პუბლიცისტიკა

ილია ჭავჭავაძე – ქვათა ღაღადი (თავი მეორე)

სომეხთა მეცნიერთა და მათთა ამქართა ოინები კარგა ხნის ამბავია. სხვა რომ არა ვთქვათ-რა, მთელი სამოცი წელიწადი მაინც არის მას აქეთ. ვამბობთ, მთელი სამოცი წელიწადია მას აქეთ, და ეს ისეთი მოკლე მანძილი არ არის, რომ არაფრად ჩაიგდოს და ანგარიშში მისაღები არ იყოს. მთელი სამოცი წელიწადია, რაც ერთი და იგივე ჭექა ქუხილი ერთისა და იმავე ტენდენციისა ჩვენს ვინაობას ერჩის და დღემუდამ უფრო მეტის კადნიერებით, უფრო მეტის გაბედვით, მეტის სილაღით ტყავს აძრობს და წარღვნას უქადის. მთელ ამ საკმაოდ ხანგრძლივ დრო-ჟამის სივრცეზე ერთი და იგივე ანდერძი საქმობს სისტემატიურად, გასისწვრიებულად, მტკიცედ, მედგრად და საოცარის დაჟინებით, ერთი და იგივე ლარია და ხაზი გაჭიმული, ვერ ვიტყვით დიდის ოსტატობით, მაგრამ დიდის კუდიანობით-კი, დიდის თვალთმაქცობით. საოცარი აქ კიდევ ის არის, რომ ეს სამოცის წლთს მთელი ხანა რუსის მწერლისაგან იწყება და რუსის მწერალივე თავდება. ამათ შუა მთელი მწკრივია სომეხთა მეცნიერმწიგნობრებისა ასე, რომ თავიდამ ბოლომდე ერთი ლარი გაჭიმოთ, სულ ყველას იგი ლარი მხარზე გადაუვლის, ასე მწყობრად მღაღადებელნი არიან ერთისა და იმავე განგებ აკვიატებულ აზრისა, თითქო ერთხორც და ერთსულ იყვნენ და ერთნაირად წინათვე გაჩარხულნი ერთისა და იმავ ანგარიშის ჩარხზე.

ჯერ კიდევ რუსის მწერალი სენკოვსკი, ბრამბეუსად ცნობილი, აი რასა სწერდა 1838 წელს. ქართველებს ვახტანგ VI-მდე არა ჰქონიათ მატიანეო, თითონ ქართველები არც-კი არსებობდნენ მეთორმეტე საუკუნემდეო ქრისტეს შემდეგ; იბერთა სახელით ცნობილ იყვნენ სხვადასხვა თესლის მთიულნიო; მთელი ქვეყანა მტკვარს იქით, საცა ეხლა ტფილისია, და სხვა უფრო დიდი ნაწილი საქართველოსი – მუდამ და ყოველთვის ეკუთვნოდა სომხეთს და აქ მოსახლეობდნენ სომეხნი, მიდიელნი, მასაგეთნი ანუ ოსმალნი და რამდენიმე შტო ალბანელებისაო.

ამისთანა ტყუილი ღა გაცუღლუტებული ისტორია-გეოგრაფია ვისი უნარი უნდა იყოს? მართალია, სენკოვსკის დაწერილია, მაგრამ ნუთუ ეჭვია, რომ აქ სენკოვსკი ვიღაცას გაუბრიყვებია და იგი, როგორც ქვევრი, სხვის ჩაძახილს იმეორებს. ხომ აშკარაა, რომ ამისთანა ტყუილს სენკოვსკი არსაიდგან არ ამოიკითხავდა, რადგანაც ამისათვის საბუთი – მატიანე დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება და ეს ჭორი ამბადაც არავის გაუგონია. ვის რად უნდოდა იმის ქვეყანაზე მოფენა, რომ ქართველები მეთორმეტე საუკუნემდე არც-კი არსებობდნენ, რომ საქართველოში ქართველები არ იყვნენ და აქ მკვიდრობდნენ სომეხნი და სხვა მილეთის ხალხნი, ან დიდი ნაწილი საქართველოსი ტფილისითურთ მუდამ და ყოველთვის სომხებს ეკუთვნოდათო. ჭორი, მერე ამისთანა უეცარი, უმიზეზოდ და უანგარიშოდ არ გატყვრება ხოლმე.

