ესესაკითხავი

რევაზ თვარაძე – ბრძოლა და ომი

ჩვენი ერის მრავალ ჭირგამოვლილსა და გარკვეული აზრით პარადოქსულ ისტორიაში ერთი ყველაზე საოცარი პარადოქსი მაფიქრებს ხშირად: ორი ათასზე მეტი წლის მანძილზე ისე იცხოვრა ამ ერმა აურაცხელი მტრის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში ერთობ, ერთობ იშვიათად დამარცხებულა, მაგრამ, ამასთანავე, თითქმის ყველა ომის წაგება მოახერხა. ჩინებული მაგალითი: ასამდე ბრძოლა გადაიხადა ერეკლემ, თითქმის ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. ომში მაინც დამარცხდა საბოლოოდ. როგორც ახლა ირკვევა, 1921 წელსაც კი თითქმის არც ერთი ბრძოლა არ წაუგიათ ქართველებს _ ომი წააგეს. ვახტანგ გორგასალსაც ზუსტად იგივე დაემართა: ბრძოლებში სასწაულებრივ გამარჯვებათა მომპოვებელმა ხელმწიფემ ომში დამარცხებით გაასრულა სიცოცხლე და მისი სიკვდილის შემდეგ მეფობა გაუქმდა საქართველოში.

ეს პარადოქსი კარგა ხნის წინ გამიცნობიერდა, როდესაც უკვე დაკაცებული ხელახლა მივუბრუნდი “გველის პერანგს”, სადაც ერთგან, ქართველთა ბუნების დახასიათებისას, მოხმობილია რომელიღაც მემატიანის სიტყვები, ფორმულად გამოსადეგი: მტერმაო “უწყოდა ქართველთა ომის სიფიცხე და ადრე სიმაშვრალე”.

მუდამ ასე იყო: მიეტევებოდნენ ქართველნი მტერს და მუსრავდნენ , “ვითარცა ლომნი თხათა”, საკვირველ გამარჯვებებს ზეიმობდნენ. მაგრამ როდესაც ომი ერთი ბრძოლით არ მთავრდებოდა, როდესაც კვლავ და კვლავ საჭირო ხდებოდა შებმა, ზოგჯერ წლობით და ათეული წლობითაც (თუ საუკუნეობით არა), მერე რაღაც ემართებოდათ ხოლმე, მერე ტყდებოდა ქართველთა სიმტკიცე და ომი (და არა ცელკეული ბრძოლები) მტერთაგან ჩვენი ძლევით მთავრდებოდა ნიადაგ.

ხანი რომ გამოხდა, იმასაც მივხვდი: თურმე მარტოოდენ ბრძოლებსა და ომებში როდი იჩენს თავს ეს ჩვენი ბუნება. აგერ ჩვენს თვალწინ, ყოველდღიურ ყოფაშიც იგივე მეორდება: წამოვიწყებთ რაიმე საქმეს, ვეკვეთებით გასაკეთებელს, პირველ საჩინო შედეგებსაც მოვიპოვებთ ხოლმე ჩვეულებრივ. გაივლის გარკვეული დრო და გრილდება გული, დუნდება ნებელობა, გვიმტყუნებენ ნერვები, თითქოს გვბეზრდება ის ჩვენივე წამოწყებული საქმე და უმეტეს შემთხვევაში თვალწინ ხუხულასავით გვენგრევა ნაამაგარი.

სათანადო მაგალითები ყოველ ჩვენგანს გაახსენდება, იმდენია ამგვარი მაგალითი ცხოვრების ყოველ სფეროში _ მეცნიერებით დაწყებული და მშენებლობით დამთავრებული. პირადად მე, რაგინდ უადგილოდაც უნდა მოგეჩვენოთ, ყველაზე ტიპიურად თბილისელ ფეხბურთელთა გუნდის ისტორია მესახება: საბჭოთა კავშირის პირველობაში მონაწილე სხვა გუნდთაგან არც ერთი არ მეგულება ისეთი, თბილისელებისთანა უბრწყინვალესი და ულამაზესი გამარჯვებები მოეპოვებინოს (1936-1981 წლებს ვგულისხმობ). ერთობ, ერთობ იშვიათად მარცხდებოდა ჩვენი გუნდი, მეტწილად იმარჯვებდა ბრძოლაში. მაინც ყველა “ომი” წააგო ორის გარდა…

არის ამ სავალალო ვითარებაში რაღაც ფატალური.

ოღონ ერთია კიდევ: ისტორიასაც და აწინდელ ყოფასაც კარგად თუ დავუკვირდებით, სხვაგვარი კანონზომიერებაც შეიძლება დავლანდოთ. ჟამიდან ჟამზე მოევლინება ხოლმე ერს ზეკაცური ნებელობის შთაგონებული პიროვნება, ქართველთა ბუნების ზედმიწევნით მცოდნე, ლითონივით შეანივთებს თანამემამულეთა ნებას და ისე მიმართავს მიზნისკენ. და ხდება სასწაული: თითქოს გადალახავენ ქართველნი ბედისწერის მიერ მონიშნულ სამანებს, სძლევენ საკუთარ თავს და მარტოოდენ ბრძოლებში კი არა, ომშიც იმარჯვებენ უკვე.

დავით აღმაშენებელი გახლდათ ყოველთა უსაჩინოესი ამნაირ ზეკაცთაგან.

აღარ მახსენდება, მიუქცევიათ თუ არა ჩვენს ისტორიკოსებს ყურადღება დავითის მემატიანის ერთი უაღესად საგულისხმო დაკვირვებისათვის.

ისეთი ადამიანებიც არიანო, მოგვითხრობს მემატიანე, რომელნიც დღემდე ბრალს სდებენ დავითს _ რა გახდა ამდენი მოუსვენარი საქმიანობა, ამდენი ლაშქრობა, სულის მოთქმას რომ არ გვაცლიდა, ასე რომ მივყვეთ, კაცი კი არა, მშვილდიც ვერ გაუძლებს, საკრავის სიმიც ვერ გაუძლებს სულ მუდამ დაჭიმულობასო. მაგრამ ამგვარად რომ არ მოქცეულიყოო დავითი, განაგრძობს ისტორიკოსი, ესოდენ ძლევას, ამდენ გამარჯვებას როგორ, რა გზით მოიპოვებდა, ნუთუ “ძილითა ანუ ადგილთა მწვანილოვანთა ზედა მოსმურობითა და განცხრომითა? არა ესრეთ, არა!”

ამას მოსდევს არცთუ სმენის დამატკბობელი განაჩენი:

“ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველითგანვე… რამეთუ რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსვენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი. და ესე მან (დავითმაო), უბრძენესმან ყოველთა კაცთამან, კეთილად (კარგად) უწყოდა. ამისთვისცა არა ოდეს მოაცალა ამისად განზრახვად, ანუ განსვენებად… არამედ საქმეთა, რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნაცა მაღლად და შვენიერად”.

აი ასე: არავინ მოასვენა ერთი წუთითაც, არც საკუთარი თავი, არც სრულიად ქართველი ერი, და ამის მეოხებით მისწვდა თავის იდეალს, ყოველი წამოწყებული საქმე გაასრულა “მაღლად და შვენიერად”, მარტო ბრძოლებში კი არა, ომებში გამარჯვებაც ასწავლა ქართველებს. ბრძოლებსა და ომებში მხოლოდ სამხედრო ოპერაციებს არ ვგულისხმობ ამჯერად. ცხოვრების ყოველ სფეროში აღასრულა მან ეს უდიდესი საქმე, რომლის ინერცია საუკუნეებს გამოჰყვა.

1988წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button