პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ჩვენ აზია ვართ

ჩვენ აზია ვართ, ღარიბი ვართ, მაგრამ ევროპა
ხშირად გვაგონებს მწარე სიტყვას: პატიოსნება!
არა, ჩვენ არ ვართ არავის წინ პატიოსანი,
პატიოსანი არის მხოლოდ ევროპის კრეზი!
მას ყელამდე აქვს ყველაფერი და ჩვენ კი გვიჭირს.
გაგვინაწილებს იგი ნებით თავის სიმდიდრეს?
არა, მას არ სურს გაჭირვების ჩვენის დანახვა.
ჩვენ გაბრაზება და შიმშილი გვალაპარაკებს.
ჩვენ აზია ვართ, აზია ვართ, ვართ უკულტურო.
უკულტურობა კი ძაღლია, ქოფაკი ძაღლი,
რომელიც მუდამ იღრინება და იკბინება,
არა, ის უფრო სასტიკია ცოფიან ძაღლზე.
არ დაშავდება არაფერი, თუ ჩვენ მას მოვკლავთ.
წავიდეთ, მოვკლათ საზიზღარი უკულტურობა.
ამბობენ, რომ გვაქვს მოთმინების დიდი უნარი.
რაა სულ თმენა? სხვა უნარიც გვიჩვენეთ კიდევ.
შრომის უნარი, განათლების, გრძნობის უნარი.
ამხანაგებო, მეზობლებო და მეგობრებო!
თქვენ დამიჯერეთ, რომ შიშით და შიშის კანკალით
შემოგცქერიან ბურჟუები ყველა ქვეყნისა.
მაგრამ იმედი მათი არის, რომ თქვენ აიტანთ.
ასჯერ, ათასჯერ მათზე მეტი რომ ვიყვეთ ძალით,
მაინც ვერ დავსძლევთ ვერასოდეს მათ სიძლიერეს.
იგი ჩვენ მაინც უსათუოდ გაგვაცამტვერებს,
სანამ ჩვენ მხოლოდ აზია ვართ ჩამორჩენილი.
სანამდე მათ არ დავეწევით და არ გავასწრებთ
ძლევამოსილი ინდუსტრიის ახალ კულტურით!
მაშ, მუსრი ნაშთებს წარსულისას, მუსრი ჭაობებს,
სიკვდილი მასის უნდობარ მტერს – უკულტურობას!

1924

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button