ეკონომიკაფილოსოფია

ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი – ცოდნის გამოყენება საზოგადოებაში

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა – ტომი IV. ინტელექტუალები, განათლება და თავისუფლება

ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი – “ცოდნის გამოყენება საზოგადოებაში”

(გამოქვეყნდა 1945 წ.)

თარგმნა დავით ხანთაძემ

I

რაში მდგომარეობს პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც გვსურს, როდესაც რაციონალური ეკონომიკური წესრიგის დამკვიდრებას ვცდილობთ?

ყველაზე გავრცელებული მიდგომის მიხედვით, პასუხი სრულიად მარტივია: თუ სათანადო ინფორმაციას სრულად ვფლობთ, თუ შეგვიძლია, რომ პრეფერენციების მოცემულ სისტემას დავეყრდნოთ და თუ ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ სრულყოფილ ცოდნას ვფლობთ, მაშინ გადასაწყვეტი მხოლოდ ლოგიკური ხასიათის პრობლემა დაგვრჩება. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს არსებული საშუალებების საუკეთესო გამოყენება, ჩვენსავე დაშვებებში იგულისხმება. პირობები, რომელშიც პრობლემები ოპტიმალურად წყდება, სავსებით შესაძლებელია, რომ მათემატიკური ფორმით ჩამოყალიბდეს, ანუ ნებისმიერი ორი სახის საქონლის ან საწარმოო ფაქტორის ურთიერთჩანაცვლების ზღვრული ნორმა მათი ნებისმიერი გამოყენებისას ერთი და იგივე უნდა იყოს.

როგორც არ უნდა იყოს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს საზოგადოების წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემა არ არის. ზემოხსენებული ლოგიკური პრობლემის გადასაწყვეტად შემუშავებული ეკონომიკური გათვლები მართალაც რომ იყოს საზოგადოების ეკონომიკური პრობლემის მოგვარების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საკუთრივ პრობლემის გადაწყვეტად მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს. მიზეზი კი იმაშია, რომ “მონაცემები”, რომლებსაც ეკონომიკური გათვლები ეყრდნობა და მთელ საზოგადოებას მოიცავს, ვერასოდეს იქნება “ხელმისაწვდომი” ცალკეული გონისთვის, რომელიც ყველა შესაძლო შედეგის განჭვრეტას შეძლებდა და ამ სახით ხელმისაწვდომი ვერც ვერასოდეს იქნება.

რაციონალური ეკონომიკური წესრიგის პრობლემის თავისებურება სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ცოდნა იმ გარემოებების შესახებ, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, არსებობს არა კონცენტრირებული ან ინტეგრირებული სახით, არამედ მხოლოდ მცირე ნაწილებად გაფანტული, არასრული და ხშირად წინააღმდეგობრივი ცოდნის სახით, რომელიც თითოეულ პიროვნებას გააჩნია. შედეგად, საზოგადოების ეკონომიკური პრობლემა გულისხმობს არა იმას, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს “მოცემული” რესურსები _ თუკი “მოცემული” ნიშნავს, რომ ისინი მოცემულია ცალკეული გონისთვის, რომელიც პრობლემებს არსებული “მონაცემების” გააზრების შედეგად თანმიმდევრულად წყვეტს. პრობლემა, პირველ რიგში, იმის განსაზღვრაშია, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საზოგადოების თითოეული წევრისთვის ცნობილი რესურსის ოპტიმალური გამოყენება იმ მიზნებისთვის, რომელთა შედარებითი მნიშვნელობა მხოლოდ აღნიშნულ პიროვნებებს ესმით. ანუ, მოკლედ რომ ითქვას, პრობლემის არსი იმ ცოდნის გამოყენებაშია, რომელსაც ერთიანად არავინ ფლობს.

ამ ძირეული პრობლემის აღნიშნული მახასიათებელი, ვშიშობ, დღევანდელმა დახვეწილმა ეკონომიკურმა თეორიებმა, განსაკუთრებით კი მათემატიკის ინტენსიურმა გამოყენებამ, არათუ ცხადი და გასაგები, არამედ უფრო ბუნდოვანი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პრობლემა, რომლის წარმოჩენაც ამ ნაშრომში მსურს, ეკონომიკური სისტემის რაციონალურ მოწყობას უკავშირდება, მსჯელობისას, კვლავ და კვლავ მომიწევს, რომ გარკვეულ მეთოდურ საკითხებთან მის მჭიდრო კავშირზე მივანიშნო. მრავალი მოსაზრება, რომელთა ჩამოყალიბებასაც ვაპირებ, დასკვნებს წარმოადგენს, რომელთა მიმართებაშიც დასაბუთების სხვადასხვა მიდგომის მოულოდნელი თანხვედრა ხდება. მაგრამ, აღნიშნული პრობლემების ამჟამინდელი ხედვა მაფიქრებინებს, რომ საქმე შემთხვევითობასთან არ უნდა გვქონდეს. მეჩვენება, რომ ეკონომიკურ თეორიასა და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული მრავალი უთანხმოება საზოგადოების ეკონომიკური პრობლემის არასწორი გაგებიდან გამომდინარეობს. ეს გაუგებრობები კი, თავის მხრივ, ბუნების მოვლენებთან მიმართებაში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული მეცნიერული მიდგომების სოციალურ მოვლენებზე გავრცელების მცდარი პრაქტიკით არის განპირობებული.

II
ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა “დაგეგმვით” იმ ურთიერთდაკავშირებული გადაწყვეტილებების ერთობლიობას აღვნიშნავთ, რომელიც ჩვენ ხელთ არსებული რესურსების გადანაწილებას ეხება. ამ გაგებით, ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა დაგეგმვას წარმოადგენს და ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელშიც მრავალი ადამიანი თანამშრომლობს, ამგვარი დაგეგმვა, ვინც არ უნდა ახორციელებდეს ინტელექტუალები, განათლება და თავისუფლება მას, გარკვეულწილად იმ ცოდნას უნდა დაეფუძნოს, რომელსაც თავიდან არა მგეგმავი, არამედ ვინმე სხვა ფლობს და რომელიც, როგორმე, მგეგმავის განკარგულებაში უნდა აღმოჩნდეს. იმ განსხვავებული გზების არსებობა, რომელთა მეშვეობითაც იმ ცოდნის გამოყენება ხდება, რომლებზეც ადამიანები საკუთარ გეგმებს აფუძნებენ, ნებისმიერი თეორიისთვის, რომელიც ეკონომიკური პროცესის ახსნას ცდილობს, უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ცალკეულ ადამიანებს შორის გაფანტული ცოდნის ოპტიმალური გამოყენების საფუძველზე ქმედითი ეკონომიკური სისტემის შექმნა ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ თუ არა ერთ-ერთ უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს.

