დიდი ბოდიში და, ოღონდ მდიდარმა უცხოელმა დაუქნიოს თითი და ყველაფერზე თანხმდებიან. მერწმუნეთ, დიდი ჭკუისგან არ იქცევიან ასე, უფრო თქვენი სინამდვილე და სიღარიბეში ცხოვრება ბეზრდებათ… სენიორიტა გუანჩიტა ცუდი გოგო არაა, მაგრამ ლამაზია და სარფიანად გათხოვება მასაც უნდა, ოღონდ ნატამალი წარმოდგენაც არა აქვს, რა ტიპია ნაბოზარი გომესი რეალურ ცხოვრებაში და რა ყულფში აპირებს თავის გაყოფას. მერე კი გვიან იქნება, თავს დაიღუპავს და ცოტა მეცოდება, ესაა და ეს. მე თუ მკითხავთ, ნაბიჭვარი ალვარო მოსაკლავია… – ინდიელმა საათს დახედა, – მაპატიეთ, დონ ეფრემ, მაგრამ წასასვლელი ვარ, სასტუმროში მეჩქარება, სადილად ერთმა თქვენმა გუბერნატორმა დამპატიჟა და… ხვალ რას აკეთებთ?
– ისეთს არაფერს, დონ ურტადო. სიამოვნებით გავაგრძელებდი თქვენთან ურთიერთობას, მით უმეტეს რომ ახალი კითხვები გამიჩნდა, – ცუდად შენიღბული აღელვებით უპასუხა ეფრემმა.
– მაშინ ნება მომეცით, ხვალ ჩემთან, „ჯორჯიან პალასში“ დაგპატიჟოთ. ყავა და ნაყინი კარგია, მაგრამ დროა, ვისკისაც გავუსინჯოთ გემო. იმედია, უარს არ მეტყვით? – რატომაც არა, დონ ურტადო, ვისკი ქართველი ვაჟკაცების სასმელიც არის. – ჰოდა, სასტუმროს ბარში მდიდარი არჩევანია, ეზოში კი, აუზთან, სავარძლები დგას. იქ შეიძლება ჩვენი საუბარი ჭიქით ხელში გავაგრძელოთ. მაშინ ხვალ თორმეტ საათზე მე ისევ ამ კაფესთან მოვალ და სასტუმროში ერთად წავიდეთ. ასე აჯობებს, რადგან სასტუმროს კარში დაცვა დგას და ჩემს გარეშე ტერიტორიაზე შესვლა გაგიჭირდებათ. დროს დავკარგავთ.
– შევთანხმდით. აბა, ხვალამდე, დონ ურტადო, – ეფრემმა ოფიციანტს უხმო და ათლარიანი მოამზადა, – რამდენი უნდა მოგართვათ?
– ათი ლარი, ბატონო, – უპასუხა გოგონამ.
ეფრემმა ათლარიანს ორლარიანი დაუმატა და გოგონას გაუწოდა, მერე კი წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა. მას ინდიელიც მიყვა. მზიან სანაპიროზე გამოსულ დიპლომატებს დღის წესრიგი, მართალია, ამოუწურავი დარჩათ, მაგრამ ახლა სხვადასხვა მხარეს უნდა წასულიყვნენ: დონ ურტადო სასტუმროში, გუბერნატორთან, ეფრემი კი სახლში, ძმასთან.
– Hasta mañana, amigo, – და ინდიელი ღიმილით გასცილდა ეფრემს.

X X X

ჯერ სანაპიროთი, მერე კი აღმაშენებლის ქუჩით სახლისკენ სწრაფად მიმავალმა ეფრემმა უცებ კუჭის არეში ძლიერი შიმშილის ტკივილიანი შემოტევა იგრძნო. ეგ არახალი იყო, ამგვარი მოვლითი სპაზმები დროდადრო ახსენებდა ხოლმე თავს. ხანგრძლივი გამოცდილებისა და ექიმებთან კონსულტაციების წყალობით ეფრემმა დაასკვნა, რომ ეს უცნაური სპაზმური შიმშილი ოთხმოცდაათიან წლებში გადატანილი სტრესების შედეგად განვითარებული ნევროზის ერთგვარი სიმპტომია. ნევროზი კი იმით ხასიათდებოდა, რომ ფიზიკური შიმშილის გრძნობა ხშირად (არა ყოველთვის) გადადიოდა სულიერ დეპრესიაში და ტანჯავდა მანამდე, სანამ შექმნილი სანერვიულო ვითარებიდან თეორიულად მაინც არ მოიძიებდა რაიმე რაციონალურ, თუნდაც გასაოცარ და სრულიად მოულოდნელ გამოსავალს.
ფიზიკურ შიმშილს მოევლებოდა, რამეთუ ეფრემს ყოველ ნაბიჯზე შეეძლო ხაჭაპურის ან თუნდაც ადგილობრივი გამბურგერის ყიდვა, მაგრამ ეს არც გახსენებია. ურტადოსთან საუბარმა გვარიანად აუშალა ნერვები და იძულებული გახდა გონებით მთლიანად გამოსავლის ძიებაზე გადართულიყო. ეჰ, რა დროს გვანცა და ნევროზი იყო? ქობულეთში ვითომ დასასვენებლად წამოვიდა, მაგრამ რა გამოუვიდა, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო?
ურტადომ უამრავი საინტერესო ამბავი უამბო, მათ შორის პროფესიული თვალსაზრისითაც, მაგრამ გულზე მწარედ ერთადერთი რამ მოხვდა: თურმე გვანცა და ალვარო… ეფრემს დღემდე ეგონა, რომ მომხიბლავი თარჯიმანი პრესასთან ერთობლივი მუშაობის პროცესში გულწრფელად ეარშიყებოდა, სინამდვილეში კი თურმე მდიდარი და ღიპიანი მექსიკელი ბიძის შებმაზე ოცნებობდა. ფუი! არადა ყველაფერი თვით ეფრემის ბრალია. მაინც რაოდენ უნდა გამოყეყეჩდეს ორმოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცი, რომ ლამის შვილისტოლა გოგოს ერთ მაცდურ გაღიმებაზე ასეთ დღეში იგდებდეს თავს? „კავკასიის ტყვე ქალი“ მაინც არ უნახავს ახალგაზრდობაში, ან თუნდაც „ბრილიანტის ხელი“? მერე რარიგ უყვარდა მის ყოფილ ძმაკაც კოლკა კრასავკინს მხიარულ სუფრასთან ერთი უცნობილესი გამოთქმის ხშირ–ხშირად გამეორება: “Если человек идиот, то это надолго». ნეტავ სადაა ახლა კოლკა, ცოცხალია?
უეცრად ისევ ანგელა გაახსენდა. ბუნებას უყვარს წონასწორობა. ოდესღაც მან უღალატა ანგელას, მერე გვანცამ უღალატა მას. ღალატია, მა რა, ამის დედაც, როდესაც ასე, მალულად… ცხოვრება საზოგადოდ პატარა და დიდი ღალატებისგან შედგება. ყველა ყველას ღალატობს, იმიტომ, რომ ყველა ეგოისტია. ადამიანები ყოველდღიურად ღალატობენ ადამიანებს უთქმელობით, ნახევრად სიმართლით, სხვაზე წამიერი გაფიქრებით… ცოლი ღალატობს ქმარს, ქმარი – ცოლს და ეს ფიზიკური ღალატი სულაც არ არის. მეგობარი ღალატობს მეგობარს, ქვეშევრდომი – უფროსს, ქვეყანა – ქვეყანას, ერი – ერს, სხეული – ადამიანს, ადამიანი – საკუთარ სხეულს. ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო, ტყუილად არ უთქვამს კლასიკოსს. ერთგული მხოლოდ ძაღლია, ისიც – თუ შენც მისი ერთგული ხარ: ზღაპრები მუმუზე არ გვინდა, რა. აჰა, შენ ერთგული ხარ: ანუ არავის ღალატობ, პრინციპულობას იჩენ, ანგელოსად, მესიად და სხვაზე უკეთესად მოგაქვს თავი? არა, გენაცვალე, ცდები. მაშინ ანგელოსი და მესია კი არა, ყოვლად უბადრუკი პიროვნება, ჭკუანაკლული იმპოტენტი, იდიოტიც კი ყოფილხარ და უთუოდ მარგინალიზაციისთვის ხარ განწირული. ასეთი შენ არავის სჭირდები და აუცილებლად გაირიყები, რადგან იმ სხვასაც ხომ ართმევ კუთვნილ შანსს აქეთ გიღალატოს, გაგამწაროს და თავისი, ასე ვთქვათ, ხოში და დილიხორი გაისწოროს. ასეთ დათმობაზე კი ვერავინ წავა, ვერავინ იქნება ყაბულს. ცოდვებს ცოდვილები მხოლოდ ეკლესიაში ინანიებენ, ისიც იშვიათად, ისიც მოჩვენებით, თორემ საერო ცხოვრებაში…
სამყაროში სიცოცხლის ბევრი სფერო არსებობს. ატმოსფერო, სტრატოსფერო, ბიოსფერო, ნოოსფერო, იონოსფერო, ბლოგოსფერო… სულიერად მშიერმა ეფრემმა კი ეს წამია, აღმაშენებლის ქუჩით მამისეული სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით სიარულისას, თავისდა უნებურად მოიგონა ახალი ცნება: ღალატოსფერო…
ისე, განა ასე არაა? ურტადო მართალია: ეს გაუთხოვარი ქართველი გოგოშკები, დედობის თანდაყოლილი ინსტინქტით სისხლში, თავის მიკროსკოპიული ტვინით, კიდევ უფრო მიკროსკოპიული გამოცდილებით და რომელიმე მოდური ევროპული ენის რაღაც დონეზე ფლობით, მზად არიან ნებისმიერ უხამს უცხოელს ლოგინში ჩაუგორდნენ, ოღონდ კი რაიმე სარგებელი ნახონ. საშუალო ქართველს კი ზედაც არ შეხედავენ, არადა, იქნებ სწორედ ასეთ ქართველს შეუძლია… მაგრამ ახლა ამის გარჩევის დრო არაა. რაც გინდა, ის იფიქრე, მაგრამ გვანცას რა ეშველება, ეფრემ? შენ ხომ იცი, რითი დასრულდება ყველაფერი, როგორი იქნება ამ სევდიანი ამბის ბოლო, რა ხანია იცი და ურტადო ამისთვის სულაც არ გჭირდება. კარგად იცი, რა ჩიტიცაა ეგ ვაჟბატონი ალვარო და ნუთუ ისე დამდაბლდები, რომ გაწირავ გვანცას, იმ გუანჩიტას, რომელიც ასე მოგწონს, ბებერი ოღრაშის სექსუალური ფანტაზიის დასაკმაყოფილებლად? მოგწონს კი არა და, შემოდგომის ნელთბილი სიყვარულითაც გიყვარს, და ასე იოლად ვერ დათმობ. მერე რა, რომ სულელი და ხარბია?
ახლა კი სასწრაფოდ რაიმე რაციონალურ გამოსავალს თუ არ იპოვის, მუცლის ნევროზულ ტკივილს ლამარას ხელით გამოცხობილი (ისე, რა ბედნიერია ენვერი!) აჭარული ხაჭაპურიც კი ვერ დაუშოშმინებს, სპაზმს დროებით კი მოუხსნის, მაგრამ ხვალ–ზეგ შეტევა გაუმეორდება და დარჩენილი საშვებულებო დღეებიც ჩაუმწარდება.
არ გინდა, გვანცა კეკუა გადაარჩინო, ეფრემ?

