კომიქსები

სამურავი (ჯეიმს “ლოგან” ჰოულეტი)

სამურავი არის გამოგონილი პერსონაჟი და სუპერგმირი “მარველის” კომიქსების სამყაროში. პირველად გამოჩნდა “გასაოცარი ჰალკის” 180-ე ნომერში (1974 წლის ოქტომბერი). შექმნილია მწერალ ლენ უეინისა და არტ-დირექტორ ჯონ რომიტა უფროსის მიერ, რომელსაც ეკუთვნის პერსონაჟის დიზაინი, გამოცემისათვის კი სამურავი პირველად ჰერბ ტრიმფემ დახატა. 2008 წლის მაისში გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის სამურავმა პირველი ადგილი დაიკავა, იმავე წლის ივლისში კი გაზეთ Empire-ის 50 უდიდეს კომიქსის პერსონაჟს შორის – მეოთხე.

 
 
ბიოგრაფია

როგორც 2001-2002 წლებში გამოშვებულ მინისერიებში, Origin-შია ნაჩვენები, სამურავი 1882 წელს დაიბადა მდიდარი ფერმერების ოჯახში კანადის ოლქ ალბერტაში, მისი ნამდვილი სახელი იყო ჯეიმს ჰოულეტი. მოწიფულობის ასაკში ცხოვრობდა ჩრდილოეთ ბრიტანულ კოლუმბიაში, სადაც მიიღო მეტსახელი “ლოგანი”. შემდეგ გაეშურა ველურ სამყაროში და იქ მგლებთან ერთად ცხოვრობდა, დაუმეგობრდა ადგილობრივ ინდიელებს. მისი საყვარლის, ვერცხლისფერი მელას სიკვდილის შემდეგ ლოგანი კანადის არმიაში ჩაეწერა და იქ დარჩა I მსოფლიო ომის პერიოდში. რაღაც დრო გაატარა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მადრიპურში, იქიდან კი იაპონიაში გადავიდა და ცოლად შეირთო იტსუ, რომელთანაც შვილი, სახელად დაკენი, შეეძინა.

II მსოფლიო ომის დროს ლოგანი შეუამხანაგდა კაპიტან ამერიკას და განაგრძო ჯარისკაცის კარიერა. შემდეგ გაერთიანდა I კანადურ ბატალიონში ნორმანდიაში გადასხმის პერიოდში. ამის შემდეგ გაწევრიანდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში (CIA), ბოლოს კი გადაბირებულ იქნა Team X-ში, რომელიც CIA-ს შავი განყოფილებაა და საიდუმლო დავალებებს ასრულებს.

Team X-ში ლოგანს ჩაუდგეს ყალბი მოგონებების იმპლანტანტები. ის გარკვეული პერიოდით დარჩა ჯგუფში, შემდეგ კი მოახერხა გონების გათავისუფლება და გადავიდა კანადის თავდაცვის სამინისტროში. ის მალე გაიტაცეს Weapon X პროგრამისთვის, სადაც გარკვეული პერიოდი ტყვეობაში დარჩა, მასზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს. სწორედ Weapon X-ის დროს მის ძვლებში შეიყვანეს მეტალის ძლიერი შენადნობი – ადამანტიუმი, რამაც ლოგანის მონაცემები გააძლიერა.

ლოგანი აღმოაჩინეს ჰეთერ და ჯეიმს ჰუდსონებმა, რომლებიც დაეხმარნენ, აღედგინა ადამიანური მხარე. ამის შემდეგ ლოგანმა კიდევ ერთხელ დაიწყო მუშაობა CIA-ში კანადის მთავრობის სასარგებლოდ H განყოფილებაში. ლოგანი გახდა სამურავი, კანადის ერთ-ერთი პირველი სუპერგმირი. პირველ მისიაში მას დაევალა, შეეჩერებინა ჰალკისა და ვენდიგოს ორთაბრძოლით გამოწვეული ზარალი.

მოგვიანებით, პროფესორმა ჩარლზ იქსევიერმა თავისთან მიიწვია სამურავი იქს-ადამიანების ახალ ჯგუფში. თავისი სამსახურით გულგატეხილი და იქსევიერის წინადადებით დაინტერესებული ლოგანი გამოვიდა H განყოფილებიდან. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს პროფესორის დამსახურება იყო – მან გაუწმინდა სამურავს მეხსიერება და შთააგონა იქს-ადამიანებში გაწევრიანება. თავიდან კი სამურავი იქსევიერის მოსაკლავად იყო გაგზავნილი.

