ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ოცნების ადგილი

პირველად ქაღალდზე რომ რაღაც დაჯღაბნა და ჰკითხეს
– რა დახატეო?
– ჩემი სახლიაო! – უპასუხა. იმ დღიდან მოყოლებული, ყოველი ახალი ნახატი, სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა სახლს. ნელ-ნელა ოთახები გამოიკვეთა, მერე მეორე სართული დაემატა თავისი აივნით, გადაიხურა, კიბე მიედგა, პატარა ეზო მოეწყო.
– ჩემი სახლია, მაღალი, ნათელი, ყველა აქ ვიცხოვრებთ, ერთ, დიდ, ტკბილ ოჯახადო! – ოცნებობდა.
***
lll მასივში გაიზარდა, “ხრუშჩოვკაში”, ორი ოთახისგან რომ შედგებოდა და ისეთი პატარა სამზარეულოსგან, ოჯახის წევრები, ერთად ვერ ეტეოდნენ და რიგრიგობით საუზმობდნენ. სიმაღლეშიც თითქოს ჭერის ზომის მიხედვით იზრდებოდნენ, მეტრანახევარს ვერცერთი ვერ ასცდა, ამიტომ თამამად დაკიდეს “ზალაში” ჩეხური ბროლის ჭაღი, მაგრამ უფროს დას რომ შეუყვარდა ორმეტრიანი ოყლაყი, სახლში მიიყვანა გასაცნობად, იმან კიდევ, ბროლის ჭაღს გასდო თავი და წირვა გამოუყვანა, სასიდედრომ სასიძოს გამოუცხადა
– თუ გინდა, რომ ჩემი შვილი მოგათხოვო, აქ რომ მოხვალ, წაკუზულმა იარეო! – ჩამოკიდეს ახალი ჭაღი, დადიოდა სიძე წაკუზული, მაგრამ სიდედრ-სიმამრი, ბურტყუნით, მაინც, დამტვრეულ ბროლის ჭაღს ახსენებდნენ.
***
გათხოვებაზე ბევრი არ უფიქრია, დის შეცდომა არ გაიმეორა, ჭკუა იხმარა და ისეთ ბიჭს გაჰყვა, თავით ჭაღს რომ ვერ სწვდებოდა. ქორწილი, საქორწინო მოგზაურობა, სიტკბო, სიყვარული. ქმრის სამოთახიან, მაღალჭერიან ბინაში დაიწყეს ცხოვრება დედამთილ-მამამთილთან და მულთან ერთად. წლისთავზე ბიჭი შეეძინათ. გადაპატიჟება-გადმოპატიჟება, მისვლა-მოსვლა, სუფრების გაშლა. მერე მძახალთა ჯახი, ლანძღვა-გინება, წყევლა-კრულვა, ჩხუბი-აყალმაყალი, მივარდნა-მოვარდნა. ცოლ-ქმარი, ბავშვიანად ნაქირავებში გადავიდნენ.
მერე დაიწყო – ეროვნული მოძრაობა, თბილისის ომი, სამაჩაბლო, აფხაზეთი, მხედრიონი, გვარდია, საძმოები, უმანქანო ქალაქი, პურის რიგები, ჩაბნელებლი ბინები, ნავთქურა, უშაქრო ჩაი, თურქული მარგარინი, “სალიარკის ფეჩი”.
ქმარს სოფელში პატარა ნაკვეთი ჰქონდა. შაბათ-კვირას იქ ჩადიოდნენ მიწის დასამუშავებლად. მოხნეს, დათესეს, გამარგლეს, მოსავალი აიღეს – ერთი ტომარა კარტოფილი, 7 კილოგრამი ლობიო, მოუწეველი სიმინდი და ორი იღლია ქინძი. მიხვდნენ, რომ 800 კვ.მ მიწის ფართობზე, ოჯახის სამყოფს ვერ მოიყვანდნენ და შეეშვნენ.
***
ეკვადორის ტროპიკულ ტყეებში იზრდება მოსიარულე პალმა – Socratea. მას, თავიდან სხვა მცენარეებივით აქვს მიწაში გადგმული ფესვები, ღერო და ვარჯი, მაგრამ როგორც კი გარკვეულ სიმაღლეს აღწევს, დაახლოებით მიწიდან ერთ მეტრში, ახალი ფესვები იწყებს ზრდას, მიწაში გადგმული საწყისი ფესვები კი ხმება. შემდეგ, ახალი ფესვების ქვემოთ მდებარე ღერო სცილდება და ხე იწყებს გადაადგილებას უფრო ტენიანი და ნაყოფიერი ადგილების მოსაძებნად. ტანს გადახრის და ახალი ფესვები გამოაქვს, ძველი კი ხმება.
***
შემოსავლის გაზრდის მიზნით, ქმარმა ღამის ცვლაშიც დაიწყო მუშაობა. თვითონაც გვერდში დაუდგა, ერთად ათენებდნენ ღამეებს. ფულის დაგროვება დაიწყეს – კაპიკ-კაპიკ, მანეთ-მანეთ, კუპონ-კუპონ, ლარ-ლარ. პირველი წერაქვი დაარტყეს, პირველი ბლოკი დადეს, 18 წელი აშენეს.
ნელ-ნელა ოთახები გამოიკვეთა, მერე მეორე სართული დაემატა თავისი აივნით, გადაიხურა, კიბე მიედგა, გარემონტდა, პატარა ეზო მოეწყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ბიჭი უცხოეთში გაუშვეს უმაღლესში სასწავლებლად. იქ გაიცნო ქართველი გოგო, ცოლად მოიყვანა და ბავშვიც იქ შეეძინათ.
ქმარს, ყრუ ტკივილი დასჩემდა მკერდის არეში. ერთ დღესაც, წავიდა სამსახურში და აღარ დაბრუნდა. მეორე სართულზე დაასვენეს მაღალჭერიან “ზალაში”. გასვენებაში, ცოლ-შვილის გარეშე, ორი დღით ჩამოვიდა ბიჭი, დამარხა მამა და გაიქცა უკან.
გამოიარა მარტოობის ორი წელი ორსართულიან, მაღალჭერიან, ნათელ სახლში.
***
ასე დადის ხე, მთელი ცხოვრება, წყლის მიმართულებით, “ოცნების ადგილის” საპოვნელად. წელიწადში 20 მეტრამდე მანძილს გადის და როგორც წესი, წყლამდე ვერ აღწევს, მაგრამ წყალთან თუ მიაღწია, ფესვები ულპება და ხმება.
***
აუხდა ოცნება – ბიჭი ჩამოვიდა, დღეს რძლის მშობლებს ნახავენ და ხვალიდან აქ იცხოვრებენ ერთ დიდ, ბედნიერ ოჯახად…
– დე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ცალკე ვიცხოვრებთო! -ტელეფონში უთხრა შვილმა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button