X X X

ეფრემ ბოლქვაძე და ურტადო გერერო ტომანსინი უკვე ერთ საათზე მეტია, რაც „ჯორჯიან პალასის“ საცურაო აუზის პირას, ჩეროში, პლასტიკატის სავარძლებში მაისურების გარეშე სხედან, ნელ–ნელა წრუპავენ ყინულიან „ჩივას რიგლს“ და გამოსავალს ეძებენ.
– …ნამდვილი კალიგულაა ეგ დამპალი, – უკვე მერამდენედ იმეორებს გიჟი და გარყვნილი რომაელი იმპერატორის სახელს ოდნავ შემთვრალი ეფრემი, – რომ შემეძლოს, იმ თქვენ ალვაროს საკუთარი ხელით მივახრჩობდი ბნელ shuka–ში. ღირსია.
– ეგ shuka რაღაა?
– სოფლის ბნელი ბილიკი. სადმე მოსახვევში ჩავუსაფრდებოდი და აი, ამ ხელებით…
– მიახრჩობდი ვითომ? მაპატიე, მაგრამ რაღაც არ მჯერა, amigo. შენ ხომ ცივილიზებული და ნატიფი ქართველი ხარ და არა ველური აცტეკი. თქვენ, ქართველებს, ამის თავი არა გაქვთ. რამდენი დღე იომეთ ამ სამი წლის წინ, ჰა? ბაქიბუქი ძალიან გიყვართ, გუანჩიტას თარგმნილ სტატიებს რომ ვკითხულობ, ასე მგონია, თქვენზე გულადი ხალხი ამქვეყნად არაა, საქმე რომ საქმეზე მიდგება კი… სვანი მაინც იყო. ისე, რომ იცოდე, ჩვენ, აცტეკები, მტერს მაჩეტეთი ვჩეხთ ხოლმე, ეგ შიშველი ხელებით დახრჩობაზე უფრო ნაღდია. ყველაფერს კი გულში ზუსტი და ძლიერი დარტყმა სჯობს. ოღონდ წერტილი უნდა იცოდე. მოიტა, დაგისხა. აი, ასე… ყინული თვითონ ჩაიყარე.
– სვანი იგივე ქართველია, ოღონდ სვანეთში ცხოვრობს, მთაში. რაც არ იცი, ჩემო ურტადო, იმაზე ნუ ილაპარაკებ რა… მე რომ აცტეკი საპოტეკში ამერიოს, გაგიხარდება?
– არ გამიხარდება, მაგრამ გაგიგებ. მთავარი გაგებაა. იარაღი თუ გჭერია ხელში, amigo, ნამდვილი იარაღი?
– მე პროფესიონალი დიპლომატი ვარ, ურტადო. გესმის, პრო–ფე–სიო–ნა–ლი, ანუ მშვიდობის მტრედი. ჩვენ, დიპლომატები, ღმერთმა ომების შესაჩერებლად გაგვაჩინა. რაკეტების სროლასა და ატომურ დარტყმებს კაცობრიობამ მოლაპარაკების გზა არჩია.
– მაშაყირებ, ეფრემ? ძველ დროსაც ასე იყო? რაღაცა მეც ვიცი, წამიკითხავს, უნივერსიტეტში ტყუილად დროს არ ვკარგავდი. სად იყვნენ დიპლომატები, როდესაც მონტესუმა დაატყვევეს და მექსიკა წაგვართვეს? სად იყვნენ დიპლომატები, როდესაც რუსებმა რაღაც ტრაქტატი გადაგახიეს თავზე? სად იყვნენ ჩვენი კოლეგები, როდესაც ჰიტლერმა ჩეხები გადასანსლა და გემრიელადაც დააბოყინა? ცხვირი აიბზუეს და შეშფოთდნენ? თუმცა რას გიყვები, ისტორიაში ჩემზე კარგად ერკვევი, ამის იმდენი მაგალითია, რამდენიც მარგალიტი ზღვის ფსკერზე… გადამწყვეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ძალა და კიდევ რწმენა იმისა, რომ ამ ძალის გამოყენება შეგიძლია. დიპლომატია კი ხორცის მსუყე ნაჭერზე მსუბუქად მოყრილ ბარდას ჰგავს, ეფრემ! სად რაკეტები და სად მაჩეტე? სად ომი და სად ღირსების დაცვა? ალვაროსთან ზავი გამოვა? ბევრ ლაქლაქს ერთი გაკეთებული საქმე გადაწონის, სხვანაირად კი ალვაროსთანა ნაძირალა ყოველთვის დაგჯაბნის და დაგამარცხებს… იცი, ზოგჯერ რას ვნატრობ? ტატლაკოლკოში ღირსებით დაბრუნებაზე. მშობლიური სახლი მესიზმრება. მექსიკის ყველა სიმდიდრეს ის მირჩევნია.
– და რა გიშლის ხელს?
– როგორ თუ რა?! ხელცარიელი ვერ დავბრუნდები. სანამ რომელიმე ბობოლას მუცელს არ გამოვუფატრავ და მის სიცოცხლეს ღმერთებს არ შევწირავ, ჩემს ხალხს თვალებში როგორ ჩავხედო? ხომ არ გავიწყდება, რომ ადრე ორი ჩვენიანი მყავს გასტუმრებული საიქიოს. კომპენსაციის სახით იმ აცტეკებს ზედ წარჩინებული მეხიკოელი გრანდი თუ არ წავაკალი, ხელს არავინ ჩამომართმევს. ისე, კიდევაც რომ მივაბრიდო სადმე ვიღაც ალვაროსთანა ღორი, მეშინია, არც ამას ჩამითვლიან საკმარის მსხვერპლად. ამიტომ ძალიან უნდა ვეცადო და ეხერსიტოში ისეთი კაცი მივიყვანო, რომელიც სუბკომანდანტეს გვერდით კალაშნიკოვით ხელში დაუდგება. ასეთი კაცი ჩემი ინდულგენცია გახდება და ტატლაკოლკოში სიცოცხლის ბოლომდე თავაწეული ვივლი. მაგრამ როგორ მოვახერხო, სად, რომელ ქვეყანაში ვიპოვო ახალი აცტეკი? მსგავსი ვაჟკაცი ჯერ არსად შემხვედრია, არც მექსიკაში და არც აქ, საქართველოში. საერთოდ არსად, ტატლაკოლკოს გარდა.
– რაო, ძვირფასო ურტადო, ნუთუ მექსიკის ელჩს, გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს დონ ალვარო გომეს–მარტინესს კომპენსაციის მიღების მიზნით მუცელს გამოუფატრავდი?
– ხელიც არ ამიკანკალდებოდა.
– მაგარია! არა, მაგ ნაძირალას მეც სიამოვნებით გავუსწორდებოდი, მაგრამ ეს მაინც ცარიელა სიტყვები მგონია, გაზვიადება, ჰიპერბოლა… მართალი ხარ, იარაღთან ძალიან უბრად ვარ. საკუთარი ხელით ბაზარში ნაყიდი ქათამიც კი არ დამიკლავს.
– და ერთხელ რომ გეცადა, გემო გაგეგო? ყველაფრის სწავლა შეიძლება. მე, მაგალითად, დიპლომატია ვისწავლე. ერთი წინადადება მაქვს. თუ მიიღებ, მაშინ სენიორიტა გუანჩიტა გადარჩება, თუ არა და – არა. გამოტყდი, ხომ გიყვარს გუანჩიტა, ეფრემ?
– რასაკვირველია, მიყვარს.
– საწყენად არ გეუბნები, მაგრამ იარაღის მიმართ მართლაც ისეთი დამოკიდებულება გაქვს, ვითომ დიდი ბავშვი იყო. აღარაა დრო დაკაცდე? მალე მაინც მეხიკოში მოხვდები და ყველაფერი შენს ხელთ იქნება. მხოლოდ უნდა გაბედო, ავტომატი აისხა და სელვაში გახვიდე. შენ ოღონდ გადაწყვიტე და მე მიგასწავლი, როგორ. ეგ პრობლემა არაა. სამაგიეროდ, მე მიყვარს იარაღი და მზადა ვარ ალვარო შენს მაგივრად ჩავაძაღლო. რეზიდენციაში ისეთი ბასრი მაჩეტე მაქვს ბალიშის ქვეშ ამოდებული, რომ… ამით ყველანი მოვიგებთ: პატარა გუანჩიტა გადარჩება, შენც კმაყოფილი დარჩები, თქვენი პოლიცია ვერაფერს მიხვდება, მე კი მექსიკაში დამაბრუნებენ, ცოტა ხნით საიდუმლო ციხეში გამაჩერებენ, მალე გამომიშვებენ და ტატლაკოლკოში გმირივით ჩავალ. დიდი–დიდი დიპლომატიური იმუნიტეტი მომიხსნან, ჭირსაც წაუღია… შენ კი, რაც მთავარია, ჩიაპასში ახალ ცხოვრებას დაიწყებ, არა დიპლომატიურს, არამედ ნამდვილს. აქ, შენს სამშობლოში, ასეთ ნაბიჯს ვერასდროს გადადგამ, რადგან ამას შენგან არავინ მოელის და ბოლოს ოთხ კედელსშუა ცოცხლად დაიმარხები. თავს ნუ მოიტყუებ, გუანჩიტა მაინც სხვას გაყვება ცოლად. სანამ უარს მეტყოდე, კარგად დაფიქრდი: ასეთი შანსი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა და მერე, თუ არ დააფასეს, უკვალოდ ქრება.
– სუფთა ბოდვაა რა… სად წავიდე, ჯუნგლებში? კი მაგრამ რომც გავგიჟდე და დაგეთანხმო, საიდან მეცოდინება რომ ალვაროს მართლა მოკლავ?
– აცტეკი არ ტყუის და არ ხუმრობს. აცტეკს არა მარტო გუანჩიტასი, შენი გადარჩენაც უნდა. სულ მალე, 16 სექტემბერს, მექსიკის დამოუკიდებლობის დღეა და ჩათლახი ალვარო, უეცრად ავად თუ არ გახდა, აუცილებლად თბილისში ჩამოვა და დიდ მიღებას გამართავს, რადგან თბილისის საელჩო ჩვენთან უფრო მნიშვნელოვნად ითვლება, ვიდრე ერევნისა. ზეიმს ყველანი დავესწრებით, შენც, თუ მაშინ თბილისში იქნები. მაგრამ გინდაც წასული იყო, ამით მაინც არაფერი შეიცვლება, პირიქით, უკეთესიცაა, ეჭვის საფუძველი გაუქრებათ… გპირდები, რომ ალვაროს პირდაპირ საელჩოში, ყველას თვალწინ გამოვფატრავ. წესით, სიკვდილს ფრაკში გამოწყობილი უნდა შეხვდეს. ყველაფერში თავად დარწმუნდები, ოღონდ თუ მე ჩემს სიტყვას შევასრულებ, შენც შენი შეასრულე, ეხერსიტოს რიგებში შედი. ერთ მშვენიერ დღეს მეხიკოში მათხოვარი აგეკიდება და გეტყვის, შენთან სიცხის გამყიდველმა გამომგზავნაო. ასე მეძახიან საპატისტები. დაუჯერე მას. ის მათხოვარი კონსპირაციულ ბინაში მიგიყვანს და აგიხსნის, როგორ უნდა მოიქცე. მეხიკოდან სან–კრისტობალში სარეისო ავტობუსითაც შეიძლება ჩასვლა, სან–კრისტობალიდან ტატლაკოლკოში კი მეგზური ჩაგიყვანს. მოსულა?
– კი მაგრამ პირდაპირ საელჩოში როგორ მოკლავ? მერე? მას ხომ დაცვა ჰყავს. შენ ხომ დაგიჭერენ, გაგასამართლებენ, მერე კი ციხეში ამოგალპობენ. ჩიაპასში კი უშენოდ როგორ წავიდე?
– დაცვაში ღლაპები არიან, ვერაფერს მოასწრებენ. ჩემი დარდი კი ნუ გექნება. არ დაგავიწყდეს, რომ მე აქ სპეციალური პროგრამით ვარ ჩამოსული, თან დიპლომატიური იმუნიტეტი მიცავს. მას შემდეგ, რაც ალვაროს მოვკლავ, საელჩოშივე დამიჭერენ, მერე თვითმფრინავში ჩამსვამენ, მეხიკოში გადამაფრენენ, ცოტას გამაწვალებენ, ბოლოს კი ისევ ტატლაკოლკოში დამაბრუნებენ. ჩემისთანა აცტეკები თვლითაა. ფედერალები ასე იოლად ვერ შემელევიან და საქმეც ჩაიფარცხება, – დიდი ამბავი თუ აცტეკმა ვიღაც პედერასტი მოკლა… მერე ფედერალებს საბოლოოდ დავემშვიდობები, ეგრევე სუბკომანდანტეს მივადგები და შენც მოგხედავ. გომეს–მარტინესის მოშორება გმირობაში ჩამეთვლება. ასე რომ ყველაფერი რეალურია. ჰა, თანახმა ხარ? დალიე.
– არა. მთვრალი ვარ და მეყოფა, დროა წავიდე. სახლში საკუთარი ფეხით მინდა მისვლა. ისე, საინტერესო წინადადებაა. უნდა მოვიფიქრო. მაშ, ნამდვილად გაასაღებ იმ ნაბიჭვარს?
– უეჭველად, amigo. თან ყველას თვალწინ.
– კარგი და პატიოსანი. საბოლოო პასუხს ხვალ მიიღებ. შეხვდეთ ჩვენს კაფეში, თორმეტ საათზე. მე ფხიზელი მოვალ და შენც ფხიზელი მოდი. დეტალებზე უნდა მოვილაპარაკოთ, ურტადო.

