განხილვაესე

ვეფხისტყაოსანი – ტარიელის დახასიათება

– „„ვეფხისტყაოსანი“ საუკუნეთა განმავლობაში უჩვენებდა ქართველ ხალხს სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის, ვაჟკაცობისა და თავდადების მაგალითებს. ამ მშვენიერი ადამიანური თვისებების მატარებელნი არიან ნაწარმოების პერსონაჟები. პოემას ტარიელის სახელი ჰქვია. სწორედ ისაა ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი, რომელსაც ეს ვეფხვის ტყავი დაკარგულ სატრფოს აგონებს, ეს სახელი სიმბოლურად აერთიანებს ტარიელსა და ნესტანს: „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს.“ ტარიელი ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მფლობელის, სარიდანის, ერთადერთი ვაჟია, გაერთიანებული ქვეყნის ამირბარი, ვისაც ინდოეთში „აქვს ამირ-სპასალარობა.“ ის იშვილა ფარსადანმა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა: „მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა.“ გარეგნობით მომხიბლავი ტარიელი ბავშვობიდანვე უდიდეს ზეგავლენას ახდენდა მნახველზე: „გაეხარნეს ნახვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა.“ მოკლედ, როგორც ხატაელი ძმები უხასიათებენ ავთანდილს, „ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.“ ტარიელის გარეგნობის შესატყვისია მისი ფიზიკური ძალაც. მწერალი ჰიპერბოლებით ხატავს ამ ტიტანური ძლიერების რაინდს: „ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სილისა.“ ის უშიშარი, ბრძოლაში შეუდრეკელი ვაჟკაცია. ამის დასტურად გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი. ხატაელებთან ომის დროს: „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი, ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.“ ქაჯებთან ბრძოლის დროს კი მხოლოდ მისი ხმაც იყო საკმარისი, რომ მტერი შეეშინებინა: „კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა სიმაგრე ჯავშან-ქაფისა.“ ტარიელი მხოლოდ კარგი მებრძოლი კი არა, შესანიშნავი სტრატეგიცაა, ფრთხილი, წინდახედული მთავარსარდალია. ამის დასტურია ხატაელებთან ომის დროს ვაზირებთან თათბირი და ქაჯეთის ციხის აღების გეგმის შემუშავება. კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება აქვს ტარიელს: ის არასოდეს არ სცემს წაქცეულს, მისი დევიზია: „ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე, გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე.“ ასეც იქცევა. აი, რას ამბობს დამარცხებული რამაზ მეფის შესახებ: „ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!“ ეს არის ჰუმანურობის, დამარცხებული მტრისადმი რაინდული დამოკიდებულების შესანიშნავი გამოვლინება. ტარიელი თავის ძალასა და ვაჟკაცობას სამშობლოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს. ხატაელებმა ხარკის ძლევა შეუწყვიტეს ინდოეთს, ამიტომაც დასაჯა ისინი ამირბარმა. ხვარაზმშას, ვიღაც გადამთიელის ინდოეთში გამეფება კი მას საკუთარი ღირსების შეურაცხყოფად მიაჩნია: „სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!“ ეს უბრალო ქადილი არ იყო. მან მოკლა ხვარაზმშა, გამაგრდა თავის ციხე-ქალაქში და ფარსადანს კატეგორიულად განუცხადა: „ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე.“ მაგრამ ტარიელს არაფრად სჭირდება ინდოეთის ტახტი ნესტან-დარეჯანის გარეშე. როცა მან გაიგო სატრფოს დაკარგვის ამბავი, მაშინვე გაეშურა მის საძებნელად. ძალაუფლებისმოყვარე, ანგარებიანი კაცი ისარგებლებდა იმით, რომ ფარსადანი, ფაქტობრივად, უმემკვიდრეოდ დარჩა, ჯარიც ტარიელს ემორჩილებოდა, ინდოეთის ტახტისაკენ მიმავალ გზაზე მას წინ ვერავინ აღუდგებოდა, მაგრამ გამიჯნურებული რაინდი უყოყმანოდ გაეშურა ნესტანის საპოვნელად. უფრო მეტი, როცა მისი ნახვის იმედი გადაეწურა, არც მაშინ უფიქრია თავისი კუთვნილი ტახტის დაკავება, მხოლოდ სიკვდილს ნატრობდა, რათა იმქვეყნად მაინც შეხვედროდა სატრფოს. ეს, მართლაც, თვითშეწირული, უანგარო სიყვარულია: შენი გულის, შენი მეორე ნახევრის დაკარგვის შემდეგ სრულყოფილი ადამიანი აღარ ხარ. გავიხსენოთ ასმათის სიტყვები: „გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან, უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.