ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – რქები

ბატონი ჯუმბერი კათედრის გამგე იყო. 50 წელს გადაცილებული, ცოლის მოყვანას არ ფიქრობდა, მეცნიერებას გადააყოლა პირადი ცხოვრება. ისე, ახალგაზრდობაშიც არ ედგა თაყვანისმცემლების რიგი. დაბალს, ახლომხედველს და ასკეტურად მცხოვრებ ახალგაზრდას გოგოები არ სწყალობდნენ. არც ის უღებდა იოლად გულის კარებს, შეიძლება ითქვას, ნამდვილი სიყვარული განცდილიც არ ჰქონდა, სანამ ნონა გამოჩნდებოდა.
ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება. როგორც ლექტორი სტუდენტს, ისე უყურებდა, სხვებში არ განარჩევდა. სემესტრის ბოლოს, ნონა მივიდა
– თქვენი საგნის სწავლა მიჭირს და დამეხმარეთო! – რამდენჯერმე, ლექციების შემდეგ დატოვა და ამეცადინა. მაშინ შეამჩნია, რომ გოგონა, რაღაც სხვანაირად უყურებდა. აი ისე, ძვალსა და რბილში რომ გაგივლის. ასეთი რამ პირველად იგრძნო, ესიამოვნა, თუმცა, ვერ ხვდებოდა, ეს რა უნდა ყოფილიყო – სიყვარული თავიდანვე გამორიცხა, ვერ წარმოედგინა, 30 წლით უმცროსისგან მისი არათუ შეყვარება, მოწონებაც კი. – ალბათ, მადლიერების გამოხატვააო, დაასკვნა ბოლოს. ნონამ კი,
– ლექციების შემდეგ დარჩენა მიჭირს, საღამოობით თქვენთან სახლში ვივლიო! – უარი არ უთვამს, თავისდაუნებურად, გაუხარდა. რამდენიმე მისვლის შემდეგ ნონა გაუთამამდა
– რა სახე ჩამოგტირით, ახლავე გაიღიმეთ, თორემ ვერ ვმეცადინეობო! – გააცინა, ის კი არა, ანეკდოტიც მოაყოლა. შემდეგ დღეს, სადღაც ჩამარხული პატეფონი გამოაღებინა და აცეკვა. მოსწონდა, სიამოვნებდა. გრძნობას შესაბამისი სახელიც უპოვა – მეგობრობა. ნონა კი, ყოველ საღამოს მოდიოდა და მის მოღუშულ ბინას სიხარულით ავსებდა. სწავლისთვის ვის ეცალა? ხან რა გასართობს მოიგონებდა და ხან რას. უკვე მონატრება დასჩემდა – სახლში ადრე მიდიოდა და ელოდა. მოსწონდა ლოდინი, და კიდევ, ზარის დარეკვისას გული სიხარულით რომ აუტოკდებოდა. ერთ საღამოს, ნონამ სასმელი მოსთხოვა. სახლში არ ჰქონდა, არაყი ამოიტანა მაღაზიიდან. დალიეს. ესიამოვნა, რამდენი ხანია, სასმელი არ დაელია. დათვრნენ. ნონა მასთან დარჩა. არ გაუპროტესტებია, მთვრალს მაინც არ გაუშვებდა. ლოგინში რომ შეუწვა და ფეხები მჭიდროდ შემოაჭდო, არც ეს გაუპროტესტებია, გრძნობას სიყვარული დაარქვა და ნეტარებაში ჩაიძირა.
ნონა მეორე ღამესაც მასთან დარჩა, მესამე ღამესაც, მეოთხე ღამეს, უკვე, ჩემოდნით მივიდა. ბატონი ჯუმბერის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – ტიროდა, იცინოდა, ისევ ტიროდა. უკვე ვეღარ წარმოედგინა თავისი ცხოვრება მის გარეშე. ნონას ღვთის საჩუქრად მიიჩნევდა. უკვირდა, ასეთმა კარგმა გოგომ როგორ შეიყვარა. ერთი თვე სრული იდილია ჰქონდათ. ერთი თვის თავზე, ნონა ღამით სახლში არ მივიდა. ბატონი ჯუმბერი გადაირია – ოთახში ბოლთას სცემდა, მერე ქუჩაში გავარდა, ახლო-მახლო ქუჩები შემოირბინა, მერე ისევ სახლში ავიდა, ნონას დაქალს დაურეკა.
