ისტორია

ლევან ზ. ურუშაძე – “სახელოვან წინაპართა ხსოვნისათვის”

(ეძღვნება საფრანგეთის ქართული სათვისტომოს 90-ე წლისთავს)

საფრანგეთის ქართულ სათვისტომოს 90 წელი შეუსრულდა. 90 წლის წინ სამშობლოს მწარე ხვედრმა შორეულ საფრანგეთს შეფარებული ქართველი პოლიტიკური ემიგრანტები აიძულა, შეექმნათ საკუთარი სათვისტომო, რომელმაც ცხრა ათეული წლის მანძილზე უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საფრანგეთში და, ზოგადად, მთელს ევროპაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში და, რაც ყველაზე მთავარია, ქართველ ემიგრანტთა შორის ქართული ეროვნული სულისა და ქართული ენის შენარჩუნებაში. ფასდაუდებელია საფრანგეთის ქართული სათვისტომოს როლი ქართველი ერის ჭეშმარიტი ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ისტორიაში. აქ განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი საფრანგეთის ქართული დიასპორის მემარჯვენე, ეროვნული პოლიტიკური ფრთის მოღვაწეთა დამსახურებას. საკმარისია აღინიშნოს სახელოვანი მამულიშვილების ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ზურაბიშვილის, გიორგი გვაზავას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, რევაზ გაბაშვილის, რაფიელ ივანიცკი-ინგილოს, გიორგი ჟურულის, სპირიდონ კედიას, კოკი დადიანის, ალექსანდრე ასათიანის, არზაყან ემხვარის, სამსონ ფირცხალავას, შალვა ამირეჯიბის, ვახტანგ ღამბაშიძის, სვიმონ ციციშვილის, ელისე პატარიძის, ალექსანდრე მანველიშვილის, კალისტრატე სალიას, ალექსანდრე ერისთავის, ლევან ზურაბიშვილის, მიხეილ მუსხელის, ვახტანგ ციციშვილის, მიხეილ კედიას, ირაკლი ოთხმეზურის, ვიქტორ და გიორგი ნოზაძეების, სიმონიკო ბერჟიანის, ელიზბარ მაყაშვილის და სხვათა მრავალწლიანი, დაუღალავი საქმიანობა.

თეთრგიორგელები, 1926 წ

მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მემარჯვენე ფედერალისტთა ორგანიზაცია, ეროვნული ერთობის დარაზმულობა `თეთრი გიორგი~ (1924-1955 წ.წ.), ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ყოველმა მათგანმა მეტად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობისა და Fქართველი ერის ბოლშევიკური ჩექმებით გადაჯეგილი ღირსების აღდგენისათვის უთანასწორო, გმირულ ბრძოლაში, რომელიც წითელი ოკუპაციიდან შვიდი ათეული წლის შემდეგ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენით დაგვირგვინდა. ”თეთრი გიორგი” ვახსენეთ და არ შეიძლება არ გავიხსენოთ ერთი დიდი ქართველი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის ქართულ სათვისტომოსთან და რომელიც არსებობის მანძილზე ეროვნული ერთობის დარაზმულობა `თეთრი გიორგი~-ს ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ: გამოჩენილი ქართველი მეცნიერი (ისტორიკოსი და ლინგვისტი), პუბლიცისტი და ეროვნული მოღვაწე, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965), რომელიც ამჟამად სწორედ საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე განისვენებს. უაღრესად სასიამოვნოა ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიდი მამულიშვილის სამშობლოში, მთაწმინდის პანთეონში, გადმოსვენების შესახებ.

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი

რა თქმა უნდა, უნდა აღსრულდეს სახელოვანი მამულიშვილის ნება, გამოთქმული მის ანდერძში, თუმცა, სავსებით ვიზიარებთ საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავკაცის, ბატონ ოთარ ზურაბიშვილის პოზიციას, რომლის თანახმად გასათვალისწინებელია Aსათვისტომოს აზრი, სათვისტომოსი, რომელიც რამდენიმე ათეული წელია სათუთად, რუდუნებით უვლის მიხაკო წერეთლის საფლავს.

განვლილი 90 წლის მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ისტორიაში ჩაიწერა მრავალი ბრწყინვალე ფურცელი, რომლებსაც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, აქვს საერთოეროვნული მნიშვნელობა. აქ არ ვგულისხმობთ მარტოოდენ პოლიტიკურ ბრძოლას, მიმართულს უფლებააყრილი სამშობლოს ბოლშევიკური იმპერიის მარწუხებიდან გამოსახსნელად. სათვისტომოს სახელოვანმა წარმომადგენლებმა დიდი ამაგი დასდეს ქართული კულტურის, სიტყვაკაზმული მწერლობის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განვითარების საქმეს, ქართული მეცნიერებისა და მრავალსაუკუნოვანი კულტურის პოპულარიზაციას ევროპაში. თქმულის საილუსტრაციოდ მოვიხმობთ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს.