X-Men-ის #25 გამოცემაში (1993 წ) სუპერდამნაშავე მაგნეტო სამურავს ჩონჩხიდან აცლის ადამანტიუმს. მიღებული ტრავმა ამცირებს მის უნარს – სწრაფ განკურნებას, კლანჭები კი ისევ ძვლისა უხდება. სამურავმა დროებით დატოვა იქს-ადამიანები და თავგადასავლების საძიებლად გაეშურა. მოგვიანებით მას დაუბრუნდა ძველი უნარი, შესამჩნევად მოემატა სისწრაფე და სიმძლავრე, რადგან ადამანტიუმი მისი განკურნების უნარის ძირითად ენერგიას იყენებდა. მეტალის მოშორებით კი წონაც მოაკლდა. ამ პერიოდშივე გაირკვა, რომ განსხვავებით სხვა მუტანტებისგან, სამურავი მუდმივად განიცდიდა მუტაციებს, ადამანტიუმი კი უბრალოდ ანელებდა ამ პროცესს. საბოლოოდ ამან გამოიწვია ის, რომ სამურავი გადაგვარდა და გადავიდა უფრო პრიმიტიულ, ცხოველურ მდგომარეობაში. იქს-ადამიანებში დაბრუნებისას ის გაიტაცა კაბელის შვილმა, გენეზისმა და შეეცადა, ხელახლა შეეყვანა მის ორგანიზმში ადამანტიუმი. ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა და სამურავის მუტაციები უკონტროლებელი გახდა. სამურავი დროებით გადაიქცა ნახევრად მგრძნობიარე ცხოველის მსგავს არსებად, რომელსაც ჰქონდა უდიდესი ფიზიკური ძალა, ადამიანური მხარე კი დაკარგა. სამურავი შეიპყრო კრიმინალმა აპოკალიფსმა, გამოურეცხა ტვინი და აქცია აპოკალიფსის მხედრად. შემდეგ კი წარმატებით შეიყვანა მის ძვლებში ადამანტიუმი. სამურავმა დაძლია აპოკალიფსის პროგრამა და დაუბრუნდა იქს-ადამიანებს.

2005 წლის გამოცემაში სამურავი უერთდება შურიმაძიებლებს. კომიქსების წიგნში “Wolverine: Origins” სამურავი აღმოაჩენს, რომ მას ჰყავს შვილი, დაკენი, რომელსაც კრიმინალმა რომულუსმა მეხსიერება წაუშალა და ცოცხალ იარაღად აქცია. რომულუსი იდგა სამურავის ტვინის გამორეცხვის ოპერაციების უკანაც. სამურავი იწყებს მზადებას დაკენის გამოსახსნელად, რათა შეაჩეროს რომულუსის მიერ მისი გამოყენება.

 
 
შესაძლებლობები

სამურავი მუტანტია, რომელსაც ბუნებრივად ან ხელოვნურად აქვს გაუმჯობესებული ფიზიკური მონაცემები. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია სწრაფი განკურნება, რისი მეშვეობითაც დაზიანებული ქსოვილები ჩვეულებრივ ადამიანზე გაცილებით სწრაფად უხორცდება. ამის გამო მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება, რადგან ნელდება დაბერების პროცესი. ეს უნარი დაუსუსტდა, როცა Weapon X პროგრამის დროს მასზე ექსპერიმენტები ტარდებოდა, მაგალითად ჩონჩხში ადამანტიუმის შეყვანის შემდეგ.