X X X

დილით ეფრემს პირი ჰქონდა გამშრალი, მაგრამ თავი არ სტკიოდა – ვისკი მართლაც საუკეთესო აღმოჩნდა, თან დროზე შეწყვიტა სმა.
დადგა გადაწყვეტილების მიღების ჟამი. მალე სამინისტრო, თბილისი, მშობლების დაკრძალვა, სამოქალაქო ომი, ანგელა დიტრიხი – ყველაფერი ეს წარსულში, უხილავი კედლის მიღმა დარჩება, წინ კი მხოლოდ მეხიკო, ჩიაპასი და ბებერი ოღრაშის კლანჭებს გადარჩენილი და ისევ გასათხოვარი გუანჩიტაა…
აცტეკი მართალია: დროა, დაკაცდეს. მართლა ბოლო შანსია ამის. ის, რაც არაფრით გამოუვა საქართველოში, შეიძლება გამოუვიდეს შორეულ მექსიკაში. ესეც ისტორიული უკუღმართობაა, ალბათ, მაგრამ სხვა გზა, სამწუხაროდ, არ ჩანს. არსენა ოძელაშვილად ან ქაქუცა ჩოლოყაშვილად ეფრემი ვერ გამოდგება. უკვე გვიანია, თანაც ამის უფლებას სახელმწიფო მოხელეს აქ არავინ მისცემს, და რომც მისცეს, ყველა ნაცნობი თუ უცნობი სასაცილოდ აიგდებს, იტყვიან, გადაიღალა და გაგიჟდა ნამეტანი შრომისგან საცოდავი ეფრემიო. საპატისტებთან კი მართლა შეიძლება რაღაც სიახლეს ეზიაროს, შეისუნთქოს დენთის მძაფრი სუნი. ესეც გამოსაცდელია. სხვა თუ არაფერი, პირველი ქართველი იქნება, რომელსაც იდუმალებით აღსავსე ტატლაკოლკოს მიწაზე ძმურად შეეგებებიან უძველესი აცტეკები.
მაგრამ ჯერ გომეს–მარტინესი უნდა მოკვდეს. ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი მისთვის ეფრემს გამოაქვს, ინდიელი მხოლოდ შემსრულებელია. გასაოცარია, – უნებურად გაიფიქრა ეფრემმა, – რა გზას არ პოულობს ჭეშმარიტი სამართლის ნელი ურემი მიზნის მისაღწევად. დედამიწის მეორე ნახევარსფეროში, სადღაც მექსიკაში, ოდესღაც ჩადენილი უღირსი საქმეებისთვის გომეს–მარტინესმა აქ, საქართველოში უნდა აგოს პასუხი და რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ხელით. განგებამ ასე ინება და მორჩა.
ეფრემმა საათს დახედა: ახლა ცხრაა და კიდევ მოასწრებს პლაჟზე გასვლასა და ტანზე წყლის გადავლებას. თუმცა კეკლუცობა საჭირო აღარაა: გარიგება ურტადოსთან აუცილებლად უნდა შედგეს: სასიკვდილო განაჩენი გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ცხოვრებაში დაშვებული შეცდომის გამოსწორება კი ეფრემს ახლა მხოლოდ ასე, ჩვეულ კომფორტსა და მცონარე არსებობაზე ხელის აღებით თუ შეუძლია, ისიც ყოველგვარი გარანტიის გარეშე. მაინც უნდა გარისკოს. უკან დასახევი გზა თავად მოიჭრა – მაშინ, როდესაც გააცნობიერა, რომ ანგელა დიტრიხის ნაცვლად მოედანზე გამოსულმა გვანცა კეკუამაც უღიმღამოდ დატოვა ასპარეზი და ეფრემს აღარაფერი დარჩენოდა საკუთარი თამაშის ეულად გაგრძელების გარდა.

X X X

სახეობა: რაპორტი
კავშირის საშუალება: თანამგზავრი
ვერსია: ელექტრონული
ვინ აგზავნის: ფედერალური შეიარაღებული ძალების 38–ე სამთო–სადაზვერვო ბატალიონის მეთაური Teniente Coronel ხუან მონტერო ალვარადო
ადრესატი: აღმოსავლეთის ტაქტიკური დაჯგუფების შტაბი
პერსონალური მიმღები: შტაბის მეთაური, General Brigadier რამონ ფერნანდეს სეგილია