მას აქეთ, რაც საქართველო შეუერთდა რუსებს, იმ დღემდე, რაც ეს უცნაური ჭორი გამოაცხო სენკოვსკიმ, სულ არ გასულა 37 წელიწადი და ნუთუ ამ შედარებით მოკლე ხანში ისტორია ისეთს ბნელში გაეხვია, რომ აღარავის ახსოვდა, – რუსეთს რა ქვეყანა შეუერთდა – საქართველო, თუ სომხეთი, ან ტფილისი ვისი სატახტო და დედაქალაქი იყო. თითონ სენკოვსკი პროფესორი იყო აღმოსავლეთის ენებისა, მწერალი და ჟურნალ-მეგაზეთე რუსეთისა, და ნუთუ დასაჯერია, რომ ეს, მისთვის თითქმის გუშინდელი ამბავი, არ იცოდა ისე, როგორც ნამდვილია! ნუთუ დასაჯერია, რომ სენკოვსკიმ ამბად მაინც არ გაიგო ასეთი რუსეთისათვის შესანიშნავი საისტორიო საქმე! ნუთუ მისს ყურამდე არ მიაღწია, – რუსეთმა ვისგან ვისი ქვეყანა მიიღო თვისღა მფარველობის ქვეშ! თუ ესეა, ვინ და რამ შეათითხნინა იგი უცნაური ისტორია და გეოგრაფია, რომელიც ზევით მოვიხსენიეთ?

აშკარაა, აქ მეცნიერულ სიყვარულსა და სულთასწრაფვას ადგილი არა აქვს, რადგანაც ჭორი აქ ცხადია და მეცნიერების მოყვარე ჭორების სურვილს არ დანებდება, არ წაეღებინება.

აშკარაა, არც მეცნიერულ კვლევის წყურვილით აიხსნება ეს უცნაური ამოცანა, იმიტომ რომ ასეთი ისტორია, ასეთი გეოგრაფია – ნაკვლევი-კი არ არის, მოგონილია ცხადად, რადგანაც ამის საბუთს ვერსად ვერ იპოვიდა მკვლევარი. აშკარაა არც ქართველი ათქმნევინებდა ამას, აშკარაა – არც რუსი. განა რა ანგარიშია რუსისათვის ხმა დაეგდო, რომ ქვეყანა, ქართველებისაგან მიღებული, ქართველებისა-კი არ არის, სომხებისააო… მაშ ვინ? ყველამ იცის ცხონებული სენკოვსკი რა კაცი იყო.

რომ ამ განგებ მოგონილს ისტორიასა და გეოგრაფიას დამალული სათავე ვუპოვოთ და გავიგოთ ვისი ეშმაკობა უნდა იყოს ამისთანა ისრების სროლა, უნდა მშვილდი მოვნახოთ, ვის ხელში აღმოჩნდება. ის დღეა და ეს დღე, სომხის მწიგნობარნი იმის ცდასა და მეტყველებაში არიან, რომ საქართველო, რაც შეიძლება, ამიერკავკასიაში ავის თვალით დაანახვონ ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი წილი ჩამოათალონ და თვით მიითვისონ, რაც შეიძლება გაუუქმონ წარსულიც, შეუბღალონ აწმყოცა.

მაგალითებრ, ყველასაგან ცნობილია, რომ ჭოროხის ხეობა ძველად-ძველიდამვე შეადგენს ნაწილს ზემოქართლისას, საცა ბოლოს ხანებში სამცხე-საათაბაგო იყო.