აღნიშნული სირთულისაგან თავის დაღწევა უშუალოდაა დამოკიდებული ამავე საკითხთან დაკავშირებული სხვა კითხვის პასუხზე: ვინ უნდა განახორციელოს დაგეგმვა? “ეკონომიკური დაგეგმვის” შესახებ ყველა დავა სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიებას უკავშირდება. განხილვის საგანს წარმოადგენს არა ის, თუ რამდენად აუცილებელი ან უსარგებლოა დაგეგმვა, არამედ ის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იგი: ცენტრალიზებული წესით, ერთიანი სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მთელი ეკონომიკური სისტემისთვის, თუ მრავალი ცალკეული პიროვნების მიერ.

დაგეგმვა იმ გაგებით, რომლითაც ის თანამედროვე განხილვებში მოიხსენიება, მხოლოდ ცენტრალურ დაგეგმვას, ანუ მთელი ეკონომიკური სისტემის ერთიანი და ყოვლისმომცველი გეგმის მიხედვით გაძღოლას ნიშნავს. მეორე მხრივ, კონკურენცია მრავალი ცალკეული პიროვნების მიერ დეცენტრალიზებულად განხორციელებულ დაგეგმვას გულისხმობს. მათ შორის კომპრომისს, რაზეც ბევრი საუბრობს, თუმცა ცოტას თუ მოსწონს მისი არსებობა, დაგეგმვის უფლების სამეურნეო სინდიკატებზე, ანუ მონოპოლიებზე მინდობა წარმოადგენს.

აღნიშნულ სისტემებს შორის უფრო ეფექტიანი ის იქნება, რომელიც არსებული ცოდნის უფრო სრულფასოვანი გამოყენების საშუალებას მოგვცემს. ეს კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია ან იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ცენტრალური ხელისუფლების ხელში იმ მთლიანი ცოდნის თავმოყრას, რომელიც სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად არის საჭირო, მაგრამ მრავალ ცალკეულ პიროვნებას შორის არის გაბნეული, ან იმაზე, თუ რამდენად მოხერხდება ცალკეული პიროვნებების უზრუნველყოფა იმ დამატებითი ცოდნით, რომელიც მათ საკუთარი გეგმების სხვების გეგმებზე მორგების საშუალებას მისცემთ.

III

ერთხელაც ნათელი გახდება, რომ ამ საკითხისადმი მიდგომა განსხვავებული სახის ცოდნაზე იქნება დამოკიდებული; შესაბამისად, ჩვენ მიერ წამოჭრილი კითხვის პასუხი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ფარდობითი მნიშვნელობა ექნება ცოდნის თითოეულ სახეს; ერთი მხრივ, სავარაუდოდ, ცალკეული პიროვნებების განკარგულებაში არსებულ ცოდნას და, მეორე მხრივ, იმ ცოდნას, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების ექსპერტებისგან შემდგარი სახელისუფლებო სტრუქტურა ფლობს. ამ უკანასკნელის უპირატესობის შესახებ სადღეისოდ გაბატონებული შეხედულება განპირობებულია იმით, რომ ცოდნის ერთმა სახემ, კერძოდ მეცნიერულმა ცოდნამ, საზოგადოების თვალში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და თითქმის დავიწყებას მიეცა ის ფაქტი, რომ იგი ცოდნის ერთადერთი მნიშვნელოვანი სახე სულაც არ არის. შეიძლება ვაღიაროთ, რომ, როცა საქმე მეცნიერულ ცოდნას ეხება, ამ სახის ცოდნას საუკეთესოდ სწორედ შესაბამისი გამოცდილების მიხედვით შერჩეული ექსპერტები ფლობენ – თუმცა ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ მთელი სიმძიმე მეტწილად ექსპერტების შერჩევის წესის დადგენის პრობლემაზე გადავა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ექსპერტების შერჩევის წესის დადგენის პრობლემის წარმატებით გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი, იგი ჩემ მიერ განსახილველად წარმოდგენილი უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

დღესდღეობით, მოსაზრება, რომ მეცნიერული ცოდნა მთლიანი ცოდნის ჯამს არ წარმოადგენს, თითქმის მკრეხელობად ითვლება. მაგრამ მცირეოდენი ანალიზიც კი გვარწმუნებს, რომ, მიუხედავად არაორგანიზებული ხასიათისა, უეჭველად არსებობს უაღრესად მნიშვნელოვანი ცოდნის სახეობა, რომელსაც ალბათ შეუძლებელია, მეცნიერული ვუწოდოთ ზოგადი წესების ცოდნის მნიშვნელობით. _ ეს დროისა და ადგილის განსაკუთრებული გარემოებების ცოდნაა. სწორედ ამ სახის ცოდნა ანიჭებს უპირატესობას პრაქტიკულად ყოველ პიროვნებას სხვებთან მიმართებაში, რადგან იგი სწორედ იმ განსაკუთრებულ ინფორმაციას ფლობს, რომლის სარფიანი გამოყენება შეიძლება. თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ ამ ინფორმაციაზე დამოკიდებული გადაწყვეტილებები პირადად მან მიიღოს ან მისი აქტიური მონაწილეობით მოხდეს.

ჩვენ თუნდაც ის უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენი რამის სწავლა გვიხდება ნებისმიერი პროფესიის დაუფლებისას, მას შემდეგ, რაც თეორიული განათლების კურსს დავამთავრებთ; ჩვენი პროფესიული ცხოვრების რაოდენ დიდ ნაწილს ვუთმობთ კონკრეტული გარემოებების შესწავლას და რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერ პროფესიაში ადამიანების, ადგილობრივი პირობების და თავისებურებების ცოდნა. ვფლობდეთ და ვიყენებდეთ ინფორმაციას მანქანის შესახებ, რომელიც ბოლომდე დატვირთული არ არის ან რომელიმე ადამიანის რაიმე უნარის შესახებ, რომლის გამოყენება უკეთაა შესაძლებელი, ან ვფლობდეთ ინფორმაციას საქონლის არსებული მარაგის შესახებ, რომლის გამოყენება მომარაგების შეფერხების დროს არის შესაძლებელი, საზოგადოებისთვის იმდენადვე სასარგებლოა, რამდენადაც სხვადასხვა მეთოდების ცოდნა. ყველა, მათ შორის ტვირთის გადამზიდავი, რომელიც სარჩო-საბადებელს ცარიელი ან ნახევრად სავსე გემის მოგზაურობას საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებით შოულობს ან უძრავი ქონებით მოვაჭრე, რომლის ცოდნაც მხოლოდ სწრაფად ცვალებადი შესაძლებლობების გამოყენებაში თუ მდგომარეობს, ან ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე (არბიტრაგეურ), რომელიც მოგებას სათამასუქო კურსის ლოკალური განსხვავებების ოპტიმალური გამოყენებით ნახულობს, აშკარად სასარგებლო ფუნქციას ასრულებს, რაც სწორედ იმ დროის მონაკვეთში შექმნილი გარემოებების ზედმიწევნით ცოდნას ეფუძნება, რომელიც სხვებისთვის უცნობი რჩება.

