ქართული გვარები

ფირცხალავათა გვარი

მეგრულად სიტყვა “ფირცხალი” გაბრაზებულს, გაწიწმატებულს ნიშნავს. ამ სიტყვიდან ნაწარმოები მეტსახელი ფირცხალა შესაძლებელია საფუძვლად დასდებოდა გვარსახელ ფირცხალავას. მეორე ვერსიით, “ფირცხალა” გახლავთ “ალ” სუფიქსით ნაწარმოები კნინობით-მოფერებითი ფორმა მამაკაცის საკუთარი სახელისა “ფირცხე”. ორივე შემთხვევაში ფირცხალავა ეპონიმური ტიპის გვარსახელი გამოდის, რომლის ფუძეშიც ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი “ფირცხე” და მეტსახელი “ფირცხალა”.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია აზრი, თითქოს შესაძლოა, ეს გვარი ტოპონიმურ ტიპს მიეკუთვნებოდეს. ამის საფუძველს იძლევა ჭანეთში არსებული ტოპონიმი “ფირცხა”.

ფირცხალავათა გვარი ერთძირიანი გვარი ჩანს.

გვარის განსახლების არეალისა და სიმჭიდროვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფირცხალავების ბუდე-პირველსაცხოვრისი სამეგრელოში, მარტვილის რაიონში უნდა ვივარაუდოთ.

ფირცხალავები სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ფირცხალავათა გვარის ხსენება XVI საუკუნიდან იწყება. 1570 წელს იმერთა მეფემ გიორგი II-მ თავად დავით წულუკიძეს ყმა და მამული უბოძა: ხონში, მათხოჯში, კონტუეთში. წყალობის სიგელში გლეხთა შორის იხსენიება კონტუათელი ძაღლუა ფირცხალავა.

XVI საუკუნის II ნახევარში ფირცხალავა უკვე ცხოვრობს იმერეთში. მისი ან მისი წინაპრების აქ გადმოსვლა უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ფირცხალავა 1570 წლამდე სახასო გლეხი იყო და მერე გადავიდა საბატონო გლეხთა კატეგორიაში.

XVII საუკუნის მათხოჯის დავთრის სხვადასხვა ხელნაწერის მიხედვით, იმერეთის სამეფოს ამ სოფელში უცხოვრიათ საეკლესიო გლეხებს: კაციელა, სიმონა, შუშუა, საყვარელა, კაცობელა, გიორგი და მახარა ფირცხალავებს. მათ სხვადასხვა საეკლესიო სამსახური და გადასახადი ევალებოდათ.

1753 წლის ერთი შეწირულობის წიგნის მიხედვით, რომელიც შემდეგ პეტერბურგის აზიურ მუზეუმში აღმოჩნდა, ჭყონდიდელ ეპისკოპოს გაბრიელს მარტვილის ღვთისმშობლის ხატისთვის 10 კომლი გლეხი შეუწირავს. მათ შორის იხსენიებიან გულუხეთელი გლეხები გიორგი და სეხნია ფირცხალავები. სოფელი გულუხეთი აბაშის რაიონში მდებარეობს. ეს ქვემო სამეგრელოა. აქაური ფირცხალავები ალბათ მარტვილის მხრიდან იყვნენ ჩამოსახლებულნი და ამიტომაც ისევ მარტვილის ღვთისმშობელს დაუბრუნა გაბრიელ ჭყონდიდელმა. ფირცხალავები გულუხეთშიც საეკლესიო გლეხები უნდა ყოფილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპისკოპოსს მათთან ხელი არ ექნებოდა.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ფირცხალავებს უცხოვრიათ იმერეთის სამ სოფელში: კონტუათში, სადაც საბატონო გლეხები ყოფილან, წყალტუბოში, სადაც ასევე საბატონო გლეხები ყოფილან, და მათხოჯში, სადაც საეკლესიო გლეხები ყოფილან.