„ბატონო გენერალო!
მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ მიმდინარე წლის 25–28 ოქტომბერს ჩემდამი დაქვემდებარებული ბატალიონის სპეცდანიშნულების ორი ქვეგანაყოფი (მე–2 ქვეითი კაპიტან ველინგტონის და მე–4 ქვეითი კაპიტან კუერკას მეთაურობით) ბონამპაკი–პალენკეს საკომუნიკაციო ხაზზე სრული კონტროლის დაწესების მიზნით ატარებდა გეგმურ შეტევით ოპერაციას ჩიაპასის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში, გვატემალა–მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით ოცდახუთ კილომეტრში. ჩვენი ნაწილის ავანგარდის ეხერსიტოს რაზმებთან ხანმოკლე და წარმატებული შეტაკების შედეგად მოწინააღმდეგემ დატოვა საშუალედო ბანაკი ქალაქ ბონამპაკის მახლობლად (ზუსტი კოორდინატები აღნიშნულია საშტაბო რუკაზე) და იძულებული გახდა, გვატემალის საზღვრისკენ დაეხია, რის შემდეგაც აღნიშნული ბანაკის ტერიტორია ჩვენმა ბატალიონმა დაიკავა. საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებული შესაძლო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე (დამქანცველ ორდღიან ბრძოლაში დაიღუპა 3 ჩვენი ჯარისკაცი, დაიჭრა 18, ბატალიონი განიცდის სურსათისა და საწვავის მწვავე ნაკლებობას), ჩემი ბრძანებით შევაჩერე მოწინააღმდეგის დევნა და გავამაგრე ბონამპაკი–პალენკეს კომუნიკაცია რუკაზე აღნიშნულ უბანზე. გთხოვთ სასწრაფოდ გამოგზავნოთ შვეულმფრენი დაჭრილი მეომრების სან–კრისტობალში, ტუსტლა–გუტიერესში ან მეხიკოში გადასაყვანად, რადგან ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნუგეშოა. მოწინააღმდეგის დანაკარგი ჩვენთვის ზუსტად ცნობილი არაა, ვინაიდან ბანაკის ტერიტორიაზე საპატისტების მიტოვებული გვამები ვერ აღმოვაჩინეთ, თუმცა მიწაზე და ფოთლებზე დარჩენილი სისხლის ლაქები მეტყველებს, რომ პარტიზანებს შორის არიან, როგორც მინიმუმ, დაჭრილები. მოგახსენებთ ასევე, რომ ბანაკში ჩვენს მიერ ამოღებულია გალეტების, სამედიცინო პრეპარატების, სახვევი მასალებისა და სასმელი წყლის გარკვეული რაოდენობა, აგრეთვე რამდენიმე საბუთი, რომელთა მოსპობა ან წაღება პარტიზანებმა საბრძოლო ვითარებაში ვერ მოასწრეს და რომლებიც ამჟამად ჩემს განკარგულებაშია. იძულებული ვარ, მივაპყრო თქვენი ყურადღება, გენერალო, იმ სკანდალურ გარემოებას, რომ სხვა საბუთებთან ერთად ხელთ ჩაგვივარდა საქართველოს რესპუბლიკაში გაცემული მოქმედი დიპლომატიური პასპორტი ვინმე ეფრემ ბოლქვაძის სახელზე. პრესიდან ცნობილია, და მეც წამიკითხავს ამის შესახებ, რომ აღნიშნული ბატონი არცთუ დიდი ხნის წინ მეხიკოში გაუჩინარებული და ძებნილი ქართველი დიპლომატია, რამაც უთუოდ უნდა დააინტერესოს როგორც საგარეო საქმეთა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროები. უკლებლივ ყველა ამ საბუთს, შესაბამისი მოკლე აღწერითურთ, ბატონო General Brigadier, დაბეჭდილ პაკეტში მოვათავსებ და უახლოეს მომავალში შვეულმფრენის მფრინავის ხელით გამოგიგზავნით. მორიგი ინსტრუქციების მოლოდინში ვაგრძელებ ბანაკის გარე პერიმეტრის გამაგრებასა და კონტროლს.
უღრმესი პატივისცემითა და მხედრული სალმით,
ხუან მონტერო ალვარადო ი გოია, Teniente Coronel
29 ოქტომბერი, 2012 წელი, ბონამპაკი“.

X X X

ამ საქმესთან დაკავშირებული და ჩვენს ხელთ ამჟამად არსებული მწირი და წინააღმდეგობებით აღსავსე პირველადი ინფორმაცია არ გვიტოვებს საკმარის ველს ფათერაკიანი და ფანტასტიკური შინაარსის ვერსიების გასაშლელად. ერთადერთი ,რაც შეგვიძლია, არსებული უტყუარი ფაქტების აღნუსხვა და მათი ერთიან სისტემაში მოქცევაა. ვიხელმძღვანელეთ რა ამ მოსაზრებით, თავს უფლება მივეცით და შემოვიფარგლეთ უკანასკნელი მოვლენების წრფივი, ერთ ძაფზე აწყობილი მარტივი მიმდევრობის შედგენით, ხოლო დაინტერესებულმა პირებმა დაე სცადონ და იმავე ფაქტებზე დაყრდნობით თავად გამოიტანონ ისეთი დასკვნები, რომლებიც უფრო მეტად შეეფერება როგორც მათ მსოფლმხედველობას, ისე მათთვის ღვთივბოძებული წარმოსახვის უშრეტ უნარს.

1. 2011 წლის აპრილი – მექსიკა და საქართველო ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობას საელჩოთა დონეზე;
2. 2011 წლის მაისი–ივნისი – მექსიკის ელჩი სენიორ ალვარო გომეს–მარტინესი საელჩოში კონტრაქტით მომუშავე საქართველოს მოქალაქე გვანცა კეკუას მიმართ გადამეტებული ყურადღების გამოჩენას იწყებს. ეფრემ ბოლქვაძისადმი დადებითად განწყობილი გვანცა მერყეობს, ის მეტის მოლოდინშია. ელჩსა და მას შორის სასიყვარულო ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება;
3. 2011 წლის 14 ივლისი – ხელმოწერილია ბრძანება ეფრემ ბოლქვაძისთვის ატაშეს დიპლომატიური რანგის მინიჭებისა და მისი საქართველოს მექსიკის საელჩოში კულტურის საკითხთა ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ;
4. 2011 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი – ქობულეთში ადგილი აქვს რამდენიმე პრივატულ შეხვედრას აქ შვებულებაში მყოფ ეფრემ ბოლქვაძესა და მექსიკის საელჩოს პოლიტიკურ მრჩეველ ურტადო გერერო ტომანსინს შორის. წარმოშობით აცტეკი ტომანსინი უყვება ბოლქვაძეს ფედერალური მთავრობის მიერ ჩიაპასის მთებში ტატლაკოლკოს რეზერვაციის ფუნქციონირების შესახებ და უმხელს მას გვანცა კეკუას ზრახვებს;
5. 2011 წლის 16 სექტემბერი – მექსიკის დამოუკიდებლობის დღე. თბილისში ამ დღის აღსანიშნავად იმართება საზეიმო მიღება მექსიკის საელჩოში. ცერემონიას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრება ეფრემ ბოლქვაძეც. მიღების დროს ურტადო ტომანსინი გულში მაჩეტეს მოულოდნელი დარტყმით ადგილზე კლავს ალვარო გომეს–მარტინესს. დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ტომანსინი სასწრაფოდ გადაჰყავთ მექსიკაში, სადაც მისი კვალი იკარგება;
6. 2011 წლის 24 სექტემბერი – ეფრემ ბოლქვაძე ჩადის მეხიკოში და იწყებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას;
7. 2011 წლის ოქტომბერი–2012 წლის აგვისტო – ეფრემ ბოლქვაძე ქირაობს ბინას მეხიკოში, ბევრს მოგზაურობს ქვეყანაში, ამყარებს მრავალგვარ კავშირებს მექსიკის კულტურულ სამყაროსთან და სათანადო წრეებში საკმაო პოპულარობასაც იხვეჭს;
8. 2012 წლის 3 სექტემბერი – ბოლქვაძეს ქუჩაში ხვდება მათხოვრის ძონძებში ჩაცმული ადამიანი, გადასცემს მას მოკითხვას „სიცხის გამყიდველისგან“ და დიპლომატი კონსპირატიულ ბინაში მიჰყავს;
9. 2012 წლის 8 სექტემბერი – ეფრემ ბოლქვაძე სარეისო ავტობუსით ჩადის სან–კრისტობალში და უჩინარდება;
10. 2012 წლის 18–22 სექტემბერი – მექსიკურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია ფედერალური პოლიციის მიერ შესაბამისი გამოძიების დაწყების შესახებ. გამოითქვა ეჭვი, რომ ბოლქვაძე შეუერთდა ეხერსიტოს;
11. 2012 წლის 29 ოქტომბერი – იხ. Teniente Coronel ხუან მონტერო ალვარადოს რაპორტი. ეფრემ ბოლქვაძე, როგორც ჩანს, ცოცხალია.