უცნაურია, რომ ამ სახის ცოდნას დღეს, ზოგადად, ერთგვარი ამრეზით უყურებენ და თითქმის საძრახისად მიიჩნევა იმ ადამიანის საქციელი, რომელიც თეორიული ან ტექნიკური ცოდნით მასზე უკეთ აღჭურვილ ნებისმიერ ადამიანთან შედარებით უპირატესობას ასეთი სპეციფიკური ცოდნის მეშვეობით აღწევს. კომუნიკაციის ან ტრანსპორტის საშუალებების უკეთესი ცოდნის შედეგად უპირატესობის მიღწევა ხანდახან თითქმის არაკეთილსინდისიერებადაც კი მიიჩნევა, თუმცა საზოგადოების მიერ კომუნიკაციის ან ტრანსპორტის სფეროში არსებული საუკეთესო შესაძლებლობების გამოყენება მეცნიერების უახლესი მიღწევების გამოყენებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. აღნიშნულმა მცდარმა წარმოდგენამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ვაჭრობისადმი, წარმოებისგან განსხვავებით. თვით ეკონომისტებიც კი, რომლებიც საკუთარ თავს წარსულის ტლანქი მატერიალისტური ცრურწმენებისგან დაცულად მიიჩნევენ, მუდმივად იმეორებენ მსგავს შეცდომას, როცა საქმე პრაქტიკულ ცოდნას ეხება, სავარაუდოდ, ეს ასე იმიტომ ხდება, რომ მათ მიერ ასეთი სახის ცოდნა “მოცემულად” მიიჩნევა.

გავრცელებული აზრის თანახმად, ასეთი სახის ცოდნა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს და არსებული ეკონომიკური წესრიგის დადანაშაულება ირაციონალურობაში ხშირად იმას ეფუძნება, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. აღნიშნული შეხედულება უარყოფს ფაქტს, რომ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ასეთი სახის ცოდნის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა მიიღწევა, სწორედ იმ პრობლემას წარმოადგენს, რომელზე პასუხიც ჩვენ უნდა ვიპოვოთ.

IV

დღესდღეობით, დროის და ადგილის განსაკუთრებული გარემოებების ცოდნის მნიშვნელობის გაუფასურება ცვლილების, როგორც ასეთის, მნიშვნელობის დაკნინებას უკავშირდება. ძირითადი განსხვავება, რომელიც “მგეგმავების”, როგორც წესი, მხოლოდ ვარაუდზე დაფუძნებულ დაშვებებსა და მათი ოპონენტების დაშვებებს შორის არსებობს, პირველ რიგში, ცვლილებების მნიშვნელობას და სიხშირეს ეხება, რაც საწარმოო გეგმების არსებით და ხშირ ცვლილებას აუცილებელს ხდის. რა თქმა უნდა, გრძელვადიანი დეტალური ეკონომიკური გეგმების წინასწარი შედგენა და შემდგომ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის გარეშე, მათი მკაცრი დაცვა შესაძლებელი რომ იყოს, მაშინ იმ ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავებაც გაცილებით გაადვილდებოდა, რომელიც მთლიან ეკონომიკურ საქმიანობას მოაწესრიგებდა.

შესაძლოა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები ყოველთვის და მხოლოდ ცვლილებებითაა განპირობებული. სანამ მდგომარეობა უცვლელია ან თუდნაც ისეთია, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი პრობლემები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს, არ წარმოიშობა და, შესაბამისად, არც ახალი გეგმების ჩამოყალიბების საჭიროება არსებობს. რწმენა, რომ ახლანდელ დროში ცვლილებები ან მათი ყოველდღიური გათვალისწინება ნაკლებად მნიშვნელოვანია, გულისხმობს, რომ ეკონომიკური პრობლემებიც ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. ცვლილებების მნიშვნელობის დაკნინება, როგორც წესი, იმ ადამიანებს სწამთ, რომლებიც იმავდროულად ამტკიცებენ, რომ ტექნოლოგიური ცოდნის მზარდმა მნიშვნელობამ ეკონომიკური გააზრების საჭიროება უკანა პლანზე გადასწია.

მართალია, რომ თანამედროვე წარმოების დახვეწილი მექანიზმი მხოლოდ ისეთი გრძელვადიანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს, როგორიცაა ფაბრიკის დაარსება ან ახალი ტექნოლოგიური პროცესის შემოღება? მართალია, რომ საწარმოს დაფუძნების შემდეგ ყველაფერი დანარჩენი მეტნაკლებად მექანიკური პროცესია, რომელსაც წარმოების ხასიათი განსაზღვრავს და ცოტა რამ რჩება შესაცვლელი მუდმივად ცვალებად გარემოებებზე მოსარგებად?

გავრცელებული რწმენა, რომ ყველაფერი მართლაც ასეა, რამდენადაც დავადგინე, მეწარმის გამოცდილებით არ დასტურდება. ყოველ შემთხვევაში, კონკურენტულ საწარმოში (და მხოლოდ ასეთი საწარმო შეიძლება იყოს ჩვენთვის საინტერესო) ხარჯების მინიმალურ დონეზე შენარჩუნება მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, რასაც მენეჯერის ენერგიის უდიდესი ნაწილი მიაქვს. რამდენად იოლია უუნარო მენეჯერისთვის იმ შესაძლებლობების გაფლანგვა, რომლებსაც მოგება ეფუძნება და რომ შესაძლებელია, ერთი და იმავე ტექნიკური საშუალებების მიუხედავად, ბიზნესის განსხვავებული ხარჯებით წარმოება, სამეწარმეო სფეროში ბანალური ჭეშმარიტებაა, რაც, როგორც ჩანს, ეკონომისტთა სამყაროში შესაბამის ასახვას ვერ პოულობს. მწარმოებლების და ინჟინრების მკაფიოდ გამოხატული სურვილი, რომ გადაწყვეტილებები მხოლოდ ფულადი დანახარჯებიდან გამომდინარე მიიღონ, იმის ნათელი საბუთია, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ ფაქტორებს ყოველდღიური მუშაობისას.