XIX საუკუნის I ნახევარში ფირცხალავათა გვარი იხსენიება აბაზგეთის სოფელ ლიხნის მცხოვრებთა სიაშიც. მეგრელი გლეხის სვანეთში ან აფხაზეთში გაქცევა და რომელიმე იქაურ თემში თავისუფალ მეთემედ გაწევრიანება ჩვეულებრივი მოვლენა იყო XVI-XIX საუკუნეებში. ამით აიხსნება, რომ ფირცხალავათა გვარის რამდენიმე ოჯახი გვხვდება გუდაუთის, ოჩამჩირისა და ლენტეხის რაიონებში.

1857 წლის სამეგრელოს გლეხთა აჯანყებაში ჩანს უტუ მიქავას თანამებრძოლი კურზუელი გლეხი ისიდორე ფირცხალავა. დაახლოებით ამავე დროს, XIX საუკუნის 50-60-იან წლებში, იმერეთში, ხონში დაარსებულ სამრევლო სკოლას ხელმძღვანელობს იმხანად ცნობილი მწიგნობარი და მგალობელი სიმონ ფირცხალავა. ეს პიროვნება სასულიერო წოდებისა უნდა ყოფილიყო.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ფირცხალავათა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ცალკერძ ოდიშის სამთავროს ლაშქარში და ცალკერძ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

სამეგრელოსა და იმერეთში ადგილს და ადგილს დღემდე შემორჩა სახელად ფირცხალავების გვარის სახელი: “ეფირცხაე” – უბნის სახელად მეორდება სამეგრელოს სამ სოფელში: ინჩხურში, ნაგვაზაოში და წინაკვერკვეში (მარტვილის რაიონი); “ფირცხალავები” – უბანი სოფელ გორდში. ეს სოფელი ხონის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ ცხენისწყალს გაღმა სადადიანო მამულში მდებარეობს; “ფირცხალავების უბანი” – უბანი ყუმისთავში (წყალტუბოს რაიონი); “ფირცხალავები” – უბანი სოფელ მათხოჯში, იგივე ზემო უბანი (ხონის რაიონი).

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ფირცხალავათა გვარისშვილნი: მღვდელი ანტონ ფირცხალავა, მღვდელმონაზონი ისააკ ფირცხალავა, პროფესორები ნოე, გერასიმე და გულჯავარ ფირცხალავები, მწერალი ლამზირა ფირცხალავა, არქეოლოგი მარინა ფირცხალავა, მოქანდაკე ოთარ ფირცხალავა, მხატვარი გიგლა ფირცხალავა, მსახიობი გურამ ფირცხალავა, მთამსვლელი ვახტანგ ფირცხალავა.

გვარის აქტიურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ფირცხალავები ხელს აწერენ საქართველოს დამოუკიდებლობის ორივე აქტს. 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელს აწერს მაშინდელი პარლამენტის დეპუტატი სამსონ ფირცხალავა, 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტს კი უზენაესი საბჭოს დეპუტატი კოტე ფირცხალავა.

ისტორიამ ასე ინება. XX საუკუნეში ორჯერ ფირცხალავათა გვარის თითო წარმომადგენელი აღმოჩნდა იქ, სადაც ერისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი წყდებოდა.

საქართველოში ფირცხალავები ცხოვრობენ სამეგრელოს სოფლებში: გეზათში, ინჩხურში, აბედათში, თამაკონში, ონტოფოში, სალხინოში, ხუნწში, კურზუში, ქვაითში, ნახუნავოში, მუხურში… იმერეთის სოფლებში: მათხოჯში, ნაფაღაურში, დიდ ჯიხაიშში… ქალაქებში: ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, სამტრედიაში, ოჩამჩირეში, ქუთაისში, თბილისში.

ამჟამად ფირცხალავათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 2800 სულს აჭარბებს. ქალაქ ქუთაისში – ფირცხალავათა დაახლოებით 50 კომლი, ხოლო თბილისში 200-მდე კომლი ცხოვრობს. საქართველოს მასშტაბით ასეთი ოდენობის გვარი საკმაოდ მრავალრიცხოვნად ითვლება.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ფირცხალავათა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button