პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე შემოდგომა

ვუძღვნი ი. გრიშაშვილს

დავიღალე, საოცნებო განსვენება სულს სწყურია,
დავიღალე, მწარე ნაღვლით ჩემი სახე დაიჩრდილა;
შენი სახეც, ჩემო კარგო, დაღალული, უძლურია,
ვინ მოგიკლა სულის შვება, ფიქრთ ნავარდი, ტრფობის დილა?
დავიღალე, დავიღალე, მოსვენება ორივეს გვსურს,
ეჰ, ვინ მოგვცემს თავშესაფარს, ვინ გადაშლის უშლელ კუკურს?
მაგრამ ღმერთო, სთქვი, რას ნიშნავს ეგ ღიმილი ღვთაებრივი?

  • ეგ წარსულ დროთ მოგონების საოცნებო არის სხივი;
  • ახ, ისევე იტანჯება, აი, შენი წმინდა წყლული.
  • ეს აწმყოსი არის სხივი უსიცოცხლო, უფერული.
  • მაგრამ შენ რომ ნელ-ნელ სჭკნები, ერთ დროს ვნებით ანაგზნები?
  • ეს მომავალს მიკარნახებს, მთლად დავსჭკნები, მთლად დავსჭკნები!
  • ნუ დასჭკნები, ჩემო კარგო, გევედრები, ნუ დასჭკნები!
    შეიწირე ჩემი ცრემლი და სამგოსნო ჩემი ხმები;
    ახმაურდა ნაზი სიო, ძირს დაჰყარა ოქროს ცვრები.
  • ნუ დასჭკნები, ნუ დასჭკნები – ცისფერ ყვავილს ვევედრები.
  • ვჭკნები, მაგრამ სიცოცხლე მსურს, ვჭკნები, მაგრამ ყოფნა მინდა –
    სთქვა ყვავილმა, ძირს დაემხო და სიმწარით აქვითინდა.
    მალე დაჰკრავს შემოდგომის სუსხიანი, მწარე ქარი,
    ზენაარო! მიეც ყველას სუსხის დროს თავშესაფარი.
    მე კი, მე კი უსასოო ხეტიალში უხმოდ ვკვდები;
    ნუ დასჭკნები, ჩემო კარგო, ნუ დასჭკნები, გევედრები.
    რაა ჩემთან ქარიშხალი, რას დამაკლებს მწარე ბედი!
    ვივლი, სანამ სიყვარულის სხივს არ მომცემს შემომქმედი.
    ყვითელ ფოთლით შეიმოსა გაზაფხულის მთა და ველი,
    ყვითელ ფოთლით დაიფარა ტყის სიჩუმე უდარდელი,
    ყვითელ ფოთლებს შემოვივლებ, ნუ დასჭკნები, ნუ დასჭკნები.
    აგიტაცებს ჩემი ქნარი, გაგაცოცხლებს ჩემი ფრთები;
    ნუ დასჭკნები, ჩემო კარგო, ნუ დასჭკნები, გევედრები!
  • მე მეძახის, მაგრამ, ზეცავ, შენ ხომ შენის ფერით მკვებე,
    შეიწირე ჩემი სული სევდიანი, მეოცნებე;
    შეიწირე ჩემის მწუხრის და იდუმალ ლოცვის ხმები.
  • ნუ დასჭკნები, ნუ დასჭკნები – ცისფერ ყვავილს ვევედრები.
    დასჭკნა კიდეც, აი, მისი უსასოო წმინდა ფერფლი
    შეიწირე, ზეცავ, ზეცავ, შემოდგომის ნორჩი მსხვერპლი.
    რითმებისგან მე მსუბუქი იმას კუბო დავუწანი,
    ‘სულთა თანა” რომ ვუმღერე, ცელქმა სიომ მომცა ბანი;
    ჩემს გულში ის დავასვენე, იქ მივეცი ბინა წყნარი,
    მალე დაჰკრავს შემოდგომის სუსხიანი მწარე ქარი,
    ზენაარო! მიეც ყველას ამ დროს მყუდრო შესაფარი.
    ხიდან ფოთლებს ჩამოცვენილს, ჩაყვითლებულს, დამჭკნარს, გამხმარს
    ვინღა მისცემს მყუდრო ბინას, ვინღა მისცემს თავშესაფარს?
    ცაზე ბურუსს და მთის წვერზე გადაფენილ ღრუბელთა ჯარს
    ვინღა მისცემს მყუდრო ბინას, ვინღა მისცემს თავშესაფარს?
    წვიმის წვეთი სევდას მღერის, ობლობისას აჟღერებს ქნარს,
    მას ვინ მისცემს მყუდრო ბინას, მას ვინ მისცემს თავშესაფარს?
    ხედავ, ზღვაზე იალქანი როგორ ელტვის შვების საზღვარს,
    მაგრამ ტყვილად იბრძვის, სცდილობს, არვინ მისცემს თავშესაფარს!
    შენც ნუ იტყვი, ამოების ქსელში წმინდა შვება ვსცანო,
    შენ, ჩემს გულში დამარხულო, დაფლეთილო იალქანო!
    მგზავრმა გნახა ყვავილი და ზედ დაგადნო მკრთალი ძალა,
    შენ მას დიდხანს ვერ ატარებ, დაიღალე, დაიღალა!
    მალე დაჰკრავს შემოდგომის ქარიშხალთა ზიზღი, შური…
    ზენაარო! მიეც ყველას ამ დროს მყუდრო ნავთსადგური.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button