იმის ერთი მიზეზი, ეკონომისტები სულ უფრო და უფრო რატომ უგულებელყოფენ იმ მუდმივ მცირე ცვლილებებს, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის მთლიანი სურათის გაუკუღმართება შეუძლიათ, სავარაუდოდ, მათ მიერ სტატისტიკური მონაცემებისადმი მზარდ ინტერესში უნდა ვეძიოთ, რადგან იქ გამოყენებულ აგრეგირებულ მონაცემებს, სწრაფად ცვლად სამყაროსთან შედარებით, მეტი სტაბილურობა ახასიათებს. სტატისტიკური მონაცემების შედარებითი სტაბილურობა ე.წ. “დიდი რიცხვების კანონით” ან შემთხვევითი ცვლილებების ურთიერთგამათანაბრებელი ხასიათით არ შეიძლება აიხსნას, როგორც ამას დროდადრო სტატისტიკოსები აკეთებენ ხოლმე. ჩვენს შემთხვევაში ელემენტთა რაოდენობა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საკმარისი არ არის. ბაზარზე საქონლის და მომსახურების უწყვეტ მიწოდებას მიმდინარე ვითარებაზე მუდმივი მორგება უზრუნველყოფს. ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც ყოველდღიურად ჯერ კიდევ წინა დღისთვის უცნობი გარემოებებიდან გამომდინარე მიიღება, გულისხმობს, რომ B დაუყოვნებლივ ერთვება იქ, სადაც A ვეღარ ახერხებს მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. თვით დიდი და კარგად მექანიზებული ქარხანაც კი, მუშაობას ძირითადად იმიტომ აგრძელებს, რომ არსებული გარემო პირობები მას ნებისმიერი მოულოდნელობების გადალახვაში ეხმარება; კრამიტი, საკანცელარიო საგნები თუ სხვა ათასგვარი სახის აღჭურვილობა, რომელსაც საწარმო თვითონ ვერ აწარმოებს, მაგრამ მისი სრულყოფილი მუშაობისთვის არის საჭირო, ბაზარზე იოლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცოდნა, რომელზეც მე ვსაუბრობდი, მისი ბუნებრივი თავისებურების გამო, არ შეიძლება სტატისტიკურ აღრიცხვას დაექვემდებაროს და, ამდენად, ნებისმიერი ცენტრალური ხელისუფლებისთვის მისი მიწოდება სტატისტიკური მონაცემების სახით შეუძლებელია. სტატისტიკა, რომელიც ასეთმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს, საგნებს შორის არსებული მცირე განსხვავებების უგულებელყოფის შედეგად ყალიბდება, ანუ, როდესაც მსგავს რესურსად ისეთი საგნები მიიჩნევა, რომლებიც ერთმანეთისგან მდებარეობით, ხარისხით და სხვა თვისებებით განსხვავდება, შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი იყოს ყოველი ცალკეული გადაწყვეტილების მიღებისას. ცხადია, სტატისტიკის მონაცემებზე დაფუძნებული ცენტრალური გეგმა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, დროის და ადგილის გარემოებების უშუალო გათვალისწინებას ვერ შეძლებს და ცენტრალური მგეგმავი იძულებული იქნება, ისეთი გამოსავალი იპოვოს, რომელიც ამ გარემოებებზე დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღებას “ადგილობრივი პირობების მცოდნე ადამიანს” დააკისრებს.

V

თუ შევთანხმდებით, რომ საზოგადოების ეკონომიკური პრობლემა დროის და ადგილის განსაკუთრებული გარემოებების ცვლილებებზე სწრაფ მორგებაში მდგომარეობს, მაშინ, ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებები იმან უნდა მიიღოს, ვინც ამ გარემოებებს კარგად იცნობს, უშუალოდ ფლობს ინფორმაციას როგორც თავად მნიშვნელოვან ცვლილებებზე, ისე მათზე ადეკვატური რეაგირებისთვის საჭირო რესურსებზე. ჩვენ არ უნდა მოველოდეთ, რომ ხსენებული პრობლემა მთელი ცოდნის ცენტრალური ორგანოსთვის მიწოდების გზით გადაწყდება, რომელსაც, ვითომდა სრულყოფილი ცოდნის საფუძველზე, მას შესაბამისი მითითებების მეშვეობით მოაწესრიგებს. პრობლემა მხოლოდ გარკვეული დეცენტრალიზაციის გზით უნდა გადავწყვიტოთ, თუმცა ეს ჩვენს პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს. დეცენტრალიზაცია გვესაჭიროება იმისთვის, რომ მისი მეშვეობით ადგილისა და დროის განსაკუთრებული გარემოებების ცოდნის უშუალო გამოყენება უზრუნველვყოთ. მაგრამ “ადგილობრივი პირობების მცოდნე ადამიანი” გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ მის ირგვლივ არსებული გარემო პირობების კარგი ცოდნის საფუძველზე ვერ შეძლებს. მისთვის იმ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მას ესაჭიროება, რომ საკუთარი გადაწყვეტილებები უფრო დიდი ეკონომიკური სისტემის ცვლილებების მთლიან სტრუქტურას მოარგოს, პრობლემად რჩება.

რა მოცულობის ცოდნა სჭირდება მას აღნიშნული ამოცანის წარმატებით გადასაწყვეტად? მისი უშუალო თვალსაწიერის მიღმა მიმდინარე მოვლენებიდან რომელი უფრო ახდენს გავლენას მის მიერ უშუალო გადაწყვეტილების მიღებაზე და რა უნდა იცოდეს მან მათ შესახებ?