თავიდან განკურნების უნარი ეხებოდა მხოლოდ უმნიშვნელო ჭრილობებს, თუმცა დროის გასვლასთან ერთად კომიქსთა ავტორებმა ეს შესაძლებლობა სამურავს თანდათან გაუძლიერეს. რამდენიმე წლის შემდეგ სერიოზული ჭრილობებისგან განკურნება მას რამდენიმე დღეში ან საათში შეეძლო. სხვა ავტორებმა კიდევ უფრო გაზარდეს და დაზიანებული და განადგურებული ქსოვილების სრულად აღდგენის დრო რამდენიმე წამში ჩაატიეს. ერთხელ ის მოხვდება ბირთვული აფეთქების არეალში და სხეულის რბილი ქსოვილები სრულად ეწვება, თუმცა რამდენიმე წუთში ახალი და ჯანსაღი ქსოვილები იბადება. ჩარლზ იქსევიერის პროტოკოლის მიხედვით, სამურავის განკურნების უნარი იზრდება დაუჯერებელი სისწრაფით. პროფესორის ვარაუდით, სამურავის დამარცხების ერთადერთი ვარიანტია თავის მოკვეთა და გაცალკევება სხეულისგან. თუმცა მისი შენელება შესაძლებელი იყო სხვადასხვა მეთოდებით, მაგალითად სხეულში კარბონადიუმის ობიექტის მოთავსებით. გავლენას ახდენდა ასევე მურამასას დანა – გაურკვეველი წარმოშობის კატანა, რომლითაც სამურავს ჯერ დარტყმას აყენებდა, შემდეგ კი შეხორცების უნარის ანულირებას ახდენდა. თავისი გავლენა აქვს ასაკის მატებასაც. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების სწრაფად მოშუშების გარდა, სამურავს აქვს არაჩვეულებრივი გამძლეობა დაავადებების, ნარკოტიკებისა და შხამების მიმართ. თუმცა დიდი რაოდენობით მიღება მაინც მოქმედებს – ერთხელ S.H.I.E.L.D.-მა მისი შეკავება მოახერხა, როცა ყოველ წუთს 80 მილილიტრ საანესთეზიო საშუალებას უშვებდა მის ორგანიზმში. განკურნების უნარი არ ახშობს ტკივილს – დაშავებისას სამურავი ისევე იტანჯება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.

სამურავის მუტაციები მოიცავს ცხოველურ საწყისებსაც – მას შეუძლია ცხოველივით ღრიალი, აქვს ბასრი, ეშვის მსგავსი კბილები, ასევე თითო ხელზე კლანჭის მსგავსი 3 გამონაზარდი, რომელთა გამოწევა და შეწევა შეუძლია წინამხრებიდან. დასაწყისში ისე ჩანდა, თითქოს ეს გამონაზარდები იყო Weapon X პროგრამის მიერ ჩადგმული ბიონიკური იმპლანტანტები, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ სამურავის სხეულის ნაწილი იყო. გამონაზარდები არ შედგება კერატინისგან, როგორც არის ეს ცხოველების რქებისა და ბრჭყალების შემთხვევაში, არამედ ძირითადი მასალა არის უკიდურესად მყარი ძვალი. ადამანტიუმის დამატების შემდეგ გამონაზარდები ხდება მეტალის და შეუძლია თავისუფლად გაჭრას ხე, ქვა და სხვა მეტალთა უმეტესობა. გამონაკლისია მხოლოდ თავად ადამანტიუმი და კაპიტან ამერიკას ფარი, რომელიც რკინისა და ვიბრანიუმის ნარევია. გამონაზარდების მეშვეობით სამურავი იგერიებს შეტევებს და ტყვიებსაც კი, შეჰყავს ნებისმიერ ზედაპირში და ამის წყალობით შენობებზე აცოცებაც შეუძლია. სამურავს ხელებზე არ აქვს ნაპრალები გამონაზარდების ადგილას – ყოველ ჯერზე იჭრება კანი, რაც მას ტკივილს აყენებს.

ადამანტიუმი სამურავის ჩონჩხს უფრო ძლიერს და მედეგს ხდის, რაც თავისთავად ზრდის დარტყმის სიძლიერესა და გარკვეულ მონაცემებს. თუმცა ამას უარყოფითი შედეგიც აქვს – მაგნიტური შეტევების მიმართ მგრძნობიარე ხდება. გარდა ამისა, სანამ მის სხეულში არის ადამანტიუმი, განკურნების უნარი მუდმივ მოქმედებაშია, რათა შეაჩეროს მეტალის მიერ ორგანიზმის მოწამვლა, რამაც შეიძლება სამურავის სიკვდილი გამოიწვიოს.

განკურნების უნარი გავლენას ახდენს სხვა რამეებზეც – ფიზიკური მონაცემები იზრდება ზეადამიანურ დონემდე. მისი ამტანობა იმდენად მაღალია, რომ ძალების დაძაბვა შეუძლია რამდენიმე საათის განმავლობაში, ტრანკვილიზატორების მიღების შემდეგაც კი. მისი სიმარდე და რეფლექსები ყველაზე განვითარებული ათლეტი ადამიანისასაც კი ბევრჯერ აღემატება. ადამანტიუმის წყალობით ის სწევს და გადააადგილებს ისეთი წონის სიმძიმეებს, რაც ჩვეულებრივი ადამიანის ჩონჩხს სერიოზულად დააზიანებს. სხვადასხვა კომიქსებში სამურავი ამსხვრევს ფოლადის ჯაჭვს, ერთი ხელით თავს ზემოთ წევს რამდენიმე ადამიანს და კედელს იქით ისვრის, თავისუფლად სწევს ურსა მაჯორს (გრიზლის დათვის გარეგნობის მქონე მუტანტი).