ყოველივე ამას შეგვიძლია დავუმატოთ ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაცია საპატისტების საზღვარგარეთული რეზიდენტურების გააქტიურების შესახებ ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში, სადაც ანტიგლობალისტების პოზიციები ტრადიციულად ძლიერია. ყოველ შემთხვევაში, საახალწლოდ ჩვენი დაზვერვის ყურამდე მიაღწია ხელისუფლების მიერ ირიბად კონტროლირებადი ერთ–ერთი ცნობილი მედიასაშუალების წიაღიდან გამოჟონილმა ცნობამ იმის თაობაზე, რომ ვინმე „სიცხის გამყიდველმა“ შეძლო ეფრემის ყოფილი საყვარლის, ანგელა დიტრიხის ბერლინში მოძიება და ანონიმურად დაუკავშირდა მას.

ეპილოგი

გაზეთ „ხმის“ მთავარი რედაქტორის ერმილე სილაგავას მემორანდუმი, დაწერილი თავისუფალ დროს გონების გასავარჯიშებლად, პატივმოყვარობის გამო და შესაძლო ჟურნალისტური გამოძიების მომავალში წარმოების მიზნით:

პირად კომპიუტერში ფაილის შექმნის თარიღი და დრო: 23/12/2012, 21.23

დღეს დილას, ზუსტად 11.00–ზე, ჩემი კაბინეტის კარი შემოაღო სანდომიანი გარეგნობისა და ინტელიგენტური ჩაცმულობის ასაკოვანმა კაცმა სქელმინიანი მრგვალი სათვალით სახეზე და ძველებური პორტფელით ხელში – ბატონმა ჯაბა გოცირიძემ.
(ბატონი ჯაბას შესახებ 22–ში, საღამოს, შინ დამირეკა და გამაფრთხილა ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის, მოხუცი აკადემიკოსის ნესტორ თოდაძის სიძემ, პროფესიით ბიოქიმიკოსმა ბეგლარ ბალიურმა, რომელსაც სტუდენტობის წლებიდან კარგად ვიცნობ და ვენდობი. აკადემიკოსი თოდაძე, სხვათა შორის, ის პიროვნება იყო, რომელიც სიძესთან ერთად გვერდში დაუდგა რედაქციას იმ მძიმე დღეებში, როდესაც ჩვენ ჩვენი ოთახებიდან ქუჩაში გვყრიდნენ, ჩვენ კი, თავის მხრივ, გვერდით დავუდექით აკადემიკოს თოდაძეს მაშინ, როდესაც მისი ინსტიტუტის შენობას აუქციონზე დაუპირეს გაყიდვა. მაშინ თოდაძემ და ბალიურმა „პატრიოტში“ დიდი წერილი გამოაქვეყნეს, რასაც გარკვეული საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა. მართალია, ამ წერილმა ვერ გვიშველა და რედაქციას ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში მოუწია გადაბარგებამ, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემა დღემდე შემოგვრჩა. ბალიური და გოცირიძე დღეს კავკასიის აგროქიმიური უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების კათედრაზე მუშაობენ. შედარებით ახალგაზრდა ბალიურს ბიოქიმიის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა უკავია, ხოლო სადღეისო კრიტერიუმებით ხნიერ, ორმოცდათოთხმეტ წელს მიღწეულ გოცირიძეს კი ნაკლებად გაუმართლა – იგი მხოლოდ უფროსი მეცმუშაკია. ტელეფონით ბეგლარმა მითხრა, რომ გოცირიძეს ამას წინათ გერმანიიდან რაღაც უცნაური წერილი მიუღია, მერე, თურმე, რაღაც მოსაზრებები გასჩენია, დახმარებას ითხოვს და იქნებ როგორმე მიიღო და მოწმეების გარეშე გაესაუბროო. დილით ზღვა საქმეა რედაქციაში, ხალხიც ბევრი მიცდის, მაგრამ ბეგლარს უარს ვერ ვეტყოდი).
მისალმებისა და რამდენიმე რიტუალური და არაფრისმთქმელი სიტყვის შემდეგ, მე ბატონ ჯაბას ვთხოვე პირდაპირ საქმეზე გადასულიყო და მდივანს ჩემთან სხვა ვიზიტიორების შემოშვება დროებით ავუკრძალე.
ბატონმა ჯაბამ პორტფელიდან საშუალო ზომის კონვერტი ამოასრიალა, იქიდან ორად გადაკეცილი სამი ფურცელი ამოიღო და გადმომაწოდა. ფურცლებს თვალი გადავავლე და დავრწმუნდი, რომ ეს იყო გერმანული ტექსტი, რომლის ბოლოში ლათინური (ბუნებრივია) ასოებით მიბეჭდილი იყო ავტორის ვინაობა: ანგელა დიტრიხი. სტუმარს გაკვირვებულმა ავხედე.
– მე გერმანული არ ვიცი, თუმცა ასოებს კი ვარჩევ. და რა მერე?
გოცირიძემ, თითქოს ამ კითხვას ელოდაო, იმწამსვე პორტფელიდან სხვა ფურცლებიც ამოიღო, მაგიდაზე დამიდო და მითხრა:
– ეს ამ ორიგინალის პრაქტიკულად ზუსტი თარგმანია. გერმანული საკმაოდ კარგად ვიცი, ამიტომ ტექსტი პირადად ვთარგმნე და მერე დავბეჭდე კიდეც. ამ შრიფტის გარჩევა თქვენ არ გაგიძნელდებათ. შინაარსი ბეგლარმაც კი არ იცის. ძალიან გთხოვთ, აქვე წაიკითხოთ, სხვანაირად ვითარებას ვერ ჩაწვდებით. არც ისე გრძელი წერილია.
მოვლენებს ოდნავ გავუსწრებ და ვაღიარებ, რომ ტექსტის ქართულმა ვარიანტმა იმდენად დამაინტერესა, რომ სტუმრის თანდასწრებით ნოუთბუკზე თავად ავკრიფე და ასლის სახით დავიტოვე. ამიტომ მისი ქვემოთ მოყვანა არ მიჭირს:

„ძვირფასო ჯაბა!
ასი წელი, უფრო ზუსტად კი ოცდათორმეტი, გავიდა მას მერე, რაც ერთმანეთი არ გვინახავს. დიდი ხანია არაფერზე შემიწუხებიხარ და ცოტა მრცხვენია კიდეც, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს.
ოცდათორმეტი წლის წინ მოსკოვიდან ბერლინში რომ ვბრუნდებოდი, ორივენი სრულიად სხვანაირ ქვეყნებში ვცხოვრობდით. მას მერე წყობაც შეიცვალა, ეპოქაც და ცხოვრებაც. რას არ მოესწრები ადამიანი!
წესით უნდა გახსოვდეს, რომ იმ პერიოდში, როდესაც შენც და მეც ლაბორატორიაში საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობით დღე და ღამე გვქონდა გასწორებული და მომავალი სრულიად სხვა ფერებში გვეხატებოდა, ჩემს ცხოვრებაში შენი უმცროსი ამხანაგი შემოიჭრა. ალბათ, მიხვდი, ვისაც ვგულისხმობ. შენსავით ქართველს, მოსკოვის მთავარი დიპლომატიური სასწავლებლის ერთ უკომპლექსო სტუდენტს, რომელსაც არც ერთ ზუსტ მეცნიერებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ ლაღი და ყურადღებიანი იყო – ეფრემ ბოლქვაძეს. თუ გახსოვს, მე ის შენი დაბადების დღეზე გავიცანი. ეფრემმა მაშინ ორი ბოთლი კარგი კონიაკით დაგვასაჩუქრა და რა დამავიწყებს იმ გულწრფელ სიხარულსა და კისკისს, რომლითაც ამ საჩუქარს დამსწრე საზოგადოება შეხვდა. კარგი დრო იყო.
უთუოდ ისიც გემახსოვრება, რომ ეფრემმა იმ პერიოდში ჩემთან რომანი გააბა. ის ბიჭი მე თავიდანვე მომეწონა და სულაც არ ვნანობდი, ასე ახლოს რომ მოვუშვი. ყველაფერი შენ თვალწინ ხდებოდა. ამაზე საუბარი მიმძიმს, მაგრამ მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და უკვე შემიძლია ჩემი საქციელის ობიექტურად განსჯა. საშინელება მერე მოხდა. მან უეცრად, ერთი დარტყმით მიმატოვა, ამომშალა თავისი ცხოვრებოდან. მხოლოდ ერთხელ დამირეკა, მოკლედ მომახალა, რომ ჩემი ნახვა აღარ სურს, რადგან სხვა უყვარს, კარგად იყავიო, მოაყოლა და მორჩა. ყურმილი რომ დაკიდა, გავოგნდი და ვიტირე, მაგრამ, აბა, რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი? ამის მერე თვითონ აღარ დაურეკავს, ჩემს ზარს კი ან არ პასუხობდა, ან კიდევ უხეშად აგდებდა ყურმილს. ნეტავ, ასეთი რა დავუშავე? ყოველთვის მიკვირდა და ახლაც მიკვირს, რატომ გაწყვიტა ეფრემმა ჩემთან კავშირი ასე უცნაურად, მოულოდნელად, არაკაცურად? მივლინების ბოლომდე ინსტიტუტიდან თითქმის აღარ გამოვსულვარ, გერმანიაში მაინც ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა, საბჭოთა კავშირში კი დისერტაციის დასამთავრებლად ვიყავი ჩამოსული და ჩემი მასწავლებლების ღალატის უფლება არ მქონდა. შრომითი თერაპიით შევებრძოლე დაწყებულ დეპრესიას და როგორღაც ჩავკალი იგი, შენთვისაც კი არაფერი მითქვამს. არც შენ ეხებოდი ამ მტკივნეულ თემას, თუმცა, მგონია, რომ ყველაფერი იცოდი, რადგან ეფრემთან ბევრი ძაფი გაკავშირებდა. დღემდე არ მესმის, რა მოხდა. მე ხომ მას არავითარ სირთულეს არ ვუქმნიდი. შეუღლებაზე სერიოზულად არ ვფიქრობდით, და წასვლის წინ იმის თქმის საშუალებაც კი არ მომეცა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. განსაკუთრებით კი ის მეწყინა, რომ სადგურზეც კი ვერ გაბედა ჩემს გასაცილებლად მოსვლა. იმას რა დამავიწყებს, ძვირფასო ჯაბა, რომ ვაგონამდე მხოლოდ შენ მიმაცილე, ახლაც გხედავ ჩემი დიდი ჩემოდნით ხელში. მაშინ ბაქანზე მისამართები გავცვალეთ: შენ შეიძლება ჩემი დაკარგე, მაგრამ მე შენი – არა. იმ ჩანაწერს ყოველთვის სათუთად ვინახავდი და დღემდე შემომრჩა. აკი გამომადგა კიდეც. თუ ახლა ამ წერილს კითხულობ, ორიდან ერთია: ან ამ ოცდათორმეტი წლის მანძილზე მისამართი არ შეგიცვლია, ან კიდევ თბილისის ფოსტაში (ან შენ ყოფილ სამეზობლოში) გამოჩნდენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც ეს წერილი შენამდე მოიტანეს.
ყველაფერი ეს წარსული ამბავია და მის რეანიმირებას არ შევუდგებოდი, რომ არა ახალი გარემოება, რომელმაც სიტუაცია იმდენად შეცვალა, რომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მაგიდასთან დავჯექი და ეს წერილი მოგწერე.
მინდა იცოდე, რომ ამჟამად ორგანული ქიმიის ინსტიტუტში ვმუშაობ და აღმოსავლეთ ბერლინში, მარცანში (ეს მოსკოვის ჩერიომუშკების ბერლინური ანალოგია), სოციალისტური პროექტით აშენებულ ოროთახიან ბინაში ვაჟიშვილთან ერთად ვცხოვრობ. იმ დღეს, საღამოს, შინ რომ მივედი და საფოსტო ყუთი გავხსენი, ჩემს სახელზე გამოგზავნილი დიდი ყვითელი კონვერტი აღმოვაჩინე. თავიდან ვიფიქრე, რომ მასში რომელიმე ფირმის სარეკლამო პროსპექტები ან მორიგი სამეცნიერო კონფერენციის მასალები იქნებოდა, მაგრამ შევცდი. ბინაში რომ ავედი და კონვერტი გავხსენი, იქ დამხვდა წარსულის მივიწყებული აჩრდილი (მაპატიე უნებური პათოსისთვის), რომელმაც სადღაც შორით, დედამიწაზე შენი არსებობა გამახსენა.