ცოტა რამ თუ ხდება მსოფლიოში, რომელსაც შეიძლება, რომ მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე რაიმე ზეგავლენა არ ჰქონდეს. მაგრამ მას არც ამ შემთხვევების მიზეზების ამომწურავი ცოდნა სჭირდება და არც მათი მთელი შედეგების ერთობლიობა აინტერესებს. მისთვის სულერთია, თუ რატომ არის გარკვეულ მომენტში გარკვეული სიდიდის ხრახნებზე უფრო დიდი მოთხოვნა ვიდრე სხვაზე, რატომ შეიძლება ქაღალდის ტომრის შოვნა უფრო ადვილად ბრეზენტის ტომარასთან შედარებით ან რატომ გახდა კვალიფიციური სამუშაო ძალის, ან მანქანა-დანადგარის შოვნა უფრო რთული ამა თუ იმ მომენტისთვის. მისთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, თუ რამდენად რთულად ან იოლად შეიძლება მათი შეძენა სხვა საგნებთან შედარებით, რომლებიც მას ასევე აინტერესებს, ან რამდენად მეტია ან ნაკლები მოთხოვნა მის მიერ წარმოებულ ან მოხმარებულ სხვადასხვა საგანზე. მას ყოველთვის მხოლოდ მისთვის არსებითი კონკრეტული საგნების შედარებითი მნიშვნელობა აინტერესებს, ხოლო მიზეზები, რომლებიც მათ შედარებით მნიშვნელობას ცვლიან, მას მხოლოდ იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ისინი მისი გარემოს კონკრეტულ საგნებზე ახდენენ ზეგავლენას.

ამ შემთხვევაში გვეხმარება ის, რასაც მე “ეკონომიკური გათვლა” ვუწოდე, რომელიც თუნდაც მაგალითის დონეზე გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება და სინამდვილეში როგორ გვარდება კიდეც აღნიშული პრობლემა ფასების მექანიზმის გამოყენებით. თვით ერთმმართველი გონიც კი, რომელიც სრულად ფლობს მონაცემებს რომელიმე მცირე, თვითკმარი ეკონომიკური სისტემის შესახებ, ვერ შეძლებდა მიზნებსა და საშუალებებს შორის არსებული ყველა იმ კავშირ-ურთიერთობისთვის ყურადღების მიქცევას, რომლებზეც მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გარკვეული ზეგავლენა იქონიოს, რადგან რესურსების უკეთ გადანაწილების მიზნით, მუდმივად მცირე შესწორებების შეტანა იქნება აუცილებელი. მართლაც, წმინდა ლოგიკური არჩევანის უდიდესი დამსახურებაა, რაც მრავალგზის დადასტურებულა, რომ აღნიშნული სახის პრობლემის გადაწყვეტას ცალკეული პიროვნებაც კი, მხოლოდ ეკვივალენტურობის ნორმის (ან “ღირებულების”, ან “ჩანაცვლების ზღვრული ნორმის”) შემუშავებით და მუდმივი გამოყენებით შეძლებდა, რაც მწირი რესურსის თითოეული სახეობისთვის ციფრული ინდექსის მინიჭებაში გამოიხატება, რომელიც არა კონკრეტული ნივთის რომელიმე თვისებიდან, არამედ საშუალებებსა და მიზნებს შორის შესაძლო კავშირ-ურთიერთოებების მთლიანი სტრუქტურიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ნივთის მნიშვნელობას ანარეკლის ან კონცენტრირებული სახით წარმოაჩენს. ნებისმიერი მცირე ცვლილებისას მან მხოლოდ ეს რაოდენობრივი ინდექსი (ან “ღირებულება”) უნდა გაითვალისწინოს, რომელშიც სრულადაა თავმოყრილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რაოდენობების ცვლილების გზით მას შეუძლია, საკუთარი გეგმები შესაბამისად შეცვალოს, მთელი ამ თავსატეხის ძირეულ ან ნებისმიერ მომდევნო ეტაპზე მისი საფუძვლიანი ანალიზის გარეშე.

არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში, რომელშიც საჭირო ფაქტების ცოდნა მრავალ ადამიანს შორის არის გაფანტული, ფასებს შეუძლია სხვადასხვა ადამიანების ცალკეული ქმედებების კოორდინაცია ისევე, როგორც სუბიექტური ფასეულობები ადამიანს საკუთარი გეგმის ელემენტების კოორდინაციაში ეხმარება. ამასთან დაკავშირებით ღირს ერთი მარტივი და უბრალო მაგალითის მოყვანა. დავუშვათ, სადმე მსოფლიოში ნედლი მასალის, მაგალითად კალის, გამოყენების ახალი შესაძლებლობა აღმოაჩინეს ან კალის ერთ-ერთ საბადოში მარაგი ამოიწურა. ჩვენი მიზნისთვის სულერთია – და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ სულერთია ამ ორი მიზეზიდან რომლის გამო გახდა კალა უფრო დეფიციტური. ის, რისი ცოდნაც კალის მომხმარებლებისთვის საკმარისია, იმაში მდგომარეობს, რომ კალა, რომელსაც ისინი აქამდე მოიხმარდნენ, სადღაც სხვაგან უფრო მომგებიანად გამოიყენება და ამის გამო, იგი უფრო მომჭირნედ უნდა ხარჯონ. მათ დიდ უმრავლესობას იმის ცოდნაც კი არ ესაჭიროება, თუ სად წარმოიშვა კალაზე უფრო დიდი მოთხოვნა ან რომელი ახალი გარემოებების გამო მოუწევთ კალის დარჩენილი მარაგის დაზოგვა. თუკი რამდენიმე მათგანი ახალი მოთხოვნის შესახებ უშუალო ინფორმაციას ფლობს და რესურსებს მათ დასაკმაყოფილებლად მიმართავს და, თუკი ადამიანები, რომლებმაც ამის შედეგად წარმოშობილი დეფიციტის შესახებ იციან, მას სხვა წყაროებიდან შეავსებენ, ეფექტი ეკონომიკის მთლიან სისტემაზე სწრაფად გავრცელდება და ზეგავლენას არა მხოლოდ კალის, არამედ მისი შემცვლელის და შემცვლელის შემცვლელის, აგრეთვე, ყველა იმ საგნის მოხმარებაზე მოახდენს, რომელიც კალისგან ან მისი ნებისმიერი შემცვლელისგან მზადდება და ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება. ხოლო ეს ყველაფერი ისე მოხდება, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა, რომელთა მეშვეობითაც აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება, ამ ცვლილებების მიზეზებს არც კი ჩაეძიება. სისტემა ერთიანი ბაზრის სახით მოქმედებს არა იმიტომ, რომ მისმა ერთერთმა წევრმა ეს ყველაფერი იცის, არამედ იმიტომ, რომ ცალკეული წევრების თვალსაწიერი სივრცეები ერთმანეთს იმდენად გადაფარავს, რომ ინფორმაცია ყველას ერთმანეთის მეშვეობით გადაეცემა. ის უბრალო ფაქტი, რომ ნებისმიერი საქონლისთვის ერთიანი ფასი არსებობს – ან, უფრო სწორედ ის, რომ ადგილობრივი ფასები ტრანსპორტირების ხარჯებითაა განპირობებული და ა.შ. – წყვეტს პრობლემას, რომელსაც ცალკეული მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში (და ისიც მხოლოდ თეორიის დონეზე) გადაწყვეტს, როცა იგი ყველა იმ ინფორმაციას დაეუფლება, რომელიც პროცესში ჩართულ ინდივიდებს შორის არის გაფანტული.