სამურავის მხედველობა, სმენა და ყნოსვა ზეადამიანურად მახვილია. შეუძლია ძალიან შორ მანძილზე ყველაფრის ზუსტად დანახვა, ზოგჯერ თითქმის სრულ სიბნელეშიც კი. დიდი დისტანციიდან ესმის ისეთი ბგერები, რასაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. მსხვერპლის ადევნება სუნითაც შეუძლია, თუნდაც ეს სურნელი ბუნებრივი ფაქტორებით შესუსტებული იყოს. ამის წყალობით მას შეუძლია ზუსტად ამოიცნოს ის მუტანტები, რომლებიც გარეგნობას იცვლიან. სმენასა და ყნოსვას იყენებს ბუნებრივ სიცრუის დეტექტორადაც, აკვირდება რა გულისცემის სიხშირის ცვალებადობასა და ოფლიანობის სიხშირეს, რომლებიც აქტიურდებიან ტყუილის თქმის დროს. განკურნების უნარისა და ფსიონური ფარების მეშვეობით, რომლებიც პროფესორმა ჩარლზ იქსევიერმა დაუყენა, სამურავი არ ექვემდებარება ტელეპათიურ თავდასხმებსა და გამოცდებს.

 
 
უნარ-ჩვევები

იაპონიასა და სხვა ქვეყნებში ყოფნისას სამურავი დაეუფლა საბრძოლო ხელოვნების ფაქტობრივად ყველა ფორმას, რაც კი დედამიწაზე არსებობს. კარგად ერკვევა იარაღებში, მათ შორის ცეცხლსასროლ იარაღშიც, თუმცა უპირატესობას ცივ იარაღებს ანიჭებს. შანგ-ჩისთან და კაპიტან ამერიკასთან ორთაბრძოლებში კარგად ჩანს მისი ოსტატობა. მაღალ დონეზე იცის ადამიანის სხეული და სუსტი წერტილები. არის გამოცდილი პილოტი და სრულყოფილი მზვერავი.

ზოგჯერ სამურავი ვარდება ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც გამძვინვარებული ცხოველივით აგრესიული და ღონიერი ხდება, უფრო მეტად იგერიებს ტელეპატიურ ზემოქმედებას. მართალია, თავად ეზიზღება ასეთი მდგომარეობა, თუმცა მისი წყალობით ბევრჯერ გადარჩენილა. მაგალითად, Mister X-თან შეტაკებისას ამ უკანასკნელს შეეძლო სამურავის აზრების კითხვა და იმის განსაზღვრა, რა იქნებოდა მისი შემდეგი საბრძოლო მოქმედება.

მხეცური ბუნების მიუხედავად, სამურავს არ სიამოვნებს მკვლელობა, ის პიროვნული ღირსებისა და მორალის ერთგულია. სამურავი მაღალი ინტელექტითაც გამოირჩევა. ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მას მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი და მრავალ კულტურას გაეცნო. იცის ინგლისური, იაპონური, რუსული, ჩინური, ესპანური, არაბული, ლაკოტასა და ინდიელების ენები. ნაწილობრივ ფლობს ფრანგულს, ტაილანდურს, ვიეტნამურს, გერმანულს, იტალიურს, პორტუგალიურს, კორეულს, ინდურსა და სპარსულს. სამურავი აქტიური მწეველი და მსმელიცაა – თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნე ზეგავლენისგან მის ორგანიზმს განკურნების უნარი იცავს.

სამურავი ძირითადად მარტოსული პიროვნებაა, პრობლემებს მარტო აგვარებს. გამოირჩევა უპატივცემულობითა და მეამბოხეობით ავტორიტეტული ფიგურების მიმართ, თუმცა საიმედო მოკავშირე და ნიჭიერი ლიდერია. ურთიერთობა ჰქონია უამრავ ქალთან, მათ შორის გამორჩეულია მარიკო იაშიდა. ორმხრივი, მაგრამ განუხორციელებელი ლტოლვა ჰქონდა ჯინ გრეის მიმართ, რამაც გამოიწვია უთანხმოება მის ბოიფრენდთან და შემდგომში ქმართან, სკოტ სამერსთან. სამურავის გენომისგან შექმნილია მისი მდედრი კლონი, სახელად X-23.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button