სომხის მწერლები-კი ემინი, ხუდაბაშოვი, ერიცოვი სწორედ ამ ადგილებს გვეცილებიან და ამტკიცებენ, რომ მტკვრის სათავის ადგილები, მთელი ჭოროხის ხეობა – დიდს სომხითს ეკუთვნოდნენო. თითქმის ერთის სახტომის ადგილს-ღა გვარჩენენ. ამ მოწყალებისათვისაც მადლობელნი ვართ, მაგრამ იმას რაღას ეუბნებიან, რომ მთელ იმ ადგილებს, რომელსაც გვედავებიან, ქრისტეს წინა ხანებიდამ დღევანდლამდე ქართული სახელები შერჩენია. მაგალითებრ, ჭოროხის ხეობაში: კლარჯეთი, ლიგანისხევი, ტაოს-კარი, შავშეთი, აჭარა და მტკვრის სათავეში: კოლა, არტაანი, ერუშეთი, სამცხე და ჯავახეთი. ამ ადგილებში მეშვიდე თუ მერვე საუკუნიდამ მეთოთხმეტე საუკუნემდე ქართველებს ტაძრები და მონასტრები უშენებიათ, რომელნიც დღესაც არიან, მაგალითებრ, კოლაში – დადეშისა, არტაანში – ნაქალაქევისა, სამცხეში – აწყურისა, ზარზმისა, საფარისა, ჯავახეთში – წყაროსთავისა, შავშეთში – ტბეთისა, კლარჯეთში – ხახულისა, აჭარაში – სხალტბისა და სხვანი და სხვანი.

ვთქვათ, ეს აშკარა და უტყუარი ღაღადი ადგილების სახელებისა, მონასტრების და ტაძრების ზედ წარწერებისა – ეს მართლადა ქვების პირდაპირი და უკუუთქმელი მოწმობა „ჩოტკში“ ჩასაგდები არ არის, ვთქვათ ყოველივე ეს საბუთად მოსატანი არ არის. ევროპელ მეცნიერს სენ-მარტენს რაღას ეტყვიან, იმ სენ-მარტენს, რომელიც ცნობილია ვითარცა კაცი უფრო მწყალობელი სომხებისა, ვიდრე ქართველებისა, და რომელიც ხშირად მოჰყავთ სომეხთა მწიგნობართ, როცა ქართველების ავად ხსენება და სახელის გატეხა სურთ იმისის მოწმობითა. ეს ამისთანა სომეხთა მომხრე კაციც-კი ამტყუნებს, ამ შემთხვევაში სომეხთა მწიგნობართა და ამტკიცებს, რომ იგი სერი მთებისა, რომელიც ჭოროხისა, მტკვრისა, ეფრატისა და არაქსის წყალთგამყრელია, მუდამა საზღვარი იყო ქართველთა და სომეხთ შორისაო.

ამ სახით ჭოროხის ხეობასა და მტკვრის სათავეებში სულ მთლად ხელს აბანინებს სომხებსა.

ყოველ ამისდა მიუხედავად, სომხების მწიგნობარნი მაინც თავისას იძახიან და ბინას იკეთებენ იქ, საცა არა ჰქონიათ. განა აშკარა არ არის, რომ ამ ცუღლუტურ მეცნიერობით სწადიათ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ისტორიული უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა… ჩვენ არც იმისთვის გავაბით ეს ლაპარაკი, რომ ჩვენი აზრი ამ საგანზე გადაწყვეტილად მიგვეჩნია. იქნება სომეხთა მეცნიერთა სიზმარნი ცხადნი იყვნენ, იქნება იგი ქვეყნები მართლა იმათი კუთვნილია. ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გვეთქვა – რა ხერხით და ოინბაზობით იქცევიან სომეხთა მეცნიერნი, რომ თავისი გაიყვანონ, ისინი ამ შემთხვევაში არაფერს თაკილობენ, თავისას რომ ამბობენ – სხვისას მალავენ. მთელი ეს ერიცოვები, ხუდაბაშოვები, ემინები და სხვანი ამისთანები რომ გადასინჯოთ, დაინახავთ, რომ თავიანთი ნათქვამი და ნაკვლევი ბაჯაღლო ოქროდ მიაჩნიათ და სხვისა-კი, თუ ანგარიშში არ მოსდით, ერთ ყალბ ფლურადაც არა.

იგი გუნდი სომხებისა, რომლის მედაფე-მეზურნედ მათნი მწიგნობარნი არიან, ამ თვალთმაქცობას არა კმარობს, არა სჯერდება: მისთვის ცოტაა სხვისა მართალი მალოს, თვისი ტყუილი აყვიროს. ამ გუნდმა კარგად იცის, რომ საბუთი, რაც გინდ დამალო, დღესა თუ ხვალე გამომჟღავნდება და თავისას გაიტანს. საქმე საბუთის გაბათილებაა, ან წაშლა, ან ჩაფხეკ-ამოფხეკა, ან გადაკეთება სათავისოდ.

