ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ქურთი

– რომიკ, როგორა ხარო?
– რკინივითო!
– ედიკა სად არისო?
– დედას ხმარობსო!
– რაო?!
– Маме помогает-ო!


რომიკა, თბილისელი ქურთების – თამზოსა და ნიგარას ნაბოლარა შვილი იყო.
– რაზმიკ, ყასო, ზინე, ნენე, ედო, გოზე, რომა, ვარე, ვარე, ვარეო! – კრუხი რომ წიწილებს უხმობს, ისე, დილაადრიანად აღვიძებდა მეზობლებს, ძველი სახლის ნახევრადსარდაფიდან, ნიგარას წიოკი.
რომიკას უფროსი ძმა, რაზმიკა, მოსკოვში გადავიდა და რაღაც საეჭვო საქმიანობით დაკავდა. ერთხელაც, ოჯახის წევრებს შემოუთვალა:
– კარგად მოვეწყვე, გაყიდეთ ყველაფერი და ჩემთან გადმოდით მოსკოვში, ყველას დაგასაქმებთო! – გაყიდეს ბინა, იყიდეს თვითმფრინავის ბილეთები, მაგრამ რომიკამ წასვლაზე სასტიკი უარი განაცხადა და ზედ წასვლის წინ დაიმალა. აქ იყო მისი ადგილი, გული უგრძნობდა. იწიწინა ნიგარამ
– რომიკას გარეშე არ წამოვალო! – მაგრამ ოჯახის წევრებმა უთხრეს
– უკვე 14 წლისაა, თავის თავს მიხედავს, თვითმფრინავის ბილეთებს ხომ არ გავაუქმებთ, მერე ჩამოვაო! – შეაგდეს ნიგარა თვითმფრინავში და გაფრინდა ოჯახი მოსკოვში რომიკას გარეშე.
რომიკა ქუჩაში დარჩა უბინაოდ. გლდანის თავზე, პატარა ტბასთან, ძველი ავტობუსი ეგდო. ჩამტვრეულ ფანჯრებზე მუყაოები ააკრა და ღამეს იქ ათევდა. დღე ვაგზლის მოედანზე დგებოდა მანქანების სადგომთან. აიკოჭლებდა ფეხს, “პარალიჩიანივით” ჩამოაგდებდა ცალ ხელს, მეორეს სამათხოვროდ გაიშვერდა და ასე დაჩლახუნებდა გაჩერებულ მანქანებს შორის. ქურთის შავტუხა და თმახუჭუჭა ბიჭს, მაინცდამაინც, არ სწყალობდნენ. საჭმლის ფულს ძლივს შოულობდა.
ერთხელ, სადგომზე, “ჟიგული 07” გაჩერდა. უკანა, ნახევრად ჩამოწეული ფანჯრიდან, გერმანულ ნაგაზს ჰქონდა თავი გადმოყოფილი. მანქანიდან ვიღაც, 40 წლამდე ასაკის, შავსათვალიანი კაცი გადმოვიდა, მანქანის უკანა კარი გააღო, დაავლო ქეჩოში ხელი და უკანა სავარძელზე, ძაღლის გვერდით შეაგდო. საწყალმა, ძაღლს ჩასისხლიანებულ თვალებში რომ ჩახედა, შიშისგან მარცხი მოუვიდა და სავარძელზე ლაქა დატოვა. მანქანამ ლოტკინის მთაზე, ბოშების დასახლებაში აიყვანა. იქ, გაუღეს მანქანის კარი, ისევე ქეჩოთი გადაათრიეს და ორსართულიან სახლში შეათრიეს. მისაღებში, მაგიდის გარშემო, ოთხი კაცი იჯდა. “ჟიგულის” პატრონი მეხუთე კაცად მიუჯდა. რომიკა შუა ოთახში დააყენეს. გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ, თან მისკენ იყურებოდნენ. მათი ლაპარაკიდან მარტო ის გაიგო, რომ მაგიდის თავში მჯდომი, მათი უფროსი იყო, რადგან ბარონს ეძახდნენ და ის რომ ლაპარაკს იწყებდა, ყველა ჩუმდებოდა. “ჟიგულის” პატრონი შემოუტრიალდა და ქართულად უთხრა:
– მე ზახარა ვარ, ყველა მათხოვარი ფულს მიხდის, შენი ადგილი მანდ იქნება, დღეში 5 მანეთს მომცემო!