მიუხედავად მრავალმხრივ შეჭირვებული ცხოვრებისა, უაღრესად ნაყოფიერი იყო ემიგრაციის წლებში დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის (1863-1953) სამეცნიერო მოღვაწეობა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფასდაუდებელი ამაგი, რომელიც სწავლულმა დასდო ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების შესწავლის საქმეს. მანვე მიაკვლია ევროპის სიძველეთსაცავებში დაცულ არაერთ ქართულ ისტორიულ რელიქვიას, რომლებიც მის მიერვე იქნა შესწავლილი.

ექვთიმე თაყაიშვილი – Ekvtime Takaishvili

საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში ფასდაუდებელია ემიგრაციაში მოღვაწე გამოჩენილ მეცნიერთა, – პროფესორ კალისტრატე სალიას (1901-1986) და დოქტორ ალექსანდრე მანველიშვილის (1904-1995) დამსახურება. რად ღირს, თუნდაც, მსოფლიოში კარგად ცნობილი სამეცნიერო ჟურნალი ”ბედი ქართლისა – რევიუ დე კარტველოლოჟი”, რომელიც 1948 წელს პარიზში დაარსდა კალისტრატე და ნინო სალიების ძალისხმევით. ჟურნალი გამოდიოდა 1983 წლამდე, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით და უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველოლოგიის განვითარებაში. 1980 წელს ფრანგულად, ხოლო 1983 წელს ინგლისურად გამოცემული კაპიტალური ნაშრომისთვის ”ქართველი ერის ისტორია” კ. სალიას 1983 წელს მიენიჭა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალური პრემია. ალექსანდრე მანველიშვილის შრომებიდან აღსანიშნავია ”შოთა რუსთაველი და მისი პოემა ”ვეფხისტყაოსანი”” (1937, იტალიურ ენაზე), ”საქართველოს საზღვრები” (1938), ”რუსეთ-საქართველოს ურთიერთობანი” (1938, იტალიური ჟურნალი ”რონტა ნიო”), ”რუსეთი და საქართველო” (1951), ”ქართული კულტურის სული” (1953, ინგლისურ ენაზე), ”საქართველოს ისტორია” (1951, ინგლისურ ენაზე) და ა.შ.

კალისტრატე სალია

*

ალექსანდრე მანველიშვილი

საერთაშორისო სამართლის დარგის ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტი გახლდათ 1935-1948 წლებში ქაიროს უნივერსიტეტის, ხოლო 1948 წლიდან გარდაცვალებამდე სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მუსხელი (მუსხელიშვილი. 1905-1964). აღსანიშნავია, რომ სტრასბურგში მისი ინიციატივით დაარსდა სსრ კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც წლების მანძილზე თავად ხელმძღვანელობდა.

რუსთველოლოგიის დარგში უაღრესად დიდი დამსახურება მიუძღვის ცნობილ მეცნიერს და ეროვნულ მოღვაწეს, დოქტორ ვიქტორ ნოზაძეს (1893-1975). 1929 წელს მისი თაოსნობით პარიზში დაარსდა ჟურნალი ”კავკასიონი”, რომელსაც რედაქტორობდა გარდაცვალებამდე. რაც შეეხება ”ვეფხისტყაოსანს”, უნდა აღინიშნოს შემდეგი: 1937 წლის თებერვალში სორბონის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში შედგა შოთა რუსთაველის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელსაც უძღვებოდა აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი შარლეტი (იხ.: ჟ. ”სამშობლო”, პარიზი, # 23-24, 1938). მომდევნო 1938 წელს პარიზში გამოიცა ”ვეფხისტყაოსნის” პროზაული ფრანგული თარგმანი, შესრულებული გიორგი გვაზავას მიერ.

ვიქტორ ნოზაძე

ალზასის სკოლის პროფესორია ცნობილი ლიტერატურათმცოდნე და მწერალი ვასილ კარისტი (ხარისჭირაშვილი. დაიბადა 1938 წ.), რომელიც არის გამოჩენილი კათოლიკე სასულიერო მოღვაწისა და მამულიშვილის პეტრე ხარისჭირაშვილის შვილიშვილი.