რომ არც ამისთანა ოინები დაეფიცებათ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერებს, ესეც ცხადია. რადგანაც დრო იქნება, როცა ისტორიული ნაშთები და სახსოვრები თავისას იტყვიან, – ვისა სჭერია და ვის უჭირავს ეს ადგილები, და რადგანაც ქვანი, მრავალნი შენობანი, ტაძრები, მონასტრები იღაღადებდნენ, რომ ძველისძველად ამ ადგილებში ქართველები ყოფილან, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ უტყუარს მოწმეს ქართველებისას ხმა ჩააწყვეტინონ, ხმა არ ამოაღებინონ. ამისათვის ერთი თქვენი მოსაწონებელი ხერხი უხმარიათ: აუღიათ და, საცა შესძლებიათ და მოუნელებიათ, წაუშლიათ ყოველივე კვალი.

ამისი მოხერხება ძნელი არ არის, ოღონდ ხალისი იყოს და ნამუსი ნებას იძლეოდეს, დღეს ისეთი დღეა, ოღონდ-კი ფონს გახვიდე, შენ შენი გაიყვანო, და მოტყუებით იქნება, თაღლითობით, თუ ოინბაზობით, ამას ვიღა იკითხავს.

დღეს ჭკუის საწყაოდ ასეთის საქციელით გამარჯვებაა. არა ერთი და ორი მაგალითია იმისი, რომ ცდილან ნიშანი ქართველობისა დაუკარგონ ძველს შენობას, ტაძარს თუ მონასტერს, ამოფხიკონ ქვაზე ნაწერი ქართული, ან წაშალონ, ან მთელი ნაჭერი ქვა შენობიდან ამოიღონ და მის მაგიერ სხვა ჩასვან სომხურის წარწერითა. არა ერთი და ორი მაგალითია ამისთანა ოინისა და ოდესღაც გამოცხადებული იყო აქაურ ქართულ და რუსულ გაზეთებშიც.

სხვათა შორის განსვენებული დ. ბაქრაძე მოგვითხრობს ერთს ამისთანა მაგალითს, რომელიც გვანიშნებს ამ მშვენიერს უნარს სომხების ერთგვარ გუნდისა. ართვინში ერთი დიდი ეკკლესიაა თურმე ძველისძველი. იქაურს სომხობას მოუწადინებია მზამზარეულად ამ ეკლესიის დაჩემება.

მანამ დაიჩემებდნენ, ბერძნები შესცილებიან, – ეგ ეკლესია ძველთაგანვე ქართველებისა ყოფილა, მაშასადამე, ჩვენთვის, ვითარცა მართლმადიდებლებისათვის, უფრო უპრიანიაო. ამ ეკლესიას მართლმადიდებლობის ნიშნად ზედა ჰქონია ქვა ქართულის წარწერითა. სომხებს აღარც უციებიაო, აღარც უცხელებიათ, აუღიათ და იგი ქვა სადღაც წაუბრძანებიათ და მიუმალავთ. ამ გზით იგი ეკლესია მართლმადიდებელთათვის ხელადამ გამოუტაცნიათ და დღეს სომხებს დაუჩემებიათ6.

განა ამისთანა ოინი ფიქრად მოუვა უბრალო სომეხს კაცსა? თუნდაც საქმე უბრალო კაცისა იყოს, შთაგონება და წაქეზება ამისთანებში, აშკარაა, გაბრძნობილის მეცნიერისაგან არის. ამიტომაც საბუთი გვაქვს, ეს უკადრისი საქციელი, და ყოველი სხვა ამისთანა, სომეხთ-მწიგნობართა მანქანების მივაწეროთ და არა მთელს ერს სომხისას.

ჩვენ თავისს ადგილას ამის შემდეგაც მოვიყვანთ მაგალითებს, რომ სომეხთა მწიგნობარნი ამისთანა საქციელს არა თაკილობენ და წაშლა, გაბათილება, ან გადაკეთება საბუთებისა იმათი ხელობაა.