იმ უცნაური წერილის ყველა სიტყვა დიდი და მრგვალი ასოებით იყო შედგენილი, რამაც ავტორისეული ხელწერის განზრახ შეცვლაზე მიმანიშნა. თავად ტექსტი ძალიან ცუდი, არაბუნებრივი გერმანულით იყო დაწერილი, მაგრამ აზრის გამოტანა მშვენივრად შეიძლებოდა. მე ლინგვისტი, მართალია, არ გახლავარ, მაგრამ სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში დაბეჭდილი სტატიების კითხვა ხშირად მიწევს და ევროპული ენების სტრუქტურულ წყობაში მეტ–ნაკლებად ვერკვევი. თუ გინდა, ამას ინტუიცია უწოდე. პირველი ფრაზებიდანვე მივხვდი, რომ წერილის ავტორის მშობლიური ენა აშკარად რომანული წარმოშობის, უფრო ესპანური უნდა ყოფილიყო (სხვათა შორის, ასეც აღმოჩნდა). ტექსტს ხელს აწერდა ვინმე „სიცხის გამყიდველი“, რომელსაც საიდანღაც, წარმოდგენა არა მაქვს საიდან, მოუპოვებია ჩემი არცთუ გამოჩენილი პერსონის საფოსტო ყუთის ნომერი და ბინის მისამართი.
პირველივე სტრიქონების ჩაკითხვის შემდეგ ჩემთვის ცხადი გახდა, რომ „სიცხის გამყიდველმა“ ბევრი რამ იცის არა მარტო ჩემი ადგილმდებარეობის (ნეტავ საიდან? ცე–ერ–უ, ეფ–ეს–ბე, ბე–ენ–დე, მოსსადი, პირადად ეფრემისგან?), არამედ ჩემი და ეფრემის რომანის შესახებაც. ჩემთვის უთუოდ დიდი სიურპრიზი იყო, რომ ეფრემს, თურმე, ვახსოვარ. მეტიც, თუ ჩემს უცნობ კორესპონდენტს დაეჯერება, მთელი ეს ოცდათორმეტი წელი ეფრემი საშინლად იტანჯებოდა იმის გამო, რამ ასე გამწირა და დამემალა. „სიცხის გამყიდველი“ მიმტკიცებდა, რომ ჩვენი დაცილება და მისი უცნაური საქციელი გაბიუროკრატებული საბჭოთა კომპარტიის უხეში ზეწოლის შედეგი იყო, რაც დღევანდელი გადასახედიდან სავსებით სარწმუნოდ მეჩვენება. როგორც ჩანს, საბჭოთა კომუნისტები სასტიკად უკრძალავდნენ თავის მომავალ დიპლომატებს, ანუ რეჟიმის პრივილეგირებულ მსახურებს, ნებისმიერი წარმოშობის უცხოელებთან ურთიერთობის ზედმეტად ახლო ფორმებს, რაც მე მაშინ მთელი მოცულობით ვერც კი წარმომედგინა, რადგან ძმური და სატელიტი ქვეყნიდან ვიყავი ჩამოსული. მართალია, ცხოვრება აღმოსავლეთ გერმანიაში საკმაოდ რეგლამენტირებული იყო და „შტაზი“ ყველაფერს აკონტროლებდა, მაგრამ მკაცრი შეზღუდვები უფრო დასავლეთზე ვრცელდებოდა, საბჭოთა ადამიანებთან ურთიერთობას კი ჰონეკერი, ჰაგერი და მილკე არ გვიშლიდნენ, პირიქით, ეს მისასალმებელიც კი იყო. როგორც ჩანს, ეფრემმა თავისიანების ზეწოლას ვერ გაუძლო და ჩემთან მეგობრობას კარიერის აწყობა ამჯობინა. მე მას ვერ განვიკითხავ, მით უმეტეს, თუ „სიცხის გამყიდველს“ დავუჯერებ, მან თავისი უკვე ზღო.
ეს ჩემთვის სრულიად უცნობი „სიცხის გამყიდველი“, რომელიც, როგორც ვხვდები, ეფრემთან დაახლოებული პირი უნდა იყოს, მწერს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ეფრემმა რადიკალურად შეცვალა თავისი ცხოვრება, საქართველო დატოვა, მიანება თავი საელჩოში გარანტირებულ მუშაობას, მექსიკის ჯუნგლებში გადაიხვეწა და ამჟამად ავტოქტონური ინდიელების შთამომავლებთან ერთად იარაღით ხელში ებრძვის საზიზღარ კაპიტალისტებს. შესაძლოა, ეს ფანტასტიკაა, მაგრამ ასე მწერს და რა ვქნა, როგორ გადავამოწმო? ისევ შენ თუ დამეხმარები, ძვირფასო ჯაბა. შენ უთუოდ ჩემზე მეტი გეცოდინება და იქნებ რაიმე რეალური ცნობა მომაწოდო ეფრემის ახლანდელ მდგომარეობაზე. და თუ არ იცი, მაშინ იქნებ არ დაიზარო და საგარეო საქმეთა სამინისტროში ან რომელიმე ცნობილი გაზეთის რედაქციაში მოიკითხო სიმართლე (ხომ შეუძლებელია მისი კვალი საერთოდ გამქრალიყო!) და დაინტერესდე შენი ყოფილი მეგობრის ბედით. სხვათა შორის, წერილში „სიცხის გამყიდველი“ მოკლედ მიმოიხილავს ეფრემის ბიოგრაფიის იმ მომენტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩემთვის საინტერესოა, და აღნიშნავს, რომ ჩემს მერე ეფრემს სხვა ქალისკენ თვალი არ გაქცევია (რაც დაუჯერებლად მეჩვენება). შემდეგ მეგობრობის თემასაც ეხება და ეფრემის ახლობლებად მხოლოდ მის უფროს ძმასა და ოჯახის წევრებს (ქობულეთში უფროსი ძმა რომ ჰყავდა, კი ვიცოდი, ოდესღაც ეფრემმა მითხრა), და კიდევ ვიღაც თარჯიმანს, ვინმე გვანცა კეკუას ასახელებს. სულ ესაა? ნუთუ ეფრემს მეგობრები არ ჰყავდა და ასე მარტოსული იყო? შენ რატომ არა ხარ მეგობრების სიაში, ჯაბა?
ახლა კი მთავარი: ვფიქრობ, ეფრემმა, თუნდაც ახლა მართლა მექსიკის ჯუნგლებში იმალებოდეს, მაინც უნდა გაიგოს, რომ მამაა და მისი შვილი – გიუნტერ დიტრიხი – ახლა ოცდათერთმეტი წლის მამაკაცია. დიახ, მე მაშინ შვილი შევინარჩუნე. როგორ ვიცხოვრე და შვილი ფეხზე როგორ დავაყენე, ეგ სხვა თემაა. არ მიმაჩნდა საჭიროდ ეფრემისთვის ამის გამხელა, არ იყო ღირსი და იმიტომ. მაგრამ, როგორც ჩანს, დაბერებასთან ერთად მოვლბი და თან კიდევ ეს წერილი… ჩემო ძვიფასო ჯაბა, შენთან დიდი თხოვნა მაქვს: თუ როგორმე მოახერხებ და მიაწვდი ხმას ეფრემის ძმას ან თუნდაც იმ ჩემთვის უცნობ ქალბატონ გვანცას, რომ ეფრემ ბოლქვაძე ცოცხალია, იქნებ ისიც შეატყობინო, რომ გერმანიაში შვილი ჰყავს და მისი სისხლი და გენი უკვალოდ არ გამქრალა. იმედი მაქვს, ეფრემის უფროს ძმას გაუხარდება ამის გაგება, თუმცა, ახლავე მინდა იცოდე, რომ ჩემს შვილს მისგან არაფერი უნდა, პროგრამისტად მუშაობს, მაღალი ხელფასი აქვს და შესანიშნავად გააქვს თავი.
თუ ამ თხოვნას შემისრულებ, სიცოცხლის ბოლომდე შენი მადლიერი ვიქნები. ჩემი მისამართი ორ ადგილას წერია: კონვერტის გარეკანზე და ამ ფურცლის ბოლოში. იმედია, აღარ დაკარგავ.
წინასწარ გიხდი მადლობას.
შენი ანგელა დიტრიხი.
18/12/2012“