საფრანგეთში ეწეოდნენ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ევროპული მასშტაბის ხელოვანნი: მხატვრები ფელიქს ვარლა (ვარლამიშვილი) და ვერა ფაღავა, პრიმაბალერინა ეთერ ფაღავა, მსახიობი მარიამ მერიკო და სხვანი. 1930-იან წლებში საყოველთაო აღიარება მოიპოვა ქართველ ლოტბართა გუნდმა პავლე მოსულიშვილის ხელმძღვანელობით.

საიუველირო საქმის მსოფლიო სახელის მქონე ოსტატია საფრანგეთში მოღვაწე სკულპტორი გუჯი (ე. ამაშუკელი), რომლის ნატიფმა შემოქმედებამ არაერთი უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

ფელიქს ვარლა (ვარლამიშვილი) მეუღლესთან ერთად (1950-იანი წლები)

*

ვერა ფაღავას აფიშა

აქვე არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი სამხედროები. საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში მსახურობდნენ და მის ისტორიაში არაერთი სახელოვანი ფურცელი ჩაწერეს პოლკოვნიკებმა დიმიტრი ამილახვარმა, გიორგი ოდიშელიძემ, ნიკოლოზ თოხაძემ, ალექსი ჩხენკელმა, ალექსანდრე კინწურაშვილმა, ალექსანდრე ჯინჭარაძემ და სხვებმა (იხ.: ლევან ურუშაძე, ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბილისი, 2005, გვ. 28-35).

დიმიტრი ამილახვარი

სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, ადგილი ჰქონდა მეტად გულდასაწყვეტ ინციდენტებსაც, რომლებმაც არასახარბიელო რეპუტაცია შეუქმნა საფრანგეთის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ამა თუ იმ მოღვაწეს, ძირითადად სოციალ-დემოკრატებს. მაგალითად, 1924 წლის შემოდგომაზე სწორედ სოციალ-დემოკრატებმა ლევილის მამულის კარი გამოუხურეს საქართველოს ეროვნულ გმირს, პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილს (1888-1930) და მის ერთგულ შეფიცულებს… სწორედ ამიტომ, ჩემთვის დიდად სასიხარულოა, რომ ამჟამად სათვისტომოს სათავეში უდგას შესანიშნავი მამულიშვილი, ბატონი ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც არის თაოსანი მრავალი ეროვნული წამოწყებისა. რად ღირს თუნდაც ის საპროტესტო აქციები, რომლებიც ჩატარდა პარიზში 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ბარბაროსული აგრესიის დღეებში.

ოთარ ზურაბიშვილი

”… აქ უკვე ქაქუცას სხვა, უცხო სახეს შევხვდი პარიზში. თითქოს მებრძოლ საქართველოს ბელადს ბრძოლის ასპარეზი გამოაცალეს, ოცნება წაართვეს და ახლა ფრთებმოტეხილ არწივს, ცეცხლს ღვინო უნელებდა და სიმღერა-მორეულ ცრემლს უშრობდა.
– გახსოვს, თამარ, ალავერდობა? – მეუბნებოდა ის პარიზში, ჩვენი სევდიანი ნადიმების დროს, დაბალი, მთრთოლვარე ხმით.
– გახსოვს, თამარ, 26 მაისი? ის პირველი 26 მაისი?
– გახსოვს, თამარ, შუამთის დღესასწაული?
– გახსოვს, თამარ, ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?
– ხომ გახსოვს ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავებია! რამდენჯერ მითვლია ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი ვერ მერეოდა.
– Gგახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო? კარგად გახსოვს? კრულიც იყოს აქ სიცოცხლე! იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ?” – ასე იგონებდა
თამარ პაპავა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთ-ერთ შეხვედრას (იხ.: თამარ პაპავა, ”გაბნეული საფლავები”, პარიზი, 1970). თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველ ჭრილობებთან ერთად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც სიცოცხლე მოუსწრაფა სახელოვან მამულიშვილს, სწორედ უსაზღვრო ნოსტალგია გახლდათ: აღსასრულის ჟამს ქაქუცა ხომ მხოლოდ 42 წლის იყო…

ქაქუცა ჩოლოყაშვილი – Kakutsa Cholokashvili

სამარადისო ხსოვნა და არდავიწყება იმ ღირსეულ მამულიშვილთა სახელებს, რომლებმაც უცხოობაში, სამშობლოს კვლავ ხილვის მუდმივ ნატვრაში და მისი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში განვლეს ძნელბედობით აღსავსე ემიგრანტული ცხოვრება!..

(წაკითხულია მოხსენების სახით 2012 წლის 28 მაისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე.) Y

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button