ეხლა-კი ვიტყვით, რომ ამრიგად ქართველის სახელის აღმოფხვრას ამიერკავკასიაში და ქართველის საისტორიო სახსოვრების გარდაქმნას სომხურად – საკმარისად არა ჰხადიან. ტაძარ-მონასტრებისა აა ქვების გარდა, სხვა მოწამენიც არიან ქართველობის მღაღადებელნი ამიერკავკასიაში. ამისთანა მოწამენი მატიანენი და ქრონიკებია, მეცნიერთაგან გამოძიებულნი, და ვითარცა ისტორიულნი საბუთნი პირში უდგანან სომეხთა მწიგნობართა, თუ ხელს გაიწვდიან, რომ არწივის ნაბუდარზე წიწილები ზარდონ. სომეხთა მწიგნობართა კარგად იციან, რომ თუ ეს ისტორიული საბუთები არ გააქარწყლეს, ბევრს არაფერს გახდებიან საქართველოში. რა თქმა უნდა, ახლა აქედამ მოგვიარეს.

მათი პროფესორი პატკანოვი, აწ გარდაცვალებული, მთელის თავისის მეცნიერების ზარბაზნებით მოგვესია და ლამის ზურგზე მტვერი აგვადინოს. ჯერ მოგვდგა და თავზე დაგვიფხრიწა ჩვენი „ქართლის ცხოვრება“. ეს ვახტანგ VI დროს არის შეთითხნილიო და არავითარი ცნობა არ არის, რომ ვახტანგის წინად „ქართლის ცხოვრება“ ყოფილიყოსო.

ერთადერთი წერილია „სომხური ქრონიკა“ ჰქვიანო და თუ რამ მასალაა ქართველების ისტორიისა, იქ თუ იპოვებაო. მართალია, ეს „ქრონიკა“ ქართულიდამ ნათარგმნიაო, მაგრამ დედანი უნდა იყოს შეთხზული, ანუ შედგენილი, უსწავლელისა და უმეცარის სომხისაგან მეთორმეტე საუკუნეს, როდესაც ქართველებმა იგრძნეს ისტორიის საჭიროებაო. ხედავთ, სენკოვსკის თქმულმა სად გამოჟონა!..

გამოდის, რომ მეთორმეტე საუკუნემდე ქართველები ისეთი ბრიყვები ყოფილან, რომ არამცთუ ისტორია არა ჰქონიათ, ისტორიის საჭიროებაც ვერ უგრძნიათ და აქაც სომეხს უშველია, ისიც უსწავლელსა და უმეცარსა. ამ სახით გამოდის, რომ თუ უმეცარსა და უსწავლელს სომეხს ისტორიის საჭიროების გრძნობა ჰქონია, რამოდენად უსწავლელნი და უმეცარნი უნდა ყოფილიყვნენ ქართველები, რომ ამისი შნოც არა ჰქონიათ. საწყალი ქართველები! უსწავლელი და უმეცარი სომეხიც-კი თქვენზე წინა ყოფილა ჯერ მაშინ და ეხლა ხომ რაღა თქმა უნდა. ისტორიის საჭიროების გრძნობაც-კი არა გქონიათ, ღმერთმა უშვქლოს პატკანოვის უმეცარსა და უსწავლელს სომეხს, რომ წყალობა უქმნია და მოგშველებიათ.

ასე გვამკობს, ასე მიწასთან გვასწორებს ქართველებს, მერე რა ხანის ქართველებს? მეთორმეტე საუკუნისებს. მერე ვინ? პროფესორი და მეცნიერ-მწიგნობარი. მართალია, სომეხთა პროფესორია, სომეხთა მეცნიერია, მაგრამ ნუთუ აქაო-და სომეხია, მართალი არ უნდა სთქვას, მართალი არ უნდა დაინახოს? განგებ თვალებზე ხელი რად აუფარებია მეთორმეტე, ან მეთერთმეტე საუკუნოების ქართველებზე, ესე იგი იმ ერზე, რომელსაც სტრაბონი ჯერ კიდევ პირველ საუკუნის დასაწყისში აყვავებულს მდგომარეობაში გვიხატავს, რომელმაც გასაოცარის ხელოვნების ეკლესიებით და მონასტრებით მოჰფინა ძველის-ძველათგანვე თავისი მხარე, რომელმაც გაავსო როგორც საქართველო, აგრეთვე საბერძნეთი ღა პალესტინა ქართულის სამკაულებით და მანუსკრიპტებით, რომელმაც ძველადვე თარგმნა ფაჰლაურ ენაზე შედგენილი სანსკრიტული მოთხრობა „ქილილა და მანა“, „ვის-რამიანი“ და შექმნა დიდებული პოემა „ვეფხის-ტყაოსანი“ , რომ სხვა აღარა იყოს-რა.