აი, სულ ეს იყო. ტექსტის გადაბეჭდვის შემდეგ ბატონი ჯაბა დიდი მადლობითა და მოწიწებით გავისტუმრე კაბინეტიდან. რასაკვირველია, შევპირდი, რომ გვანცა კეკუამდე და ენვერ ბოლქვაძემდე ეფრემისა და, რაც მთავარია, მისი გერმანელი შვილის ამბის მიტანას ჩვენი გაზეთი თავის თავზე აიღებს. ასე რომ, ბატონ ჯაბას შეუძლია მშვიდად დაიძინოს, ქალბატონ ანგელას თხოვნა მან პირნათლად შეასრულა.
მეხსიერება, საბედნიეროდ, ჯერ არ მღალატობს და რასაკვირველია, მახსოვდა ის პატარა სტატია, რომელიც მექსიკის ელჩის შარშანდელი მკვლელობის თაობაზე თვითონ დავწერე და გამოვაქვეყნე კიდეც მთავარი რედაქტორის სვეტში. სხვათა შორის, ამის გამო საყვედურებით ამავსეს (ხვდებით, ალბათ, საიდან წამოუბერა ქარმა) და იძულებული გავხდი საკუთარი ხელით „ჩამეკლა“ ეს სენსაციური თემა. თავს ზემოთ ძალა არ არის, რას იზამ… ახლა კი ირკვევა, რომ ამ მღვრიე თემას, თურმე, აქტუალობა არ დაუკარგავს. პირიქით, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ეფრემ ბოლქვაძის ფაქტორის გამოყენება იმ რთულ პოლიტიკურ თამაშში, რომელსაც დღეს ქართული დიპლომატია ლათინურ ამერიკაში ეწევა. დღეს უკვე გვიანია, მაგრამ ხვალ დილიდანვე შევეცდები დავუკავშირდე ჩემს ძველ ნაცნობსა და იდეოლოგიურ ოპონენტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. იმედია, მიმიღებს და ამ ტექსტს წაიკითხავს. დასკვნა თავად გამოიტანოს.
ტომანსინი და ეფრემი, ეფრემი და ტომანსინი, ქართველი სოვეტიკუსი და აცტეკი… ეჰ, მიდი და ნუ გაგახსენდება ერთი ცნობილი მწერლის ცნობილი სიტყვები, რომლებიც, ყველა მომენტის გათვალისწინებით, ასეც შემიძლია გადავასხვაფერო:
„არც ერთი იყო მექსიკელი და არც მეორე ქართველი, ორივენი უბედური ტატლაკოლკოს შვილები იყვნენ“.
აქაურობის გადამკიდე, კიდევ არაუშავს იუმორის გრძნობა მაქვს შერჩენილი, არა?

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button