VI

საფასო მექანიზმს უნდა შევხედოთ, როგორც ინფორმაციის გაცვლის საშუალებას, თუ მისი ნამდვილი ფუნქციის შეცნობა გვსურს, რომელსაც იგი, ფასების სიხისტის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნაკლებად სრულყოფილად ასრულებს (მაშინაც კი, როდესაც დადგენილ ფასებს ძალზედ ხისტად იცავენ, ძალები, რომლებიც ფასის ცვლილებზე ზემოქმედებდა, ხელშეკრულების სხვა პირობებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებით ავლენს თავს). საფასო მექანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი მეშვეობით ცოდნის მომჭირნედ გამოყენება ხდება, ანუ თითოეული პიროვნების მიერ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნის მოცულობა საგრძნობლად მცირდება. შეკვეცილი სახით და გარკვეული სიმბოლოს ფორმით მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა ხდება და, თანაც, მხოლოდ დაინტერესებულ პირებზე. რა თქმა უნდა, უბრალო მეტაფორაზე მეტი იქნება, თუკი საფასო მექანიზმს აღვწერთ, როგორც გარკვეული სახის ცვლილებების რეგისტრაციის მექანიზმს ან ტელეკომუნიკაციების სისტემას, რომლის დახმარებითაც პროდიუსერს შეუძლია, რომ თვალი მხოლოდ რამდენიმე ისრის მოძრაობას ადევნოს, ისევე, როგორც ინჟინერს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ბერკეტი გააჩნია, რათა მათი მეშვეობით საკუთარი საქმიანობის კორექტირება იმ ცვლილებებიდან გამომდინარე მოახდინოს, რომელთა მიზეზებზეც მან შეიძლება ვერასოდეს გაიგოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ფასების ცვლილების დინამიკაშია ასახული.

ხსენებული კორექტირებები არასდროსაა “სრულყოფილი” იმ გაგებით, რასაც ეკონომისტი წონასწორობის ანალიზისას გულისხმობს. მაგრამ, ვშიშობ, ჩვენი მცდარი მეცნიერული ტრადიცია, რომელიც გულისხმობს, რომ პრობლემის გადაწყვეტისას ამოვიდეთ დაშვებიდან, თითქოს ყველა მონაწილეს გააჩნია მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ცოდნა, ხელს გვიშლის ფასის მექანიზმის ჭეშმარიტი ფუნქციის დანახვაში და გვიბიძგებს მისი ეფექტიანობის ანალიზის დროს მცდარი სტანდარტები გამოვიყენოთ. სასწაული, როგორც ეს ნედლეულის სიმწირის შემთხვევაში დავინახეთ, იმაშია, რომ, მიუხედავად იმისა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა რომ იცის მიზეზი, ყოველგვარი ბრძანების გარეშე, ათიათასობით ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირებისთვის თვეებიც კი არ იქნებოდა საკმარისი, მასალას ან მისგან დამზადებულ ნაწარმს, უფრო ყაირათიანად იყენებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი სწორი მიმართულებით მოძრაობენ. ეს სასწაულია, და, არცთუ პატარა სასწაული, იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ყველა, მუდმივად ცვალებად სამყაროში საკუთარი მოგება ჩვეულ ან “მისაღებ” დონეზე შეინარჩუნოს.

მე განგებ ვიხმარე სიტყვა “სასწაული”, რათა მკითხველი გამომეყვანა იმ თვითკმაყოფილებიდან, რომელიც ხშირად გვეუფლება, როდესაც აღნიშნული მექანიზმის მუშაობას თავისთავად მოვლენად აღვიქვამთ. მჯერა, ფასების მექანიზმი ადამიანის ჩანაფიქრის შედეგი რომ ყოფილიყო და ადამიანებს, რომლებიც ფასის ცვლილებებით ხელმძღვანელობენ, რომ ესმოდეთ ის, თუ რაოდენ სცილდება მათი გადაწყვეტილებების მნიშვნელობა მათივე უშუალო მიზნების ფარგლებს, აღნიშნულ მექანიზმს ადამიანის გამჭრიახობის უდიდეს ნიმუშად აღიარებდნენ.

მაგრამ, საუბედუროდ, ერთი მხრივ, ფასების მექანიზმი ადამიანური ჩანაფიქრის შედეგს არ წარმოადგენს და, მეორე მხრივ, ადამიანებმა, რომლებიც ამ მექანიზმით ხელმძღვანელობენ, არ იციან, თუ რატომ არიან იძულებული აკეთონ ის, რასაც აკეთებენ. მაგრამ მათ, ვინც მოითხოვს “გააზრებულ მართვას” – და ვინც ვერ იჯერებს, რომ რამეს, რაც ჩანაფიქრის გარეშე (და ჩვენგან გაუცნობიერებლად) წარმოიშვა, ხელეწიფება იმ პრობლემების მოგვარება, რომლის გააზრებული გადაწყვეტა ჩვენ არ ძალგვიძს – უნდა ახსოვდეთ შემდეგი: პრობლემა ზუსტად იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენ მიერ გამოყენებული რესურსების მოცულობის გაზრდა ისე, რომ ის ერთი ადამიანის გონებრივი კონტროლის შესაძლებლობებს გასცდეს; შესაბამისად, როგორ დავაღწიოთ თავი გააზრებული კონტროლის საჭიროებას და როგორ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც აიძულებს პიროვნებებს სასურველი ქმედების განხორციელებას ისე, რომ არავინ იყოს ვალდებული მათ ამის შესახებ მიუთითოს.

პრობლემა, რომელსაც აქ ვაწყდებით, მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის არ არის და თითქმის ყველა ჭეშმარიტად სოციალურ მოვლენაში, ენასა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უდიდეს ნაწილში იჩენს თავს. ამასთან, ყველა სოციალური მეცნიერების მთავარ თეორიულ პრობლემას წარმოადგენს.