ვინც განგებ გონებადახშული არ არის, ან განგებ თვალებზე ხელაფარებული, ვინც კითხვა იცის და გაგება წაკითხულისა, განა იკადრებს თქმას, რომ „ვეფხის-ტყაოსნის“ შემქმნელი ერი იმოდენად ბრიყვი იყოო, რომ ისტორიის საჭიროების გრძნობაც არა ჰქონიაო. ვის მოუვა ამისი თქმა ფიქრად, თუ არ სომეხთაა ფილოსოფოსებსა და პროფესორებს. მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო, სწორედ სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერებზე ითქმის. ღმერთმა მშვიდობა მისცეთ.

ჩვენ-კი ვიტყვით, რომ „ღვარძლის მთესვეღი ვერ მომკის იფქლსა ბასრისა ცელითა“.

ვთქვათ, პატკანოვმა, ვითარცა სომეხთა მეცნიერმა, არ იკადრა წაკითხვა „ვეფხისტყაოსნისა“, რადგანაც ქართულია და ამასთან იმისთანა წიგნია, რომელიც გვასწავლებს რომ „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“. ეს ამისთანა ანდაზა ვერაფერი ჭაშნიკია ცრუმეტყველისათვის და რად იკადრებდა პატკანოვი ამისთანა ლათაიების წაკითხვას. ვაპატიოთ ამ მეცნიერს სომეხს ასეთი უმეცრება და არცოდნა „ვეფსის-ტყაოსნისა“. მარტო ეს ვიკითხოთ. რაღა პირით გვეუბნება, რომ თქვენი „ქართლის ცხოვრება“ არაფრის მაქნისიაო, როცა ამისთანა საქმეებში სახელდადებულნი სწავლულნი ჟან სენ-მარტენი, კივიან დე-სენ-მარტენი, დუბუა დე-მონპერე9 ცხადად და გარკვევით ამბობენ, რომ ქართულნი ისტორიულნი მოთხრობანი ღირსშესანიშნავნი წყრონი არიან არა მარტო კავკასიისა, არამედ აზიის ისტორიისათვისო. ამასთან დუბუა დე-მონპერე იხსენიებს ქართველებს, ვითარცა ძველისძველ ერს, რომელიც უხსოვარ დროთაგანვე ამიერკავკასიას დარაჯად სდგომია და ყველა სხვა ცნობილთა ერთა თანა ურთიერთობა ჰქონიაო.

მეცნიერი სომეხი ამათაც ეუჰრჩება, ამათს სიტყვას აბათილებს და მაინც თავისას გაიძახის. აკი ვთქვით ალიას დარდი ფლავიაო. საბუთად და მოწმად მოჰყავს სენკოვსკი, კოხი და ლანგლუა. რამოდენა ავტორიტეტები არიან ამისთანა საქმეში სენკოვსკი და კოხი, რომელთ შორის უკანასკნელი მარტო ბოტანიკოსად არის ცნობილი და არა ისტორიკოსად, – ეს თითონ პატკანოვის მართლმოყვარეობას მივაჩემოთ. ლანგლუა-კი პატივსაცემი მეცნიერია. შესანიშნავია აქ ერთი რამ, თუმცა სომხის მწიგნობარისაგან კი საკვირველი არ არის. თურმე ლანგლუაც ჩვენს „ქართლის ცხოვრებაზე“ იმასვე ამბობს, რასაც სენ-მარტენი და სხვები და მართლმოყვარე პროფესორს-კი იმის თქმული თავისს გულნადებსა და სურვილზედ გამოუჭრია.

ლანგლუა ამბობს, რომ დასაწყისი „ქართლის ცხოვრებისა“ ზღაპარიაო და სამართლიანადაც ამბობს. ეს ქართლოს, ვახოს და სხვა ამისთანები, რასაკვირველია, ზღაპრად უნდა ჩაითვალოს, და რომელი ერია ქვეყანაზე, რომ თავისი ისტორია ამისთანა ზღაპრით არა ჰქონდეს დაწყებული. აი რას ამბობს ლანგლუა და არა იმას, რაც ასე მოსწყურებია პატკანოვსა.