– 5 მანეთი როგორ მოგცე, 3 მანეთს ვაკეთებო!
– მაშინ, შენი ფული დაადე, თორემ მოგკლავ. საღამოობით მოგაკითხავო! – მისცა ერთი ყავარჯენი, გამოგადგებაო, და გამოაგდო.
წამოვიდა რომიკა. იმ ღამეს ვერ დაიძინა. დილით, ადრე, სანაგვეზე ავიდა. ახალი ნაგავი უკვე ამოტანილი იყო და ხალხი შიგ იქექებოდა. გაუმართლა – ქაღალდის პარკში გახვეული კარტოფილის ღვეზელი იპოვნა. იქვე შეჭამა და სამათხოვროდ თავის ადგილზე გაიქცა, მაგრამ იქ ვიღაც ბიჭი დახვდა. გაგდება დაუპირა, იმან გაარტყა, ამანაც გაარტყა. დაიწყეს ხელჩართული ჩხუბი.
– დახოცეთ ერთმანეთი, თქვენი ჯიშიო! – მანქანებიდან აგულიანებდნენ მძღოლები. ამ დროს მილიცია მოვიდა. ის ბიჭი გაიქცა. მოკიდეს რომიკას ხელი და ვაგზლის მილიციის განყოფილებაში მიიყვანეს.


უბანში ამბობდნენ: – ქუჩაში, ასფალტს რომ აგებდნენ, პატარა რომიკა გუდრონში ჩავარდაო. თამზომ გუდრონიდან ამოიყვანა, სახლში მიათრია და ნიგარას ჰკითხა:
– ნიგარაა, გარეცხავ, თუ ახალი გავაკეთოთო?!…
ერთხელ, რომიკა მამამისს მისდგომია:
– პაპიკ, ლელოსიპეტი მიყიდეო! –
– თნა, კურუ, ზონემ აზუმა აღევე, სადა მაქ მაგის ფულიო! – თავში წამოარტყა თამზომ.
– მე შენ გასწავლი ჭკუასო! – წავიდა რომიკა აფთიაქში, კუჭის ასაშლელი წამალი იყიდა და საჭმელში ჩაყარა. დაიკავეს შვილებმა ყველა სართულზე ტუალეტები. თამზოს მუცელმა გვიან მოუარა.
– ავა ქეა, ავა ქეაო! – ტუალეტის კარებზე მიაბრახუნა გამწარებულმა თამზომ.
– ავა, ყასო იაო! – გამოსძახა ჭინთვისგან დაოსებულმა შვილმა…
ქურთებს წესი ჰქონიათ – ქორწილში, ნეფე ვაშლს ესროდა პატარძალს თავში. თუ ისეთი ძალით მოარტყამდა, რომ ვაშლი შუაზე გაიხლიჩებოდა, ბედნიერი ცოლ-ქმრობა ექნებოდათ. ყასომ, ცოლი რომ მოიყვანა, თამზომ ვაშლი წინასწარ შუაზე გადაუჭრა. მარტო გარტყმა იყო საჭირო, რომ გადახსნილიყო. გაუქანა ყასომ და მეზობლის გოგოს გაარტყა თავში.
– შენს გაკეთებას, ტაბურეტკა გამეკეთებინა, დავჯდებოდი მაინცო! – იყვირა თამზომ. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ერთმანეთზე ნეკებით გადაბმულიყვნენ და ზურნის, დუდუკის და დოლის ხმაზე, სამი დღე შეუსვენებლად ეცეკვათ…
თამზო მეზობლის მამის პანაშვიდზე მისულა.