როგორც ალფრედ უაითჰედმა სხვა კონტექსტში აღნიშნა: “ყველა ცნობილ სახელმძღვანელოსა და განთქმული ადამიანების გამოსვლებში მუდმივად ძირეულად მცდარი ტრუიზმი მეორდება, რომლის მიხედვით ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყველაფრის გააზრება, რასაც ვაკეთებთ. რეალური მდგომარეობა დიამეტრალურად განსხვავებულია. ცივილიზაცია იმგვარად ვითარდება, რომ სულ უფრო მეტი მნიშვნელოვანი მოქმედებების განხორციელება შეგვიძლია, მათ არსში წვდომის გარეშე”. სოციალურ სფეროში ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ფორმულებს, სიმბოლოებს და წესებს, რომელთა მნიშვნელობა არ გვესმის და რომელთა მეშვეობით ვიყენებთ ცოდნას, რომელსაც პიროვნულად არ ვფლობთ. აღნიშნული ჩვევები და ინსტიტუტები იმ ტრადიციებსა და ინსტიტუტებზე დაყრდნობით შევქმენით, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა შესაბამის სფეროში და რომლებიც, შესაბამისად, ჩვენ მიერ შექმნილი ცივილიზაციის საფუძველი გახდა. საფასო მექნიზმი იმ ქმნილებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლითაც სარგებლობა ადამიანმა შემთხვევით, მისი არსის გააზრების გარეშე დაიწყო (თუმცა მისი საუკეთესო გამოყენებისგან კვლავაც შორსაა). ამით შესაძლებელი გახდა არა მარტო შრომის დანაწილება, არამედ თანაბრად განაწილებული ცოდნის საფუძველზე რესურსების კოორდინირებული გამოყენებაც. ადამიანები, რომლებსაც მოვლენათა ასეთი ვითარების ჭეშმარიტება სასაცილოდ არ ჰყოფნით, როგორც წესი, საწინააღმდეგოს დასასაბუთებლად ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ცივილიზაციაზე საუკეთესოდ მორგებული სისტემის სპონტანურად ჩამოყალიბების შესაძლებლობა რაღაც სასწაულს წააგავს. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა: ადამიანმა შეძლო შრომის დანაწილება, რასაც ჩვენი ცივილიზაცია ეფუძნება, იმიტომ, რომ მან ის მეთოდი აღმოაჩინა, რამაც ეს შესაძლებელი გახადა. ასე რომ არ მომხდარიყო, იგი ალბათ მაინც შეძლებდა სხვა, სრულიად განსხვავებული ტიპის ცივილიზაციის, მაგალითად, ტერმიტების “სახელმწიფოს” მსგავსი, ან სხვა, ჩვენთვის ამჟამად სრულიად წარმოუდგენელი სახის ცივილიზაციის შექმნას. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ისეთი ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც არსებულის იმ თვისებებს შეინარჩუნებდა, რომლებიც თვით ამ სისტემის თანმიმდევრული მოწინააღმდეგეებისთვისაც კი მნიშვნელოვანია და თითოეული პიროვნებისთვის საკუთარი მიზნების დამოუკიდებლად განსაზღვრისა და, შესაბამისად, საკუთარი ცოდნისა და უნარის თავისუფლად გამოყენებისთვის საკმარისი ასპარეზის არსებობას გულისხმობს, დღემდე ვერავინ მოახერხა.

VII

მრავალი თვალსაზრისით იქნებოდა ხელსაყრელი, რომ კამათი რთული კავშირ-ურთიერთობების მქონე საზოგადოებაში რაციონალური გათვლებისთვის ფასების მექანიზმის გამოყენების აუცილებლობის შესახებ მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ბანაკებს შორის აღარ მიმდინარეობდეს.

ლუდვიგ ფონ მიზესის დებულებას, რომ შრომის საყოველთაო დანაწილებაზე დაფუძნებული საზოგადოების შენარჩუნებას საფასო მექანიზმის გარეშე ვერ შევძლებთ, 25 წლის წინ სიცილით შეხვდნენ. დღეს ის სირთულეები, რის გამოც ზოგს მისი აღიარება უჭირს, მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის აღარ არის, რაც კრიტიკული დისკუსიისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. როცა ვხედავთ, თუ როგორ ამტკიცებს ლევ ტროცკი, რომ “ეკონომიკური გათვლები საბაზრო ურთიერთობების გარეშე შეუძლებელია”; როცა პროფესორი ოსკარ ლანგე პროფესორ ფონ მიზესს ჰპირდება, რომ მომავალის ცენტრალური დაგეგმვის სამსახურის მარმარილოს დერეფანში მის ძეგლს დადგამს; და როცა პროფესორი აბბა ფ. ლერნერი ადამ სმითის ხელახალი აღმოჩენის შედეგად აღნიშნავს, რომ საფასო მექანიზმის მთავარი დანიშნულებაა აიძულოს პიროვნება მაშინაც კი, როდესაც იგი საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობს, გააკეთოს ის, რაც საერთო ინტერესებში შედის, უთანხმოების მიზეზი უკვე არა მცდარ პოლიტიკურ შეხედულებებში, არამედ, უპირატესად, ინტელექტუალურ, უფრო ზუსტად, მეთოდოლოგიური ხასიათის განსხვავებებში უნდა ვეძიოთ.

წიგნში “კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია” – პროფესორ იოზეფ შუმპეტერის მიერ გამოთქმული აზრი იმ მეთოდოლოგიური განსხვავებების ნათელი მაგალითია, რასაც მე ვგულისხმობ. მისი ავტორი იმ ეკონომისტთა სახელოვანი წარმომადგენელია, რომლებიც ეკონომიკურ მოვლენებს პოზიტივიზმის ერთგვარი განშტოების პერსპექტივიდან უყურებენ. აღნიშნულ მოვლენებს საქონლის ობიექტურად მოცემული სიმრავლეების სახე აქვს, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში, როგორც ჩანს, ადამიანის გონების თითქმის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე მოდის. მხოლოდ აღნიშნულიდან გამომდინარე შემიძლია გავიგო შემდეგი (ჩემთვის უცნაური) განცხადება, როდესაც პროფესორი შუმპეტერი ამტკიცებს, რომ საწარმოო ფაქტორების რაციონალური გათვლა ბაზრის არსებობის შემთხვევაში თეორეტიკოსისთვის იმ “ელემენტარული გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ მომხმარებელი სამომხმარებლო საქონლის შეფასებით (მისი მოთხოვნით), თავისთავად პროდუქციის იმ საშუალებებსაც აფასებს, რომელიც ამ საქონლის წარმოებისას იქნა გამოყენებული”(1).

