კულინარიარჩევები

როგორ ავარჩიოთ და მოვხარშოთ სწორად სიმინდი

ზაფხული მოხარშული სიმინდის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. გარდა იმისა, რომ არომატული და გემრიელია, მოხარშულ ჭყინტ სიმინდში უამრავი სასარგებლო ელემენტებია: В, С, D, К, РР ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი, სპილენძი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი და სხვ.

როგორ ავარჩიოთ მოსახარშად ჭყინტი სიმინდი?

იმისათვის, რათა სიმინდი რბილი და წვნიანი გამოვიდეს, საჭიროა სწორად ავარჩიოთ ტაროები. ნამდვილი ჭყინტი სიმინდი მხოლოდ აგვისტოს ბოლომდე გვხვდება, შემდეგ, როგორც წესი, სიმინდი მაგრდება და ხმება.

მოსახარშად ყველაზე კარგია თეთრი-რძისფერი ან ღია ყვითელი ფერის ტაროები. მკაფიო ყვითელი შეფერილობა კი იმაზე მეტყველებს, რომ ტარო უკვე გახმობას იწყებს. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ მარცვლები ოდნავ რბილი, თუმცა მკვრივი, შეძლებისდაგვარად ერთნაირი ზომის და ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული იყოს.

კიდევ ერთი პატარა საიდუმლო, რომელიც ახალგაზრდა ტაროს გამოცნობაში დაგეხმარებათ: ჭყინტ მარცვლებში ყოველთვის არის რძის მსგავსი თეთრი ფერის სითხე.

თუ მარცვლები არ არის მომრგვალებული და და ფოსოები აქვს, ამგვარი სიმინდი უკვე გამხმარია და მოსახარშად ნაკლებად გამოდგება. ასევე მნიშვნელოვანია ტაროებზე არსებული ფურცლები: ისინი ტაროს მჭიდროდ უნდა ეკვროდეს და არ უნდა იყოს გამხმარი და გაყვითლებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ ღირს ფურცლებისგან მთლიანად გაწმენდილი სიმინდის ყიდვა.

როგორ მოვამზადოთ სიმინდი მოსახარშად?

სანამ მოხარშვას შეუდგებოდეთ, ტაროებს მოაცილეთ ჭუჭყიანი ფურცლები და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. თუ გსურთ, შეგიძლიათ ტაროებს ფურცლები მთლიანად მოაცილოთ, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის. სიმინდის მოხარშვა ფურცლებშივე შეიძლება. თუმცა, ასევე შეგიძლიათ გაცლილი ფურცლებიდან რამდენიმე ჯანმრთელი აარჩიოთ და ქვაბში ჩაწყობილ ტაროებს ზემოდან წააფაროთ.

image

უმჯობესია, თუ მოხარშვამდე ერთი საათით სიმინდს ცივ წყალში დაალბობთ.

კარგია, თუ ქვაბში დაახლოებით ერთი სიგრძის ტაროებს მოათავსებთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტაროები არათანაბრად მოიხარშება. დიდი ტაროები შეგიძლიათ გატეხოთ მოხარშვამდე.

რა ვქნათ, თუ სიმინდი ჭყინტი აღარაა?

არსებობს მეთოდი, რომლითაც სიმინდი, რომელსაც უკვე გახმობა აქვს დაწყებული, მოხარშვის შემთხვევაში მაინც წვნიანი და რბილი გამოვა. ამისათვის საჭიროა ტაროებს ფურცლები და ულვაში მოაცილოთ, დაასხათ ცივი წყლისა და რძის (პროპორცია 1:1) ნაზავი და გააჩეროთ 4 საათი, შემდეგ კი ჩვეულებრივად მოხარშოთ წყალში.

რამდენ ხანს უნდა ვხარშოთ სიმინდი?

image

სიმინდის ხარშვის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჭყინტია ტარო. რაც უფრო ხმელია იგი, მით მეტი დრო სჭირდება მოსახარშად. ახალგაზრდა ტაროს 30 წუთზე მეტი ხარშვა არ სჭირდება, შედარებით ხმელს კი 2-3 საათიც შეიძლება დასჭირდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ხარშვა ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ მარცვლები გამაგრებას დაიწყებს.

სიმინდის მოსახარშად გამოიყენეთ სქელძირიანი ქვაბი ან თუჯია და ხარშვისას სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.

image

რამდენიმე რჩევა:

სიმინდს მოსახარშად მდუღარე წყალი ესხმებდა და არა ცივი.

არ შეიძლება ხარშვის დროს წყალში მარილის ჩაყრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარცვლები გამაგრდება. მარილი შეგიძლიათ დააყაროთ ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ან უშუალოდ სუფრაზე მიტანისას.

ხარშვისას ჩაამატეთ წყალში ცოტა შაქარი ან კარაქი – ეს სიმინდს უფრო ნაზ გემოს მისცემს. არ შეიძლება სიმინდის ხარშვა მაღალ ცეცხლზე. წამოდუღების შემდეგ ცეცხლს უნდა დაუწიოთ. მოხარშვის შემდეგ სიმინდი მალევე უნდა მიირთვათ, რადგან გაცივებისას გამაგრებას იწყებს.

წყარო: intermedia.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button