ახალი ამბებიმეცნიერება

„ზომბი“ რეჟიმი: მეცნიერებმა ბაქტერიების ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს

აღმოჩენილი მდგომარეობისას ბაქტერიებში მეტაბოლური პროცესები შენელებულად მიმდინარეობს. ამ ახალი სტრატეგიის შესახებ ცნობილი გახდა უვნებელი ბაქტერიის – Bacillus subtilis-ის გამოკვლევის შემდეგ, რომელიც, როგორც უკვე ცნობილია, ექსტრემალური პირობებისას გადადის უმოქმედო მდგომარეობაში და ენდოსპორად გარდაიქმნება. ბაქტერიის ზოგიერთი მუტირებული ფორმა კი ბოლომდე „მიძინებული“ არ არის – სწორედ ეს გახდა შესწავლის მიზეზი.

ბიოლოგების გუნდმა აშკარა სხვაობა შენიშნა აქტიურ და პასიურ რეჟიმებსა და რეჟიმ “ზომბის“ შორის: როგორც წესი, ბაქტერია Bacillus subtilis ჩხირის ფორმისაა, თუმცა შემჩნეულ იქნა, რომ მშიერი მუტირებული ვარიანტები სფეროსებრ ფორმამდე იკუმშებიან. მათ შიგნით მიმდინარე ყველა პროცესი ნელდება, თუმცა ბოლომდე არ წყდება. ბაქტერიები გამრავლებას განაგრძობენ, თუმცა არა ორმოც წუთში ერთხელ, არამედ ყოველ მეოთხე დღეს, ე.ი. ასჯერ უფრო ნელა აქტიურ რეჟიმთან შედარებით.

ამ ახალმა მდგომარეობამ სახელად მიიღო „ოლიგოტროფიული ზრდა,“ რაც ნიშნავს განვითარებას საკვები ნივთიერებების სიმცირის დროს. მეცნიერები მეტად შეშფოთდნენ, რადგან ამგვარ მდგომარეობაში ბაქტერიები ნაკლებად ექვემდებარებიან ანტიბიოტიკების ზემოქმედებას. თუკი ამგვარ რეჟიმში გადასვლას უფრო საშიში მიკრობები შეძლებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ სტრატეგიას თავდაცვითი მიზნით გამოიყენებენ. თუმცა სიახლეს დადებითი მხარე აქვს – ამ მდგომარეობის შესწავლის შედეგად მკვლევარები შეძლებენ შექმნან უფრო ეფექტური მედიკამენტები.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button