სიტყვასიტყვით თუ გავიგებთ, აღნიშნული მოსაზრება უბრალოდ მცდარია. მომხმარებელი მსგავსს არაფერს აკეთებს. პროფესორ შუმპეტერის “თავისთავადობა” სავარაუდოდ ნიშნავს, რომ საწარმოო ფაქტორების შეფასება მომხმარებლის მიერ საქონლის შეფასებაში არის განსხეულებული ან აუცილებლად გამომდინარეობს ამ შეფასებიდან. თუმცა აღნიშნული მტკიცება არასწორია. განსხეულება ლოგიკურ კავშირს ნიშნავს, რომელსაც აზრი მხოლოდ იმ გამონათქვამების შემთხვევაში აქვს, ერთსა და იმავე გონებაში ერთდროულად რომაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოების ფაქტორების ღირებულება დამოკიდებულია არა მხოლოდ მომხმარებლის მიერ საქონლის შეფასებაზე, არამედ წარმოების ფაქტორების მიწოდების სხვადასხვა პირობებზეც. მოცემული ფაქტებიდან პასუხი მხოლოდ იმ მოაზროვნე პიროვნებისთვის გამომდინარეობს, რომელიც ყველა ფაქტს ერთდროულად ფლობს. რეალური პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ცალკეული გონიერი არსება ამ ფაქტებს ამ ფორმით არასოდეს ფლობს, და, შესაბამისად, პრობლემის გადაწყვეტისთვის მრავალ ადამიანს შორის გაფანტული ცოდნის გამოყენებაა აუცილებელი.

აქედან გამომდინარე, არაფრის მთქმელია იმის მტკიცება, რომ ცალკეული მოაზროვნე ადამიანისთვის ყველა ფაქტის ხელმისაწვდომობა (რასაც ეკონომისტის მიერ დაკვირვების შემთხვევაში ვუშვებთ) ცალსახად განაპირობებს პრობლემის მოგვარებას; ამის ნაცვლად უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ხდება ეს სინამდვილეში, ადამიანების ურთიერთქმედების მეშვეობით, რომლებიც, თავის მხრივ, ცოდნის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ფლობენ. იმის დაშვება, რომ მთლიან ცოდნას ცალკე აღებული ერთი გონიერი არსება ფლობს, იმავე პირობითობით, როგორც მას ჩვენ – თეორეტიკოსი ეკონომისტები ვფლობთ, პრობლემის იგნორირებას და იმის უგულებელყოფას ნიშნავს, რაც რეალურ სამყაროში მნიშვნელოვანი და არსებითია.

პროფესორ შუმპეტერის რეპუტაციის მქონე ეკონომისტის იმ ხაფანგში გაბმას, რომელსაც გაუცნობიერებელ ადამიანს “მონაცემის” ცნების ბუნდოვანება უმზადებს, უბრალო შეცდომად ვერ მივიჩნევთ. იგი უფრო იმაზე მიანიშნებს, რომ ძირეულად მცდარია მიდგომა, რომელიც ჩვეულებისამებრ, უგულებელყოფს ჩვენთვის საყურადღებო მოვლენების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ადამიანის ცოდნის მარადიულ არასრულყოფილებას და, შესაბამისად, იმგვარი პროცესების აუცილებლობას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც ცოდნის მუდმივი გაცვლა და შეძენა გახდება შესაძლებელი.

ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ამოდის დაშვებიდან, რომ თითქოს ადამიანების ცოდნა სიტუაციის ობიექტურ ფაქტებს შეესაბამება, როგორც ეს, მაგალითად, მათემატიკურ ეკონომიკაში სინქრონული წონასწორობის იდეების გამოყენებისას ხდება, სისტემატურად უგულებელყოფს იმას, რისი ახსნაც ჩვენი მთავარი მოვალეობაა. მე შორს ვარ იმისაგან, რომ ჩვენი სისტემისთვის წონასწორობის ანალიზის მნიშვნელობა უარვყო. მაგრამ, როცა საქმე იქამდე მიდის, რომ მას ჩვენი წამყვანი მოაზროვნეები შეცდომაში შეჰყავს, აჯერებს რა მათ, რომ სიტუაციას, რომელსაც ის აღწერს, პრაქტიკული პრობლემის გადაწყვეტისათვის უშუალო მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ იგი საზოგადოებრივ პროცესს საერთოდ არ ეხება და მთავარი პრობლემის კვლევისას მხოლოდ მოსამზადებელ, თუმცა სასარგებლო სამუშაოს ნაწილს წარმოადგენს.

1 ი. შუმპეტერი, Capitalism, Socialism and Democracy (New York; Harper, 1942), გვ. 175. ჩემი რწმენით, პროფესორი შუმპეტერი იმ მითის ავტორიცაა, რომლის მიხედვითაც პარეტომ და ბარონმა სოციალისტური გათვლების პრობლემა “ამოხსნეს”. ის, რაც მათი და სხვა ბევრის დამსახურებაა, მხოლოდ იმ პირობების განსაზღვრაა, რომელსაც რესურსების რაციონალური გადანაწილება უნდა აკმაყოფილებდეს და იმის აღნიშვნა, რომ ეს იგივეა, რაც კონკურენტული ბაზრის წონასწორობის პირობები. ეს რესურსების რეალური გადაადგილების ცოდნისგან სრულიად განსხვავდება, რომელიც აღნიშნულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. თვითონ პარეტო (რომლისგანაც ბარონმა აიღო ყველაფერი, რაზეც კი ის საუბრობს) შორს იყო იმის მტკიცებისგან, რომ მან შეძლო პრაქტიკული პრობლემის გადაწყვეტა, პირიქით, ის პირდაპირ ამბობს, რომ მისი გადაწყვეტა შეუძლებელია ბაზრის დახმარების გარეშე. იხ. მისი Manuel d’economie pure (მე-2 გამოცემა, 1927), გვ. 233-34. შესაბამისი ადგილი ინგლისურ ენაზე იხ. ჩემი სტატიის დასაწყისში “Socialist Calculation: The Competitive Solution”, in Economica, New Series, Vol. VIII, No. 26 (May, 1940), გვ. 125.

წყარო: ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა – ტომი IV. ინტელექტუალები, განათლება და თავისუფლება

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button