– ვიზიარებო! – უსამძიმრებდნენ ჭირისუფალს მეზობლები. თამზომ “ვიზიარებ” ვერ გაიხსენა და
– გავღიზიანდიო! – მიუსამძიმრა. პანაშვიდი ჩაშლილა. ჭირისუფლის ჩათვლით, ყველა ხარხარებდა.


თამთას მშობლები ავარიაში დაეხოცა. ობოლი ბავშვი ბიძამ თავისთან წამოიყვანა. მალე ცოლი მოიყვანა, ოსის ქალი – ნინა. ბიცოლა თავიდან კარგად ექცეოდა, უვლიდა, მაგრამ, შვილი რომ გაუჩნდა, თამთა შეიძულა. ბავშვს ავლევინებდა, სახლს ალაგებინებდა, სარეცხს არეცხინებდა, თან უყვიროდა:
– შე სასიკდილე, რათა ზარმაცობო! – და თავში წამოტყაპუნებასაც არ აკლებდა. ერთი რომ გაუვიდა და გოგომ ბიძამისს არაფერი უთხრა, შედგა და წიხლებით ცემაზე გადავიდა. ქმარი თუ სახლში იყო, თაფლი და შაქარი ხდებოდა.
– მიშაა, უთხარი გოგოსა, საწმელს ცოტასა წამსო! – უხაროდა ბიძას, ჩემს ძმიშვილზე როგორ ზრუნავსო!
– ჭამე, შვილო, ძვალი და ტყავი ხარო! – ეუბნებოდა ბიძა, მაგრამ, ერთხელ, თამთამ რომ უპასუხა
– ვირივით მამუშავებს, თან მცემს და საჭმელსაც არ მაჭმევსო! – ისე გაიგიჟა ნინამ თავი
– იტყუება ეგ სასიკდილეო! – და ისეთი ნიანგის ცრემლები ღვარა, რომ ქმარი დააჯერა და გოგო აქეთ აცემინა
– მოამაგე ქალს რას აბრალებო?!
ღამით აკრიფა თავისი გუდა-ნაბადი, ჩაალაგა დედამისის ნაქონ ჩემოდანში და სახლიდან გაიპარა. ის ღამე რკინიგზის სადგურში გაათენა. დილით რომ გაიღვიძა, ჩემოდანი აღარ დახვდა. ეძება, მაგრამ რას იპოვნიდა? მილიციელთან მივიდა. იმან საბუთები მოსთხოვა. საბუთები არ ჰქონდა. განყოფილებაში წაიყვანეს და სანამ ვინაობას გაარკვევდნენ, იქ დატოვეს. რადგან არასრულწლოვანი იყო, კამერაში არ ჩასვეს და ერთ-ერთ ოთახში შეუშვეს. იქ გაიცნო რომიკა.
ღამით ტელეფონზე დარეკეს. მორიგემ სელექტორის ღილაკს თითი დააჭირა და
– მორიგე ქათამაძე გისმენთო! – ჩასძახა.
– მელია ვარ, მოვალ და შეგჭამო! – გაისმა სელექტორიდან.
– ო, შენი დედაო! – შეაგინა ქათამაძემ.
ცოტა ხანში ისევ დარეკეს
– მორიგე ქათამაძე გისმენთო!
– კვერცხებს დამიდებო?
– ო, შენი დედაო!
ისევ დარეკეს
– მორიგე ქათამაძე გისმენთო!
– მე მამალაძე ვარო!
– ო, შენი დედაო!
ცოტა ხანში, განყოფილების წინ, შავი “ვოლგა” გაჩერდა. იქიდან მილიციის პოლკოვნიკი გადმოვიდა და აჭარხლებული შემოვარდა განყოფილებაში
– მე მამალაძე ვარ, დედა ვინ მაგინაო?!
– მეო! – დაიბნა ქათამაძე.
– აქ ვინ გყავს დაკავებულიო?!
– ორი არასრულწლოვანიო!
– ახლავე გაუშვი და მე გამომყევიო!
გამოყარეს რომიკა და თამთა გარეთ, თვითონ ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.
– სადა ცხოვრობო? – ჰკითხა თამთას რომიკამ.