– ნუ გეშინია, უკვე დიდი გოგოა, არსად დაიკარგებაო! – ორაზროვნად ჩაუსისინა დაქალმა. მიხვდა ბატონი ჯუმბერი, რომ ძებნას აზრი არ ჰქონდა. სავარძელში ჩაჯდა და დაიწყო ფიქრი, როგორ გასწორებოდა იმ ლაწირაკს. ნონა განთიადისას მიბანცალდა, უგონოდ მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა.
-ვაა, ჯუჯა, არ გძინავს? – ისეთი ირონიით მიახალა რომ ბატონი ჯუმბერი დაიბნა, უნებურად ხელი შეაშველა, საწოლთან მიიყვანა და გახდაშიც დაეხმარა.
– სად იყავი გოგო, ამდენ ხანს, რატომ მანერვიულეო?!
– ჩემი ქმარი კი არ ხარ, რას ნერვიულობდიო?! – ამოილუღლუღა ნონამ.
– კარგი, მერე ვილაპარაკოთო! – ბატონი ჯუმბერის ნათქვამი ნონას არ გაუგია, რადგან უკვე ხვრინავდა. ისევ ჩაჯდა სავარძელში, დაიწყო ფიქრი – ნონას გაშვებას და ძველებურად ცხოვრებას ვეღარ შესძლებდა, არსებულს უნდა შეგუებოდა. მართლაც, რა აკავშირებდა ნონას მასთან, გარდა ერთი-ორი ღამისა? რა ვალდებული იყო, ანგარიში ჩაებარებინა? დილით არაფერი უთვამს, აპატია, ის კი არა, სინდისი ქეჯნიდა, საწყალ გოგოს წუხელ დასჯას რომ უპირებდა. დილით, სამსახურში წასასვლელად რომ ემზადებოდა, თავზე, იქ, სადაც ქალა კუთხეებს ქმნის, სავარცხელი რაღაცას მოედო. ხელით მოისინჯა – აშკარად სიმაგრეები ამობერილიყო. თმები გადასწია და… არ მოსჩვენებია, პატარა რქები ამოსვლოდა. თმები გულდაგულ დაივარცხნა, რომ რქები არ გამოჩენილიყო, ცილინდრი დაიხურა და სამსახურში წავიდა. კათედრაზე ერთი ასპირანტი ბიჭი მუშაობდა – თენგო. თავის დროზე ბატონი ჯუმბერი დაეხმარა და კათედრაზე დატოვა. მორიდებული ბიჭი იყო, გაცრეცილი შარვლით და გადაყვლეფილი ფეხსაცმლით დადიოდა, ბატონი ჯუმბერი მასში თავის ახალგაზრდობას ხედავდა და ამიტომ, ყველაზე მეტად მას ენდობოდა. კაბინეტში თენგო გამოიძახა
– ბიჭო, თენგო, აბა ნახე, – ხელი თავზე მოასმევინა – რქები მაქვს, თუ არაო?
– როგორ გეკადრებათ, ბატონო ჯუმბერო?! – უპასუხა გაოგნებულმა თენგომ.
დრო გადიოდა, ნონას დაგვიანებამ სისტემატური ხასიათი მიიღო. ბატონი ჯუმბერი შეეჩვია, მხოლოდ ის აღელვებდა, ვაითუ, ერთხელაც, სახლში აღარ დაბრუნდესო. მმაჩის ბიუროში წაიყვანა და ხელი მოაწერა. ხელისმომკიდედ თენგო წაიყვანა.