“ სწორედ ამ სიტყვებშია მოცემული ტარიელის სიშმაგე-სიგიჟის, მის მიერ ველად გაჭრისა და მხეცებთან ბინის დადების მიზეზი. უგულო, სიყვარულს მოკლებული კაცი ადამიანი აღარ არის. ამიტომაც ასეთი გულწრფელი და სულისშემძვრელია ტარიელის გულიდან ამოსული გოდება: „მოსთქვამს: „ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!“ ტარიელის მოქმედების დევიზიც გულთანაა დაკავშირებული. როცა ავთანდილი არიგებს სასოწარკვეთილ მეგობარს: „რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა!“ – ტარიელი პასუხობს: „ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!“ მაგრამ, როცა ტარიელი იპოვის დაკარგულ ნახევარს, თავის გულს, ეს მარად მტირალი, მწუხარე სახის რაინდი, უმალ იბრუნებს სიცოცხლის ხალისს, იუმორის გრძნობას, ცხოვრებით ტკბობის უნარსა და, რაც მთავარია, საღად მსჯელობის ნიჭს. ის თავადაც შესანიშნავი მეგობარი აღმოჩნდება. სანამ ავთანდილს თინათინს არ შერთავს ცოლად, არ მოისვენებს: „თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები.“ ტარიელს გააჩნია კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება და მას მადლიერების გრძნობა ჰქვია. ის უხვად ასაჩუქრებს ყველას, ვინც გვერდით ამოუდგა და დაეხმარა ნესტანის ქაჯეთის ციხიდან განთავისუფლებაში: ფატმანსა და ასმათს, ფრიდონსა და მის მეომრებს. ის მოქმედებს პრინციპით: „… ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს.“ ტარიელი ნამდვილი რაინდია: პირდაპირი, უშიშარი, გმირული სულის მქონე. ის მტერს ზურგიდან არასოდეს არ მიეპარება. რამაზ მეფეს უთვლის: „თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.“ მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი თეთრი და შავი არ არის. ჭეშმარიტი რაინდული მორალის მქონე ადამიანსაც უწევს ხოლმე თავის სინდისთან კომპრომისებზე წასვლა, წესების დარღვევა. ასე დაემართა ტარიელსაც. ფარსადანის პოლიტიკურმა სიბეცემ, მისმა არასწორმა ნაბიჯებმა აიძულა, ქვეყნის, საკუთარი კანონიერი უფლებებისა და დიდი სიყვარულის დასაცავად გადაეხვია რაინდული მორალიდან და მიპარვით მოეკლა სასიძო: „კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.“ ამ ეპიზოდში მრავალი მხრიდან იხსნება ტარიელის ხასიათი; სხვათა შორის, ის თითქოს ფეხსაც ითრევს, უჭირს უდანაშაულო ხვარაზმშას ძის მოკვლა. ნესტანი განმეორებით იბარებს და მრისხანედ დატუქსავს დაგვიანებისათვის: „რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!“ მხოლოდ ამის შემდეგ გაბრაზებული ამირბარი: „ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!“ – გადადის აქტიურ მოქმედებაზე. ამ ეპიზოდში კიდევ ერთი საყურადღებო დეტალია, რომელიც გვიჩვენებს, რომ გოლიათი ტარიელი არ არის შეუბრალებელი და გულგრილი მკვლელი. ის უყვება ავთანდილს ხვარაზმშას შვილის მოკვლის ამბავს და ამის გახსენება ახლაც კი მზარავსო, ეუბნება: „კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით.“ ასე რომ, ტარიელი, მიუხედავად არაჩვეულებრივი ძალ-ღონისა, თბილი, მოსიყვარულე, უაღრესად მგრძნობიარე გულის, ჰუმანური ადამიანია. მას თანაბარი ძალით შეუძლია სიყვარული და სიძულვილი, წუხილი და მხიარულება. ესაა უაღრესად ადამიანური ადამიანი თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. სწორედ ამით გვხიბლავს დიდოსტატურად დახატული მისი მხატვრული სახე.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button