– არსადო!
– მაშინ, ჩემთან წამოდი, შენ – და, მე – ძმაო! – ფეხით წავიდნენ გლდანის ტბაზე. დილისთვის ჩააღწიეს.


ქურთები სარდაფებიდან ამოიყვანეს და ბინებში შეასახლეს. თამზოს ოჯახსაც მისცეს ბინა გლდანში, სულ ზედა სართულზე. მეზობლები მივიდნენ მისალოცად
– ნიგარაა, ნიგარააო! – დაუძახეს ქვემოდან. მთელი ცხოვრება სარდაფში ნაცხოვრებმა ნიგარამ
– ვინ მეძახისო! – ზევით აიხედა. ცა რომ დაინახა, შეშინებულმა, ქმარს გასძახა
– ვაი, ვაი, თამზო, ჩვენი სახლი ვინ დაატრიალაო?!…
– როგორია შენი ახალი ბინაო? – ჰკითხეს მეზობლებმა თამზოს.
– კარგიაო, ერთი კრანი მოუშვა, უმი ზღალი მოდისო, მეორე კრანი მოუშვა, მოხარშული ზღალი მოდისო!…
ბოროტი ენები ამბობდნენ, თამზომ პარკეტი რომ ნახა, სახლმმართველობაში იჩივლა:
– რადგან ქურთი ვარ, იმიტომ ნაჭერ-ნაჭერ პოლი დამიგესო!…
იმასაც ამბობდნენ, სანტექნიკი გამოიძახა და უნიტაზთან მიიყვანა:
– გაფუჭებულია, თითს რომ დავაჭერ, სანამ პირს ვიბან, ზღალი მიდისო…


რომიკა და თამთა, ერთმანეთს კარგად შეეწვყნენ. დილით სანაგვეზე ისაუზმებდნენ, მერე ავტობუსით ვაგზალზე მიდიოდნენ. ხალხი მოხდენილ, ქართველ გოგოს უფრო სწყალობდა და ხურდა ფულს არ იშურებდა. საღამოს ზახარას 5 მანეთს უხდიდნენ და შუადღით, ვაგზლის ბუფეტის ფულიც რჩებოდათ.
შეუყვარდა რომიკას თამთა, მაგრამ სიყვარულის ახსნას ვერ უბედავდა.
– თამთაჯან, შენ – და, მე – ძმა, თუ გაგიჭირდეს, ჩემთან მოდიო! – ყოველდღე ეფიცებოდა მეგობრობას.
ერთ დღეს, ვაგზალზე, ზახარა ადრე მივიდა, თამთას დაუძახა:
– მოდი აქაო! – ჩაისვა მანქანაში და სადღაც წაიყვანა. საღამოს არ დაბრუნებულან. ღამემდე ელოდა რომიკა, მერე იფიქრა
– ტბაზე მივიდოდაო! – ჩაჯდა ავტობუსში და შინ წავიდა. იქაც არ დახვდა მისული. შეეშინდა, ავტობუსში წინ და უკან სიარული დაიწყო. თამთა გამთენიისას მივიდა. ნასვამი იყო, პირიდან სპირტის სუნი ამოსდიოდა. თვალები დასიებული ჰქონდა.
– სად იყავიო? – ჰკითხა რომიკამ.
– არსად, დავიძინოთო! – ბიჭს აღარაფერი უკითხავს…
სანაგვეზე ვეღარ მიდიოდა, გული ერეოდა. რომიკას მოჰქონდა საჭმელი. ცოტა ხანში მუცელიც შეემჩნა.
– რომიკ, რა მეშველებაო?!
– ნუ გეშინია, თამთაჯან, მე აქ არა ვარო?!
– შენ ნამდვილი კაცი ხარ, ორივე მიყვარხართო! – მუცელზე დაიდო ხელი.
ქურთის გაბრწყინებული თვალებიდან ჩამოგორებულმა სიხარულის ცრემლმა ჭუჭყიან ლოყაზე თეთრი კვალი დატოვა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button