ვერც გათხოვბის მერე მოიშალა ნონამ დაგვიანება. აღარც ბატონი ჯუმბერი ბრაზობდა – კარგა ხნის შეგუებული იყო. მხოლოდ რქები ანაღვლებდა, აშკარად რომ ამოსულიყო და უკვე მეორე ტოტს იკეთებდა. არაყს შეეჩვია, ყოველღამე თვრებოდა და ამით იქარვებდა დარდს. სამსახურში, ბატონი ჯუმბერი, უბრალოდ, ჯუმბერი გახდა. ერთ დღესაც, დილითაც არ მივიდა ნონა სახლში. შეშინდა ჯუმბერი, დაფაცურდა, მის გარეშე ვერ გაძლებდა, მოკვდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ასეთი ცხოვრება უფრო ხიბლავდა – თავგადასავლებით სავსე, ვიდრე ძველი – მდორე. გაიკითხა და გაიგო, რომ მათივე სტუდენტი ბიჭის ბინაში ცხოვრობდნენ. ჯუმბერი, უკვე თავის თავს აღარ ეკუთვნოდა. იმ მისამართზე მივიდა
– მე გეყრები, აღარ მიყვარხარო! – კარებში მიახალა ნონამ.
– არ დამღუპო, უშენოდ მოვკვდები, ოღონდ წამოდი, გყავდეს საყვარელი, წინააღმდეგი არ ვარო! – დაუჩოქა ჯუმბერმა.
დროებით გაირკვა ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის. ნონა ხან სახლში ათენებდა, ხან საყვარელთან. ქმარს აგდებით ელაპარაკებოდა და “ჯუჯას” ეძახდა. ჯუმბერმა სმას უმატა, თითქმის სულ მთვრალი იყო. სამსახურში ჯუმბერი, “ჯუმბერა” გახდა. მას კი, მხოლოდ ის აღელვებდა, რომ რქები აშკარად ზრდას განაგრძობდა, უკვე ცილინდრიც ვეღარ ფარავდა. სხვები კი, ვერ ამჩნევდნენ, ან ამჩნევდნენ და არ ეუბნებოდნენ.
ერთ დღესაც, ჯუმბერა ჩვეულებრივზე ადრე მივიდა სახლში. კარი გასაღებით რომ გააღო და შევიდა, საძინებლიდან ხმები მოესმა. ნონას ვიღაც კაცი მოეყვანა. საძინებელეში არ შევიდა, კარი ისევ ჩაკეტა და კორპუსის წინ, ეზოში დაელოდა. ამის მერე, სახლში მისვლას რომ დააპირებდა, წინასწარ რეკავდა, რომ ნონას საყვარელი არ დაეხვედრებინა. რქები კი იზრდებოდა და მძიმდებოდა. უკვე ტარება უჭირდა, თავი უვარდებოდა, კისრის ძარღვები სტკიოდა. ერთხელ, დარეკა ჯუმბერამ სახლში – მოვდივარო! მაგრამ მაინც დახვდა საყვარელი – სამზარეულოში სვამდნენ. ჯუმბერაც მიიწვიეს, ერთად დალიეს. მერე
– ჩვენ აქ პატარა საქმე გვაქვს, ცოტა ხნით გაისეირნეო? – უთხრეს და გარეთ გამოაგდეს.
ისევ გაირკვა დროებით ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის. ნონა საყვარელს ახვედრებდა, მერე ერთად დალევდნენ და ბოლოს ბინიდან გამოაგდებდნენ. შეეჩვია ჯუმბერა თავის მდგომარეობას, მხოლოდ რქები აფიქრებდა, ვეღარ ზიდავდა. ლოგინშიც, გვერდზე გადაბრუნებაში ხელს უშლიდა. სხვები ისევ ვერ ხედავდნენ, ან ხედავდნენ, მაგრამ არ ეუბნებოდნენ. ერთ საღამოს, სახლში მისულს, შესასვლელში კაცის გადაყვლეფილი ფეხსაცმელები დახვდა, ფეხით გვერდზე მიაგდო. მეორე დღეს, მასთან, კაბინეტში შესულ თენგოს, ფეხზე თავისი ახალთახალი ფეხსაცმელები რომ შენიშნა, რაღაცამ გაიტკაცუნა, თავი გადაუვარდა და სკამიანად უკან გადაემხო.
***
ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში მოვიდა გონს. საწოლთან, მარცხნივ, სავარძელში ნონას ეძინა. ჩაშავებული უპეები მეტყველებდა, რომ რამდენიმე ღამე ჰქონდა გათენებული. გული სითბოთი აევსო, შერცხვა, როგორ დააბრალა ღალატი, თანაც ვისთან?! თავზე ხელი მოისვა. რქები სადღაც გამქრალიყო.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button