ეს პირველი და უკანასკნელი მაგალითი არ არის ცხონებულ პროფესორის თაღლითობისა.

ამას მერეც ვნახავთ და ეხლა-კი ვიტყვით, რომ ამისთანავე გაბედვითა და კადნიერებით ექცევა იგი სტეფანო ორბელიანის მოწმობასაც. ერთს თავის შენიშვნაში ეს გულმართალი სომხის მწიგნობარი პატკანოვი ამტკიცებს, რომ „ქართული ლიტერატურა ღარიბია ძველის წყაროებითაო და თვით სტეფანოზი მეცამეტე საუკუნეში უჩივისო ამ ნაკლულევანებას“…თურმე ნუ იტყვით, სტეფანოზი იმას-კი არა სჩივის, რომ ქართული ისტორიული წყაროები ერთობ ღარიბია, არამედ იმას, რომ „ორბელიანთ გვარის შესახებ „ქართლის ცხოვრება“ ბევრს არას გვეუბნებაო, ჩვენ განვიხილეთო აქა-იქ გაფანტულად გადარჩენილი ნაშთები და მხოლოდ ეს მცირე რაიმე ვიპოვეთო“. აშკარაა, სტეფანოზი აქ მთელ ქართულ წყაროების სიღარიბეს-კი არა სჩივის, არამედ იმას, რომ ორბელიანთ გვარის შესახებ სრული ცნობები არ არის ქართულ მატიანეებშიო. სტეფანოზი ორბელიანთ გვარის ბიოგრაფი არის და საკვირველი არ არის, რომ უჩივის ამ მხრით ჩვენს წყაროებს.

პირიქით, სტეფანოზი ხშირად იხსენიებს „ისტორიულ დავთრებს და სამეფო არქივებს“ საქართველოსას. ამ სახით სომეხთა მეცნიერმა კერძო საქმის შესახები სიტყვა სტეფანოზისა განაზოგადა, გადააკეთა თავისებურად და ნაკლი, ერთის ცალკე ამბის შესახები, მთელს ჩვენს ისტორიულ წყაროებს ზედ დააკეცა. ვისაცა ჰსურს უფრო მეტად დააჯეროს გული, – რა ხერხები სცოდნია პატკანოვს, წაიკითხოს დ. ბაქრაძის წერილი „პროფესორი პატკანოვი და ქართული ისტორიული წყაროები“. მაშინ უფრო აშკარად დაინახავენ – რა ოსტატობით მოჰქცევია ლანგლუას და სტეფანოზის სიტყვას საოცარი პროფესორი სომხებისა. დ. ბაქრაძე ამტყუნებს ამ გაოსტატებულ პროფესორს და ამისათვის მრავალი საბუთი მოჰყავს და, სხვათა შორის, იმასაც ამტკიცებს, რომ, პირიქით, თვით სომხურს ისტორიულ წყაროებზე ზედგავლენა ჰქონია ქართულს ქრონიკებსა.

ვისაც ეს ამბავი არა სჯერა, ვთხოვთ ზემოხსენებული წერილი დ. ბაქრაძისა წაიკითხოს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს.

ამ სახით, გულადმა პროფესორმა გამოილაშქრა ჩვენს „ქართლის ცხოვრებაზე“, რომ ეს საძირკველი ჩვენს ისტორიულს ვინაობასა და ავკარგიანობას ძირიდამ გამოაცალოს და თვით ვინაობა ჩვენი პირქვე დაამხოს. ლახტი, მართალია, შემოგვიქნია, მაგრამ ერთი რომ ჩვენ მოგვახვედრა, ათი თითონ იკრა. მართალია ამაში პატკანოვი თუ მტყუანი, ჩვენ ამჟამად ამას არ ვეძიებთ. ჩვენთვის საჭიროა გავითვალისწინოთ იგი საომარნი ზნენი, რომელსაც ხელსა სჭიდებენ სომეხთა მეცნიერ-მწიგნობარნი ჩვენდა გასათელავად.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button